მთავარი,სიახლეები

დეზინფორმაცია ვაქცინაციას აფერხებს – ბათუმელი ეპიდემიოლოგი

06.09.2021 • 4630
დეზინფორმაცია ვაქცინაციას აფერხებს – ბათუმელი ეპიდემიოლოგი

ავტორი: თამარ ჩანჩიბაძე 

ბათუმელი ეპიდემიოლოგი ნესტან შერვაშიძე კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევიდან დღემდე ეხმარება ადამიანებს კოვიდის, როგორც თავად ამბობს, „უვერაგესი ვირუსის“ დამარცხებაში. ბევრი კოლეგის მსგავსად, მან თავადაც გადაიტანა კორონავირუსი.  

როგორ ექიმი-ეპიდემიოლოგი, ნესტან შერვაშიძე ცდილობს სწორი ინფორმაცია გაავრცელოს ვაქცინაციის შესახებ, იყო ჩართული პროექტში, რომლის ფარგლებშიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და IOCC-ის დახმარებით 200-მდე მუსლიმმა და 100-ზე მეტმა ქრისტიანმა სასულიერო პირმა მიიღო ინფორმაცია COVID-19 ვაქცინაციის შესახებ. 

უშლის თუ არა ხელს დეზინფორმაცია ვაქცინაციის პროცესს? როგორ მუშაობენ ეპიდემიოლოგები პანდემიაში? – ნესტან შერვაშიძეს ვთხოვეთ, მისი გამოცდილება გაეზიარებინა ჩვენთვის.

„ვინც რეანიმაციის კარამდე მივიდა, ყველა ამბობს, რომ სიკვდილს ჩახედეს თვალებში“ – გვითხრა ნესტან შერვაშიძემ. 

მან ჩვენთან საუბრისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

  • „დეზინფორმაცია ვაქცინაციის პროცესს აფერხებს“

დეზინფორმაცია და ანტივაქსერული პროპაგანდა ვაქცინაციის პროცესს ნამდვილად აფერხებს. 

მინდა ყველას ვუთხრა – ერთადერთი გამოსავალი, რომ დავამარცხოთ ეპიდემია და გადავარჩინოთ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე, არის ვაქცინაცია. 

შეიძლება მე გადავიტანო უსიმპტომოდ ვირუსი, მაგრამ ჩემს მიერ დასნებოვნებულმა ადამიანმა ვეღარ გადაიტანოს და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დავაყენო.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია და ჭორები ახალი არ არის. ჯენერმა [ედუარდ ჯენერი – ყვავილის ვაქცინის შემქმნელი ინგლისელი ექიმი]  როდესაც შექმნა პირველი, ყვავილის ვაქცინა, მაშინაც იყვნენ ანტივაქსერები, თუმცა, ვაქცინამ საბოლოოდ ყვავილი დაამარცხა, როგორც ინფექცია. 

უიმედოდ პირველივე დღიდან არ ვყოფილვართ და ახლაც არ ვართ ეპიდემიოლოგები, იმიტომ, რომ ვაქცინა შემოვიდა. თან ისეთი და იმდენნაირი ვაქცინა, რომ აღარ აქვს მოქალაქეს უფლება, ვაქცინაციაზე უარი თქვას. 

თუკი ეჭვი გვეპარება ახალი ტექნოლოგიებით [მაგ. ფაიზერი, ასტრაზენეკა] დამზადებულ ვაქცინებზე, არის ინაქტივირებული ვირუსებით შექმნილი ვაქცინები [სინოფარმი, სინოვაკი], რომელიც ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული და იმით შეიძლება აიცრას მოქალაქემ. 

ახლა სახელმწიფო გვაძლევს ამის საშუალებას,  რომ ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი დრო, ადგილი და ჩავიტაროთ ჩვენთვის სასურველი ვაქცინით ვაქცინაცია“. 

ნესტან შერვაშიძე „წითელი ჯვრის“ თანამშრომლებთან

  • „ყველაზე რთული სიტუაცია არის ახლა, მედპერსონალი ძალიან დაიღალა“ 

თავიდან როცა გავრცელდა ეს ინფექცია, წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, რომ ასე უცებ მოვიდოდა ჩინეთიდან ჩვენამდე, თუმცა გლობალიზაციამ გამოიწვია ის, რომ თებერვლის ბოლოს უკვე საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ ჯერ არ გვქონდა მესამეული გადაცემა, შესაბამისად, ვფიქრობდით, რომ ჩაკეტვით ინფექცია არ გავრცელდებოდა. 

პირველი მარტიდან მოყოლებული ვიყავი ჩაბმული ამ სამსახურში. დავდიოდით ეპიდკერებში, ვიკვლევდით კონტაქტებს. 

პირველ ეტაპზე უნდა მივსულიყავით ოჯახში, ტესტირება ჩაგვეტარებინა. გამოვიდოდით ოჯახიდან და აღმოჩნდებოდა, რომ ოჯახის შვიდი წევრიდან ხუთს კოვიდი ჰქონდა.

მაშინ ინფექცია ჩემთან არ მოსულა, მაქსიმალურად ვიცავდით უსაფრთხოების ზომებს, რაც არის აუცილებელი ასეთ დროს. 

დასაწყისში ნამდვილად არაფერი არ ყოფილა განსაკუთრებით რთული, მიუხედავად იმისა, რომ ღამეებს ვათენებდით მორიგეობებზე, მივდიოდით სამსახურში და უწყვეტ რეჟიმში 24/8 საათის განმავლობაში ვმუშაობდით, როგორც ეპიდემიოლოგები. 

თუმცა, დღეს რომ ის პერიოდი რომ დაბრუნდეს, ნამდვილად რესურსი აღარ არის იმის, რომ იგივე გავაკეთოთ. მართლა ძალიან ძნელია და მინდა ხალხს მოვუწოდო, რომ  ვაქცინა ჩაიტარონ. 

ელემენტარულად, დაიღალნენ ეპიდემიოლოგები და დაიღალა მედპერსონალი. 

ეპიდემიოლოგებმა ვიცით, რომ ერთი დადასტურებული შემთხვევის უკან, შეიძლება სულ მცირე კიდევ სამი შესაძლო შემთხვევა იყოს. 

რას ვეტყოდი ადამიანებს, რომლებიც მაინც ფიქრობენ, რომ კორონავირუსი არ არსებობს?  მხოლოდ ერთს – კორონავირუსი არსებობს, არსებობდა და იარსებებს კიდეც! 

SARS-CoV-2 არ იყო უცხო ჩვენთვის, ეპიდემიოლოგებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით იყო SARS-CoV-1, მაგრამ ნამდვილად არავის ეგონა, რომ ეს ასეთი ვერაგი ვირუსი აღმოჩნდებოდა. პირველი დღიდან მოყოლებული ველოდებოდით ეპიდემიოლოგები ვაქცინას, იმიტომ რომ ერთადერთი საშუალება, რომ ეპიდემია დამარცხდეს არის ვაქცინაცია! 

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: