ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რა უნდა ქნათ, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ და რა ვალდებულება აქვთ კონტაქტში მყოფ პირებს

10.08.2021 • 10969
რა უნდა ქნათ, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ და რა ვალდებულება აქვთ კონტაქტში მყოფ პირებს

„მოქალაქეს თუ კორონავირუსი დაუდასტურდა, ის თავად არის ვალდებული დარეკოს 112[2]-ზე და დააფიქსიროს ამ ფაქტის შესახებ.

ვირუსის დადასტურების დაფიქსირების შემდეგ მოქალაქის პირადი საქმე ეგზავნება ოჯახის ექიმს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უკავშირდებიან ინფიცირებულ პირს და მის კონტაქტებს [ოჯახის წევრებს და სხვებს, ვისთანაც მას ჰქონდა კონტაქტი ვირუსის დადასტურებამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში] იწერენ მონაცემებს და შემდგომ უკვე მიმდინარეობს მათი კონტროლი 12 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში ისინი უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სამთავრობო ცხელ ხაზზე [144].

რაც შეეხება კონტაქტირებული პირების PCR ტესტირებას, სამთავრობო ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ „რახან კონტაქტირებული პირები იზოლაციაში უნდა იყვნენ ამ 12 დღის განმავლობაში, ისინი უკავშირდებიან მათ პირად ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმის მიმართვიანობით ხდება PCR ტესტირებაზე გადამისამართება, სრულიად უფასოდ.

თუმცა, ოჯახის ექიმი ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმებით წყვეტს პირის ტესტირების საკითხს, ასევე როგორ უნდა გადაადგილდეს პირი იზოლაციიდან კლინიკის მიმართულებით – ოჯახის ექიმი ჯავშნის სპეციალურ ვიზიტს, რათა კლინიკა იყოს მზად, რომ მიდის კოვიდკონტაქტირებული პირი“.

მოქმედი კანონმდებლობით, კონტაქტირებულთა თვითიზოლაცია სავალდებულოა სრული 12 დღე. თვითიზოლაციის დარღვევისთვის კი, პირი 2000 ლარით ჯარიმდება. მიუხედავად ამისა, იმ პირთა კონტროლი, რომლებიც ვალდებულნი არიან იყვნენ თვითიზოლაციაში, სახელმწიფოს მხრიდან დღეს, ფაქტობრივად, არ ხორციელდება.

„კლინიკა, სადაც ტესტირებით მოქალაქეს დაუდასტურდება ვირუსი, მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტროს აწვდის და არა 112-ს. კოვიდინფიცირებულმა მოქალაქემ 112[2]-ში თავად უნდა დააფიქსიროს ფაქტი, რადგან თუ იზოლაციის საშუალება არ აქვს, 112[2] აგზავნის სასწრაფო დახმარების ჯგუფს და გადაჰყავთ ან ჰოსპიტალში თუ ესაჭიროება, ან კოვიდსასტუმროში“ – აცხადებენ სამთავრობო ცხელ ხაზზე –

„მოქალაქე კრეფს 112-ს და ავტომოპასუხის ჩართვის შემდეგ 2-ს. ეს არის სპეციალური ცხელი ხაზის ნომერი კოვიდისთვის შექმნილი. 112[2]-ს საკუთარი ოჯახის ექიმები ჰყავს კოვიდის მიმართულებით, მათთან აგზავნის მოქალაქის საქმეს და შესაბამისად, ესენი უკვე კურირებენ მოქალაქეს“.

მოქალაქეების თქმით კი, ბოლო დღეებში 112[2] ძნელად ან ფაქტობრივად არ პასუხობს. „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე გადაამოწმა და აღნიშნულ ცხელ ხაზზე დაკავშირება მართლაც არ ხერხდება – „ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მოგვიანებით“ – ისმის ავტომოპასუხის ხმა.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექიმთა საზოგადოების სახელით 720-მა ექიმმა მიმართა მთავრობასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.

მიმართვაში ექიმებს კითხვები აქვთ ეპიდგამოძიებასთან დაკავშირებითაც, ანუ კოვიდპაციენტებისა და მათი კონტაქტების იზოლაციაში გადაყვანის პროცესზე, რაც წინა პერიოდში „საუკეთესოდ ხორციელდებოდა“.

ექიმების თქმით, ეს პროცესი ამჯერად დროში გაჭიანურებულია, ხშირად არ სრულდება რეგულაციები, ამასთან სუსტია, ან საერთოდ არ არის კონტროლი შესაბამისი უწყებების [პოლიციის] მხრიდან.

დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია საგანგაშოა და მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება.

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 54 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000  მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

10 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 678 ახალი შემთხვევა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ბოლო 24 საათში აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

განახლება: 2021 წლის 12 აგვისტოდან კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს“.

ამავე თემაზე ნახეთ „ბათუმელების“ სტატია:

მსოფლიოში მე-5 ადგილზე კოვიდის გავრცელებით – როგორ ესმის ღარიბაშვილს პანდემიის მართვა

მთავარი ფოტო არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: