მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, საქართველოში აშენებულ ახალ შენობებში სპეციალურ სარდაფებს აწყობდნენ. ასეთ ადგილს სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობები ერქვა და ის აღჭურვილი იყო ყველა აუცილებელი ნივთით, რაც საჰაერო ან ატომური თავდასხმის დროს შეიძლებოდა დასჭირვებოდათ მოქალაქეებს.
ფოტოგრაფი გიზო ჩიგოგიძე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობის წარმომადგენელია. იხსენებს, რომ ბავშვობაში ის და მისი თანატოლები სპეციალურ სწავლებას გადიოდნენ, როგორ უნდა დაეცვათ თავი ავიათავდასხმების ან ატომური ბომბის აფეთქების შემთხვევაში.
„მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან ვცხოვრობ. ამ შენობის ქვეშ სამი მეტრი სიგანის სარდაფია, სადაც დაბომბვის შემთხვევაში მოსახლეობას შეეძლო თავი შეეფარებინა. ჩვენი პერიოდის ბიჭები, 70-80-იან წლებში ვინც ვიზრდებოდით, ყველა ვიყავით ინფორმირებული, თუკი აფეთქება მოხდებოდა, თავი როგორ დაგვეცვა. გვიტარდებოდა სწავლება, თუ როგორ უნდა გამოგვეყენებინა აირწინაღები, როგორ უნდა გაგვეწია პირველადი დახმარება დაშავებულებისთვის.
ასევე, ამ სარდაფებში იყო საკვები – კონსერვები და წყალი, რომ ადამიანს რამდენიმე დღე გაეძლო. მართალია, ყველაფერი კუსტარულ დონეზე იყო, მაგრამ ერთი-ორი დღე გაძლებდი, უცებ არ მოკვდებოდი,“ – იხსენებს გიზო.
არქიტექტორი გია ბაღოშვილი იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ბათუმში არსებობდა საპროექტო „საქალაქმშენ სახპროექტი“, სადაც დგებოდა ქალაქში ასაშენებელი სახლების პროექტები. ამ პროექტებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობები გათვალისწინებული.
„ყველა დეტალი იყო გათვლილი. კედლების სისქე, მდგრადობა, ყველაფერს ექსპერტიზა უკეთდებოდა. სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობების მიზანი იყო, რომ თავდასხმის შემთხვევაში მოსახლეობას თავი შეეფარებინა და მინიმუმ ერთ თვეს გაეძლო. ეს იყო სპეციალურად აშენებული დიდი, სქელკედლებიანი სარდაფი. სარდაფებში იყო სპეციალური თაროები მოწყობილი, სადაც ელაგა აირწინაღები, წყლის ბალონები და მშრალი კონსერვები. მე ვცხოვრობდი გამსახურდიას პირველ ნომერში, ბულვარის წინ. ამ სახლს ჰქონდა სარდაფი, დაბომბვისგან თავდასაცავად“, – იხსენებს გია ბაღოშვილი.
არქიტექტორის თქმით, მსგავსი სახლების მშენებლობა საბჭოთა კავშირში ბრეჟნევის მმართველობის ხანაში დასრულდა. მოგვიანებით, საბჭოთა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქალაქგეგმარებითი პოლიტიკაც შეიცვალა. იმპერია აღარ მიიჩნევდა საჭიროდ ახალაშენებულ სახლებს თავშესაფრები ჰქონოდა.
ბათუმში რამდენიმე ადგილასაა სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობა. გია ბაღოშვილის თქმით, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშესაფარი ბათუმის სამუსიკო სასწავლებლისა და ბათუმის მერიის ქვეშ გადის. თავშესაფარი რამდენიმე წლის წინ გარემონტდა კიდეც. მისივე თქმით, თავშესაფრების ნაწილი, რომლებიც გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული საცხოვრებელი კორპუსების ქვეშაა, კერძო პირების საკუთრებაშია.
„მემედ აბაშიძის #1-ში მდებარე კორპუსს აქვს თავშესაფარი. იქ ადრე ჩემი სამსახური იყო, საპროექტო. მახსოვს თავშესაფრის ადგილას საბილიარდო იყო მოწყობილი. შესვენებაზე ჩავდიოდით და ვთამაშობდით,“ – იხსენებს გია ბაღოშვილი.
მემედ აბაშიძის #1-ში თავშესაფარი ახლა დაკეტილია.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე, ასლან ჭანიძე, კიდევ ერთი სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობის შესახებ მოგვიყვა. თავშესაფარი ბათუმის ბულვარის შესასვლელთან არსებული კორპუსის ქვეშაა. აქაც ბოქლომები ადევს შესასვლელ კარს. ასლან ჭანიძის თქმით, 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, თავშესაფრები უბანში მცხოვრები ბავშვების თავშეყრისა და გართობის ადგილად იქცა.
„15-16 წლის ვიყავით. სკოლაში გვიტარდებოდა სამხედრო გაკვეთილი და ყველამ ვიცოდით ამ ნაგებობების დანიშნულება. ეს ობიექტები დალუქული იყო. მაგრამ 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამ თავშესაფრებს აღარ აკონტროლებდნენ. ამიტომ გაიხსნა თავშესაფრების კარები – გაიტანეს ის, რაც გასატანი იყო. შემდეგ ბიჭებმა მივაგენით. იმ ბნელ ზამთრებში, როცა არც კინო იყო, არც შუქი, არც არაფერი, თავშეყრის ადგილი გაგვიჩნდა. მახსოვს, ერთხელ სხვა მიწისქვეშა თავშესაფარი ვიპოვეთ გამსახურდიას ქუჩაზე, იმ შენობის ქვეშ, რომელშიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოა. იქ რომ ჩავედით, ბევრი დერეფანი დაგვხვდა. ვერ გავბედეთ იმ დერეფნებში ბოდიალი, დაკარგვის შეგვეშინდა. გამიგია, რომ 50-60-იან წლებში აშენებული რამდენიმე ბინის ქვეშ არის თავშესაფარი, თუმცა მათი ზუსტი ადგილმდებარეობა არ ვიცი,“ – ამბობს ასლან ჭანიძე.
___
მთავარი ფოტო: სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობა ბათუმში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, გამსახურდიას ქუჩაზე