შადრევნის შეღებვისთვის „დროას“ წევრები 5000 ლარით დააჯარიმეს

პარტია „ელენე ხოშტარია-დროას“ წევრები ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე 5000-5000 ლარით დააჯარიმეს პროტესტის ნიშნად მთავრობის კანცელარიის წინ შადრევნის აკრილის საღებავით შეღებვისთვის.

„დროას“ ცნობით, პარტიის წევრები ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდნენ.

„დროას“ წევრებმა შადრევანი წითლად ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, 2021 წლის 18 ივლისს, პროტესტის ნიშნად  შეღებეს.

შედარებისთვის – 2021 წლის ივნისში თბილისის მერიამ 1000 ლარით დააჯარიმა „უცნობი“ ბერლინის კედლის ფრაგმენტის მოხატვისთვის.

თურქეთმა სწავლა სკოლის შენობებში განაახლა

დღეს, 6 სექტემბერს, თურქეთში სწავლა განახლდა სკოლის შენობებში.

თურქული მედია იუწყება, რომ დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 18 მილიონი მოსწავლე და 1 მილიონზე მეტი მასწავლებელი დაუბრუნდა სკოლაში პირისპირ სწავლების პროცესს.

„ანადოლუს“ ცნობით, თურქეთის მთავრობამ 650 მილიონამდე ლირა გამოყო სკოლებში ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების შესაძენად.

სკოლაში სავალდებულო იქნება ნიღბის ტარება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, გარდა იმ მოსწავლეებისა, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რაც ნიღბის ტარებას ართულებს. მშობლებს სკოლის შენობაში შესვლის უფლება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ ექნებათ.

გარდა ამისა, მოსწავლეებს მიეცემათ მითითება, რომ მეტი დრო გაატარონ გარეთ შესვენებების დროს.

შენობის გარეთ ყოფნისას მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სხვა თანამშრომლებს მოეთხოვებათ დაიცვან სოციალური დისტანცია. გაკვეთილის საშუალო ხანგრძლივობა 40 წუთი იქნება.

დღეის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონამდე დოზაა გაკეთებული.

„წელს სკოლები არ დაიხურება პანდემიის გამო, რადგან ახლა ვაქცინები გვაქვს“ – განაცხადა თურქეთის განათლების მინისტრმა.

თურქეთში მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების 88% უკვე COVID-19 ვაქცინის  ერთი დოზით, ხოლო 75 პროცენტი – ორივე დოზითაა აცრილი.

____________

ფოტო: „ანადოლუ“

ბარცხანის ხიდი 10 დღეში გაიხსნება, გოგოლის ქუჩაზე მოძრაობა განახლდა

ბათუმში ბარცხანის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დროზე ადრე დასრულდება.

ბათუმის მერიის ცნობით, ამჟამად ხიდზე მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს და ხიდზე მოძრაობა დაახლოებით 10 დღის ვადაში აღდგება.

მოძრაობა უკვე განახლდა გოგოლის ქუჩაზე.

ბარცხანის ხიდის რეაბილიტაცია, ხელშეკრულების მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადაზე ორი თვით ადრე დაასრულა სამუშაოები.

ბარცხანის ხიდი

გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს ხელშეკრულება შპს „ბომონდი-2009“-თან 2 582 697 ლარზე აქვს გაფორმებული.

რკინიგზაზე გადასასვლელი ე.წ. ბარცხანის ხიდი 1984 წელში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ხიდის სიგრძე 366.3 მეტრია.

დეზინფორმაცია ვაქცინაციას აფერხებს – ბათუმელი ეპიდემიოლოგი

ავტორი: თამარ ჩანჩიბაძე 

ბათუმელი ეპიდემიოლოგი ნესტან შერვაშიძე კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევიდან დღემდე ეხმარება ადამიანებს კოვიდის, როგორც თავად ამბობს, „უვერაგესი ვირუსის“ დამარცხებაში. ბევრი კოლეგის მსგავსად, მან თავადაც გადაიტანა კორონავირუსი.  

როგორ ექიმი-ეპიდემიოლოგი, ნესტან შერვაშიძე ცდილობს სწორი ინფორმაცია გაავრცელოს ვაქცინაციის შესახებ, იყო ჩართული პროექტში, რომლის ფარგლებშიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და IOCC-ის დახმარებით 200-მდე მუსლიმმა და 100-ზე მეტმა ქრისტიანმა სასულიერო პირმა მიიღო ინფორმაცია COVID-19 ვაქცინაციის შესახებ. 

უშლის თუ არა ხელს დეზინფორმაცია ვაქცინაციის პროცესს? როგორ მუშაობენ ეპიდემიოლოგები პანდემიაში? – ნესტან შერვაშიძეს ვთხოვეთ, მისი გამოცდილება გაეზიარებინა ჩვენთვის.

„ვინც რეანიმაციის კარამდე მივიდა, ყველა ამბობს, რომ სიკვდილს ჩახედეს თვალებში“ – გვითხრა ნესტან შერვაშიძემ. 

მან ჩვენთან საუბრისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

  • „დეზინფორმაცია ვაქცინაციის პროცესს აფერხებს“

დეზინფორმაცია და ანტივაქსერული პროპაგანდა ვაქცინაციის პროცესს ნამდვილად აფერხებს. 

მინდა ყველას ვუთხრა – ერთადერთი გამოსავალი, რომ დავამარცხოთ ეპიდემია და გადავარჩინოთ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე, არის ვაქცინაცია. 

შეიძლება მე გადავიტანო უსიმპტომოდ ვირუსი, მაგრამ ჩემს მიერ დასნებოვნებულმა ადამიანმა ვეღარ გადაიტანოს და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დავაყენო.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია და ჭორები ახალი არ არის. ჯენერმა [ედუარდ ჯენერი – ყვავილის ვაქცინის შემქმნელი ინგლისელი ექიმი]  როდესაც შექმნა პირველი, ყვავილის ვაქცინა, მაშინაც იყვნენ ანტივაქსერები, თუმცა, ვაქცინამ საბოლოოდ ყვავილი დაამარცხა, როგორც ინფექცია. 

უიმედოდ პირველივე დღიდან არ ვყოფილვართ და ახლაც არ ვართ ეპიდემიოლოგები, იმიტომ, რომ ვაქცინა შემოვიდა. თან ისეთი და იმდენნაირი ვაქცინა, რომ აღარ აქვს მოქალაქეს უფლება, ვაქცინაციაზე უარი თქვას. 

თუკი ეჭვი გვეპარება ახალი ტექნოლოგიებით [მაგ. ფაიზერი, ასტრაზენეკა] დამზადებულ ვაქცინებზე, არის ინაქტივირებული ვირუსებით შექმნილი ვაქცინები [სინოფარმი, სინოვაკი], რომელიც ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული და იმით შეიძლება აიცრას მოქალაქემ. 

ახლა სახელმწიფო გვაძლევს ამის საშუალებას,  რომ ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი დრო, ადგილი და ჩავიტაროთ ჩვენთვის სასურველი ვაქცინით ვაქცინაცია“. 

ნესტან შერვაშიძე „წითელი ჯვრის“ თანამშრომლებთან
  • „ყველაზე რთული სიტუაცია არის ახლა, მედპერსონალი ძალიან დაიღალა“ 

თავიდან როცა გავრცელდა ეს ინფექცია, წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, რომ ასე უცებ მოვიდოდა ჩინეთიდან ჩვენამდე, თუმცა გლობალიზაციამ გამოიწვია ის, რომ თებერვლის ბოლოს უკვე საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ ჯერ არ გვქონდა მესამეული გადაცემა, შესაბამისად, ვფიქრობდით, რომ ჩაკეტვით ინფექცია არ გავრცელდებოდა. 

პირველი მარტიდან მოყოლებული ვიყავი ჩაბმული ამ სამსახურში. დავდიოდით ეპიდკერებში, ვიკვლევდით კონტაქტებს. 

პირველ ეტაპზე უნდა მივსულიყავით ოჯახში, ტესტირება ჩაგვეტარებინა. გამოვიდოდით ოჯახიდან და აღმოჩნდებოდა, რომ ოჯახის შვიდი წევრიდან ხუთს კოვიდი ჰქონდა.

მაშინ ინფექცია ჩემთან არ მოსულა, მაქსიმალურად ვიცავდით უსაფრთხოების ზომებს, რაც არის აუცილებელი ასეთ დროს. 

დასაწყისში ნამდვილად არაფერი არ ყოფილა განსაკუთრებით რთული, მიუხედავად იმისა, რომ ღამეებს ვათენებდით მორიგეობებზე, მივდიოდით სამსახურში და უწყვეტ რეჟიმში 24/8 საათის განმავლობაში ვმუშაობდით, როგორც ეპიდემიოლოგები. 

თუმცა, დღეს რომ ის პერიოდი რომ დაბრუნდეს, ნამდვილად რესურსი აღარ არის იმის, რომ იგივე გავაკეთოთ. მართლა ძალიან ძნელია და მინდა ხალხს მოვუწოდო, რომ  ვაქცინა ჩაიტარონ. 

ელემენტარულად, დაიღალნენ ეპიდემიოლოგები და დაიღალა მედპერსონალი. 

ეპიდემიოლოგებმა ვიცით, რომ ერთი დადასტურებული შემთხვევის უკან, შეიძლება სულ მცირე კიდევ სამი შესაძლო შემთხვევა იყოს. 

რას ვეტყოდი ადამიანებს, რომლებიც მაინც ფიქრობენ, რომ კორონავირუსი არ არსებობს?  მხოლოდ ერთს – კორონავირუსი არსებობს, არსებობდა და იარსებებს კიდეც! 

SARS-CoV-2 არ იყო უცხო ჩვენთვის, ეპიდემიოლოგებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით იყო SARS-CoV-1, მაგრამ ნამდვილად არავის ეგონა, რომ ეს ასეთი ვერაგი ვირუსი აღმოჩნდებოდა. პირველი დღიდან მოყოლებული ველოდებოდით ეპიდემიოლოგები ვაქცინას, იმიტომ რომ ერთადერთი საშუალება, რომ ეპიდემია დამარცხდეს არის ვაქცინაცია! 

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

სექტემბერი ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 სექტემბრის 21 საათიდან 7 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ზოგან წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა უახლოესი 10 დღის განმავლობაში 26 გრადუსს არ გადააჭარბებს.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 147 ახალი შემთხვევა

6 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 147 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ 24 საათში აჭარაში 4 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. 

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 813 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 37 მძიმე პაციენტია.

დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 1120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 61 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 1120 ახალი შემთხვევა | 6 სექტემბერი

6 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 16 149 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 61 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარაში – 147, იმერეთში – 175, ქვემო ქართლში – 48შიდა ქართლში – 46, გურიაში – 29სამეგრელო – ზემო სვანეთში – 94, კახეთში – 73მცხეთა-მთიანეთში – 40, სამცხე-ჯავახეთში – 35, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 38 391, მათგან 7 016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

2 292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 124 – თბილისში, 712 – აჭარაში, 29 083 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ესპანეთში ბათუმელი მეზღვაური დაიღუპა

ესპანეთში ბათუმელი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ.

პირველადი მონაცემებით, უბედური შემთხვევიოს მიზეზი ტვირთის არასწორი დასაწყობება იყო, რის გამოც ტანკერზე ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა.

პროცესში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი ინტოქსიკაცია გახდა.

“აღნიშნული ფაქტის შესახებ ესპანეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია. სადაზღვევო კომპანია ახორციელებს გადმოსვენების პროცედურებს,” – მოგვწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

 

„დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდეს სააკაშვილი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი,“ – აღნიშნა დღეს, 5 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლებლო დაბრუნებაზე ჰკითხეს.

„გავერთობით ძალიან კარგად, მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებ ციხეში. გარემონტებულ ციხეში, სხვათა შორის“, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

რა ურჩია ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, ნახეთ აქ.

წიგნს აქვს ძალა მთელი სისავსით გაგიცოცხლოს შენი ბავშვობა – თამთა კონჯარია

ავტორი: თამთა კონჯარია, მასწავლებელი

___

ბოლო დროს ძალიან ხშირად მახსენდება ჩემი ბავშვობა… თითოეული კადრი, თითქოსდა, ხელახლა ცოცხლდება ჩემს გონებაში.

თითოეულ ჩვენგანს მოეძებნება, ალბათ, ბავშვობის დროინდელი საყვარელი წიგნი, რომელიც თავად წაიკითხა ან წაუკითხეს. მახსოვს, პატარაობისას, ალბათ, სამი თუ ოთხი წლის ვიქნებოდი, დედას სოფელში მივყავდი, თბილისი-ზუგდიდის ღამის მატარებლით აფხაზეთისკენ, ჩემი საბერიოსკენ მივეშურებოდი..

მაშინ ჯერ კიდევ მოხუც ბებოებსა და ბაბუებს ხელით დაჰქონდათ გაზეთები, ფერადი ნახატებით გავსებული ზღაპრის წიგნები. ვაგონში მყოფმა დავინახე ბებო და მამას ვთხოვე, რამე ეყიდა ჩემთვის. მან წიქარა მიყიდა, რომელიც ფერადი ილუსტრაციებით იყო სავსე და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა…

გაცოცხლდა წიქარასა და მისი მეგობრის ისტორია და ამ ამბავმა ერთი შეხედვით, არაფრის მთქმელი მოგზაურობა, რომელიც ჩემი ცხოვრების ჩვეულებას წარმოადგენდა, დასამახსოვრებლად აქცია…

ბავშვობის დროინდელი მოგონებები ადამიანად გვაქცევს ხოლმე, მოგონებებზე საუბრისას კი არ შემიძლია გავიხსენო, რეი ბრედბერის საოცარი წიგნი “ბაბუაწვერას ღვინო”, რომელმაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, ლამაზი და ბედნიერი მოგონებები გააღვიძა..

გამახსენდა ბავშვობის ყველა სუნი, ფერები, გამახსენა რამდენად ლაღი და თავისუფალი შეიძლება იყოს ბავშვი, სამყაროს აღმოჩენაში ენდობოდეს საკუთარი გულის თქმასა და არ ეშინოდეს კითხვების დასმის, ესმოდეს რას ესაუბრება გარესამყარო და არ გაურბოდეს მას, უფრო მეტად ხდებოდეს მისი ნაწილი, გულწრფელად სჯეროდეს და სწამდეს ადამიანებისა…

მთელი ბავშვობა რომ გაქრეს ჩვენი ცნობიერიდან, „ბაბუაწვერას ღვინო“ ყველაფერს გააცოცხლებს და ამოატივტივებს. თუ კარგი ბავშვობა არ გქონია, მაგასაც დაგავიწყებს და ხელახლა გაქცევს ბავშვად…

წიგნს აქვს მაგიური ძალა ხელახლა განგაცდევინოს, გაგრძნობინოს და სურათ-ხატებით გაგიცოცხლოს მთელი სისავსით შენი ბავშვობაც…

ამიტომაც ძვირფასია თუკი მისი მაგია მთელი სამყაროს ყველა კუთხესა და კუნჭულს გადასწვდება.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

„სინოფარმის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეიდან შესაძლებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან, 5 სექტემბრიდან, უკვე შესაძლებელია „სინოფარმის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია“.

უწყების ინფორმაციით, „მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში. სინოფარმით ვაქცინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ  საქართველოში „სინოფარი“ შემოვა მომავალი კვირის ბოლოს. დღეიდან კი უკვე შესაძლებელია რეგისტრაცია 20 000 დოზა „სინოფარმზე“.

„სინოფარმის“ ვაქცინის პირველი დოზის მარაგის ამოწურვის შესახებ 28 აგვისტოს განაცხადეს.

___

5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 314 104 აცრა.

პირველი დოზით ვაქცინირებულია 838 356 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 29.4%

სრულად ვაქცინირებულია 475 748 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 16.7%.

ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: გირჩევთ, ჩემთან დებატებში არ შემოხვიდეთ

„მე გირჩევთ, რომ ჩემთან არ შემოხვიდეთ დებატებში,“ – მიმართა დღეს, 5 სექტემბერს, ჟურნალისტებს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მან პოლიტიკურ ოპონენტებს „დიკრედიტებული“ და „მარგინალები“ უწოდა, ხოლო ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, აგრესიაც ივანიშვილის დავალება ხომ არ იყო.

„ეს ტონი არ არის, მე მოსახლეობას ვუხსნი, სიმართლეს ვეუბნები მოსახლეობას…“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლიტიკოსების კრიტიკამდე ღარიბაშვილმა „ტვ პირველი“ გააკრიტიკა და მას „სააკაშვილის ტელევიზია“ უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ფაბრიკაცია უწოდა ბიძინა ივანიშვილის პირად სატელეფონო ჩანაწერებს, რაც გუშინ, 4 სექტემბერს გამოაქვეყნა „ტვ პირველმა“.

„თქვენ ხართ „რეალ TV “ჩვეულებრივი, როგორიც იყო 2012 წელს ვანო მერაბიშვილის ტელევიზია, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ნაცმოძრაობის ტელევიზია. ფალსიფიკაცია, გაყალბება, ფაბრიკაცია – ეს არის თქვენი ხელწერა…“ – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

 

აჭარა ოჯახში სექსუალური ძალადობით რეგიონებს შორის მესამე ადგილზეა

ოჯახში ძალადობის 4886 შემთხვევიდან 22 იყო სექსუალური ძალადობა. 2021 წლის იანვრიდან პირველ ივლისამდე სტატისტიკურ მონაცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელები შემაკავებელ ორდერს აფორმებენ. ორდერში მიეთითება, კონკრეტულად რა სახის ძალადობაზე საუბრობს მსხვერპლი: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური… შსს ამ სახის სტატისტიკას გასული წლიდან ამუშავებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სექსუალური ძალადობის 22 შემთხვევიდან ყველაზე მეტი შემთხვევა – 8 თბილისში დაფიქსირდა, 5 ფაქტი იყო იმერეთში, 3 – აჭარაში.

2020 წელს ოჯახში ძალადობის შემთხვევებიდან წლის განმავლობაში სულ 31 სექსუალური ძალადობა დაფიქსირდა ოჯახში.

2021 წლის იანვრიდან პირველ ივლისამდე ქვეყნის მასშტაბით ოჯახში ძალადობის 4886 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ყველაზე მეტი ისევ თბილისზე მოდის – 2147, აჭარა – 502.

ოჯახში ძალადობის  შემთხვევების უმრავლესობა [4479 შემთხვევა] ფსიქოლოგიური ძალადობაა. ამავე პერიოდში ფიზიკური ძალადობის 1315 ფაქტი დადასტურდა.

კორონავირუსის 2210 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 5 სექტემბერი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2210 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 5587 ადამიანი,

5 სექტემბრის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმშია 105 პირი, სტაციონარში – 7019, ხოლო კლინიკურ სასტუმროებში – 2415.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 5 სექტემბრის 21 საათიდან 6 სექტემბრის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13– 18 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.

ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მომდევნო 2 დღეს, 7 და 8 სექტემბერს, მოსალოდნელია წვიმა.

ბათუმში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა – 5 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კლინიკებში 5 სექტემბრის მდგომარფეობით, მკურნალობს 815 პაციენტი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზეა 41.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში გამოჯანმრთელდა 326 ადამიანი, კოვიდსასტუმროშია 896 პირი, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 5185.

 

ბავშვთა სახლში გავიზარდე – ვინ არის ქალი, რომელიც გახარიამ წარადგინა, როგორც 16 ენის მცოდნე

გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის” ბათუმში მაჟორიტარობისთვის 2 ქალი იბრძოლებს. ერთ-ერთი მათგანი 29 წლის ნაზი აბაშიძეა – მაჟორიტარობის კანდიდატი ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის დასახლებაში.

ნაზი აბაშიძე პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ პუბლიკას 16 ენის მცოდნე პოლიგლოტად გააცნო. „ბათუმელები“ გთავაზობთ ინტერვიუს კანდიდატთან.

  • ნაზი, რამ გიბიძგათ ქალაქის თვითმმართველობაში გამოგეცადათ საკუთარი შესაძლებლობები?

ურეხის ბავშვთა სახლში გავიზარდე. მერე ჩავაბარე სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტში, ვსწავლობდი თურქულ ენას, აღმოსავლეთმცოდნე ვარ, აზიური ენების სპეციალისტი.

ჩემი ადგილი არის იქ, სადაც საზოგადოების პრობლემებია. ვფიქრობ, ჩემი გზა მაგალითია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის, ჩემნაირი ახალგაზრდებისთვის, ვისაც ისეთივე რთული ცხოვრება ჰქონდა, როგორც მე.

მინდა მაგალითი ვიყო იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც რთულია დღეს რაღაცეების მიღწევა, ვისაც შეუძლებლად მიაჩნია განათლებაზე, სოციალურ სიკეთეებზე ხელმისაწვდომობა. ბევრი ახალგაზრდაა, ვისაც ჰგონია, რომ ვერაფერს მიაღწევს. არადა მე ნამდვილად ვარ ნათელი მაგალითი იმისა, რომ არაფრისგან შეიძლება ყველაფერი გამოგივიდეს.

მე მინდა ვიყო ჩემნაირი ადამიანების ხმა საზოგადოებაში. მინდა ვიყო იმ ადამიანების, იმ გარემოცვის ხმა, რა გარემოცვიდანაც თავად ვარ.

  • გახარიამ 16 ენის მცოდნე პოლიგლოტად გააცნო საზოგადოებას თქვენი კანდიდატურა საარჩევნო სიის წარდგენისას. რა პროფესიის ხართ, სად და რას საქმიანობდით აქამდე?

ვსწავლობდი სტამბოლის მარმარას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აზიური ენების სპეციალისტი ვარ, როგორც გითხარით. კი, ნამდვილად 16 ენა ვიცი: ოსმალური, სპარსული, ხორეზმული, ქოქთურქული, ლურსმული, უიღურული, უზბეკური, თათრული, ყაზახური, ყირგიზული, ყარახანლური, ძველი ანატოლიური, თურქული, ძველი თურქული, მონღოლური, აზერბაიჯანული, რუსული და ინგლისური.

პანდემიის პერიოდში ვასწავლი თურქულ ენას, პარტიულ შემოთავაზებას სანამ დავთანხმდებოდი, 25 მოსწავლე მყავდა. თურქეთიდან საქართველოში რომ ჩამოვედი, ვცდილობდი სკოლაში მემუშავა, მაგრამ აზიური ენები ჩვენს სკოლებში არ ისწავლება დიდად და სასამართლოში ვარ თარჯიმანი, ასევე ვთარგმნი სამედიცინო დოკუმენტაციას, ვამოწმებ ნოტარიულად, ვმუშაობ ასევე იუსტიციის სახლისთვის.

სტამბოლის საავადმყოფოებში ვმუშაობდი თარჯიმნად 4 წელი. მეორე კურსზე ვიყავი, როცა ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელმა დამირეკა და მითხრა ერთ-ერთ დიდ კლინიკაზე სტამბოლში: ქართველი პაციენტი ჰყავთ და თარჯიმანი სჭირდებათ, კარგად გადაგიხდიანო.

ასე დავიწყე მუშაობა და 4 წელი ამავე სფეროში დავრჩი.

  • ურეხის ბავშვთა სახლიდან მარმარას უნივერსიტეტში სასწავლებლად წასვლა როგორ შეძელით?

დედაჩემი ცდილობდა ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ახლა ვარ. მისი მთავარი მიზანი იყო შვილი განათლებული ჰყოლოდა. ეს იყო უშუქობის, უსახსრობის პერიოდი. დავიბადე გურიაში, ოზურგეთში და როცა მამა გარდამეცვალა, გადმოვედით აჭარაში საცხოვრებლად – დედა აჭარიდანაა.

მერე ბავშვთა სახლში აღმოვჩნდი. რთულია ჩემთვის ამაზე ლაპარაკი. ბავშვთა სახლის ყველა მასწავლებლის სიკეთე მახსოვს, ყველა ადამიანი, ვისაც ერთი წიგნი უჩუქებია ან უთხოვებია ჩემთვის.

მეოცე სკოლის უზომოდ მადლიერი ვარ, ამ უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ, კარგად ვიცნობ ამ სკოლას, მის მასწავლებლებს, ამ უბანს მთლიანად და მინდა ამ ადამიანებს, ჩემს საზოგადოებას დავეხმარო.

ქუჩაში კლასელები, მასწავლებლები მხვდებიან, მესალმებიან, მგულშემატკივრობენ. ჩემი სურვილია მათი პრობლემების და საჭიროებების გამხმოვანებელი ვიყო.

რეზო დავითაძე იყო  მე-20 სკოლის დირექტორი, ვინც პირველად მიიღო საჯარო სკოლაში ბავშვთა სახლის აღსაზრდელები.

ეს ის ადამიანია, ვინც ჩვენ, ბავშვთა სახლის ბავშვები გვაღიარა.

ერთნაირი ფეხსაცმლით, ერთნაირი სამოსით დავდიოდით სკოლაში ბავშვთა სახლის აღსაზრდელები.

ურეხის ბავშვთა სახლიდან თურქული ენის კურსებზე დავდიოდი. ბევრი ხედავდა როგორ დავდიოდი კურსებზე ყოველ დილით – წვიმასა და ქარში. 2 საათით ადრეც მივსულვარ გაკვეთილზე, რადგან საათი არ მქონდა. ტრანსპორტისა და გადაადგილების პრობლემაც იყო.

ბათუმში თურქეთის საკონსულომ ფონდი შექმნა სპეციალურად ჩემთვის, რომ ჩაბარების შემდეგ სწავლა შემძლებოდა სტამბოლში. მართალია, თუ არ ვისწავლიდი ისე არავინ მიმიღებდა მარმარას უნივერსიტეტში, მაგრამ უსახსროდ გზას ვერ გავიკვალავდი, იქ ბევრი რამ მჭირდებოდა.

ყოველთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემში განვითარების პოტენცია დაინახა და გზა დამანახა. დაწერთ ამას? ხომ შეიძლება?

  • პარტიაზე უნდა გკითხოთ. გახარიამ პარტიის დაფუძნებისთანავე გახსნა რეგიონებში ოფისები. ზოგადადაც პარტიას საარჩევნო პირობებში დიდი დაფინანსება სჭირდება. გაქვთ ინფორმაცია პარტიის დაფინანსების ძირითად წყაროებზე?

შემოწირულობებით ვარსებობთ. პირად მაგალითს გეტყვით:  ბაგრატიონი-ჭაობის პარტიული ოფისისთვის ჩემმა მეგობარმა დამითმო ფართობი. ვთხოვე ერთი თვით და უარი ვერ მითხრა. ჩვენ არ გვაქვს დიდი დაფინანსება, უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ხედვებს იზიარებენ და გვეხმარებიან. ახლაც რომ შემოხვიდეთ ჩემს ოფისში, ჯერ ბანერიც კი არ მაქვს.

  • ბათუმში რას ხედავთ მთავარ პრობლემად, რა არის ქალაქის მთავარი წუხილი?

ქალაქის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სოციალური პრობლემები, გაუმართავი ჯანდაცვა – ბევრი პრობლემაა ქალაქში.

სტამბოლში ბევრ მოწინავე კლინიკაში ვმუშაობდი, ვხედავდი რა მაღალ დონეზეა იქ მედიცინა…

უმნიშვნელოვანესია ჩემთვის ბავშვთა უფლებები, ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს იცხოვროს ოჯახურ გარემოში, მზრუნველობის და სითბოს გარემოცვაში, ყველა ბავშვს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან განათლებაზე.

ცალკე პრობლემაა ბაღებში ადგილების დეფიციტი ბათუმში. ბევრი მსურველია და მშობლები ვერცკი არეგისტრირებენ შვილებს.

ბათუმში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის დიდი პრობლემაა მწვანე სივრცეების ნაკლებობა.

  • საბავშვო ბაღების პრობლემებს როგორ გადაჭრიდით?

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ახალი ბაღები უნდა აშენდეს, საჭიროებების, შესწავლის საფუძველზე, როცა ზუსტად გვეცოდინება, რამდენი ბაღი დააკმაყოფილებს მოთხოვნებს სრულად.

სკოლამდელი და სკოლის განათლება ბავშვის უფლებაა და სახელმწიფო ვალდებულია ყველა ბავშვს მიუწვდებოდეს მის მიერ მოწყობილ სისტემაში ხელი ამ სიკეთეზე.

ადრეული ასაკიდანვე მნიშვნელოვანია ბავშვის განათლება – განვითარება. ამ პარტიაში პროფესიონალთა გუნდი მუშაობს, ვისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია ეს პრობლემები, როგორც ჩემთვის. ეს მაიმედებს და ძალას მმატებს.

  • ბათუმში ბევრი უკანონო მშენებლობა და ჩაუბარებელი შენობებია. როგორია თქვენი მოსაზრება, რა უნდა ვუყოთ ამ ყველაფერს?

რაც აქამდე ააშენეს, ალბათ ვეღარაფერს მოვუხერხებთ. უკანონო მშენებლობები და ურბანული ქაოსი უნდა დასრულდეს და სხვა ეტაპი უნდა დაუდგეს ამ ქალაქს.

  • უნდა აშენდეს თუ არა ახალი მეჩეთი ბათუმში? იცით თუ არა ამ საკითხზე თქვენი პარტიული ლიდერების მოსაზრება?

მგონია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

  • მაგრამ 2 ინსტანციის სასამართლომ უკვე შეაფასა დისკრიმინაციულად ბათუმის მერიის გადაწყვეტილება ახალი მეჩეთის მშენებლობის ხელშეშლაზე.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც დაველოდოთ. ამაზე ვრცელ კომენტარს მე ვერ გავაკეთებ ჯერ. ისე კი, ჩემი პირადი დამოკიდებულება არის ის, რომ საკულტო ნაგებობების აშენება არ აშენებას უნდა წყვეტდეს საზოგადოება. მოვა დრო, როცა ამ საკითხზე მოგვიწევს საუბარი.

  • 2019 წლის 20 ივნისის პროტესტი მინდა შეგახსენოთ. გახარიას მინისტრობის პირობებში სპეცრაზმელები თვალში დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს და აბრმავებდნენ. როგორ ხედავთ თქვენ ამ პერიოდს?

ხალხის პროტესტი გულწრფელი იყო ივნისის მოვლენების დროს. ძალიან ცუდად განვითარდა მოვლენები, მაგრამ იყო პარლამენტზე შტურმის მცდელობაც და სახელმწიფო ამას ვერ დაუშვებდა. დამნაშავეა სახელმწიფო ერთი შეხედვით იმ ნაწილში, რომ სასტიკად მოექცნენ პროტესტის მონაწილეებს, მაგრამ შეიძლება უარესზე უარესიც მომხდარიყო.

  • რას გულისხმობთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ადამიანებისთვის თვალების დათხრაზე უფრო უარესი?

კი, ეს ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა დავინახოთ რაღაცეები, შეიძლებოდა დიდი ქაოსი დაწყებულიყო პარლამენტში რომ შეჭრილიყვნენ პროტესტის მონაწილეები.

 

ავარიას 35 წლის კაცი ემსხვერპლა, ხევში გადავარდნილი ქალი სტაბილურადაა

ხელვაჩაურში, სოფელ ჩხუტუნეთში ავტომანქანით ხევში გადავარდნილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს, 4 სექტემბრის ხევში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს 35 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდა, ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს

კლინიკა BMC-ში გვითხრეს, რომ ქალს მრავლობითი დაზიანება აქვს, თუმცა ის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის. ქალს მალე ოპერაციას გაუკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით.

კაცმა, რომელსაც ხელები არ აქვს, ცურვაში 4 ოლიმპიური ოქრო მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ერთდროულად 4 ოქროს მედალი ჟენგ ტაომ მოიპოვა. მას ხელები არ აქვს და ცურვის 4 სახეობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა: 50 მეტრზე ბატერფლაიში, 50 მეტრზე თავისუფალი სტილით, 50 მეტრზე ზურგზე ცურვით და ასევე 4×50 ესტაფეტა თავისუფალი სტილით.

პარაოლიმპიელი ჟენგ ტაო ჩინეთიდანაა, ის 30 წლისაა და ცურვა 13 წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ, როცა ელექტრო შოკის შედეგად ხელები სრულად დაკარგა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჟენგ ტაო ოლიმპიადამდე დღეში 120 კმ-ს ცურავდა.

ჟენგ ტაომ პარაოლიმპიადებზე 2012 წლიდან მონაწილეობს.

სოციალურ ქსელში განსაკუთრებით პოპულარული ჟენგ ტაოს ვიდეომიმართვა აღმოჩნდა: ცურვის დროს პარაოლიმპიელმა ჟენგმა თავის 2 წლის ქალიშვილს უთხრა:

„შვილო, შემომხედე, მე შემიძლია ასე სწრაფად ცურვა ხელების გარეშე“, – თქვა ჟენგ ტაომ.

ჟენგ ტაო დღეისათვის ჯამში 10 ოლიმპიური მედლის მფლობელია. სპორტსმენმა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო ოლიმპიადაა.

ბათუმში წყალი რამდენიმე ქუჩას არ მიეწოდება – როდის აღდგება მიწოდება

ავარიული დაზიანების გამო ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სასმელი წყლის მიწოდება შეწყდა.

წყალი არ მიწოდება შემდეგ ქუჩებს: ლუკა ასათიანის ქუჩიდან, შავშეთის ქუჩის, ჭავჭავაძის ქუჩისა და მამია ვარშანიძის ქუჩების მონაკვეთზე. პუშკინის ქუჩა, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, ბესიკის ქუჩა, ბესიკის შესახვევი, შევჩენკოს ქუჩა, სულაბერიძის შესახვევი, ფალავანდიშვილის ქუჩა, სოხუმის ქუჩა, ანდრონიკაშვილის ქუჩა, ქედის ქუჩა, ქობულეთის ქუჩა, მარუხის ქუჩა, ქობულეთის ჩიხი, ლომონოსოვის ქუჩა, ბაგრატიონის ქუჩა, ბაგრატიონის შესახვევი, სულაბერიძის ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, ჩოლოყაშვილის შესახვევი, ჩოლოყაშვილის მეორე შესახვევი, თავდადებულის შესახვევი, თავდადებულის ქუჩა, ლუკა ასათიანის ქუჩა, გიორგი სააკაძის ქუჩა, გონიოს ქუჩა, გონიოს შესახვევი, მამია ვარშანიძის შესახვევი.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდება საღამოს 9 საათამდე აღდგება.

ქობულეთში, მდინარეში კაცი დაიხრჩო

ქობულეთში, მდინარეში კაცი დაიხრჩო. ცხედარი დღეს დილით იპოვეს მაშველებმა.

გარდაცვლილი დაახლოებით 70 წლის კაცია, ის სოფელ ალამბარში ცხოვრობდა.

„ბათუმელებს“ ადგილობრივებმა უთხრეს, რომ კაცი საღამოს საქონლის მოსაძებნად წავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ცხედარი მაშველებმა მდინარე აჭყვაში იპოვე სოფელ გვარასთან. ეს სოფელი ქალაქ ქობულეთთან ახლოს მდებარეობს.

გუშინ, 3 სექტემბერს, ქობულეთში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე სოფელი დაიმეწყრა, იყო ქარბორბალაც.

სად ჩაიკეტა გზა და როდის აღდგება მოძრაობა?

„ქობულეთში 8 მიმართულებით და ხელვაჩაურში 4 მიმართულებით მიმდირეოაბს გზის გაწმენდითი სამუშაოები,“ – აცხადებენ აჭარის გზების დეპარტამენტში. ძლიერი წვიმის შედეგად აჭარის რეგიონში რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი.

სტიქამ განსაკუთრებით ქობულეთი დააზარალა.

აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში აღდგება მოძრაობა ყველა გზაზე, რომელიც მეწყრის გამო ჩაიკეტა.

„სამუშაოები ხორციელდება შემდეგ საავტომობილო გზებზე: კეჭიეთი–ნოღაიდლების, წყავროკა-რომანაძეების, წყავროკა-ლაზიშვილების, ზედა ლეღვა-ბარათაშვილების, ზედა კვირიკე-ბერიძეების, გვარა-ხუტულაიშვილებისდა დაგვა-ლაზისტანის მიმართულებებით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 4 მიმართულებით იწმინდება საავტომობილო გზები. მახო-დავითაძეების-თხილნარი-ხინკილაძეების, კირნათი-ზედა კირნათის და მახო-გენჯახეების მიმართულებით,“ – მოგვწერეს აჭარის გზების დეპარტამენტიდან.

გზები გაიწმინდება ქედაში, შუახევსა და ხულოშიც, სადაც „მცირე მეწყრული პროცესები“ იყო მხოლოდ და გზა არ ჩაკეტილა.

გზის გაწმენდა სტიქიის შემდეგ. აჭარის გზის დეპარტამენტის ფოტოები

რამდენი ოჯახი გაიყვანეს სტიქიის გამო – ქობულეთში ზარალს ითვლიან

„ამ ეტაპზე 2 ოჯახი გავიყვანეთ ქირით, თუმცა მონაცემები ზუსტდება, ეს დამოკიდებულია გეოლოგების შეფასებაზე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე. გუშინ, 3 სექტემბერს ძლიერი სტიქიის შედეგად, ქობულეთში ათობით ოჯახი დაზარალდა, დაიტბორა სახლები, დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, ჩაიკეტა გზები.

ამ დრომდე ქობულეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.

ქობულეთის მერის ინფორმაციით, სულ 56 ლოკაციაზე ჩამოწვა მეწყერი და 23 მიმართულებით ჩაიკეტა გზა, თუმცა ამ დროისთვის 10 სოფელში გზა უკვე გახსნილია. გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები კონკრეტულ სოფლებში მუშაობას განაგრძობენ.

მეწყერი ძირითადად ხალაში, კვირიკეში, ბობოყვათში, ქაქუთსა და ლეღვაში ჩამოწვა.

„გეოლოგები თუკი დაინახავენ რომელიმე სახლში ცხოვრების საფრთხეს, ჩვენ ამ ოჯახებსაც გავიყვანთ. ამ ეტაპზე სხვა ოჯახების გაყვანის საჭიროება არ იყო,“ – ამბობს მირიან ქათამაძე.

რაც შეეხება ქალაქს – აქ ხუთ შენობას და, მათ შორის, ერთ საცხოვრებელ კორპუსს ახადა სახურავი ქარბორბალამ. ქობულეთის მერი ამბობს, რომ დროებითი გადახურვა გუშინვე მოხერხდა და რომელიმე ოჯახის გაყვანა საჭირო არ გამხდარა.

წყალდიდობის შედეგად გუშინ ქალაქ ქობულეთში 25 ოჯახი დაიტბორა.

„ძირითადად დაიტბორა სარდაფები და რამდენიმე შემთხვევაში სახლების პირველი სართულები… ისევ და ისევ ადიდდა მდინარე აჭყვა, თუმცა წელს მნიშვნელოვანი ხასიათის ზიანი არ არის, სამუშაოები ჩატარდა სამელიორაციო სამსახურთან ერთად და მთელი ღამითაც მდინარის შესართვათან სპეცტექნიკა მუშაობდა,“ – გვითხრა მირიან ქათამაძემ.

სტიქიის პარალელურად ქობულეთის მოსახლეობა შუქის გარეშეც დარჩა. მირიან ქათამაძის ინფორმაციით, გუშინ საღამოსვე მოსახლეობას სრულად აღუდგა ელექტროენერგიის  მიწოდება.

სტიქია ქობულეთში, ქობულეთის მერიის ფოტოები

ლიტერატურული კონკურსი „პეგასი“ იწყება – რჩეულებს აჭარისწყალი ჯორჯია დააჯილდოებს

აჭარაში ლიტერატურული კონკურსი ,,პეგასი“ ჩატარდება. კონკურსი ხუთ ეტაპიანი იქნება და მონაწილეები ადგილზე დაწერილ საკონკურსო ნაშრომებს წარადგენენ: როგორც პროზას ასევე პოეზიას.

კონკურსანტების რეგისტრაცია თხუთმეტი სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს.

პანდემიის პირობებში, როცა კულტურული პროცესების კრიზისია, ისევე როგორც ყველა სფეროში, ამგვარი მხარდამჭერი კონკურსები იმედისმომცემი და მნიშვნელოვანია ახალბედა ავტორებისთვის.

ლიტერატურული კონკურსის განრიგი ასეთია:

  • 20 სექტემბერს, 12:00 საათზე ხულოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის სააგენტოს მიერ მითითებულ ადგილზე კონკურსის მონაწილეები ორგანიზატორებისგან თემატურ დავალებებს მიიღებენ. ტექსტების შესაქმნელად კონკურსანტებს სამი საათი ექნებათ;
  • 22 სექტემბერს, 12:00 საათზე შუახევის მუნიციპალიტეტში კონკურსანტები წარადგენენ პირველ ტურში შექმნილ ნაწარმოებებს და ადგილზევე, კომპეტენტური ჟიური შეარჩევს მომდევნო ტურში გადასულ ავტორებს;
  • 24 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ღონისძიებაში ის კონკურსანტები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც შუახევში შეირჩევიან;
  • 26 სექტემბერს, 12:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჟიური ფინალისტებს გამოავლენს;
  • 28 სექტემბერს, ფინალის საუკეთესო ათეულში გასული ავტორები გაემგზავრებიან ქობულეთის მუნიციპალიტეტში;
  • ამავე ათეულის გამარჯვებულები გადაინაწილებენ „პეგასი 2021“-ის პრიზს ხუთ სხვადასხვა ნომინაციაში.

გამარჯვებული ავტორების დაჯილდოება გაიმართება 28 სექტემბერს 14:00 საათზე, პეტრას ციხეზე. „პეგასი 2021“-ის გამარჯვებულ ავტორს გადაეცემა 500 ლარი ჯილდოს სახით. ყველა ნომინანტს კი გადაეცემა 200 ლარი.

კონკურსის მხარდამჭერებსა და კერძო პირებს თავიანთი რჩეული ავტორები ეყოლებათ, რომლებსაც საჩუქრებს გადასცემენ.

გამარჯვებულებს ფულად ჯილდოებს ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ გადასცემს.

პროექტის მიზანია დამწყები ავტორების გამოვლენა და მათი პოპულარიზაცია, ასევე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ხუთივე მუნიციპალიტეტში.

ფინალისტებისთვის საჩუქრად გამოიცემა ბროშურა „პეგასი 2021“ რომელშიც მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებები შევა.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ა/რ აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის მწერალთა სახლი, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მერიები, ,,აჭარისწყალი ჯორჯია“, შ.პ.ს ,,ოქროს არწივის” მფლობელი და გენერალური დირექტორი, სოფიო ლორთქიფანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეხუთე სტიქია“. პროექტის მთავარი ორგანიზატორი და იდეის ავტორი ნანო შაინიძეა, პროექტის თანაორგანიზატორი კი რამაზ ხმალაძე.

კონკურში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სატელეფონო ზარის საშუალებით შემდეგ ნომრებზე:

[checklist]

  • ქობულეთი: 599 53 38 08 ლია შაქარიშვილი
  • ხელვაჩაური: 577 05 90 41 გურანდა დოლიძე
  • ქედა – 599 50 08 46 ირმა ქოქოლაძე
  • შუახევი – 591 71 21 41 ვახტანგ გოგრაჭაძე
  • ხულო – 595 50 46 36 რამაზ ხმალაძე

[/checklist]

ლიტერატურული კონკურსი პეგასი, პირველად 2019 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა, წელს კი მესამედ ტარდება რეგიონის მასშტაბით.

კორონავირუსის 212 ახალი შემთხვევა ბათუმში, გარდაიცვალა – 6 ადამიანი

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა covid 19-ის 212 ახალი შემთხვევა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 4 სექტმებრის მონაცემებით, კლინიკებში მკურნალობს 853 პაციენტი, ხოლო მართვით სუნთქვაზეა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ გამოჯანმრთელდა 533 პაციენტი, კოვიდსასტუმროშია 925 ადამიანი, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 5195.

 

კორონავირუსით კიდევ 83 ადამიანი გარდაიცვალა – 4 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2684 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2695.

4 სექტემბრის მდგომარეობით სტაციონარში რჩება 7061 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 102, ხოლო კლინიკურ სასტუმროებშია – 2453 პირი.

შენი იდეა ბათუმს | იდეების მიღება დაიწყო

პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ ახალი ციკლი დაიწყო, მოქალაქეებს იდეების რეგისტრაცია 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.idea.batumi.ge.

„შენი იდეა ბათუმს“ ეს არის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი,  რომლის საშუალებითაც ბათუმში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს ქალაქის მერიის ბიუჯეტის მართვაში. მსურველებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იდეები, რომელთა განსახორციელებლადაც სპეციალურადაა გამოყოფილი ბიუჯეტი.

გარდა იდეის დარეგისტრირებისა შესაძლებელია ასევე სასურველი იდეების მხარდაჭერა. ქალაქის ნებისმიერ მცხოვრებს შეუძლია ხმა მისცეს იმ 3 იდეას ან ინიციატივას, რომლის განხორციელებასაც ისურვებდა.

პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ წინა წლებისგან განსხვავებული სიახლეებია: მოქალაქეებისთვის გამარტივდა ონლაინრეგისტრაციის პროცედურა, ვებ-გვერდზე www.idea.batumi.ge მხოლოდ პირადობის მოწმობის მონაცემებისა და მოქმედი ტელეფონის ნომრის შეყვანაა საჭირო.

2022 წელს განსახორციელებელი იდეებისთვის გაიზარდა პროექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. „შენი იდეა ბათუმისთვის“ გამოყოფილი თანხა ახლა მილიონ ლარს შეადგენს.

აქამდე პროექტში იდეები 10 კატეგორიად ნაწილდებოდა: კეთილმოწყობა; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა; ნარჩენების მართვა; გამწვანება; სკოლამდელი; არაფორმალური და პროფესიული განათლება; შშმ პირთა ინკლუზია და მათთვის გარემოს ადაპტაცია; კულტურული; სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ეკონომიკური განვითარება და მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.

კატეგორიები

იდეების მრავალფეროვან კატეგორიებს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გავლენით დაემატა კოვიდ-19-ის კატეგორია. ამ კატეგორიაში დარეგისტრირებული იდეების მიზანი და ამოცანა უნდა იყოს პანდემიის ნეგატიური შედეგების შემამსუბუქებელი ღონისძიენებების გატარება.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ წელს პროექტის მასპინძელი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა იქნება, რომელიც პროექტის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ ღონისძიებებში ჩაერთვება. საჯარო ბიბლიოთეკა ასევე უმასპინძლებს „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში შექმნილ მხარდამჭერთა კლუბს.

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ბათუმის მერია 2019 წლიდან ახორციელებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა (GGI) მხარდაჭერით.

ამ დრომდე პროექტის სამი ციკლი განხორციელდა. ჯამში  მოქალაქეებმა 13 გამარჯვებული იდეა გამოავლინეს, რომელშიც 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

იდეების გასახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსი გათვალისწინებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში.

ყველას უნდა ჰქონდეს შანსი, ცხოვრების თანამგზავრი წიგნები აღმოაჩინოს – ნანო სარალიშვილი

ავტორი: ნანო სარალიშვილი, “მოგზაური ბიბლიოთეკის” მხარდამჭერი

___

მგონი ცოტა რამემ შეიძლება ისეთი გავლენა იქონიოს  ადამიანზე, როგორიც ბავშვობაში წაკითხულ წიგნებს აქვთ. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა წიგნის პერსონაჟები თითქმის შენი ტოლები არიან. 

მახსოვს, კითხვას როგორ ვსწავლობდი, გამოჭრილი ფერადი ასოებით სიტყვებს ვაწყობდი. და ამ თამაშ-თამაშით, ისე, რომ ვერც კი მივხვდი, ჯადოსნური სამყაროს კარი შევაღე. სიტყვა-სიტყვით ჯადოსნური სამყაროსი – ჩემი პირველი სიყვარული ჰარი პოტერი იყო. სამ პატარა ჯადოქართან ერთად გავიზარდე. მათთან ერთად გადამხდარმა თავგადასავალმა მასწავლა, როგორი უშრეტი მაგიის წყარო იყო წიგნები – თავგადასავლის, ცოდნის, სიხარულის, შიშის, გამბედაობის, აღმოჩენების წყარო. 

ახლაც, რაც კოვიდი შემხვდა და მომიწია სახლში გამოკეტვა, ვიცოდი, სადაც გავატარებდი ამ დროის უმეტეს ნაწილს – ფურცლებს შორის.

სიტყვებად ინახება ის ცოდნა და გამოცდილება, რაც კაცობრიობას დაუგროვებია აქამდე – წარმოსახული, ნაკვლევი თუ ნაცხოვრები. და ჩვენ გვაქვს საშუალება ამ გამოცდილების ნაწილი გავხდეთ, ეს გამოცდილება გახდეს ჩვენი ნაწილი. 

გამიმართლა, რომ ბავშვობაში ვიპოვე ის წიგნი, რომელიც ჩემი ნაწილი გახდებოდა, შემიყვარდებოდა, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ჩემი თავშესაფარი იქნებოდა. წიგნი, რომელიც კითხვას მასწავლიდა.

ამ პროექტის არსებობაც იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს უსაზღვრო სამყარო ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი, ყველას ჰქონდეს შანსი თავისი ცხოვრების თანამგზავრი წიგნები აღმოაჩინოს.  

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

„ბათუმის წყალმა“ ავეჯი გადაუტანა „ოცნებას“, მოსამართლისთვის ეს დარღვევა არ არის

„ეს იქნება ძალიან სახიფათო პრეცედენტი, თუკი პარტიას შეეძლება მუნიციპალური ორგანოების რესურსის გამოყენება… სასამართლომ ხელი უნდა შეუშალოს ამას,“ – უთხრა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა პაატა დიასამიძემ, ვიდრე მოსამართლე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით ახალი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდოდა სათათბირო ოთახში.

დღეს, 3 სექტემბერს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საია-ს სარჩელი განიხილა „ქართული ოცნების“, შპს „ბათუმის წყლის“ და ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიის წინააღმდეგ. დავის საგანია ის, რომ მუნიციპალურმა ორგანომ „ბათუმის წყალმა“, სამსახურის სატვირთო ავტომანქანით, სკამები გადაუზიდა მმართველ პოლიტიკურ პარტიას – „ქართულ ოცნებას“.

ამ ამბის შესახებ პირველად „ბათუმელებმა“ დაწერა 16 აგვისტოს. მაშინ „ქართულ ოცნებასა“ და „ბათუმის წყალში“ პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩათვალეს. მოგვიანებით კი, „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ ეს ჩვეულებრივი მომსახურება იყო და 10 აგვისტოს შედგენილი ინვოისის წარმოადგინეს.

ბათუმის წყალი „ოცნების“ სამსახურში – ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ფაქტი

„ინვოისის წარმოდგენა წინა რიცხვით თავისუფლად შეიძლება,“ – განმარტა სასამართლო პროცესზე პაატა დიასამიძემ, საია-ს იურისტმა. ის თვლის, რომ საქმე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან გვაქვს, ხოლო ფაქტის მედიაში გაშუქების შემდეგ „ბათუმის წყალსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის თვალთმაქცური გარიგება შედგა, თითქოს ნარდობის ხელშეკრულება არსებობდა მომსახურების გაწევაზე და 16 აგვისტოს დაფიქსირებული ფაქტის შემდეგ, 20 აგვისტოს „ოცნებამ“ მომსახურების თანხაც გადაიხადა.

„ამ გარიგების შემდეგ წარმოადგინეს 20 აგვისტოს გადახდის ქვითარი, მაგრამ ვერ წარმოადგინეს სასაქონლო ზედნადები, რომელსაც ვერც წარმოადგენდნენ. ზედნადები მაშინვე უნდა გაფორმდეს, როცა მომსახურების გაწევა ხდება და აიტვირთოს rs.ge-ზე. ეს არ მომხდარა და ფაქტის მედიაში გასაჯაროების შემდეგ ამ დოკუმენტს ვეღარ შექმნიდნენ,“ – მიმართა მოსამართლეს პაატა დიასამიძემ.

„ადგილი ჰქონდა მხოლოდ მომსახურებას…“ – საია-ს იურისტებს გამოხედა „ბათუმის წყლის“ იურისტმა, შალვა ფხალაძე. – „მესაკუთრე არის მერია, მაგრამ საქმიანობაში აბსოლუტურად დამოუკიდებელია „ბათუმის წყალი“… ჩვენ გვაქვს ტექნიკური საშუალება, რომ სატრანსპორტო მომსახურება გავწიოთ და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მომსახურების მიმღები სუბიექტი.“

სასამართლო სხდომაზე „ბათუმის წყლის“ იურისტს არ განუმარტავს, რატომ ვერ წარმოადგინა კომპანიამ ზედნადები, თუკი „ქართულ ოცნებას“ თანხის სანაცვლოდ მოემსახურა. სხდომის დასრულების შემდეგ კი, „ბათუმის წყლის“ იურისტმა გვითხრა, რომ ზედნადები არ გაფორმებულა, რადგან ეს სავალდებულო არ არის.

„შეგიძლიათ დაასახელოთ სხვა შემთხვევა, როცა ავეჯის გადაზიდვის სერვისით მოემსახურეთ?“ – მიუბრუნდა „ბათუმის წყლის“ წარმომადგენელს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

„ეს არ იყო ავეჯის გადაზიდვა,“ – ბრაზი დაეტყო „ბათუმის წყლის“ იურისტ შალვა ფხალაძეს. – „თქვენ დაარქვით ავეჯის გადაზიდვა ამას და საქილიკო გახადეთ ეს თემა…“ – თქვა მან და შემდეგ მოსამართლეს მიუბრუნდა: „გაუგებარია, კონკრეტულად სად დაინახეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – აღნიშნა შალვა ფხალაძემ.

„ეს რომ ყოფილიყო ფასიანი მომსახურება, მაინც იქნებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რადგან „ბათუმის წყალი“ არის ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული შპს,“ – უთხრა მოსამართლეს საია-ს კიდევ ერთმა იურისტმა, მირზა მამულაძემ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნარდობის ხელშეკრულება თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ მომსახურების გაწევამდე უნდა გადაიხადოს სუბიექტმა ფული.„ეს სქემა კი, რაც შემოგვთავაზეს, აჩენს ეჭვებს“, – დასძინა საია-ს იურისტმა, მირზა მამულაძემ.

„ანუ თქვენ გაქვთ ეჭვები?“ – მოსარჩელეებს მიმართა მოსამართლემ იმის ხაზგასასმელად, რომ საუბარი ეჭვზეა – „ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. საია-ს იურისტებმა მოსამართლეს ერთხმად უთხრეს, რომ ეჭვს ლოგიკურად აჩენს გარემოება, როცა მუნიციპალური ორგანო ზედნადებს ვერ წარმოადგენს სკამების პარტიულ ოფისში მიტანის შემდეგ, ხოლო ფაქტის მედიაში გასაჯაროების შემდეგ პარტია მომსახურების ფულს იხდის. საპირისპირო მტკიცება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

„მომსახურება გაუწიეს, შეადგინეს ინვოისი და გადაიხადეს ქვითარი, დანარჩენი „ბათუმის წყლის“ შიდა სამზარეულოა,“ – მარტივი გამოსავალი იპოვა ბათუმის საოლქო კომისიამ. რეალურად ეს კომისია უნდა აფასებდეს ობიექტურად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებს. სასამართლომდე კომისიამ თქვა უარი საია-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

„შეგიძლიათ სარეკლამო საქმიანობაც განახორციელოთ? მაგალითად, არჩილ ჩიქოვანს ახლა რეკლამა სჭირდება, გააკრავდით მის პლაკატს „ბათუმის წყლის“ ავტომანქანაზე?“ – ისევ დაუსვა კითხვა „ბათუმის წყლის“ იურისტს პაატა დიასამიძემ.

„სარეკლამო საქმიანობას არ ვახორციელებთ,“ – კატეგორიულად მიუდგა საკითხს „ბათუმის წყლის“ იურისტი, შალვა ფხალაძე.

„რატომ, გიკრძალავთ ამას კანონი?“ – კამათი განაგრძო საია-ს იურისტმა.

„რა შუაშია ახლა ეგ?“ – ხმას აუწია „ბათუმის წყლის“ იურისტმა, რომელსაც მოსამართლეც მიეშველა:

„ეს ხომ არაა დავის საგანი, საქმესთან დაკავშირებით იკითხეთ,“ – მხარეების დამშვიდება სცადა მოსამართლემ.

„შუაშია ეს. იმის ახსნას ვცდილობდით, რომ „ბათუმის წყალი“ არაა ჩვეულებრივი შპს და ავეჯის გადაზიდვის სერვისს თუ ახორციელებს, მაშინ სარეკლამო საქმიანობითაც შეიძლება დაკავდეს,“ – გაცხარდა საია-ს იურისტი.

„მეც მაქვს შეკითხვა,“ – საია-ს იურისტებს გამოხედა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ, – „თქვენ საუბრობდით დოკუმენტების გაყალბებაზე. ანუ, როგორ ფიქრობთ…“

„დოკუმენტების გაყალბებაზე არა, ვთქვით, რომ ეს იყო თვალთმაქცური გარიგება. გაყალბება და თვალთმაქცური გარიგება სხვადასხვა რამეა,“ – მოსამართლეს უპასუხა პაატა დიასამიძემ. დისკუსიის მოსმენის შემდეგ მოსამართლემ თქვა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მას განმარტება არ გაუკეთებია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს.

დღევანდელ პროცესს საერთოდ არ დასწრებია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელიც ერთ-ერთი მოპასუხეა.

„შეგვატყობინეს, რომ ვერ მოახერხებდნენ მოსვლას. მეწყრის გამო კონკრეტულ საქმიანობას ახორციელებენ,“ – ეს აღნიშნა მოსამართლემ.

ჩვენ ყოველთვის ხელისუფლებას ვაძლევთ ხმას – „ოცნების“ კანდიდატი ღორჯომიდან

პროფესიით ექთანი თემურ ანთაძე ხულოს საკრებულოში მოსახვედრად პარტია „ქართული ოცნების“ სახელით იბრძვის. ის 30 წელია ღორჯომის სასწრაფო დახმარებაში ექთნის პოზიციაზე მუშაობს.

რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩართვა, რა პრობლემები აწუხებს მთიანი აჭარის ყველაზე დიდ თემს – ღორჯომს? „ბათუმელების“ კითხვებს თემურ ანთაძე პასუხობს.

  • ბატონო თემურ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა?

30 წელია ვმუშაობ. ყველა მიცნობს. ყველასთან კარგი და თბილი დამოკიდებულება მაქვს. რაც შემეძლება როგორც დეპუტატს მინდა, რომ უფრო მეტი გავაკეთო და უფრო ხალხის ჩართულობაში ვიყო.

  • ღორჯომი ყველაზე დიდი თემია ხულოს მუნიციპალიტეტში. რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი მოქალაქეებმა, რა გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან?

მოსახლეობის მხარდაჭერა იმიტომ მექნება, რომ როცა ვინმეს უჭირდა (ავადმყოფობას ვგულისხმობ), დღე და ღამე ამ ხალხის გვერდით ვიყავი. ამიტომ უნდა გამომარჩიონ.

  • სხვა რამე თუ არის, რის გაკეთებასაც მარტო თქვენ შეძლებთ და სხვა კანდიდატი ვერა?

სხვისი რა გითხრათ. მაგ კანდიდატები რას გააკეთებენ და რას შეძლებენ, მე ეგ არ ვიცი, მაგრამ მაგ კანდიდატებზე უფრო მეტს მე გავაკეთებ. ამაში დარწმუნებული ვარ.

  • როგორია ღორჯომის დღევანდელი რეალობა? რა მთავარი პრობლემური საკითხებია სოფელში, თემში, რისი მოგვარებაც არის საჭირო?

გზები გაკეთებულია და კიდევ კეთდება. ჩვენ, როგორც მომთაბარე ხალხს, ზაფხულობით, ალბათ თქვენთვისაც ცნობილი იქნება, გადაგვყავს საქონელი მთაში. მთის გზები გაკეთებულია. ბეტონის გზის დაგება მომავალშიც გაგრძელდება.

ძირითადი საპრობლემო საკითხი არაფერი არ გვაქვს. ღორჯომის ხეობა და ღორჯომელები ყოველთვის ხელისუფლების გვერდში იდგა და იქნება კიდევ.

  • ყველა ხელისუფლების გვერდში იდგა?

ახლა ყველა ნამდვილად არა, მაგრამ 80% კი.

  • კითხვა გულისხმობდა წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლების გვერდში თუ  იდგნენ ღორჯომელები?

ხელისუფლების, არსებული ხელისუფლების გვერდში დგას და იქნება-მეთქი.

  • როგორც ვიცი, შეხვედრებს მართავთ იალაღებზე. რა საკითხების მოგვარებას გთხოვენ ღორჯომელები, როცა ხვდებით? რის გამოსწორებას ჰპირდებით მათ?

მოსახლეობას დღეს ძირითადად ბაზრის პრობლემა აქვს. მე ავუხსენი, რომ პანდემიიდან გამომდინარე ჩაკეტილია რესტორნები, საქორწინო სახლები, სასადილოები… ხორცის გასაღების პრობლემა გვაქვს. ჰოდა, ალბათ მაგ საკითხს დავაყენებთ ხელისუფლებაში და რამენაირად დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, რომ საქონელი გაყიდოს და ზამთრისთვის საჭირო რამეები მოიმარაგოს.

ფქვილი, ქატო, შაქარი… მოგვარდება ალბათ ეგ საქმე მოსახლეობასთან დაკავშირებით. ძირითადი პრობლემა ეს იყო და ასევე გზის პრობლემა გვაქვს. არის ზოგიერთი მთა, რომელიც დაუსრულებელია. ალბათ უახლოეს პერიოდში ეგეც დასრულდება.

  • წყალი თუ აქვს ღორჯომის თემს?

წყლის პრობლემა… სოფელ სტეფანაშვილებში დაწყებულია. გატანილია ახლა ეს ტენდერით. მუშაობა მიმდინარეობს. მგონი 15-18 კილომეტრია. სასმელი წყალი მოდის. მეორე სოფელში შარშან მოვიდა უკვე. ასე რომ წყლის პრობლემა ღორჯომის ტერიტორიაზე მოგვარებულია.

  • მაღალმთიანეთში ხშირია ხანძარი, რომლის შედეგადაც სახლები მთლიანად იწვის. ამ საკითხის მოგვარება როგორ გესახებათ?

ჩვენთან ხანძარი ხშირია, იმიტომ, რომ სოფელში ძირითადად არის ხის სახლები. სახანძრო სამსახურს რაც შეეხება, ხულოდან ღორჯომამდე 16 კილომეტრია. სახანძრო ბრიგადა ხულოდან მოდის. ერთი წამი დაგვიანება არაა. მაქსიმუმ ნახევარი საათი, 40 წუთი სჭირდება აქ ამოსასვლელად. ძალიან სწრაფად ამოდიან და კარგადაც გვემსახურებიან.

ერთი წლის წინ ჩვენთან იყო ხანძარი. ერთი სახლი კი დაიწვა, მაგრამ მეორე სახლი სახანძრო ბრიგადის დახმარებით გადარჩა. ასე რომ ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას მაგათ მიმართ პრეტენზია და დასამდური არაფერი არ გვაქვს.

თუ გაიხსნება ღორჯომში სახანძრო ბრიგადა ძალიან კარგია, მაგრამ ეგეც ვიცით, რომ ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ერთადერთი ისაა, რამენაირად, როგორმე თუ დაგვეხმარება ხელისუფალი, ან ნაწილს რაღაცას ჩვენ დავეხმარებით და ბრიგადა თუ გაიხსნება ღორჯომის ცენტრში.

  • პანდემიამ რა გავლენა მოახდინა ღორჯომის თემზე?

ჩვენთან აცრები ძალიან კარგად მიმდინარეობს და მოსახლეობა იცრება. უბანში გვყავს ჩვენ ექიმები. რაიონში ხდება რენტგენის გადაღება. ყველანაირი ანალიზი კეთდება. თუ მძიმეა, რა თქმა უნდა, ვაგზავნით ბათუმში.

სოფელში ერთმანეთის მიმართ არსებობს მორიდება. ექიმი რომ ეტყვის ერთი კვირით სახლიდან არ უნდა გახვიდე, ყველა ამ წესებს იცავს. ასე რომ მაგ მხრივაც დიდი გართულება ღორჯომში არ გვაქვს. დაუმორჩილებელი ხალხი არ არიან და კმაყოფილი ვართ, თითოეული ჩვენგანის სიტყვას ემორჩილებიან.

ჩვენ ღორჯომის ხეობაში პანდემიით სიკვდილიანობა არ გვქონია. კოვიდით არავინ გარდაცვლილა. შარშან შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში დაფიქსირდა კორონა. ყველა გამოჯანმრთელდა. დღესდღეობით კოვიდი სოფელში არავის არ აქვს.

  • რამდენი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს ღორჯომის თემში, თუ იცით?

მაგას ჯერჯერობით ვერ გეტყვით. მაგ ინფორმაციაზე წვდომა არ მქონია. არც ვიცი ზუსტად რამდენი ოჯახია.

  • ახალგაზრდებისთვის რა პერსპექტივაა სოფელში?

უკვე დაგეგმილია და გაკეთდება სპორტდარბაზი, რომელშიც იქნებიან ძალიან კარგი სპეციალისტები. ადგილობრივიც გვყავს და ალბათ მოწვეული სპეციალისტებიც იქნებიან. მხედველობაში მაქვს ჭიდაობა. სპორტდარბაზი დაგეგმილია. უფრო და უფრო მეტ სპორტსმენს გამოვზრდით ღორჯომის ხეობაში. ამ მხრივაც კარგი წარმატება გვექნება.

  • სამი მნიშვნელოვანი რამ თუ შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელიც ბოლო 5 წელიწადში გაკეთდა თქვენს სოფელში, მუნიციპალიტეტში და რომელმაც დადებითი გავლენა მოახდინა ადგილობრივებზე. გზა რომ დაიგო, ამაზე უკვე ისაუბრეთ. გზების გარდა რა შეიცვალა  თქვენს სოფელში?

ღორჯომის ცენტრი კეთილმოწყობილია. ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურა კარგადაა ჩვენთან მოწესრიგებული. გზები გაკეთდა. სასმელი წყალი მოვიყვანეთ სოფელში და ყველა სოფელს აქვს წყალი. მაგით უკმაყოფილო არავინ არაა. კიდევ მოდის ახლა სტეფანაშვილებში.

ცენტრის კეთილმოწყობა მოხერხდა. პროექტი კეთდება სპორტდარბაზის და გზები მოეწყო. გზა, წყალი და ინფრასტრუქტურა – ეგ არის მთაში მთავარი.

  • გაზი თუ არის?

არა, გაზი არ არის. ხულოს ცენტრამდე მოსულია გაზი. ალბათ ჩვენთანაც იქნება, მაგრამ ვერ გეტყვით როდის იქნება.

  • რამდენი კოორდინატორი ჰყავს ქართულ ოცნებას ღორჯომის თემში?

ღორჯომში უბნის უფროსია ორი ადამიანი და კოორდინატორი მგონი ექვსი.

  • ყველა არჩევნებზე ისმის საუბარი იმის შესახებ, რომ კოორდინატორების დახმარებით ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა. ამაზე რას იტყვით?

სიცრუეა. არანაირი მოქრთამვა არ მომხდარა ღორჯომის ტერიტორიაზე და არც მოხდება. თვითონ ჩვენმა მოსახლეობამ იცის ხმა ვის უნდა მისცეს. ვერანაირი კოორდინატორი ვერ შეაცვლევინებს მათ აზრს, ვერც ფულით და ვერც ვერაფრით. მოსყიდვები არის გამორიცხული თემა. მე არ ვიყავი აქამდე კანდიდატი. 30 წელია ვმუშაობ სასწრაფოს სამსახურში და მსგავსი არც მომისმენია.

  • რას გააკეთებთ ღორჯომისთვის, თუკი საკრებულოში აგირჩევენ?

ვიზრუნებთ მომავალი თაობის განათლებაზე. აუცილებლად დავეხმარებით ყველა ოჯახს, ვისაც დახმარება სჭირდება. წელს 12-მა გოგომ ჩააბარა ღორჯომიდან. იმ ოჯახებს შორის არიან ხელმოკლე ოჯახები, რომლებსაც აუცილებლად გავუწევთ დახმარებას.

ახალი რეგულაციები თურქეთში – საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო თურქეთში თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს. საელჩოს თანახმად, 6 სექტემბრიდან თურქეთში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

საელჩოს განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით წესდება ახალი შეზღუდვები:

საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მოქალაქე ვალდებულია აპლიკაციის „Hayat Evev Sığar -HES kodu“ საშუალებით წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული „PCR“ ტესტის უარყოფითი პასუხი.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეზღუდვა არ ვრცელდება კერძო, მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო მგზავრობის მსურველ პირებზე.

ამასთან, კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასევე სავალდებულო იქნება აპლიკაციის „Hayat Evev Sığar -HES kodu“ საშუალებით სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის, ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტის, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული „PCR“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

ზემოხსენებული შეზღუდვები არ ვრცელდება ტურისტებზე“.

საელჩო წერს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ქვემოთ მითითებულ ტელეფონებზე:

  1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
  2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
  4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 0

სილქფესტი უქმეებზე ულიმიტო პირობების გააქტიურებას გთავაზობთ მთელი თვით

თუ სილქფესტის პირობებს გაიაქტიურებთ,  მთელი თვით  უსასრულოდ ისაუბრებთ.  ინტერნეტზე კი თქვენთვის სასურველ პაკეტს აირჩევთ. 

4 და 5 სექტემბერს,  სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ კომბინაციით *202#   გაიაქტიურონ:

[checklist]

  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტი + 10 GB ინტერნეტი 18 ლარად 
  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტი + ულიმიტო ინტერნეტი 25 ლარად 

[/checklist]

პაკეტის ვადის ფარგლებში, მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში მომხმარებელს დაერიცხება 1MB-ზე 0.15 თეთრი.

პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია. სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე. აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების მოკლე ნომრებზე. 

„სილქფესტის“ აქციები ერთჯერადია და ამ შეთავაზებით სარგებლობენ, სილქნეტის ქსელში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები.  

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციების შესახებ ინფორმაცია. 

ბახმაროში, მდინარეში მიკროავტობუსის საშველად მისული მაშველებიც გაიჭედნენ

კურორტ ბახმაროში მდინარე ბახვისწყალი მოულოდნელად ადიდდა. წყლის მოვარდნის მომენტში, მდინარეზე მიკროავტობუსი გადადიოდა, რა დროსაც ის წყალში გაიჭედა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა მიკროავტობუსიდან მგზავრები უსაფრთხოდ გადმოიყვანეს ნაპირზე, თუმცა თავად სამაშველო მანქანა მდინარეში ჩარჩა.

ამ დროისთვის [14:45] მიკროავტობუსი ტრაქტორის დახმარებით უკვე ნაპირზე გამოიყვანეს.

ჯერჯერობით ვერ ხერხდება მდინარეში გაჭედილი სამაშველო მანქანის ამოყვანა.

ქარბორბალამ ქობულეთში სახლებს სახურავი ახადა [ვიდეო]

ქობულეთში ქარბორბალაა. სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი სახურავის გარეშე დარჩა.

ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რა ზარალი მიადგა ქარბორბალას შედეგად მოსახლეობას,  ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მთლიანად რუსთაველის ქუჩა.

ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ქობულეთში და ასევე დაბა ჩაქვში დაიტბორა ათეულობით საცხოვრებელი სახლი, ხოლო სოფლებში – წყავროკაში, ხალაში, ჩაქვში, სოფელ-ქობულეთში, ბობოყვათში გააქტიურდა მეწყრული პროცესები.

ინფორმაცია განახლდება.

რამდენ სოფელში ჩაიკეტა გზა ძლიერი წვიმის შემდეგ

ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში შიდა სასოფლო გზებზე გადაადგილება შეიზღუდა. აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ამ დროისთვის მუშაობს ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ქობულეთში.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახო-სიმონეთის საავტომობილო გზაზე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პროცესი გრძელდება მახო-გენჯაძეების მიმართულებით. სამუშაოები მიმდინარეობს მახო-დავითაძეების, კიბეს და ზედა თხილნარის მიმართულებითაც. ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ზუნდაგას საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები დარჩენილ მონაკვეთზე გრძელდება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბობოყვათი-კვირიკაული-კონცელიძეების მიმართულებით დაიმეწყრა საავტომობილო გზა, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე შუახევის მუნიციპალიტეტში რიკიხიდი-ცინარეთის საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს კლდოვანი ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები,“ – აღნიშნულია აჭარის გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ჯგუფი ABBA 40 წლის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება

40 წლის შემდეგ შვედური ჯგუფი ABBA მუსიკალურ ალბომს უშვებს, რომელშიც 10 ახალი კომპოზიცია შევა.

თავდაპირველად აგნეტა ფელტსკუგი, ბიორნ ულვეუსმა, ბენი ანდერსონმა და ანი ფრიდ ლიუნგსტადმა გადაწყვიტეს ორი კომპოზიცია ჩაეწერათ, თუმცა შემდეგ მთელი ალბომის ჩაწერის სურვილი გაუჩნდათ.

ლონდონში გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე ABBA-მ ალმობის სახელწოდებაც გაამხილა: „Abba Voyage“, რომელიც 5 ნოემბერს გამოვა.

„I Still Have Faith In You“ და  „Don’t Shut Me Down“ ასე ჰქვია 10 სიმღერიდან ორს, რომლებიც ჯგუფის ახალ ალბომში შედის.

ABBA – ს განცხადებით, 2022 წელს ლონდონში ჯგუფი დიდ შოუსაც გამართავს ალბომის სახელწოდებით „Abba Voyage“. შოუსთვის 3 ათას მაყურებელზე გათვლილი სპეციალური არენა შენდება.

ახალი ალბომისა და გასამართი კონცერტების სერიის პოპულარიზაციისთვის ჯგუფმა ახალი ვებგვერდიც შექმნა. ABBA-მ ბოლო სტუდიური ალბომი „The Visitors“ 1981 წელს გამოუშვა.

შვედური კვარტეტი 1972 წელს გაიცნო მსმენელმა, როცა მათ პირველი კომპოზიცია „People need love“ ჩაწერეს.

ჯგუფს  8 სტუდიური ალბომი და რამდენიმე ათეული სინგლი აქვს გამოშვებული. მათი სიმღერების კრებულები დღემდე გამოდის.

მართალია, დაშლის შესახებ კვარტეტის წევრებს ოფიციალურად არასდროს განუცხადებიათ, მაგრამ 1983 წლის შემდეგ ABBA-ს აღარფერი ჩაუწერია.

2000 წელს შვედურ კვარტეტს ბენდის აღდგენა, მსოფლიო ტურნე და მილიარდდოლარიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რასაც ისინი არ დათანხმდნენ.

2010 წლის 15 მარტს ჯგუფი ABBA როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

Exit mobile version