მთავარი,სიახლეები

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასება საჯარო მოხელეების ხელფასის გაზრდაზე არჩევნების წინ

09.08.2021 • 1538
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასება საჯარო მოხელეების ხელფასის გაზრდაზე არჩევნების წინ

„ეს არის მიზანმიმართული გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საჯარო მოხელეების მოტივაცია გაზარდონ. შესაძლოა, მანამდე ყველა საჯარო მოხელეს არ ჰქონოდა კამპანიაში ჩართვის სურვილი, ეს კი მოტივაციას გაუჩენს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ მმართველი პოლიტიკური პარტიის კამპანიაში“ – ეს მოლოდინი გაუჩინა პრემიერი ღარიბაშვილის დაპირებამ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის კუთხით ნინო დოლიძეს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელ დირექტორს.

საჯარო მოხელეებს ხელფასების გაზრდას, ხოლო მერებს ხელფასის გაორმაგებას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 9 აგვისტოს დაჰპირდა.

პრემიერმა, ასევე ეკონომიკის მინისტრმა არ დააკონკრეტეს, რა ოდენობით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი, თუმცა საჯარო მოხელეებს, რომლებიც საარჩევნოდ მთავარ ადმინისტრაციულ რესურსად მიიჩნევა, მთავრობა უჩენს მოლოდინს, რომ არჩევნების შემდეგ, 2022 წლის ბიუჯეტში მათი ხელფასი გაიზრდება.

პრემიერმა დღეს ასევე თქვა, მერის ხელფასი 2 ათასი ლარია, რაც ტყუილია. მაგალითად, ბათუმის მერის ხელფასი 4500 ლარია. 4500 ლარი აქვს ხელფასი, მაგალითად, რუსთავის მერს, ქუთაისის მერის ხელფასი 2018 წლის მონაცემებით 3700 ლარი იყო, ქობულეთის მერის ხელფასი – 3500 ლარია.

„სამართლიან არჩევნებში“ განმარტავენ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ეს არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ ეს და მსგავსი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აუარესებს კონკურენტუნარიანი და სამართლიანი არჩევნების გარემოს.

„არაკლასიკური გაგებით, ეს არის საჯარო მოხელეების გულის მოგება,“ – მიიჩნევს ნინო დოლიძე.

ნინო დოლიძის შეფასებით, ამ სიტუაციაში მთავარ პრობლემას ქმნის ის, რომ არ არსებობს ხაზი მმართველ პარტიას და ხელისუფლებას შორის.

„პარტიას აქვს უფლება ისაუბროს წინასაარჩევნო პროგრამაზე, დაპირებაზე, მაგრამ პრობლემას ვხედავთ იმაში, რომ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები საუბრობენ სახელმწიფოს მხრიდან გასაცემ დაპირებებზე და აფილაცია ხდება მმართველ პარტიასთან. პრობლემა არის ის, რომ მკვეთრი ხაზი არ არსებობს „ქართულ ოცნებასა“ და სახელმწიფოს შორის…

პრობლემა არის ისიც, რომ ასეთ ფართომასშტაბიან დაპირებას ვისმენთ წინასაარჩევნო პერიოდში. ეს რომ იყოს ქვეყნის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც არის გაწერილი ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიაში, ამ შემთხვევაში არ იქნებოდა პრობლემა. ეს არის მანკიერი პრაქტიკა საქართველოში,“ – გვითხრა ნინო დოლიძემ.

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელ დირექტორს მოლოდინი აქვს, რომ მმართველი პარტია წელსაც ეცდება კანონის ზღვარზე გაიაროს.

„კანონი შესაძლოა არ დაარღვიოს, მაგრამ იმოქმედოს ისე, რომ პრობლემა შეუქმნას არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარებას,“ – დასძინა ნინო დოლიძემ, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: