განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ვკითხულობთ და ვიხსენებთ, რომ არ ვართ მარტო | ალექსანდრე ქავთარაძე

11.08.2021 • 1277
ვკითხულობთ და ვიხსენებთ, რომ არ ვართ მარტო | ალექსანდრე ქავთარაძე

ავტორი: ალექსანდრე ქავთარაძე, ისტორიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო დარბაზის” დამფუძნებელი

___

„ჩვენ ვკითხულობთ, რათა ვიცოდეთ, რომ არ ვართ მარტო“ – ინგლისელი დრამატურგი და მწერალი უილიამ ნიკოლსონი გვეუბნება სხვა ბრიტანელი მწერლის, კლაივ ლუისის მეშვეობით. ამ სიტყვების არსი მე მალევე გავიგე. და-ძმის გარეშე გაზრდის პირობებში, ჩემთვის წიგნებით აღმოჩენილი სხვადასხვა სამყარო მარტოობისგან თავის დაღწევის მნიშვნელოვან საშუალებად იქცა.

არაფერი სჯობდა ითაკისკენ მიმავალ ოდისევსის გემზე შემოსკუპებას, წინასაშობაოდ ნარნიის მოჯადოებულ, დათოვლილ სამყაროში შებიჯებას ან აქილევსთან ერთად ტროაზე გალაშქრებას, ქართული ზღაპრების გმირებთან ერთად დევებთან და გველეშაპებთან შერკინებას, ფასკუნჯების ჯადოსნური ფრთების შეხებას და უამრავ სხვა თავგადასავალში მონაწილეობას.

შემდგომ აღმოვაჩინე, რომ წიგნების მეშვეობით თურმე ანტიკური ეპოქის ბერძენი ფილოსოფოსების ნააზრევის მოსმენის შესაძლებლობაც მექნებოდა, „ქართლის ცხოვრების“ ფურცლებზე გაცოცხლებული მეფეების და დედოფლების გაცნობისაც, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებზე აცრემლებისაც და რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გადააზრებისაც.

იქნებ ეს მწერლებიც ნაწილობრივ იმიტომ წერდნენ, რომ სცოდნოდათ თავადაც და გვცოდნოდა ჩვენც, რომ მარტონი არ ვართ.

ყველაზე მძიმე დროს, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ წიგნები, გადავშალოთ და გამოვიძახოთ ჩვენი საყვარელი გმირები, რომლებიც მათი შემქმნელების მეშვეობით, შეგვახსენებენ ერთ მარტივ ამბავს, რომ ჩვენ სულაც არ ვართ მარტონი ამ რთულ გზაზე.

„ჩვენ ვკითხულობთ, რათა ვიცოდეთ, რომ არ ვართ მარტო“ და მეც ვკითხულობდი; ვკითხულობდი სახლში, გზაში, ბიბლიოთეკაში. ამიტომ, მაღალმთიანი აჭარისთვის შექმნილ „მოგზაური ბიბლიოთეკის“ იდეამ თავიდანვე აღმაფრთოვანა.

ამ პროექტის ფარგლებში უამრავ ბავშვს, მოზარდს, ახალგაზრდას გაუჩნდება საინტერესო და უძვირფასეს წიგნებზე წვდომის შესაძლებლობა. წიგნები კი მათ შეუღებენ კარს ათასგვარ და მრავალფეროვან სამყაროებში, რომელთა თუნდაც დროებით მიტოვება და ამ წიგნების ბოლო ფურცლების გადაშლა ხშირად ძალიან ჭირს… მაგრამ როცა გვაქვს წვდომა ბევრ წიგნზე – ვიცით, რომ წინ სხვა საოცარი სამყაროს გაცნობა გველოდება და ჩვენც ვკითხულობთ.

ვკითხულობთ და ვიხსენებთ, რომ არ ვართ მარტო.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: