მთავარი,სიახლეები

თურქეთმა სწავლა სკოლის შენობებში განაახლა

06.09.2021 • 2363
თურქეთმა სწავლა სკოლის შენობებში განაახლა

დღეს, 6 სექტემბერს, თურქეთში სწავლა განახლდა სკოლის შენობებში.

თურქული მედია იუწყება, რომ დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 18 მილიონი მოსწავლე და 1 მილიონზე მეტი მასწავლებელი დაუბრუნდა სკოლაში პირისპირ სწავლების პროცესს.

„ანადოლუს“ ცნობით, თურქეთის მთავრობამ 650 მილიონამდე ლირა გამოყო სკოლებში ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების შესაძენად.

სკოლაში სავალდებულო იქნება ნიღბის ტარება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, გარდა იმ მოსწავლეებისა, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რაც ნიღბის ტარებას ართულებს. მშობლებს სკოლის შენობაში შესვლის უფლება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ ექნებათ.

გარდა ამისა, მოსწავლეებს მიეცემათ მითითება, რომ მეტი დრო გაატარონ გარეთ შესვენებების დროს.

შენობის გარეთ ყოფნისას მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სხვა თანამშრომლებს მოეთხოვებათ დაიცვან სოციალური დისტანცია. გაკვეთილის საშუალო ხანგრძლივობა 40 წუთი იქნება.

დღეის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონამდე დოზაა გაკეთებული.

„წელს სკოლები არ დაიხურება პანდემიის გამო, რადგან ახლა ვაქცინები გვაქვს“ – განაცხადა თურქეთის განათლების მინისტრმა.

თურქეთში მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების 88% უკვე COVID-19 ვაქცინის  ერთი დოზით, ხოლო 75 პროცენტი – ორივე დოზითაა აცრილი.

____________

ფოტო: „ანადოლუ“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: