მთავარი,სიახლეები

ბავშვთა სახლში გავიზარდე – ვინ არის ქალი, რომელიც გახარიამ წარადგინა, როგორც 16 ენის მცოდნე

04.09.2021 • 26808
ბავშვთა სახლში გავიზარდე – ვინ არის ქალი, რომელიც გახარიამ წარადგინა, როგორც 16 ენის მცოდნე

გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის” ბათუმში მაჟორიტარობისთვის 2 ქალი იბრძოლებს. ერთ-ერთი მათგანი 29 წლის ნაზი აბაშიძეა – მაჟორიტარობის კანდიდატი ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის დასახლებაში.

ნაზი აბაშიძე პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ პუბლიკას 16 ენის მცოდნე პოლიგლოტად გააცნო. „ბათუმელები“ გთავაზობთ ინტერვიუს კანდიდატთან.

  • ნაზი, რამ გიბიძგათ ქალაქის თვითმმართველობაში გამოგეცადათ საკუთარი შესაძლებლობები?

ურეხის ბავშვთა სახლში გავიზარდე. მერე ჩავაბარე სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტში, ვსწავლობდი თურქულ ენას, აღმოსავლეთმცოდნე ვარ, აზიური ენების სპეციალისტი.

ჩემი ადგილი არის იქ, სადაც საზოგადოების პრობლემებია. ვფიქრობ, ჩემი გზა მაგალითია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის, ჩემნაირი ახალგაზრდებისთვის, ვისაც ისეთივე რთული ცხოვრება ჰქონდა, როგორც მე.

მინდა მაგალითი ვიყო იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც რთულია დღეს რაღაცეების მიღწევა, ვისაც შეუძლებლად მიაჩნია განათლებაზე, სოციალურ სიკეთეებზე ხელმისაწვდომობა. ბევრი ახალგაზრდაა, ვისაც ჰგონია, რომ ვერაფერს მიაღწევს. არადა მე ნამდვილად ვარ ნათელი მაგალითი იმისა, რომ არაფრისგან შეიძლება ყველაფერი გამოგივიდეს.

მე მინდა ვიყო ჩემნაირი ადამიანების ხმა საზოგადოებაში. მინდა ვიყო იმ ადამიანების, იმ გარემოცვის ხმა, რა გარემოცვიდანაც თავად ვარ.

  • გახარიამ 16 ენის მცოდნე პოლიგლოტად გააცნო საზოგადოებას თქვენი კანდიდატურა საარჩევნო სიის წარდგენისას. რა პროფესიის ხართ, სად და რას საქმიანობდით აქამდე?

ვსწავლობდი სტამბოლის მარმარას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აზიური ენების სპეციალისტი ვარ, როგორც გითხარით. კი, ნამდვილად 16 ენა ვიცი: ოსმალური, სპარსული, ხორეზმული, ქოქთურქული, ლურსმული, უიღურული, უზბეკური, თათრული, ყაზახური, ყირგიზული, ყარახანლური, ძველი ანატოლიური, თურქული, ძველი თურქული, მონღოლური, აზერბაიჯანული, რუსული და ინგლისური.

პანდემიის პერიოდში ვასწავლი თურქულ ენას, პარტიულ შემოთავაზებას სანამ დავთანხმდებოდი, 25 მოსწავლე მყავდა. თურქეთიდან საქართველოში რომ ჩამოვედი, ვცდილობდი სკოლაში მემუშავა, მაგრამ აზიური ენები ჩვენს სკოლებში არ ისწავლება დიდად და სასამართლოში ვარ თარჯიმანი, ასევე ვთარგმნი სამედიცინო დოკუმენტაციას, ვამოწმებ ნოტარიულად, ვმუშაობ ასევე იუსტიციის სახლისთვის.

სტამბოლის საავადმყოფოებში ვმუშაობდი თარჯიმნად 4 წელი. მეორე კურსზე ვიყავი, როცა ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელმა დამირეკა და მითხრა ერთ-ერთ დიდ კლინიკაზე სტამბოლში: ქართველი პაციენტი ჰყავთ და თარჯიმანი სჭირდებათ, კარგად გადაგიხდიანო.

ასე დავიწყე მუშაობა და 4 წელი ამავე სფეროში დავრჩი.

  • ურეხის ბავშვთა სახლიდან მარმარას უნივერსიტეტში სასწავლებლად წასვლა როგორ შეძელით?

დედაჩემი ცდილობდა ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ახლა ვარ. მისი მთავარი მიზანი იყო შვილი განათლებული ჰყოლოდა. ეს იყო უშუქობის, უსახსრობის პერიოდი. დავიბადე გურიაში, ოზურგეთში და როცა მამა გარდამეცვალა, გადმოვედით აჭარაში საცხოვრებლად – დედა აჭარიდანაა.

მერე ბავშვთა სახლში აღმოვჩნდი. რთულია ჩემთვის ამაზე ლაპარაკი. ბავშვთა სახლის ყველა მასწავლებლის სიკეთე მახსოვს, ყველა ადამიანი, ვისაც ერთი წიგნი უჩუქებია ან უთხოვებია ჩემთვის.

მეოცე სკოლის უზომოდ მადლიერი ვარ, ამ უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ, კარგად ვიცნობ ამ სკოლას, მის მასწავლებლებს, ამ უბანს მთლიანად და მინდა ამ ადამიანებს, ჩემს საზოგადოებას დავეხმარო.

ქუჩაში კლასელები, მასწავლებლები მხვდებიან, მესალმებიან, მგულშემატკივრობენ. ჩემი სურვილია მათი პრობლემების და საჭიროებების გამხმოვანებელი ვიყო.

რეზო დავითაძე იყო  მე-20 სკოლის დირექტორი, ვინც პირველად მიიღო საჯარო სკოლაში ბავშვთა სახლის აღსაზრდელები.

ეს ის ადამიანია, ვინც ჩვენ, ბავშვთა სახლის ბავშვები გვაღიარა.

ერთნაირი ფეხსაცმლით, ერთნაირი სამოსით დავდიოდით სკოლაში ბავშვთა სახლის აღსაზრდელები.

ურეხის ბავშვთა სახლიდან თურქული ენის კურსებზე დავდიოდი. ბევრი ხედავდა როგორ დავდიოდი კურსებზე ყოველ დილით – წვიმასა და ქარში. 2 საათით ადრეც მივსულვარ გაკვეთილზე, რადგან საათი არ მქონდა. ტრანსპორტისა და გადაადგილების პრობლემაც იყო.

ბათუმში თურქეთის საკონსულომ ფონდი შექმნა სპეციალურად ჩემთვის, რომ ჩაბარების შემდეგ სწავლა შემძლებოდა სტამბოლში. მართალია, თუ არ ვისწავლიდი ისე არავინ მიმიღებდა მარმარას უნივერსიტეტში, მაგრამ უსახსროდ გზას ვერ გავიკვალავდი, იქ ბევრი რამ მჭირდებოდა.

ყოველთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემში განვითარების პოტენცია დაინახა და გზა დამანახა. დაწერთ ამას? ხომ შეიძლება?

  • პარტიაზე უნდა გკითხოთ. გახარიამ პარტიის დაფუძნებისთანავე გახსნა რეგიონებში ოფისები. ზოგადადაც პარტიას საარჩევნო პირობებში დიდი დაფინანსება სჭირდება. გაქვთ ინფორმაცია პარტიის დაფინანსების ძირითად წყაროებზე?

შემოწირულობებით ვარსებობთ. პირად მაგალითს გეტყვით:  ბაგრატიონი-ჭაობის პარტიული ოფისისთვის ჩემმა მეგობარმა დამითმო ფართობი. ვთხოვე ერთი თვით და უარი ვერ მითხრა. ჩვენ არ გვაქვს დიდი დაფინანსება, უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ხედვებს იზიარებენ და გვეხმარებიან. ახლაც რომ შემოხვიდეთ ჩემს ოფისში, ჯერ ბანერიც კი არ მაქვს.

  • ბათუმში რას ხედავთ მთავარ პრობლემად, რა არის ქალაქის მთავარი წუხილი?

ქალაქის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სოციალური პრობლემები, გაუმართავი ჯანდაცვა – ბევრი პრობლემაა ქალაქში.

სტამბოლში ბევრ მოწინავე კლინიკაში ვმუშაობდი, ვხედავდი რა მაღალ დონეზეა იქ მედიცინა…

უმნიშვნელოვანესია ჩემთვის ბავშვთა უფლებები, ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს იცხოვროს ოჯახურ გარემოში, მზრუნველობის და სითბოს გარემოცვაში, ყველა ბავშვს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან განათლებაზე.

ცალკე პრობლემაა ბაღებში ადგილების დეფიციტი ბათუმში. ბევრი მსურველია და მშობლები ვერცკი არეგისტრირებენ შვილებს.

ბათუმში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის დიდი პრობლემაა მწვანე სივრცეების ნაკლებობა.

  • საბავშვო ბაღების პრობლემებს როგორ გადაჭრიდით?

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ახალი ბაღები უნდა აშენდეს, საჭიროებების, შესწავლის საფუძველზე, როცა ზუსტად გვეცოდინება, რამდენი ბაღი დააკმაყოფილებს მოთხოვნებს სრულად.

სკოლამდელი და სკოლის განათლება ბავშვის უფლებაა და სახელმწიფო ვალდებულია ყველა ბავშვს მიუწვდებოდეს მის მიერ მოწყობილ სისტემაში ხელი ამ სიკეთეზე.

ადრეული ასაკიდანვე მნიშვნელოვანია ბავშვის განათლება – განვითარება. ამ პარტიაში პროფესიონალთა გუნდი მუშაობს, ვისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია ეს პრობლემები, როგორც ჩემთვის. ეს მაიმედებს და ძალას მმატებს.

  • ბათუმში ბევრი უკანონო მშენებლობა და ჩაუბარებელი შენობებია. როგორია თქვენი მოსაზრება, რა უნდა ვუყოთ ამ ყველაფერს?

რაც აქამდე ააშენეს, ალბათ ვეღარაფერს მოვუხერხებთ. უკანონო მშენებლობები და ურბანული ქაოსი უნდა დასრულდეს და სხვა ეტაპი უნდა დაუდგეს ამ ქალაქს.

  • უნდა აშენდეს თუ არა ახალი მეჩეთი ბათუმში? იცით თუ არა ამ საკითხზე თქვენი პარტიული ლიდერების მოსაზრება?

მგონია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

  • მაგრამ 2 ინსტანციის სასამართლომ უკვე შეაფასა დისკრიმინაციულად ბათუმის მერიის გადაწყვეტილება ახალი მეჩეთის მშენებლობის ხელშეშლაზე.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც დაველოდოთ. ამაზე ვრცელ კომენტარს მე ვერ გავაკეთებ ჯერ. ისე კი, ჩემი პირადი დამოკიდებულება არის ის, რომ საკულტო ნაგებობების აშენება არ აშენებას უნდა წყვეტდეს საზოგადოება. მოვა დრო, როცა ამ საკითხზე მოგვიწევს საუბარი.

  • 2019 წლის 20 ივნისის პროტესტი მინდა შეგახსენოთ. გახარიას მინისტრობის პირობებში სპეცრაზმელები თვალში დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს და აბრმავებდნენ. როგორ ხედავთ თქვენ ამ პერიოდს?

ხალხის პროტესტი გულწრფელი იყო ივნისის მოვლენების დროს. ძალიან ცუდად განვითარდა მოვლენები, მაგრამ იყო პარლამენტზე შტურმის მცდელობაც და სახელმწიფო ამას ვერ დაუშვებდა. დამნაშავეა სახელმწიფო ერთი შეხედვით იმ ნაწილში, რომ სასტიკად მოექცნენ პროტესტის მონაწილეებს, მაგრამ შეიძლება უარესზე უარესიც მომხდარიყო.

  • რას გულისხმობთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ადამიანებისთვის თვალების დათხრაზე უფრო უარესი?

კი, ეს ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა დავინახოთ რაღაცეები, შეიძლებოდა დიდი ქაოსი დაწყებულიყო პარლამენტში რომ შეჭრილიყვნენ პროტესტის მონაწილეები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: