უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში საფრთხეშია ხელოვნების ნამუშევრები, მათ შორის, ისეთი ძეგლები, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ და, ასევე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები. ერთი მუზეუმი უკვე დაიწვა – წერს გლობალური ხელოვნების ორგანიზაცია Getty.
„რუსულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურება. რუსეთმა განზრახ დაწვა ივანკივის მუზეუმი კიევის ჩრდილოეთით, სადაც განთავსებული იყო ძვირფასი უკრაინული ხალხური ხელოვნება.
უკრაინელი მეცნიერები ამას აფასებენ, როგორც კულტურულ კატასტროფას,“ – ამბობს სპეციალურ განცხადებაში Getty Trust-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეი პოლი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 თებერვალს ტვიტერში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელი მხატვრის, მარია პრიმაჩენკოს, 25 ნამუშევარი დაიკარგა. მუზეუმი დაბომბვის შედეგად დაიწვა.
„მან შექმნა ცნობილი შედევრები. მისმა განსაკუთრებულმა ნიჭმა მოხიბლა პაბლო პიკასო“, – წერს სამინისტრო. ხალხური ხელოვნების სფეროში მისი წვლილის აღსანიშნავად, იუნესკომ 2009 წელი პრიმაჩენკოს წლად გამოაცხადა.
Getty – მსოფლიოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა ძალიან ხშირად ხდება ომის სამიზნე, ეს კიდევ ერთი მეთოდია საზოგადოების განადგურებისა და დაპყრობის, მეხსიერების წაშლის გზით.
As a result of 🇷🇺 invasion, about 25 works by outstanding 🇺🇦 artist Mariia Pryimachenko were burned. The paintings were stored in Ivankiv Museum, Kyiv region. She created world-famous masterpieces. Her special gift and talent captivated Pablo Picasso.
🖼️“Two-headed chicken, 1977” pic.twitter.com/dfAyfkn1k9— MFA of Ukraine 🇺🇦 (@MFA_Ukraine) February 28, 2022
უკრაინაში მსოფლიო მემკვიდრეობის შვიდი ძეგლია, მათ შორისაა კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი, რომელიც შეიცავს მე-16 საუკუნის უნიკალურ მოზაიკებსა და ფრესკებს და კიევ-პეჩერის ლავრა, მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც დაარსდა 1051 წელს.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია ასევე ლვოვის უძველესი კვარტალი, რომელიც XIII საუკუნით თარიღდება.
იუნესკო გმობს თავდასხმას ჰოლოკოსტის მემორიალ ბაბი იარზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა მასობრივი სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილია და მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს ისტორიულ ადგილებს, რომელთა მნიშვნელობა განათლებისა და მეხსიერებისთვის შეუცვლელია.
იუნესკო ხაზს უსვამს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ჰააგის კონვენციას შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული საკუთრების დაცვის შესახებ და მის ორ ოქმს, რომელთა თანახმადაც კონფლიქტის დროს მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ კულტურულ ფასეულობებზე ზიანის მიყენებისგან.
ამ დროისთვის იუნესკო მუშაობს უკრაინაში ომის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასებაზე.
ორგანიზაცია თანამშრომლობს უკრაინის ხელისუფლებასთან და კულტურის სპეციალისტებთან, რომ რაც შეიძლება მალე მონიშნოს უკრაინაში ძირითადი ისტორიული ძეგლები და ადგილები 1954 წლის ჰააგის კონვენციის გამორჩეული „ლურჯი ფარის” ემბლემით, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საერთაშორისოდ აღიარებული სიგნალია.
„ლურჯი ფარის“ ემბლემა ნიშნავს, რომ ეს მემკვიდრეობა დაცულია საერთაშორისო სამართლით.
იუნესკოს ცნობით, მარკირების პროცესი ლვოვის ისტორიული ცენტრის ანსამბლში დაიწყო.
„ჩვენ ვგმობთ კულტურულ სისასტიკეს, რაც ახლა ხდება უკრაინაში, ადამიანურ და ეკოლოგიურ ზარალთან ერთად. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება ცივილიზებული საზოგადოებების ძირითადი ღირებულებაა. ის, რაც უკრაინაში ხდება, მონუმენტური მასშტაბის ტრაგედიაა“ – Getty.
იუნესკო იუწყება, რომ გაეროს სასწავლო და კვლევის ინსტიტუტ UNITAR-თან თანამშრომლობით, ის მონიტორინგს გაუწევს კულტურული ობიექტების დაზიანებას სატელიტური გამოსახულების ანალიზის საშუალებით.