მთავარი,სიახლეები

როგორია ბათუმში კოვიდით ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა – ინტერვიუ

10.08.2021 • 2795
როგორია ბათუმში კოვიდით ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა – ინტერვიუ

ბათუმის მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულ 43 ბავშვს მკურნალობენ. მათი ნაწილი რეანიმაციაში, ნაწილი კი პედიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბავშვებში ახლა ძირითადად კორონავირუსის დელტა შტამი ცირკულირებს, რაც სხვა შტამებისგან განსხვავებით ბევრად უფრო გადამდებია.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა ჰოსპიტალში, რა რესურსები აქვს კლინიკას გაზრდილ მიმართვიანობასთან გასამკლავებლად და რა მდგომარეობაში მყოფი ბავშვები ხვდებიან ჰოსპიტალში? – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის დირექტორს, თამარ ბახტაძეს მიმართა.

  • ქალბატონო თამარ, რამდენი და რა ასაკის პაციენტია ახლა მოთავსებული ჰოსპიტლის კოვიდგანყოფილებაში?

რეანიმაციაში სამი ახალშობილი გადის მკურნალობას, რომლებიც ალფა ვირუსული ინფექციით არიან დაავადებული. რეანიმაციაში გვყავს 28 დღემდე ასაკის ჩვილებიც და მათი მდგომარეობაც არის მძიმე და სტაბილური. მოზრდილ ბავშვთაგან რეანიმაციაში რჩება ერთი, ორი გუშინ გაეწერა პედიატრიულ განყოფილებაში, რადგან მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

რაც შეეხება პედიატრიულ კოვიდდეპარტამენტს, 55 პაციენტიდან 39 არის ბავშვი და 16 დედა.

როგორც გითხარით, გვყავს 3 ახალშობილი რეანიმაციაში. პაციენტთა 25% არის 5 წლამდე ასაკის, დანარჩენი კი არის 5-დან 13 წლამდე ასაკობრივი კატეგორია.

  • როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

პედიატრიულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, რეანიმაციაში კი მძიმე, მაგრამ სტაბილური პაციენტები რჩებიან.

  • რამდენი საწოლია გამოყოფილი ჰოსპიტალში კოვიდპაციენტებისთვის?

ამჯერად ჰოსპიტალში, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობს, გამოყოფილია  59 საწოლი კოვიდპანციენტებისთვის, კერძოდ კი 50 საწოლი პედიატრიულ დეპარტამენტშია, ხოლო 9 – რეანიმაციაში. რეანიმაციის 9 ადგილი ასე ნაწილდება: 6 საწოლი ახალშობილთა რეანიმაციაში გვაქვს, 3 კი მოზრდილთა რეანიმაციაში.

  • გაზრდილია ჰოსპიტალში დედათა და ბავშვთა მომართვიანობა კოვიდის დელტა შტამით?

მომართვიანობამ მკვეთრად მოიმატა.

პრაქტიკულად ყოველდღე ივსება საწოლები, განსაკუთრებით პედიატრიულ დეპარტამენტში.

უნდა ვთქვათ, რომ ბავშვები, რომლებიც ხვდებიან რეანიმაციაში, ძირითადად არიან თანმხლები დაავადებებით, რაც ართულებს მდგომარეობას. ორ ბავშვს, რომელიც დღეს და გუშინ გადავიყვანეთ რეანიმაციიდან პედიატრიულ დეპარტამენტში, ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. ერთი იყო 6 წლის, ის კლინიკაში შოკით და სუნთქვის უკმარისობით შემოვიდა, რეანიმაციიდან უკვე გაწერილ მეორე ბავშვს კი აღენიშნებოდა სხვა თანმხლები დაავადებები.

  • რით განსხვავდება კორონავირუსის დელტა შტამის მიმდინარეობა ბავშვებში, ალფა და ბეტა შტამებისგან განსხვავებით?

კორონავირუსის დელტა შტამი, რომელიც ახლა ცირკულირებს ბავშვებში, ვერ ვიტყვით, რომ იმაზე  მეტად რთულდება, ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამები, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, მომართვიანობა არის ძალიან გაზრდილი, რაც მოწმობს იმას, რომ დელტა შტამი ბევრად უფრო კონტაგიოზური, მარტივად რომ ვთქვათ, ბევრად უფრო სწრაფად გადამდები შტამია.

უფრო დაზუსტებით: თუ ერთსა და იმავე გარემოში ალფა შტამი პირობითად, ორნახევარ ადამიანს აინფიცირებდა, დელტა შტამი 4 ადამიანს აინფიცირებს ამავე გარემოში. მოგეხსენებათ, ბავშვებში ვირუსი გაცილებით მარტივად ვრცელდება ირგვლივ აუცრელი მშობლებისა და ოჯახის წევრების, უპირბადობის, დაუცველი რეგულაციების პირობებში. შესაბამისად, კორონავირუსის დელტა შტამით ბავშვთა ავადობის მაჩვენებელმაც ძალიან იმატა.

  • როგორ ხვდებიან თქვენთან ბავშვები, სასწრაფოს საშუალებით თუ მშობლებს თავადაც მოჰყავთ ადგილზე ბავშვები?

ვურჩევთ მშობლებს თვითნებურად არ მოიყვანონ ბავშვები კლინიკაში. ჯერ მშობელმა უნდა გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც დაადგენს რამდენად სჭირდება ბავშვს ჰოსპიტალიზაცია, თუ ეს აუცილებლად სჭირდება ბავშვს, მერე ჰოსპიტალში მოჰყავთ. თუ მძიმეა მდგომარეობა და არ გვაქვს ადგილი გავაკეთებთ ორგანიზებას, რომ არ დარჩეს პაციენტი მომსახურების გარეშე.

  • როგორ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას?

ჩვენ გვაქვს გაიდლაინით შემუშავებული კრიტერიუმები, თუ ვის სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ვის არა. ვისაც ამის საჭიროება არ აქვს, თუ მაინც დაწვება კლინიკაში, დააკავებს საწოლს, რაც სხვა ბავშვისთვის შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს.

1 წლამდე ასაკის ჩვილებს ვათავსებთ კლინიკაში თუკი დადასტურებულია პნევმონია, სატურაცია არის დაბალი ან სუნთქვის უკმარისობაა, ასევე, თუ თანმდევი დაავადებები აქვს ბავშვს, ან  ჯირკვლების ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევები ან იმუნოსუპრესსია და ა.შ.

კლინიკაში ვათავსებთ ასევე ბავშვებს მაღალი ტემპერატურით თუ ეს 3-5 დღის განმავლობაში გრძელდება. ასევე, როცა დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტია და მდგომარეობა არ უმჯობესდება.

ინფიცირებულ ბავშვებში ჭარბი წონაც ასევე წარმოადგენს ჰოსპიტალიზაციის ჩვენებას.

თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ ჯერ ოჯახმა უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც განსაზღვრავს და წყვეტს ბავშვი სახლში განაგრძობს მკურნალობას თუ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

  • ბავშვების ჰოსპიტალში მოთავსების ყოველდღიურ დინამიკაზე დაკვირვებით, საკმარისი იქნება უახლოეს მომავალში ჰოსპიტლის რესურსი, რომ კორონავირუსით შემოსული პაციენტების რაოდენობას გაუმკლავდეს?

კლინიკის კოვიდგანყოფილებაში როგორც აღვნიშნე 59 საწოლია – 9 რეანიმაციული ხოლო 50 საწოლი პედიატრიული დეპარტამენტის. ესაა ჩვენი რესურსი. თუმცა 50 საწოლზე პედიატრიულ დეპარტამენტში შეგვიძლია, 55-დან 60 პაციენტამდე მოვათავსოთ თუ ბავშვის ასაკი და ფიზიკური განვითარება იძლევა საშუალებას, ერთ საწოლზე მოვათავსოთ დედა-შვილი. ეს ცხადია იმისთვის, რომ ნაკადს გავუმკლავდეთ და გავუმკლავდეთ გამოწვევას.

ყოველდღიურად ეწერება ბინაზე პაციენტების გარკვეული რაოდენობა. გუშინ, მაგალითად 19 პაციენტი გაეწერა, მაგრამ თითქმის ამდენივე შემოვიდა. ეს ციფრები ყოველდღიურად სხვადასხვაა. რეანიმაციაშიც გვაქვს ადგილები. კოლაფსი არ შექმნილა.

  • რა არის ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების ძირითადი წყარო?

რა თქმა უნდა ოჯახური კონტაქტები.

ამიტომ მოვუწოდებთ მშობლებს, პირველ რიგში დაიცვან რეგულაციები და აუცილებლად აიცრან. აცრას ალტერნატივა არ აქვს.

მოგეხსენებათ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბავშვთა ასაკის პედიატრიული აცრები დაინერგა, თუმცა ჩვენთან ამის ფუფუნება არ არის და მხოლოდ 16 წლიდან ცრიან.

ბავშვების აცრა ვერ ხერხდება და ჯერ არც ვიცით როდის დაიწყება, როცა ეს მოხდება მაშინ ნამდვილად იქნება პერსპექტივა, რომ საბოლოოდ დავამარცხებთ კოვიდს. რაც გვაქვს ის შესაძლებლობა, ზრდასრულთათვის განკუთვნილი ვაქცინაციის შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.

მშობლები აუცილებლად უნდა აიცრან, რომ იყვნენ თავად დაცულები და დაიცვან ბავშვებიც ვირუსით დაინფიცირებისგან. პირბადე, სოციალური დისტანცია, რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. ბრძოლის სხვა იარაღი ჩვენ არ გვაქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: