განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ბავშვებს უნდა შეეძლოთ საკუთარი გემოვნებით შეარჩიონ წიგნები | ვერონიკა ჭკადუა

05.08.2021 • 1700
ბავშვებს უნდა შეეძლოთ საკუთარი გემოვნებით შეარჩიონ წიგნები | ვერონიკა ჭკადუა

ავტორი: ვერონიკა ჭკადუა, პოლიტიკის ექსპერტი/ანალიტიკოსი

___

„კითხვა საუბარია. ყველა წიგნი გვესაუბრება, მაგრამ კარგ წიგნს მოსმენაც შეუძლია.“ მარკ ჰადენი.

ბავშვობის წლების გატარება საქართველოდან შორს, უცხო ქვეყანაში მომიწია, სადაც ვიზრდებოდი სამენოვან გარემოში. სწორედ ამ ადრეული ასაკიდან მახსოვს, როგორი ერთი და იგივე ინტერესით ვეწაფებოდი ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან საბავშვო წიგნებს.

მახსენდება, ერთსა და იმავე საბავშვო წიგნს განსხვავებულ ენაზე თითქოს ერთი შინაარსი, მაგრამ სრულიად განსხვავებული სამყარო ჰქონდა. ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო დიდ სურვილს მიჩენდა წამეკითხა რაც შეიძლება მეტი საბავშვო წიგნი სხვადასხვა ენაზე.

ყველა წიგნს თითქოს თავის მიკროსამყარო ჰქონდა, სადაც მე ვმოგზაურობდი. ჩემი წარმოდგენა მრავალი პატარ-პატარა სამყაროებისგან შედგებოდა, რომლებშიც პერიოდულად სიამოვნებით გადავინაცვლებდი ხოლმე. ეს სამყაროები ახლაც ხშირად წარმომიდგება თვალწინ და როგორც პატარაობაში, ისე დამეუფლება სასიამოვნო მღელვარება.

არაერთი კვლევის თანახმად, მოზარდები და ახალგაზრდები დღის უდიდეს ნაწილს ატარებენ ელექტრონულ ხელსაწყოებთან და სოციალურ მედიაში. თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით შექმნილია მრავალი სახის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც მარტივად იძლევა წიგნის ჩანაცვლების საშუალებას.

ბევრმა არ იცის, რომ წიგნით ტექნოლოგიის ჩანაცვლება უკეთესი გამოსავალია, თუმცა ტექნოლოგიური მოწყობილობებით წიგნების ჩანაცვლება შეიძლება დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობის პრობლემებთან. გარდა ამისა, ასეთი მოწყობილობები ძვირია და წიგნები სწავლის პროცესს ტექნოლოგიაზე მეტად უწყობს ხელს.

გარდა ჯანმრთელობის პრობლემებისა, ტექნოლოგიური მოწყობილობების ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა პროვოცირება მოახდინოს ისეთი ფსიქიკური აშლილობების, როგორიცაა დეპრესია, ნარცისიზმი და სხვა მენტალური პრობლემები. წიგნს ამ თვალსაზრისით საპირისპირო გავლენა აქვს ადამიანზე. წიგნს შეუძლია დიდი გარდაქმნა მოახდინოს ადამიანის გონებასა და ფსიქიკაზე, განსაკუთრებით კი მოზარდებზე, მათ წარმოდგენაზე სამყაროს შესახებ და ხელი შეუწყოს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას ადრეულ ასაკშივე.

წიგნი ოდითგანვე დიდ როლს თამაშობდა კაცობრიობის განვითარებაში. ამერიკელი ავტორის ჯეიმს გლეიკის თქმით, „კაცობრიობა და კულტურა მნიშვნელოვნად დაკნინდება თუ წიგნი დაკარგავს თავის ფუნქციას“.

წიგნის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც. მოზარდს საკითხავი ლიტერატურის რაც უფრო მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, მით უფრო სწრაფად და ნაყოფიერად ხდება მისი გონებრივი და ინტელექტუალური განვითარება.

სამწუხაროდ, საქართველოს მრავალ მაღალმთიან რეგიონში საჯარო ბიბლიოთეკების სიმწირეა და ხშირად მშობლებსა და მოზარდებს რამდენიმე სოფლისა თუ დასახლებული პუნქტის დაშორებით უწევთ მგზავრობა იმისათვის, რომ შეძლონ ამა თუ იმ წიგნზე წვდომა. ზაფხული მნიშვნელოვანი პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვებმა შეძლონ წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნის კაპიტალიზება, მეტიც სათანადოდ მოემზადონ მოახლოებული სასწავლო წლისთვის.

ზაფხულის თვეებში სწავლისა და კითხვის გასაგრძელებლად ბავშვებს უნდა შეეძლოთ საკუთარი გემოვნებით შეარჩიონ წიგნები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ინტერესებს და წარმოსახვის უნარის განვითარებას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის, სადაც ბევრ მათგანს თითქმის არ აქვს წვდომა წიგნებზე.

ვთვლი, რომ „ბათუმელების“ ეს წამოწყება არა მხოლოდ მაღალმთიანი აჭარის სოფლებისთვის არის წარმატებული ინიციატივა, არამედ  მაგალითი იქნება სხვადასხვა თემური, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საქართველოს სხვა მაღალმთიან დასახლებებში. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა და კონტრიბუცია ამა თუ იმ სახით მსგავს პროექტებში.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: