მთავარი,სიახლეები

არ გამოიყენოთ ბირთვული იარაღი – გზავნილი იაპონიის 2 ქალაქიდან

11.03.2022
არ გამოიყენოთ ბირთვული იარაღი – გზავნილი იაპონიის 2 ქალაქიდან

იაპონიის ქალაქებში – ჰიროსიმასა და ნაგასაკიში რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ბირთვული ომის საფრთხეებს ეხმიანებიან.

ჰიროსიმა და ნაგასაკი იაპონიის ის ქალაქებია, რომელთაც იწვნიეს ატომური იარაღის საშინელი ძალა. 1945 წელს ორივე ქალაქის ატომური იარაღით დაბომბვის შედეგად 200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასი ათასზე მეტი კი სხვადასხვა სენით დაავადდა.

8 მარტს ქალაქ ჰიროსიმაში იაპონელებმა 1000 სანთელი აანთეს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის გასაპროტესტებლად.

ჰიროსიმაში, ატომური ბომბის მემორიალური გუმბათის წინ, სანთლებით დანთებული იყო No War [არა ომს], No Nukes [არა ბირთვულ იარაღს] და нет войне [არა ომს].

ფოტო: mainichi.jp

უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამე დღეს, 27 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შეკავების ძალებს „საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე“ გადასვლა უბრძანა, რაც ბირთვული იარაღის მზადყოფნაში მოყვანას გულისხმობს.

პუტინის განცხადებიდან მეორე დღეს, 28 თებერვალს, ჰიროსიმასა და ნაგასაკის მერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომ დაუშვებელია ატომური დაბომბვის მესამე ზონის შექმნა.

ჰიროსიმას ყოფილმა მერმა, ტადატოში აკიბამ კი ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და პუტინსა და მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, არ დაუშვან ბირთვული იარაღის გამოყენება.

„ჰიროსიმასა და ნაგასაკის მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებიდან იციან ატომური ბომბების საშინელება და არაჰუმანურობა, მოგიწოდებენ: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბირთვული იარაღი.

მე ვურჩევ პრეზიდენტ პუტინს და ასევე,  ბირთვული  იარაღის მქონე სხვა ქვეყნების ლიდერებს, მოუხმონ ფანტაზიას, სცადეთ წარმოიდგინოთ იმ ისტორიკოსების დახმარებით, რომლებიც კარგად იცნობენ ჰიროსიმასა და ნაგასაკის, რა მოხდება, თუ პუტინი ხელს დააჭერს ღილაკს.

მილიარდობით ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იქნება მოწმე ენით აღუწერელი სცენებისა და ხმებისა – ჯერ კიდევ ცოცხლებისა და დამწვრების, მათი სხეულების დეფორმირებული ფრაგმენტებისა, ვინც აგონიაში მოკვდა, ან ისე, რომ ვერც გაიგო სინამდვილეში რა ხდებოდა.

თუკი ეს შესაძლებელი სცენარია, რატომ არ შეგვიძლია გამოვტოვოთ დაბომბვის ნაწილი, რათა გადავარჩინოთ ამ წარმოდგენილ „ცოცხალ ჯოჯოხეთში“ მყოფთა სიცოცხლე და ბირთვული იარაღების საკითხის გადაჭრაზე გადავიდეთ?

ასევე, წარმოიდგინეთ, რომ აგონიაში მყოფი და მომაკვდავი ადამიანების ყვირილი და ძახილი ჩაიწერება და დამონტაჟდება. ამ ჩანაწერებს ექნება სამუდამო იარლიყები: „რაც პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა“, „რაც რუსეთმა გაკეთა“ – წერს ტადატოში აკიბა.

იგი მოუწოდებს იაპონიის პრემიერ-მინისტრ კიშიდას, რომელიც ჰიროსიმადანაა, შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს.

ჰიროსიმას ყოფილმა მერმა ონლაინპეტიციაც შექმნა სახელწოდებით – „ნუ გამოიყენებ ბირთვულ იარაღს“.

ამავე თემაზე: 

რა შემთხვევაში შეუძლია პუტინს „წითელი ღილაკის“ გამოყენება – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: