მთავარი,სიახლეები

რა ძალები დარჩა რუსეთს უკრაინაში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

11.03.2022 • 38848
რა ძალები დარჩა რუსეთს უკრაინაში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

ყარაბაღი ახსენდება გადამდგარ გენერალს რუსეთ-უკრაინის ომის საუბრის დროს დღეს, 11 მარტს, ომის დაწყებიდან მე-17 დღეს.  სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ეცდება ომი „პატარ-პატარა შეტაკებების“ ეტაპზე გადაიყვანოს და უკრაინა ასე „გამოფიტოს“.

გადამდგარი გენერალი ინტერვიუს დროს გვიმხელს წინათგრძნობას – „გაყინვის ფაზამდე“ რუსეთი კიდევ ერთ ფართომასშტაბიან შეტევას წამოიწყებს პაუზის შემდეგ, რომელიც ახლა აქვს რუსეთს აღებული დასუსტებული არმიის მოსაძლიერებლად.

რას უნდა ველოდოთ? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი დაკვირვებით, რა ფაზაშია ახლა ომი უკრაინაში? 

მას შემდეგ, რაც არ გამოვიდა გერმანული „ბლიცკრიგი“, არც ამერიკული სწრაფი დომინირება, ახლა არის მცდელობები დაკავებული პოზიციების გაუმჯობესების. ორივე მხრიდან არის ლოკალური შეტაკება, მათ შორის, კონტრშეტევები უკრაინის მხრიდან.

ფაქტობრივად, რუსები რაიონებს ვერ აკონტროლებენ, თუ არ ჩავთვლით დონეცკი-ლუგანსკის და ყირიმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებას მარიუპოლის მიმართულებით, სადაც არის მცდელობა დერეფანი გაიჭრას რუსეთსა და ყირიმს შორის. დანარჩენ მიმართულებებს რუსები თუ აკონტროლებენ, აკონტროლებენ გზებს, ან მხოლოდ ცალკეულ მიმართულებებს… რუსეთის ძალები არის შეჭრილი ვიწრო ზოლებად. შეტევის ყველა გადაადგილება ასუსტებს შეტევას, რადგან ის იწელება, გადის წინ და უფრო მოწყვლადი ხდება.

როგორც ჩანს, უკრაინელებმა უკვე მიიღეს ღამის ხედვის აღჭურვილობა, რაც მათ აძლევს ღამით ბრძოლის შესაძლებლობას. როგორც წინა ინტერვიუში აღვნიშნე, რუსებს არ შეუძლიათ ღამით ბრძოლა. ეს ატეხილი აჟიოტაჟი, რომ ღამით კიევს აიღებენ, ეს ღამე იქნება გადამწყვეტი და ასე შემდეგ, ბუნებრივია, არ იყო რეალური, რადგან რეალურად ღამით რუსები მხოლოდ ბომბავენ. დიდმასშტაბიან მოქმედებებს ისინი იწყებენ გათენებიდან.

ამ ბრძოლამ უკვე მიიღო პოზიციური ომის სახე. ეს პოზიციური დაპირისპირებაა, როცა ორივე მხარე ცდილობს შეინარჩუნოს მოპოვებული პოზიციები და ომის შედეგი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია დაკავებული პოზიციების ხელსაყრელობით, ან არახელსაყრელობით.

  • ეს იგივეა, რაც ომის „გაყინვა“, რაზეც უკვე საუბრობენ ანალიტიკოსები? ეს შესაძლოა სურდეს მოსკოვს, რომელიც წინ ვერ მიდის, მაგრამ რატომ შეიძლება აწყობდეს უკრაინას? 

ტერმინი „გაყინვა“ უფრო დიპლომატიური ტერმინია, ჟურნალისტური და არა სამხედრო. სამხედრო ტერმინია „პოზიციური დაპირისპირება“, ან „პოზიციურ ფაზაში გადასვლა“, ან „ოპერატიული პაუზის აღება“. შესაძლებელია, რომ გადაიყვანოს რუსეთმა დაპირისპირება, ასე ვთქვათ, სტაგნაციურ ფაზაში, ვინაიდან ამ შემთხვევაში მის მიზანს შესაძლოა იყოს უკრაინის დემოგრაფიული და ეკონომიკური გამოფიტვა. როცა ჩვენ ვიძახდით იმას, რომ ყველაზე ეფექტური იქნებოდა რუსეთის გამოფიტვის სტრატეგიის წარმოება, ამ პროცესის დაწყებამდე რუსეთი შევარდა უკრაინაში, რაც მისთვის აღმოჩნდა კატასტროფული. ახლა რუსეთი უკრაინას გამოფიტავს. წარმოიდგინეთ, ასეთ დაძაბულობაში დატოვებს მოსახლეობას, სადაც რთული იქნება ინვესტიციების შესვლაც.

თუმცა უკრაინის გვერდით მთელი მსოფლიო დგას და ვფიქრობ, რუსეთის ეს გათვლა ნაკლებად იმუშავებს. ამ დაპირისპირებამ შესაძლოა მიიღოს იგივე ფორმა, როგორიც არის დღემდე ყარაბაღში, ანუ დაპირისპირება იქნება, პერიოდულად პატარ-პატარა შეტაკებებიც იქნება და რუსეთი ეცდება, დაკავებული ტერიტორიები შეინარჩუნოს. ამავდროულად, რუსეთი შეეცდება შიდა აუდიტორიაში წარმოაჩინოს თავი, როგორც გამარჯვებულმა.

ჩანს, რომ რუსეთს აქვს განსაკუთრებული ძალისხმევა მარიუპოლზე, რადგან მარიუპოლის აღებით რუსეთი შეკრავს დერეფანს და აზოვის ზღვას მოწყვეტს მთლიანად უკრაინას. ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება უკრაინისთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მარიუპოლი ახლა არის ერთადერთი წერტილი კუნძულივით, რომელიც ხელს უშლის ამ დერეფნის გაყვანას. სწორედ ეს ფაზაა ახლა, რომ შემოიერთოს ეს ტერიტორიები, ვიდრე საბოლოო ფაზაში გადავალთ. შემდეგ უკვე დაკავებული პოზიციების მნიშვნელობაზე იქნება დამოკიდებული მორიგი ნაბიჯები.

ვფიქრობ, მსხვილმასშტაბიან დარტყმას ისევ განახორციელებს რუსეთი კიდევ ერთხელ, სისულელეს აკეთებს რუსეთის გენშტაბი.

  • თქვენი სამხედრო გამოცდილება გეუბნებათ, რომ ამ ვერსიაზე მუშაობენ ახლა რუსეთის გენშტაბში?  

არსებობს მონაცემები, რომ ციმბირიდან დაიძრა გარკვეული დანაყოფები, როგორც ჩანს, გაძლიერებისთვის. სირიიდანაც გამოჰყავთ დანაყოფები. რუსეთი სირიაშიც აგროვებს მოხალისეებს, რომლებსაც, სხვათა შორის, აქვთ ქალაქებში ბრძოლის გამოცდილება. ეს მიუთითებს რუსეთის მხრიდან ოპერატიული პაუზის აღებაზე, რომ მოახერხოს მობილიზება და დამატებითი ძალებით ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელება.

რთულია ახლა იმის თქმა, რა მიმართულებით იქნება ეს შეტევა, თუ ისევ დაქსაქსავს რუსეთი ამ ძალებს. ჩემი წინათგრძნობით, კიდევ ერთ შეტევას განახორციელებს რუსეთი.

ნათლად გამოჩნდა პოლიტიკური ჩარევა რუსეთის გენშტაბის მუშაობაში, როგორც ეს ჩანდა 2008 წლის ომის დროს. გამოჩნდა ასევე, რომ დიდი მასშტაბის კორუფციაა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და არამიზნობრივად იხარჯებოდა ჯარისთვის გამოყოფილი თანხები. ეს ეტყობა, როგორც ტექნიკის, ისე ჯარისკაცების მდგომარეობას, აღჭურვილობას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სერგეი შოიგუს [რუსეთის თავდაცვის მინისტრი] დიდი „დამსახურებაა“.

ირონიული ნაბიჯიც ვნახეთ უკრაინის მხრიდან, როცა უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტომ მადლობის წერილი გაუგზავნა შოიგუს უკრაინაში შეჭრის მომზადების პერიოდში წარმატებული კორუფციისთვის. წერილს თან ერთოდა რუსული ტანკის აღჭურვის ფოტოები, როცა ასაფეთქებლების ნაცვლად ჩაწყობილი იყო კვერცხის შესანახი კარდონები… შესაძლოა, ეს იყოს საინფორმაციო-პროპაგანდისტული ფოტოები. შესაძლოა, იყოს სიმართლეც. თუმცა ფაქტი ერთია: რუსეთის შეიარაღებულ ძალები არ აღმოჩნდა ამ ომისთვის შესაბამისად მომზადებული.

საინტერესო იყო ამ კუთხით ბრიტანელების მონაცემებიც, როცა აღმოჩნდა, რომ ზოგადად რუსული ჯავშანტექნიკაც არ იყო მზად. ჯავშანტექნიკას სჭირდება, როგორც მიმდინარე, ასევე პერიოდული შემოწმება, პერიოდულად უნდა შემოწმდეს წნევა ბორბლებში. როდესაც უკრაინაში შევიდა ეს ტექნიკა და მოუწია მიწაზე გადადგილება, საჭირო გახდა ბორბლების გამოცვლა, რადგან ჰაერის გამოშვების შემდეგ ხელახლა ვეღარ გაბერეს, ტექნიკის ნაწილი დატოვეს კიდეც. ეს ბრიტანელების მონაცემია, რომელიც სიმართლეს ნამდვილად ჰგავს.

  • რუსული არმია სუსტია – ეს მოსაზრება ძლიერდება. თქვენ, როგორც სამხედრო, მიიჩნევთ, რომ ეს შეხედულება ზერელეა, რადგან ხარისხის მიუხედავად რაოდენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხედრო დაპირისპირების დროს, თუ უკვე გამოჩნდა, რომ დასავლეთის მიერ შეიარაღებული უკრაინა მოახერხებს უკრაინის ტერიტორიიდან რუსი ოკუპანტების გაძევებას? 

ისევე, როგორც არ შეიძლება მოწინააღმდეგის გადაფასება, ასევე არ შეიძლება მისი შეუფასებლობა. ასე რომ ვიფიქროთ, რომ რუსეთის არმია დაიშალა, ასე არ არის ნამდვილად, მათ გარკვეული რესურსი გააჩნიათ და ეს ომი მიიღებს ძალიან ხანგრძლივ ხასიათს, მით უმეტეს, თუ გაყინულ ფაზაში გადავა, როგორც თქვენ ახსენეთ.

საერთოდ, შეიარაღებულ ძალებსა და ოპერატიულ გათვლებში რაოდენობას გააჩნია თავისი ხარისხი – თქვენ თუ გაქვთ „კალაშნიკოვი“ და მე თუ მყავს 10 კაცი მოსინის შაშხანით, უპირატესობა ჩემი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხელში უკეთესი იარაღი გიჭირავთ.

ასე რომ, ეს იოლი ომი არ იქნება უკრაინისთვის, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენა, რომ ის საკმაოდ მოტივირებულია და გაწვრთნილი.

  • ამ კრიზისულ ვითარებაში რამდენად რეალურია უკრაინაში გადაისროლონ დანაყოფები სოხუმიდან, ცხინვალიდან, ასევე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან? 

შესაძლოა, რაღაც ტექნიკა და ჯავშანტექნიკა გადაიყვანონ, ასევე სამხედროები, მაგრამ მთლიანად ველს ვერ მოაშიშვლებენ. რუსებს სამხედრო ძალა სჭირდებათ ჩრდილოეთ კავკასიაში და ამიერკავკასიაში, ასევე შუა აზიის საზღვრებთან, სადაც ათასობით თალიბანელი ნატოს საუკეთესო იარაღით დგას საზღვრებზე…

რუსები შორეულ აღმოსავლეთსაც ვერ მიატოვებენ. ნახეთ ალბათ იაპონიამაც გაიხსენა კურილის საკითხი. ასე რომ, ვფიქრობ, რაღაც ნაწილს გადაიყვანენ.

  • თქვენ ისევ ელით ფართომასშტაბიან შეტევას. უშვებთ, რომ შესაძლოა ნატოს მოუწიოს ამ ომში ჩართვა განსაკუთრებით მას შემდეგ, თუკი კიევს და უკრაინის სხვა დიდ ქალაქებს ციდან გაანადგურებს რუსეთი? 

ჩანს, რომ რუსეთს უკრაინის დიდი ქალაქების აღების ძალა და უნარი არ გააჩნია.

შესაბამისად, ძირითადად საუბარია უმოწყალო დაბომბვაზე. დასავლეთისთვის უკრაინა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მგონია, რომ ის ცის დახურვაზე წამოვიდეს, რაც გულისხმობს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით ცის დახურვას. როგორც ვიცი, ბრიტანეთმა მიაწოდა ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები უკრაინას. მსგავსი რაკეტები და საშუალებები თუ მიეწოდა უკრაინას, ასე თავისუფლად ფრენას ვეღარ შეეძლება რუსეთს. დღესაც ვერ დაფრინავენ თავისუფლად, ბევრი ვარდება, როგორც ხედავთ. ფაქტობრივად, ინტენსიური დაბომბვები აღარ არის, როგორც ადრე იყო, მაგრამ იბომბება საავადმყოფოები, დასახლებული ადგილები…

მე თუ მკითხავთ, უკრაინას ნატოს ჩართვა არც სჭირდება, მას საკმაოდ ძლიერი შეიარაღებული ძალები აქვს, რუსეთზე არანაკლები. უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურობაც გაიზრდება თანამედროვე შეიარაღების მიწოდებით, ასევე სპეციალისტების, ოპერატორების გადამზადებით. გარდა ამისა, ყოველდღიურად იზრდება მოხალისეების შედინება უკრაინაში. იაპონიაც აპირებს სამხედრო ტექნიკით დახმარებას.

ნატო რომც შევიდეს უკრაინაში, რუსეთი ხომ მაინც დაბომბავს? ხალხი საბრძოლველად ჰყავს უკრაინას. მთავარია, რომ მას ჰქონდეს აღჭურვილობა და შესაბამისი მხარდაჭერა.

  • პენტაგონის სპიკერმა – ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ განიხილება ალტერნატიული ვარიანტები, რაც უფრო მიესადაგება უკრაინას. რა შეიძლება იყოს ეს ალტერნატივა, თქვენი ვერსიით? 

ეს არის, მაგალითად, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, საშუალო და უფრო დიდი მანძილის სარაკეტო სისტემები, ნატოს ძალიან დიდი არსენალი აქვს და, როგორც ვიცი, ამზადებენ ოპერატორებს ახალი ტექნიკის ათვისებაზე. ასე რომ, ამ ტექნიკის გამოყენება ნამდვილად არ იქნება კარგი რუსებისთვის. ახლა მთავარია, ხალხი იყოს მაქსიმალურად გამორიდებული დარტყმებს. საშინელებაა, რომ ამ დერეფნებშიც არ აძლევენ მოქალაქეებს მშვიდობიანად გავლის შესაძლებლობას, ან უხსნიან დერეფანს მხოლოდ რუსეთის მიმართულებით.

ნამდვილად ნატოს დამსახურებაა, რომ მომზადებულია უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალები და ასე ეომება რუსეთს.

  • ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა ხაზი გაუსვა რუსეთში ბირთვული არსენალის არსებობას და იმას, რომ „ესკალაციის რეალური საფრთხე არსებობს“. ის, რომ პუტინი ამ ბირთვული იარაღის გასაღებს ატრიალებს ხელში, რამდენად შესაძლებელს ხდის იმას, რომ რუსეთმა პოზიციების შეცვლა აიძულოს დანარჩენმა სამყარომ? 

ვფიქრობ, საბოლოოდ დაშლილი, დაქუცმაცებული  და არეული რუსეთიც საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველი იქნება ამ ბირთვული არსენალის გამო. მთავარია, ნატო მოიქცეს ჭკვიანურად და ბრძნულად და გააგრძელოს დარჩენა კონვენციური დაპირისპირების ფარგლებში.

ამ ეტაპზე, როგორც ხედავთ, უკრაინა აღარ იძახის ნატოში შესვლას, ის მზადაა დარჩეს ბლოკგარეშე ქვეყნად, ოღონდ უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს სხვა ქვეყნებიდან.

  • თვლით, რომ შეასრულებს მსგავს პირობას რუსეთი ამჯერად? აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა ნედ პრასმა, მაგალითად, აღნიშნა, პუტინი ახლა რა პრინციპებსაც არღვევს, ზუსტად იგივე დაარღვია 2008 წელს საქართველოსთან, როცა 6-პუნქტიანი შეთანხმება გაფორმდა. 

აქ მთავარია იმ ქვეყნების რეაქცია, რომლებიც გარანტორი იქნებიან – უკაცრავად, მაგრამ პირდაღებულებმა არ უნდა უყურონ შეთანხმების პირობების დარღვევას. რუსეთს საქართველოსთან ახლა და ისტორიულადაც რა ხელშეკრულებაც აქვს დადებული, ყველა დაარღვია.  გვახსოვს, რომ რუსეთმა დაარღვია ბუდაპეშტის შეთანხმებაც ისე, რომ დანარჩენმა ქვეყნებმა მაშინ თვალიც არ დაახამხამეს. შესაბამისად, რუსეთმა გადაყლაპა ყირიმი, ასევე დონეცკი-ლუგანსკი.

გარანტია სხვა რამეს უნდა ნიშნავდეს, სხვანაირად უნდა გაფორმდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: