მთავარი,სიახლეები

Hello to Ukraine – ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც უკრაინელებისთვის წერილის გაგზავნა შეგიძლიათ

11.03.2022 • 2635
Hello to Ukraine – ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც უკრაინელებისთვის წერილის გაგზავნა შეგიძლიათ

ედო მჟავანაძე ბათუმელი ვებდეველოპერია, რომელმაც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ონლაინ პლატფორმის შექმნა გადაწყვიტა სახელად – Hello to Ukraine.

ამ პლატფორმის დახმარებით მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საშუალება ექნებათ უკრაინელებს წერილი გაუგზავნონ.

როგორც იდეის ავტორი აღნიშნავს, ეს ერთგვარი მორალური თანადგომაა და ამ ვებგვერდის საშუალებით ყველა მსურველი შეძლებს სოლიდარობის გამოხატვას უკრაინელი ხალხის მიმართ:

„ძალიან ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავს უკრაინაში და რაღაცნაირი გრძნობა მაქვს, თითქოს მთელი უკრაინა მეგობარია, რომელსაც დახმარება სჭირდება.

ზოგადად, ომის პერიოდში ყველა სტრესშია და თუ პირდაპირ არ უყურებ, როგორ გაცვივა ბომბები თავს, სიზმრებში მაინც ხედავ, თუ დაგეძინება.

ამ ყველაფერს უკრაინელები უმკლავდებიან ურთიერთობებით, ცდილობენ, რომ ერთმანეთი გაამხნეონ, მეც მინდოდა, რომ წვლილი შემეტანა ამ საქმეში.

მჯერა, რომ სიტყვებს მაგიური ძალა აქვთ და ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.

ეს პლატფორმაც იმიტომ შეიქმნა, რომ უკრაინას და, არა მარტო უკრაინას, დაანახოს ადამიანების სოლიდარობა სხვადასხვა ქვეყნებიდან და, ერთმნიშვნელოვნად, ფსიქოლოგიურადაც დაეხმარება,  მისცემს მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მყარად იდგნენ.

ძირითადად, რაც უკრაინელ ხალხს ესმის, ეს არის პოლიტიკოსების განცხადებები და დიდი გამოცემების სტატიები სოლიდარობაზე და ა.შ. ამიტომ მინდოდა მიმეცა შესაძლებლობა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც, რომლებსაც უბრალოდ მხარდაჭერის გამოხატვა უნდათ უკრაინელების მიმართ“ – გვიყვება ედო.

გარდა იმისა, რომ ვებგვერდის მეშვეობით წერილის გაგზავნა შეგიძლიათ, საშუალება გექნებათ, მიჰყვეთ ბმულს, რომელიც გადაგამისამართებთ საერთაშორისო საიტზე უკრაინისთვის დონაციის გასაღებად.

„ავსებ ფორმას, წერ სახელს, გვარსა და ეროვნებას, წერილის შედგენა შესაძლებელია 100-დან 2000-მდე სიმბოლოს გამოყენებით.

როგორც კი გააგზავნი, საიტზე იდება და მომხმარებელს ამისამართებს თავისივე წერილის გვერდზე, რომლის  გაზიარება შეუძლია ნებისმიერ სოციალურ ქსელში და, ამავდროულად, წერილი იგზავნება Hello to Ukraine-ს ტელეგრამის არხზე და უკრაინელი მოსახლეობისთვის შეტყობინებების  ნახვა საიტზე შესვლის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ნებისმიერ წერილს ქვემოთ აქვს  ფეისბუქ კომენტარის ფუნქციაც და შეგიძლიათ იპოვოთ დონაციის ბმულიც“ – ამბობს ედო მჟავანაძე.

ედო ასევე ავტორია საიტისა homeline.ge, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეებს უკრაინელებისთვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზება შეუძლიათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: