ჯანდაცვის მინისტრი: აჭარაში 100 ექიმი დაემატება კონტრაქტით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში ოჯახის ექიმების დასახმარებლად კიდევ 100 ექიმს გაუფორმეს კონტრაქტი, რომლებიც დისტანციურად იმუშავებენ პაციენტებთან. ეს განმარტება მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, როცა მას ჟურნალისტებმა ოჯახის ექიმების რესურსის შესაძლო ამოწურვაზე და ამ მხრივ შექმნილ პრობლემებზე ჰკითხეს.

საუბარი ეხებოდა შემთხვევებს, როცა მოქალაქეები ჩივიან, რომ ოჯახის ექიმთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ და ამის გამო მათ მაღალი ტემპერატურით მოუხდათ კლინიკებში მისვლა და რიგში  ჩადგომა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აჭარაში მიმდინარე პროცესის სირთულეებთან დაკავშირებით მას ჰქონდა კომუნიკაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან და აქვს ინფორმაცია, რომ „ასი დაკონტრაქტებული ექიმი დამატებით ჩაერთვება მართვის პროცესში“.

თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება – გაბუნია

„თუ ასე გაგრძელდება 7, 8, 10 დღე, მოგვიწევს დამატებით გადაწყვეტილების მიღება, საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება,“ – აღნიშნა დღეს, 11 აგვისტოს, ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობენ, რომ კლინიკებში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ, საწოლები უკვე დეფიციტია, თუმცა რომელიმე პაციენტის მიღებაზე ჯერ უარი არ უთქვამთ.

„ხერხდება ამის მართვა, ჯერჯერობით,“ – დასძინა თამარ გაბუნიამ.

ეკატერინე ტიკარაძემაც ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ ინფიცირების მაჩვენებლის კლება არ დაიწყო უახლოეს დღეებში, კლინიკებში მალე საწოლები აღარ იქნება.

„პრევენციის ღონისძიებების შესრულება შეამცირებს შემთხვევებს, ესაა პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია და მობილობის კონტროლი,“ – ამბობს თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

11 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 5 353 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა – 48 ადამიანი. აჭარის რეგიონში კი, იმავე პერიოდში, 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბათუმში საქორწინო დარბაზები დააჯარიმეს

აჭარაში 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო.

აკრძალვების მიუხედავად გუშინ, 10 აგვისტოს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რამდენიმე სარიტუალო დარბაზში, სადაც „ბათუმელები“ მივიდა, ქორწილი იყო.

„შრომის ინსპექციის სამსახურმა, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობის შედეგად აჭარის რეგიონში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. დღის განმავლობაში დაჯარიმდა 10 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა,“ – აცხადებენ შრომის ინსპექციის პრესცენტრში.

შრომის ინსპექციიდან ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია, დაჯარიმებულებს შორის რამდენია სარიტუალო დარბაზი.

ბათუმში ქორწილებს აკრძალვის მიუხედავად მაინც მართავენ | ფოტო

 

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 905 ახალი შემთხვევა | 11 აგვისტო

11 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 905 ახალი შემთხვევა.

აჭარის კოვიდკლინიკებში 862 პაციენტია, მათგან 22 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აჭარაში კოვიდსასტუმროშია 1 298 ინფიცირებული, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 433 ადამიანი.

დღეს, 11 აგვისტოს, საქართველოში კოვიდის 5 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 ადამიანი.

დადასტურდა კოვიდის 5353 ახალი შემთხვევა, 48 ადამიანი გარდაიცვალა

11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5353 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 50 430 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 48 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,61 პროცენტია.

11 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 688 940 აცრა. ქვეყანაში კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებულია 210 776 ადამიანი.

ვკითხულობთ და ვიხსენებთ, რომ არ ვართ მარტო | ალექსანდრე ქავთარაძე

ავტორი: ალექსანდრე ქავთარაძე, ისტორიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო დარბაზის” დამფუძნებელი

___

„ჩვენ ვკითხულობთ, რათა ვიცოდეთ, რომ არ ვართ მარტო“ – ინგლისელი დრამატურგი და მწერალი უილიამ ნიკოლსონი გვეუბნება სხვა ბრიტანელი მწერლის, კლაივ ლუისის მეშვეობით. ამ სიტყვების არსი მე მალევე გავიგე. და-ძმის გარეშე გაზრდის პირობებში, ჩემთვის წიგნებით აღმოჩენილი სხვადასხვა სამყარო მარტოობისგან თავის დაღწევის მნიშვნელოვან საშუალებად იქცა.

არაფერი სჯობდა ითაკისკენ მიმავალ ოდისევსის გემზე შემოსკუპებას, წინასაშობაოდ ნარნიის მოჯადოებულ, დათოვლილ სამყაროში შებიჯებას ან აქილევსთან ერთად ტროაზე გალაშქრებას, ქართული ზღაპრების გმირებთან ერთად დევებთან და გველეშაპებთან შერკინებას, ფასკუნჯების ჯადოსნური ფრთების შეხებას და უამრავ სხვა თავგადასავალში მონაწილეობას.

შემდგომ აღმოვაჩინე, რომ წიგნების მეშვეობით თურმე ანტიკური ეპოქის ბერძენი ფილოსოფოსების ნააზრევის მოსმენის შესაძლებლობაც მექნებოდა, „ქართლის ცხოვრების“ ფურცლებზე გაცოცხლებული მეფეების და დედოფლების გაცნობისაც, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებზე აცრემლებისაც და რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გადააზრებისაც.

იქნებ ეს მწერლებიც ნაწილობრივ იმიტომ წერდნენ, რომ სცოდნოდათ თავადაც და გვცოდნოდა ჩვენც, რომ მარტონი არ ვართ.

ყველაზე მძიმე დროს, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ წიგნები, გადავშალოთ და გამოვიძახოთ ჩვენი საყვარელი გმირები, რომლებიც მათი შემქმნელების მეშვეობით, შეგვახსენებენ ერთ მარტივ ამბავს, რომ ჩვენ სულაც არ ვართ მარტონი ამ რთულ გზაზე.

„ჩვენ ვკითხულობთ, რათა ვიცოდეთ, რომ არ ვართ მარტო“ და მეც ვკითხულობდი; ვკითხულობდი სახლში, გზაში, ბიბლიოთეკაში. ამიტომ, მაღალმთიანი აჭარისთვის შექმნილ „მოგზაური ბიბლიოთეკის“ იდეამ თავიდანვე აღმაფრთოვანა.

ამ პროექტის ფარგლებში უამრავ ბავშვს, მოზარდს, ახალგაზრდას გაუჩნდება საინტერესო და უძვირფასეს წიგნებზე წვდომის შესაძლებლობა. წიგნები კი მათ შეუღებენ კარს ათასგვარ და მრავალფეროვან სამყაროებში, რომელთა თუნდაც დროებით მიტოვება და ამ წიგნების ბოლო ფურცლების გადაშლა ხშირად ძალიან ჭირს… მაგრამ როცა გვაქვს წვდომა ბევრ წიგნზე – ვიცით, რომ წინ სხვა საოცარი სამყაროს გაცნობა გველოდება და ჩვენც ვკითხულობთ.

ვკითხულობთ და ვიხსენებთ, რომ არ ვართ მარტო.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

კარლსონი ჩემი სახლის სახურავზეც ცხოვრობდა | გურო დავითლიძე

ავტორი: გურო დავითლიძე, ლიტერატურათმცოდნე
___

მთელი ბავშვობა მჯეროდა, რომ კარლსონი ჩემი სახლის სახურავზეც ცხოვრობდა. ბავშვი ვიყავი და მაგიტომ.

ახლაც მახსოვს როგორ გადმოიღო თაროდან ბებიაჩემმა დროისაგან გაცრეცილი და გადახუნებული წიგნი და მომაწოდა. იქ კიდევ ამბები დამხვდა, მაგარი ამბები და იმ ამბებში ვმოგზაურობდი გათენებიდან დაღამებამდე.

მთელი ბავშვობა სულ ასე ხდებოდა: მივეტუზებოდი ბებიაჩემს, რომელიც ნელი და დინჯი მოძრაობით მიმიძღვებოდა მისაღები ოთახისაკენ, სადაც ლამაზად ჩამწკრივებული წიგნები ელაგა თაროებზე. მერე დიდხანს არჩევდა, ეძებდა და ბოლოს ყოველთვის პოულობდა იმ წიგნებს, რომლებიც ჩემს გაბედნიერებას ფურცლიდან ფურცლამდე ახერხებდნენ.

სულ ასე იყო, მთელი ბავშვობა.

მე მინდა ბავშვები კითხულობდნენ. სულ კითხულობდნენ და ორ ყდას შორის მოქცეულ სამყაროში ისე ხეტიალობდნენ, როგორც მოგზაურები უსიერ ტყეში. არაფერია იმაზე კარგი, როცა ადამიანს აქვს შესაძლებლობა იკითხოს. მეც ამიტომ დავიწყე კითხვა. ხშირად აღარ მომწონდა ის ყველაფერი რასაც ვუყურებდი და მინდოდა გავქცეულიყავი.

სულ გავრბოდი. ხან კაპიტან ნემოსთან ერთად ვიყავი, ხან ჰეკლბერი ფინთან, ხან კი ტომ სოიერს დავყვებოდი კუდში.

და მომწონდა ის ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა.

დილას რომ ვიღვიძებდი, ვაყურადებდი, ეგებ პროპელერის ხმა მეც გავიგო-მეთქი. მართალია, არასდროს გამიგია, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ერთ დღესაც აუცილებლად გავიგებდი.

დიდი ხანია ბავშვობაში წაკითხულ წიგნებს აღარ მივბრუნებულვარ. მგონი დროა უკან მოვიხედო.

მე მაინც მჯერა, რომ ადამიანი წიგნით იწყება და მთავრდება. ეს ცდაც სწორედ იმისთვისაა, რომ სხვა ბავშვებმაც იხეტიალონ საყვარელ პერსონაჟებთან ერთად აქეთ-იქით და სჯეროდეთ, რომ მათი სახლის სახურავზეც აუცილებლად გამოჩნდება იქ ბინადარი კარლსონი.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ბათუმში ქორწილებს აკრძალვის მიუხედავად მაინც მართავენ | ფოტო

დღეს, 10 აგვისტოს, ბათუმში რამდენიმე ქორწილია. ყველა საქორწინო დარბაზი, სადაც „ბათუმელები“ იმყოფებოდა, ხალხითაა სავსე. ერთ-ერთ დარბაზთან პოლიციაც იმყოფებოდა.

9 აგვისტოდან ისეთი ხალხმრავალი შეკრებები, როგორიცაა ქოწილები და ქელეხები, ასევე, მსგავსი ტიპის სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები, აიკრძალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე დღით ადრე საქორწინო დარბაზების მფლობელები გააფრთხილეს კიდეც მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით, ქორწილებისა და ქელეხების გამართვა აქამდეც აკრძალული იყო, თუმცა ქორწილები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაინც იმართებოდა, სახელმწიფოს კი რეაგირება არ ჰქონია.

მეტიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ეპიდაფეთქების მიუხედავად იმყოფებოდა ხალხმრავალ სუფრაზე. მოგვიანებით მან განაცხადა – „მერე რა, რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?“

უფრო ადრე ხალხმრავალ წვეულებებს მართავდნენ დეპუტატებიც, თუმცა უცნობია, დაჯარიმდნენ თუ არა ისინი. შსს ამ ინფორმაციას არ გვაწვდის.

ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

მთვრობის განცხადებით,  სარიტუალო დარბაზი, რომელიც მსგავს ღონისძიებას ჩაატარებს, 10 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ობიექტს დალუქავენ.

ჯერჯერობით უცნობია სარიტუალო დარბაზის მფლობელები გააფრთხილეს თუ დააჯარიმეს.

ქორწილების აკრძალვის მიზეზი კორონავირუსის მეოთხე ტალღაა.

დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოში კოვიდის დღიურად აღრიცხული შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – 5697 ახალი შემთხვევა. ასევე რეკორდულია ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობა – ბოლო 24 საათში 54 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

როგორია ბათუმში კოვიდით ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა – ინტერვიუ

ბათუმის მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულ 43 ბავშვს მკურნალობენ. მათი ნაწილი რეანიმაციაში, ნაწილი კი პედიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბავშვებში ახლა ძირითადად კორონავირუსის დელტა შტამი ცირკულირებს, რაც სხვა შტამებისგან განსხვავებით ბევრად უფრო გადამდებია.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა ჰოსპიტალში, რა რესურსები აქვს კლინიკას გაზრდილ მიმართვიანობასთან გასამკლავებლად და რა მდგომარეობაში მყოფი ბავშვები ხვდებიან ჰოსპიტალში? – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის დირექტორს, თამარ ბახტაძეს მიმართა.

  • ქალბატონო თამარ, რამდენი და რა ასაკის პაციენტია ახლა მოთავსებული ჰოსპიტლის კოვიდგანყოფილებაში?

რეანიმაციაში სამი ახალშობილი გადის მკურნალობას, რომლებიც ალფა ვირუსული ინფექციით არიან დაავადებული. რეანიმაციაში გვყავს 28 დღემდე ასაკის ჩვილებიც და მათი მდგომარეობაც არის მძიმე და სტაბილური. მოზრდილ ბავშვთაგან რეანიმაციაში რჩება ერთი, ორი გუშინ გაეწერა პედიატრიულ განყოფილებაში, რადგან მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

რაც შეეხება პედიატრიულ კოვიდდეპარტამენტს, 55 პაციენტიდან 39 არის ბავშვი და 16 დედა.

როგორც გითხარით, გვყავს 3 ახალშობილი რეანიმაციაში. პაციენტთა 25% არის 5 წლამდე ასაკის, დანარჩენი კი არის 5-დან 13 წლამდე ასაკობრივი კატეგორია.

  • როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

პედიატრიულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, რეანიმაციაში კი მძიმე, მაგრამ სტაბილური პაციენტები რჩებიან.

  • რამდენი საწოლია გამოყოფილი ჰოსპიტალში კოვიდპაციენტებისთვის?

ამჯერად ჰოსპიტალში, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობს, გამოყოფილია  59 საწოლი კოვიდპანციენტებისთვის, კერძოდ კი 50 საწოლი პედიატრიულ დეპარტამენტშია, ხოლო 9 – რეანიმაციაში. რეანიმაციის 9 ადგილი ასე ნაწილდება: 6 საწოლი ახალშობილთა რეანიმაციაში გვაქვს, 3 კი მოზრდილთა რეანიმაციაში.

  • გაზრდილია ჰოსპიტალში დედათა და ბავშვთა მომართვიანობა კოვიდის დელტა შტამით?

მომართვიანობამ მკვეთრად მოიმატა.

პრაქტიკულად ყოველდღე ივსება საწოლები, განსაკუთრებით პედიატრიულ დეპარტამენტში.

უნდა ვთქვათ, რომ ბავშვები, რომლებიც ხვდებიან რეანიმაციაში, ძირითადად არიან თანმხლები დაავადებებით, რაც ართულებს მდგომარეობას. ორ ბავშვს, რომელიც დღეს და გუშინ გადავიყვანეთ რეანიმაციიდან პედიატრიულ დეპარტამენტში, ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. ერთი იყო 6 წლის, ის კლინიკაში შოკით და სუნთქვის უკმარისობით შემოვიდა, რეანიმაციიდან უკვე გაწერილ მეორე ბავშვს კი აღენიშნებოდა სხვა თანმხლები დაავადებები.

  • რით განსხვავდება კორონავირუსის დელტა შტამის მიმდინარეობა ბავშვებში, ალფა და ბეტა შტამებისგან განსხვავებით?

კორონავირუსის დელტა შტამი, რომელიც ახლა ცირკულირებს ბავშვებში, ვერ ვიტყვით, რომ იმაზე  მეტად რთულდება, ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამები, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, მომართვიანობა არის ძალიან გაზრდილი, რაც მოწმობს იმას, რომ დელტა შტამი ბევრად უფრო კონტაგიოზური, მარტივად რომ ვთქვათ, ბევრად უფრო სწრაფად გადამდები შტამია.

უფრო დაზუსტებით: თუ ერთსა და იმავე გარემოში ალფა შტამი პირობითად, ორნახევარ ადამიანს აინფიცირებდა, დელტა შტამი 4 ადამიანს აინფიცირებს ამავე გარემოში. მოგეხსენებათ, ბავშვებში ვირუსი გაცილებით მარტივად ვრცელდება ირგვლივ აუცრელი მშობლებისა და ოჯახის წევრების, უპირბადობის, დაუცველი რეგულაციების პირობებში. შესაბამისად, კორონავირუსის დელტა შტამით ბავშვთა ავადობის მაჩვენებელმაც ძალიან იმატა.

  • როგორ ხვდებიან თქვენთან ბავშვები, სასწრაფოს საშუალებით თუ მშობლებს თავადაც მოჰყავთ ადგილზე ბავშვები?

ვურჩევთ მშობლებს თვითნებურად არ მოიყვანონ ბავშვები კლინიკაში. ჯერ მშობელმა უნდა გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც დაადგენს რამდენად სჭირდება ბავშვს ჰოსპიტალიზაცია, თუ ეს აუცილებლად სჭირდება ბავშვს, მერე ჰოსპიტალში მოჰყავთ. თუ მძიმეა მდგომარეობა და არ გვაქვს ადგილი გავაკეთებთ ორგანიზებას, რომ არ დარჩეს პაციენტი მომსახურების გარეშე.

  • როგორ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას?

ჩვენ გვაქვს გაიდლაინით შემუშავებული კრიტერიუმები, თუ ვის სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ვის არა. ვისაც ამის საჭიროება არ აქვს, თუ მაინც დაწვება კლინიკაში, დააკავებს საწოლს, რაც სხვა ბავშვისთვის შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს.

1 წლამდე ასაკის ჩვილებს ვათავსებთ კლინიკაში თუკი დადასტურებულია პნევმონია, სატურაცია არის დაბალი ან სუნთქვის უკმარისობაა, ასევე, თუ თანმდევი დაავადებები აქვს ბავშვს, ან  ჯირკვლების ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევები ან იმუნოსუპრესსია და ა.შ.

კლინიკაში ვათავსებთ ასევე ბავშვებს მაღალი ტემპერატურით თუ ეს 3-5 დღის განმავლობაში გრძელდება. ასევე, როცა დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტია და მდგომარეობა არ უმჯობესდება.

ინფიცირებულ ბავშვებში ჭარბი წონაც ასევე წარმოადგენს ჰოსპიტალიზაციის ჩვენებას.

თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ ჯერ ოჯახმა უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც განსაზღვრავს და წყვეტს ბავშვი სახლში განაგრძობს მკურნალობას თუ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

  • ბავშვების ჰოსპიტალში მოთავსების ყოველდღიურ დინამიკაზე დაკვირვებით, საკმარისი იქნება უახლოეს მომავალში ჰოსპიტლის რესურსი, რომ კორონავირუსით შემოსული პაციენტების რაოდენობას გაუმკლავდეს?

კლინიკის კოვიდგანყოფილებაში როგორც აღვნიშნე 59 საწოლია – 9 რეანიმაციული ხოლო 50 საწოლი პედიატრიული დეპარტამენტის. ესაა ჩვენი რესურსი. თუმცა 50 საწოლზე პედიატრიულ დეპარტამენტში შეგვიძლია, 55-დან 60 პაციენტამდე მოვათავსოთ თუ ბავშვის ასაკი და ფიზიკური განვითარება იძლევა საშუალებას, ერთ საწოლზე მოვათავსოთ დედა-შვილი. ეს ცხადია იმისთვის, რომ ნაკადს გავუმკლავდეთ და გავუმკლავდეთ გამოწვევას.

ყოველდღიურად ეწერება ბინაზე პაციენტების გარკვეული რაოდენობა. გუშინ, მაგალითად 19 პაციენტი გაეწერა, მაგრამ თითქმის ამდენივე შემოვიდა. ეს ციფრები ყოველდღიურად სხვადასხვაა. რეანიმაციაშიც გვაქვს ადგილები. კოლაფსი არ შექმნილა.

  • რა არის ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების ძირითადი წყარო?

რა თქმა უნდა ოჯახური კონტაქტები.

ამიტომ მოვუწოდებთ მშობლებს, პირველ რიგში დაიცვან რეგულაციები და აუცილებლად აიცრან. აცრას ალტერნატივა არ აქვს.

მოგეხსენებათ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბავშვთა ასაკის პედიატრიული აცრები დაინერგა, თუმცა ჩვენთან ამის ფუფუნება არ არის და მხოლოდ 16 წლიდან ცრიან.

ბავშვების აცრა ვერ ხერხდება და ჯერ არც ვიცით როდის დაიწყება, როცა ეს მოხდება მაშინ ნამდვილად იქნება პერსპექტივა, რომ საბოლოოდ დავამარცხებთ კოვიდს. რაც გვაქვს ის შესაძლებლობა, ზრდასრულთათვის განკუთვნილი ვაქცინაციის შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.

მშობლები აუცილებლად უნდა აიცრან, რომ იყვნენ თავად დაცულები და დაიცვან ბავშვებიც ვირუსით დაინფიცირებისგან. პირბადე, სოციალური დისტანცია, რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. ბრძოლის სხვა იარაღი ჩვენ არ გვაქვს.

ბათუმში მრავალსართულიან სახლში ხანძარია | LIVE

ხანძარი გაჩნდა დღეს, 10 აგვისტოს, ბათუმში მრავალსართულიან სახლში. ცეცხლი ბოლო სართულს უკიდია. ამ დროისთვის [16:00] აქ მხოლოდ დაკვამლიანება შეინიშნება.

თვითმხილველების თქმით, ბინიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, გამოიყვანეს აქ მცხოვრები პირები.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო სამსახური.

დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ადგილზეა სასწრაფო სამედიცინო სამსახური.

კაპნისთავი – 7 ჩანჩქერის სოფელი აჭარაში

სოფელი კაპნისთავი ბათუმიდან სულ რაღაც 26 კილომეტრითაა დაშორებული, აქ ავტომანქანით  25-30 წუთში ახვალთ.

მშვიდი და მყუდრო კაპნისთავი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ბათუმისგან ცოტა ხნით გარიდება სურს სიმშვიდესა და სიგრილეში, თანაც ქალაქთან ახლოს. აქ არის მრავალწლოვანი ხეების სიგრილეში ჩაფლული საპიკნიკე ტერიტორია სარწეველა საქანელებითა და კოცონის დასანთები, კარვის გასაშლელი ადგილებით.

სოფელი ზღვის დონიდან 360 მეტრ სიმაღლეზეა და ოციოდე ოჯახითაა დასახლებული. სოფლის ცენტრის პატარა მოედანზე მთელი სოფლის ბავშვები იკრიბებიან ერთად ყოველ საღამოს სათამაშოდ. ნამდვილი, იდილიური სოფელია კაპნისთავი.

სოფელში ყველა გორაკიდან თუ ფერდიდან ნაკადული მოსჩქეფს. თითქმის ყველა ოჯახს ეზოში საკუთარი წყარო აქვს, მთებიდან მოყვანილი.

ყველგან წყლის ხმა ისმის – კაპნისთავში უამრავი მთის წყარო და 7 ჩანჩქერია. ზღვაზე დასვენების შემდეგ ასეთ ჩანჩქერებზე ასვლას და იქ დაგუბებულ კამკამა წყალში ბანაობას არაფერი სჯობს. 

ამაზე ადგილობრივებმა თავად იზრუნეს. მოაწყვეს ჩანჩქერების ირგვლივ მოსასვენებელი ადგილები, სიცხისგან თავშესაფარებელი, მრავალწლოვან ხეზე ასასვლელი საპიკნიკე ჩამოსასხდომი. ახლა კაპნისთავი უამრავ სტუმარს მასპინძლობს, რომლებიც ზაფხულში ქალაქის სიცხეს აქ აფარებენ თავს.

სოფლის მთავარი წყარო

 

ტურისტები კაპნისთავის ჩანჩქერის აუზთან

„შვიდი ჩანჩქერის სოფელი“ – ასე აღწერენ აქაურები თავიანთ სოფელს და დაწვრილებით მოგიყვებიან, რომელ ჩანჩქერთან როგორი მიუვალი გზა იყო, როგორ გაკაფეს იქამდე საკუთარი ძალისხმევით ეკალბარდი, ზოგი ჩანჩქერი სოფლის შუაგულშივეა, ზოგის სანახავად მაღალ კლდეზე სპეციალურად დამაგრებული რკინის ვიწრო კიბით უნდა ახვიდე, ზოგი წყალუხვია, ზოგიც – ნაკლებად.

ბოლო, მეშვიდე ჩანჩქერი მიუვალია, საიდანაც არ უნდა მოუარო, ვერ მიუახლოვდები, ამიტომაც „მიუდგომელს“ ეძახიან.

კაპნისთავის მარნის ღვინო მრავალწლიანი დაძველებით
ტურისტები სოფელში

კაპნისთავში პირველივე გასეირნებისას პოლონელების დიდი ჯგუფი შეგვხვდა. ჩანჩქერთან შეგუბებულ აუზში ბანაობდნენ და მერე ადგილობრივ მეღვინესთან, ზურაბ ბედინაძესთან ღვინოს აგემოვნებდნენ.

საპიკნიკე ადგილი კაპნისთავში

ზურაბ ბედინაძე 70 წლის მეღვინეა. ცხოვრობს სოფლის ცენტრში და ჩხავერს, რქაწითელსა და იზაბელას ჯიშის ღვინოს აყენებს – უმეტესად ევროპული მეთოდით: წიპწასა და ჭაჭას რბილობს დაჭყლეტისთანავე აცლიან, სუფთა წვენს ცალკე ადუღებენ. ასე ღვინოს რბილი და მსუბუქი გემო ეძლევა, ტანინისა და სიმაგრის გარეშე.

ზურაბ ბედინაძე, მეღვინე

„ჩემი ღვინო არ არის შემაგრებული ტანინითა და ჭაჭაზე დადუღებით, რბილი, მხიარული და ხალისიანი ღვინო მაქვს, რომ დაჯდები მეგობრებთან ერთად, ბევრს ილაპარაკებ, არ მოგბეზრდება ნელა სმა და რომ არ გთიშავს, ასეთი“, – ამბობს კაპნისთაველი მეღვინე და 5 წლის ცოლიკაურს გვისხამს, თავადაც რომ დავრწმუნდეთ.

17 წლის ღვინო – 2004 წელს ჩამოსხმული რქაწითელი

ზურაბ ბედიანიძე ახალ ღვინოს არასდროს ხსნის. გვეუბნება, რომ 5 წელი მაინც უნდა გავიდეს, ღვინო რომ გახსნას. ყველაზე ძველი ღვინო მის მარანში 17 წლისაა – 2004 წლის კახური რქაწითელი. ამ ღვინოს თითს არ აკარებს და შთამომავლობას უნახავს, ვერ გავყიდიო, გვეუბნება.

თუმცა კაპნისთავის ამ მარანში შესაძლებელია 5, 6 და 7 წლის ღვინის შეძენა.

აქვე ფუტკარიც ჰყავთ ოჯახებს. ახლა წაბლის თაფლი აქვთ, გაზაფხულობით – მაისის. თაფლს ტურისტები აქვე ყიდულობენ.

კაპნისთავის ერთ-ერთი ჩანჩქერი
კაპნისთავის მეორე ჩანჩქერი

სოფლის მცხოვრებლების შექმნილი მუზეუმი ღია ცის ქვეშ

სოფლის ცენტრშივეა მუზეუმი, რომელიც 5 წლის წინ შეიქმნა აქ მცხოვრებთა ოჯახებში შემორჩენილი წინაპრების დანატოვარი ძველი ნივთებით და სოფელში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატებით.

მუზეუმი მარსელის კრამიტითაა გადახურული. მუზეუმის გახსნის ინიციატორი, ზურაბ ბედიანიძე გვეუბნება, რომ ეს კრამიტი საფრანგეთიდან იმ დროს შემოჰქონდათ აჭარაში, როცა ბათუმი პორტო ფრანკო იყო.

კაპნისთავის მუზეუმი ღია ცის ქვეშ

„ძვირფას კრამიტად მიიჩნეოდა მარსელის კრამიტი. როგორც გადმოცემით ვიცი, ამოდიოდნენ ფრანგები, ყიდულობდნენ ჩხავერს და მიჰქონდათ საფრანგეთში. კრამიტი კი ბალასტად მოჰქონდათ საფრანგეთიდან, გემის დასამძიმებლად. იცლებოდა ეს კრამიტი აქ და დასავლეთ საქართველოში არაერთ ძველ სახლს ნახავთ მარსელის კრამიტით გადახურულს“, – ამბობს ზურაბ ბედიანიძე.

მარსელის კრამიტით გადახურული მუზეუმის სახურავი
ზურაბ ბედინაძე

მისივე მონათხრობის მიხედვით, კაპნისთავში გათხრების შედეგად აღმოჩენილი რამდენიმე ქვევრი ბიზანტიურია, ზღვით შემოტანილი.

მდინარის პირას, საუკუნოვან წყლის წისქვილებთან

კაპნისთავის ცენტრიდან ფეხით რომ ჩაუყვებით დაბლა მიმავალ ბილიკს, მყუდრო ხეობას მიადგებით. ჩქერებიან მდინარეს, რომლის ნაპირებზეც რამდენიმე ძველი ხის წისქვილია გამწკრივებული.

საპიკნიკე ადგილი სოფელ კაპნისთავში

აივლით მდინარეს და ხან ერთი წისქვილი ჩნდება, ხან მეორე, ხან მესამე.

იქვეა მდინარის პირას ჩამოსასხდომი ადგილები, საკარვე ტერიტორია და ეს ყველაფერი ხეებითაა დაბურული.

იგრძნობა, რომ დიდი ხნის წინ ეს იყო ადგილი, სადაც საფქვავი მოჰქონდათ, ტოვებდნენ, მერე იქვე ჩამოსხდებოდნენ, ალბათ ბევრსაც ლაპარაკობდნენ ამ მთისას, იმ ბარისას და როცა თბილი ფქვილი ჩამოიცლებოდა, გაუდგებოდნენ გზას შინისკენ.

დაჟინებით ვერ ვიტყვით, მაგრამ აბა რა იქნებოდა, სანამ სიმინდის ჩამოფქვას მდინარისპირა ხეობაში უცდი?

საუკუნოვანი წყლის წისქვილი

ფეხებს ვყოფთ მდინარეში, თავიდან ცივია, გგონია 3 წუთიც ვერ გაძლებ ასე, მაგრამ მერე შენს სხეულში აღწევს მთის წყლების ძალა, სიცივეს ვეღარ გრძნობ და კაჟდები, ზამთარს მედგრად რომ შეხვდე. 

შარშან კაპნისთავი აჭარის ტურისტული გზამკვლევებზე ცალკე მარშრუტად მოინიშნა, გაკეთდა მინიშნებები და ბილიკები. სოფელში ასვლისთანავე იგრძნობა, რომ უცხოელებს ეს ადგილი ძალიან მოსწონთ და მალე შვიდი ჩანჩქერის სოფელი კიდევ უფრო მეტ სტუმარს უმასპინძლებს ყოველ ზაფხულს.

ბათუმში მამას 15 წლის შვილის გაუპატიურებას ედავებიან – სასამართლო საქმის დეტალები

პროკურატურა კაცს საკუთარი შვილის, 15 წლის გოგოს გაუპატიურებას, მასთან გარყვნილ ქმედებას, მუქარას და ოჯახში ძალადობას ედავება.

საქმეს დახურულ რეჟიმში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლევან ყოლბაია განიხილავს.

„მან დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ დუმილის უფლებით ისარგებლებს. ის არ აღიარებს დანაშაულს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი თეიმურაზ ნასარაია, რომელიც ბრალდებულ თემურ ტ.-ს ინტერესებს იცავს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში გააუპატიურა არასრულწლოვანი შვილი. საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, რომლის მიხედვითაც თემურ ტ. მოზარდთან გაუპატიურებამდე გარყვნილი ქმედებითაც დაკავდა, შემდეგ კი ემუქრებოდა და ძალადობდა.

დაზარალებულად ცნობილი მოზარდი ამ დროისთვის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია.

ბრალდებული კაცი ჩაქვში ცხოვრობდა 4 შვილთან და დედასთან ერთად, მისი ცოლი კი, ბოლო 8 წელია თურქეთშია.

ადვოკატის თქმით, დაზარალებულად მიჩნეული გოგო სკოლაში მე-9 კლასის დასრულების შემდეგ აღარ დადიოდა, პოლიციას კი, მოზარდის მეგობრის დედამ მიმართა. მან პოლიციელებს უთხრა, რომ ბავშვი მამისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და უშუალოდ მოისმინა მოზარდისგან ამის შესახებ.

„მე ვერ ვისაუბრებ მოწმეებზე საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენც გვყავს მოწმეები…

რეალურად მამა უზღუდავდა შვილს თავისუფლებას, გოგოს თავისუფლება უნდოდა, წავიდოდა სახლიდან უკითხავად და რამდენიმე დღე აღარ მოდიოდა, ამის გამო ჰქონდა ჩხუბი მამას შვილთან, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად, ძალადობას და მუქარასაც არ ჰქონდა ადგილი… ბებიაც უზღუდავდა გოგოს უკითხავად წასვლას და არც უჯერებდა უფროსებს,“ – ამბობს ადვოკატი თეიმურაზ ნასარაია.

გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია დაზარალებული გოგოს დედას. 

„მასთან კონტაქტზე არავინ გასულა, როგორც  ვიცი, დედას არც აქამდე ჰქონდა შვილებთან კონტაქტი, მას შემდეგ, რაც ის თურქეთში წავიდა,“ – გვითხრა ბრალდებულის ადვოკატმა თეიმურაზ ნასარაიამ.

წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნიეს და ასევე სადავოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ყველა მოწმეს, მათ შორის, დაზარალებულს მოუსმენს სასამართლო სხდომაზე.

„დაახლოებით 60-მდე მოწმეა დასაკითხი, თუმცა გამოძიება ძირითადად ეყრდნობა დაზარალებული გოგოს ჩვენებას,“ – დასძინა ადვოკატმა.

საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც, თუმცა ადვოკატმა აქაც „საქმის ინტერესების გათვალისწინების“ მოტივით უარი გვითხრა ეთქვა, თუ რა წერია დასკვნაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თემურ ტ.-ს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ქუთაისში კოვიდით გარდაიცვალა ორსული ქალი

დღეს, 10 აგვისტოს, კოვიდით გარდაცვლილი 54 ადამიანიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალი იყო.

ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დეტალურ ინფორმაციას მოკლე ხანში გაავრცელებენ.

_______________

მასალა განახლდება. 

ნოვა – საერთაშორისო ხარისხის წარმოება საქართველოში

მზარდი მოთხოვნისა და დეველოპერული სფეროს განვითარების პარალელურად, სამშენებლო-სარემონტო მასალების ინდუსტრია დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული დარგია. სწორედ ამიტომ, წარმატებისთვის მწარმოებლებსა თუ მიმწოდებლებს პრინციპულად სხვა სტანდარტებზე გადასვლა და უახლესი ტენდენციების მიყოლა ესაჭიროებათ.

ამ კანონზომიერებაზე დაყრდნობით, ზუსტად 10 წლის წინ ნოვას სამშენებლო მიმართულებით ახალი წარმოების ხაზები შექმნა და საკუთარი წარმოება დაიწყო. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მრავალფეროვანი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი და მოიცავს: პოლიეთილენის ავზებს, სახურავის მასალებს, თაბაშირმუყაოსა და მეტალოპლასტმასის პროფილებს, წლის ბარიერებსა და სხვადასხვა აქსესუარებს. რაც შეეხება ექსკლუზიურ წარმომადგენლობას, ნოვა ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: NIPPON PAINT-ის ჯგუფი – BETEK, FAWORI; SAINT GOBAIN-ის ჯგუფი – IZOCAM, RIGIPS; INGCO და BIEN.

ქართული პროდუქტის წარმოების გამოწვევებზე, სირთულეებსა და სიახლეებზე ალექსანდრე მეხრიშვილი – “ნოვას” ლოისტიკისა და წარმოების დირექტორი საუბრობს.

 

  • რას ნიშნავს წარმოების ხაზი კომპანია “ნოვასთვის” და რა გამოწვევებთან გამკლავება მოგიწიათ?

მოგეხსენებათ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, წარმოება მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა და ამ მიმართულებით, კომპანია ნოვაც საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს. თუკი უწინ, წარწერა – „დამზადებულია საქართველოშიმომხმარებლის კეთილგანწყობას ვერ იმსახურებდა და ხშირად უნდობლობითაც სარგებლობდა, დღეს ეს ტენდენცია პოზიტიური დინამიკით ვითარდება. ადამიანებს საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი, განსაკუთრებით კი, მაშინ, როდესაც იგი მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის მატარებელია, გამორჩეულად იზიდავთ.

რა თქმა უნდა, რთული იყო არაფრისგან წარმოების სტანდარტის შექმნა. დღეს კი ვამაყობთ, რომ ჩვენი პროდუქტის ხარისხი ბაზარზე უალტერნატივოა და ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით. “ნოვას” ნიშანი უკვე ხარისხის გარანტიაა და გვყავს უცხოელი პარტნიორები, რომლებისგანაც მხოლოდ საუკეთესო ნედლეულს ვიღებთ. 

  • რამდენი დასახელების და კონკრეტულად რა ტიპის პროდუქტს აწარმოებთ?

დღეს ნოვას საწარმოებში მზადდება 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტი რამდენიმე მიმართულებით, ესენია: პოლიეთილენის ნაწარმი, სახურავი და გარე ფასადი, თითოეული მიმართულება იხვეწება, იზრდება ასორტიმენტი, ვითარდება და ერგება მომხმარებლების სურვილებსა თუ მოთხოვნებს.

ნოვა – საერთაშორისო ხარისხის წარმოება საქართველოში
  • რა სიახლეებია კომპანიაში წარმოების მიმართულებით?

ჩვენ დავამატეთ ახალი პროდუქცია თითქმის ყველა მიმართულებით. თუ აქამდე პოლიეთილენის ხაზში ძირითადად მსგავსი დანიშნულების ავზებს ვამზადებდით, დღეს მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ნაგავშემკრები კონტეინერები, საკომუნიკაციო ჭები და სეპტიკური მიწის ავზები

რაც შეეხება სახურავებს, ნოვაში შეიქმნა სრულიად ახალი სახურავიმოდერნი, მეტალოკრამიტი ორმაგი ჩამკეტით

სახურავების ხაზში მოდერნთან ერთად დავამატეთ ნოვა კლასიკის ოთხი, საკმაოდ დახვეწილი ფორმა: სწორი, ოთხკუთხა, სამკუთხა და ტალღისებური. მსგავსი ტიპის გადახურვები, სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათად გვხვდება, თუმცა ევროპაში მსგავსი ექსტერიერი საკმაოდ პოპულარულია.

კიდევ ერთი აქტიური მიმართულება ნოვაში წარმოების კუთხით გარე ფასადებია. გარდა იმისა, რომ გაიზარდა ღობეების არჩევანი, ქართველ მომხმარებელს შეუძლია თანამედროვე, ყველაზე პოპულარული ექსტერიერის ატრიბუტის – „საიდინგისფასადი შეიძინოს. საიდინგები ინოვაციაა საქართველოში, თუ იშვიათ გამონაკლისებსა და კერძო შეკვეთებს არ განვიხილავთ

  • როგორია ნოვას ხედვა და სამომავლო გეგმები?

იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის პანდემია საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა მთელი ბიზნესსექტორისთვის, ჩვენმა კომპანიამ მოახერხა, რომ გაეზარდა პროდუქტების არჩევანი და რაოდენობა. ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა და დაგვეხვეწა ყველა წარმოების ხაზი, რომ მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო უამრავი პროდუქტი, რომელსაც ქართული ბაზარი არ სთავაზობს

საბოლოო ჯამში, კომპანიის მიზანი უცვლელია გააერთიანოს ყველაფერი ერთი სახურავის ქვეშ.

 მოხალისეთა პლატფორმის მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ დაიწყო რეგისტრაცია მოხალისეთა პლატფორმის მონაწილეთა შესარჩევად.

შერჩეულ ახალგაზრდებს საგანმანათლებლო გასართობი მეთოდების გამოყენებით, ონლაინპლატფორმებით მიეწოდებათ ცოდნა  დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან თემებზე, გაეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს, თვითმმართველობის როლსა და ფუნქციებს, საარჩევნო სისტემას, აგრეთვე რელიგიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მათ როლს საზოგადოების განვითარებაში.

სწავლების პარალელურად მოხალისეები მიიღებენ წამახალისებელ პრიზებს, აგრეთვე პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატს.

მონაწილეებისთვის ეტაპობრივად გამოცხადდება მცირე საგრანტო კონკურსები, რომლითაც ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი იდეების რეალიზებისთვის მიიღონ დაფინანსება.

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:

  • მონაწილეობა შეუძლიათ აჭარის რეგიონში მცხოვრებ 14-29 წლის ახალგაზრდებს;
  • მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა;
  • შედგება ინდივიდუალური გასაუბრება.

სააპლიკაციო ფორმის შესავსებად გადადით ამ ბმულზე

მოხალისეთა  პლატფორმა წარმოადგენს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების  ჩართულობა აჭარაში“ კომპონენტს.

პროექტი ხორციელდება ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით.

13 აგვისტოს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი შესრულდება

საქართველოს რკინიგზის ცნობით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 13 აგვისტოს ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი ინიშნება. მატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ 07:20 საათზე გამოვა, ბათუმიდან თბილისისკენ კი – 17:50 საათზე გავა.

რკინიგზის ცნობით, ბილეთები უკვე იყიდება.

13

აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,  ბოლო 24 საათში აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

10 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში 786 პაციენტია კოვიდკლინიკაში, მათგან 21 მართვით სუნთქვაზეა.

დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოში კოვიდის დღიურად აღრიცხული შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ასევე რეკორდულია ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 54-ს შეადგენს.

___________

რა უნდა ქნათ, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ და რა ვალდებულება აქვთ კონტაქტში მყოფ პირებს

„მოქალაქეს თუ კორონავირუსი დაუდასტურდა, ის თავად არის ვალდებული დარეკოს 112[2]-ზე და დააფიქსიროს ამ ფაქტის შესახებ.

ვირუსის დადასტურების დაფიქსირების შემდეგ მოქალაქის პირადი საქმე ეგზავნება ოჯახის ექიმს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უკავშირდებიან ინფიცირებულ პირს და მის კონტაქტებს [ოჯახის წევრებს და სხვებს, ვისთანაც მას ჰქონდა კონტაქტი ვირუსის დადასტურებამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში] იწერენ მონაცემებს და შემდგომ უკვე მიმდინარეობს მათი კონტროლი 12 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში ისინი უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სამთავრობო ცხელ ხაზზე [144].

რაც შეეხება კონტაქტირებული პირების PCR ტესტირებას, სამთავრობო ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ „რახან კონტაქტირებული პირები იზოლაციაში უნდა იყვნენ ამ 12 დღის განმავლობაში, ისინი უკავშირდებიან მათ პირად ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმის მიმართვიანობით ხდება PCR ტესტირებაზე გადამისამართება, სრულიად უფასოდ.

თუმცა, ოჯახის ექიმი ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმებით წყვეტს პირის ტესტირების საკითხს, ასევე როგორ უნდა გადაადგილდეს პირი იზოლაციიდან კლინიკის მიმართულებით – ოჯახის ექიმი ჯავშნის სპეციალურ ვიზიტს, რათა კლინიკა იყოს მზად, რომ მიდის კოვიდკონტაქტირებული პირი“.

მოქმედი კანონმდებლობით, კონტაქტირებულთა თვითიზოლაცია სავალდებულოა სრული 12 დღე. თვითიზოლაციის დარღვევისთვის კი, პირი 2000 ლარით ჯარიმდება. მიუხედავად ამისა, იმ პირთა კონტროლი, რომლებიც ვალდებულნი არიან იყვნენ თვითიზოლაციაში, სახელმწიფოს მხრიდან დღეს, ფაქტობრივად, არ ხორციელდება.

„კლინიკა, სადაც ტესტირებით მოქალაქეს დაუდასტურდება ვირუსი, მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტროს აწვდის და არა 112-ს. კოვიდინფიცირებულმა მოქალაქემ 112[2]-ში თავად უნდა დააფიქსიროს ფაქტი, რადგან თუ იზოლაციის საშუალება არ აქვს, 112[2] აგზავნის სასწრაფო დახმარების ჯგუფს და გადაჰყავთ ან ჰოსპიტალში თუ ესაჭიროება, ან კოვიდსასტუმროში“ – აცხადებენ სამთავრობო ცხელ ხაზზე –

„მოქალაქე კრეფს 112-ს და ავტომოპასუხის ჩართვის შემდეგ 2-ს. ეს არის სპეციალური ცხელი ხაზის ნომერი კოვიდისთვის შექმნილი. 112[2]-ს საკუთარი ოჯახის ექიმები ჰყავს კოვიდის მიმართულებით, მათთან აგზავნის მოქალაქის საქმეს და შესაბამისად, ესენი უკვე კურირებენ მოქალაქეს“.

მოქალაქეების თქმით კი, ბოლო დღეებში 112[2] ძნელად ან ფაქტობრივად არ პასუხობს. „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე გადაამოწმა და აღნიშნულ ცხელ ხაზზე დაკავშირება მართლაც არ ხერხდება – „ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მოგვიანებით“ – ისმის ავტომოპასუხის ხმა.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექიმთა საზოგადოების სახელით 720-მა ექიმმა მიმართა მთავრობასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.

მიმართვაში ექიმებს კითხვები აქვთ ეპიდგამოძიებასთან დაკავშირებითაც, ანუ კოვიდპაციენტებისა და მათი კონტაქტების იზოლაციაში გადაყვანის პროცესზე, რაც წინა პერიოდში „საუკეთესოდ ხორციელდებოდა“.

ექიმების თქმით, ეს პროცესი ამჯერად დროში გაჭიანურებულია, ხშირად არ სრულდება რეგულაციები, ამასთან სუსტია, ან საერთოდ არ არის კონტროლი შესაბამისი უწყებების [პოლიციის] მხრიდან.

[toggle title=”ამ საკითხზე უფრო ვრცლად ნახეთ აქ“]

„კითხვა მეორე ეხება ეპიდ-გამოძიებას, კოვიდ-პაციენტებისა და მათი კონტაქტების იზოლაციაში გადაყვანას, რაც პირველი სამი ტალღის დროს საუკეთესოდ ხორციელდებოდა.

როგორც კი პორტალზე აისახება ახალი კოვიდ-შემთხვევა, ცენტრის ეპიდემიოლოგი გადასცემს ინფორმაციას ცენტრის დირექტორს და იწყებს ეპიდ-კვლევას, ურეკავს პაციენტს, უხსნის შექმნილ ვითარებას, იკვლევს მის კონტაქტებს. ჯამურ ინფორმაციას კვლავ გადასცემს დირექტორს, დირექტორი ყოველი დღის ბოლოს გადასცემს ინფორმაციას რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრს და პოლიციას, აქ ეპიდემიოლოგის მოვალეობა მთავრდება.

რეგიონული ცენტრიდან ინფორმაცია ყოველდღიურად გადაეცემა სამინისტროს და იქიდან მიდის ონლაინ ოჯახის ექიმებთან.

აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვები:

1. ამ პროცესში იკარგება დრო, როგორც მინიმუმ 12 საათი, ბევრი შუალედური რგოლია, ხომ არ ჯობს, ეპიდემიოლოგის ინფორმაცია ონლაინრეჟიმში იტვირთებოდეს რეგიონის ან პირდაპირ სამინისტროს პორტალზე? ეს მოგვცემს პროცესის დაჩქარების საშუალებას.

2. რაც შეეხება პოლიციას. ვფიქრობ იგი ანგარიშვალდებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ყოველდღიური ინფორმაცია მიაწოდოს სპეციალურად გამოყოფილ პირს განყოფილებაში ან ჯანდაცვის სამინისტროში, თუ რა საკარანტინო წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი დღის განმავლობაში. მაგალითად, რამდენი ასეთი ჯარიმა იქნა ბოლო თვეში გამოწერილი? აუცილებელია, კანონის სრული სიმკაცრით (ვგულისხმობთ რეგულაციებით გათვალისწინებულ ფულად ჯარიმას) მოხდეს მათი მხრიდან საკარანტინო წესების დამრღვევი პირების დასჯა.

აქვე უნდა ვიკითხოთ, რატომ არ ჯარიმდებიან კოვიდ-პაციენტები, რომლებიც ხშირად საღამოობით გარეთ სეირნობენ ან სისხლის ასაღებად მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდებიან;

უამრავი ასეთი მაგალითი გვაქვს სახეზე.

ან რატომ არ ხდება კოვიდ-პაციენტების კონტაქტების რეგულარული კონტროლი? ხომ არსებობს ასეთი რეგულაციები, რატომ
არ ხდება მათი კონტროლის უზრუნველყოფა?

3. ონლაინ ოჯახის ექიმები, რომლებიც კოვიდ-პაციენტებთან დარეკვას ვეღარ ახერხებენ გაზრდილი რაოდენობის გამო, ვფიქრობთ, რომ კონტაქტების მოძიებასა და მათ კარანტინში გადაყვანას სრულფასოვნად მოახერხებენ? რატომ არ ვუბრუნებთ ამ უმნიშვნელოვანეს დავალებას ეპიდემიოლოგებს?

4. გახშირდა შემთხვევები, როცა კოვიდ-კონტაქტებს ან საერთოდ არ უკავშირდებიან ან სწრაფი ტესტის აღების შემდეგ მეორე დღეს მუშაობის უფლება ეძლევათ. რას ეფუძნება ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება?“

წერილის სრული ტექსტი წაიკითხეთ აქ

[/toggle]

დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია საგანგაშოა და მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება.

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 54 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000  მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

10 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 678 ახალი შემთხვევა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ბოლო 24 საათში აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

განახლება: 2021 წლის 12 აგვისტოდან კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს“.

ამავე თემაზე ნახეთ „ბათუმელების“ სტატია:

მსოფლიოში მე-5 ადგილზე კოვიდის გავრცელებით – როგორ ესმის ღარიბაშვილს პანდემიის მართვა

მთავარი ფოტო არქივიდან

საქორწინო დარბაზებს დღეიდან შრომის ინსპექცია გააკონტროლებს

ეპიდსიტუაციის დამძიმების გამო შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების შესაბამისად შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას გააძლიერებს. სამსახურის ინფორმაციით, შრომის ინსპექტორები ობიექტებს დღეიდან შეამოწმებენ.

ინსპექტორთა ჯგუფები  სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით იმუშავებენ.

ინსპექციის განმარტებით „სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად ძირითადი აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება“.

დღეიდან განსაკუთრებით გაკონტროლდება სარიტუალო დარბაზები და სხვა, მსგავსი ტიპის თავშეყრის ობიექტები.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება. დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც.

„კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტი დაილუქება“ – განმარტავენ შრომის ინსპექციაში.

შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების ინიციატივა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამ დროისთვის მოქმედი რეგულაციების მიხედვით, აკრძალულია სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები.

იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით, ქორწილებისა და ქელეხების გამართვა აქამდეც აკრძალული იყო, თუმცა ქორწილები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაინც იმართებოდა, სახელმწიფოს კი, რეაგირება არ ჰქონია.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში მთავრობა ჯარიმებს ვერ ჩამოწერს:

„ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი, რადგან საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო აქტი. წინა პროექტი ითვალისწინებს 23 ივლისამდე დამრღვევებისთვის ამნისტიის გამოცხადებას. იმ პერიოდის შემდეგ არანაირი განხილვა ამ თემაზე არ ყოფილა და ალბათ არც იქნება“.

 

ქორწილში გამოძახებული პატრული, ანუ რატომ არ აჯარიმებს პოლიცია ორგანიზატორს

ტიკარაძე: მდგომარეობა საგანგაშოა, ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია საგანგაშოა და მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება.

„რამდენჯერმე უკვე გავაკეთე განცხადება, გამუდმებით ვაფრთხილებთ მოსახლეობას, მდგომარეობა საგანგაშოა, არ არის მარტივი სიტუაცია.

ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში არიან ჩართული პროცესის მართვაში.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მედიას და მოსახლეობას – ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე, იმ რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მიწოდებული“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოში არის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარე სიტუაცია.

მისივე თქმით, ახალ, დელტა შტამს, აქვს გავრცელების მაღალი ტემპი და სხვა სირთულე. „ჩვენ მესამე ტალღა ადვილად გავიარეთ, თუმცა მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსის დელტა შტამი ფართოდ გავრცელდა, ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები.

 

ბალანსი, დავალიანება, კრედიტი – სილქნეტი მარტივ გზებს გვთავაზობს

სატელეკომუნიკაციო სერვისით უწყვეტად სარგებლობისთვის მნიშვნელოვანია პირადი  ანგარიშისა და ბალანსი კონტროლი. სილქნეტის  ნებისმიერ მომსახურებაზე ანგარიშსწორება საკომისიოს გარეშე ხდება. მომხმარებელი თავად ირჩევს გადახდის მოსახერხებელ ფორმას – ონლაინ, კომპანიის ცენტრებში ან ნებისმიერ კომერციულ ბანკში.

დავალიანების გაგება შესაძლებელია რამდენიმე გზით:

მომსახურების პორტალი my silknet – ინტერნეტ ბანკის ანალოგია. მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, პორტალის გამოყენებით, შეუძლია მართოს სილქნეტის ქსელში ჩართული სერვისი: შეამოწმოს ბალანსი, საკუთარ ან სხვის ანგარიშზეგადაიხადოს ყოველთვიური გადასახადი, შეცვალოს პაკეტი, დაიმატოს თემატური პაკეტები ან სხვა შეთავაზებები. წვდომა ვებ გვერდზე 24 საათიანია და მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია ზემოთჩამოთვლილი ოპერაციების შესრულება.

SilkTV მენიუს კატეგორიაში „ჩემი SilkTV“ სრულ ინფორმაციას „ჩემი ინფო“ გვაწვდის: ანგარიშის ნომერს, გააქტიურებულ პაკეტებს, მოწყობილობის მონაცემებს და რა თქმა უნდა დაგროვილ დავალიანებას.

sms ნომერზე 90003 აბონენტი შეძლებს ანგარიშის ნომრის გაგზავნას სილქნეტის ბაზაში დაფიქსირებული  საკონტაქტო ნომრიდან და დავალიანებაზე ინფორმაციის მიღებას. 

როგორ შევაჩეროთ დროებით სილნეტის მომსახურება:

ახლა ზაფხულია და თუ ქალაქიდან გიწევთ ხანგრძლივად გასვლა, ან არ ცხოვრობთ იმ მისამართზე, მაგრამ სერვისი მაინც მოგეწოდებათ, შეგიძლიათ დროებით შეაჩეროთ სილქნეტის ნებისმიერი მომსახურება. ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ გადასახადს. ანგარიშზე, სააბონენტო ტარიფის ნაცვლად, დაგერიცხებათ მხოლოდ სერვისის შენარჩუნების საფასური: ინტერნეტი/ტელევიზია – თვეში 5ლ; სატელეფონო მომსახურებაზე -თვეში 1,5ლ. 

დროებით შეჩერების მაქსიმალური პერიოდი  თერთმეტი თვეა.   ცხელი ხაზის 2100100 მეშვეობით, ან სერვის ცენტრში მოთხოვნის დაფიქსირებით, აბონენტი შეძლებს შეაჩეროს მომსახურება. იმ მომენტისთვის მომხმარებელს არ უნდა ერიცხებოდეს დავალიანება. 

დროებით შეჩერებული სერვისის გააქტიურებას  ნებისმიერ დროს შეძლებთ.

როგორ აღვადგინოთ ინტერნეტ სერვისი 10 დღით  3 ლარად?!

ინტერნეტზე წვდომა დავალიანების გამო არ შეგეზღუდებათ, თუ სილქნეტის „კრედიტს“ გაიქტიურებთ. როცა ვერ ახერხებთ სააბონენტოს სრულად დაფარვას, 3 ლარად გათიშული სერვისი 10 დღით ჩაგერთვებათ.  

  • მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს ცხელ ხაზს და იდენტიფიცირების შემდგომ ჩაირთოსკრედიტით მომსახურება.
  • აბონენტს ასევე შეუძლია  სილქნეტის ბაზაში დაფიქსირებული  საკონტაქტო ნომრიდან გააგზავნოს ანგარიშის ნომერი  მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ნომერზე 90001 და მიიღოს შემდგომი მოქმედების ინსტრუქცია.  
  • მომხმარებელი მომსახურების აღდგენას ასევე შეძლებს  სერვის ცენტრში „კრედიტზე“ განაცხადის შევსებით

ამ შეთავაზებით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლია სილქნეტის აბონენტს. საჭიროა დეპოზიდზე იქონიოს შესაბამისი თანხა. 

ბათუმში უახლოეს დღეებშიც იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 10 აგვისტოს 21 საათიდან 11 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 31 გრადუსი
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 12-13 აგვისტოს, ბათუმში და  აჭარის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დაიწყო „პფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი.

რეგისტრაცია შეუძლიათ 16 წლის და უფროს საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. აცრისთვის ვიზიტი უნდა დაჯავშნოთ ვებგვერდზე: booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე: 1522.

„ფაიზერის“ მეორე დოზით  აცრის პროცესი დაიწყება 15 აგვისტოს.

ამ დროისათვის booking.moh.gov.ge -ზე „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარ მილიონზე მეტი დოზაა ხელმისაწვდომი.

 

54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 5697 ახალი შემთხვევა | 10 აგვისტო

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 44 536 კვლევა ტესტით

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 54 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

კოვიდის ყველაზე მეტი ახალი, დადასტურებული შემთხვევა თბილისშია – 2600. რეგიონებს შორის მეორე ადგილზეა აჭარა – 678 და იმერეთი – 649.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 43 163 საიდანაც: 6 552 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

9 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.09% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.05%.

 

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 678 ახალი შემთხვევა

10 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 678 ახალი შემთხვევა.

აჭარის კოვიდკლინიკებში 861 პაციენტია, მათგან 18 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აჭარაში 818 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაშია 5 186 პირი.

 

უაქციზო სიგარეტის შენახვისთვის პირს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 4 719 ერთეული კოლოფი „MAC“-ის, „MANCHESTER“-ის, „2005“-ის, „OSCAR“-ის და „MARLBORO“-ს, დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 20 763 ლარს“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

წიგნი ზოგჯერ სარკეა, ზოგჯერ თავშესაფარი | ხათუნა ჯიბლაძე

ავტორი: ხათუნა ჯიბლაძე, მხატვარი

___

 “I have always imagined that Paradise will be a kind of library.”

Jorge Luis Borges

ჯენი, რომელმაც ცალი წითელი ფეხსაცმელი დაკარგა, ტიროდა… ამოვხიე და ჩემთან სათამაშოდ წამოვიყვანე. მახსოვს ისეთი პატარა ვიყავი, სიარულიც არ ვიცოდი.

პირველად იყო ილუსტრაცია…. ილუსტრაციები დიდ გავლენას ახდენდნენ, მაჯადოებდნენ და ფერად სამყაროში მამოგზაურებდნენ. დედა ძალიან ბევრს მიკითხავდა. ერთხელაც წიგნში არსებული „ბურატინოს“ ყველა „ტ“ გავაფერადე და ნელ-ნელა კითხვაც ვისწავლე. ხუთი წლის ასაკში უკვე დამოუკიდებლად ვკითხულობდი და მას შემდეგ კითხვის გარეშე ერთ დღესაც არ ჩაუვლია.

დღესაც პატარა ბავშვივით მიყრილ-მოყრილ წიგნებში ვიქექები, ვირჩევ და ისევ გაფართოებული თვალებით ვეშვები მორიგ თავგადასავალში.

კითხვა თავისუფლებაა.

არსებობს წიგნები, რომელიც ჩემზე დაიწერა, არსებობს წიგნები, რომლებიც ჩემთვის დაიწერა, არსებობს წიგნები, რომელიც მინდოდა დამეწერა და ნამდვილი შურითაც კი შემშურებია ზოგიერთი ავტორის.

წიგნი ჩვენში არსებულ ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებაა.ზოგჯერ სარკეა, ზოგჯერ თავშესაფარი. აზროვნების, თანაგრძნობის, სიყვარულის, ბედნიერების, სიკეთის, სირთულეების გადალახვის, ადამიანების შინაგანი სამყაროს თუ სხვა მრავალი სამყაროს კუნჭულებში შესაღწევი საშვი. ხანდახან გვატირებს, ხანდახან გვაცინებს ან შეგვარცხვენს, თუ მოინდომა სილასაც გაგვაწნავს ხოლმე.

შეუძლია უსასრულო გზებზე გვატაროს, დაგვაბრუნოს ან არ დაგვაბრუნოს, უძლეველი გაგვხადოს, უცხო პლანეტებზე გადაგვისროლოს, სხვადასხვა საშუალებით გვაფრინოს, ემოციების ზღვაში ჩაგვძიროს, ჯადოქრობები ჩაგვადენინოს, რომ შემდეგ, რეალობაში დაბრუნებულებს, თვითონ შეგვეძლოს გვიყვარდეს, განვიცადოთ, ვიგრძნოთ, მივაგნოთ, აღმოვაჩინოთ და ჩვენვე შევძლოთ ჯადოსნური ჯოხის ქნევა, შევქმნათ ახალი, უფრო საინტერესო, ბევრად უკეთესი სამყარო.

დღევანდელი ეპოქა ნებისმიერ საინტერესო ლიტერატურასთან შეხების შესაძლებლობას იძლევა. მახარებს, რომ ჩემს გარშემო მყოფი ახალი თაობა ბევრს კითხულობს. მკითხველი თავისუფალია.

მიმაჩნია, რომ თითოეულ ბავშვს და ახალგაზრდას უნდა შეექმნას თანაბარი პირობები, ჰქონდეთ საინტერესო წიგნებთან წვდომის საშუალება. ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰყავდეს საკუთარი ჯენი.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღების ვადა 10 აგვისტოს იწურება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ განაცხადით მიმართონ ცენტრს 10 აგვისტოს 18:00 საათამდე.

სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.

ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება. აბიტურიენტს, რომელიც  10 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება.

გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში ვაქცინის გარეშე შემოვლენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში ვაქცინის გარეშე შემოსვლის უფლება აქვთ, სამი ქვეყანა დაემატა – იორდანია, ლიბანი და ერაყი.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 27 ივლისს მიიღო. განკარგულება დღეს, 9 აგვისტოს, გამოქვეყნდა.

ვაქცინის გარეშე დღეიდან საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვთ:

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის სამეფოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, სომხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, უკრაინის, ყაზახეთის რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, თურქმენეთის, რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის რესპუბლიკის, იაპონიის, კანადის, ქუვეითის სახელმწიფოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, ომანის სასულთნოს, სან-მარინოს რესპუბლიკის, მონაკოს სამთავროს, სერბეთის რესპუბლიკის, ისლანდიის რესპუბლიკის, ლიხტენშტეინის სამთავროს, მონტენეგროს, ანდორის სამთავროს, ალბანეთის რესპუბლიკის, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს, ლიბანის რესპუბლიკისა და ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც).

ვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლისას, ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები ვალდებულნი არიან:

  • სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
  • პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში  მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას [საკუთარი ხარჯებით]. ამ შემთხვევაში, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.

კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა კი შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი ქვეყნიდან [გარდა ინდოეთისა] რისთვისაც:

  • საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების [ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა] დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა] დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

მთავრობამ დღეს ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შემოსვლისას პირებზე, რომლებსაც გადატანილი აქვთ COVID-19 და არიან ერთჯერადად ვაქცინირებულები, საზღვრის კვეთისას გავრცელდება იგივე რეგულაცია, რაც 2 დოზით აცრილ პირებზე.

________________

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსზე აცრილია და ქვეყანაში სახმელეთო გზით PCR-ის გარეშე შემოვა, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავა. PCR-ის წარმოდგენის შემთხვევაში კი თავისუფლდება თვითიზოლაციის ვალდებულებისგან.

ამ თემაზე:

PCR ტესტი ან იზოლაცია – საქართველოს აცრილი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების წესი

ჩემი ნატვრაა წიგნის კითხვა არც ერთი ბავშვისთვის არ დაიზარონ – გვანცა ლიპარტელიანი

ავტორი: გვანცა ლიპარტელიანი, აქტივისტი

___

ზაფხული წიგნის გარეშე არ ვარგა. ცხადია, კითხვა არც სხვა სეზონზეა საზიანო, თუმცა, ზაფხული და წიგნი, ჩემთვის ბავშვობიდან გადაჯაჭვული, ერთიანი მოცემულობაა.

სანამ კითხვას ვისწავლიდი, მახსოვს, ზაფხულობით, სოფელში პაპა მიყვებოდა ძილის წინ გამოგონილ თუ ნამდვილ ამბებს და მეც, ხშირად მელაკუდებზე და ტყის სხვადასხვა ბინადარზე ფიქრში ტკბილად მეძინებოდა. ჩემს უფროსს ძმას კითხვა უყვარდა, წიგნის გარეშე არც მახსოვს. ბევრს კითხულობდა და მერე, საღამოობით, სოფელში, ჭრიჭინების ფონზე თავის გამოგონებულ, საინტერესო ისტორიებს მიყვებოდა. იყო დღეები, ჩემთვის და ჩემი ისტორიებისთვის აღარ ეცალა, ამიტომ სხვა გზა არ იყო და კითხვა თავად ვისწავლე.

ზაფხულის არდადეგებს ქვემო სვანეთში, ლენტეხში, ბებია-ბაბუასთან ვატარებდი. რაიონის ცენტრში ულამაზესი შენობა, წიგნების მაღაზია იყო, სადაც კეთილი და სულ მომღიმარი რუსიკო დეიდა მუშაობდა. ამ მაღაზიაში შესვლა იყო დიდი ამბავი და დღესასწაული, მოწესრიგებულად დალაგებული სხვადასხვა ფერის წიგნები, ბუკლეტები, რუქები და ატლასები, და რაც მთავარია – კვალიფიციური მრჩეველი, წიგნებისა და ბავშვების მოყვარე რუსიკო დეიდა.

კალე ბლუმკვისტი და ევა ლოტა ლისანდერი, ტომ სოიერი და ბეკი ტეტჩერი, ჰეკლბერი ფინი, პეპი და მრავალი სხვა პერსონაჟი, მათი თავგადასავლები და ისტორიები ჩემს რეალურ საზაფხულო თავგადასავლებში იყო გადახლართული.

დილა-საღამოს, ჩემს მეგობრებთან ერთად თხილის ბუჩქისგან მშვილდ-ისრის კეთებაში, შემდეგ ჩასაფრებებსა და ბრძოლებში, თუ მჟავე წყალზე და მდინარეზე წანწალში, ტყეში განძის თუ უბრალოდ სოკოს და ნაძვის კევის ძიებაში გადიოდა დღეები. შუადღით, როცა ცხელოდა და ყველას ეძინა – წიგნი და ზაფხულის მჟავე ვაშლი იყო საშველი.

გავიდა წლები, ჯერ ეს წიგნების მაღაზია დაიკეტა, მერე ეს ლამაზი შენობაც დაინგრა. ამჟამად, მის ადგილას ახალაშენებული ეკლესიაა.

მე დიდი ხანია კითხვა ვისწავლე და ახლა უკვე ჩემს 5 წლის შვილს ყოველ დღე ვუკითხავ წიგნს. ძალიან პატარა იყო, რომ დავიწყეთ და წლებია ძილის წინ წიგნის კითხვა სასიამოვნო რუტინად იქცა. ვხედავ, ყოველი ახალი წიგნის მერე როგორ თვალსა და ხელს შუა სწავლობს, იცვლება, იზრდება და ეს უზომოდ მაბედნიერებს. ამ კუთხით ჩემს შვილს გაუმართლა, ბევრ სხვა ბავშვს ნაკლებად.

ჩემი ნატვრაა უკლებლივ ყველა ბავშვს ჰქონდეს მოცემულობა, სადაც მისთვის წიგნის კითხვას არ დაიზარებენ. ყველა ბავშვს და მოზარდს ჰქონდეს გარემო, სადაც წიგნები ყოველდღიურობის ნაწილია, სადაც წიგნებს კითხულობენ, მსჯელობენ, განიხილავენ, კამათობენ, ფიქრობენ, განიცდიან. იმედი მაქვს, რომ წიგნის კითხვა უკეთეს ადამიანებად გვაქცევს. ვიცი, ეს ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ, როგორც მინიმუმ, კითხვა ყოველდღიურობას მაინც გვიმრავალფეროვნებს, ეს კი უკვე დიდი ამბავი მგონია.

წიგნი რაც შეიძლება ბევრი ბავშვისთვის უნდა გახდეს ხელმისწავდომი. არა მგონია ამაზე მნიშვნელოვანი, კეთილშობილური და თან მარტივად გასაკეთებელი ბევრი სხვა რამ იყოს. დიდი მადლობა „ბათუმელებს“ ამ შესაძლებლობისთვის, დიდი სიამოვნებით ვუერთდები ამ შესანიშნავ ინიციატივას და ვისურვებ მალე შეივსოს აჭარის მაღალმთიანი სკოლების ბიბლიოთეკები.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

რა მიუსაჯა სასამართლომ კაცს, რომელმაც ძაღლი ბავშვების თვალწინ მოკლა

2021 წლის ივლისში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი მოკლა ბავშვების თვალწინ.

გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 27 ივლისს მიიღო.

„27 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით ერთი წლის გამოსაცდელი ვადით“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ზუგდიდის სასამართლოში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში კაცმა მძინარე ძაღლი მოკლა, ფეისბუქზე გავრცელდა. ამ ინფორმაციის თანახმად, კაცმა ძაღლს კისტის თოფი ესროლა ბავშვების თვალწინ.

ცხოველის წამება ან სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

„გამოცხადდეს მათემატიკის ტესტები რთულად“ – აბიტურიენტთა ჯგუფის მოთხოვნა და naec-ის პასუხი

2021 წლის აბიტურიენტთა ერთი ჯგუფი პეტიციის საშუალებით პარლამენტსა და განათლების სამინისტროს მიმართავს.

პეტიციის მოთხოვნაა „გამოცხადდეს მათემატიკის 2021 წლის ტესტები რთულად“. პეტიციას ამ დროისთვის [16:28] 7000-ზე მეტი  აბიტურიენტი აწერს ხელს.

პეტიციაში წერია, რომ მათემატიკის 2021 წლის ტესტი სკოლაში ნასწავლი ამოცანების სირთულეს არ შეესაბამება. აბიტურიენტები მიუთითებენ, რომ ტესტი იყო ურთულესი და შეესაბამებოდა მხოლოდ მათემატიკური სკოლის მოსწავლეების მომზადების დონეს.

„იყო შემთხვევები, როდესაც კითხვა იმდენად ბუნდოვნად იყო დასმული, რომ აბიტურიენტების ნაწილს გაუჭირდა ზუსტი პასუხის დაწერა” – წერია პეტიციაში.

2021 წლის გამოცდებზე მათემატიკაში ზღვარი, პირველადი მონაცემებით, აბიტურიენტების 17-მა პროცენტმა ვერ გადალახა.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტების პეტიციაზე გვითხრეს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტული შეფასებით 2021 წელს მათემატიკის ტესტის სირთულე არ შეცვლილა, რასაც მათივე თქმით, ადასტურებს სტატისტიკური ანალიზი, მათ შორის, წლევანდელ ჩაჭრილთა მაჩვენებელიც, რომელიც დაახლოებით ისეთივეა, როგორიც იყო შარშან.

„ტესტი არის დაბალანსებული. დასაწყისში არის მარტივი დავალებები და შემდეგ ისინი თანდათან რთულდება, რაც აუცილებელია ისეთი ტესტირების შემთხვევაში, რომლის დანიშნულებაც გამოსაცდელთა სელექციაა.

სააპელაციო განაცხადების განხილვის შემდეგ, საბოლოო შედეგის გამოცხადების წინ, ცენტრი ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ პროცედურას: იმისთვის, რომ აბიტურიენტები თანაბარ პირობებში იყვნენ, ხდება საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტის გათანაბრება და ქულათა სკალირება.

სწორედ ეს პროცედურა ქმნის იმის პირობას, რომ სხვადასხვა სირთულის ტესტის შესრულებისას არც ერთი აბიტურიენტი არ დაიჩაგროს” – წერილობით გვიპასუხეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრიდან.

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 300-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა. მათემატიკა ჩასაბარებელ საგნად 12 900-მა სტუდენტმა აირჩია, მაქსიმალური ქულა მათემატიკაში 51 იყო, ზღვარი კი წინასწარი მონაცემებით 17-მა პროცენტმა ვერ გადალახა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს აპროტესტებენ. შარშან, 2020 წელს, აბიტურიენტებმა აქცია გამართეს ბათუმში და ქულების მომატება მოითხოვეს.

________________

ფოტო: ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასება საჯარო მოხელეების ხელფასის გაზრდაზე არჩევნების წინ

„ეს არის მიზანმიმართული გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საჯარო მოხელეების მოტივაცია გაზარდონ. შესაძლოა, მანამდე ყველა საჯარო მოხელეს არ ჰქონოდა კამპანიაში ჩართვის სურვილი, ეს კი მოტივაციას გაუჩენს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ მმართველი პოლიტიკური პარტიის კამპანიაში“ – ეს მოლოდინი გაუჩინა პრემიერი ღარიბაშვილის დაპირებამ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის კუთხით ნინო დოლიძეს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელ დირექტორს.

საჯარო მოხელეებს ხელფასების გაზრდას, ხოლო მერებს ხელფასის გაორმაგებას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 9 აგვისტოს დაჰპირდა.

პრემიერმა, ასევე ეკონომიკის მინისტრმა არ დააკონკრეტეს, რა ოდენობით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი, თუმცა საჯარო მოხელეებს, რომლებიც საარჩევნოდ მთავარ ადმინისტრაციულ რესურსად მიიჩნევა, მთავრობა უჩენს მოლოდინს, რომ არჩევნების შემდეგ, 2022 წლის ბიუჯეტში მათი ხელფასი გაიზრდება.

პრემიერმა დღეს ასევე თქვა, მერის ხელფასი 2 ათასი ლარია, რაც ტყუილია. მაგალითად, ბათუმის მერის ხელფასი 4500 ლარია. 4500 ლარი აქვს ხელფასი, მაგალითად, რუსთავის მერს, ქუთაისის მერის ხელფასი 2018 წლის მონაცემებით 3700 ლარი იყო, ქობულეთის მერის ხელფასი – 3500 ლარია.

„სამართლიან არჩევნებში“ განმარტავენ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ეს არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ ეს და მსგავსი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აუარესებს კონკურენტუნარიანი და სამართლიანი არჩევნების გარემოს.

„არაკლასიკური გაგებით, ეს არის საჯარო მოხელეების გულის მოგება,“ – მიიჩნევს ნინო დოლიძე.

ნინო დოლიძის შეფასებით, ამ სიტუაციაში მთავარ პრობლემას ქმნის ის, რომ არ არსებობს ხაზი მმართველ პარტიას და ხელისუფლებას შორის.

„პარტიას აქვს უფლება ისაუბროს წინასაარჩევნო პროგრამაზე, დაპირებაზე, მაგრამ პრობლემას ვხედავთ იმაში, რომ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები საუბრობენ სახელმწიფოს მხრიდან გასაცემ დაპირებებზე და აფილაცია ხდება მმართველ პარტიასთან. პრობლემა არის ის, რომ მკვეთრი ხაზი არ არსებობს „ქართულ ოცნებასა“ და სახელმწიფოს შორის…

პრობლემა არის ისიც, რომ ასეთ ფართომასშტაბიან დაპირებას ვისმენთ წინასაარჩევნო პერიოდში. ეს რომ იყოს ქვეყნის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც არის გაწერილი ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიაში, ამ შემთხვევაში არ იქნებოდა პრობლემა. ეს არის მანკიერი პრაქტიკა საქართველოში,“ – გვითხრა ნინო დოლიძემ.

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელ დირექტორს მოლოდინი აქვს, რომ მმართველი პარტია წელსაც ეცდება კანონის ზღვარზე გაიაროს.

„კანონი შესაძლოა არ დაარღვიოს, მაგრამ იმოქმედოს ისე, რომ პრობლემა შეუქმნას არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარებას,“ – დასძინა ნინო დოლიძემ, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

გაიაქტიურეთ მთელი თვით “სილქფესტის” მრავაფეროვანი შეთავაზებები შეუზღუდავად

9 აგვისტოს, „სილქფესტის“ აქციით, სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები ინტერნეტის და სასაუბრო  პირობებს სხვადასხვა პაკეტით გაიაქტიურებენ.

კომბინაციით *202# მსურველი მთელი თვით ჩაირთავს:

[checklist]

  • 5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად
  • 8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 8 ლარად
  • 700 ლოკალურ წუთს – 9 ლარად
  • ულიმიტო ინტერნეტს – 19 ლარად

[/checklist]

„სილქფესტის“ პაკეტების გააქტიურებას ფიზიკური და იურიდიული პირები შეუზღუდავად  შეძლებენ,  ცალ-ცალკე ან ერთად. 

  • ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. 
  • პაკეტის ვადის ფარგლებში, მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში 1მბ-ის ფასი შეადგენს 0.15 ლარს.
  • *წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე. ასევე, არ ვრცელდება სპეც. დანიშნულების ნომრებზე. 

თვალი ადევნეთ სილქნეტის  facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com,  სადაც ერთი დღით ადრე „სილქფესტის“ აქციის შესახებ ინფორმაცია დაანონსდება.  

ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ მოქალაქეს 102 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის სანაცვლოდ, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსმა მოქალაქეს ქრთამის სახით 2 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს“ – აცხადებს სუსი.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ვინც კოვიდი გადაიტანა, ვაქცინის ერთხელ გაკეთების შემთხვევაშიც სრულად აცრილად ჩაითვლება

კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში ვაქცინირებულად ჩაითვლებიან.

„მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით საბჭომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილი პირები, ვისაც ვაქცინა ერთხელ აქვთ გაკეთებული, გათანაბრდებიან 2-დოზით ვაქცინერებულებთან“, – ეს განცხადება მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააკეთა.

მისი თქმით, მათზეც გავრცელდება ის რეგულაცია, რაც გათვალისწინებულია სრულად ვაქცინირებულებისთვის.

ჯერჯერობით 2 დოზით აცრილებისთვის საქართველოში რაიმე ტიპის შეღავათი არ მოქმედებს. ღიბრაძემ დააკონკრეტა, რომ ამჟამად ამ შეღავათით საზღვრის კვეთისას სარგებლობენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მოგვიანებით განმარტა, რომ ზოგიერთი ქვეყანა ერთხელ აცრილსა და კოვიდგადატანილ პირს სრულად ვაქცინირებულად აღიარებს. მისი თქმით, აქ საუბარია იმაზე, რომ თუ პირმა თავის ქვეყანაში მიიღო სრულად ვაქცინირებულის სტატუსი, ეს საქართველომაც აღიაროს. მისივე თქმით, საქართველოში ასეთი პროტოკოლი არ მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებისთვის და აუცილებელია ორჯერადი ვაქცინაცია სრულად ვაქცინირებულის სტატუსის მისაღებად.

Exit mobile version