მთავარი,სიახლეები

„ყანაზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება” – რეპორტაჟი სოფელ ბეღლეთიდან

27.04.2022 • 6337
„ყანაზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება” – რეპორტაჟი სოფელ ბეღლეთიდან

ხანგრძლივი და დიდთოვლიანი ზამთრის შემდეგ საგაზაფხულო სამუშაოები ხულოს სოფელ ბეღლეთში მცხოვრებმა კახაძეების ოჯახმა წელს გვიან დაიწყო.

კახაძეების სახლის წინ დახნული ყანა სოფლის ცენტრალური გზიდან მარტივად შესამჩნევია. ყანა ისეთ დამრეც ფერდობზეა, შორიდან თუ უყურებ, შესაძლოა ვერც კი დაუშვა, რომ აქ მიწას ამუშავებენ და კარტოფილს თესავენ.

„ყანაზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება“ – გვითხრა 64 წლის რეზო კახაძემ, რომელიც მოსასვენებლად ჩრდილში ზის. ის ოჯახის სხვა წევრებთან ერთად წყვეტს, ყანის რომელ მონაკვეთში რა უნდა დაითესოს და აკონტროლებს, საძოვარზე გამოსულმა საქონელმა ყანა არ გათელოს.

ყანას რეზო ხარებით კვალავს შვილთან ერთად. იგი ხარებს უძღვება, შვილი კი გუთანთან დგას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კარტოფილის დასათესად გამზადებული კვლები ღრმა იყოს, ამიტომაც არ ჩქარობს,  ხარებს ყურადღებით აკვირდება და  ხშირად აჩერებს მათ მოსასვენებლად.

ხარები. ფოტო “ბათუმელები”/ევა ართმელაძე

„მიწაზე მუშაობა აღარ ღირს, კარტოფილის ფასი დაბალია. მოსავალმა გვალვის გამო იკლო.

რთულ მდგომარეობაში ვართ. სასუქი ძვირია. 80 ლარი ღირს აზოტი. აზრი არ აქვს ყიდვას. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, იმდენი მოსავალი მაინც მოვიყვანოთ, სარჩოდ რომ გვეყოს“, – გვეუბნება რეზო.

რეზომ კვლების გასაკეთებლად მეზობლის ხარები  მოიყვანა. გვეუბნება, რომ სოფელში ხარები თითქმის აღარავის ჰყავს, რადგან მოსახლეობას ხარის შენახვისთვის საჭირო რესურსი არ აქვს.

„გაძვირდა თივა. ერთი ტომარა ქატო 28-30 ლარი ღირს.  ყველა ერიდება ხარის შენახვას, ურჩევნიათ ძროხა ჰყავდეთ, მოწველონ და რძე მაინც გამოიყენონ.

სუფსიდიას რომ დებენ, ჩადონ ქატოში, აზოტში და გლეხს სული მოათქმევინონ,“ – ამბობს რეზო.

ფერდობზე დათესილი ყანიდან მოსავლის აღება და სახლში ატანა რთულია.

რეზომ მეზობლის რჩევა გაითვალისწინა და საქმის გასამარტივებლად ჯალამბარი გააკეთა. ჯალამბარი სახლიდან 120 მეტრზე, ყანის ბოლომდეა. შემოდგომაზე რეზო და მისი ოჯახის წევრები 10 ტომარა კარტოფილს ტვირთავენ ჯალამბარზე და ასე, თანდათან ეზიდებიან სახლამდე მოსავალს.

რეზო კახაძე

რეზოს თქმით, ბევრი მიწა არ აქვთ, ამიტომ ერთსა და იმავე ყანაში უწევთ კარტოფილის დათესვა. ნიადაგის ხარისხის შენარჩუნებას სასუქით ცდილობენ.

ის იხსენებს, რომ ადრე სოფელში ყველა სიმინდს თესავდა, თითქმის 30 წელია კი კარტოფილის მეურნეობაზე გადავიდნენ. როგორც მისგან ვიგებთ, ბოლო ხანს ვეღარც სიმინდს თესავენ, რადგან სოფელში ბევრი დათვია და სიმინდის მოსავალს ანადგურებენ.

„სულ დათვს მიაქვს სიმინდი. კარტოფილს არ ჭამს. ამ გაზაფხულს, მთვარიან ღამეში, 4 დათვს მოვკარით თვალი. სულ ჩამოლეწეს ბლები, მსხლის ხეები. ერთი ცალი კაკალიც ვერ მივიტანეთ სახლში, სულ მიაქვთ. გაგვიფუჭეს ლობიო, სალათის ფურცელი…

დათვებთან დაკავშირებით რაიმე ღონისძიების მიღება კარგი იქნებოდა. დათვი იყოს, მაგრამ ამდენი, აღარ გამიგია“, – ამბობს რეზო.

იგი გულდაწყვეტით ამბობს, რომ სოფელი თანდათან იცლება და უკვე ბევრი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ბათუმში:

„ყველა ბათუმში მირბის. ადგება, დღეში 5 ლარს გააკეთებს, საღამოს პურს იყიდის და შეჭამს. აქ ესეც აღარ არის, სოფელში ცხოვრება პრობლემური გახდა“.

რეზოს შეფასებით, თუ სოფელში მოსახლეობას წყალი ექნება ნათესების მოსარწყავად, მოსავალი მოიმატებს და ხალხიც გაჩერდება.

რეზო გვიყვება, რომ წყლის არხები ზოგან გაფუჭებულია და მისი გაკეთება სოფლის მოსახლეობას საკუთარი ხარჯით აღარ შეუძლია – „მთავრობას შეუძლია, რომ მოგვცეს მილები და ასე მოგვიყვანოს წყალი. სხვა მხრივ, აზრი არ აქვს,  ნიჩბით წყლის არხები აღარ გაკეთდება. გავაკეთეთ და დაინგრა“, – ამბობს რეზო.

რეზოს რძალი, 37 წლის ხათუნა კახაძე,  სწრაფი ნაბიჯებით მიმოდის ყანაში, ჩქარობს. ცდილობს, რომ ბევრი საქმის გაკეთება მოასწროს იქამდე, სანამ ბოსელში მოუწევს წასვლა, საქონლის მოსავლელად.

ხათუნა შვილებთან ერთად ციგით ეზიდება კარტოფილის თესლს და ცდილობს, ციგა ისეთ ადგილას გააჩეროს, რომ არ გადაყირავდეს.

ხათუნა კახაძე

ხათუნა თოხით ასწორებს იმ ადგილებს, სადაც მიწა ჩამოშლილა და ამის შემდეგ იწყებს თესვას.

იგი გვიყვება, რომ მისი დღე ადრიან დილით დაიწყო: მოწველა ძროხები, ამოიყვანა ყველი, გაამზადა საჭმელი და კიდევ ბევრი რამ მოასწრო ყანაში ჩამოსვლამდე. წუხს, რომ ყანაში მუშაობის დაწყება უგვიანდება. შუადღეს უკვე ცხელა.

„მძიმეა ყანაში მუშაობა. მით უფრო მაშინ, როცა ფერდობზეა ნაკვეთი. შეიძლება ამდენი შრომა წყალში ჩაგეყაროს და საერთოდ ვერ ჩააბარო კარტოფილი ბაზარში. ყოველდღიური დატვირთული გრაფიკისგან ჯანმრთელობაც მოგერყევა ადამიანს“, – ამბობს ხათუნა.

იხსენებს, რომ 16 წლის იყო, როცა ბებია-ბაბუამ გაათხოვა. ხათუნას ერთადერთი საზრუნავი ახლა შვილებისთვის კარგი მომავლის შექმნაა.  მისი თქმით, ყველაზე მეტად არ უნდა მათ ის გზა გაიარონ, რაც თავად გამოიარა და ახლა გადის.

ხათუნას სამი შვილი ჰყავს. უფროსი ტყუპი აბიტურიენტები არიან და მხოლოდ დასვენების დღეებში ეხმარებიან ოჯახს სამეურნეო საქმეების გაკეთებაში.

ხათუნა სკოლას არ აცდენინებს მათ და მაქსიმალურად ცდილობს, ბევრი დრო ჰქონდეთ სამეცადინოდ, ჩააბარონ უნივერსიტეტში და მიიღონ განათლება. ისინი სკოლის მასწავლებლებთან მეცადინეობენ დამატებით. ხათუნა ამბობს, რომ ხულოში ან ბათუმში რომ გაეგზავნა შვილები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსამზადებლად, ვერ შეძლო, რადგან ეს ორმაგი ხარჯია.

ხათუნა კახაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: