განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ჩემი ნატვრაა წიგნის კითხვა არც ერთი ბავშვისთვის არ დაიზარონ – გვანცა ლიპარტელიანი

09.08.2021 • 2357
ჩემი ნატვრაა წიგნის კითხვა არც ერთი ბავშვისთვის არ დაიზარონ – გვანცა ლიპარტელიანი

ავტორი: გვანცა ლიპარტელიანი, აქტივისტი

___

ზაფხული წიგნის გარეშე არ ვარგა. ცხადია, კითხვა არც სხვა სეზონზეა საზიანო, თუმცა, ზაფხული და წიგნი, ჩემთვის ბავშვობიდან გადაჯაჭვული, ერთიანი მოცემულობაა.

სანამ კითხვას ვისწავლიდი, მახსოვს, ზაფხულობით, სოფელში პაპა მიყვებოდა ძილის წინ გამოგონილ თუ ნამდვილ ამბებს და მეც, ხშირად მელაკუდებზე და ტყის სხვადასხვა ბინადარზე ფიქრში ტკბილად მეძინებოდა. ჩემს უფროსს ძმას კითხვა უყვარდა, წიგნის გარეშე არც მახსოვს. ბევრს კითხულობდა და მერე, საღამოობით, სოფელში, ჭრიჭინების ფონზე თავის გამოგონებულ, საინტერესო ისტორიებს მიყვებოდა. იყო დღეები, ჩემთვის და ჩემი ისტორიებისთვის აღარ ეცალა, ამიტომ სხვა გზა არ იყო და კითხვა თავად ვისწავლე.

ზაფხულის არდადეგებს ქვემო სვანეთში, ლენტეხში, ბებია-ბაბუასთან ვატარებდი. რაიონის ცენტრში ულამაზესი შენობა, წიგნების მაღაზია იყო, სადაც კეთილი და სულ მომღიმარი რუსიკო დეიდა მუშაობდა. ამ მაღაზიაში შესვლა იყო დიდი ამბავი და დღესასწაული, მოწესრიგებულად დალაგებული სხვადასხვა ფერის წიგნები, ბუკლეტები, რუქები და ატლასები, და რაც მთავარია – კვალიფიციური მრჩეველი, წიგნებისა და ბავშვების მოყვარე რუსიკო დეიდა.

კალე ბლუმკვისტი და ევა ლოტა ლისანდერი, ტომ სოიერი და ბეკი ტეტჩერი, ჰეკლბერი ფინი, პეპი და მრავალი სხვა პერსონაჟი, მათი თავგადასავლები და ისტორიები ჩემს რეალურ საზაფხულო თავგადასავლებში იყო გადახლართული.

დილა-საღამოს, ჩემს მეგობრებთან ერთად თხილის ბუჩქისგან მშვილდ-ისრის კეთებაში, შემდეგ ჩასაფრებებსა და ბრძოლებში, თუ მჟავე წყალზე და მდინარეზე წანწალში, ტყეში განძის თუ უბრალოდ სოკოს და ნაძვის კევის ძიებაში გადიოდა დღეები. შუადღით, როცა ცხელოდა და ყველას ეძინა – წიგნი და ზაფხულის მჟავე ვაშლი იყო საშველი.

გავიდა წლები, ჯერ ეს წიგნების მაღაზია დაიკეტა, მერე ეს ლამაზი შენობაც დაინგრა. ამჟამად, მის ადგილას ახალაშენებული ეკლესიაა.

მე დიდი ხანია კითხვა ვისწავლე და ახლა უკვე ჩემს 5 წლის შვილს ყოველ დღე ვუკითხავ წიგნს. ძალიან პატარა იყო, რომ დავიწყეთ და წლებია ძილის წინ წიგნის კითხვა სასიამოვნო რუტინად იქცა. ვხედავ, ყოველი ახალი წიგნის მერე როგორ თვალსა და ხელს შუა სწავლობს, იცვლება, იზრდება და ეს უზომოდ მაბედნიერებს. ამ კუთხით ჩემს შვილს გაუმართლა, ბევრ სხვა ბავშვს ნაკლებად.

ჩემი ნატვრაა უკლებლივ ყველა ბავშვს ჰქონდეს მოცემულობა, სადაც მისთვის წიგნის კითხვას არ დაიზარებენ. ყველა ბავშვს და მოზარდს ჰქონდეს გარემო, სადაც წიგნები ყოველდღიურობის ნაწილია, სადაც წიგნებს კითხულობენ, მსჯელობენ, განიხილავენ, კამათობენ, ფიქრობენ, განიცდიან. იმედი მაქვს, რომ წიგნის კითხვა უკეთეს ადამიანებად გვაქცევს. ვიცი, ეს ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ, როგორც მინიმუმ, კითხვა ყოველდღიურობას მაინც გვიმრავალფეროვნებს, ეს კი უკვე დიდი ამბავი მგონია.

წიგნი რაც შეიძლება ბევრი ბავშვისთვის უნდა გახდეს ხელმისწავდომი. არა მგონია ამაზე მნიშვნელოვანი, კეთილშობილური და თან მარტივად გასაკეთებელი ბევრი სხვა რამ იყოს. დიდი მადლობა „ბათუმელებს“ ამ შესაძლებლობისთვის, დიდი სიამოვნებით ვუერთდები ამ შესანიშნავ ინიციატივას და ვისურვებ მალე შეივსოს აჭარის მაღალმთიანი სკოლების ბიბლიოთეკები.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: