„ჩვენ აქ არ გველოდებიან“ – „დოჟდის“ ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისშია

„ჩვენ აქ არ გველოდებიან,“ – ეს შთაბეჭდილება გაუჩნდა ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს, რომელიც რამდენიმე დღეა უკვე საქართველოშია. ეკატერინე კოტრიკაძე „დოჟდის“ ჟურნალისტია, იმ სატელევიზიო არხის, რომელიც ომის დაწყების შემდეგ დახურეს პუტინის რუსეთში, ხოლო კრიტიკული არხის ერთ-ერთი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს.

ეკატერინე კოტრიკაძეს ვესაუბრეთ რუსეთის იმ აუდიტორიაზე, რომელიც „დოჟდის“ უყურებდა და, ბუნებრივია, კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა პუტინის რეჟიმის მიმართ. სად არის ახლა ეს ხალხი და რა ძალა აქვთ მათ?

  • პირველ რიგში, გვითხარით, რა გაირკვა „დოჟდის“ ჟურნალისტ ფიშმანის შესახებ: რატომ არ შემოუშვეს ის საქართველოში, სად არის ახლა და არის თუ არა უსაფრთხოდ? 

არაფერი არ გაირკვა. ეს ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ მიიჩნია, რომ არაფერი არ უნდა დაასაბუთოს. ფიშმანი არის უსაფრთხოდ. ის არც რუსეთშია და არც საქართველოში, გავიდა ქვეყნიდან. არ მაქვს უფლება ვთქვა, სად არის.

  • თქვენ როგორ დაბინავდით? 

ჩვენ დროებით ვართ აქ, ნათესავებთან, თბილისში არის ბაბუაჩემის სახლი. ეს სიტუაცია ჩემთვის ყველაზე ნაკლებად მტკივნეულია: თბილისი ჩემი სახლია, საქართველო ჩემი ქვეყანაა, განსხვავებით ჩემი კოლეგებისგან, ვინც აქ არავის იცნობს. მოგეხსენებათ, რთულია ბინის შოვნაც. ცოტა ცუდად ხვდებიან, როგორც რუსებს და ეს არ მომწონს. ჩემი მეგობარი მიყვებოდა, რომ ისე მელაპარაკა მაღაზიაში კონსულტანტი, მეგონა მცემდაო. მაღაზიაში, თუ ტაქსიში ნეგატიურად ელაპარაკებიან რუსებს.

მესმის, რომ არ იციან, ისინი „დოჟდის“ ჟურნალისტები არიან და არ ფიქრობენ ისე, როგორც პუტინი, მაგრამ რომც არ ეწინააღმდეგებოდეს ადამიანი პუტინს, შენ როცა ქართველი ხარ და მიდიხარ ევროპისკენ, ამ მიდგომით და აგრესიით უარესს აკეთებ. საქართველო ყოველთვის იყო მეგობრული, მრავალეთნიკური და ახლა მიჭირს ამ რეალობის აღქმა. არ მესმის, რატომ ხდება ასე. ჩვენ ყოველთვის უფრო ჭკვიანი ხალხი ვიყავით. რუსეთში შეჩვეული ვიყავი, რომ შესაძლოა არ მოგესალმონ მაღაზიაში, არ გაგიღიმონ…

მესმის, რომ რუსეთი ახლა აწარმოებს საშინელ, კატასტროფულ ომს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. სახელმწიფო უნდა ახდენდეს რეაგირებას, როცა პატარა ქვეყანაში შემოდიან დიდი რაოდენობით უცხოელები, მაგრამ საქართველოს მთავრობა იმდენად დაშინებულია, რომ არ გააღიზიანონ რუსეთი, პუტინი, „დოჟდის“ ჟურნალისტიც კი არ შემოუშვეს.

  • მოახერხებთ იმას, რომ საქართველოდან აღადგინოთ „დოჟდის“ მაუწყებლობა? 

ეს ბუნებრივი იდეაა, მაგრამ არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია. ჩვენ აქ არ გველოდებიან.

იმდენად ამაზრზენია ჩემთვის, რომ თურმე ვიღაც ჩინოვნიკს ეშინია, რომ მე თუ აქ მუშაობა დავიწყე, საფრთხე შეიქმნება. მოკლედ, არ უნდათ, რომ „დოჟდი“ შეიქმნას საქართველოში.

  • ვის არ უნდა კონკრეტულად, რომელ ჩინოვნიკს გულისხმობთ? 

მაპატიეთ, მაგრამ ვერ გეტყვით კონკრეტულად. მივიღეთ რამდენიმე შეტყობინება, თუმცა ეს დადასტურებული ინფორმაცია არ არის… ჩვენი აზრით, პრობლემატური იქნება აქ „დოჟდის“ არსებობა. შესაძლოა, ეს ძალიან სუსტი და გაუმართლებელი პოზიციაა, მაგრამ ბევრი პრობლემა გადავიტანეთ, დიდი დრამა და აღარ გვაქვს ამის სურვილი. უახლოეს პერიოდში ყველას შეგატყობინებთ, როცა გადაწყვეტილება გვექნება მიღებული. ჯერ კონკრეტული არაფერია, მაგრამ გვინდა შევიკრიბოთ ისევ სადმე, თუნდაც მარსზე, სადაც არ იქნება ასეთი აგრესიული, არამეგობრული ატმოსფერო. მგონია, რომ ჩვენ ისევ შევქმნით ახალ მედიაპროექტს.

  • გასული წლის აპრილში, როცა „ფორმულას“ მიეცით ინტერვიუ, აღნიშნეთ, რომ „რუსეთში აუდიტორია იცვლება“ და ხაზი გაუსვით თქვენს იუთუბარხზე მაყურებლის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას. თქვენი დაკვირვებით, რა შეიცვალა რუსეთში და რა ვერ შეიცვალა? 

შეიცვალა, პირველ რიგში, ადამიანების რაოდენობა, ვინც ჩვენ გვიყურებდა და ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რამდენი აანალიზებს და ფიქრდება იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში. ბოლო დღეებში დღეში 25 მილიონი ნახვა გვქონდა იუთუბზე, ეს ომის დღეებში, იქამდე საშუალოდ 19 მილიონი იყო დღეში. ეს აჩვენებდა იმას, რომ ჩვენ აუდიტორიას ძალიან ვჭირდებოდით.

ძირითადად დიდ ქალაქებში იზრდებოდა აუდიტორია, თუმცა მხოლოდ მოსკოვსა და პეტერბურგში არა: ეკატერინბურგი, ნოვოსიბირსკი, ბევრ დიდ ქალაქში აქტიური ადამიანი ცხოვრობს და იზრდებოდა აუდიტორია. ყველაზე აქტიურები იყვნენ 25-დან 40 წლამდე ადამიანები, ძირითადად ახალგაზრდები, მეორე ჯგუფი იყო საშუალო ასაკის და მესამე ჯგუფი 16- 25 წლის ადამიანები.

იუთუბი, მოგეხსნებათ, არ არის სოციოლოგიური კვლევა, თუმცა გაძლევს იმის გააზრების საშუალებასაც, რაზე ფიქრობენ ადამიანები. ყოველი ეთერის შემდეგ გვწერდნენ კომენტარებს, გვეხმაურებოდნენ.

  • რა აინტერესებდა რუსეთში აუდიტორიას ყველაზე მეტად, რა საკითხებზე იყო მგრძნობელობა? 

ნავალნი, რა თქმა უნდა, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ბელორუსიასთან ურთიერთობა აინტერესებდათ ძალიან და ყველაფერი, რაც ლუკაშენკოს ეხებოდა, საერთაშორისო ურთიერთობები. კოვიდის თემა, მაგალითად, ბოლო დროს უკვე საერთოდ აღარ აინტერესებდათ.

  • სად არის ახლა თქვენი აუდიტორია, რატომ ვერ ხერხდება პროტესტის ორგანიზება? 

იმიტომ, რომ არ ჰყავთ ლიდერი. ნავალნი ციხეშია, დანარჩენი ლიდერები გასულები არიან ქვეყნიდან. მესამე პრობლემა არის ის, რომ პატარა აქციაზე ვინც გადის, იმასაც კი აკავებენ, რომ ყველამ იგრძნოს, რას ნიშნავს რამე გააპროტესტო რუსეთში.

როცა ნავალნი ჩასვეს ციხეში, აქციები იყო, ორი კვირა გავიდა და შემდეგ მიაკითხეს სახლებში იმ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე არ დაუკავებიათ. მათ რაღაც გაფრთხილების სახით ჩააბარეს და რაც მთავარია, აგრძნობინეს, რომ აი, ჩვენ ყველაფერი ვიცით: ვინ ხარ, სად დადიხარ, კამერებზე აღბეჭდილი ხარ.

ამას წინათ ერთ ძლიერ სოციოლოგს ვესაუბრე და იმან მითხრა, რომ ეს შიშიც დაძლევადია, რომ არსებობდეს ოპოზიციის სტრატეგია, მათ შორის, ქუჩაში გამოსვლის. ნავალნის კოლეგები ახლა სხვა ქვეყნებიდან უხმობენ ადამიანებს რუსეთში ქუჩებში გამოსვლისკენ, მაგრამ რა ძალა აქვს ამას?

  • თქვენი აზრით, რა შეიძლება აღმოჩნდეს კრიტიკული ზღვარი, როცა უკვე ამ ადამიანებს ვეღარაფერი შეაჩერებს? 

მგონია, რომ რუსეთში კრიტიკული განწყობა პირდაპირ არის კავშირში დაღუპულების რაოდენობასთან. ახლა უკრაინაში იღუპებიან რუსი ჯარისკაცები. რაც უფრო მეტი დაიღუპება, სამწუხაროდ, მით უფრო ბევრი ადამიანი მიხვდება რუსეთში, რომ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა, რომ ეს ერთი ადამიანის უაზრო გადაწყვეტილებაა.

უკრაინელები არ აინტერესებთ რუსებს. როცა უყურებენ კადრებს დაღუპული უკრაინელების, მათ შორის, ბავშვების შესახებ, ამბობენ, რომ ეს არის ყალბი ინფორმაცია.

ეს პროპაგანდა წლების განმავლობაში მუშაობდა – 2014 წლის შემდეგ უკრაინა სახელმწიფო ტელევიზიების ტოპთემაა. ბევრს მართლა სჯერა, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია და ის უნდა დავაბრუნოთ. ბევრისთვის პუტინის ეს აზრი არის გასაგები და ახლო. როგორ გინდა დაიჯერო, რომ შენი ქვეყანა უბრალოდ კლავს ადამიანებს. ძალიან რთულია ამის აღქმა.

  • რუსეთიდან ემიგრირებული მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი, ამბობდა რამდენიმე დღის წინ იმპერიალიზმის დაშლა დაიწყოო. ეთანხმებით? 

არ ვიცი, ვეთანხმები თუ არა. მე მგონია, რომ ჯერ ამის თქმა ალბათ ძალიან ნაადრევია.

უკრაინაში მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი – მედია

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში, ქალაქ ირპენში, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ჟურნალისტი, 51 წლის ამერიკის მოქალაქე ბრენტ რენო. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ადგილზე გადაღებული ფოტოებიც, რომლებზეც ასახულია მოკლული ჟურნალისტი და მისი დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც იგი „ნიუ იორ თაიმსის“ ვიდეოჟურნალისტი იყო.

ინფორმაციას მედიასთან ადასტურებს კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი.

მისივე თქმით, ასევე დაჭრილია ორი კორესპონდენტი, რომელთა გამოყვანაც მოხერხდა და ისინი კიევში, კლინიკაში, არიან გადაყვანილნი,  ინფორმაცია მათი ვინაობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული არ არის.

ამერიკელი ჟურნალისტისა და რეჟისორის დაღუპვის ფაქტს ტვიტერზე ეხმიანება „ნიუ იორკ თაიმსი“. გამოცემა წერს, რომ წუხან ნიჭიერი რეჟისორის გარდაცვლების გამო, მაგრამ ბრენტ რენო მათთვის არ მუშაობდა უკრაინაში. გამოცემა წერს, რომ მასთან გასულ წლებში თანამშრომლობდნენ და ინფორმაცია, რომ იგი „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მუშაობდა უკრაინაში, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იგი გამოცემის პრესბარათს ატარებდა, რომელიც სხვა დავალებისთვის იყო გაცემული წლების წინ.

ბრენტ რენო ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების რეჟისორი და პროდიუსერი იყო.

imdb.com-ის ცნობით, იგი ძმასთან, კრეიგთან ერთად, ცნობილი იყო „ჰუმანისტური ამბების თხრობით მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან“. მის პროექტებს შორისაა: ომები ერაყსა და ავღანეთში, მიწისძვრა ჰაიტიში, პოლიტიკური არეულობა ეგვიპტესა და ლიბიაში, ექსტრემიზმი აფრიკაში, კარტელების ძალადობის თემა და ა.შ. მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო ჟურნალისტიკაში.

_______________

რუსეთი აკრძალულ ფოსფორის ნაღმებს იყენებს – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებში აკრძალულ ფოსფორის ნაღმებს იყენებს.

„ღამით ქალაქ პოპასნაში, ლუგანსკის რეგიონში, ფოსფორიანი საბრძოლო მასალის ჭურვები ამოიღეს. ასეთი ჭურვები შეიცავს აალებად სახსარს, რომლის ტემპერატურა აღემატება 800 °C-ს და ვრცელდება რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე.

ამ საბრძოლო მასალით დაჭრამ შეიძლება გამოიწვიოს განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეული ტრავმები ან  ნელი და მტკივნეული სიკვდილი. ჭრილობების დასამუშავებლად საჭიროა სპეციალურად მომზადებული სამედიცინო პერსონალი, რომელიც ასევე შეიძლება დაშავდეს ტრავმების დამუშავებისას. 

ამ საბრძოლო მასალის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კატეგორიულად აკრძალულია.

მშვიდობიანი ქალაქისთვის ასეთი იარაღის სროლა არის სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“ – აცხადებს დენისოვა და გაეროს წევრ ქვეყნებს მიმართავს,  დააჩქარონ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოქმედებების შესასწავლად.

„რუსული ტერორისტული სახელმწიფოს ხელმძღვანელობისა და მისი რასისტული არმიის არც ერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი“ – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი.

35 წლის კაცი სხვისი საბანკო ბარათების კოდებს იმახსოვრებდა და თანხას ითვისებდა – შსს

პოლიციამ თბილისში ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ შ.ს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს მყოფი აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინ-კოდებს.

შემდეგ ბრალდებული, გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი ჩარიცხვის გვერდის გამოყენებით მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან თანხებს საკუთარ ონლაინკაზინოს და ტოტალიზატორის ანგარიშებზე რიცხავდა, ფულს კი სპეციალური – „ზერო“ ბარათის გამოყენებით ანაღდებდა.

შ.ს.-ს დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულ 14 მოქალაქეს 5 227 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა“ – იუწყება შს სამინისტრო.

გამოძიება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_______________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე 85 ბავშვი ემსხვერპლა – უკრაინის პროკურატურა

უკრაინის პროკურატურის ცნობით, უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად 85 ბავშვი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.

მსხვერპლთა უმრავლესობა კიევში, ხარკოვში, დონეცკის, სუმის, ხერსონის, მიკოლაივის და ჟიტომირის რაიონებში მცხოვრები ბავშვია.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 369 სასწავლო დაწესებულება, აქედან 57 მთლიანად განადგურდა.

თავდასხმა განხორციელდა 11 სამედიცინო დაწესებულებასა და 3 სარეაბილიტაციო ცენტრზე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ცენტრზე.

________________

ფოტოზე: უკრაინა, ქალაქი ჟიტომირი. 25-ე სკოლის დაბომბილი შენობა. 11 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES

სანამდე გაგრძელდება თოვლ-ჭყაპი ბათუმში | ამინდის პროგნოზი

ბათუმში უკვე მეორე დღეა თოვლ-ჭყაპია. სინოპტიკოსების ცნობით, ავდარი კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 13-14 მარტს აჭარის სანაპირო რაიონებში კვლავ ნალექია მოსალოდნელი თოვლ-ჭყაპის სახით, აჭარის მთიან სოფლებში კი ისევ მოთოვს.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 0 – 2 გრადუსი ყინვა

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა

პერიოდულად თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი ბათუმში 15-16 მარტსაც. შემდეგ კი, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-დან 20 მარტის ჩათვლით ბათუმში იწვიმებს.

 

9 ადამიანი დაიღუპა სამხედრო ცენტრის დაბომბვის შედეგად – ლვოვის გუბერნატორი

ცხრა ადამიანი დაიღუპა და 57 დაიჭრა ლვოვის მახლობლად მდებარე იავორივში, სამხედრო სასწავლო მოედანზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

ინფორმაციას ლვოვის ოლქის გუბერნატორი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.

გუბერნატორის თქმით, რუსეთმა პოლიგონზე 30 რაკეტა გაისროლა.

იავოროვის პოლიგონი პოლონეთის, ნატოს წევრი სახელმწიფოს, საზღვართან ახლოს მდებარეობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ერთ-ერთია იმ ორი პოლიგონიდან, რომელსაც უკრაინა საერთაშორისო სამშვიდობო წვრთნებისთვის იყენებს. პოლიგონი ქალაქ ლვოვიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული.

რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს – ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ქიმიური იარაღი უკრაინაში – წერს გერმანული გამოცემა Welt -ი.

„ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ აბსურდული პრეტენზიები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ“, – განაცხადა  სტოლტენბერგმა გამოცემასთან და აღნიშნა, რომ კრემლი იგონებს ცრუ საბაბებს იმის გასამართლებლად, რაც არ შეიძლება იყოს გამართლებული.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. შესაძლოა, რუსეთმა თავად დაგეგმოს ქიმიური იარაღის ოპერაციები ამ სიცრუის შეთხზვით. ეს იქნება ომის დანაშაული”, – თქვა სტოლტენბერგმა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ირწმუნებოდა, რომ უკრაინა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს.

მსგავსი ბრალდებები რუსეთის მხრიდან სულ უფრო ხშირად ისმის. 9 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ უკრაინა და აშშ ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასა და ფლობაში დაადანაშაულა.

___________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/STEPHANIE LECOCQ

აჭარაში კოვიდის 42 ახალი შემთხვევა დადასტურდა

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 7 729 ტესტი კორონავირუსზე.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 24 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით.

აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა კოვიდის 42 ახალი შემთხვევა. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10,65% პროცენტი.

დღეის მონაცემებით, 1 443 ადამიანს კორონავირუსზე კლინიკებში მკურნალობენ.

ქობულეთში „მარშუტკით“ მგზავრობა 20-50 თეთრით გაძვირდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები მგზავრობის ტარიფის გაზრდას აპროტესტებენ. მათი თქმით, ბათუმი -ქობულეთის ხაზზე მგზავრობის ფასი – 50 თეთრით, ქალაქში გადაადგილება კი 20 თეთრით გაიზარდა.

გაზრდილი ტარიფით ქობულეთიდან ბათუმში ან პირიქით მგზავრობის ფასი 2,50 ლარია, ხოლო ქალაქ ქობულეთში – 70 ან 90 თეთრი.

ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით ქობულეთის საკრებულოს არ უმსჯელია. მერიაში კი გვითხრეს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი არ იზრდება.

„რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსების ფასებს, კერძო კომპანიაა და ჩვენ ვერ ვარეგულირებთ, ისინი საერთაშორისო გზატკეცილზე მოძრაობენ, რაც ჩვენი რეგულირების ზონაში არ შემოდის“ – გვითხრეს ქობულეთის მერიაში.

მძღოლები მგზავრობის ფასის გაზრდას საწვავის ფასების ზრდას უკავშირებენ.

თებერვალში საქართველოში საწვავი 12-15 თეთრით გაძვირდა, ბოლო პერიოდში კი მატებამ 20-30 თეთრს მიაღწია. როგორც Wissol-ის დირექტორი აცხადებს, საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდაა.

„ალტ-ინფო ეწევა იგივე პროპაგანდას, რასაც რუსული სახელმწიფო მედია“ – ინტერვიუ

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას „ალტ-ინფოს“ წამყვანები და იმავე დროს კრემლისტური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები მკვეთრად რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებდნენ და ცდილობდნენ, კრემლის პოლიტიკა გაემართლებინათ.

ამავე დროს, რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებების მსგავსად, „ალტ-ინფოს“ წამყვანების მხრიდან აქცენტი რუსეთის სამხედრო უპირატესობის დემონსტრირებაზე კეთდებოდა“ – წერს „მითების დეტექტორი“ და ამის საილუსტრაციოდ ვრცელ კვლევას აქვეყნებს.

როგორ მუშაობს დეზინფორმაციის მანქანა რუსეთ-უკრაინის ომის დროს და ვინ და როგორ ავრცელებს საქართველოში კრემლის ნარატივს? – ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიებების ლაბორატორიის მკვლევარი სოფო გელავა პასუხობს. ეს ორგანიზაცია იდენტურ საკითხებს გლობალურ ჭრილში სწავლობს.

  • ქალბატონო სოფო, როგორ მუშაობს დღეს დეზინფორმაციის მანქანა უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით?

დეზინფორმაციის მთავარი გზავნილი დღეს საქართველოში არის ის, რომ „თუ ჩვენ ხმამაღლა დავუჭერთ მხარს უკრაინას. გავაღიზიანებთ რუსეთს; ეს იქნება პროვოკაცია, რუსეთი შემოიჭრება და რა გვინდა ჩვენ, იგივე გვინდა რაც უკრაინაში ხდება? – ვერ ხედავთ, რომ უკრაინა მარტოა და ვერ ხედავთ, რომ სანქციები არ მუშაობს? ვერ ხედავთ რომ ყველამ მიატოვა?“ – ეს არის დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივების მცდელობა.

სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია თეორიულად ვილაპარაკოთ, სანქციები როდის მუშაობს ან არ მუშაობს, კარგი ნაბიჯია – არ არის კარგი ნაბიჯი. კრიტიკაც ნატოს, ან ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ეს არ არის ცალსახად, ანტიდასავლურობა, ხომ? – პირიქით შიდა წრეებშიც არიან კრიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ბევრად მეტია ახლა საჭირო, რუსეთის შესაკავებლად, მაგრამ ეს საერთოდ სხვა დისკუსიაა სინამდვილეში.

საზოგადოებრივი მხარდაჭერა მთელი მსოფლიოსი, ის, რომ ერთხმად უჭერენ უკრაინას მხარს, ასეთი უპრეცედენტო ერთობა რეალურად არც ყოფილა.

  •  „მედუზა“ და „ბიბისი“, ასევე ფეისბუკი რუსეთში სრულად ხელმისაწვდომი 3 მარტიდან აღარ არის. ეს რას შეცვლის?

ახლა უკვე ტრანსფორმაცია მოახდინა რუსეთის დეზინფორმაციამ და ეს აქაც აისახება ცხადია, აქაურ პროპაგანდისტულ ჯგუფებზე, იმ თვალსაზრისით, რომ „ნახეთ, ისეთი ამბავია, რომ რუსეთმა დაბლოკა ფეისბუქი, დაბლოკა ინსტაგრამი“. ანუ რა ხდება? – შეზღუდა ის სოციალური ქსელები, რომლებსაც წლების მანძილზე იყენებდა დეზინფორმაციისა და საინფორმაციო ოპერაციების გასავრცელებლად, დასაგეგმად და განსახორციელებლად.

ახლა რასაც ვუყურებთ, 24 თებერვლის შემდეგ ისეთი ფორმა აქვს დეზინფორმაციას მიღებული რუსეთში, რომ რუსეთის ხელისუფლება სინამდვილეში საკუთარ საზოგადოებას ატყუებს, უმალავს სიმართლეს და ამყოფებს ინფორმაციულ ვაკუუმში. ამის მიზანია ის, რომ რუსეთის ხელისუფლებას უნდა საზოგადოებისგან იგრძნოს მხარდაჭერა – „კი, სწორია რუსეთის აქტივობები, სწორია რუსეთის ომი უკრაინაში“.

ეს შემდეგ გადმოითარგმნება ხოლმე და მსგავს გზავნილებს, მსგავს ნარატივებს ვხვდებით ადგილობრივ პროპაგანდისტულ ჯგუფებში.

მაგალითად „სპუტნიკ საქართველო“ წერდა, რომ დენაციფიკაცია ეს არის უკრაინის გათავისუფლება. „ნიუსფრონტ საქართველოს“ 24 თებერვალს მასალა ჰქონდა გამოქვეყნებული, რომ „უკრაინის თქმით, რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში“. შეიძლება ეს პირდაპირი მკაფიო დეზინფორმაცია არ იყოს, მაგრამ როგორ შეარჩევ სიტყვას, სტრიქონებს, სათაურებს, რა კონტექსტს იყენებ, როგორ ახდენ კონტექსტის დამახინჯებას და მანიპულირებას, რაღაც ნახევარსიმართლეებით – ეს არის ის, რასაც ვუყურებთ რეალურად.

  • მოვისმინეთ ბევრი შეფასება იმაზე, რომ უკრაინა იგებს საინფორმაციო ომს. ახლა რუსეთში ბევრი არხი, მათ შორის სოციალური ქსელები დაკეტილია, დეზინფორმაცია საქართველოში როგორ მუშაობს, რა კვებავს მას?

რუსეთში დეზინფორმაციის გასავრცელებლად უამრავი სხვა არხია: სახელმწიფო ტელევიზიები, ტელეგრამი, რუსული სოციალური ქსელები… რუსეთი დასავლურ პლატფორმებს იყენებდა გარეთ, დასავლური საზოგადოებების წინააღმდეგ.

ამერიკის რომელიღაც შტატში მცხოვრები ადამიანი ტელეგრამზე არ დარეგისტრირდება, რომ ინფორმაცია მიიღოს.

ფეისბუქი რომ რუსული წყაროებისთვის არის შეზღუდული, ეს არის ერთის მხრივ აღიარებაც, რომ მთელი რესურსი ახლა რუსეთის საინფორმაციო ომის არის გადართული რუსეთში საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებაზე. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის უკრაინის ომი ომი არ არის, ამბობენ, რომ ეს არის სამხედრო სპეცოპერაცია და უნდა გაშუქდეს მხოლოდ რუსულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

ეს შეზღუდვები რას მოასწავებს? – იმას, რომ ადამიანებმა ვერ მიიღონ ინფორმაცია რეალურად, რაც ხდება უკრაინაში და მიიღონ მხოლოდ ის, რაც სურთ, რომ რუსეთის ოფიციალურმა წყაროებმა გაავრცელონ და რაც სურს რუსეთის ხელისუფლებას, რომ გაიგოს საკუთარმა მოსახლეობამ.

  • რაც შეეხება ალტ-ინფოს, რომელიც რუსული ნარატივის მთავარ გამავრცელებლად სახელდება…

ალტ -ინფოს რაც შეეხება, ახალი არ არის ის, რომ წლების მანძილზე იზრდებიან და სხვადასხვა სტრატეგია აქვთ.

თავდაპირველად თუ იყო რაღაც ერთი პლატფორმა საიტის სახით, ახლა გაიზარდა, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა, ოფისებს ხსნის და აშკარად აქვს ფინანსური მხარდაჭერა და რესურსი ამისთვის.

სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ, რომ მისწვდნენ აუდიტორიას. ფეისბუქმა ბევრჯერ წაშალა მათი ქსელი და იმის გამო, რომ ყურადღების ცენტრში არიან, ახალ, ფართომასშტაბიან ქსელს, ისევ ისეთ მძლავრს, ვერ აამოქმედებენ. რამდენი გვერდიც შექმნეს და ლაივი გაუშვეს, მალევე დაიბლოკა ქართული აქტივიზმის შედეგად, და, ასევე ფეისბუქს ისედაც რადარზე ჰყავს.

ახლა დივერსიფიცირებას ცდილობენ არხების, როგორ მისწვდნენ საზოგადოებას, პარტიის სახით, ოფისების სახით, სხვა სოციალური მედიის პლატფორმების სახით, იქნება ეს ტელეგრამი, იუთუბი, ახალი საიტი შექმნეს თუ რამე სხვა… ასევე ლაივები, რომელებიც არის სხვადასხვა ფეისბუქ არხზე გაშვებული, შეიძლება პირდაპირ ვერ დააკავშირო ალტ-ინფოსთან, მაგრამ მულტიპლიკაციას მაინც ახდენენ ამ არხების და ყველაზე მნიშვნელოვანია ნაციონალური დაფარვის ლიცენზია რომ აქვთ და მაუწყებლობენ, როგორც ტელევიზია.

  • ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრჯერ გაჟღერდა მოთხოვნა პროპაგანდისტული არხების შეზღუდვაზე…

ხუთი ივლისის შემდეგაც იყო ამაზე დისკუსია, რომ პირდაპირ ეთერში ხდებოდა ძალადობისკენ მოწოდება და არსებობდა მყისიერი ძალადობის საფრთხე და  უნდა ამოქმედებულიყო შესაბამისი რეგულაციები და შეზღუდულიყო მათი მაუწყებლობა.

მე მახსოვს, რომ მედიასამართლის ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორისაც იყო აზრი გაყოფილი, რომ ეს არ უნდა დაემსგავსოს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას და ვინც „ალტ- ინფოს“ ეთერიდან ახდენდა ძალადობისკენ მოწოდებას, მობილიზებას საზოგადოების, კონკრეტულად ის პირები უნდა დაეჭირათ და გაესამართლებინათ შესაბამისი მუხლებით და ტელევიზიისთვის თავი უნდა დაენებებინათ.

დღეს უკვე ეს იმდენად შეცვლილია საერთაშორისო ფონიდან გამომდინარე, რომ არავინ აღარ ლაპარაკობს „რაშა თუდეის“ სიტყვის თავისუფლებაზე, არავინ ლაპარაკობს მარგარიტა სიმონიანის გამოხატვის თავისუფლებაზე, „სპუტნიკზე“ და ასე შემდეგ.

რაღაც უპრეცედენტო ამბავთან გვაქვს საქმე, მაუწყებლობები შეიზღუდა, კომპანიები გადიან, სხვა სურათი გვაქვს აბსოლუტურად და ახლა ვხედავთ, რომ რეალურად „ალტ-ინფო“ აკეთებს იმას, რასაც აკეთებენ რუსული სახელმწიფო არხები, კრემლთან დაახლოებული არხები, რაც გულისხმობს რუსეთის ომის დანაშაულებების გამართლებას და ამას ვხედავთ „ალტ-ინფოს“ ეთერშიც – გამართლებას ომის და იმ კატასტროფის, რასაც სჩადის რუსეთი უკრაინაში.

ყოველდღე შიშით ვუკავშირდები მშობლებს – აჭარაში მცხოვრები უკრაინელი ქალი

„ომის პირველი დღეები ყველაზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში, ამას ვერ გაიგებს ვერავინ, ვისაც ომი  პირდაპირ არ შეხებია. ჩემი დღე იწყება sms-ით მშობლებთან და ახლობლებთან, შექმნილი გვაქვს ჩატები, ყოველ 2-3  საათში ვეკითხები, როგორ არიან, შიშით ვაახლებ კავშირს მათთან“, – გვიყვება ანნა სერედა.

ანნა სერედა 10 წელია საქართველოში, აჭარაში ცხოვრობს, ქართველ მეუღლესთან და შვილთან ერთად. ის უკრაინიდან საქართველოში საცხოვრებლად 2012 ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც ოჯახი შექმნა.

ანას მშობლები და ახლობლები ახლა უკრაინაში არიან და დაბომბვების დროს თავს თავშესაფრებს აფარებენ.

„ჩემი მშობლები ახლა ქალაქ ზოლოტონოშაში არიან, ჩემი და ცხოვრობს ოდესაში, მაგრამ შვილთან ერთად გადავიდა დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ივანო-ფრანკივსკში, მისი ქმარი კი დარჩა ოდესაში, ქალაქის დასაცავად.

ჩემი ნათესავები ასევე იმყოფებიან სხვადასხვა ქალაქში: ჩერკასში, კიევში, მელიტოპოლში… ყველა ქალაქს საომარი ვითარება აქვს, ყველა ქალაქში სხვადასხვა სიტუაციაა. სიმშვიდე არსად არ არის“, – გვიამბობს ანნა.

ანნა გვიყვება, რომ პერიოდულად ხმოვან შეტყობინებას იღებს ბიძაშვილისგან, რომელიც ომში იბრძვის:

„ჩემი ბიძაშვილი იცავს ქვეყანას 2014 წლიდან, ახლაც ომშია. მთელი რვა წელი ლუგანსკში ცხოვრობდა. ახლა ეს ქალაქი, ომის შედეგად, მიწასთანაა გასწორებული. მასთან კავშირის დამყარება ხშირად ვერ ხერხდება, ზოგჯერ ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის.“

ანნას ინფორმაციით, ახლა განსაკუთრებულად ცხელი წერტილებია ქალაქი ირპენი, ბუჩა, ბროვარი, ხარკოვი, მარიუპოლი და კიდევ რამდენიმე ქალაქი:

„ჩემს ყველა ნაცნობს ესმის გამაფრთხილებელი სირენების ხმა დღეში რამდენჯერმე და იმალებიან სარდაფებში.

ახლა ყველა დახმარება მიმართულია იმ ქალაქებისკენ, სადაც ყველაზე რთული სიტუაციაა. ჩემი ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები რჩებიან უკრაინაში. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დასრულდება და არ მოუწევთ ქვეყნის დატოვება“.

ანნას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის დახმარება, რომელსაც ქართველი ხალხი უკრაინის მიმართ იჩენს:

„მადლობა საქართველოს, რომ გვეძლევა საშუალება, დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს, ალბათ აღარ დარჩა ადამიანი, ვისაც მონაწილეობა არ მიუღია ჰუმანიტარულ მისიაში. გული სავსე მაქვს ამ დახმარების გამო, მადლობელი ვარ მათი, ვინც მირეკავს, მწერს და მეკითხება, როგორ ვგრძნობ თავს და რით შეუძლიათ დამეხმარონ“.

ანას ხუთი წლის შვილი ჰყავს. გვიყვება, რომ დიდხანს ცდილობდნენ ბავშვს არაფერი გაეგო ომის შესახებ, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა:

„ხედავდა, როგორი მოწყენილი ვიყავი, ესმოდა ჩემი საუბრები მამამისთან. ესმოდა, რაზე ვესაუბრებოდი მის უკრაინელ ბებიას და ბაბუას. აღელდა, დაიწყო კითხვების დასმა, მეკითხება, ვინ ვის ეომება, ვინ დაიწყო ომი და რატომ, შეგვიძლია თუ არა გავფრინდეთ უკრაინაში ბებიასთან და ბაბუასთან.

ბაღში დადის, სადაც სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობენ, არიან რუსებიც, მას ჰყავს ნახევრად რუსი მეგობარი, მან არ უნდა განასხვაოს ბავშვები ეროვნების მიხედვით“.

___

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს პასუხად მკაცრი სანქციები დაუწესა, თუმცა უკრაინაში ომს რუსეთი არ აჩერებს.

ომი უკრაინაში – 7 ამბავი ფოტოზე

17 დღეა უკრაინაში ომია. 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის თავდასხმამ ქვეყანა სხვა რეალობაში გადაიყვანა. იბომბება ქალაქები და სოფლები, 2.5 მილიონზე მეტი უკრაინელი დევნილად იქცა. ომის შედეგად დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, უკრაინის მონაცემებით, 79 ბავშვია.

ეს ფოტოები ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტოგრაფებმა 10-12 მარტს გადაიღეს უკრაინაში. 7 ფოტო სხვადასხვა და ამავე დროს ერთ ამბავს გვიყვება – ამბავს ომზე უკრაინაში.

უკრაინა, ქალაქი ჟიტომირი. 26-ე სკოლის დაბომბილი შენობა. 11 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES
უკრაინელი ლტოლვილები ბელგიაში, ბრიუსელში, საემიგრაციო ოფისის წინ ელოდებიან რიგს. 12 მარტი, 2022 წელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/OLIVIER HOSLET
ოდესის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში უკრაინელები ახლა იარაღის გამოყენებას სწავლობენ. იარაღის გამოყენებას ყველა მსურველს, ყოველდღე ასწავლიან. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MARIA SENOVILLA
88 წლის ქალი ქალაქ ერპენის მოხუცთა თავშესაფრიდან ევაკუაციამდე ცოტა ხნით ადრე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ROMAN PILIPEY
უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ხარკოვს იცავენ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/VASILIY ZHLOBSKY
უკრაინელი ჯარისკაცი ელექტროსკუტერზე, კიევში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES
უკრაინელი შეყვარებულების დამშვიდობება კიევის რკინიგზის სადგურში. გოგო კიევს ტოვებს, ბიჭი კი რჩება. კიევი, 11 მარტი, 2022 წელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/მიხაილ პალინჩაკი

იტალიაში დააყადაღეს რუსი ოლიგარქის 143 მეტრის სიგრძის იახტა

იტალიაში დააყადაღეს რუსი მილიარდერის, მელნიჩენკოს 143  მეტრის სიგრძის იახტა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ანდრეი მელნიჩენკოს ევროკავშირის სანქციები შეეხო, როგორც ციმბირის ქვანახშირის მწარმოებელი კომპანიის  СУЭК -ისა და მინერალური სასუქების უმსხვილესი მწარმოებლის – ЕвроХим-ის მფლობელს.

მან კომპანიები სწრაფად გადასცა სხვა მფლობელებს და დატოვა დირექტორთა საბჭოები, მაგრამ იახტა მაინც დააყადაღეს.

მელნიჩენკოს ქონება, „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, 24 მილიარდი აშშ დოლარია.

____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SEBASTIEN NOGIER

 

 

გაიაქტიურე „სილქფესტის“ მრავალფეროვანი პაკეტები შეუზღუდავად

სილქნეტი 12 წლისაა! საიუბილეო დღეებში განსაკუთრებულად მრავალფეროვანი „სილქფესტი“ მოუმზადა კომპანიამ მომხმარებელს. 

12-13 მარტს, შესაძლებელია შეუზღუდავად გაიაქტიუროთ სასურველი პირობა და კომბინაციით  *202# ან აპლიკაცით „My Silknet” ჩაირთოთ მთელი თვით :

  • 500 ლოკალური წუთი – 7 ₾
  • 8 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 8 ₾
  • ულიმიტო სასაუბრო*  – 10 ₾
  • ულიმიტო ინტერნეტი – 19 ₾ 

 ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

სილქფესტის აქციები განკუთვნილია, სილქნეტის ქსელში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და საუკეთესო შეთავაზებაა მომხმარებლისთვის, მინიმალურ ფასად მაქსიმალურად მეტი სერვისი მიიღოს.

გაიგეთ მეტი სილქფესტის შესახებ.

ბათუმში თოვლჭყაპი გაგრძელდება, ღამით ყინვაა მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მარტის 21 საათიდან 13 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით ნალექი, მთაში თოვა, მაღალ მთაში ნისლი და ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 14-15 მარტს, აჭარის სანაპირო რაიონებში კვლავ ნალექია მოსალოდნელი, მთაში – თოვა, მაღალ მთაში კი ნისლი და ქარბუქი.

_______________

თამილა ხალვაშის ფოტო

„დოიჩე ბანკი“ და „ქოლგეითი“ რუსეთში საქმიანობას აჩერებენ

გერმანული „დოიჩე ბანკი“ აცხადებს, რომ წყვეტს საქმიანობას რუსეთში.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მხარს ვუჭერთ გერმანიის მთავრობას და მის მოკავშირეებს ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად“, – ნათქვამია Deutsche Bank-ის განცხადებაში.

რუსეთში ინვესტიციებსა და იმპორტზე უარი განაცხადა ასევე კომპანია „ქოლგეით – პალმოლივმა“, რომელიც ჰიგიენურ საშუალებებს აწარმოებს. კომპანიამ შეაჩერა რუსეთში სარეკლამო კამპანიები და 1 მლნ დოლარი გამოყო წითელი ჯვრისთვის უკრაინელი დევნილების დასახმარებლად.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ევროკავშირმა მკაცრი სანქციები დააწესა, ასობით მსხვილმა კომპანიამ შეაჩერა საქმიანობა რუსეთში.

___________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/RONALD WITTEK

დადასტურდა კოვიდის 1243 ახალი შემთხვევა

12 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 243 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 13 522 ტესტი კორონავირუსზე.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9,19 პროცენტი.

დღეის მონაცემებით, 1503 ადამიანს კორონავირუსზე კლინიკებში მკურნალობენ.

რა ძალები დარჩა რუსეთს უკრაინაში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

ყარაბაღი ახსენდება გადამდგარ გენერალს რუსეთ-უკრაინის ომის საუბრის დროს დღეს, 11 მარტს, ომის დაწყებიდან მე-17 დღეს.  სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ეცდება ომი „პატარ-პატარა შეტაკებების“ ეტაპზე გადაიყვანოს და უკრაინა ასე „გამოფიტოს“.

გადამდგარი გენერალი ინტერვიუს დროს გვიმხელს წინათგრძნობას – „გაყინვის ფაზამდე“ რუსეთი კიდევ ერთ ფართომასშტაბიან შეტევას წამოიწყებს პაუზის შემდეგ, რომელიც ახლა აქვს რუსეთს აღებული დასუსტებული არმიის მოსაძლიერებლად.

რას უნდა ველოდოთ? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი დაკვირვებით, რა ფაზაშია ახლა ომი უკრაინაში? 

მას შემდეგ, რაც არ გამოვიდა გერმანული „ბლიცკრიგი“, არც ამერიკული სწრაფი დომინირება, ახლა არის მცდელობები დაკავებული პოზიციების გაუმჯობესების. ორივე მხრიდან არის ლოკალური შეტაკება, მათ შორის, კონტრშეტევები უკრაინის მხრიდან.

ფაქტობრივად, რუსები რაიონებს ვერ აკონტროლებენ, თუ არ ჩავთვლით დონეცკი-ლუგანსკის და ყირიმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებას მარიუპოლის მიმართულებით, სადაც არის მცდელობა დერეფანი გაიჭრას რუსეთსა და ყირიმს შორის. დანარჩენ მიმართულებებს რუსები თუ აკონტროლებენ, აკონტროლებენ გზებს, ან მხოლოდ ცალკეულ მიმართულებებს… რუსეთის ძალები არის შეჭრილი ვიწრო ზოლებად. შეტევის ყველა გადაადგილება ასუსტებს შეტევას, რადგან ის იწელება, გადის წინ და უფრო მოწყვლადი ხდება.

როგორც ჩანს, უკრაინელებმა უკვე მიიღეს ღამის ხედვის აღჭურვილობა, რაც მათ აძლევს ღამით ბრძოლის შესაძლებლობას. როგორც წინა ინტერვიუში აღვნიშნე, რუსებს არ შეუძლიათ ღამით ბრძოლა. ეს ატეხილი აჟიოტაჟი, რომ ღამით კიევს აიღებენ, ეს ღამე იქნება გადამწყვეტი და ასე შემდეგ, ბუნებრივია, არ იყო რეალური, რადგან რეალურად ღამით რუსები მხოლოდ ბომბავენ. დიდმასშტაბიან მოქმედებებს ისინი იწყებენ გათენებიდან.

ამ ბრძოლამ უკვე მიიღო პოზიციური ომის სახე. ეს პოზიციური დაპირისპირებაა, როცა ორივე მხარე ცდილობს შეინარჩუნოს მოპოვებული პოზიციები და ომის შედეგი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია დაკავებული პოზიციების ხელსაყრელობით, ან არახელსაყრელობით.

  • ეს იგივეა, რაც ომის „გაყინვა“, რაზეც უკვე საუბრობენ ანალიტიკოსები? ეს შესაძლოა სურდეს მოსკოვს, რომელიც წინ ვერ მიდის, მაგრამ რატომ შეიძლება აწყობდეს უკრაინას? 

ტერმინი „გაყინვა“ უფრო დიპლომატიური ტერმინია, ჟურნალისტური და არა სამხედრო. სამხედრო ტერმინია „პოზიციური დაპირისპირება“, ან „პოზიციურ ფაზაში გადასვლა“, ან „ოპერატიული პაუზის აღება“. შესაძლებელია, რომ გადაიყვანოს რუსეთმა დაპირისპირება, ასე ვთქვათ, სტაგნაციურ ფაზაში, ვინაიდან ამ შემთხვევაში მის მიზანს შესაძლოა იყოს უკრაინის დემოგრაფიული და ეკონომიკური გამოფიტვა. როცა ჩვენ ვიძახდით იმას, რომ ყველაზე ეფექტური იქნებოდა რუსეთის გამოფიტვის სტრატეგიის წარმოება, ამ პროცესის დაწყებამდე რუსეთი შევარდა უკრაინაში, რაც მისთვის აღმოჩნდა კატასტროფული. ახლა რუსეთი უკრაინას გამოფიტავს. წარმოიდგინეთ, ასეთ დაძაბულობაში დატოვებს მოსახლეობას, სადაც რთული იქნება ინვესტიციების შესვლაც.

თუმცა უკრაინის გვერდით მთელი მსოფლიო დგას და ვფიქრობ, რუსეთის ეს გათვლა ნაკლებად იმუშავებს. ამ დაპირისპირებამ შესაძლოა მიიღოს იგივე ფორმა, როგორიც არის დღემდე ყარაბაღში, ანუ დაპირისპირება იქნება, პერიოდულად პატარ-პატარა შეტაკებებიც იქნება და რუსეთი ეცდება, დაკავებული ტერიტორიები შეინარჩუნოს. ამავდროულად, რუსეთი შეეცდება შიდა აუდიტორიაში წარმოაჩინოს თავი, როგორც გამარჯვებულმა.

ჩანს, რომ რუსეთს აქვს განსაკუთრებული ძალისხმევა მარიუპოლზე, რადგან მარიუპოლის აღებით რუსეთი შეკრავს დერეფანს და აზოვის ზღვას მოწყვეტს მთლიანად უკრაინას. ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება უკრაინისთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მარიუპოლი ახლა არის ერთადერთი წერტილი კუნძულივით, რომელიც ხელს უშლის ამ დერეფნის გაყვანას. სწორედ ეს ფაზაა ახლა, რომ შემოიერთოს ეს ტერიტორიები, ვიდრე საბოლოო ფაზაში გადავალთ. შემდეგ უკვე დაკავებული პოზიციების მნიშვნელობაზე იქნება დამოკიდებული მორიგი ნაბიჯები.

ვფიქრობ, მსხვილმასშტაბიან დარტყმას ისევ განახორციელებს რუსეთი კიდევ ერთხელ, სისულელეს აკეთებს რუსეთის გენშტაბი.

  • თქვენი სამხედრო გამოცდილება გეუბნებათ, რომ ამ ვერსიაზე მუშაობენ ახლა რუსეთის გენშტაბში?  

არსებობს მონაცემები, რომ ციმბირიდან დაიძრა გარკვეული დანაყოფები, როგორც ჩანს, გაძლიერებისთვის. სირიიდანაც გამოჰყავთ დანაყოფები. რუსეთი სირიაშიც აგროვებს მოხალისეებს, რომლებსაც, სხვათა შორის, აქვთ ქალაქებში ბრძოლის გამოცდილება. ეს მიუთითებს რუსეთის მხრიდან ოპერატიული პაუზის აღებაზე, რომ მოახერხოს მობილიზება და დამატებითი ძალებით ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელება.

რთულია ახლა იმის თქმა, რა მიმართულებით იქნება ეს შეტევა, თუ ისევ დაქსაქსავს რუსეთი ამ ძალებს. ჩემი წინათგრძნობით, კიდევ ერთ შეტევას განახორციელებს რუსეთი.

ნათლად გამოჩნდა პოლიტიკური ჩარევა რუსეთის გენშტაბის მუშაობაში, როგორც ეს ჩანდა 2008 წლის ომის დროს. გამოჩნდა ასევე, რომ დიდი მასშტაბის კორუფციაა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და არამიზნობრივად იხარჯებოდა ჯარისთვის გამოყოფილი თანხები. ეს ეტყობა, როგორც ტექნიკის, ისე ჯარისკაცების მდგომარეობას, აღჭურვილობას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სერგეი შოიგუს [რუსეთის თავდაცვის მინისტრი] დიდი „დამსახურებაა“.

ირონიული ნაბიჯიც ვნახეთ უკრაინის მხრიდან, როცა უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტომ მადლობის წერილი გაუგზავნა შოიგუს უკრაინაში შეჭრის მომზადების პერიოდში წარმატებული კორუფციისთვის. წერილს თან ერთოდა რუსული ტანკის აღჭურვის ფოტოები, როცა ასაფეთქებლების ნაცვლად ჩაწყობილი იყო კვერცხის შესანახი კარდონები… შესაძლოა, ეს იყოს საინფორმაციო-პროპაგანდისტული ფოტოები. შესაძლოა, იყოს სიმართლეც. თუმცა ფაქტი ერთია: რუსეთის შეიარაღებულ ძალები არ აღმოჩნდა ამ ომისთვის შესაბამისად მომზადებული.

საინტერესო იყო ამ კუთხით ბრიტანელების მონაცემებიც, როცა აღმოჩნდა, რომ ზოგადად რუსული ჯავშანტექნიკაც არ იყო მზად. ჯავშანტექნიკას სჭირდება, როგორც მიმდინარე, ასევე პერიოდული შემოწმება, პერიოდულად უნდა შემოწმდეს წნევა ბორბლებში. როდესაც უკრაინაში შევიდა ეს ტექნიკა და მოუწია მიწაზე გადადგილება, საჭირო გახდა ბორბლების გამოცვლა, რადგან ჰაერის გამოშვების შემდეგ ხელახლა ვეღარ გაბერეს, ტექნიკის ნაწილი დატოვეს კიდეც. ეს ბრიტანელების მონაცემია, რომელიც სიმართლეს ნამდვილად ჰგავს.

  • რუსული არმია სუსტია – ეს მოსაზრება ძლიერდება. თქვენ, როგორც სამხედრო, მიიჩნევთ, რომ ეს შეხედულება ზერელეა, რადგან ხარისხის მიუხედავად რაოდენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხედრო დაპირისპირების დროს, თუ უკვე გამოჩნდა, რომ დასავლეთის მიერ შეიარაღებული უკრაინა მოახერხებს უკრაინის ტერიტორიიდან რუსი ოკუპანტების გაძევებას? 

ისევე, როგორც არ შეიძლება მოწინააღმდეგის გადაფასება, ასევე არ შეიძლება მისი შეუფასებლობა. ასე რომ ვიფიქროთ, რომ რუსეთის არმია დაიშალა, ასე არ არის ნამდვილად, მათ გარკვეული რესურსი გააჩნიათ და ეს ომი მიიღებს ძალიან ხანგრძლივ ხასიათს, მით უმეტეს, თუ გაყინულ ფაზაში გადავა, როგორც თქვენ ახსენეთ.

საერთოდ, შეიარაღებულ ძალებსა და ოპერატიულ გათვლებში რაოდენობას გააჩნია თავისი ხარისხი – თქვენ თუ გაქვთ „კალაშნიკოვი“ და მე თუ მყავს 10 კაცი მოსინის შაშხანით, უპირატესობა ჩემი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხელში უკეთესი იარაღი გიჭირავთ.

ასე რომ, ეს იოლი ომი არ იქნება უკრაინისთვის, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენა, რომ ის საკმაოდ მოტივირებულია და გაწვრთნილი.

  • ამ კრიზისულ ვითარებაში რამდენად რეალურია უკრაინაში გადაისროლონ დანაყოფები სოხუმიდან, ცხინვალიდან, ასევე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან? 

შესაძლოა, რაღაც ტექნიკა და ჯავშანტექნიკა გადაიყვანონ, ასევე სამხედროები, მაგრამ მთლიანად ველს ვერ მოაშიშვლებენ. რუსებს სამხედრო ძალა სჭირდებათ ჩრდილოეთ კავკასიაში და ამიერკავკასიაში, ასევე შუა აზიის საზღვრებთან, სადაც ათასობით თალიბანელი ნატოს საუკეთესო იარაღით დგას საზღვრებზე…

რუსები შორეულ აღმოსავლეთსაც ვერ მიატოვებენ. ნახეთ ალბათ იაპონიამაც გაიხსენა კურილის საკითხი. ასე რომ, ვფიქრობ, რაღაც ნაწილს გადაიყვანენ.

  • თქვენ ისევ ელით ფართომასშტაბიან შეტევას. უშვებთ, რომ შესაძლოა ნატოს მოუწიოს ამ ომში ჩართვა განსაკუთრებით მას შემდეგ, თუკი კიევს და უკრაინის სხვა დიდ ქალაქებს ციდან გაანადგურებს რუსეთი? 

ჩანს, რომ რუსეთს უკრაინის დიდი ქალაქების აღების ძალა და უნარი არ გააჩნია.

შესაბამისად, ძირითადად საუბარია უმოწყალო დაბომბვაზე. დასავლეთისთვის უკრაინა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მგონია, რომ ის ცის დახურვაზე წამოვიდეს, რაც გულისხმობს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით ცის დახურვას. როგორც ვიცი, ბრიტანეთმა მიაწოდა ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები უკრაინას. მსგავსი რაკეტები და საშუალებები თუ მიეწოდა უკრაინას, ასე თავისუფლად ფრენას ვეღარ შეეძლება რუსეთს. დღესაც ვერ დაფრინავენ თავისუფლად, ბევრი ვარდება, როგორც ხედავთ. ფაქტობრივად, ინტენსიური დაბომბვები აღარ არის, როგორც ადრე იყო, მაგრამ იბომბება საავადმყოფოები, დასახლებული ადგილები…

მე თუ მკითხავთ, უკრაინას ნატოს ჩართვა არც სჭირდება, მას საკმაოდ ძლიერი შეიარაღებული ძალები აქვს, რუსეთზე არანაკლები. უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურობაც გაიზრდება თანამედროვე შეიარაღების მიწოდებით, ასევე სპეციალისტების, ოპერატორების გადამზადებით. გარდა ამისა, ყოველდღიურად იზრდება მოხალისეების შედინება უკრაინაში. იაპონიაც აპირებს სამხედრო ტექნიკით დახმარებას.

ნატო რომც შევიდეს უკრაინაში, რუსეთი ხომ მაინც დაბომბავს? ხალხი საბრძოლველად ჰყავს უკრაინას. მთავარია, რომ მას ჰქონდეს აღჭურვილობა და შესაბამისი მხარდაჭერა.

  • პენტაგონის სპიკერმა – ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ განიხილება ალტერნატიული ვარიანტები, რაც უფრო მიესადაგება უკრაინას. რა შეიძლება იყოს ეს ალტერნატივა, თქვენი ვერსიით? 

ეს არის, მაგალითად, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, საშუალო და უფრო დიდი მანძილის სარაკეტო სისტემები, ნატოს ძალიან დიდი არსენალი აქვს და, როგორც ვიცი, ამზადებენ ოპერატორებს ახალი ტექნიკის ათვისებაზე. ასე რომ, ამ ტექნიკის გამოყენება ნამდვილად არ იქნება კარგი რუსებისთვის. ახლა მთავარია, ხალხი იყოს მაქსიმალურად გამორიდებული დარტყმებს. საშინელებაა, რომ ამ დერეფნებშიც არ აძლევენ მოქალაქეებს მშვიდობიანად გავლის შესაძლებლობას, ან უხსნიან დერეფანს მხოლოდ რუსეთის მიმართულებით.

ნამდვილად ნატოს დამსახურებაა, რომ მომზადებულია უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალები და ასე ეომება რუსეთს.

  • ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა ხაზი გაუსვა რუსეთში ბირთვული არსენალის არსებობას და იმას, რომ „ესკალაციის რეალური საფრთხე არსებობს“. ის, რომ პუტინი ამ ბირთვული იარაღის გასაღებს ატრიალებს ხელში, რამდენად შესაძლებელს ხდის იმას, რომ რუსეთმა პოზიციების შეცვლა აიძულოს დანარჩენმა სამყარომ? 

ვფიქრობ, საბოლოოდ დაშლილი, დაქუცმაცებული  და არეული რუსეთიც საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველი იქნება ამ ბირთვული არსენალის გამო. მთავარია, ნატო მოიქცეს ჭკვიანურად და ბრძნულად და გააგრძელოს დარჩენა კონვენციური დაპირისპირების ფარგლებში.

ამ ეტაპზე, როგორც ხედავთ, უკრაინა აღარ იძახის ნატოში შესვლას, ის მზადაა დარჩეს ბლოკგარეშე ქვეყნად, ოღონდ უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს სხვა ქვეყნებიდან.

  • თვლით, რომ შეასრულებს მსგავს პირობას რუსეთი ამჯერად? აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა ნედ პრასმა, მაგალითად, აღნიშნა, პუტინი ახლა რა პრინციპებსაც არღვევს, ზუსტად იგივე დაარღვია 2008 წელს საქართველოსთან, როცა 6-პუნქტიანი შეთანხმება გაფორმდა. 

აქ მთავარია იმ ქვეყნების რეაქცია, რომლებიც გარანტორი იქნებიან – უკაცრავად, მაგრამ პირდაღებულებმა არ უნდა უყურონ შეთანხმების პირობების დარღვევას. რუსეთს საქართველოსთან ახლა და ისტორიულადაც რა ხელშეკრულებაც აქვს დადებული, ყველა დაარღვია.  გვახსოვს, რომ რუსეთმა დაარღვია ბუდაპეშტის შეთანხმებაც ისე, რომ დანარჩენმა ქვეყნებმა მაშინ თვალიც არ დაახამხამეს. შესაბამისად, რუსეთმა გადაყლაპა ყირიმი, ასევე დონეცკი-ლუგანსკი.

გარანტია სხვა რამეს უნდა ნიშნავდეს, სხვანაირად უნდა გაფორმდეს.

Hello to Ukraine – ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც უკრაინელებისთვის წერილის გაგზავნა შეგიძლიათ

ედო მჟავანაძე ბათუმელი ვებდეველოპერია, რომელმაც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ონლაინ პლატფორმის შექმნა გადაწყვიტა სახელად – Hello to Ukraine.

ამ პლატფორმის დახმარებით მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საშუალება ექნებათ უკრაინელებს წერილი გაუგზავნონ.

როგორც იდეის ავტორი აღნიშნავს, ეს ერთგვარი მორალური თანადგომაა და ამ ვებგვერდის საშუალებით ყველა მსურველი შეძლებს სოლიდარობის გამოხატვას უკრაინელი ხალხის მიმართ:

„ძალიან ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავს უკრაინაში და რაღაცნაირი გრძნობა მაქვს, თითქოს მთელი უკრაინა მეგობარია, რომელსაც დახმარება სჭირდება.

ზოგადად, ომის პერიოდში ყველა სტრესშია და თუ პირდაპირ არ უყურებ, როგორ გაცვივა ბომბები თავს, სიზმრებში მაინც ხედავ, თუ დაგეძინება.

ამ ყველაფერს უკრაინელები უმკლავდებიან ურთიერთობებით, ცდილობენ, რომ ერთმანეთი გაამხნეონ, მეც მინდოდა, რომ წვლილი შემეტანა ამ საქმეში.

მჯერა, რომ სიტყვებს მაგიური ძალა აქვთ და ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.

ეს პლატფორმაც იმიტომ შეიქმნა, რომ უკრაინას და, არა მარტო უკრაინას, დაანახოს ადამიანების სოლიდარობა სხვადასხვა ქვეყნებიდან და, ერთმნიშვნელოვნად, ფსიქოლოგიურადაც დაეხმარება,  მისცემს მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მყარად იდგნენ.

ძირითადად, რაც უკრაინელ ხალხს ესმის, ეს არის პოლიტიკოსების განცხადებები და დიდი გამოცემების სტატიები სოლიდარობაზე და ა.შ. ამიტომ მინდოდა მიმეცა შესაძლებლობა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც, რომლებსაც უბრალოდ მხარდაჭერის გამოხატვა უნდათ უკრაინელების მიმართ“ – გვიყვება ედო.

გარდა იმისა, რომ ვებგვერდის მეშვეობით წერილის გაგზავნა შეგიძლიათ, საშუალება გექნებათ, მიჰყვეთ ბმულს, რომელიც გადაგამისამართებთ საერთაშორისო საიტზე უკრაინისთვის დონაციის გასაღებად.

„ავსებ ფორმას, წერ სახელს, გვარსა და ეროვნებას, წერილის შედგენა შესაძლებელია 100-დან 2000-მდე სიმბოლოს გამოყენებით.

როგორც კი გააგზავნი, საიტზე იდება და მომხმარებელს ამისამართებს თავისივე წერილის გვერდზე, რომლის  გაზიარება შეუძლია ნებისმიერ სოციალურ ქსელში და, ამავდროულად, წერილი იგზავნება Hello to Ukraine-ს ტელეგრამის არხზე და უკრაინელი მოსახლეობისთვის შეტყობინებების  ნახვა საიტზე შესვლის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ნებისმიერ წერილს ქვემოთ აქვს  ფეისბუქ კომენტარის ფუნქციაც და შეგიძლიათ იპოვოთ დონაციის ბმულიც“ – ამბობს ედო მჟავანაძე.

ედო ასევე ავტორია საიტისა homeline.ge, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეებს უკრაინელებისთვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზება შეუძლიათ.

აჭარაში მთავრობამ 200 ათასი ლარი გამოყო უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის

აჭარის მთავრობის ცნობით, უკრაინის დასახმარებლად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ჯამში 200 ათასი ლარის გამოიყო.

თანხა ასე ნაწილდება:

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდი – 110 000 ლარი; ბათუმის მერია – 50 000 ლარი; ქობულეთის მერია – 10 000 ლარი; ქედის მერია – 10 000 ლარი; ხელვაჩაურის მერია – 10 000 ლარი; შუახევის მერია – 5000 ლარი; ხულოს მერია – 5000 ლარი.

აჭარის მთავრობის ცნობით, აღნიშნული თანხა უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთვისთვისაა განკუთვნილი. ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს სამედიცინო ნივთებს, მედიკამენტებს, არამალფუჭებად პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება უკრაინის საელჩოსთან კოორდინაციით განხორციელდება უკრაინაში განთავსებული ჰუმანიტარული დახმარების შესაბამის ცენტრებში.

______________

ფოტო: აჭარის მთავრობა

მიწისქვეშა ბათუმი – საბჭოთა ბუნკერები ომის დროს თავის შესაფარებლად

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, საქართველოში აშენებულ ახალ შენობებში სპეციალურ სარდაფებს აწყობდნენ. ასეთ ადგილს სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობები ერქვა და ის აღჭურვილი იყო ყველა აუცილებელი ნივთით, რაც საჰაერო ან ატომური თავდასხმის დროს შეიძლებოდა დასჭირვებოდათ მოქალაქეებს.

ფოტოგრაფი გიზო ჩიგოგიძე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობის წარმომადგენელია. იხსენებს, რომ ბავშვობაში ის და მისი თანატოლები სპეციალურ სწავლებას გადიოდნენ, როგორ უნდა დაეცვათ თავი ავიათავდასხმების ან ატომური ბომბის აფეთქების შემთხვევაში.

„მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან ვცხოვრობ. ამ შენობის ქვეშ სამი მეტრი სიგანის სარდაფია, სადაც დაბომბვის შემთხვევაში მოსახლეობას შეეძლო თავი შეეფარებინა. ჩვენი პერიოდის ბიჭები, 70-80-იან წლებში ვინც ვიზრდებოდით, ყველა ვიყავით ინფორმირებული, თუკი აფეთქება მოხდებოდა, თავი როგორ დაგვეცვა. გვიტარდებოდა სწავლება, თუ როგორ უნდა გამოგვეყენებინა აირწინაღები, როგორ უნდა გაგვეწია პირველადი დახმარება დაშავებულებისთვის.

ასევე, ამ სარდაფებში იყო საკვები – კონსერვები და წყალი, რომ ადამიანს რამდენიმე დღე გაეძლო. მართალია, ყველაფერი კუსტარულ დონეზე იყო, მაგრამ ერთი-ორი დღე გაძლებდი, უცებ არ მოკვდებოდი,“ – იხსენებს გიზო.

თავშესაფარი ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ქვეშ

არქიტექტორი გია ბაღოშვილი იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ბათუმში არსებობდა საპროექტო „საქალაქმშენ სახპროექტი“, სადაც დგებოდა ქალაქში ასაშენებელი სახლების პროექტები. ამ პროექტებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობები გათვალისწინებული.

„ყველა დეტალი იყო გათვლილი. კედლების სისქე, მდგრადობა, ყველაფერს ექსპერტიზა უკეთდებოდა. სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობების მიზანი იყო, რომ თავდასხმის შემთხვევაში მოსახლეობას თავი შეეფარებინა და მინიმუმ ერთ თვეს გაეძლო. ეს იყო სპეციალურად  აშენებული დიდი, სქელკედლებიანი სარდაფი. სარდაფებში იყო სპეციალური თაროები მოწყობილი, სადაც ელაგა აირწინაღები, წყლის ბალონები და მშრალი კონსერვები. მე ვცხოვრობდი გამსახურდიას პირველ ნომერში, ბულვარის წინ. ამ სახლს ჰქონდა სარდაფი, დაბომბვისგან თავდასაცავად“, – იხსენებს გია ბაღოშვილი.

ერთ-ერთი სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობის შესასვლელი ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე

არქიტექტორის თქმით, მსგავსი სახლების მშენებლობა საბჭოთა კავშირში ბრეჟნევის მმართველობის ხანაში დასრულდა. მოგვიანებით, საბჭოთა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქალაქგეგმარებითი პოლიტიკაც შეიცვალა. იმპერია აღარ მიიჩნევდა საჭიროდ ახალაშენებულ სახლებს თავშესაფრები ჰქონოდა.

ბათუმში რამდენიმე ადგილასაა სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობა. გია ბაღოშვილის თქმით, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშესაფარი ბათუმის სამუსიკო სასწავლებლისა და ბათუმის მერიის ქვეშ გადის. თავშესაფარი რამდენიმე წლის წინ გარემონტდა კიდეც. მისივე თქმით, თავშესაფრების ნაწილი, რომლებიც გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული საცხოვრებელი კორპუსების ქვეშაა, კერძო პირების საკუთრებაშია.

„მემედ აბაშიძის #1-ში მდებარე კორპუსს აქვს თავშესაფარი. იქ ადრე ჩემი სამსახური იყო, საპროექტო. მახსოვს თავშესაფრის ადგილას საბილიარდო იყო მოწყობილი. შესვენებაზე ჩავდიოდით და ვთამაშობდით,“ – იხსენებს გია ბაღოშვილი.

მემედ აბაშიძის #1-ში თავშესაფარი ახლა დაკეტილია.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე, ასლან ჭანიძე, კიდევ ერთი სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობის შესახებ მოგვიყვა. თავშესაფარი ბათუმის ბულვარის შესასვლელთან არსებული კორპუსის ქვეშაა. აქაც ბოქლომები ადევს შესასვლელ კარს. ასლან ჭანიძის თქმით, 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, თავშესაფრები უბანში მცხოვრები ბავშვების თავშეყრისა და გართობის ადგილად იქცა.

„15-16 წლის ვიყავით. სკოლაში გვიტარდებოდა სამხედრო გაკვეთილი და ყველამ ვიცოდით ამ ნაგებობების დანიშნულება. ეს ობიექტები დალუქული იყო. მაგრამ 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამ თავშესაფრებს აღარ აკონტროლებდნენ. ამიტომ გაიხსნა თავშესაფრების კარები – გაიტანეს ის, რაც გასატანი იყო. შემდეგ ბიჭებმა მივაგენით. იმ ბნელ ზამთრებში, როცა არც კინო იყო, არც შუქი, არც არაფერი, თავშეყრის ადგილი გაგვიჩნდა. მახსოვს, ერთხელ სხვა მიწისქვეშა თავშესაფარი ვიპოვეთ გამსახურდიას ქუჩაზე, იმ შენობის ქვეშ, რომელშიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოა. იქ რომ ჩავედით, ბევრი დერეფანი დაგვხვდა. ვერ გავბედეთ იმ დერეფნებში ბოდიალი, დაკარგვის შეგვეშინდა. გამიგია, რომ 50-60-იან წლებში აშენებული რამდენიმე ბინის ქვეშ არის თავშესაფარი, თუმცა მათი ზუსტი ადგილმდებარეობა არ ვიცი,“ – ამბობს ასლან ჭანიძე.

ერთ-ერთი სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობის შესასვლელი ბათუმში, ბულვარის შესასვლელთან, ნინოშვილის ქუჩაზე

___

მთავარი ფოტო: სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობა ბათუმში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, გამსახურდიას ქუჩაზე

UK-მა რუსეთის დუმის 386 დეპუტატს სანქციები დაუწესა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ქვეყანამ სანქციები დაუწესა რუსეთის დუმის იმ 386 დეპუტატს, რომლებმაც უკრაინის სეპარატისტული რეგიონების – ლუჰანსკისა და დონეცკის აღიარებას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფო დუმის აღნიშნულ დეპუტატებს უკრძალავს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას – დაუბლოკავს აქტივებსა და აუკრძალავს საქმიანობას მათ, ვინც ხმა მისცა ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონების დამოუკიდებლობას.

„მოკავშირეებთან ერთად, მტკიცედ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჰუმანიტარული დახმარებით, თავდაცვის იარაღითა და რუსეთის საერთაშორისო დონეზე იზოლირებისთვის დიპლომატიური ძალისხმევით“, – თქვა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს წნეხს რუსეთზე ეკონომიკური სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებით.

დუმის ეს დეპუტატები უკვე არიან ევროკავშირის სანქცირებულთა სიაშიც.

___

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთი განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუჰანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

რუსეთის პროკურატურა META-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას ითხოვს

რუსეთის გენერალური პროკურატურა „მეტას“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას და რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. ამის შესახებ რუსული გამოცემა TASS-ი რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

პლატფორმა „მეტა“ მოიცავს სოციალურ ქსელებს: Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ის მესენჯერს.

„ექსტრემისტული საქმიანობის“ ფედერალური კანონის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს განცხადებით მიმართა, რათა „მეტა“ ცნოს ექსტრემისტულ ორგანიზაციად და აკრძალოს მისი საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

Tass-ი წერს, რომ საქმეში რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის („ტერორიზმის პროპაგანდა“ და „სიძულვილისა და მტრობის გაღვივება“) ნიშნების არსებობასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ მასალები გადაუგზავნა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გასარკვევად.

დღეს, 11 მარტს, ცნობილი გახდა, რომ „მეტა“ დროებით დასაშვებს ხდის სიძულვილის ენის გამოყენებას რუსი სამხედროების, პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს მისამართით.

ამავე თემაზე:

 ფეისბუქში რუსი სამხედროებისა და პუტინის მიმართ სიძულვილის ენა ომის გამო დასაშვები გახდა

რუსეთში დააჯარიმეს მღვდელი, რომელმაც ომის წინააღმდეგ იქადაგა

რუსეთში კოსტრომას ოლქის სოფელ კარაბანოვის ქრისტეს აღდგომის ტაძრის წინამძღვარი იოანე ბურდინი 35 000 რუბლით  დააჯარიმეს ანტისაომარი ქადაგებისთვის. 

ინფორმაციას რუსული მედია და პროექტი – Сетевые свободы ავრცელებს, რომელიც მღვდელს იურიდიულ დახმარებას უწევდა. 

მედიის ცნობით, 6 მარტს საკვირაო ლიტურგიაზე მღვდელმა წაიკითხა ომის საწინააღმდეგო ქადაგება და ასევე, სამრევლოს ვებგვერდზე გამოაქვეყნა საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნის პეტიციის ბმული.

სასულიერო პირი დააჯარიმეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი მუხლით. ეს კანონი რუსეთის დუმამ სასწრაფო წესით მიიღო უკრაინაზე თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ. კანონი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას „რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმიანობის შესახებ  ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებისა“ და „რუსული ჯარების დისკრედიტაციისთვის“.  

სასჯელი ფულადი ჯარიმა ან 3-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

მედიის ცნობით, კანონის ამოქმედების პირველი სამი დღის განმავლობაში რუსეთში ამ მუხლით 60 პირი დააკავეს, მათ შორის, 21 წლის აქტივისტი ირინა შუმილოვა, რომელმაც ერთკაციანი აქციით რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტა.  

კანონში მიღებული ამ ცვლილებების შემდეგ არაერთმა უცხოურმა მედიამ, მათ შორის, BBC-მ, Bloomberg-მა და CNN-მა განაცხადეს, რომ აჩერებენ თავიანთ საქმიანობას რუსეთში.

_______________

ფოტო: zona.media

უკრაინაში ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა – იუნესკო „ლურჯი ფარის“ გამოყენებას იწყებს

უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში საფრთხეშია ხელოვნების ნამუშევრები, მათ შორის, ისეთი ძეგლები, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ და, ასევე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები. ერთი მუზეუმი უკვე დაიწვა – წერს გლობალური ხელოვნების ორგანიზაცია Getty.

„რუსულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურება. რუსეთმა განზრახ დაწვა ივანკივის მუზეუმი კიევის ჩრდილოეთით, სადაც განთავსებული იყო ძვირფასი უკრაინული ხალხური ხელოვნება.

უკრაინელი მეცნიერები ამას აფასებენ, როგორც კულტურულ კატასტროფას,“ – ამბობს სპეციალურ განცხადებაში Getty Trust-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეი პოლი.

მარია პრიმაჩენკოს მუზეუმი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 თებერვალს ტვიტერში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელი მხატვრის, მარია პრიმაჩენკოს, 25 ნამუშევარი დაიკარგა. მუზეუმი დაბომბვის შედეგად დაიწვა.

„მან შექმნა ცნობილი შედევრები. მისმა განსაკუთრებულმა ნიჭმა მოხიბლა პაბლო პიკასო“, – წერს სამინისტრო. ხალხური ხელოვნების სფეროში მისი წვლილის აღსანიშნავად, იუნესკომ 2009 წელი პრიმაჩენკოს წლად გამოაცხადა.

Getty – მსოფლიოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა ძალიან ხშირად ხდება ომის სამიზნე, ეს კიდევ ერთი მეთოდია საზოგადოების განადგურებისა და დაპყრობის, მეხსიერების წაშლის გზით.

უკრაინაში მსოფლიო მემკვიდრეობის შვიდი ძეგლია, მათ შორისაა კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი, რომელიც შეიცავს მე-16 საუკუნის უნიკალურ მოზაიკებსა და ფრესკებს და კიევ-პეჩერის ლავრა, მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც დაარსდა 1051 წელს.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია ასევე ლვოვის უძველესი კვარტალი, რომელიც XIII საუკუნით თარიღდება.

იუნესკო გმობს თავდასხმას ჰოლოკოსტის მემორიალ ბაბი იარზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა მასობრივი სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილია და მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს ისტორიულ ადგილებს, რომელთა მნიშვნელობა განათლებისა და მეხსიერებისთვის შეუცვლელია.

იუნესკო ხაზს უსვამს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ჰააგის კონვენციას შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული საკუთრების დაცვის შესახებ და მის ორ ოქმს, რომელთა თანახმადაც კონფლიქტის დროს მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ კულტურულ ფასეულობებზე ზიანის მიყენებისგან.

ამ დროისთვის იუნესკო მუშაობს უკრაინაში ომის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასებაზე.

ორგანიზაცია თანამშრომლობს უკრაინის ხელისუფლებასთან და კულტურის სპეციალისტებთან, რომ რაც შეიძლება მალე მონიშნოს უკრაინაში ძირითადი ისტორიული ძეგლები და ადგილები 1954 წლის ჰააგის კონვენციის გამორჩეული „ლურჯი ფარის” ემბლემით, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საერთაშორისოდ აღიარებული სიგნალია.

„ლურჯი ფარის“ ემბლემა ნიშნავს, რომ ეს მემკვიდრეობა დაცულია საერთაშორისო სამართლით.

იუნესკოს ცნობით, მარკირების პროცესი ლვოვის ისტორიული ცენტრის ანსამბლში დაიწყო.

„ჩვენ ვგმობთ კულტურულ სისასტიკეს, რაც ახლა ხდება უკრაინაში, ადამიანურ და ეკოლოგიურ ზარალთან ერთად. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება ცივილიზებული საზოგადოებების ძირითადი ღირებულებაა. ის, რაც უკრაინაში ხდება, მონუმენტური მასშტაბის ტრაგედიაა“ – Getty.

იუნესკო იუწყება, რომ გაეროს სასწავლო და კვლევის ინსტიტუტ UNITAR-თან თანამშრომლობით, ის მონიტორინგს გაუწევს კულტურული ობიექტების დაზიანებას სატელიტური გამოსახულების ანალიზის საშუალებით.

უკრაინის დაზვერვა: პუტინი ტერაქტს ამზადებს ჩერნობილის ატომურ სადგურზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, პუტინი ტერორისტულ თავდასხმას ამზადებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე.

არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა. „რუსეთის მიერ კონტროლირებადი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე იგეგმება ადამიანის ჩარევით კატასტროფის შექმნა, რომელზეც ოკუპანტები შეეცდებიან პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრონ“, – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

„ამჟამად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური მთლიანად გათიშულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მონიტორინგის სისტემებიდან. სადგურს გათიშული აქვს ენერგომომარაგება. დიზელ-გენერატორების არსებული რესურსი გათვლილია უსაფრთხოების სისტემების 48-საათიანი უზრუნველყოფისთვის.

ოკუპანტებმა უკრაინელ სპეციალისტებს უარი უთხრეს სადგურზე შესვლასა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე. სამაგიეროდ, იქ ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით „ბელორუსი სპეციალისტები“ შევიდნენ. მათ შორის სადგურზე შედიან სპეციალისტების ფორმით რუსი დივერსანტებიც, ტერაქტის მოსაწყობად.

ამასთან, ბოლო დღეებში პუტინის ჯარებმა დაარტყეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და ხარკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიის ინსტიტუტს (სადაც ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორი მდებარეობს).

ჩერნობილის ავარიაში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის იმიტაციის მიზნით, ოკუპანტები ცდილობენ შექმნან ყალბი „მტკიცებულებები“ თავიანთი ვერსიის დასადასტურებლად. კერძოდ, გოსტომელში, ანტონოვის აეროპორტის მახლობლად, დაფიქსირდა რუსული მანქანა-მაცივრები, რომლებიც აგროვებდნენ დაღუპული უკრაინელი დამცველების ცხედრებს. არსებობს ვარაუდი, რომ მათ ჩერნობილის ზონაში მოკლულ დივერსანტებად გაასაღებენ“, – წერია განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო წერს, რომ „სახმელეთო სამხედრო ოპერაციიდან და პირდაპირი მოლაპარაკებებიდან სასურველი შედეგის ვერ მიღების გამო, პუტინი მზადაა მიმართოს მსოფლიო საზოგადოების ბირთვულ შანტაჟს… პუტინის მსგავს ქმედებებს კატასტროფული შედეგები მოჰყვება მთელი მსოფლიოსთვის. როგორც ჩანს, სწორედ ამის იმედი აქვს რუს დიქტატორს, რომელიც მიუღებელ დათმობებს ითხოვს”.

არ გამოიყენოთ ბირთვული იარაღი – გზავნილი იაპონიის 2 ქალაქიდან

იაპონიის ქალაქებში – ჰიროსიმასა და ნაგასაკიში რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ბირთვული ომის საფრთხეებს ეხმიანებიან.

ჰიროსიმა და ნაგასაკი იაპონიის ის ქალაქებია, რომელთაც იწვნიეს ატომური იარაღის საშინელი ძალა. 1945 წელს ორივე ქალაქის ატომური იარაღით დაბომბვის შედეგად 200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასი ათასზე მეტი კი სხვადასხვა სენით დაავადდა.

8 მარტს ქალაქ ჰიროსიმაში იაპონელებმა 1000 სანთელი აანთეს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის გასაპროტესტებლად.

ჰიროსიმაში, ატომური ბომბის მემორიალური გუმბათის წინ, სანთლებით დანთებული იყო No War [არა ომს], No Nukes [არა ბირთვულ იარაღს] და нет войне [არა ომს].

ფოტო: mainichi.jp

უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამე დღეს, 27 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შეკავების ძალებს „საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე“ გადასვლა უბრძანა, რაც ბირთვული იარაღის მზადყოფნაში მოყვანას გულისხმობს.

პუტინის განცხადებიდან მეორე დღეს, 28 თებერვალს, ჰიროსიმასა და ნაგასაკის მერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომ დაუშვებელია ატომური დაბომბვის მესამე ზონის შექმნა.

ჰიროსიმას ყოფილმა მერმა, ტადატოში აკიბამ კი ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და პუტინსა და მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, არ დაუშვან ბირთვული იარაღის გამოყენება.

„ჰიროსიმასა და ნაგასაკის მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებიდან იციან ატომური ბომბების საშინელება და არაჰუმანურობა, მოგიწოდებენ: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბირთვული იარაღი.

მე ვურჩევ პრეზიდენტ პუტინს და ასევე,  ბირთვული  იარაღის მქონე სხვა ქვეყნების ლიდერებს, მოუხმონ ფანტაზიას, სცადეთ წარმოიდგინოთ იმ ისტორიკოსების დახმარებით, რომლებიც კარგად იცნობენ ჰიროსიმასა და ნაგასაკის, რა მოხდება, თუ პუტინი ხელს დააჭერს ღილაკს.

მილიარდობით ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იქნება მოწმე ენით აღუწერელი სცენებისა და ხმებისა – ჯერ კიდევ ცოცხლებისა და დამწვრების, მათი სხეულების დეფორმირებული ფრაგმენტებისა, ვინც აგონიაში მოკვდა, ან ისე, რომ ვერც გაიგო სინამდვილეში რა ხდებოდა.

თუკი ეს შესაძლებელი სცენარია, რატომ არ შეგვიძლია გამოვტოვოთ დაბომბვის ნაწილი, რათა გადავარჩინოთ ამ წარმოდგენილ „ცოცხალ ჯოჯოხეთში“ მყოფთა სიცოცხლე და ბირთვული იარაღების საკითხის გადაჭრაზე გადავიდეთ?

ასევე, წარმოიდგინეთ, რომ აგონიაში მყოფი და მომაკვდავი ადამიანების ყვირილი და ძახილი ჩაიწერება და დამონტაჟდება. ამ ჩანაწერებს ექნება სამუდამო იარლიყები: „რაც პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა“, „რაც რუსეთმა გაკეთა“ – წერს ტადატოში აკიბა.

იგი მოუწოდებს იაპონიის პრემიერ-მინისტრ კიშიდას, რომელიც ჰიროსიმადანაა, შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს.

ჰიროსიმას ყოფილმა მერმა ონლაინპეტიციაც შექმნა სახელწოდებით – „ნუ გამოიყენებ ბირთვულ იარაღს“.

ამავე თემაზე: 

რა შემთხვევაში შეუძლია პუტინს „წითელი ღილაკის“ გამოყენება – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

 

ყაზახური ავიაკომპანია რუსეთთან ფრენებს წყვეტს

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana წყვეტს ფრენებს რუსეთიდან და რუსეთის მიმართულებით. ამის შესახებ კომპანიამ Twitter-ზე დაწერა. კომპანიის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთში კომერციულ ფრენებზე დაზღვევის შეწყვეტაა.

ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს გამოცხადებული სანქციები კრძალავს რუსეთისთვის სამოქალაქო თვითმფრინავებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდებას, ასევე, მათ ტექნიკურ მომსახურებას და დაზღვევას. გარდა ამისა, სანქციები ავალდებულებს მეიჯარეებს მარტის ბოლომდე შეწყვიტონ ავიაკომპანიებთან არსებული კონტრაქტები.

ყაზახეთი რუსეთის პარტნიორად განიხილება. იანვრის ანტისამთავრობო გამოსვლების დროს ყაზახეთის პრეზიდენტმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“ მიმართა, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდა რუსეთისა და რუსეთის მოკავშირეების მიერ ყაზახეთში სამშვიდობოების გაგზავნით.

 

უნდა გაწევრიანდნენ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში? – FIGARO-ს გამოკითხვა

მეორე დღეა, რაც ფრანგული გამოცემა Le Figaro გამოკითხვას ატარებს: „უნდა გაწევრიანდნენ თუ არა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირში?“ გამოკითხვა პირობითია და მისი შედეგები ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს, ფრანგული მედია უბრალოდ აკვირდება, როგორ გადანაწილდება მკითხველთა მოსაზრებები.

კითხვას ორი პასუხი აქვს: კი და არა/Oui, Non. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია.

ორი დღის განმავლობაში გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო Figaro-ს 338 353 -მა მკითხველმა [11 მარტის მონაცემებით, საქართველოს დროით 13:55-ზე] დროის ამ მონაკვეთში გამოკითხულთა 52,15% ამბობს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო უნდა გაწევრიანდნენ ევროკავშირში, 47,85% კი მიიჩნევს, რომ არ უნდა გაწევრიანდნენ.

გამოკითხვას თან ერთვის მკითხველთა კომენტარებიც.

ჩვენი ძალები ახლა კიდევ უფრო ერთიანია – შარლ მიშელი

დღეს, 11 მარტს, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ვერსალში ევროსაბჭოს წევრთა მეორე, არაფორმალური შეხვედრის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები ექნება ევროპას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ:

„მსყიდველუნარიანობის შესახებ მინდა ვთქვა. არსებული ვითარება გამოწვევა იქნება საწარმოებისთვის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. გამოწვევაა, ასევე, მიმდინარე პოლიტიკური თამაშები.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია თავდაცვა და საერთო უსაფრთხოება.  ჩვენი ძალები ახლა კიდევ უფრო ერთიანია იმისთვის, რომ დავისახოთ კიდევ მეტი ამოცანა და ერთმანეთს გავუზიაროთ თავდაცვის თვალსაზრისით საკუთარი შესაძლებლობები და გამოცდილება.

ცხადია, უნდა გავაქტიურდეთ ტექნოლოგიური ინოვაციების შესაქმნელად, რაც კიდევ უფრო მყარ საფუძველს შექმნის ძლიერი ეკონომიკისთვის” – განაცხადა შარლ მიშელმა.

ქართველი ბერი უკრაინაში: 2 სასულიერო პირი ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს

„სამი დღე ჩვენს ქალაქში 20 წლამდე ბავშვებს მოასვენებდნენ. ამ გოგო-ბიჭების ყურება, ამდენი ახალგაზრდის წესის აგებას და თუნდაც მათ ქრისტეს წიაღში გადასვლას, არ შემიძლია მშვიდად შევხვდე. მათ თავიანთ მიწა-წყალზე მშვიდად უნდა ეცხოვრათ“, – ამბობს მღვდელ-მონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე, რომელიც ოთხი წელია უკრაინაში ცხოვრობს და ახლაც, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, ადამიანებს დაბომბილი ქალაქებიდან გამოსვლაში ეხმარება.

  • რომელ ქალაქში იმყოფებით ამჟამად და რა ვითარებაა ახლა მანდ?

მე ვარ ქალაქ რივნეში, ბელარუსიის საზღვართან ახლოს და ამ ეტაპზე ჩვენს ქალაქში სიწყნარეა. თუმცა ჩვენ გვერდით ქალაქში, ჟიტომირში, დაბომბეს მჭიდრო დასახლება, რასაც ერთი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. საშინელი მდგომარეობაა, მე-14 დღეა სრულ ჯოჯოხეთში ვართ. ვლოცულობ, რომ მსგავს დღეებს არავინ მოესწროს. ძალიან რთულია ბომბების ქვეშ ცხოვრება, ბომბების ქვეშ წესის აგება და ბომბების ქვეშ ჯვრისწერა.

სრული ჯოჯოხეთი მოუწყვეს რუსებმა, ამ ეგრეთ წოდებულმა ფსევდოქრისტიანებმა უკრაინის მოსახლეობას. ყველა სისასტიკისთვის გაიმეტა, რაც კი შეიძლება ადამიანს გაუკეთო. ზოგჯერ ვფიქრობ, მართლა 21-ე საუკუნეში ვცხოვრობ? ახლა ხდება ეს ყველაფერი? იქ ვარ, სადაც გაუწყლოების გამო ბავშვები იხოცებიან და ჰუმანიტარული ტვირთი არ შემოდის და ამ ამბავზე მსოფლიოც დუმს.

  • ყველაზე მძიმე მდგომარეობა რომელ ქალაქებშია?

სუმსა და მარიუპოლში ძალიან ცუდი სიტუაციაა, რამდენიმე წუთის წინ მომწერა მეგობარმა, გუშინ მასობრივად იბომბებოდა ქალაქი, არ აკეთებენ ჰუმანიტარულ კორიდორს, რომ ბავშვები გამოვიყვანოთ, ტვირთი შევიდეს, მედიკამენტი იქნება თუ სურსათი. ვნახეთ რა გააკეთეს მარიუპოლში, მშობიარე ქალები დაბომბეს და იყო მცდელობა ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფოს დაბომბვის, თუმცა ხელი შეუშალეს. სადაც კი ლოკაციით დაადგენენ, რომ იქ ბავშვები არიან, პირდაპირ იქ ახორციელებენ საჰაერო დარტყმას. ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მეტი სიმწარე ნახონ უკრაინელებმა.

გენოციდია, აბა რა არის, როცა ონკოლოგიურ ბავშვებს დაბომბავ, რომლებმაც შეიძლება ხვალ ვერც კი გაიღვიძონ თავიანთი მძიმე დაავადებიდან გამომდინარე და ყოველდღე ბრძოლაში არიან.

რუსეთს სხვა სტრატეგია არ გააჩნია ბოროტების კეთების გარდა. მას უნდა ის გააკეთოს უკრაინაში, რაც სირიას გაუკეთა. თავისი სიბოროტით სურს შექმნას იმპერიები, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, რაც არასდროს არ მოხდება. ის სიამოვნებას იღებს იმ წამებასა და გოდებაში, რადგან რუსეთი ზოგადად დაფუძნებულია სიბოროტეზე. ჩერნიგორის ევაკუაციის დროს დაცხრილეს დედა შვილებთან ერთად. ზოგჯერ ხმამაღლა მინდა ვიყვირო, რომ მსოფლიოს სძინავს? წარმოუდგენელი სისასტიკე ხდება აქ. ეკრანზე იმდენს ვერავინ ვერ განახებთ, რაც რეალურად ხდება.

  • როგორც ვიცი, სასულიერო პირები ეხმარებით ადამიანებს გამოსვლაში, ასევე მიცვალებულების გამოყვანაში. როგორ ახერხებთ ამას?

ორი სასულიერო პირი უკვე მოგვიკლეს. ჯერ აწამეს უსასტიკესად და შემდეგ დახვრიტეს. ხარკოვი მაშინ დაიბომბა, როცა მიცვალებულები გამოჰყავდათ. რუსებმა საკუთარი მიცვალებულებიც კი დაბომბეს. არ ვიცი, რატომ გააკეთეს ეს, ალბათ კვალის დაფარვას ცდილობენ. სამი დღე ჩვენს ქალაქში 20 წლამდე ბავშვებს მოასვენებდნენ. ამ გოგო-ბიჭების ყურება, ამდენი ახალგაზრდის წესის აგებას და თუნდაც მათ ქრისტეს წიაღში გადასვლას, არ შემიძლია მშვიდად შევხვდე. მათ თავიანთ მიწა-წყალზე მშვიდად უნდა ეცხოვრათ.

თუმცა მოსახლეობას მაინც აქვს შემართება. ქალი, ბავშვი, კაცი – ყველა ჩართულია ბრძოლაში, ყველა მონაწილეობს თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის. დღეს უკრაინა მხოლოდ თავისთვის არ იბრძვის, როგორც ვიცით, ევროპისთვის და პირველ რიგში, საქართველოსთვის იბრძვის, რადგან ჩვენი თავისუფლებაც ამ ერის თავისუფლებაზე გადის. ღმერთმა ქნას, რომ არ დაეცეს.

  • პუტინი სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ომის დაწყებას იმით ამართლებს, რომ ის თავის მოქალაქეებს იცავს დისკრიმინაციისგან. თუმცა მან უკრაინაში არც რუსულენოვანი მოსახლეობა დაინდო. ეს რატომ ხდება?

პუტინისთვის არც რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენ რაიმეს, რადგან ვხედავთ, რა დაემართა რუსეთს ამ სანქციებით. ეგონა, რომ ძალაუფლებას მოიპოვებდა, თუმცა ბოლომდე გაწირა თავისი ხალხიც. ხარკოვი, რომელიც რუსულენოვანი ქალაქია, მიწასთან გაასწორა. უკვე აღარ არსებობს ეს ქალაქი. ტაძრებში ლოცვის დროს დაბომბა ხალხი. მე-12 საუკუნის მონასტერი დაბომბა, სადაც რუსი მოსახლეობა ცხოვრობდა. ზუსტად ეს ადამიანები ებრძვიან პუტინს. ხარკოვში არიან ადამიანები, რომლებმაც უკრაინული ენა არ იციან და მან თავისი ხალხი დაბომბა.

  • რუსეთის ეკლესია პუტინის იდეოლოგია. უკრაინაში არსებული ეპარქიებიც მხარს უჭერს ამ ომს?

არ ვიცი, როგორ უნდა ვუწოდო მათ ეკლესია. ესენი ხრწნასმიცემული სექტაა. გახსოვთ ალბათ, საომარი მდგომარეობა რომ გამოცხადდა, მიმართულების აბრები ჩამოიხსნა ყველგან, რომ მტერი ლოკაციამდე ადვილად არ მისულიყო. ათამდე სასულიერო პირია უკვე დაჭერილი, რომლებმაც წითელი ჯვრები დაუსვეს მიმართულებებს და ასე მოჰყავდათ მტერი სამხედრო ბაზებამდე, კომისარიატებთან, სადაც ათობით ახალგაზრდა მოხალისე, სტუდენტი იდგა და ამ ახალგაზრდების დასაბომბად მოიყვანეს რუსი სამხედროები რუსმა სასულიერო პირებმა.

ოთხი სტუდენტი ჩამოგვისვენეს ქალაქში. რამდენიმე ქალაქი კი მოხუცებმა გადაარჩინეს, უთვალთვალეს მღვდლებს და დაიჭირეს. ის მღვდლებიც კარგად სცემეს და შემდეგ ადგილობრივ პოლიციაში მიიყვანეს. ყველა მღვდელმა აღიარა დანაშაული,  რომ ისინი თანამშრომლობდნენ რუსეთის დაზვერვასთან. აი, ასეთ გახრწნილობას რა საერთო აქვს ქრისტიანობასთან.

მადლობა ღმერთს, რუსეთის უამრავმა ეკლესიამ გამოხატა პროტესტი და გადმოვიდნენ უკრაინის ეკლესიის დაქვემდებარებაში. მასობრივად დაიწყეს მათმა მღვდელმთავრებმაც რუსეთის პატრიარქის ლოცვებში მოხსენიებაზე უარი და განუდგნენ რუსეთის საპატრიარქოს.

ეს არ არის ის ხალხი, ვინც შეძლებს, რომ ეს ომი აპატიოს რუსეთს. ძნელია აპატიო შვილებისა და ბავშვების დახოცვა, ძნელია აპატიო სიმსივნით დაავადებული ბავშვების და მშობიარე ქალების დახოცვა. არც ღმერთი აპატიებს რუსეთს ამ ყველაფერს.

  • თქვენ ამბობთ, რომ პუტინი უნდა შეაჩეროს მსოფლიომ. თუმცა ბოლო დღეებში სულ არის საუბარი იმაზე, რომ რუსეთი აშანტაჟებს მსოფლიოს ბირთვული ომით. როგორ ჩანს უკრაინის გადმოსახედიდან ეს ამბავი, რამდენად არის ეს შესაძლებელი?

ჩემთვის პუტინის ეს მუქარა ფუჭია. მას არ შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ერთადერთი, რაც შეუძლია გამოიყენოს, ჩერნობილის ატომური სადგურია. ატომურ სადგურს ელექტროენერგია გაუთიშეს, ხუთი თანამშრომელი ტყვედ ჰყავთ აყვანილი, შესაძლოა მალე დადგეს ცუდი შედეგი.

თუმცა, ამით არა მარტო უკრაინას მიადგება ზიანი. ევროპა დაზიანდება და პირველ რიგში, ბელარუსს დაუდგება ცუდი შედეგი, რადგან ვნახეთ საით წაიღი მაშინ ქარმა რადიაცია. თუმცა ევროპას არც ამაზე აქვს მწვავე რეაქცია. ბელარუსებიც მშვიდად სხედან და უტიფრად შესჩერებიან თავიანთ ხელისუფლებას.

ამაზე მეტი ბირთვული ომი რაღა უნდა გააკეთოს პუტინმა, რასაც დღეს უკრაინაში აკეთებს. ვფიქრობ, რუსეთი მსოფლიოს ერთობამ უნდა შეაჩეროს. აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ცა და ნურავის ჰგონია, რომ ამით მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.

პრეზიდენტი ზელენსკი მოუწოდებს ევროპას, რომ ჩაკეტონ ცა, სხვა არაფერი დაასრულებს ამ ომს, გამორიცხულია. ხმელეთზე დიდ წინააღმდეგობას უწევენ უკრაინელი ჯარისკაცები, სახმელეთოს მხრივ რუსეთს ასჯერ უფრო მეტი დანაკარგი აქვს, ვიდრე ჰგონია. ხმელეთზე ვერსად იმარჯვებენ რუსი ჯარისკაცები. მათ ჯარისკაცებს შიათ, სოფლებში ქათმებსა და კვერცხებს იპარავენ. ხორცად ჰყავთ გამოშვებული ეს ბავშვებიც, ამ არაადამიანებს და ახოცინებენ.

  • მარაგები თუ შემოდის ქალაქებში და რამდენად ხერხდება მისი მოსახლეობისთვის მიწოდება?

1-3 დღე იყო სრული ჯოჯოხეთი. ყოველ ერთ საათში საჰაერო განგაში რომ ირთვებოდა, ახლა ასე აღარ არის, შედარებით შეწყვეტილია ინტენსიური დაბომბვა, მაგრამ უკრაინა ძალიან დიდია. პრობლემა ისაა, რომ გზები გადათხრილი, დაბომბილია, შეუძლებელია მასობრივად მიეწოდოს ჰუმანიტარული დახმარება. მე პოლონეთის საზღვართან ვარ ახლოს და აქედან ადვილია ტვირთის შემოტანა. გუშინ და გუშინწინ 1200 დოლარის მედიკამენტები შემოვიტანეთ, დღეს 500 დოლარის კიდევ გამოგზავნეს და აქედან ვეტერანი გვარდიელების მეშვეობით ვახერხებთ მივაწოდოთ ჟიტომირს და სხვა ახლომდებარე ოლქებს, სადაც მასობრივი დაბომბვა არ მიდის.

ერთდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებაც თუ არ მიიღეს, შეუძლებელია თუნდაც ექსტრემალურ სიტუაციაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. ვერ მიაღწევ, სადაც ხიდები და გზა აღარ არის. სირცხვილია ბოლოს და ბოლოს, ბავშვები გაუწყლოების გამო იხოცებიან ორ ქალაქში – მარიუპოლსა და ჩერნოგორში. ხერსონიდან მოვახერხეთ მოსახლეობის გამოყვანა, თუმცა ყველაზე მძიმე ვითარება ამ ორ ქალაქშია.

დღეს კიევი დაიცალა, რადგან გუშინ საღამოს აპირებდნენ იერიშის მიტანას და მოსწორებას.

უკრაინას ძალიან გმირი ჯარისკაცები ჰყოლია. მე აღფრთოვანებული ვარ ამ ერის შემართებით, პრინციპულობით, სასწაულებს აკეთებენ. თქვენ უნდა ნახოთ რას აკეთებენ მოხუცი ადამიანები.

ბებიები ისე იჭერენ რუს პარტიზანებს და გადასცემენ უკრაინულ ჯარს, რომ აზრზე ვერ მოდიან ეს ჯარისკაცები. მგონი, ყველა მეორეს უყენია ტანკი ეზოში.

უკრაინა იერიშზე გადასვლას ერიდება, რადგან ამით მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაიზრდება, ეს იციან რუსებმა და ევაკუაციაშიც ამიტომ გვიშლიან ხელს.

ბათუმში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 მარტის 21 საათიდან 12 მარტის 21 საათამდე აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და თოვლ-ჭყაპი, აჭარის მთებში მოთოვს.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით – 17-22 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა უახლოესი 2 დღის განმავლობაში სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1– 6 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 13-14 მარტს, აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში კი – მოთოვს.

ბათუმში 14 მარტს გაზის მიწოდება შეწყდება სამ მისამართზე

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, 14 მარტს ბათუმში გაზის მიწოდება შეწყდება ცალკეულ მისამართებზე.

კერძოდ,  11:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება აბუსერიძის ქუჩის #73 და კობალაძის ქუჩის #15-ში მცხოვრებ აბონენტებს.

ასევე, 14 მარტს,  10:00 საათიდან 12:00 გაზი შეწყდება ფიროსმანის #19-ში.

„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.

„აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება,“ – აცხადებს კომპანია.

განადგურებულია 353 ტანკი, 140 თვითმფრინავი და ვერტმფრენი – უკრაინა რუსეთის დანაკარგზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის მხარემ გაანადგურა რუსეთის 18 ტანკი, 60 ერთეული BBM-ი, ორი ერთეული MLRS-ი, ორი საარტილერიო სისტემა და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. ასევე, 32 საავტომობილო ტექნიკა.

უკრაინული მხარის განცხადებით, ამავე პერიოდში რუსულმა არმიამ დაკარგა 266 ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 11 მარტის დილის მდგომარეობით [ომის დაწყებიდან მე-16 დღეს], რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგი ამ დროისთვის ასეთია:

  • პერსონალი – 12 ათასზე მეტი ადამიანი
  • ტანკი – 353 ერთეული
  • BBM – 1165
  • საარტილერიო სისტემა – 125 ერთეული
  • MLRS – 58 ერთეული
  • საჰაერო თავდაცვის საშუალება – 31 ერთეული
  • თვითმფრინავი – 57 ერთეული
  • ვერტმფრენი – 83 ერთეული
  • საავტომობილო აღჭურვილობა – 558 ერთეული
  • გემი / ნავი – 3 ერთეული
  • საწვავის ავზი – 60
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე – 7

გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, საერთო ჯამში, უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 3 213 ობიექტი არის გამოსული მწყობრიდან; ასევე განადგურებულია: უკრაინის 98 თვითმფრინავი, 118 უპილოტო საფრენი აპარატი, 1041 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 113 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 389 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნები, 843 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანახმაა უკრაინაში მოხალისეები გაგზავნონ. ამის შესახებ პუტინმა სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.


მე-16 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს ქალაქებსაც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბა. მათ შორის, იერიში მიიტანეს ისეთ დასახლებებზე, რომლებშიც საომარი მოქმედებები ამ დრომდე არ ყოფილა:

ამავე თემაზე:

დასავლეთის მიღმა პუტინი იმაზე ნაკლებად იზოლირებულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ – ვაშინგტონ პოსტი

 

3430 ლარი შეუგროვეს კაცს ხულოდან, რომელმაც „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისი დაატოვებინა

ხულოში მცხოვრებ დათო სოლომონიძისთვის მოქალაქეებმა უკვე შეაგროვეს 3430 ლარი. დათოსთვის თანხის შეგროვების კამპანია სოციალურ ქსელ ფეისბუქში მას შემდეგ დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემმა“, რაც მან „ალტ-ინფოს“ პრორუსულ პარტიას – „კონსერვატიულ მოძრაობას“ თავისი შენობა ოფისის გახსნის დღესვე დაატოვებინა. დათო ამბობს, რომ შეგროვებული თანხიდან 1000 ლარს უკრაინელების მხარდასაჭერად გადარიცხავს.

„გუშინ დილიდან, ერთი დღის განმავლობაში, 3430 ლარი დაირიცხა ჩემს ანგარიშზე, მთელი დღე მირიცხავდნენ ფულს.

მინდა უკრაინელების მხარდაჭერისა და მათთვის სოლიდარობის გამოსახატად 1000 ლარი მათი დახმარების ფონდში გადავრიცხო“, – ამბობს დათო.

დათო ამბობს, რომ თავის საკუთრებას „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულ პარტიას – „კონსერვატიული მოძრაობას“ არ მიაქირავებს.

„თავიდან არ ვიცოდი ვინ ქირაობდა ფართობს… ჩემთვის მიუღებელია ამ პარტიის პოლიტიკური იდეოლოგიაც და რელიგიური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ მუსლიმ ქართველებს, მე არც თათარი ვარ და არც ურწმუნო, როგორც ისინი მოიხსენიებენ ხოლმე ქართველ მუსლიმებს. ასეთი შეხედულებების პარტიას ფართობს არ დავუთმობ,“ – ასე დაასაბუთა დათო სოლომონიძემ თავისი გადაწყვეტილება 8 მარტს, როცა პარტიას თავისი საკუთრება დაატოვებინა.

„ჩემთვის დაუშვებელია „ალტ ინფოს“ მსგავსი ხალხი ჩემს საკუთრებაში იყოს, არ მინდა ასეთი შემოსავალი. მე მინდა, რომ ყველამ ერთად მშვიდ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ბოროტების გარეშე და ერთმანეთის სიყვარულით“, – ამბობს დათო.

დათო სოლომონიძემ თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა: „კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა არის ყველაზე ძლიერი იარაღი მტერთან საბრძოლველად“.

___

ამავე თემაზე:

„ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისი დაატოვებინეს შუახევის მუნიციპალიტეტშიც.

პრორუსულ „ალტ-ინფოს“ პარტიისთვის ნაქირავები ოფისი შუახევშიც დაატოვებინეს

Exit mobile version