მთავარი,სიახლეები

ყოველდღე შიშით ვუკავშირდები მშობლებს – აჭარაში მცხოვრები უკრაინელი ქალი

12.03.2022 • 3727
ყოველდღე შიშით ვუკავშირდები მშობლებს – აჭარაში მცხოვრები უკრაინელი ქალი

„ომის პირველი დღეები ყველაზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში, ამას ვერ გაიგებს ვერავინ, ვისაც ომი  პირდაპირ არ შეხებია. ჩემი დღე იწყება sms-ით მშობლებთან და ახლობლებთან, შექმნილი გვაქვს ჩატები, ყოველ 2-3  საათში ვეკითხები, როგორ არიან, შიშით ვაახლებ კავშირს მათთან“, – გვიყვება ანნა სერედა.

ანნა სერედა 10 წელია საქართველოში, აჭარაში ცხოვრობს, ქართველ მეუღლესთან და შვილთან ერთად. ის უკრაინიდან საქართველოში საცხოვრებლად 2012 ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც ოჯახი შექმნა.

ანას მშობლები და ახლობლები ახლა უკრაინაში არიან და დაბომბვების დროს თავს თავშესაფრებს აფარებენ.

„ჩემი მშობლები ახლა ქალაქ ზოლოტონოშაში არიან, ჩემი და ცხოვრობს ოდესაში, მაგრამ შვილთან ერთად გადავიდა დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ივანო-ფრანკივსკში, მისი ქმარი კი დარჩა ოდესაში, ქალაქის დასაცავად.

ჩემი ნათესავები ასევე იმყოფებიან სხვადასხვა ქალაქში: ჩერკასში, კიევში, მელიტოპოლში… ყველა ქალაქს საომარი ვითარება აქვს, ყველა ქალაქში სხვადასხვა სიტუაციაა. სიმშვიდე არსად არ არის“, – გვიამბობს ანნა.

ანნა გვიყვება, რომ პერიოდულად ხმოვან შეტყობინებას იღებს ბიძაშვილისგან, რომელიც ომში იბრძვის:

„ჩემი ბიძაშვილი იცავს ქვეყანას 2014 წლიდან, ახლაც ომშია. მთელი რვა წელი ლუგანსკში ცხოვრობდა. ახლა ეს ქალაქი, ომის შედეგად, მიწასთანაა გასწორებული. მასთან კავშირის დამყარება ხშირად ვერ ხერხდება, ზოგჯერ ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის.“

ანნას ინფორმაციით, ახლა განსაკუთრებულად ცხელი წერტილებია ქალაქი ირპენი, ბუჩა, ბროვარი, ხარკოვი, მარიუპოლი და კიდევ რამდენიმე ქალაქი:

„ჩემს ყველა ნაცნობს ესმის გამაფრთხილებელი სირენების ხმა დღეში რამდენჯერმე და იმალებიან სარდაფებში.

ახლა ყველა დახმარება მიმართულია იმ ქალაქებისკენ, სადაც ყველაზე რთული სიტუაციაა. ჩემი ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები რჩებიან უკრაინაში. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დასრულდება და არ მოუწევთ ქვეყნის დატოვება“.

ანნას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის დახმარება, რომელსაც ქართველი ხალხი უკრაინის მიმართ იჩენს:

„მადლობა საქართველოს, რომ გვეძლევა საშუალება, დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს, ალბათ აღარ დარჩა ადამიანი, ვისაც მონაწილეობა არ მიუღია ჰუმანიტარულ მისიაში. გული სავსე მაქვს ამ დახმარების გამო, მადლობელი ვარ მათი, ვინც მირეკავს, მწერს და მეკითხება, როგორ ვგრძნობ თავს და რით შეუძლიათ დამეხმარონ“.

ანას ხუთი წლის შვილი ჰყავს. გვიყვება, რომ დიდხანს ცდილობდნენ ბავშვს არაფერი გაეგო ომის შესახებ, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა:

„ხედავდა, როგორი მოწყენილი ვიყავი, ესმოდა ჩემი საუბრები მამამისთან. ესმოდა, რაზე ვესაუბრებოდი მის უკრაინელ ბებიას და ბაბუას. აღელდა, დაიწყო კითხვების დასმა, მეკითხება, ვინ ვის ეომება, ვინ დაიწყო ომი და რატომ, შეგვიძლია თუ არა გავფრინდეთ უკრაინაში ბებიასთან და ბაბუასთან.

ბაღში დადის, სადაც სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობენ, არიან რუსებიც, მას ჰყავს ნახევრად რუსი მეგობარი, მან არ უნდა განასხვაოს ბავშვები ეროვნების მიხედვით“.

___

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს პასუხად მკაცრი სანქციები დაუწესა, თუმცა უკრაინაში ომს რუსეთი არ აჩერებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: