რუსმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეში 61 ტონა ხორბალი მოიპარეს – უკრაინის პროკურატურა

უკრაინის პროკურატურის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 61 ტონა ხორბალი მოიპარეს.

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 აპრილს შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა ფიზიკური ძალადობის მუქარით გაძარცვეს ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო კომპანიის ფილიალი ქალაქ კამიანკა-დნიპროვსკაში. ოკუპანტებმა 61 ტონა ხორბალი, სატვირთო მანქანები და ფილიალის სხვა ქონება მიითვისეს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

24 თებერვალს რუსეთი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით დაესხა თავს უკრაინას. 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში იბომბება და ნადგურდება ქალაქები და სოფლები. დაფიქსირდა რუსი ჯარისკაცების მიერ მოსახლეობის ძარცვის არაერთი შემთხვევა.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლის ფასი 10 ლარი იქნება

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების ფასი იზრდება. პირველი მაისიდან ბაღში შესვლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 8 ლარის ნაცვლად 10 ლარი იქნება, უცხოელებისთვის კი – 20 ლარი.

ბოტანიკურ ბაღში შესვლის ბილეთის ფასი იზრდება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვისაც. თუ აქამდე მოსწავლე 1 ლარად შედიოდა ბაღში, ახლა 2 ლარის გადახდა მოუწევს, სტუდენტი კი 2 ლარის ნაცვლად 5 ლარს გადაიხდის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რას უკავშირდება ტარიფების ცვლილება, ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ ბაღს ბევრი ხარჯი აქვს, საკუთარი შემოსავლებით ხდება ინფრასტრუქტურის განახლება და მოვლა, ამიტომ გაიზარდა დათვალიერების ფასიც.

თუმცა ადმინისტრაციაში იმასაც ამბობენ, რომ შეღავათიანი პაკეტი საკმაოდ ბევრ ჯგუფზე გავრცელდება. მათ შორის: შშმ პირებზე, სამხედროებზე, სოციალურად დაუცველ პირებსა და პენსიონერებზე.

„სრულ ინფორმაციას სერვისებსა და პაკეტებთან დაკავშირებით მალე გამოვაქვეყნებთ ჩვენს გვერდზე“ – გვითხრეს ადმინისტრაციაში.

ბოტანიკური ბაღი ყოველი თვის პირველ რიცხვში უფასო იქნება უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

ადმინისტრაციის თქმით, ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება მნიშვნელოვან დღესასწაულებზე.

ადმინისტრაციის განცხადებით, ტარიფების ცვლილება შეთანხმებულია ბათუმის მერიასთან.

____________________

„პუტინ ხუილოს“ დაძახებიდან 1 თვის შემდეგ დამაჯარიმა პოლიციამ“ – რა გადაწყვიტა მოსამართლემ

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა გაამართლა „სირცხვილიას“ აქტივისტი თამარ კურატიშვილი, რომელმაც ბათუმში პირველ მარტს გამართულ აქციაზე ამბობდა: „პუტინ ხუილო“.

საინტერესო ამ შემთხვევაში ისაა, რომ თამარ კურატიშვილი აქციაზე არ დაუკავებიათ, მაგრამ პოლიციელებმა მას ამ აქციიდან დაახლოებით ერთი თვის გასვლის შემდეგ შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი.

„28 მარტს, აქციაზე დაკავებული ლუკა და ანდრია ფენების სასამართლო პროცესზე მოწმედ დამიბარეს და იქ ვთქვი, რომ ყველა ვსკანდირებდით ტაფებით და ჩამჩით ხელში: „პუტინ ხუილო“. პოლიციელმა მითხრა, ჰოდა, თუ იძახდი, შეგიდგენთ ოქმსო…“ – ამბობს თამარ კურატიშვილი.

ძმები ლუკა და ანდრია ფენები სასამართლომ 600-600 ლარით დააჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისთვის. ისინი ბათუმში პირველ მარტის აქციაზე დააკავეს, რომელშიც თამარ კურატიშვილიც მონაწილეობდა. ძმები ფენების შემთხვევაში პოლიციამ სასამართლოში წარადგინე ვიდეო ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ისინი აგინებდნენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს. თამარ კურატიშვილი კი, აქციაზე პუტინს აგინებდა.

ძმები ფენების გასამართლების შემდეგ, თამარ კურატიშვილს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მიედავა პოლიცია.

„მიხარია, რომ მოსამართლემ გაიზიარა ჩვენი არგუმენტები და დაიცვა გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი. თითქმის ამოწურული მქონდა იმედი და გაოცებული დავრჩი ამ გადაწყვეტილებით,“ – გვითხრა თამარ კურატიშვილმა.

„ეს მუხლი ამბობს, რომ უნდა ირღვეოდეს საზოგადოებრივი წესრიგი, ფეისბუქლაივის მიხედვით კი, რომელიც სასამართლოში მტკიცებულების სახით იყო წარდგენილი, თამარ კურატიშვილი იყო აქციის მონაწილე და არ ჩანს, რომ ის ვინმეს გადაეკიდა, მისი ქმედება ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში. ამ აქციაზე არავის დაურღვევია საზოგადოებრივი წესრიგი, რასაც პოლიცია ამტკიცებდა,“ – გვითხრა ირმა აბაშიძემ, რომელიც საია-ს იურისტია და სასამართლოში თამარ კურატიშვილის ინტერესებს იცავდა.

როდის დააბრუნებენ ბულვარში ყირამალას და სხვა ქანდაკებებს

„ყირამალა“ და სხვა სიმბოლური კონსტრუქციები ბათუმის ბულვარში ერთ წელზე მეტია, რაც აღარ დგას. როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებთან“  2021 წლის აპრილში აცხადებდნენ, ისინი დაზიანების შემდეგ რესტავრაციისთვის წაიღეს. თუმცა მას შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა და ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

„ყირამალა“ და სხვა მსგავსი ქანდაკებები ბათუმის ბულვარში პოპულარობით სარგებლობდა, ამ ქანდაკებებთან ხშირად იღებდნენ ფოტოებს ტურისტები.

ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ქანდაკებებს ბულვარში სავარაუდოდ  2022 წლის მეორე კვარტალში დააბრუნებენ.

„ქანდაკებები, რომლებიც ამშვენებს ჩვენს ბაღს, საჭიროებდა რეაბილიტაციას. გვაქვს საავტორო ქანდაკებები და ისეთები, რომლებსაც ავტორებიც არ იძებნებიან. ყველაზე მეტი გელა წულაძის ნამუშევრებია და მასთან უკვე შეთანხმებული ვართ, ვმუშაობთ სანებართვო ნაწილზე, რომ ექსკლუზიური შეთანხმება გავაფორმოთ და თვითონ ავტორმა ჩაატაროს მისვე ქანდაკებების რეაბილიტაცია. დაბრუნდება გულები, ყირამალა და სხვები. დაახლოებით, ალბათ, მეორე კვარტლის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს“, – ამბობს სოფო ლაზიშვილი.

ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის  მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ქანდაკებების რეაბილიტაციისთვის 70 000 ლარამდე დაიხარჯება. პარალელურად დაგეგმილია სალამურიანი ბიჭების ქანდაკებების და ე.წ. პეპელას რეაბილიტაცია.

რატომ აიღეს „ყირამალა“ ბათუმის ბულვარიდან

 

 

სააკაშვილის მიზანმიმართულ სიკვდილს ცდილობენ – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე

„ისინი უშვებენ მიხეილ სააკაშვილის ფატალური შედეგის დადგომის შესაძლებლობას და გათვლილი აქვთ ამ შედეგის პლიუს-მინუსები, ჩათვლილი აქვთ, რომ ეს მათთვის პოლიტიკურად სასარგებლო იქნება,“ – ამბობს ნონა წოწორია, ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე. მისი შეფასებით, ევროსასამართლოში საქართველოს ხელისუფლება სამომავლოდ აუცილებლად წააგებს დავას „სააკაშვილის საქმეზე“, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს განცდა აქვს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისთვის „დღევანდელი პოლიტიკური ამოცანა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რას იტყვის ევროსასამართლო ხვალ“.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე  ყურადღებას ამახვილებს სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე, რომელიც გუშინ, 27 აპრილს გამოქვეყნდა.

„ეს არის საგანგაშო იმიტომ, რომ დასკვნა ცალსახად აჩვენებს, როგორ არ სრულდება ექიმების მიერ ჯერ კიდევ იანვარში გაცემული რეკომენდაციები. ამ პირობებში ხელისუფლება ვერ შეძლებს  დაამტკიცოს, რომ მან  სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწია მიხეილ სააკაშვილს. ციხის პირობებში პატიმრის სამედიცინო მკურნალობა არის ხელისუფლების ვალდებულება. აქ არ არის საუბარი, რომ ის ითხოვს რაიმე უპირატესობას და უკეთეს მოპყრობას. ვხედავთ, რომ მისი მიმართ არ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პატიმრის მიმართ მოპყრობის სტანდარტული წესები. ძალიან რთულია, ამ ყველაფერში არ დაინახო პოლიტიკური მოტივი. ვფიქრობ, სახიფათო ცეცხლს ეთამაშება ხელისუფლება,“ – ამბობს ნონა წოწორია „ბათუმელებთან“.

ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლის შეფასებით, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო „სააკაშვილის საქმეზე“ კონვენციის მე-3 მუხლის დარღევას დაადგენს, რაც გულისხმობს არაჰუმანურ მოპყრობას.

„არსებობს ამის პრეცედენტები და ჩამოყალიბებული პრაქტიკა, სადაც მნიშვნელოვანი როლი აქვს, სხვათა შორის, ქართულ საქმეებსაც და შეუძლებელია, ეს არ იცოდეს საქართველოს ხელისუფლებამ. მათ იციან, რომ რასაც ისინი აკეთებენ ახლა, შეფასდება, როგორც კონვენციის დარღვევა. ვფიქრობ, რომ ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ ამას. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, დღეს რა შედეგი დადგება, ვიდრე ის, რომ სადღაც 5 წლის შემდეგ ეს შეფასდება დარღვევად. ისინი ამას გაცნობიერებულად აკეთებენ. იუსტიციის სამინისტროში მუშაობს ხალხი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ევროსასამრთლოს პრაქტიკა, მათ შორის, ქართულ საქმეებზეც. რადგან ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  დარღვევა სამომავლოდ არ დადგეს, სხვა რა უნდა ვიფიქრო?

ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის იზოლირება ყოველმხრივ, მათ შორის, ფატალური შედეგის დადგომითაც კი,“ – გვითხრა ნონო წოწორიამ.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე მიიჩნევს, რომ არასათანადო მკურნალობის გარდა, არაჰუმანურ მოპყრობად შეფასდება მიხელ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის ინციდენტიც. ნონა წოწორია აქცენტს აკეთებს ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების ჩანაწერზე, სადაც შეფასებულია საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია. სწორედ ეს უწყება იძიებდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს.

„ცალსახად აღნიშნულია, რომ პირდაპირ კავშირია ინსპექტორის ოფისის დაშლას და „სააკაშვილის საქმეს“ შორის და ეს შეფასდა, როგორც „მნიშვნელოვანი უკუსვლა დემოკრატიაში“. საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან რთული იქნება იმის მტკიცება, რომ ეს ჩვეულებრივი რეორგანიზება იყო და არა მიზანმიმართული ქმედება საკაშვილის საქმეების არაეფექტურად გამოძიებისკენ,“ – დასძინა ნონა წოწორიამ.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე იხსენებს, რომ პირადად მას არაერთი საქმე განუხილავს, რომელიც ეხებოდა პატიმრის უფლებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ექიმების  შემოწმებას.

„მაგალითად, რით უნდა აიხსნას სააკაშვილთან მისი პირადი ექიმის დაუშვებლობა? მით უმეტეს იმ პირობებში, როცა პატიმარს არ აქვს ნდობა სასჯელაღსრულების სისტემის მიმართ. მე, როგორც ევროსასმართლოს მოსამართლეს, უამრავი პატიმრის საქმე მინახავს, სადაც აბსოლიტურად უპრობლემოდ უშვებდნენ ალტერნატიულ სამედიცინო ექსპერტებს პატიმრის შესამოწმებლად, შესაბამისად, უამრავი ალტერნატიული დასკვნაც წამიკითხავს. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულად მისთვის რამე ახალი წესის დადგენას არ ითხოვს.

არ არის ადვილი ბრალდება, რომ  აი, მიზანმიმართულად უნდათ მისი  სიკვდილი, მაგრამ უნდა ვთქვა, რასაც ვფიქრობ. არ მსურს, როგორც ერთმა ადამიანმა საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა, თუნდაც მორალური იმისა, რომ ეს შედეგი დადგეს. მე საკუთარ თავსაც დამნაშავედ ჩავთვლი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ტვირთი არ ვატარო. ახლა  ნებისმიერი ადამიანის დუმილი არის თანამაონაწილეობა,“ – გვითხა ნონა წოწორიამ, ევროსასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ.

უკრაინა თავს დაიცავს, მათ შორის რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმით – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა დაიცავს თავს ყველა საშუალებით, მათ შორის, თუ ამას გადაწყვეტს, დაარტყამს რუსეთის სამხედრო საწყობებსა და ბაზებსაც.

„უკრაინის გადასაწყვეტია, დაარტყამს თუ არა რუსეთის სამხედრო ობიექტებს, თქვა @SecBlinken-მა. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და კლავს მოქალაქეებს. უკრაინა დაიცავს თავს ყველა შესაძლო გზით, მათ შორის რუსი მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე დარტყმებით. მსოფლიო აღიარებს, რომ ეს სამართლიანია“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე.

მას საკუთარ განცხადებაში მოჰყავს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის კომენტარი, რომელიც სენატში მოსმენისას გააკეთა: „უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, იმოქმედებს თუ არა საკუთარ საზღვრებს მიღმა. ჩემი მოსაზრებაა, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გააკეთონ ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა დაიცვან თავი რუსეთის აგრესიისგან. ტაქტიკა ამ შემთხვევაში, მათ თავად უნდა აირჩიონ“.

აშშ სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ შეერთებული შტატების აზრით, უკრაინამ უნდა მიიღოს ყველანაირი დახმარება, რათა მოახერხოს და განდევნოს რუსული ჯარები საკუთარი ტერიტორიიდან.

ჯერ კიდევ გუშინ პოდოლიაკი აცხადებდა, რომ „დემილიტარიზაციის“ ინტენსივობა რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში მომდევნო კვირებში მნიშვნელოვნად გაიზრდება: „იქ მკვეთრად გაიზრდება პანიკური განწყობები. გაჩნდება კონფლიქტური სიტუაციები. აფეთქდება საწყობები. და ეს ყველაფერი მხოლოდ გაღრმავდება“.

___

ოთხშაბათს, ღამით, ბელგოროდში საჰაერო განგაშის სისტემა ამუშავდა, მანამდე ოლქში, სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან,  საბრძოლო მასალების საწყობი დაიწვა.

„აფეთქება და ხანძარი საწვავის ბაზებსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე გახშირდა რუსეთის ბელგოროდის, კურსკისა და ვორონეჟის ოლქებში. ამ შემთხვევებზე უკრაინას პასუხისმგებლობა არ აუღია“, – წერს BBC-ი.

ამ მოვლენების პარალელურად, 25 აპრილის შემდეგ ვითარება გამწვავდა უკრაინის მეზობელ მოლდოვაში. ამ დღეს ტირასპოლში, სეპარატისტული დნესტრისპირეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აფეთქებების სერია განხორციელდა, 26 აპრილს ორი აფეთქება მოხდა დასახლება მაიაკში. რუსეთის მიერ ოკუპირებული დნესტრისპირეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 27 აპრილს, დილით, უკრაინის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს დასახლება კოლბასნას, სადაც საბრძოლო მასალების უდიდესი საცავია.

მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის ომში ჩათრევის საფრთხეზე 27 აპრილს, საკუთარ კვლევაში წერდა აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი. ინსტიტუტის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ძალები გეგმავდნენ შენიღბულ სარაკეტო თავდასხმას მოლდოვაში, დნესტრისპირეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე; ე.წ False-flag ოპერაციას, იმგვარად მოწყობილ სამხედრო ქმედებას, რომ ის კონფლიქტის მეორე მხარეს დაჰბრალდეს. ინსტიტუტის ვარაუდით, რუსეთს შეიძლება სურდეს ოკუპირებული დნესტრისპირეთის ამ ომში ჩართვა და თავდასხმებისთვის მისი ტერიტორიის გამოყენება.

ხარკოვში ოკუპანტების ტანკებისთვის გადამალული $1,5 მილიონის სათადარიგო ნაწილები იპოვეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოვში ოკუპანტებისთვის განკუთვნილი ტანკების სათადარიგო ნაწილების საწყობი იპოვა.

უწყების ცნობით, მიწისქვეშა საცავში აღმოჩნდა 19 სატანკო ძრავა და ჯავშანტექნიკის სხვა კომპონენტები, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარია. „ეს ქონება საკმარისია სატანკო ბატალიონის ნახევრის შესაკეთებლად“, – წერს უწყება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ უკანონო სამალავი 61 წლის ხარკოვის მცხოვრების მოწყობილია. აგრეგატების გადაცემა რუსი სამხედროებისთვის იგეგმებოდა ხარკოვში მათი შეჭრის შემთხვევაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერის, არტიომ დეხტიარენკოს თქმით, ეს არის ორგანიზებული ქურდობა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო საწარმოდან.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია „სახელმწიფოს ღალატის“ მუხლით. გამოძიება დანაშაულის მონაწილე სხვა პირების დადგენაზეც მუშაობს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ, 24 აპრილსაც აღმოაჩინა ხარკოვის რეგიონში საიდუმლო საწყობი, სადაც 200 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა და სამხედრო აღჭურვილობა ინახებოდა.

მთავარი ფოტო: არტიომ დიხტიარენკო

ამავე თემაზე:

უკრაინამ ხარკოვში 200 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალების საწყობი აღმოაჩინა – ვიდეო

ვაკანსიები უკრაინელი ლტოლვილებისთვის

დასაქმების საიტმა Jobs.ge-მ ერთად მოუყარა თავი ყველა ვაკანსიას, სადაც უკრაინიდან ლტოლვილებს დასაქმება შეუძლიათ.

ამ დროისთვის 8 ქართული კომპანია 40-მდე სხვადასხვა ვაკანსიაზე სთავაზობს დასაქმებას უკრაინის მოქალაქეებს.

ძირითადი ვაკანსიები კომპიუტერული მეცნიერების სფეროშია. კომპანიები ეძებენ ვებდეველოპერებს, IT ინჟინრებს და დიზაინერებს, თუმცა ასევე არის ვაკანსიები მომსახურების სფეროშიც.

ყველა ვაკანსიის ერთად ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე. გვერდზე თავმოყრილია იმ ორგანიზაციების ვაკანსიები, რომლებსაც სურთ დაასაქმონ ლტოლვილები უკრაინიდან.

24 თებერვალს რუსეთი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით დაესხა თავს უკრაინას. 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში იბომბება და ნადგურდება ქალაქები და სოფლები. 10 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილად იქცა. ბოლო მონაცემებით, უკრაინიდან საქართველოში 20 ათასზე მეტი ლტოლვილი შემოვიდა.

„ანტიპუტინისტური კანონის“ მისაღებად ბათუმში ხელმოწერებს აგროვებენ

დღეს, 28 აპრილს, ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, საქველმოქმედო ფონდი „ნათელი საქართველო“ აქციას მართავს. აქციის მიზანი ხელმოწერების შეგროვებაა. „ეს არის ინიციატივა  1 000 000 ხელმოწერის შესაგროვებლად, რომ პარლამენტს მივაღებინოთ, ასე ვთქვათ, ანტიპუტინისტური კანონი“, – ამბობს სანდრო შელია, „ნათელი საქართველოს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

ბათუმი, ცენტრალური პარკი

როგორც სანდრო შელიამ გვითხრა, მათი ძირითადი მოთხოვნებია საქართველოში აიკრძალოს პროპაგანდა, რუსეთისგან დაფინანსებული პრორუსული ორგანიზაციები და რუსეთთან სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული. ამ აკრძალვების მიზანია საქართველოში მარტივად ვერ შემოაღწიონ რუსმა დივერსანტებმა და სხვა ადამიანებმა, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდნენ ქვეყნისთვის.

„ჩვენ ახლახან დავიწყეთ აქცია ბათუმში და ხელმოწერების შეგროვებას ყოველდღიურად ვგეგმავთ. ცენტრალური პარკი ჩვენი პირველი ლოკაციაა და ვაპირებთ ბათუმის სხვა ლოკაციებზეც გადავიდეთ. ჩვენი მიზანია, ამ გზით მაქსიმალური საშუალება მივცეთ მოსახლეობას საკუთარი აზრის გამოსახატავად“, – ამბობს სანდრო შელია.

სანდრო შელიას განმარტებით, ხელმოწერების შეგროვება დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყეს თბილისში და ამ დრომდე 10 000 ხელმოწერის შეგროვება შეძლეს. აქციაზე მიერთება/ხელმოწერა შესაძლებელია ონლაინაც – ვებგვერდზე, სადაც ხელს აქტიურად აწერენ ემიგრანტები.

სანდრო შელიას თქმით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება თბილისში და მსგავსი აქციის გასამართად ფონდი უკვე მზად არის ქუთაისში. სანდრო აღნიშნავს, რომ აქციის გაფართოებას იქამდე აპირებენ, სანამ 1 000 000 ხელმოწერას არ შეაგროვებენ.

ბათუმი, ცენტრალური პარკი

სანდრო შელიას თქმით, ისინი მსგავსი პუნქტების გახსნას მთელ ქვეყანაში აპირებენ: „ასეთი პუნქტები ყველგან გავხსნათ, რათა ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს მოქალაქეების 75-80 %, აი, ვისაც ვაჩერებთ ქუჩაში, ყველა ეთანხმება ამას. საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობის აზრია, რომ საქართველო უნდა იდგეს სწორ მხარეს და ამ კონფლიქტში [ომი უკრაინაში] და სიტუაციაში შუა არ არსებობს. ან უნდა ვიდგეთ ნათელ მხარეს, სიკეთის, თავისუფლების მხარეს ან რუსეთის, დესტრუქციისა და იმპერიალიზმის მხარეს. შუასაუკუნოვანი ბარბაროსობის მხარეს“.

ბუნდესტაგმა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებას დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი

გერმანიაში ბუნდესტაგმა დღეს, 28 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი მმართველი პარტიებისა და ოპოზიციური ბლოკის დეპუტატების ერთობლივ ინიციატივას, უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ.

ინიციატივას მხარი დაუჭირა 586-მა დეპუტატმა, 100 წინააღმდეგი იყო, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

ამ დოკუმენტით ბუნდესტაგი მოუწოდებს გერმანიის მთავრობას, გააგრძელოს და შეძლებისდაგვარად დააჩქაროს უკრაინისთვის საჭირო ტექნიკის მიწოდება და ამავე დროს, გააფართოოს მძიმე იარაღის გადაცემა.

ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მძიმე ტექნიკის უკრაინაში გადაცემამ არ უნდა გამოიწვიოს თავად გერმანიის თავდაცვისუნარიანობის შელახვა.

„ბუნდესტაგი გმობს რუსეთის სასტიკ, აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა თავისი ქმედებებით უხეშად დაარღვია საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ნორმები და ცდილობს მთლიანად გაანადგუროს ევროპული მსოფლიო წესრიგი”, – ნათქვამია დოკუმენტში.

თიბისის ციფრული ბანკით თანხის ბანკომატიდან განაღდება QR კოდითაა შესაძლებელი

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის ციფრული ბანკით თანხის განაღდება ბარათის გარეშე, მხოლოდ QR კოდითაა შესაძლებელი. თანხის QR კოდით განაღდება არ საჭიროებს ბარათის ბანკომატში განთავსებას, რაც არსებულ პროცესთან შედარებით, გაცილებით სწრაფი და მარტივია და კიდევ უფრო ზოგავს მომხმარებლის დროს.

ინოვაციური სერვისით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თიბისის ციფრულ ბანკში, ზედა მარჯვენა კუთხეში, QR ნიშანი უნდა აირჩიოს, დაასკანეროს კოდი ბანკომატის ეკრანზე, შეიყვანოს სასურველი თანხა და ბარათი და თანხის განაღდება დაადასტუროს SMS-ით.

QR კოდით თანხის განაღდება სრულიად უსაფრთხო და დაცულია. მომხმარებლის იდენთიფიკაცია ბიომეტრიულად – თითის/სახის ანაბეჭდით ან მობაილბანკში შესვლის სხვა მეთოდებით ხორციელდება. თანხის QR კოდით განაღდება შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბანკომატიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

თიბისის ციფრულ ბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით სიახლეების დანერგვა მუდმივად გრძელდება. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის გუნდი მათ კიდევ არაერთ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სიახლეს შესთავაზებს.

თანხის QR კოდით განაღდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:

https://www.tbcbank.ge/web/en/web/guest/qr-campaign

 

„მაქსიმალური სიმკაცრე“ – რიჟვაძე კონტრაქტორ კომპანიებსა და სეზონის გახსნის სამზადისზე

დღეს, 28 აპრილს, აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარი ტურისტული სეზონის გახსნისთვის საგანგებო რეჟიმში უნდა მოემზადოს:

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ტურისტებს უნდა დავხვდეთ მაქსიმალურად მომზადებული. მინდა დავავალო შესაბამის უწყებებს, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, ისე ტურიზმის დეპარტამენტს და პირველ რიგში, ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელობას, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე, სერვისების ნაწილში შემდეგი სამი კვირა იყოს საგანგებო რეჟიმში მუშაობის პერიოდი, რომ სეზონის ოფიციალური გახსნა იყოს მაქსიმალურად მომზადებული“.

რიჟვაძემ შემსყიდველ ორგანიზაციებს კონტრაქტორ კომპანიებთან „მაქსიმალური სიმკაცრე“ ურჩია:

„მიუხედავად რთული ორი წლისა, ყველაფერი კეთდებოდა, რომ არც ერთი გადახდა არ დაგვიანებულიყო, საბიუჯეტო რესურსები იყო სრულად მობილიზებული, მიღება-ჩაბარებები ხორციელდებოდა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას მინდა დავავალო მაქსიმალური სიმკაცრე თითოეულ კონტრაქტორ კომპანიასთან, ვინაიდან ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის, თითოეული გადამხდელის ფული იხარჯებოდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.” – თქვა მან.

თორნიკე რიჟვაძემ დღეს ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ ტურისტული კომპანიები და ოპერატორები:

„რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ ტურისტული კომპანიები, ოპერატორები, რაც მისცემს მათ საშუალებას, მიმდინარე წელი გამოიყენონ მაქსიმალურად ეფექტურად”.

ღამით რუსეთმა მარიუპოლზე 50 ავიადარტყმა განახორციელა – პოლკი “აზოვი”

პოლკი „აზოვი“ აცხადებს, რომ მარიუპოლში, გასული ღამის განმავლობაში 50 საჰაერო შეტევა დააფიქსირეს.

„აზოვი“ მიმართავს ხელისუფლებას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქალაქის გასათავისუფლებლად ან მოახერხონ მარიუპოლის მცველებისა და მოქალაქეების ევაკუაცია.

მიმართვა ტელეგრამის არხზე „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა გაავრცელა.

„ამ ღამით იყო ფოსფორული ბომბების კოლოსალური რაოდენობა, 50 ავიადარტყმა, რაკეტები, ყველაფერი, რის გამოყენებაც კაცობრიობის წინააღმდეგ ბარბაროსს შეუძლია“, – ამბობს ვიდეომიმართვაში სვიატოსლავ პალამარი.

მისივე თქმით, როგორც სამხედროებმა დათვალეს, ომის 64 დღის განმავლობაში, მხოლოდ მარიუპოლში რუსეთის სამხედრო ძალებმა 162 მილიონი დოლარის ტექნიკა დაკარგეს, საბრძოლო კომპლექტებსა და თვითმფრინავების შეტევებზე კი რუსეთმა 288 მილიონი დოლარი დახარჯა.

„ამ ფულით ოკუპანტებს შეეძლოთ სკოლები ან საავადმყოფოები აეშენებინათ, საკუთარი პენსიონერებისთვის შეექმნათ პირობები, რომ ღირსეული სიბერე ჰქონოდათ, თუმცა არჩიეს, რომ ის მარიუპოლის განადგურებაზე დაეხარჯათ“, – თქვა მან.

ჯამში, პალამარის თქმით, რუსეთის დანაკარგები, მხოლოდ ერთ უკრაინულ ქალაქში, მილიარდ 111 მილიონ დოლარს აჭარბებს.

„მივმართავ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მიიღონ გადამწყვეტი ზომები ქალაქის ბლოკადის მოსახსნელად ან მოახერხონ ადამიანების ევაკუაცია.

მე ასე ვიტყოდი – დღეს მარიუპოლი კი არაა უკრაინა, არამედ უკრაინაა მარიუპოლი“, – ამბობს პალამარი.

გუშინ, 27 აპრილს, „აზოვსტალიდან“ კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ, რომელმაც მარიუპოლში დარჩენილი სამხედროებისა და მოქალაქეების მიმართ ექსტრაქციის პროცედურის გამოყენება მოითხოვა. ვოლინას თქმით, დაჭრილები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, „აზოვსტალში“ შეფარებულ მოქალაქეებს კი უკვე აღარ ჰყოფნით წყალი და საკვები.

„აზოვსტალის“ ქარხანაში, რომელიც ალყაშემორტყმული ქალაქის ციხესიმაგრედ იქცა, მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, დაახლოებით 2 ათასი მოქალაქე იმყოფება.

„ისინი ანტისანიტარიასა და საშინელ პირობებში არიან. მედიკამენტების გარეშე. უმძიმესია ვითარება სასმელი წყლისა და საკვების თვალსაზრისით. მათ დაუყოვნებლივ შველა სჭირდებათ“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში, რომელიც ტელეგრამის არხზე „აზოვსტალის“ ერთ-ერთ თავშესაფარში მოწყობილ ჰოსპიტალში გადაღებულ ფოტოებთან ერთად გავრცელდა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლი ბლოკადაში უკრაინაში შეჭრიდან მალევე მოაქციეს. მოსკოვმა „აზოვსტალში“ გამაგრებულ სამხედროებს ულტიმატუმი არაერთხელ წაუყენა, თუმცა მარიუპოლის ალყაში მყოფი დამცველები დანებებაზე უარს ამბობენ.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის ავიაცია გამუდმებით ბომბავს არა მხოლოდ ქარხნის ტერიტორიას, არამედ მის გარშემო არსებულ დასახლებებსაც. უკრაინის მთავრობის ცნობით, მარიუპოლში უკვე 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

___

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

____________

ფოტო: დაბომბილი მარიუპოლი, სქრინი დრონის კადრიდან

ბათუმი-რიგა – ავიარეისი 8 მაისიდან შესრულდება

„პირველად დაინიშნა ბათუმი-რიგის მიმართულებით ავიარეისი, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენი რეგიონის პოზიციებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 28 აპრილს, აჭარის მთავრობის სხდომაზე.

ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, ბათუმი-რიგის მიმართულებით ავიარეისები 8 მაისიდან შესრულდება კვირაში ერთხელ.

თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის დეპარტამენტს, ასევე, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შემდეგი სამი კვირა საგანგებო რეჟიმში მუშაობა დაავალა. „ტურისტებს უნდა დავხვდეთ მაქსიმალურად მომზადებული,“ – დასძინა თორნიკე რიჟვაძემ. მანვე გააჟღერა სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც ტურიზმის მონაცემები აჭარაში 2019 წლის დინამიკას უბრუნდება.

„პირველი კვარტალის მონაცემებით, ვიზიტორთა ნაკადები 50 პროცენტით არის აღდგენილი 2019 წელთან შედარებით,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში კიდევ 670-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის გადასახადი

დღეს, 28 აპრილს, აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 670-ზე მეტი სტუდენტისთვის შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამიდან სწავლის საფასურის დაფინანსება დააანონსა.

 მთავრობის გასულ სხდომაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც 1000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური. ასევე მინდა გაგაცნოთ სიახლე, რომლის ფარგლებშიც 670-ზე მეტი სტუდენტი შეძლებს მიიღოს სწავლის დაფინანსება შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამიდან.

დაფინანსდებიან სტუდენტები როგორც მაღალმთიანი აჭარიდან, ასევე მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან,“ – თქვა რიჟვაძემ.

 

ფინეთში იზრდება ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა

ფინური მედიის ცნობით, ფინეთის ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთის, Helsingin Sanomat-ის ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ფინეთში ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს მოსახლეობის 65 პროცენტზე მეტი.

გაზეთის მიერ აპრილის დასაწყისში ჩატარებულმა ანალოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 59 პროცენტი იყო სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მომხრე.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა გაიზარდა ქალებსა და ახალგაზრდებში. ქალების 59 პროცენტს სურს ფინეთის გაწევრიანება ალიანსში, რაც ბოლო გამოკითხვის შემდეგ 9 პროცენტით გაიზარდა. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კაცების 70 პროცენტი უჭერს მხარს ფინეთის ნატოში შესვლას.

დაახლოებით 1000 გამოკითხულის დაახლოებით 13 პროცენტმა თქვა, რომ გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, ხოლო 22 პროცენტმა თქვა, რომ არ გადაუწყვეტია.

რუსეთის მეზობელი ქვეყანა – ფინეთი ნატოში შესასვლელად ემზადება. ქვეყნის პრემიერის, სანა მარინის განცხადებით, გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში იქნება მიღებული.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ  უკრაინაში საომარი ვითარების დაწყების შემდეგ განაცხადეს.

_______________

ფოტოზე: აქცია უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ჰელსინკში, სენატის მოედანზე. 2022 წლის 18 აპრილი. ფოტო: EPA-EFE/KIMMO BRANDT

ამავე თემაზე: 

ნატოს 3 ხომალდი ფინეთის წყლებში წვრთნებს იწყებს

აშშ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დასახელებას განიხილავს – ბლინკენი

ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში რუსეთის შეყვანას – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დასძინა, რომ იურისტები შეისწავლიან საკითხს, შეესაბამება თუ არა კრემლის ქმედებები კანონის იმ მოთხოვნებს, რომლებიც სახელმწიფოსთვის ამგვარი სტატუსის მინიჭებას განსაზღვრავს.

საკითხი სენატში მოსმენაზე წამოჭრა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელმაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰკითხა, რატომ არაა შეყვანილი რუსეთი ამ სიაში.

„მე ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი უკრაინელ ხალხს ატერორებს“, – განაცხადა ბლინკენმა, -„ეს არის საკითხი, რომელსაც იურისტები სწავლობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ კანონმდებლობის მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ“.

„თუ თქვენ დაგჭირდებათ კანონის შეცვლა, რომ რუსეთი ამ სიაში მოხვდეს, თქვენ 100 ხმა გექნებათ“, – უპასუხა სენატორმა გრემმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს.

ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი ქვეყნისთვის ნიშნავს ფინანსურ სანქციებს, საერთაშორისო დახმარების შეზღუდვას, თავდაცვით ექსპორტის აკრძალვას და სხვა ზომებს. იმისთვის, რომ ქვეყანა ამ სიაში მოხვდეს, მისი მთავრობა „განმეორებითად უნდა უწყობდეს ხელს საერთაშორისო ტერორისტულ აქტებს“.

ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი ოთხ ქვეყანას აქვს: კუბას, ჩრდილოეთ კორეას, ირანსა და სირიას.

რუსეთის ტერორიზმის სპონსორად დასახლება უკრაინის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა 23 აპრილს, ოდესის დაბომბვის შემდეგ მოითხოვეს.

„ოდესაზე რუსული სარაკეტო დარტყმის ერთადერთი მიზანი ტერორია. რუსეთი უნდა დასახელდეს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და, შესაბამისად, უნდა მოვეპყროთ. არც ბიზნესი, არც კონტაქტები, არც კულტურული პროექტები. ჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის, რომლებიც მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებით ესხმიან,“ – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

____________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.  EPA-EFE/BONNIE CASH

რუსეთი ნიკოლაევის მიმართულებით თავდასხმისთვის ემზადება – აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტი

აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) იზიუმთან და ჩრდილოეთ დონბასში რუსული სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ იუწყება.

„27 აპრილს რუსეთის ჯარებმა მცირედ, მაგრამ მყარად წაიწიეს წინ როგორც იზიუმიდან, ისე აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკების ხაზის გასწვრივ. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა დაიკავეს რამდენიმე პატარა ქალაქი იზიუმის დასავლეთით“, – ნათქვამია რუსული სამხედრო კამპანიის შეფასებაში, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე 27 აპრილს გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ რუსული დანაყოფები „აპირებენ ფლანგიდან შემოუარონ უკრაინის თავდაცვით პოზიციებს ბარვენკოვოსა და სლოვიანსკისკენ მიმავალ გზებზე“.

ავტორების აზრით, რუსეთის ტაქტიკური მიღწევები დაკავშირებულია ამ რაიონში არტილერიის დიდი კონცენტრაციით, თუმცა „კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეძლებენ თუ არა რუსეთის ჯარები ალყაში მოაქციონ უკრაინული ძალების მსხვილი დანაყოფები.“

ინსტიტუტის მონაცემებით, სამხრეთში რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ თავდასხმებს შეტაკების ხაზზე და ნიკოლაევისა და კრივოი როგის მიმართულებით შეტევის გასაახლებლად ემზადებიან.

„უკრაინელთა საყოველთაო წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთის საოკუპაციო ძალები ასევე ემზადებიან ხერსონის სახალხო რესპუბლიკის გამოსაცხადებლად“, – ნათქვამია ინსტიტუტის კვლევაში.

ამასთან, ომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ძალები გეგმავდნენ შენიღბულ სარაკეტო თავდასხმას მოლდოვაში, დნესტრისპირეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე; ე.წ False-flag ოპერაციას, იმგვარად მოწყობილ სამხედრო ქმედებას, რომ ის კონფლიქტის მეორე მხარეს დაჰბრალდეს. ინსტიტუტის ვარაუდით, რუსეთს ოკუპირებული დნესტრისპირეთის ამ ომში ჩართვა და თავდასხმებისთვის მისი ტერიტორიის გამოყენება შეიძლება სურდეს.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 8 ახალი შემთხვევა

28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 20 549 ტესტი კორონავირუსზე, მათგან 19 451 ანტიგენტესტი, 1098 – PCR ტესტი.

ამავე პერიოდში კოვიდის დიაგნოზით გარდაიცვალა 3 ადამიანი. 

გასულ 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს ომიკრონის B.A.2 შტამი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 1.02 პროცენტი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 22 800 ადამიანი
  • ტანკი – 970 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 389 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 431 ერთეული
  • MLRS – 151 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 72 ერთეული
  • თვითმფრინავი – 187 ერთეული
  • ვერტმფრენი – 155 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 688 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 215
  • სპეციალური აღჭურვილობა – 31
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 28 აპრილს დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 142 თვითმფრინავი
  • 111 ვერტმფრენი
  • 614 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 623 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 276 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 299 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 146 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 431 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, დღეისთვის, შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში რუსეთის საზღვაო ძალების 20-მდე სამხედრო გემი იმყოფება, მათ შორის წყალქვეშა ხომალდები.

აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) კი, იზიუმთან და ჩრდილოეთ დონბასში რუსული სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ იუწყება:

ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში რუსეთის შეყვანას – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა:

[yellow_box]აშშ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დასახელებას განიხილავს – ბლინკენი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ვაბიჯებდით მკვდრებს და მივდიოდით – მარიუპოლიდან ბათუმში ჩამოსული ცოლ-ქმრის ისტორია

შავ ზღვაში რუსეთის 20-მდე სამხედრო ხომალდია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, დღეისთვის შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში რუსეთის საზღვაო ძალების 20-მდე სამხედრო გემი იმყოფება, მათ შორის წყალქვეშა ხომალდები.

„სადესანტო ხომალდ „სარატოვისა“ და კრეისერ „მოსკვას“ სამარცხვინო დანაკარგის მიუხედავად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მაინც შესწევს ძალა, გააგრძელოს დარტყმები უკრაინულ სამიზნეებზე“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერის გვერდზე.

უწყება აღნიშნავს, რომ ბოსფორის სრუტე კვლავაც დაკეტილია ყველა არათურქული სამხედრო ხომალდისთვის, რაც ხელს უშლის რუსეთს შეცვალოს შავ ზღვაში ჩაძირული კრეისერი „მოსკვა“.

გუშინდელ, 27 აპრილის განახლებაში, დიდი ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინის საჰაერო სივრცეში არსებულ მდგომარეობაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ უკრაინა კვლავაც აკონტროლებს თავისი საჰაერო სივრცის უდიდეს ნაწილს, რადგან რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საავიაციო ძალების განადგურება და მისი თავდაცვის შესუსტება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებს.

მთავარი ფოტო: რუსეთის სამხედრო ხომალდები აღლუმზე სანქტ-პეტერბურგში/EPA

რა შედეგი აჩვენა პრეტესტმა, რომელიც მენტორობის მსურველმა პედაგოგებმა დაწერეს

სკოლის პედაგოგები პროფესიული კომპეტენციების დამადასტურებელ გამოცდებს ელიან. წელს პედაგოგები პირველად ჩააბარებენ გამოცდას წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად. აქამდე პედაგოგები სტატუსს  კრედიტქულებითა და საგნობრივი გამოცდაში მიღებული ქულებით იმაღლებდნენ.

წამყვანი და მენტორის სტატუსის მიღების მსურველმა პედაგოგებმა უკვე დაწერეს პრეტესტები. წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ ერთმა პედაგოგმა შეძლო 45 ქულის დაგროვება, მინიმალური – 3 ქულა აიღო ერთმა, დანარჩენმა კი 45 ქულაზე ბევრად ნაკლები.

დათო ჩხაიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც პრეტესტი დაწერა. ის წამყვანი მასწავლებელია და ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის,  გეგმავს მენტორი გახდეს.

დათო ჩხაიძეს ტესტის სირთულეზე ვკითხეთ. მისი თქმით, ტესტი საკმაოდ რთული იყო.

„არ ვფიქრობ, რომ მარტივი ტესტებია. სინამდვილეში, ტესტები მოითხოვს იმის ცოდნას, რაც უნდა ჰქონდეს მასწავლებელს. იქნება ეს თანამედროვე მიდგომები, ინკლუზიასთან დაკავშირებული დიფერენცირებული მიდგომები, მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა, ამ სტრატეგიების ცოდნა და ასე შემდეგ. ეს მეთოდები ჯერ კიდევ არ არის ყველა სკოლაში დანერგილი, ყველა მასწავლებლისთვის კარგად გააზრებული, მათ შორის, ჩემთვისაც უცხოა. ამიტომ, ამის ცოდნა და შემდეგ ამ ცოდნის გამოყენება კითხვებზე პასუხის გაცემისას, ადვილი არ არის“, – ამბობს დათო ჩხაიძე.

დათო ჩხაიძე, მასწავლებელი.

პედაგოგის თქმით, ტესტში კითხვები და შემოსახაზი პასუხების შინაარსი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

„კითხვებს სწორად რომ გასცე პასუხი, ამ მიდგომებს მასწავლებელი პრაქტიკაში უნდა ახორციელებდეს აქტიურად, რადგან თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა ისაუბროს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადვილი იქნებოდა პასუხის გაცემაც. ახლა კი, ფაქტობრივად, მასწავლებელს ჯერ თეორიების გაცნობა უწევს და არა იმის, რაც პრაქტიკაში გამოიყენა“, – გვეუბნება დათო ჩხაიძე.

მას სიტუაციის ახსნის მიზნით, მარტივი მაგალითი მოჰყავს.

„მაგალითად, თითს თუ ღუმელთან მიიტან და დაიწვავ, ხომ გექნება გამოცდილება და როცა გეკითხებიან მტკივნეულია თუ არა ცხელ ღუმელთან თითის მიტანა, ადვილად პასუხობთ ხომ? მაგრამ თუ ეს მხოლოდ რომელიმე ტექსტში გაქვთ წაკითხული და პრაქტიკულ სამუშაოებში არ დაგინერგავთ, ვერ ისაუბრებთ. გამოდის, რომ დაზეპირებული მასალა უნდა გქონდეთ და იმის მიხედვით იძლეოდეთ პასუხებს. აი, ეს პრობლემაა ამ ტესტების წერის დროს“.

მისი თქმით, ვინც აქამდე გახდა მენტორი, მათ ასეთი გამოცდები არ ჩაუბარებიათ და მათაც ისეთივე მარტივი აქტივობებით მიენიჭათ სტატუსი, როგორც უფროს და წამყვან მასწავლებლებს.

„შეიძლება ვთქვათ, რომ მათ გაუმართლა, ვინც მაშინ გახდა წამყვანი და მენტორი. 1-2 კრედიტქულიანებიც კი გახდნენ უფროსი მასწავლებლები და, ბუნებრივია, შედეგი ცუდია. თავიდან რომ ყოფილიყო ასეთი მიდგომა, არ გადაიყრებოდა ამდენი ფული და მასწავლებლების მოტივაციაც იქნებოდა უფრო მაღალი. როგორც მოქმედი მასწავლებლების, ასევე იმ ახალგაზრდების, რომლებიც გარეთ დარჩნენ და შეეძლოთ ახალი მიდგომებით და ცოდნით ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში“, – ამბობს დათო ჩხაიძე.

იმისთვის, რომ მასწავლებელმა წამყვანის ან მენტორის სტატუსი მიიღოს, საჭიროა ჩააბაროს პროფესიული უნარების გამოცდა. ჯერჯერობით, ოფიციალურად არ არის გამოცხადებული გამოცდის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი. თუმცა ადრე ითქვა, რომ მენტორის შემთხვევაში ეს ზღვარი შესაძლოა 70 პროცენტი იყოს. მენტორი მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება მხოლოდ იმ პედაგოგებს შეუძლიათ, რომლებსაც საგნობრივი კომპეტენციის გამოცდაში 50 პროცენტზე მეტი აქვთ მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მენტორის გამოცდას ვერ ჩააბარებს.

„70 პროცენტი საკმაოდ მაღალი ბარიერია. თუ პრეტესტების შედეგებს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 7 მასწავლებელი გადალახავს ბარიერს, რაც დაახლოებით 0,1 პროცენტიც არ გამოდის.

მენტორობა მაღალი სტატუსია და მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ იყოს მაღალი ბარიერი. ვფიქრობ, მასწავლებელს, ვისაც მაღალი სტატუსი სურს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენცია. კარგიცაა, რომ ასეთი სირთულეა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამას გამოცდილება და პრაქტიკაში დანერგვა სჭირდება.

ვის აწყობს შვილისთვის ისეთი მასწავლებელი, ვინც მხოლოდ თეორია იცის და პრაქტიკაში არ იყენებს სიახლეებს.

რა თქმა უნდა, მასწავლებელმა უნდა იცოდეს ეროვნული სასწავლო გემა, რომელიც არის ჩვენი ძირითადი დოკუმენტი, უნდა იცნობდეს საგნობრივ სტანდარტს, რა საგანს ასწავლის და როგორ, რა შედეგზე უნდა გავიდეს. იყენებს თუ არა მასწავლებელი დიფერენცირებულ მიდგომებს კლასში, სადაც სხვადასხვა მოსწრების მოსწავლეები ჰყავს. გაკვეთილზე არ უნდა დაგრჩეს არც ერთი მოსწავლე, რომ მისი უნარის და შესაძლებლობის შესაბამისად არ აუხსნა გაკვეთილი, არ გააგებინო და არ ჩართო გაკვეთილებში. ამას უნდა ძალიან ღრმა ცოდნა და გამოცდილება. იშვიათად, რომ ჩვენთან მასწავლებელი ამ უნარებს ფლობდეს.

მაგრამ ამაზე ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის ჩვენს სკოლებში კარგად დანერგილი“, – ამბობს დათო ჩხაიძე.

მისი თქმით, ამ ყველაფრის დანერგვა დამოკიდებულია როგორც მასწავლებელზე, ასევე მშობელზე და განათლების სისტემამაც უნდა შეგიწყოს ხელი.

„თუ აქტიურია მშობელი, მას ხომ შეუძლია შევიდეს სკოლაში, წაიკითხოს შინაგანაწესი, რა უფლებები და მოვალეობები აქვს მის შვილს, რა – მასწავლებელს, გადახედოს სტანდარტს, სადაც სიტყვა-სიტყვით გაწერილია, რა კომპეტენციები უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომ ეს საფეხური დახუროს, შემდეგ შეამოწმოს, მისმა შვილმა საფეხური რომ დახურა, რატომ არ აქვს ეს კომპეტენციები, მიუხედავად იმისა, რომ ნიშანი მიიღო და დაამთავრა საფეხური.

მასწავლებელს შინაგანი მოთხოვნა უნდა ჰქონდეს, რომ გაიზარდოს პროფესიულად, სახელმწიფომ კი სწორად უნდა შეაფასოს მასწავლებელი, შეუქმნას მოტივაცია და არა ისე, ყველას რომ მიანიჭეს სტატუსი. 10-ზე ვერ აბარებ? კარგი, მაშინ 7-ზე ჩააბარე, 7-ზე ვერ აბარებ? მოდი, მაშინ 4-ზე და ბოლოს 1 კრედიტზე ჩააბარა ყველამ.

ყველანაირად მოშვებულია კონტროლი მშობლისგან, სახელმწიფოსგან და მასწავლებელი სულელი ხომ არაა, თავის თავს მოსთხოვოს? გამოცდას იმიტომ ვაბარებ, რომ ხელფასი გამეზარდოს?“ – ამბობს დათო ჩხაიძე.

მისი თქმით, ძალიან რთულია მასწავლებლის შეფასებაც და კარგია, რომ გამოცდით აფასებენ, თუმცა ასეთი მიდგომა უნდა ყოფილიყო თავიდან, რადგან ახალგაზრდების სკოლაში შესვლის გზა ამ მიდგომით სამინისტრომ, ფაქტობრივად, გადაკეტა.

„აწ უკვე ადგილებს ვეღარავინ გამოათავისუფლებს, დამთავრებულია ეს პროცესი – მასწავლებელს უფლება აქვს იყოს უფროსი მასწავლებელი სიკვდილამდე. თავიდან რომ ყოფილიყო ასეთი მიდგომა, რაც ახლა ინერგება, ასე აღარ იქნებოდა.

როგორ ფიქრობთ, რომელი მასწავლებლები გავიდოდნენ პრეტესტზე? ვინც მოტივირებულია არა, ვისაც თავისი იმედი აქვს, ვინც კარგ მასწავლებლად მიიჩნევა და შედეგი როგორი მივიღეთ? საშუალო შედეგი არის ძალიან დაბალი. ყველაზე დაბალი იყო 3 ქულა.

მეც, ჩავაბარებ, ხომ კარგი, ვერ ჩავაბარებ – რას ვიზამ, უნდა ვისწავლო. თუ არადა, 56 წლის ვარ უკვე, მოვიდნენ ახალგაზრდები მათ ჩაატარონ და გააკეთონ უკეთესად“, – ამბობს დათო ჩხაიძე.

მირანდა გაბრიჭიძე, მასწავლებელი.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე მე-16 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, მირანდა გაბრიჭიძესაც ესაუბრა. მისი თქმით, პროფესიული უნარების გამოცდა განსხვავდება საგნობრივი გამოცდისგან, რადგან იქ სხვა სპეციფიკაა. უნარების ტესტებში კი მოცემულია სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც სხვადასხვა საგანთან მოდის შესაბამისობაში.

„ვფიქრობ, ტესტი საშუალო სირთულის იყო, ღიაბოლოებიანი დავალებები საკმაოდ საინტერესოა, კარგად შეიძლებოდა მსჯელობა, კარგად ჩანდა მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომები. თემატურად იყო კვლევაც, რომელიც უნდა ჩაატაროს მასწავლებელმა საკუთარი პრაქტიკის განმავლობაში და იყო იქაც კითხვები.

ვფიქრობ, ასეთი დავალებები უმჯობესია, რადგან უკეთ ჩანს, რას ვფიქრობთ, ვიდრე ის დავალებები, სადაც უბრალოდ შემოსახაზია პასუხი და ფაქტობრივ ცოდნას უფრო ემყარება. ღიაპასუხიან დავალებაში კი ჩვენ თვითონ ვწერთ ჩვენს შეხედულებებს.

შესაძლოა დავალებაში რამდენიმე სწორი პასუხი იყოს და შენ ის დაწერო, რაც შენ შეიძლება ჩათვალო დადებითად და დასაბუთების დროს საინტერესოა ეს პროცესი“, – გვეუბნება მირანდა.

მისი თქმით, ტესტებში მისთვის სირთულე იყო ბევრი უცხო ტერმინის შემოტანა, რომელიც ჯერ ყველა მასწავლებელს არ აქვს გათავისებული.

ტესტები ძირითადად ითხოვს პრაქტიკულ ცოდნას, თუმცა თეორიული ცოდნაც შეგიძლია აჩვენო.

„არის სიტუაციური ამოცანა და შემდეგ შეკითხვა, – როგორ დაეხმარებოდი მასწავლებელს, მაგალითად, კონკრეტული პრობლემის გადაჭრაში? ვთქვათ, როგორ დაეხმარებოდი მასწავლებელს კვლევის ჩატარებაში, რას ურჩევდი, რა მეთოდების გამოყენებას ურჩევდი გაკვეთილზე. შესაბამისად, ეს რჩევები ნამდვილად პირადი პრაქტიკიდან შეგიძლია მიაწოდო და ასევე შესაძლებელია, თუკი ლიტერატურას, მეთოდებს კარგად იცნობ, მაგრამ არ გამოგიყენებია კონკრეტულ კლასში, რჩევის სახით მაინც მისცე მასწავლებელს. ლოგიკურად, ძალიან კარგად შეიძლება კითხვებზე პასუხი გასცე“, – ამბობს მირანდა.

მისი თქმით, პრეტესტში არ შეხვედრია ისეთი საკითხები, რომლებიც მასწავლებელმა შესაძლოა არ იცოდეს ან არ არის მისი სფერო.

„ძირითადი ტესტი არ ვიცი, რა იქნება, რადგან პრეტესტი არ იყო სრული ფორმატით, იქ ასევე იქნება ანალიტიკური წერა, როგორც გვითხრეს, ასევე იქნება საკითხები, რომლებიც ეხება როგორც კოდექსებს, ასევე სხვადასხვა კანონს. თუმცა ეს პრეტესტში ნაკლებად იყო“.

მირანდა გაბრიჭიძის თქმით, გამოცდის ჩაბარების შემდეგ მენტორის სტატუსი მაშინვე არ ენიჭება პედაგოგს, პროცესი ითვალისწინებს მასწავლებლის დაკვირვებას კლასში, შემდეგ იქნება გასაუბრება, პორტფოლიოს შემოწმება და კვლევა, რომელიც მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს. ამ ყველაფრისთვის მასწავლებელს ეძლევა მაქსიმუმ სამი წელი, თუმცა როგორც მირანდა ამბობს, შეიძლება ეს მოთხოვნები ერთ წელშიც შეასრულო.

პროფესიული უნარების გამოცდა ზაფხულში უნდა ჩატარდეს. მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, დარჩენილ დროში მოემზადონ გამოცდებისთვის.

ვაბიჯებდით მკვდრებს და მივდიოდით – მარიუპოლიდან ბათუმში ჩამოსული ცოლ-ქმრის ისტორია

უკრაინელი ცოლ-ქმარი, ალექსეი და ოლგა ბაკალიასოვები, მარიუპოლიდან ბათუმში 25 აპრილს ჩამოვიდნენ. ისინი მიწისქვეშა, ბნელ თავშესაფარში იმალებოდნენ და არც აპირებდნენ მარიუპოლის დატოვებას, რომ არა ის დღე, როცა მათი სახლი, ეზო და შინაური ცხოველები საჰაერო დარტყმებით გაანადგურეს რუსმა ოკუპანტებმა.

მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმარმა ყველაფერი დაკარგა მარიუპოლში, მათ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ ქალაქი და სამშვიდობოს გაეღწიათ, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა. როგორც ისინი ჰყვებიან, სასწაულებრივად მიუსწრეს მარიუპოლიდან საევაკუაციო ბოლო ავტობუსს, სადაც მხოლოდ 3 ადგილი იყო თავისუფალი, ისინი კი ორნი იყვნენ.

ალექსეი და ოლგა „ბათუმელებთან“ საუბრობენ თავშესაფარში გატარებულ ერთ თვეზე, დაბომბვებსა და ომის კოშმარზე, რაც მარიუპოლში ნახეს.

  • „3 წლის მშიერი ნასტია თავშესაფარში მთელი ღამე, უწყვეტად იმეორებდა: რძე მინდა, რძე მინდა, რძე, რძე…“

ალექსეი: მეზღვაური ვარ. ომამდე ერთი კვირით ადრე ჩავედი მარიუპოლში. ცოტა რომ დამეგვიანებინა და არ ჩავსულიყავი, ჩემს ცოლს ალბათ ვეღარასდროს შევხვდებოდი. ჩვენ ომი ერთად დაგვატყდა თავს. ყველაფერი ერთად გადავიტანეთ. მადლობა სამყაროს, რომ ასე მოხდა და არ ვიტანჯეთ ცალ-ცალკე და ერთმანეთისგან შორს.

როცა პირველ სახლებს დაუშინეს ბომბები, მივხვდით, რომ ვეღარ გადავრჩებოდით და საჭირო იყო დამალვა.

ჩვენს სახლთან ახლოს გემების შემკეთებელი ქარხანა იყო, ზღვასთან. ვიცოდით, რომ 50-60-იან წლებში იქ თავშესაფრებიც იყო. ახალგაზრდებმა თავშესაფრის ბოქლომები გადაჭრეს, შესასვლელი გაათავისუფლეს და ხალხი შიგ ჩავიდა. ჩვენც ჩავედით.

ვისხედით ამ უმზეო, ბნელ სარდაფში და გვესმოდა ყველაფერი: საიდან რას ისროდნენ. 300 მეტრში იყო აზოვსტალის ქარხანა. ზღვიდანაც კი ესროდნენ აზოვსტალს. თავშესაფრიდან რომ ამოვძვრებოდით, ეს ყველაფერი ჩანდა.

თავშესაფარში არ იყო შუქი, წყალი და ბნელოდა. საერთოდ მოწყვეტილები ვიყავით გარე სამყაროს. არანაირი ინფორმაცია არ აღწევდა ჩვენამდე. თავშესაფარში ჩავიტანეთ ლეიბები, საბან-ბალიშები. წყალი მოგვქონდა გარედან, ჩუმად, მალვით.

საჭმელს ცეცხლზე ვაკეთებდით. დაბომბილი სახლებისგან ხის ნარჩენები ცვიოდა აქეთ-იქით, ამას აგროვებდნენ თავშესაფარში მყოფები. ამ შეშას ვწვავდით და ვამზადებდით საჭმელს.

ალექსეი და ოლგა ბაკალიასოვები ბათუმში

ოლგა: ერთხელ, საჭმელს რომ ვამზადებდით ცეცხლზე, ბომბდამშენმა გადაგვიფრინა, თავს დასტრიალებდა ზღვისპირა საბაჟოს ულამაზეს, ძველ შენობას. მივხვდით, რომ წუთი-წუთზე დაბომბავდა. მივატოვეთ ცეცხლზე შემომდგარი ფაფა და გავიქეცით თავშესაფრისკენ. დაბომბეს საბაჟო. მივიხედეთ უკან და ჩვენი ქვაბი ფაფით აფეთქების რყევისგან სადღაც გაიტყორცნა. დავრჩით მშივრები.

თავშესაფარში არ იყო საპირფარეშო. ხალხი ბოთლებით და ვედროებით დადიოდა.

პატარა, 3 წლის ნასტია დაგვამახსოვრდა თავშესაფრიდან ყველაზე მეტად. მშიერი ნასტინკა. რაც მოენატრებოდა და გაახსენდებოდა, იმეორებდა იმ საჭმლის სახელს მთელი ღამე, უწყვეტად: „რძე მინდა, რძე მინდა, რძე, რძე, რძე, რძე, რძე… და ასე დაუსრულებლად. გაახსენდებოდა კიდევ რამე და იწყებდა: მინდა სოსისი, მინდა სოსისი, მინდა სოსისი, სოსისი, სოსისი… გული გვეწურებოდა.

დედა გვიბოდიშებდა: ჰიპერაქტიური ბავშვიაო. წარმოგიდგენიათ? ჰიპერაქტიური ბავშვი ჩაკეტილი ბნელ თავშესაფარში.

წყალს ვურევდით ფქვილს, მარილს და ტაფაზე უცხიმოდ ვამზადებდით. ეს იყო ჩვენი საკვები. სახლში მურაბები და კომპოტები გვქონდა, მწნილებიც. გავიქცეოდით დილის ხუთ საათზე, წამოვიღებდით ქილებით რამეს და მოვრბოდით უკან, თავშესაფარში. ხანდახან ვერ ვასწრებდით და შუა გზაში რომ მოვრბოდით, იწყებოდა სროლები. ერთხელ ასე წავიქეცი მსხლის კომპოტის ქილით ხელში. დაიმსხვრა ქილა. გამოვიქეცი.

მეზობლებმა, რომლებმაც დატოვეს მარიუპოლი, დაგვიტოვეს სახლების გასაღებები და გვითხრეს, საკვების მარაგია იქ და გამოიყენეთ ყველაფერიო. სანამ ძალიან არ გაგვიჭირდა, არ შევედით. მერე, როცა აღარავის გვქონდა თავშესაფარში არაფერი, შევედით ამ სახლებში და იქ დაგვხვდა ძველი მაკარონი, ბრინჯი, კაკაოც კი, იმხელა ბედნიერება იყო! მოვიტანეთ თავშესაფარში და მაშინ მივხვდით: კაკაო მშვენიერი რამ ყოფილა, თუნდაც ურძეოდ. აქამდე არ ვწყალობდით.

  •  „გადავწყვიტეთ, არ დაგვეტოვებინა მარიუპოლი, სანამ ჩვენი სახლი არ დაინგრეოდა, სანამ ცხოველები ცოცხლები იქნებოდნენ“

ალექსეი: თავშესაფრიდან 100 მეტრის მოშორებით იყო ჩვენი სახლი. დილით ამოვძვრებოდით, მივირბენდით სახლთან, საჭმელი მიგვქონდა ჩვენი კატებისა და ძაღლებისთვის. გვყავდა 4 ძაღლი და 7 კატა. ჩვენ მარტოხელები ვართ, შვილები არ გვყავს. ეს იყო ჩვენი ოჯახი. მალე მათი საჭმელიც ამოიწურა და ცხოველების გადარჩენის შანსიც გაქრა.

სახლებს ბომბავდნენ, ცეცხლი ეკიდა ყველაფერს, მაგრამ მაინც მივდიოდით ყოველდღე ჩვენს სახლთან და ცხოველებს ვკვებავდით.

ოლგა: გადავწყვიტეთ, არ დაგვეტოვებინა მარიუპოლი მანამ, სანამ ჩვენი სახლი და ეზო იქნებოდა, სანამ ცხოველები ცოცხლები იქნებოდნენ და სანამ მათ გამოკვებას შევძლებდით.

  • გვქონდა იმედი, რომ ბომბებს გადაურჩებოდა ჩვენი წილი უკრაინა

ძალიან მცირე ხელმოსაჭიდიც რომ დაგვრჩენოდა, ქალაქს არ დავტოვებდით. ყველაფერი წამში იქცა მტვრად.

ალექსეი და ოლგა ბაკალიასოვების სახლი მარიუპოლში, ომამდე

ყოველდღე ძლიერდებოდა დაბომბვები. ყოველ მისვლაზე კატები და ძაღლები უფრო და უფრო გაღიზიანებულები გვხვდებოდნენ, ცდილობდნენ გამოგვყოლოდნენ, სადაც მივდიოდით. ჭიშკარს ვკეტავდით, რომ არ გამოგვდევნებოდნენ. მერე ჩვენი გარაჟი და ეზო დაბომბეს. ისროდნენ ყველა შესაძლო საშუალებით, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელებაა ციდან დაბომბვა.

კანალიზაცია, წყალსაცავები – ყველაფერი დაბომბეს, ყველაფერი მოიშალა მარიუპოლში. ააფეთქეს ფილტრაციის მთავარი ნაგებობა და ფეკალური მასების მდინარე ახლა შუა ქალაქში, ჩვენს რაიონში მიედინება, ეს ადგილები ახლა ყარს.

ალექსეი: მარიუპოლში ჩამოცვენილი ბომბების ერთი მესამედი არ ფეთქდება, ეს ჩვეულებრივი ნაღმებია, მხოლოდ ჩვენს ეზოში სამი ასეთი ბომბია, ვინმემ ფეხი რომ დაადგას, აფეთქდება. ჩვენს თავშესაფარსაც, სადაც ვიმალებოდით, ორი ბომბი დაეცა და არ აფეთქდა.

ეს უკვე მკვდარი ქალაქია. დანგრეული და სახიფათო ნაღმებით მოფენილი, ვინ განაღმავს მთელ მარიუპოლს ომის შემდეგ?!

რუსები ამბობენ, რომ მარიუპოლში იმ ადგილებს ბომბავენ, სადაც „უკრაინელი ნაციონალისტები“ აფარებენ თავს. ჩემს სახლში ვინ დაბომბეს? ჩემი 6 კატა და 4 ძაღლი იყო ფაშისტი და ნაციონალისტი?

როცა ბომბები ცვიოდა, მიწა ირყეოდა და ყველაფერი ზანზარებდა თავშესაფარში. არ ვიცით, რა ტიპის ბომბი დაეცა ჩვენს სახლს, მაგრამ ერთ დღეს რომ მივედით, აღარაფერი დაგვხვდა. მხოლოდ ნამსხვრევები და მკვდარი ცხოველები…

ჩვენმა ყოფნამ მარიუპოლში აზრი დაკარგა.

ალექსეი ბაკალიასოვი, ომამდე
  • „ეს გენოციდია, დაცინვა. გერმანელი ფაშისტებიც არ იქცეოდნენ ასე“

ალექსეი: არაფერი წამოგვიღია თან საბუთების გარდა. თავშესაფარში აღარ დავბრუნდით და გზას დავადექით. მანქანა აღარ გვქონდა, გარაჟიც აგვიფეთქეს. წავედით ფეხით, ქალაქის მეორე მხარეს, არც ვიცოდით საით და რატომ მივდიოდით. დიდხანს, დაახლოებით 5 საათს მივუყვებოდით ზღვის სანაპიროს.

რაც ამ გზაზე ვნახეთ, ჯოჯოხეთის სამი კარიბჭე იყო. დამწვარი ტანკები, აფეთქებული სახლები, უკრაინელების ცხედრები, დახოცილი რუსი ჯარისკაცები, ვაბიჯებდით მკვდრებს და მივდიოდით.

ოლგა: მარიუპოლში იყო ქალაქის ულამაზესი, ძველი ნაწილი კერძო სახლებით. პირველ რიგში, სწორედ ამ სახლებს დაუშინეს ბომბები და გაასწორეს მიწასთან – მარიუპოლელი მეზღვაურების სახლები ყვავილებისა და ციტრუსის ბაღებით, აუზებით, დიდი, თეთრი ვერანდებით… მარიუპოლი ხომ მეზღვაურთა ქალაქია. ეს ბედნიერი ქალაქი იყო, კეთილდღეობასა და მშვენიერებაში მცხოვრები ხალხით.

ოლგა ბაკალიასოვი საკუთარ ეზოში, ომამდე

მივლასლასებდით ფეხით და ამ სახლებს ვაკვირდებოდით – თითქოს სპეციალურად სურდათ მარიუპოლის კეთილდღეობა გაენადგურებინათ ამ სახლების სახით, ეს სახლები იყო ზღვისპირა ქალაქის სიმბოლური ნაგებობები, ჩავუარეთ დანგრეულ სკოლასაც, სკოლას, რომელიც ჩვენ დავამთავრეთ მარიუპოლში.

ალექსეი: ერთ ადგილზე სასწაულებრივად შეგვხვდნენ ნაცნობები და მიგვასწავლეს ადგილი, საიდანაც მარიუპოლიდან რუსეთისკენ მიდიოდა ხალხი საევაკუაციო ავტობუსებით. ასე გაუღწევიათ ამ ჩვენი ნაცნობების შვილებსაც ქალაქიდან. ჩვენ არ გვინდოდა რუსეთში მოხვედრა. ეს სიკვდილის ტოლფასი იყო ჩვენთვის, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

გზად გავიარეთ ადგილი, სადაც პური რიგდებოდა, საშინელი სურათი იყო, ავტომატებით მუჯლუგუნებს ურტყამდნენ ქალებს და ბავშვებს, თითქოს რიგის და წესრიგის დასამყარებლად. მიდის 4-5-საათიანი რიგი, ამ რიგში დგები, სხვა გზა არ გაქვს, გშია, მაგრამ ისიც იცი, რომ პური ცოტაა და შეიძლება 5-საათიანი რიგის ბოლოს არც შეგხვდეს, მაგრამ მაინც დგახარ.

ეს იყო დონეცკიდან შემოტანილი რუსული პროდუქტები. მანქანებს საგანგებოდ ეწერა დიდი ასოებით: „ედინაია რასია“. იყიდებოდა ეს პური გრივნებზე, ჩვენზე ასაღებდნენ რუსულ პროდუქტს.

ჰუმანიტარულ პროდუქტსაც არიგებდნენ, მაგრამ 2 ათასი ადამიანი იდგა რიგში და იდგნენ 5-6 საათი აქაც. თითო ადამიანს ურიგებდნენ ერთ პურს, სამ ქილა ხორცის კონსერვს, ერთ შეკვრა მაკარონს, კილოგრამ ბრინჯს და 5 ლიტრ წყალს. უფასოდ რიგდებოდა ეს პროდუქტი და უნდა გყოფნოდა 1 თვე.

ეს გენოციდია, დაცინვა. გერმანელი ფაშისტებიც კი არ იქცეოდნენ ასე. დედაჩემი ყუბანში ცხოვრობდა, მოესწრო მეორე მსოფლიო ომს და იხსენებდა, რომ როცა ფაშისტებმა გაიარეს მათ ქალაქში, ხალხს საკვებს ნორმალურად ურიგებდნენ და ბავშვებისთვის შოკოლადიც ჰქონდათ თურმე. რუსები ფაშისტებზე უარესები არიან.

ერთ ოჯახთან ვმეგობრობდით. ისინიც ჩვენსავით მარტოხელები იყვნენ. მანქანით აპირებდნენ მარიუპოლიდან გაღწევას, მათ მანქანას რუსულმა ტანკმა გადაუარა. ასე, ჩვეულებრივად – მიდიოდნენ და ტანკმა გაჭყლიტა მანქანა. იურა, ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ადგილზევე გარდაიცვალა. მის ცოლს სხეული მთლიანად დაემტვრა და საავადმყოფოშია.

იურა საოცარი ადამიანი იყო, სპორტული მწვრთნელი, მაგრამ პენსიაზე იყო უკვე. მისი მეუღლე ახლა დონეცკის საავადმყოფოშია. როცა გამოვა, გვინდა საქართველოში ჩამოვიყვანოთ და ვეპატრონოთ.

ოლგა: მარიუპოლის საავადმყოფოზე მინდა გითხრათ. საშინელი მდგომარეობა იყო, მაისურებს ხევდნენ და ეს იყო მათი სახვევები. ჭრილობის დასამუშავებლად სპირტი აღარ მოიპოვებოდა და მარილიან წყალს იყენებდნენ.

ფეხი მოკვეთეს ადამიანს საავადმყოფოში მხოლოდ იმის გამო, რომ ბომბის ნამსხვრევები ჰქონდა შიგ ჩარჩენილი და ვერ მოუარეს, არ ჰქონდათ არანაირი სამედიცინო საშუალებები, ადგნენ და ფეხი მოჭრეს, რომ ცოცხალი დარჩენილიყო. ნორმალურ კლინიკაში ამ ადამიანს ფეხი შერჩებოდა.

მთელი გზა, როცა მოვდიოდით, ძალიან მეშინოდა, რომ ჩემს ქმარს ნერვები უმტყუნებდა და ყველაფერს მიახლიდა რომელიმე რუს ჯარისკაცს, რასაც ფიქრობდა.

ალექსეი: რუს ჯარისკაცებს თავადაც არ ჰქონდათ საჭმელი და შიმშილობდნენ. ურიგოდ იღებდნენ პურს და ჭამდნენ, მაშინ, როცა ხალხი ხუთსაათიან რიგში იდგა ამისთვის. განსაკუთრებით ურცხვად ერთი ჩეჩენი ჯარისკაცი დაეძგერა ურიგოდ პურს და საშინელი თვალებით შევხედე. ჩვენ თვითონაც არ გვყოფნის ეს პური-მეთქი, ჩემთვის ჩავილაპარაკე და მან ჩემი მზერა დაიჭირა. რას მიყურებო-შემომიღრინა და ჭამა განაგრძო. მეგონა მესროდა, მაგრამ გადავრჩი.

გზად ქალის ცხედარი დავინახეთ, მშიერ ძაღლებს და კატებს შეეჭამათ ნახევრად. მარიუპოლში უამრავი შინაური ცხოველი დარჩა უპატრონოდ. მათი პატრონები ან დაიხოცნენ, გაიქცნენ ან ბუნკერებში იმალებიან. ძაღლები და კატები მთელ ქალაქში საცოდავად დაძრწიან. მათ აღარავინ კვებავს.

მარიუპოლში უკვე დათბა. მალე დაცხება. უამრავი ცხედარია ქუჩაში, სიცხეში შეიძლება ეპიდემიაც გავრცელდეს, ქალაქში არც წყალია, არც მედიკამენტები.

ღმერთო, ახლაც არ მჯერა, რომ მზიან ქალაქში ვართ, აივანზე შეგვიძლია ვისხდეთ და ვუყუროთ ცას, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი.

როცა ხალხი მარიუპოლიდან გაქცევას ცდილობდა, ყველაზე რთული დასანახი იყო როგორ მიჰყავდათ მოხუცები ოჯახის წევრებს, კიდევ უფრო რთული სანახავი იყო, როგორ იყურებოდნენ მოხუცები, ვისაც არავინ ჰყავდა და ვინმეს უნდა აეღო საკუთარ თავზე მათი გაყვანის პასუხისმგებლობა.

ოლგა: იცით, რა არის უცნაური? არც ერთი რუსული ეკლესია არ დაბომბილა, ბომბავენ მხოლოდ უკრაინულ ეკლესიებს, საიდანაც უამრავ დახმარებას, საკვებს იღებდა ხალხი მღვდლებისგან, მრევლისგან. რუსული ეკლესიებიდან არავისთვის არაფერს გასცემენ, არავის არაფერში ეხმარებიან.

ალექსეი: რუსი სამხედროები არ გელაპარაკებიან, არაფრად გთვლიან, თუ სიტყვა უკრაინას ახსენებ, მოგაჩეჩებენ იარაღს და გეუბნებიან, თუ სამშობლოს დაცვა გინდა, აჰა, იარაღი და გაათავისუფლე ნაცისტებისგან შენი ქვეყანაო. დაგვცინიან. გთავაზობენ, რომ იბრძოლო რუსებთან ერთად უკრაინის „გასათავისუფლებლად“.

  •  „ერთი ბიჭი ფილტრაციის ოთახიდან აღარ გამოუშვეს, არ ვიცით, სად წაიყვანეს“

ოლგა: როგორც იქნა საევაკუაციო ავტობუსებამდე მივაღწიეთ. იქ იმდენი ხალხი იყო… თითო გადასვლისას გადაჰყავდათ 120 კაცი. წასვლის მსურველი კი ათასობით იდგა.

პირველ რიგში ბავშვებსა და ქალებს სვამდნენ ავტობუსში, მერე მოხუცებს, ბოლოს კი – კაცებს.

ახალგაზრდა კაცებს ძალიან უჭირთ მარიუპოლიდან გამოსვლა, ეს თითქმის შეუძლებელია.

წარმოუდგენლად გაგვიმართლა. ბოლოს დარჩა მხოლოდ 3 თავისუფალი ადგილი, ჩვენ კი ორნი ვიყავით და ჩაგვსვეს.

ალექსეი: საკუთარი მანქანა მარიუპოლში არავის დაუტოვეს. კარგ მანქანებს ართმევენ ხალხს და თავისთვის მიჰყავთ ჯარისკაცებს ან ცხრილავენ.

ყველაზე კარგ მანქანებს ჩეჩნები იტაცებენ. სამ-სამი ჯავშანჟილეტი აცვიათ კადიროველ ჩეჩნებს. მანქანებიც კი სამმაგი ჯავშნით აქვთ გამაგრებული, მშიშრები და მოღალატეები.

მე ნამდვილი ჩეჩნები მყავდნენ მეგობრები. ვინც რუსეთში იბრძვის, ისინი სამშობლოს გამყიდველები არიან. მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთი მიწასთან გაასწორა რუსეთმა, როგორ იბრძვიან მათ მხარეს, არ მესმის…

ალექსეი: მარიუპოლიდან ავტობუსი რუსების მიერ ოკუპირებულ და მართულ დონეცკში წავიდა. დონეცკში ადგილობრივმა პოლიციელებმა დამნაშავეებივით გადაგვიღეს ფოტოები პროფილსა და ანფასში. აიღეს თითის ანაბეჭდები, გაქექეს ლეპტოპი, ტელეფონები.

დონეცკისა და რუსეთის საზღვარი გადავკვეთეთ და გავიარეთ ფილტრაციის პუნქტი, აქ მკაცრი შემოწმებებია.

კაცებს ართმევდნენ ყველა საბუთს, კეტავდნენ ერთ ოთახში. მერე სათითაოდ გავყავდით და შევყავდით ცალკე, სადაც სამოქალაქო სამოსში სავარაუდოდ რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენელი იყო.

მკითხეს, რომელ ჯარში და როდის ვმსახურობდი, მომთხოვეს სამხედრო ბილეთი. მკითხეს, რას ვფიქრობდი რუსეთზე, პუტინზე, „სამხედრო ოპერაციაზე“, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში.

რა თქმა უნდა, არ შემეძლო მეთქვა სიმართლე და ვიცრუე. უნდა გადავრჩენილიყავი. ვუპასუხე, რომ კარგი დამოკიდებულება მაქვს. კაცებს ყველაფერს ხდიდნენ და ტრუსების ამარა ტოვებდნენ, გვამოწმებდნენ, სადმე რაიმე ტატუ ხომ არ გვქონდა.

რახან არ ვარ ახალგაზრდა, როგორღაც გამოვძვერი. ახალგაზრდებზე დიდი ზეწოლაა, ჩვენს თვალწინ შევიდა ერთი ბიჭი ფილტრაციის ოთახში და უკან აღარ გამოუშვეს, მარტო გააგრძელა გზა მისმა ცოლ-შვილმა. არავინ იცის, სად წაიყვანეს ბიჭი.

ოლგა: მე ამასობაში გარეთ ველოდებოდი ალექსეის. როგორც იქნა გამოვიდა და შემდეგ წავედით რუსეთში, ტაგანროგში. იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო რაღაც სპორტდარბაზში, უკრაინიდან გადასული ლტოლვილები. გვითხრეს, რომ თუ იქ დარჩენა არ გვსურდა, ჩვენი ფულით უნდა გაგვეგრძელებინა გზა. გვთავაზობდნენ ურალში და ჩრდილოეთში წასვლას. იქ რა გვინდოდა?!

ჩვენ წამოვედით როსტოვში ჩვენი ფულით. როსტოვიდან ვლადიკავკაზში და მერე თბილისის სამარშრუტო ტაქსიში ჩავსხედით. ვლადიკავკაზიდან საქართველოს საზღვრამდე 10 საათზე მეტხანს მოვდიოდით, რადგან ძალიან ბევრი მსუბუქი ავტომობილი შემოდის რუსეთიდან საქართველოში, რუსული ნომრებით. საზღვარზე მარტივად, 20 წუთში შემოგვიშვეს.

  • „სად წავიდა ყველაფერი, რაც იყო? სად წავიდეთ? სად იქნება ჩვენი შემდეგი სახლი?“

ალექსეი: როსტოვიდან ავტობუსის ბილეთს რომ ვიღებდით, ბილეთების გამყიდველი ქალი დაინტერესდა – უკრაინელები ხართო? ვუპასუხეთ, რომ კი და მერე გვკითხა, იქ რა ხდებაო.

აღვუწერეთ რა მდგომარეობაშია მარიუპოლი და უი, ვნერვიულობო, თქვა. ჩემი შვილია იქ და როგორ დაბრუნდება ნეტავიო. ნული თანაგრძნობა ჩვენ მიმართ, ნული გაზიარება და მოსმენა. ის, რომ ჩვენ გვკლავენ, ამას არა უშავს თურმე. მინდოდა მეთქვა, რა ეშველება და არაფერი კარგი, უკრაინელები ბევრ რუს ჯარისკაცს კლავენ მარიუპოლში-მეთქი, მაგრამ დავზოგე, არ ვთქვი.

ჩვენი მიზანი იყო სწრაფად გავცლოდით რუსეთს, რომ ვინმეს ყელში არ ვწვდომოდი და თავი არ გამეთქვა. ისინი ვერაფერს ხედავენ, არაფერს იაზრებენ და სჯერათ მხოლოდ პუტინის და მათი პროპაგანდისტული ტელევიზიების. მყავს მეგობრები რუსეთში, მაგრამ მათთან არც განვიხილავთ ამ საკითხებს. მათ აღარ ესმით ჩვენი. საბჭოთა კავშირში სურთ დაბრუნება. არსებობენ მხოლოდ ისინი და სხვა ერები არ არიან სამყაროში, მათთვის არსებობს მხოლოდ „დიდი რუსეთი“.

ოლგა: იცით, როგორი ქალაქი იყო მარიუპოლი? უყვარდა ყველას, ქალაქის მერი ძალიან ზრუნავდა ქალაქზე, იყო ბევრი პარკი და სკვერი, უამრავი გამწვანებული ადგილი, ზღვისპირა კერძო სახლები დიდი, მწვანე ეზოებით, საზაფხულო საზღვაო ფესტივალებით, მარიუპოლფესტი იმართებოდა ყოველ წელს, ჩამოდიოდნენ მომღერლები და 3-4 დღე ზღვისპირა კონცერტები, სეირნობები იმართებოდა.

უამრავი სხვადასხვა სახეობის ტიტა ხარობდა მარიუპოლში. ქალაქს ჰქონდა ლამაზი შადრევნები. ახლა იქ ომის უდაბნოა. მაგრამ ჩვენ გადავრჩით. ყველა ლოგიკით მკვდრები უნდა ვიყოთ ახლა, მაგრამ გადავრჩით. ეს დაუჯერებელი სასწაულია.

ალექსეი: მე მეზღვაური ვარ, ასაკოვანი, მაგრამ მაინც წავალ გემზე კიდევ, ვიმუშავებ და ახალ სახლს ავაშენებ.

რახან გადავრჩი, ესე იგი, ცხოვრება უნდა გავაგრძელო, მაგრამ ვინ დამიბრუნებს იმას, რაც მხოლოდ მოგონებებად დამრჩა? სად წავიდა ყველაფერი, რაც იყო? ჩვენ სად წავიდეთ? სად იქნება ჩვენი შემდეგი სახლი?

ოლგა: ჩვენ სახლის ადამიანები ვიყავით. სამოთხე გვქონდა: პატარა სახლი დიდი ეზოთი, ხეხილით, ვენახით, ყვავილებით და დიდი ბოსტნით. მომყავდა კიტრი და პომიდორი, ვარდებს ვახარებდი. სად წავსულიყავი და მემოგზაურა? სახლში მქონდა სამოთხე, ახლოს იყო ზღვა, ჩვენს ქუჩასაც ასე ერქვა: პრიმორსკი.

ბათუმში იმიტომ გადავწყვიტეთ ჩამოსვლა, რომ ჩემი ქმრის ქართველი მეგობარი ცხოვრობს აქ. თან ბათუმი მეზღვაურების ქალაქია. ჩემი ქმრის მეგობარი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან გვირეკავდა და გვეკითხებოდაб, როგორ ვიყავით. რუსეთში დარჩენა კატეგორიულად არ გვინდოდა. ეს ადამიანი დაგვეხმარა გავრკვეულიყავით საქართველოში სად რას სთავაზობდნენ უკრაინიდან ჩამოსულ ლტოლვილებს.

ოლგა ბაკალიასოვი მარიუპოლში, საკუთარი სახლის წინ
  • ცოლ-ქმარს წასასვლელი არსად აქვს 

ოლგა და ალექსეი ბაკალიასოვები ახლა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობენ. მათი თქმით, დაბინავებისას  უთხრეს, რომ ორი კვირით უსასყიდლოდ შეუძლიათ აქ დარჩენა. მარიუპოლიდან ჩამოსულმა ლტოლვილებმა არ იციან, სად უნდა წავიდნენ 2 კვირის შემდეგ.

80 წლის კაცმა ბათუმის მერიას სასამართლოც მოუგო, მაგრამ საკუთარ მიწას მაინც არ უფორმებენ

„ორჯერ მოვუგე სასამართლო ბათუმის მერიას და არ ასრულებენ გადაწყვეტილებას. სასამართლოს გადაწყვეტილებასაც როცა არ ასრულებენ, ვის მივმართო?“ – კითხულობს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრები შოთა დევაძე. მან მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ 2021 წლის 12 ნოემბერს გამოცემული აღსრულების ფურცელი გვაჩვენა, რომელიც ამ დრომდე ბათუმის მერიაში არ შეუსრულებიათ.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. მისი შეუსრულებლობა კი, სისხლის სამართლის დანაშაულია.

მოქალაქე შოთა დევაძე 2018 წლიდან დავობს სასამართლოში. ის 80 წლისაა. მოპასუხე კი, ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულია – თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელმაც სასამართლოში დავის დაწყებამდე მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ შოთა დევაძეს საკარმიდამო მიწასთან მდებარე ნაკვეთის დაკანონებაზე უარი უთხრა.

„დღემდე ვერ ვიგებ პასუხს, რატომ მეუბნება მერია უარს. ამ მიწას ჩვენ ვიყენებთ 90-იანი წლებიდან, სათიბი მქონდა, ნარგავები მაქვს, ხეხილი, წლების წინ შვრიასაც ვთესავდი…

ჩემის სახლის მეორე მხარეს საბავშვო ბაღია. რადგან მე და ჩემს მეუღლეს შვილი არ გვყავს, მიწის ნაწილი საბავშვო ბაღს დავუთმე, დაახლოებით 400 კვადრატული მეტრი. გვიხარია, ბავშვები გამოდიან, თამაშობენ…

მიწა, რომლის აღიარებასაც ვითხოვ საკუთრებაში, მეორე მხარესაა, ზუსტად 943 კვადრატული მეტრია და არ მიკანონებენ. ივანიშვილი ხომ არ ვარ, რომ ბევრი ქონება მქონდეს და მივცე ვინმეს?“ – ამბობს შოთა დევაძე.

„ბათუმის საკუთრების უფლების აღიარების კომისია კანონს არღვევს, გამოძიება უნდა დაიწყოს და დადგინდეს, რა მიზეზით ვერ აღასრულა ამ დრომდე სასამართლოს გადაწყვეტილება კომისიამ,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე აპრილის დასაწყისში ბათუმის მერიას ატრაქციონების განთავსება დაუწყია.

„ეს დაიწყეს მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერიაში კარგად იციან სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რაც ამ მიწის ნაკვეთს უკავშირდება. აღსრულების ფურცელი გამოიცა 2021 წლის ნოემბერში და მანამდე იყო სასამართლოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილებები, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს აჩვენებს იმას, რომ მიზანმიმართულად აჭიანურებს კომისია სასამართლოს გადაწყვეტილებას აღსრულებას“, – აღნიშნა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

საია-ს იურისტი განმარტავს, რომ კომისიას მოსამართლემ ამ შემთხვევაში არჩევანი არ დაუტოვა – მან მოქალაქეს მიწის კონკრეტულ ნაკვეთზე საკუთრება უნდა უღიაროს.

„…გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათუმში, მეჯინისწყალზე მდებარე 943 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე შოთა დევაძის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, – სასამართლოს გადაწყვეტილების ჩანაწერს გვიკითხავს იურისტი.

ასე კატეგორიულად მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს გადაწყვეტილებაში მას შემდეგ ჩაუწერია, როცა გაირკვა, რომ მანამდე მის მიერ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არაფერი შეიცვალა – შოთა დევაძემ უკვე ორჯერ მოიარა სასამართლოს სამი ინსტანცია. წინა შემთხვევაში მოსამართლემ ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საკითხის ხელახლა განხილვა დაუვალებია, კომისიამ შოთა დევაძის საქმე მართლაც ხელახლა განიხილა, მაგრამ ისევ უარი თქვა. როგორც მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ გაარკვია, კომისიამ გადაწყვეტილება ისევ საკითხის გამორკვევის გარეშე მიიღო.

„მივმართავ პროკურატურას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს, სხვა რა გზაა, განმიმარტოს სახელმწიფომ,“ – იმ საჯარო მოხელეების დასჯას ითხოვეს შოთა დევაძე, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებენ.

რატომ არ აღასრულეს სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმის მერიაში? – მერიის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ საკუთრების აღიარების კომისიას დაუკავშირდნენ და პასუხს მიღებისთანავე გაგვაცნობენ.

მარტში რუსეთის 45 ათასი მოქალაქე შემოვიდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში – 2022 წლის მარტში, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 45 068 მოქალაქე შემოვიდა. უცნობია, მათგან რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენმა მათგანმა დატოვა ქვეყანა.

შს სამინისტროს თანახმად, რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 430%-ით არის გაზრდილი.

საზღვრის კვეთის სტატისტიკა, 2022 წლის მარტი. წყარო: შსს

მარტის თვეში ზუსტად 20 029 ადამიანი შემოვიდა ასევე ბელარუსიდან.

საქართველოს კანონმდებლობით, რუსეთის ფედერაცია იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს და მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის  ვადით  ყოფნის უფლება.

„რუსეთის მოქალაქეს აქვს საქართველოში შემოსვლის უფლება გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდანაც“, თუმცა, ასე ვთქვათ, უპირობოდ საზღვარი ღია არ არის. თუ რუსეთის მხარე თავისი ქვეყნის მოქალაქეს გამოუშვებს [ეს იქვე უნდა გაარკვიოს], მას შეუძლია საქართველოში შემოსვლა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში გააჩნია პირი ვაქცინირებულია თუ არა. თუ ვაქცინირებულია, დასჭირდება შესაბამისი დოკუმენტი, თუ ვაქცინირებული არ არის, მაშინ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზზე.

„საზღვარი კონტროლდება ძალიან მაღალ დონეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე გამშვებ პუნქტებზე“, – ეს განცხადება შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მარტის დასაწყისში გააკეთა.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, საქართველოს სულ უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე ირჩევს საცხოვრებლად.

რუსეთს საქართველოში შემოსასვლელად სატრანზიტო ქვეყნად იყენებენ ის უკრაინელი ლტოლვილებიც, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად ფილტრაციის ბანაკების გავლა უწევთ.

2022 წლის მარტში სახელმწიფო საზღვარი (გასვლა-შემოსვლა) სულ 701 740-ჯერ გადაკვეთეს. აქედან 35 % იყო საქართველოს მოქალაქე, 65 % კი – უცხოეთის.

_____________________________________

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ასობით რუსეთის მოქალაქემ საქართველოს საჯარო რეესტრსაც მიმართა. ისინი საქართველოში ახალ შპს-ებს არეგისტრირებენ, ან რეგისტრირდებიან როგორც ინდმეწარმეები.

„ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურიდან და საჯარო რეესტრიდან მარტში ოფიციალურად გამოითხოვა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან შემდგომ პერიოდში რამდენი კომპანია დაარეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

„ყანაზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება” – რეპორტაჟი სოფელ ბეღლეთიდან

ხანგრძლივი და დიდთოვლიანი ზამთრის შემდეგ საგაზაფხულო სამუშაოები ხულოს სოფელ ბეღლეთში მცხოვრებმა კახაძეების ოჯახმა წელს გვიან დაიწყო.

კახაძეების სახლის წინ დახნული ყანა სოფლის ცენტრალური გზიდან მარტივად შესამჩნევია. ყანა ისეთ დამრეც ფერდობზეა, შორიდან თუ უყურებ, შესაძლოა ვერც კი დაუშვა, რომ აქ მიწას ამუშავებენ და კარტოფილს თესავენ.

„ყანაზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება“ – გვითხრა 64 წლის რეზო კახაძემ, რომელიც მოსასვენებლად ჩრდილში ზის. ის ოჯახის სხვა წევრებთან ერთად წყვეტს, ყანის რომელ მონაკვეთში რა უნდა დაითესოს და აკონტროლებს, საძოვარზე გამოსულმა საქონელმა ყანა არ გათელოს.

ყანას რეზო ხარებით კვალავს შვილთან ერთად. იგი ხარებს უძღვება, შვილი კი გუთანთან დგას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კარტოფილის დასათესად გამზადებული კვლები ღრმა იყოს, ამიტომაც არ ჩქარობს,  ხარებს ყურადღებით აკვირდება და  ხშირად აჩერებს მათ მოსასვენებლად.

ხარები. ფოტო “ბათუმელები”/ევა ართმელაძე

„მიწაზე მუშაობა აღარ ღირს, კარტოფილის ფასი დაბალია. მოსავალმა გვალვის გამო იკლო.

რთულ მდგომარეობაში ვართ. სასუქი ძვირია. 80 ლარი ღირს აზოტი. აზრი არ აქვს ყიდვას. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, იმდენი მოსავალი მაინც მოვიყვანოთ, სარჩოდ რომ გვეყოს“, – გვეუბნება რეზო.

რეზომ კვლების გასაკეთებლად მეზობლის ხარები  მოიყვანა. გვეუბნება, რომ სოფელში ხარები თითქმის აღარავის ჰყავს, რადგან მოსახლეობას ხარის შენახვისთვის საჭირო რესურსი არ აქვს.

„გაძვირდა თივა. ერთი ტომარა ქატო 28-30 ლარი ღირს.  ყველა ერიდება ხარის შენახვას, ურჩევნიათ ძროხა ჰყავდეთ, მოწველონ და რძე მაინც გამოიყენონ.

სუფსიდიას რომ დებენ, ჩადონ ქატოში, აზოტში და გლეხს სული მოათქმევინონ,“ – ამბობს რეზო.

ფერდობზე დათესილი ყანიდან მოსავლის აღება და სახლში ატანა რთულია.

რეზომ მეზობლის რჩევა გაითვალისწინა და საქმის გასამარტივებლად ჯალამბარი გააკეთა. ჯალამბარი სახლიდან 120 მეტრზე, ყანის ბოლომდეა. შემოდგომაზე რეზო და მისი ოჯახის წევრები 10 ტომარა კარტოფილს ტვირთავენ ჯალამბარზე და ასე, თანდათან ეზიდებიან სახლამდე მოსავალს.

რეზო კახაძე

რეზოს თქმით, ბევრი მიწა არ აქვთ, ამიტომ ერთსა და იმავე ყანაში უწევთ კარტოფილის დათესვა. ნიადაგის ხარისხის შენარჩუნებას სასუქით ცდილობენ.

ის იხსენებს, რომ ადრე სოფელში ყველა სიმინდს თესავდა, თითქმის 30 წელია კი კარტოფილის მეურნეობაზე გადავიდნენ. როგორც მისგან ვიგებთ, ბოლო ხანს ვეღარც სიმინდს თესავენ, რადგან სოფელში ბევრი დათვია და სიმინდის მოსავალს ანადგურებენ.

„სულ დათვს მიაქვს სიმინდი. კარტოფილს არ ჭამს. ამ გაზაფხულს, მთვარიან ღამეში, 4 დათვს მოვკარით თვალი. სულ ჩამოლეწეს ბლები, მსხლის ხეები. ერთი ცალი კაკალიც ვერ მივიტანეთ სახლში, სულ მიაქვთ. გაგვიფუჭეს ლობიო, სალათის ფურცელი…

დათვებთან დაკავშირებით რაიმე ღონისძიების მიღება კარგი იქნებოდა. დათვი იყოს, მაგრამ ამდენი, აღარ გამიგია“, – ამბობს რეზო.

იგი გულდაწყვეტით ამბობს, რომ სოფელი თანდათან იცლება და უკვე ბევრი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ბათუმში:

„ყველა ბათუმში მირბის. ადგება, დღეში 5 ლარს გააკეთებს, საღამოს პურს იყიდის და შეჭამს. აქ ესეც აღარ არის, სოფელში ცხოვრება პრობლემური გახდა“.

რეზოს შეფასებით, თუ სოფელში მოსახლეობას წყალი ექნება ნათესების მოსარწყავად, მოსავალი მოიმატებს და ხალხიც გაჩერდება.

რეზო გვიყვება, რომ წყლის არხები ზოგან გაფუჭებულია და მისი გაკეთება სოფლის მოსახლეობას საკუთარი ხარჯით აღარ შეუძლია – „მთავრობას შეუძლია, რომ მოგვცეს მილები და ასე მოგვიყვანოს წყალი. სხვა მხრივ, აზრი არ აქვს,  ნიჩბით წყლის არხები აღარ გაკეთდება. გავაკეთეთ და დაინგრა“, – ამბობს რეზო.

რეზოს რძალი, 37 წლის ხათუნა კახაძე,  სწრაფი ნაბიჯებით მიმოდის ყანაში, ჩქარობს. ცდილობს, რომ ბევრი საქმის გაკეთება მოასწროს იქამდე, სანამ ბოსელში მოუწევს წასვლა, საქონლის მოსავლელად.

ხათუნა შვილებთან ერთად ციგით ეზიდება კარტოფილის თესლს და ცდილობს, ციგა ისეთ ადგილას გააჩეროს, რომ არ გადაყირავდეს.

ხათუნა კახაძე

ხათუნა თოხით ასწორებს იმ ადგილებს, სადაც მიწა ჩამოშლილა და ამის შემდეგ იწყებს თესვას.

იგი გვიყვება, რომ მისი დღე ადრიან დილით დაიწყო: მოწველა ძროხები, ამოიყვანა ყველი, გაამზადა საჭმელი და კიდევ ბევრი რამ მოასწრო ყანაში ჩამოსვლამდე. წუხს, რომ ყანაში მუშაობის დაწყება უგვიანდება. შუადღეს უკვე ცხელა.

„მძიმეა ყანაში მუშაობა. მით უფრო მაშინ, როცა ფერდობზეა ნაკვეთი. შეიძლება ამდენი შრომა წყალში ჩაგეყაროს და საერთოდ ვერ ჩააბარო კარტოფილი ბაზარში. ყოველდღიური დატვირთული გრაფიკისგან ჯანმრთელობაც მოგერყევა ადამიანს“, – ამბობს ხათუნა.

იხსენებს, რომ 16 წლის იყო, როცა ბებია-ბაბუამ გაათხოვა. ხათუნას ერთადერთი საზრუნავი ახლა შვილებისთვის კარგი მომავლის შექმნაა.  მისი თქმით, ყველაზე მეტად არ უნდა მათ ის გზა გაიარონ, რაც თავად გამოიარა და ახლა გადის.

ხათუნას სამი შვილი ჰყავს. უფროსი ტყუპი აბიტურიენტები არიან და მხოლოდ დასვენების დღეებში ეხმარებიან ოჯახს სამეურნეო საქმეების გაკეთებაში.

ხათუნა სკოლას არ აცდენინებს მათ და მაქსიმალურად ცდილობს, ბევრი დრო ჰქონდეთ სამეცადინოდ, ჩააბარონ უნივერსიტეტში და მიიღონ განათლება. ისინი სკოლის მასწავლებლებთან მეცადინეობენ დამატებით. ხათუნა ამბობს, რომ ხულოში ან ბათუმში რომ გაეგზავნა შვილები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსამზადებლად, ვერ შეძლო, რადგან ეს ორმაგი ხარჯია.

ხათუნა კახაძე

ბინის ქირა გაგვიძვირეს, ვეღარ ვიხდით – ბათუმში აქცია მიმდინარეობს

ბათუმში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბინის ქირის გაზრდის გამო თავშესაფრის გარეშე დარჩნენ და მთავრობისგან დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვენ.

დღეს, 27 აპრილს, ბათუმში ათამდე მოქალაქემ გამართა აქცია. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ სოციალურად დაუცველია. მათი თქმით, ტურისტების დიდი ნაკადის შემოსვლის გამო, ბინების მეპატრონეებმა რეგიონის მასშტაბით გააორმაგეს ბინის ფასები, რის გადახდასაც ისინი ვერ ახერხებენ.

მოქალაქეები ბათუმში, თავდადებულის 61 ნომერთან, კოლეჯის ძველ შენობასთან შეიკრიბნენ. მათი ნაწილი ითხოვს, რომ მთავრობამ ეს შენობა დროებით დაუთმოს თავშესაფრის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს.

„40 წელია ქირით ვცხოვრობ ბათუმში… 300-დან 500-600 ლარამდე გაიზარდა ქირა. ორი დღეა ბინაში ვერ ვათევთ ღამეს და გარეთ ვართ ბავშვებით. ცოდვები ვართ… რა უნდა გავაკეთოთ.

შვილი და შვილიშვილი მყავს 6 წლის, სოციალურად დაუცველები ვართ. რა უნდა ვიმუშაო, რომ ქირაც ვიხადო და კომუნალურებიც. მთხოვა მეპატრონემ, რომ დავუცალო 15 დღეში ბინა, სჭირდება, მისია. ვეძებ ბინას და ვერ ვპოულობ, სადაც მივდივარ, 300-400 დოლარი ღირს. წუხელ მარშუტკაში გავათენეთ ღამე, ვიდეოც გვაქვს, ახლობლის მარშუტკა მოვიყვანეთ და გავათიეთ” – ამბობს მზია შევარდნაძე.

მზია შევარდნაძე

მოქალაქეები ამბობენ, რომ აქციას კიდევ ოცამდე ოჯახი შეუერთდება.

„მთელი ღამე გარეთ ვიყავით, მოვლენ სხვებიც. თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, არ დავიშლებით” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„300-350 ლარში გვქონდა ნაქირავები ბინები, ახლა გაორმაგებულია ეს ფასები, ამის გამო აღმოვჩნდით ქუჩაში. ახლა დოლარებზეა გადასული ქირის გადასახადი, ეს ჩვენთვის შეუძლებელია.

შემოსავლის გარეშე დარჩენილ ხალხი ვართ, ამ ქირის გარდა უამრავი პრობლემა გვაქვს. ჩვენ ვაცნობეთ მთავრობას, დაგვეხმაროს დროებითი თავშესაფრით, აღმოვჩნდით ქუჩაში. მთავრობამ უნდა მოახდინოს სწრაფი რეაგირება” – ამბობს ამირან მიქელაძე.

მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან უმოქმედობის შემთხვევაში, ისინი თავდადებულის 61 ნომერში მდებარე, მიტოვებულ შენობას დაიკავებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არაერთხელ მიმართეს ბათუმის მერიას დახმარების თხოვნით, თუმცა აქამდე რეაგირება არ ყოფილა.

ისინი ასევე ამბობენ, რომ ღამით ამ ადგილას აპირებენ დარჩენას და მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდებიან.

აქციის პარალელურად თავდადებულის 61 ნომერთან მობილიზებულია პოლიციაც.

ნახეთ პირდაპირი ჩართვა აქციიდან: 

„კანის ლომებზე“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

თიბისის მხარდაჭერით, უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი Young Lions Georgia იმართება. კონკურსი მიზნად ისახავს, კრეატიული ინდუსტრიისა და ახალი თაობის მხარდაჭერას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელონ ცხოვრება.

„კანის ლომების“ ახალგაზრდულ კონკურსზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველ წყვილს, რომელიც  30 წლამდე ასაკისაა და მარკეტინგის, კომუნიკაციის და კრეატიულ სფეროში საქმიანობს.  წელს, მონაწილეებს რეგისტრაცია  4 კატეგორიაში შეუძლიათ:

  • პრინტი / ბეჭდური რეკლამა
  • ფილმი / 1 წუთიანი ვიდეო რეკლამა
  • დიჯიტალი // ციფრული კამპანიის დაგეგმვა
  • მარკეტერი /მარკეტერების კონკურსი

Cannes Lions International Festival of Creativity 1954 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში, ქალაქ კანში. „კანის ახალგაზრდა ლომების“ კონკურსი კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსი ივნისის თვეში ტარდება, სადაც 30 წლამდელ რჩეულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობა დაუმტკიცონ.

თბილისში კონკურსის ორგანიზატორთა ბრიფინგი 29 აპრილს გაიმართება, ხოლო გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიას 6 მაისს, თიბისი კონცეფტის სივრცე უმასპინძლებს.

უცნობი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტით 14 ქვეყანაში 200-მდე ბავშვი დაავადდა – ჯანმო

ბოლო ორ კვირაში მსოფლიოს მასშტაბით 14 ქვეყანაში ბავშვებში უცხო წარმოშობის, მწვავე ჰეპატიტის შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

„გარდიანის“ ცნობით, ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ბავშვებში დაუდგენელი გენეზის მწვავე ჰეპატიტის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 140 – ევროპაში, ძირითადად დიდ ბრიტანეთში (110 შემთხვევა). დანარჩენი შემთხვევები დადასტურდა ისრაელსა და შეერთებულ შტატებში.

23 აპრილს გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ შემთხვევები დაფიქსირდა 1 თვიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. გარდაიცვალა ერთი ბავშვი, თუმცა ჯანმოს არ უთქვამს, რომელ ქვეყანაში.

ჯანმოს ცნობით, დაავადებულთაგან 17 ბავშვი (დაახლოებით 10%) ისე დაავადდა, რომ ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ-ში პირველი შემთხვევები გამოვლინდა ოქტომბერში, ალაბამაში. ბრიტანეთში პირველი შემთხვევები იანვარში დაფიქსირდა.

ჯანმოს ინფორმაციით, შემთხვევები დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში (114), ესპანეთში (13), ისრაელში (12), ამერიკის შეერთებულ შტატებში (9), დანიაში (6), ირლანდიაში (5), ნიდერლანდებში (4), იტალიაში (4), ნორვეგიაში (2), საფრანგეთში (2), რუმინეთსა (1), ბელგიაში (1), “გარდიანის” უახლესი ცნობით ამ ქვეყნების ჩამონათვალს შეემატა კანადა და იაპონიაც.

მიუხედავად იმისა, რომ ტიპი 41 ადენოვირუსი ამჟამად მწვავე ჰეპატიტის გამომწვევ ერთ-ერთი ჰიპოთეზად მიიჩნევა, ის სრულად არ ხსნის კლინიკური სურათის სიმძიმეს, ვინაიდან წარსულში ადენოვირუსის ეს სახეობა არ იყო იწვევდა ამგვარ გართულებებს – წერს ჯანმო. 

„ადენოვირუსები  გადადიან ადამიანიდან ადამიანზე და ყველაზე ხშირად იწვევენ რესპირატორულ დაავადებებს, მაგრამ სახეობიდან გამომდინარე, ასევე, შეიძლება გამოიწვიონ სხვა დაავადებები, როგორიცაა: გასტროენტერიტი, კონიუნქტივიტი და ცისტიტი,“ – წერს ჯანმო.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის დირექტორმა ანდრეა ამონმა ონლაინბრიფინგზე საუბრისას თქვა, რომ აქამდე ჩატარებული გამოკვლევები მიანიშნებენ ადენოვირუსით ინფიცირებასთან კავშირზე. მისი თქმით, მკვლევრებმა განიხილეს თეორია, რომლის მიხედვითაც COVID19-ის დროს ჩაკეტვამ, შესაძლოა, შეასუსტა ბავშვების იმუნიტეტი.

  • ინფიცირებულთა უმრავლესობას არ აღენიშნებოდა ცხელება. არც ერთ პაციენტთან არ არის გამოვლენილი ის გავრცელებული ვირუსები, რომლებიც იწვევენ მწვავე ვირუსულ ჰეპატიტს (ჰეპატიტის ვირუსები A, B, C, D და E).
  • ადენოვირუსი გამოვლინდა სულ მცირე 74 შემთხვევაში, ხოლო მოლეკულური ტესტირების შესახებ ინფორმაციის მქონე შემთხვევებიდან 18 გამოვლინდა, როგორც F ტიპის 41.
  • SARS-CoV-2 გამოვლინდა გატესტილი პაციენტებიდან 20 შემთხვევაში. გარდა ამისა, 19 შემთხვევაში გამოვლინდა SARS-CoV-2-ითა და ადენოვირუსით ერთობლივი ინფიცირება.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) განაცხადა, რომ „არ არსებობს კავშირი COVID-19 ვაქცინასთან“, რადგან  გაერთიანებულ სამეფოში არც ერთი პაციენტი, რომელსაც მწვავე ჰეპატიტი დაუდასტურდა, არ ყოფილა ვაქცინირებული.

ჯანმოს ცნობით, გამოვლენილ შემთხვევებს შორის კლინიკური სინდრომია მწვავე ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) საგრძნობლად მომატებული ღვიძლის ფერმენტებით. ბევრ შემთხვევას აღენიშნებოდა კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, მათ შორის მუცლის ტკივილი, დიარეა და ღებინება, ასევე ღვიძლის ფერმენტების დონის მატება და სიყვითლე.

ბათუმის 94 სტომატოლოგიურ კლინიკაში სტერილობაზე დარღვევები არ გამოვლინდა

ბათუმში ასამდე სტომატოლოგიურ კაბინეტში სამუშაო ინსტრუმენტების სტერილობის შემოწმების შედეგად დარღვევები არ გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

უწყების სანიტარული ზედამხედველობის განყოფილებამ ბათუმში 94 სტომატოლოგიური კაბინეტის გეგმური მონიტორინგი ჩაატარა. მუნიციპალური ინსპექცია დაწესებულებებს გეგმურად, წელიწადში 2-ჯერ ამოწმებს.

მათივე ცნობით, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ მეშვეობით ინსტრუმენტების სტერილობაზე 106 ნიმუში იქნა აღებული – არც ერთ შემთხვევაზე ნორმების დარღვევა არ დაფიქსირებულა.

არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენება ერთჯერადად 100-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

არასტერილური სტომატოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება შეიძლება გახდეს ბევრი დაავადების, მათ შორის, შიდსითა და ჰეპატიტით დაინფიცირების რისკფაქტორი.

მუნიციპალური ინსპექციის მონიტორინგის სამსახურში ამბობენ, რომ სილამაზის სალონების სანიტარულ ნორმებზე შემოწმება წელს არ ჩატარებულა. გასული წლის მონაცემებით, ერთდროულად სანიტარული ნორმებისა და კოვიდრეგულაციების დაცვის მიზნით ბათუმში 233 სილამაზის სალონი შემოწმდა. მათგან ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით 11 სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

სურსათის ფასების ზრდა შესაძლოა 2024 წლამდე გაგრძელდეს – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის მიხედვით, ენერგორესურსების ფასი და, შესაბამისად, სურსათის ფასის ზრდა სავარაუდოდ 2024 წლის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ომი უკრაინაში არის მთავარი შოკი ბაზრებისთვის და ეს ისტორიულად მაღალი სასაქონლო ფასებია. ანგარიშის მიხედვით, ენერგორესურსების ფასი 2022 წელს დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. ენერგორესურსებზე ფასის ასეთი ზრდა 1973 წლის მერე არ ყოფილა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, „გახანგრძლივებული ომის ან რუსეთზე დამატებითი სანქციების შემთხვევაში, ფასები შეიძლება იყოს უფრო მაღალი და არასტაბილური, ვიდრე ამჟამად არის,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

მაგალითად, Brent-ის ნედლი ნავთობის ფასი 2022 წელს იქნება საშუალოდ 100 ამერიკული დოლარი ბარელზე, რაც უმაღლესი დონეა 2013 წლის შემდეგ და 40 პროცენტზე მეტია 2021 წელთან შედარებით.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ხორბალი ისევ შეიძლება გაძვირდეს და ის „ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს“, რაც ერთგვარ ზეწოლას მოახდენს განვითარებად ეკონომიკებზე, რომლებიც დამოკიდებული არიან ხორბლის იმპორტზე, განსაკუთრებით კი, რუსეთიდან და უკრაინიდან.

„ამას ექნება ხანგრძლივი დარტყმითი ეფექტი და შესაძლოა გამოიწვიოს საკვების წარმოების შემცირება, განსაკუთრებით განვითარებად ეკონომიკაში… გავლენას მოახდენს საკვების ხელმისაწვდომობაზე, სასოფლო შემოსავალსა და ღარიბი მოსახლეობის საარსებო წყაროზე,“ – ამბობს კონ ბაფესი, მსოფლიო ბანკის პერსპექტივების ჯგუფის უფროსი ეკონომისტი.

ФСБ აცხადებს, რომ დააკავა „უკრაინული ნაციზმის“ მომხრეები, რომლებიც დივერსიას გეგმავდნენ

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, ФСБ-მ „დივერსია აღკვეთა“ და რუსეთის 2 მოქალაქე დააკავა – ინფორმაციას რუსული მედია, TASS-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულები უკრაინელი ნაციონალისტების მხარდამჭერები არიან, რომლებმაც რუსი სამხედროების შესახებ მონაცემები უკრაინულ ვებგვერდ Миротворец-ზე გაგზავნეს.

რუსეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ დაკავებულები „უკრაინული ნაციზმის“ მომხრეები არიან და ბელგოროდში დივერსიას ამზადებდნენ.

„აღნიშნულმა პირებმა უკრაინულ ვებსაიტ Миротворец-ზე გაგზავნეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროების შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ სპეცოპერაციაში.  ეჭვმიტანილები გეგმავდნენ რკინიგზის ლიანდაგის დაზიანებას, რომლითაც სამხედრო ეშელონები მოძრაობენ“, – აცხადებს ФСБ.

„ტასის“ ცნობით, დაკავებულებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

26 აპრილს, გვიან ღამით, რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ბელგოროდის ოლქში სამხედრო საწყობი დაიწვა. რუსული მხარე ჯერჯერობით მიზეზს არ ასახელებს.

ბულვარის ადმინისტრაცია აუქციონებს აცხადებს

ბათუმის ბულვარში კომერციული ფართობების საიჯარო წესით ასათვისებლად ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონულ აუქციონებს აცხადებს. გასულ წელს, კოვიდვითარების გათვალისწინებით, ხელშეკრულებები მოქმედ მოიჯარეებს გაუგრძელეს.

რამდენიმე სივრცის ათვისებაზე „ბულვარის ადმინისტრაციას“ პირობიანი აუქციონი უკვე გამოცხადებული აქვს, კერძოდ, აუქციონზე გაიტანეს სანაპირო ზოლზე არსებული ტერიტორია მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ, სადაც კლუბი „სექტორი 26“ იყო განთავსებული. ქონების საწყისი ფასი 84 460 ლარია, ბიჯი – 2460. გასასხვისებელი ტერიტორია 2000 კვ.მეტრია, ხოლო შენობა – 96 კვ.მეტრი.

მონიშნულია გასასხვისებელი ფართობი და შენობა. აუქციონი 29 აპრილს უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ბიჯია დადებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესი ქონების იჯარის წესით ათვისებაზე ამ დროისთვის მხოლოდ ერთმა მომხმარებელმა გამოხატა.
აუქციონის პირობებში მითითებული ინფორმაციით, ეს ქონება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე ვადით გასხვისდება

აუქციონზე გაიტანეს ასევე კიდევ ერთი ქონება სანაპირო ზოლზე, თავისი შენობითა და მიმდებარე ტერიტორიით. ეს არის ადგილი, სადაც კლუბი „სოჰო“ ფუნქციონირებდა. ქონების საწყისი ფასი 79 000 ლარია, ბიჯი – 2370 ლარი. აუქციონი 29 აპრილს უნდა დასრულდეს. ამ შემთხვევაშიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ბიჯია დაფიქსირებული. ქონება 2023 წლის პირველ იანვრამდე ვადით უნდა გასხვისდეს.

მთავარი შენობა 374.63 კვ.მეტრია, მიწის ნაკვეთი – 1429 კვ.მეტრი

ავსტრია გაზის საფასურს რუსეთს არა რუბლში, არამედ ევროში გადაუხდის – ავსტრიის კანცლერი

მასალის თავდაპირველი ვერსია შეცვლილია. პირველად გამოქვეყნებულ მასალაში ეწერა, რომ ავსტრია თანახმა იყო რუსეთისთვის რუბლში გადაეხადა გაზის საფასური. ინფორმაციის გავრცელებიდან მოკლე ხანში ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა ავსტრიის კანცლერმა და განაცხადა, რომ ავსტრია გააგრძელებს გაზის საფასურის გადახდას ევროში. 

___________________________

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა, დღეს, 27 აპრილს, რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ყალბი ამბავი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავსტრია რუსეთს რუბლში გადაუხდის გაზის საფასურს.

„OMV გააგრძელებს რუსეთიდან გაზის მიწოდების გადახდას ევროში“ – წერს ავსტრიის კანცლერი ტვიტერზე.

ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ავსტრიის დამოკიდებულება რუსულ გაზზე.

ავსტრია ბუნებრივი აირის დაახლოებით 80 პროცენტს რუსეთიდან იღებს.

დღეს, 27 აპრილს, რუსეთმა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს შეუწყვიტა. ორივე ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ ამისათვის მზად იყვნენ.

 

ქართველი ავტორი ივა ფეზუაშვილი ლიტერატურაში ევროკავშირის პრიზის მფლობელი გახდა

ქართველი ავტორი, ივა ფეზუაშვილი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მფლობელი გახდა.

წიგნი „ბუნკერი“, რომლისთვისაც ავტორმა პრესტიჟული პრემია მიიღო, ყარაბაღის ომს გამოქცეული და თბილისში დასახლებული ოჯახის შესახებაა. ნაწარმოებში მოქმედება 24 საათში ვითარდება.

წინა წლებისგან განსხვავებით, EUPL  2022 განახლებული ფორმატით ჩატარდა. თუ წინა წლებში ყველა კონკურსანტი ქვეყნიდან თითო, ეროვნულ დონეზე გამარჯვებულს არჩევდნენ, წელს მხოლოდ ერთი გამარჯვებული დაასახელეს. 2022 წელს კონკურსში 14 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოდან ივა ფეზუაშვილი ოფიციალურად მწერალთა სახლმა წარადგინა.

„ბუნკერი“, ისევე როგორც ივა ფეზუაშვილის სხვა წიგნები, გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. წიგნი ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ენაზეა. გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, გვანცა ჯობავა ამბობს, რომ იგეგმება „ბუნკერის“ როგორც ინგლისურ, ისე სხვა ენებზე თარგმნა.

„გამომცემლობა „ინტელექტს“ ძალიან ბევრი შემოთავაზება აქვს სხვადასხვა უცხოური გამოცემისგან. გარდა იმისა, რომ 10 ათასი ევრო მიიღო გამარჯვებულმა, დამატებით 10 ათასი ევროა გამოყოფილი თარგმანისთვის. ჩვენ ამ თანხას გამოვიყენებთ, რომ სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს „ბუნკერი“, – თქვა გვანცა ჯობავამ.

წიგნი „ბუნკერი“, რომლისთვისაც ივა ფეზუაშვილმა ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო, მანამდე „საბას“ და წინანდლის პრემიის გამარჯვებულია.

ივა ფეზუაშვილი სამი წიგნის ავტორია. მისი სადებიუტო წიგნი – „ვცადე“ 2014 წელს „ინტელექტმა“ გამოსცა. ამავე გამომცემლობის მიერაა გამოცემული ივა ფეზუაშვილის პირველი რომანი „ფსკერის სახარება“.

დაჭრილი სამხედროები და მოქალაქეები „აზოვსტალში“ უმძიმეს პირობებში არიან | ფოტო

მარიუპოლის ქარხანაში ადამიანები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან. „აზოვსტალში“ დაახლოებით 2 ათასი მოქალაქეა – ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები, მათ შორის არიან დაჭრილებიც – ამ ინფორმაციას ტელეგრამის არხზე მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.

„ისინი ანტისანიტარიასა და საშინელ პირობებში არიან. მედიკამეტების გარეშე. უმძიმესია ვითარება სასმელი წყლისა და საკვების თავსაზრისით. მათ დაუყოვნებლივ შველა სჭირდებათ“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

უწყებამ ასევე გაავრცელა დაჭრილების ფოტოები „აზოვსტალის“ ერთ-ერთ თავშესაფარში მოწყობილი ჰოსპიტლიდან.

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს მიერ გავრცელებული ფოტო

„ძალიან მძიმე ფოტოებია, თუმცა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რაც ხდება 24 საათი რუსეთის შეუჩერებელი თავდასხმების ქვეშ“, – საბჭოს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ჰოსპიტალში დაჭრილთა უმრავლესობა, არა სამხედროები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს მიერ გავრცელებული ფოტო

მარიუპოლის საბჭოს მიერ გავრცელებულ რამდენიმე ფოტოზე ჩანს, როგორ მდგომარეობაში აქვთ დაშავებულებს ღია ჭრილობები, ასევე, რა პირობებში ატარებენ ოპერაციებს ექიმები.

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს მიერ გავრცელებული ფოტო

რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლი ბლოკადაში უკრაინაში შეჭრიდან მალევე მოაქციეს. მოსკოვმა „აზოვსტალში“ გამაგრებულ სამხედროებს ულტიმატუმი არაერთხელ წაუყენა, თუმცა მარიუპოლის ალყაში მყოფი დამცველები დანებებაზე უარს ამბობენ. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის ავიაცია გამუდმებით ბომბავს არა მხოლოდ ქარხნის ტერიტორიას, არამედ მის გარშემო არსებულ დასახლებებსაც. უკრაინის მხარის ცნობით, მარიუპოლში უკვე 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

___

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

Exit mobile version