საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ 32,6 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2023 წლის 8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმით:
ყოველი კვირის ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;
შაბათს, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;
კვირას, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია.
კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
„მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“ მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ ის შოვის სტიქიას აშუქებს. რომ არა „მთის ამბები“, სტიქიურ უბედურებას ქვეყანა ალბათ რამდენიმე საათის დაგვიანებით შეიტყობდა.
გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ აგრესია მათ მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გელა მთივლიშვილს ირაკლი კობახიძემ „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოსტის წაშლა მოითხოვა.
გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ ის თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, თუმცა მაინც აგრძელებს სტიქიის ზონიდან მუშაობას.
გელა, როგორ გაიგეთ ამბავი რაჭაში სტიქიის შესახებ და როგორ დაიწყეთ მისი გაშუქება?
3 აგვისტო იყო, დაახლოებით ოთხის ნახევარი. ჩვენმა თანამშრომელმა დაგვირეკა რაჭიდან და გვითხრა, რომ შოვში ხდებოდა რაღაც ძალიან მძიმე ამბავი, მჟავე წყლებთან მეწყერი იყო ჩამოწოლილი და ხალხი მოყოლილი.
ამბის სიმძიმიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია აბსოლუტურად სარწმუნო წყაროებიდან გვქონდა, ვეცადეთ კიდევ გადაგვემოწმებინა და გავედით კონტაქტზე მეწყერში მოყოლილ ორ პირთან. ჯერ კიდევ იჭერდა იქ ტელეფონი.
დაახლოებით ნახევარი საათის მომხდარი იყო უკვე სტიქია და ეს ადამიანები ამ ხნის განმავლობაში წელამდე ტალახში იყვნენ, ხელები ჰქონდათ ამოწეული და ითხოვდნენ ტელეფონით დახმარებას – რეკავდნენ 112-ში და დარეკეს ჩვენ თანამშრომელთანაც.
მოახერხეს და გვაჩვენეს რა ხდებოდა, გამოგვიგზავნეს ფოტოები. იქ ხდებოდა საშინელება. პირველი ფოტო, რომელიც მივიღეთ, იყო პატარა გოგონა, რომელიც ტალახში ჩანს და ხელი აქვს გამოწეული.
3 აგვისტო. გოგონა ღვარცოფში. პირველი ფოტო სტიქიის ადგილიდან, რომელიც „მთის ამბებმა“ გაავრცელა
მაშინვე გავავრცელეთ ინფორმაცია. მეწყერში მოყოლილმა პირმა, ვისაც ვესაუბრეთ, გვითხრა, რომ 16 ადამიანი დათვალა მის გარშემო.
მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით სტიქიის მასშტაბი, რომ სტიქიას 26 ჰექტარი ჰქონდა მოცული, ჩვენ ვიცოდით იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა ის პირი, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ და ვთქვით, რომ 16 ადამიანი იყო შოვში მეწყერში მოყოლილი და გადაუდებელ დახმარებას ითხოვდნენ.
ინფორმაციის გავრცელებამდე, რა თქმა უნდა, გვქონდა შსს-თან კომუნიკაცია, ვიკითხეთ, რა ხდებოდა, მაგრამ არაფერი არ იცოდნენ, არც ის უთქვამთ, რომ ზარი შესული იყო.
გადიოდა დრო, ვაახლებდით ინფორმაციას, ვინაიდან ჩვენთან კომუნიკაცია ჰქონდათ მეწყერში მოყოლილ პირებს, გვირეკავდნენ, ტიროდნენ უკვე, რომ 112-დან არაფერი შეღავათი და დახმარება არ ჩანდა. გვთხოვდნენ, თუ შესაძლებლობა გვქონდა, კიდევ გავსულიყავით კონტაქტზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და გვეთხოვა დაუყოვნებლივ დახმარების აღმოჩენა.
ასეთი კომუნიკაცია გვქონდა რამდენიმე თანამდებობის პირთან და ვთხოვეთ, ვუთხარით, რომ ღვარცოფში ბავშვები ლამის ყელამდე იყვნენ უკვე.
სანამ მიფრინდებოდა ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციისთვის, დაახლოებით 3 საათი გავიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია სამინისტროსთან, ვეუბნებოდით, რომ იხრჩობა ხალხი, ცოტა უფრო სწრაფად. გვეუბნებოდნენ, რომ უკვე წასული იყო ვერტმფრენი… ვეკითხებით ხალხს [სტიქიის ზონაში] – „მოვიდა ვერტმფრენი, მოვიდნენ მაშველები?“ – გვეუბნებიან, არა, არავინ არ მოსულა, არც ვერტმფრენს არ გადაუფრენია.
კი, შესაძლოა სამაშველოს ვერ მიეღწია დროულად, მესმის, იმიტომ, რომ ფეხით ტალახში გადაადგილება, მით უმეტეს ახალმოვარდნილ ღვარცოფში, სრულიად შეუძლებელი იყო, მაგრამ ვერტმფრენიც რომ არ გამოჩნდა 3 საათი, ხალხი ჭკუიდან გადავიდა.
ვიყავით უძლურები, ვწერდით, ვაქვეყნებდით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ამ ხმაურით კიდევ მეტი დახმარების მობილიზება მოგვეხდინა ადგილზე მყოფებისთვის, რომ გადარჩენილიყვნენ.
3 საათის შემდეგ გამოჩნდა პირველი ვერტმფრენი და სამაშველო ჯგუფები, თუმცა ეს 16 ადამიანი ვერტმფრენით ვერ ამოიყვანეს. პირველად შემთხვევის ადგილას მივიდნენ სოფელ გლოლის მცხოვრებლები, ეს რაჭის ბოლო დასახლებული სოფელია.
თქვენ როდის მიხვედით ადგილზე?
გამთენიისას, დილის 4 საათზე მივედი მე, ჩვენი თანამშრომელი ადგილზე იყო საღამოს რვის ნახევარზე, ოღონდ იქ მისვლას აზრი არ ჰქონდა. ვერაფერს ვერ ვიზამდით, ხიდი არ იყო, ღვარცოფით იყო მოცული ტერიტორია, ვერტმფრენის გარეშე ფაქტობრივად ვერაფერს გავხდებოდით.
რომ მივედით, უკვე მობილიზებული იყვნენ მაშველები, მაგრამ ვერ გადადიოდნენ. პირველი, ვინც მივიდა ღვარცოფის ადგილზე, იყვნენ სოფელ გლოლის მცხოვრებლები, რომლებმაც ღვარცოფის წამოღებული ხეები ტალახზე დადეს, აქციეს ბილიკად და მერე უკვე მაშველებმაც, რომლებიც ჩამოსვა ვერტმფრენმა, მათთან ერთად იმუშავეს და მიუახლოვდნენ მეწყერში მოყოლილებს.
ეს 16 ადამიანი, ფაქტობრივად, ფეხით გამოიყვანეს ამ მორების გავლით. ფიზიკურად ვერ დაჯდებოდა იქ ვერტმფრენი, ტალახით იყო ყველაფერი მოცული.
როდის დაიწყო შენს მიმართ აგრესია და რატომ დაიწყო? რა არ მოეწონათ შენი შეფასებით?
ჯერ კიდევ არ ვიყავი რაჭაში წასული ოფისიდან, როდესაც რაჭიდან, რამდენიმე ადამიანისგან მივიღე გადამოწმებული ინფორმაცია, რომ სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი. როცა ვრეკავდი შს სამინისტროში და ვეუბნებოდი, რომ 3 მსხვერპლის შესახებ მქონდა ინფორმაცია, არავინ არ ადასტურებდა და მთხოვდნენ ვინაობის თქმას. ვეუბნებოდი – ოფისში ვარ, რანაირად უნდა გითხრათ ვინაობა, ზუსტად ვიცი, რომ 3 ცხედარი ამოიყვანეს, ისიც ვიცი, ვინ ამოიყვანა. არ ადასტურებდნენ.
ზუსტად ამ პერიოდში, ჩემდა გასაკვირად, „რუსთავი 2“-ის და კიდევ რამდენიმე მსხვილი გამოცემის ვებგვერდი, პატარა ვებგვერდებზე აღარ ვამბობ, ავრცელებდნენ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეზე დაყრდნობით, რომ მეწყერში მოყოლილი ყველა ადამიანი ცოცხალია და კონტაქტზე ვართ, მსხვერპლი არ არისო. ამ დროს ვიცი, რომ 3 ადამიანის ცხედარია, მსხვერპლია. 3 ცხედარი გამოიყვანეს მესაზღვრეებმა, რომლებიც ზემოდან ჩამოვიდნენ, ისინი შოვს ზემოთ არიან და ჩამოვიდნენ.
სამინისტრო არ ადასტურებდა, მაგრამ როცა უკვე დარწმუნებით ვიცოდით, გავავრცელეთ ინფორმაცია მსხვერპლზე.
ამის შემდეგ იყო ხმაური, საზოგადოების მაქსიმალური ყურადღება და უკვე განმარტებების და განცხადებების გაკეთება დაიწყეს სახელმწიფო უწყებებმა.
არ მიფიქრია რამ გამოიწვია ეს აგრესია [„მთის ამბების მიმართ]… ოღონდ ეს არ არის მხოლოდ „ოცნების“ აგრესია.
პირველად ეს აგრესია გამოიხატა იმაში, რომ სტიქიის ეპიცენტრში, მეორე დღეს მგონი, ადგილობრივი ჩინოვნიკები მოვიდნენ, მოჰყვნენ თბილისიდან ჩამოსულ მთავრობის, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის იქ იყო შს სამინისტროს სტრატკომის უფროსი, ქეთი კოვზიაშვილი. მან გაბედა და მისაყვედურა ერთ-ერთი ფოტოს გამოქვეყნების გამო და მე ძალიან გამიკვირდა ეს ამბავი, ვუთხარი, რომ მას არ ჰქონდა უფლება ჩემთვის ეს ესაყვედურა. არც ისეთი ურთიერთობა, პირადი ან საქმიანი, არ მაქვს, რომ საკუთარი თავისთვის ამის უფლება მიეცა.
ზუსტად ამ დროს, როცა მან ამაზე საუბარი დაიწყო ხმამაღლა, საჯარო სივრცეში, მოდიან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსი, ამბროლაურის საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“ და მეძახიან შეურაცხმყოფელ სიტყვებს. ამავე დროს მეუბნებიან, რომ თუ წესიერად არ მოვიქცევი, „წყალში გადამაგდებენ“.
მაშინ, როცა ამ შეურაცხყოფას მაყენებდნენ და რაღაცნაირად ვპასუხობდი – ძალიან ფრთხილად და თავშეკავებულად, ჩემ გარშემო იყვნენ დაკარგულების დედები, მამები, ძმები, დები, ოჯახის წევრები და ვცდილობდი ხმა არ ამომეღო, რადგან იქ ამის არც ადგილი იყო, არც დრო.
უმძიმესი სიტუაციაა ადგილზე და მეძახიან – „წყალში გადაგაგდებ“, „ქვეყნის მტერი ხარ“, „შენ ქართველი არა ხარ“ და ასეთებს. რამდენიმეს ვუპასუხე. საკმაოდ დაძაბული ვითარება შეიქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები, სამმართველოს უფროსები იდგნენ, არავინ ამ ხულიგნობის აღსაკვეთად ან სიტუაციის გასანეიტრალებლად არ მოსულა ადგილზე – მე არა, ისინი რომ დაეშოშმინებინათ.
ბოლოს მე გავჩუმდი ისევ, ჭირისუფლების და ისედაც საშინელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გაღიზიანება არ მინდოდა.
ამას მოჰყვა ის, რომ ლენტის იქით არ უშვებდნენ ჟურნალისტებს. მე ამ ტერიტორიას კარგად ვიცნობ, არაერთხელ მაქვს დალაშქრული, ფეხით შემოვლილი და ვიცოდი, როგორ შეიძლებოდა მოვლენების ეპიცენტრში საფეხმავლო ბილიკებით მისვლა, რომ მენახა, რა ხდებოდა ადგილზე, მათ შორის გამომეკვლია, რამ გამოიწვია ეს სტიქია და რამ შეუწყო ასეთ შედეგებს ხელი. ორი დღის განმავლობაში ვახერხებდი სტიქიის ეპიცენტრში შემოვლითი გზებით შესვლას და იქიდან ინფორმაციის გამოტანას. გარდა ამისა, ვიცნობ უამრავ ადამიანს რაჭაში და ამ სოფლებში.
რაც ყველაზე მთავარია, იმ პერიოდში ჩვენ ვიდექით იქ, სადაც დაკარგულის ოჯახის წევრები იყვნენ, აქტიურად შემოდიოდნენ ჩვენთან კომუნიკაციაში და დახმარების თხოვნა იქნებოდა ეს თუ უკმაყოფილების გამოხატვა, ამ ყველაფერზე საუბრობდნენ ჩვენთან, რამაც გამოიწვია ის, რომ ამ გაშუქებას, მიზეზების კვლევას, რომ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ, დიდი ალბათობით, მაინც ხელისუფლების უპასუხისმგებლობისკენ მიგვითითებს, იმიტომ, რომ დადასტურდა, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემა დამონტაჟებული არ ყოფილა და ამის გაკეთება შეეძლოთ.
შეეძლოთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 9 წლის წინ გამოქვეყნებულ ბიულეტენში, როგორც გუშინ „მწვანე ალტერნატივამაც“ დაადასტურა, წერდნენ, რომ მაღალი რისკის საშიშროების ზონა იყო შოვი, ოღონდ ამ 9 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა.
ამ ყველაფერზე აქცენტის გაკეთებამ, რომ მხოლოდ ბუნებრივი კატასტროფა არ ყოფილა, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო, როგორც პირველი პირები ამბობენ, გამოიწვია ის აგრესია ჩვენ მიმართ, რაც დაიწყეს და რასაც ახლაც აგრძელებენ.
იმდენად ორგანიზებულია ეს, რომ ამაში ჩართული არიან: „ოცნება“, „ხალხის ძალა“, „ალტ-ინფო“, თვითმმართველობები, სამინისტროები, ყველა დონეზე „ოცნებასთან“ დაკავშირებული და აფილირებული გვერდები… ყველა ძალით გვიტევენ და ასევე ვიცით, დავალება აქვთ მიღებული, რომ ჩვენ და განსაკუთრებით მე, არ უნდა შეგვიშვან სტიქიის ზონაში.
იყო კიდეც ასეთი შემთხვევა. გუშინ, როცა ყველა ჟურნალისტი შიგნით იყო შესული და ჩვენ ცოტა გვიან მივედით, რადგან სხვა ადგილასაც ვეძებდით მტკიცებულებებს, მე მთელი ერთი საათის განმავლობაში არ მიშვებდნენ სტიქიის ზონაში, ვიდრე ხმაურის ატეხა არ მომიხდა. ახლა მთელი მედია გამოიყვანეს გარეთ, რომ აღარ მივუთითო, რომ თუ ისინი არიან, მე რა უფლებით არ მიშვებენ.
ვნახეთ შალვა პაპუაშვილის კომენტარი ფეისბუქზე, მას მონიშნული აქვს „მთის ამბები“ და მოგიწოდებთ მასალის წაშლისკენ. პარლამენტის თავმჯდომარის ამ პოსტის შემდეგ ხომ არ ყოფილა ღია აგრესია, ან „წავაშლევინოთ“ – მცდელობა?
რა თქმა უნდა, ადგილობრივი ჩინოვნიკების დონეზე არ დარჩნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ თავის თავს უფლება მისცა მოეწოდებინა, რომ სტატუსი [საუბარია გამოცემა „მთის ამბების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს აღწერაზე] წაგვეშალა. ვფიქრობ, ამით სარედაქციო საქმიანობაში ჩარევა სცადა, რისი უფლებაც არ აქვს და ამის განმარტებაც რომ მიწევს, ესეც უხერხულია.
არაფერი არ წაგვიშლია, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველაფერი ეთიკური სტანდარტების აბსოლუტური დაცვით და პროფესიულად გვაქვს გაკეთებული – ეს ერთი. მეორე – პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არ არის მხოლოდ, „იმედის“ ეთერში [ირაკლი] კობახიძემ, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერია, „არაკაცი“ მიწოდა და გარდა ამისა, პარლამენტის კიდევ არაერთი წევრი საშინელ შეურაცხყოფას გვაყენებს თავის გვერდებზე, მედიაში და ა.შ.
ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა ვერ წარმოიდგენს ამ 2-3 დღის განმავლობაში რას ვუძლებთ. აგრესია, თავდასხმა, შეურაცხყოფა, მუქარები… აღარ ვკითხულობთ უკვე იმიტომ, რომ მთელი ყურადღება გვაქვს ახლა იმაზე, რომ გავაშუქოთ ეს ამბები, მიზეზები გამოვიკვლიოთ, ვინმეს თუ რამეში დახმარება სჭირდება – დავეხმაროთ, მაგრამ მაინც ძალიან ძნელია ამასთან გამკლავება, რადგან ეს არა მხოლოდ მედიების და საჯარო ტრიბუნების გამოყენებით ხდება, არამედ ადგილზე იმხელა აგრესიაა ჩვენს მიმართ, ლამის იწევენ ფიზიკურად.
არ მომხდარა ეს საბედნიეროდ, მაგრამ ვგრძნობთ ამ აგრესიას და ზიზღს. მხოლოდ პაპუაშვილის და კობახიძის განცხადებების შემდეგ დაიწყო ჩვენ მიმართ ასეთი სიძულვილის ნიაღვარი, რომელიც პიკზეა მისული და რა დროს გადაიზრდება რამე ცუდ ამბავში, არ ვიცით.
ამიტომ მაქსიმალურად თავშეკავებულები ვართ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაზე მძიმე შეურაცხყოფას და მუქარასაც არ ვუპასუხოთ და არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს.
რამდენად გრძნობთ თავს უსაფრთხოდ?
აბსოლუტურად არ ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მუშაობას შევწყვეტთ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა).
სააგენტოს ცნობით, ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37, 39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 39, 41◦C-ს მიაღწიოს.
ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 33, 38◦C, მაღალმთაში 28, 33◦C მდე მოიმატებს.
სააგენტო წერს, რომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, სამაშველო სამსახური შოვში ძებნის არეალს აფართოებს. ამის შესახებ მან დღეს, 7 აგვისტოს, ჟურნალისტებთან თქვა.
„რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს, დღეს ვაფართოებთ არეალს, ამ წუთებში მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა კონკრეტულ ლოკაციებზე საძიებო სამუშაოები.
ამ დილით გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იქნა ნაპოვნი, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს და ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება“ – თქვა მღებრიშვილმა
მისივე თქმით, დღეს, გზა ბოლომდე იქნება შეყვანილი შოვში, ე.წ. კალცის წყლების მიმართულებით და იქაც „აქტიური ფრონტი გაიხსნება საძიებო სამუშაოების“.
მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შოვში სტიქიის განვითარებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, „თუმცა ეს მუხლები შეიძლება გადაკვალიფიცირდეს გამოძიების მსვლელობისას“ – დასძინა მან.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეხუთე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან, გიორგი ყარალაშვილი, სამირა ისაევა, ლუკა დუდაშვილი, დავით ბერიაშვილი გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველები 17 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 250 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540]
ტანკი – 4 244 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 8 270 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 4 977 ერთეული [+12]
MLRS – 709 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 467 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 154 ერთეული [+28]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 377 ერთეული [+18]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 7 451 ერთეული [+10]
სპეცტექნიკა – 735 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
458 თვითმფრინავი
245 ვერტმფრენი
5 548 უპილოტო საფრენი აპარატი
428 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 165 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 143 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 787 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
12 116 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 2023 წლის 8 აგვისტოს 00:00 საათიდან დილის 6 საათამდე, ავტობანის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი ჩაიკეტება. ავტოტრანსპორტი ჯაპანა-ლანჩხუთის „ძველი“ გზით იმოძრავებს.
„დროის აღნიშნულ პერიოდში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) საავტომობილო გზიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯაპანა (კმ15)- ლანჩხუთის (კმ31) მონაკვეთზე“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტობანის დროებით ჩაკეტვის მიზეზი „ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე (კმ75 პკ4-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის შეკეთების სამუშაოებია“.
შოვში, სტიქიის ზონაში, დღეს 6 აგვისტოს, კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის [17:00 სთ] შოვში დაღუპულთა რაოდენობა არის 18, ოფიციალური ინფორმაციით, მაშველები სტიქიის ზონაში 17 ადამიანს ეძებენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის არასრულწლოვანებიც არიან.
სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023 / თავდაცვის სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის ფოტოებისტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023 / თავდაცვის სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის ფოტოები
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 აგვისტოს 21 საათიდან 7 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 30 – 35 გრადუსი სითბო
ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა: 1-2 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 8 და 9 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 249 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
ტანკი – 4 237 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 8 262 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 4 965 ერთეული [+22]
MLRS – 705 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 466 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 126 ერთეული [+10]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 359 ერთეული [+12]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 7 441 ერთეული [+19]
სპეცტექნიკა – 734 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
458 თვითმფრინავი
245 ვერტმფრენი
5 534 უპილოტო საფრენი აპარატი
428 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 143 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 143 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 778 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
12 098 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
შოვში განვითარებული მეწყერის დროს, რუსეთის მოქალაქე, ქსენია ტრიჩევა დაიღუპა, რომელიც პერმიდან იყო.
მისი ცხედარი პროზექტურაში ერთ-ერთმა მეგობარმა ამოიცნო.
ინფორმაციას ერთ-ერთ რუსულ სააგენტოზე დაყრდნობით „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
5 აგვისტოს ოფიციალური მონაცემებით, შოვში განვითარებული მეწყერის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. აქედან 5 ადამიანის ცხედარი დღეს, 5 აგვისტოს იპოვეს მაშველებმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედრები ნანახია ერთი და იგივე კოტეჯის ლოკაციაზე.
იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი.
20-ზე მეტი ადამიანი ისევ დაკარგულია, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში განვითარდა.
შოვში, მეწყერის განვითარების დღეს, 18 წლის სამირა ისაევაც იმყოფებოდა სამ მეზობელთან ერთად.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამირა კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა.
„ბათუმელები“ სამირას ოჯახის წევრებს, მის ძმას და ბიძაშვილს ესაუბრა, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
„არ არის ეს ინფორმაცია სწორი, თითქოს სამირა თავის მასწავლებელს დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. კავშირის საშუალება რომ ჰქონოდა, პირველ რიგში დედაჩემს ან მამაჩემს დაურეკავდა. მასწავლებლებს ყველას დავურეკე და არავის არ შეხმიანებია, როგორც მითხრეს“-ამბობს ისკანდერ ისაევი.
მისი თქმით, სამირა ისაევა შოვში 25 ივლისის შემდეგ იმყოფებოდა დასასვენებლად, 2 აგვისტოს შემდეგ კი მასთან კომუნიკაცია ოჯახს აღარ ჰქონია.
„ბოლოს 2 აგვისტოს ვესაუბრეთ. მამისონში ჰქონდათ კოტეჯები ნაქირავები, ვიდეოთვალით ველაპარაკებოდი და დაგვათვალიერებინა იქაურობა, აქ ვრჩებითო, მითხრა. ორი კვირით იყვნენ წასული და შემდეგ ბათუმში აპირებდნენ წასვლას.
2 აგვისტოს შემდეგ კი ვეღარ ვუკავშირდებით.
ჩემს დასთან ერთად იყვნენ ჩემი მეზობლები. სულ ოთხნი იყვნენ წასული და ვერცერთს ვერ ვუკავშირდებით“-გვეუბნება სამირას ძმა, ისკანდერ ისაევი.
„ბათუმელები“ სამირა ისაევას ბიძაშვილსაც ესაუბრა.
„ვიღაცამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მის მასწავლებელს დაურეკა. არ გამოსულა სამირა კონტაქტზე. მასთან ერთად იყვნენ მისი მეზობლები 4 წლის ბავშვით, რომლებიც ასევე არ არიან კონტაქტზე“-გვეუბნება მუსტაფა გუმბატოვი.
რაჭაში, კერძოდ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს განვითარდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, 25-მდე ადამიანი კი იძებნება.
სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს შოვში.
შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი, რომელიც მეწყრის შემდეგ მისი ოჯახის ცხრა წევრს ამ დრომდე ეძებს, „მთის ამბების“ პირდაპირ ჩართვაში ამბობს, რომ შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის აშორება, ყოველწლიურად მთის და მდინარეების მდგომარეობაზე დაკვირვება და შესწავლა რომ ხდებოდეს და დამონტაჟებული იყოს წინასწარი შეტყობინების სისტემები.
მისი თქმით, 2020 წელს, შოვში, იმავე ადგილზე და დაახლოებით იგივე დროს ჩამოწვა მეწყერი, თუმცა მაშინ მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„ამ სამი წლის განმავლობაში უსაფრთხოების ასამაღლებლად არანაირი ზომები არ მიუღია სახელმწიფოს.
2020 წელს ამ ადგილზე ჩამოწვა მეწყერი, მაშინ მარტო კოტეჯები წაიღო, თუმცა მაშინაც ძლივს გადავრჩით. ჩვენი სასადილო და კიდევ ერთი კოტეჯი შემაღლებულ ადგილზე იყო და მე ვფიქრობ, ჩემები ახლაც მანდ გაჩერდნენ, იმიტომ, რომ არ ეგონათ ალბათ, ასეთი მასშტაბის მეწყერი“ – ამბობს მარიტა გუტაშვილი „მთის ამბებთან“.
მისი თქმით, ამ ამბების შემდეგ აქ მხოლოდ ჯებირები გააკეთეს, რაც საკმარისი არ არის უსაფრთხოებისთვის.
„ყველამ ვიცით, რამხელა თოვლი მოდის შოვში, ყველამ ვიცით, რომ ყველა გაზაფხულზე უნდა ახვიდე და ის ტერიტორია, საიდანაც ასეთი შემთხვევა მოხდა, შეამოწმო თავიდან. იქნებ კიდევ გუბდება რაღაც.
გაუშვი კომპეტენტური ადამიანები, ბიძაშვილები და მამიდაშვილები კი არა, ვერაფერს რომ ვერ იგებენ, სპეციალისტები, ვინც შეისწავლის რა ხდება, რომ ვიცოდეთ, შესაძლებელია თუ არა ვთქვათ იმ წელს კოტეჯებში დარჩენა.
როგორც ჩანს, ამ სამი წლის მანძილზე რაღაც დაგროვდა, ამიტომ უნდა გამოკვლეულიყო ეს ტერიტორია. ხომ შეიძლება ყოველწლიურად მოხდეს ამის შესწავლა, რომ ასეთი მსხვერპლი არ იყოს და ასე არ ჩაგვეხოცოს ხალხი.
მეც ავდივარ მდინარის სათავეებში, მაგრამ არ მაქვს ამდენი კომპეტენცია, გარედან ვერაფერს ვატყობ, თვალით ვერ შეამჩნევ.
ჯინჭვისშიც თუ ასეთი რაღაც მოხდა და ღვარცოფების საშიშროება იყო, უნდა შეემოწმებინათ“ – ამბობს მარიტა გუტაშვილი.
მარიტა დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოებზეც საუბრობს.
„ყველაფერი ლაფშია და ლაფი არსად ტოვებს ჰაერს. შესაბამისად, ნუ მაიმედებთ, უბრალოდ მიხედეთ საქმეს, რომ დახოცილი ადამიანები მაინც ამოიყვანოთ, ისეთი დასახიჩრებულები მაინც არა, როგორც ეს ფოტოზე ვნახე“- მიმართავს ის ხელისუფლებას.
მარიტას თქმით, ადგილზე არც სასწრაფო დახმარების მანქანა იმყოფება, რომელიც გამწარებულ ადამიანებს დაეხმარება.
„დედაჩემმა რამდენჯერმე დაკარგა გონება და თავის მოკვლაც კი სცადა. სასწრაფო ვერ ვიპოვეთ ახლოს, რომ დაგვხმარებოდა. ცხრა ადამიანი აღარ გვყავს, ჩვენთვის ცალკე უნდა იყოს სასწრაფო გამოყოფილი, რომ ჩვენც არ დავიხოცოთ, გადარჩენილები.
ნახევარი საათი ველოდე სასწრაფოს და იცით რა მითხრეს? თბილისიდან უნდა გადმოგვცენ, რომ მოვიდეთ თქვენთანო. თბილისს ველოდოთ ხალხო, როცა აქ ეს ამბები ხდება?
არც იმაზე გვაწვდიან ინფორმაციას, რამდენი ამოიყვანეს და რა ადგილებიდან. ვითომ მამშვიდებენ… რაღას მამშვიდებთ ხალხო, ჩემი ოჯახი აღარ არის“ – ამბობს მარიტა გუტაშვილი.
მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ პოლიცია ადგილობრივებს არ აძლევს შესაძლებლობას ღამის დრონებით ეძებონ დაკარგული ადამიანები.
„მათ არ აქვთ დრონები და არც ჩვენს ბიჭებს აძლევენ შესაძლებლობას, რომ შევიდნენ ტერიტორიაზე. ისინი, ვინც კარგად იცის ეს ადგილები.
მეც კი ვერ ვიცანი ის ადგილი, როცა გადავხედე თვითმფრინავიდან, ხეც კი აღარ დგას, რომ ზემოდან დავხედო და მივხვდე სად რა არის.
ვერტმფრენი პირველად მიფრინდა „სანსეტ შოვში“. ვფიქრობ, პირველივე დღეს უნდა დაწყებულიყო დამეწყრილი ადგილების დათვალიერება, რომ მეწყერში მოყოლილი ადამიანების სწრაფად პოვნა და ამოყვანა ყოფილიყო შესაძლებელი.
15:10 საათზე მოხდა მეწყერი და რატომ არ დაიწყეს ცხელი წერტილიდან ძებნა? იქნებ ვიღაცას ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვერ ამოდიოდა, იქნებ ვიღაც მობობღავდა ტალახიდან, იქნებ ვიღაცას შველა უნდოდა…
გუშინ მანახეს ფოტოები, ვერ გაიგებ რომ ადამიანია. როგორ უნდა ამოვიცნო მანდ ჩემი და? გაყინულია ლაფი უკვე, გადარჩება ვინმე აქ? მე არ მაქვს იმედი, რომ ვინმემ გაასწროს“ – ამბობს მარიტა გუტაშვილი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს განვითარდა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა 11 ცხედარი იპოვეს დამეწყრილი ტერიტორიაზე. 25-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება ამ დროისთვის.
დღეს, 5 აგვისტოს კიდევ ერთი, ზაზა მესხის მეუღლის ცხედარი იპოვეს მაშველებმა, რომელიც მეწყერის შემდეგ იძებნებოდა. დაღუპული, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა შოვის ტერიტორიაზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 249 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
ტანკი – 4 232 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 8 251 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 4 943 ერთეული [+32]
MLRS – 704 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 466 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 116 ერთეული [+12]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 7 422 ერთეული [+30]
სპეცტექნიკა – 730 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
458 თვითმფრინავი
245 ვერტმფრენი
5 518 უპილოტო საფრენი აპარატი
428 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 142 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 768 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
12 071 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ლურჯმაისურიანი ბიჭი, ზურგზე ბავშვით, მუხლამდე ტალახში ჩაფლული – ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფოტო, რომელიც 3 აგვისტოს, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შესახებ გამოცემა “მთის ამბებმა” გაავრცელა.
ლურჯმაისურიანი ბიჭი ფოტოზე ამბროლაურელი დავით ჯელაძეა, რომელსაც ზურგზე თავისი მცირეწლოვანი დისშვილი ჰყავს შესმული. ისინი ერთად ებრძოდნენ მოვარდნილ მეწყერს და გადარჩნენ.
„ბათუმელები“ დავით ჯელაძეს ესაუბრა. მან დეტალურად გაიხსენა სტიქიის დღე.
„ჩვენ რაჭაში ვცხოვრობთ, მაგრამ შოვიდან საკმაოდ შორს ვართ. რაჭა შეიძლება პატარა ჩანდეს, მაგრამ არაა პატარა. ჩემი სახლი ამბროლაურშია, სოფელ ურავში. შოვი ონის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ჩემი დისშვილები არ იყვნენ ნამყოფი შოვში. ყველა ერთად ვიყავით ამ ზაფხულს. მეთქი – წავიდეთ, ვნახოთ შოვი და ფოტოები გადავიღოთ. კარგიო, მეტი რა უნდოდათ ბავშვებს.
პატარები არიან – 11 წლის, 6 წლის, 4 წლის და 3 წლის. წავედით სახლიდან. მაგარი ამინდი იყო, მზე, სიცხე. წავედით, ავედით შოვში.
შოვში გავერთეთ, ვიცეკვეთ, მუსიკას მოვუსმინეთ, ტიკტოკი გადაიღეს ბავშვებმა. მალევე გადავწყვიტეთ უკან წამოსვლა. ორი მანქანით ვიყავით. ნოდოს – ჩემი სიძის მანქანით და ჩემი მანქანით. მალევე მოსწყინდათ ბავშვებს და მოდი ახლა სხვაგან გადავიღოთ ფოტოები, ცოტა ქვემოთ ჩავიდეთო. წამოვედით იქიდან. სანამ კოტეჯებამდე მოხვალ, მანამდე არის მინერალური წყალი, გზის ქვედა მხარეს. მოდი ჩავიდეთ აქ და გავასინჯოთ ბავშვებს წყალი-მეთქი.
ჩავედით, გავსინჯეთ წყლები, მოეწონათ ბავშვებს და წამოვედით.
წინ იყო ჩემი სიძე – მანქანა დაქოქა და ავიდა ეგრევე ხიდზე. ზემოდან მიძახის, რომ ჩქარა-ჩქარა წამოდიო. მე ვერ გავიგე – მეთქი, რატომ მეძახის ასე. კაი, დაგეწევით-თქო. მალე, მალე, მალეო – მეძახდა ესე. მეთქი რა ხდება. ხიდზე ავედი და დავინახე უშველებელი ზვავი მოდის.
უშველებელი მეწყერი, საშინელება. შავი მასა მოდის, ტალღებად. წინა მხარეს ყველაფერი ჩაკეტილი იყო საერთოდ, სახლისკენ მომავალი გზა. მერე გადავწყვიტეთ ისევ უკან დავბრუნებულიყავით, ცოტა მაღალზე ავსულიყავით. ეს რომ გავიფიქრეთ, ეგრევე უკან წამოვიდა მთელი ეს მიწის მასა.
ჩავიდა იქ, სადაც მანამდე ვიყავით – მჟავე წყლებთან. იქ ხალხმა ძალიან გვიან გაიგო. იმიტომ, რომ არ ისმოდა ხმა. საერთოდ რა ხდებოდა ზემოთ, ვერ ხვდებოდნენ.
ადგილობრივი ვინც იყო და მიხვდა, ისინი შევარდნენ ტყეში. ვინც დამსვენებელი იყო, ტურისტი – ვერ მიხვდნენ რა მოხდა. ჩვენ ზემოთ, ხიდზე რომ ვიყავით, ვხედავდით ყველაფერს.
რამდენიმე ადამიანი ჩემს თვალწინ წაიღო მეწყერმა. ზოგმა შეასწრო ტყეში შევარდნა, პანიკა იყო საშინელი.
გასასვლელი არსად იყო. ეს მასა უფრო და უფრო იზრდებოდა. ვიდექით ხიდზე, ყველაზე საშიშ ადგილას. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა წაეღო ეს ხიდი.
გადმოვედით მანქანიდან. გადმოსვლა მოვასწარით, ბავშვებიც, ყველა გადმოვედით. უკვე გარეთ ვიყავით, როდესაც გაისმა საშინელი ხმა.
ავიხედე და ზემოდან მოდიოდა მიწის ტალღა – ერთმეტრიანი ალბათ. ერთმეტრიანი მიწის ტალღა მოდის, გვიახლოვდება და ჩვენ ვერ ვინძრევით. დაეჯახა ამ ხიდს, ეს ხიდი ცოტა შემაღლებულ ადგილას იდგა და ვერაფერი ვერ უქნა ამ დარტყმამ. უბრალოდ შეგვარყია. მერე დავინახე მეორე ტალღაც მოდიოდა და ნოდოს, ჩემს სიძეს დავუძახე – გამოიქეცი, ხიდი დავტოვოთ, თორემ უეჭველი წაგვიღებს მეთქი. მანქანის კარები მიხურა და გამოიქცა თუ არა ეგ მეორე ტალღაც დაეჯახა ხიდს და ეგრევე მოწყვიტა. გადაყარა ხიდიდან ის ორი მანქანა, რითაც ჩვენ ვიყავით, ასევე კიდევ ორი სხვა მანქანა იყო. გზის ქვედა მხარეს გადაყარა.
ერთი მანქანიდან მოასწრეს გადმოსვლა, მეორე მანქანაში გოგო და ბიჭი იყო. ისინი ვერ გადმოვიდნენ. პანიკაში ჩავარდნენ.
ჩვენ ყველა მხრიდან აღმოვჩნდით მეწყერში და 4 საათი ვერ გამოვედით. ორჯერ დაგვარტყა მეწყრის დიდმა მასამ მე და ჩემს დისშვილს, მაგრამ გადავრჩით.
შუა მეწყერში მოვყევით და ბევრი ვიბრძოლეთ იქიდან გამოსასვლელად.
ტალღა ხომ იცით? ტალღასავით მოდიოდა მიწის მასა ჩვენს ზემოთ, მთიდან. ალბათ ნახევარ-მეტრიანი ან მეტრიანი ტალღა იყო. ზურგში დამეჯახა.
ბავშვებს ძალიან შეეშინდათ, მაგრამ მეტი გზა არ იყო. გადარჩენისთვის ვიბრძოდით. ძალიან ცუდ დღეში ვიყავით ყველა, ბავშვებიც და დიდებიც.
დავიღალეთ მერე ბრძოლისგან და აღარ შეგვეძლო აღარაფერი, ვეღარ ვმოძრაობდით. ველოდებოდით მაშველებს, როდის მოვიდოდნენ.
იმ ადგილას, სულ 15 ადამიანი ვიყავით ერთად. აქედან 10 ვიყავით ერთი ოჯახის წევრები.
ტელეფონები არ გაგვიშვია ხელიდან, ხელში გვეჭირა და ისე ვმოძრაობდით, რომ ვინმესთვის დაგვერეკა.
მერე ვერტმფრენიც მოვიდა, მაშველებიც, ოღონდ ცოტა მოგვიანებით და გადავრჩით.
მაშველები ამოვიდნენ და დამხმარე ხალხი, ბიჭები სოფელ გლოლიდან და ისინი შემოვიდნენ ჩვენამდე. ვერტმფრენი სადაც დაჯდა, მაქიდან ჩვენამდე დალეწილი კოტეჯის ფიცრები დაალაგეს, ის აღარ იძირებოდა და ასე ვმოძრაობდით.
გადავრჩით“.
________________________
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეორე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლო ოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 11 ადამიანი, 25 ადამიანს კვლავ ეძებენ.
ამასთანავე, შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოყვანილია დაახლოებით 210 ადამიანი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მთავარი ფოტო: დავით ჯელაძე დისშვილთან და სხვა გადარჩენილებთან ერთად. ფოტოს ავტორი: ლანა ჯელაძე
ბათუმში, ფიროსმანის ქ. N18-с-ში ქალისა და მამაკაცის სამედიცინო ცენტრი „მედფემი“ გაიხნა.
„მედფემის“ პრიორიტეტს ხარისხიანი სამედიცინო სერვისის კომფორტულ გარემოში მიწოდება წარმოადგენს. ამ მიზნით მრავალპროფილური ამბულატორიული კლინიკა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნა. აქ მოსულ პაციენტს დახვდება, პროფესიონალთა გუნდი, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, უახლესი სამედიცინო აპარატურა, თანამედროვე ინტერიერი და მყუდრო გარემო.
„ჩვენ შევქმენით ისეთი სამედიცინო ცენტრი სადაც პაციენტს შესაძლებლობა ექნება მისთვის საჭირო მომსახურება კლინიკისთვის არატიპიურ გარემოში მიიღოს. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი გარკვეულ სტრესს უკავშირდება, გვინდა ჩვენთან მოსული ადამიანი ყოველმხრივ კმაყოფილი იყოს. „მედფემი“ აღვჭურვეთ უახლესი სამედიცინო აპარატურით, აღნიშნულ საკითხში საქართველოში სამედიცინო პროდუქტებისა და სერვისების მომწოდებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „4Hospitals-ი დაგვეხმარა. ჩვენთან მოსულ პაციენტს დახვდება გამოცდილი და პროფესიონალი ექიმები. ჩვენ ასევე შევქმენით სერვისები მოზარდებისთვის, სრული ადაპტირება მოვახდინეთ როგორც შენობის, ისე სამედიცინო აპარატურის“, – აცხადებს კლინიკის დამფუძნებელი და დირექტორი, ლელა ბიბილეიშვილი.
კლინიკაში ხელმისაწვდომია გინეკოლოგიური, რეპროდუქტოლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, თერაპიული, გასტროენტეროლოგიური, დერმატო-ვენეროლოგიური და პლასტიკური ქირურგიული სერვისები. ასევე, ფსიქოლოგია-ფსიქოთერაპია, მოზარდთა გინეკოლოგია, ესთეტიური გინეკოლოგია, ულტრასონოგრაფია, გასტროსკოპია, კოლპოსკოპია, საოფისე ჰისტეროსკოპია, კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია და სხვა.
„მედფემი“ არის კლინიკა, სადაც დიაგნოსტიკის შემდგომ მკურნალობის მეთოდის არჩევა მოხდება თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით. სამედიცინო ცენტრი დაკომპლექტებულია რეგიონში მოღვაწე და მოწვეული წამყვანი სპეციალისტებით.
„მედფემისთვის“ ერთ-ერთ მთავარ ხაზს წარმოადგენს დიაგნოსტიკური კვლევები (ლაბორატორიული, ინსტრუმენტული). კლინიკაში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ბრენდების უახლესი აპარატურა: ულტრასონოგრაფი – LOGIQ E9 XDclear, გასტროსკოპი – SonoScape HD 500, კოლპოსკოპი – Colposcope DYSIS. აღნიშნული ტექნიკის მაღალი გამოსახულება/ვიზუალიზაციის შესაძლებლობა უზრუნველყოფს დაავადების დროულ დიაგნოსტიკას და გამოვლენას. „მედფემის“ კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სანდოობის მაღალ ხარისხს განსაზღვრავს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ბოლო თაობის ანალიზატორები, გამოკვლევების სრული ავტომატიზაცია, კომპიუტერული მართვა, შიდა და გარე სისტემის კონტროლი.
სამედიცინო ცენტრის შენობა და ტექნიკა სრულად ადაპტირებულია და კარნახობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს და მოთხოვნებს. კლინიკის ყველა აპარატურა აღჭურვილია სპეციალური ტექნიკური დანამატებით, რათა უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იყოს შშმ პირთათვის სამედიცინო მომსახურება. შენობას აქვს გარე და შიდა გამოყენების ლიფტი, პანდუსი და სპეციალური სველი წერტილები.
კლინიკისათვის პრიორიტეტია მოზარდთა ჯანმრთელობა. ამ მიზნით „მედფემის“ გუნდმა შექმნა ისეთი სისტემა, სადაც მოზარდს შესაძლებლობა ექნება მიიღოს გინეკოლოგის, დერმატოლოგის, ფსიქოლოგის კონსულტაცია და მის ასაკზე მორგებული სხვა სამედიცინო სერვისები.
კლინიკა „მედფემი“ ჯანმრთელი მომავლის საწინდარი!
კლინიკა პაციენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ემსახურება .
„სავარაუდოდ, ეს არის დაგროვებული მასა. როგორც თქვენ, მეც კადრები ვნახე, ადგილზე არ ვყოფილვარ. ამხელა მასა უცებ არ წამოვა. დაახლოებით 3 მილიონ კუბურ მეტრზეა საუბარი. მაშინ მთლიანად უნდა დაიშალოს ყველაფერი. არც მიწისძვრა ყოფილა. ეს იყო დაგროვებული მეწყერი, რომელმაც ზღვარი გადალახა. მასის მოწოლას ვეღარ გაუძლეს ფერდებმა“, – ასე განმარტავს გეოლოგი ტარიელ ტუსკია რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის მასშტაბის მიზეზებს.
„ბათუმელები“ გეოლოგს 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარ სტიქიაზე ესაუბრა.
ბატონო ტარიელ, თქვენი შეფასებით, რა მოხდა შოვში, ეს მხოლოდ სტიქიაა, თუ არსებობს გარემოებები, რამაც ასეთი მასშტაბი განაპირობა? ასევე, მაინტერესებს, ეს კონკრეტული მთა მონიშნული იყო, როგორც მეწყერსაშიში ზონა?
კადრების მიხედვით, რაც ხიდის ქვემოთ ვნახე, დიახ, მართალია, გაატყავებდა წყლის ამხელა მასა ხეებს, მაგრამ არცერთს არ ჰქონდა მერქანი. ვფიქრობ, ეს არის დაგროვებული მასა, რომელიც მეორედ და მესამედ გააქტიურდა. მე, პირადად, ასეთი აზრი გამიჩნდა, რომ ეს იყო ნაგროვები მასა.
ამხელა მასა ასე უცებ ვერ წამოვა. მაშინ მთლიანად უნდა დაიშალოს ყველაფერი, არც მიწისძვრა ყოფილა. ეს იყო ნაწილ-ნაწილ წამოსული მეწყერი, რომელმაც უკვე ზღვარი გადალახა. ამხელა მასის მოწოლას ვეღარ გაუძლეს ფერდებმა.
ეს ჩემი შეფასებაა, მხოლოდ კადრების მიხედვით რაც ვნახე. ადგილზე არ ვყოფილვარ.
თუ ეს მართლაც ასე იყო, შესამჩნევი არ უნდა ყოფილიყო ვინმესთვის? გუშინ მოვისმინეთ, რომ ადგილობრივებსაც უჩვეულოდ მოეჩვენათ მდინარის გააქტიურება წინა დღეებში.
ვერ გეტყვით, სხვაგვარად ამხელა მასის ერთად წამოსვლა რთულად წარმოსადგენია. მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ გაწყლოვნებული იყო ყველაფერი. ისიც ითქვა, რომ მანდ ძველი მყინვარი ყოფილა და ის გააქტიურდა. ამ ანალიზს ვაკეთებ კადრებზე დაყრდნობით, როგორც სპეციალისტი.
როდესაც მოხდა [მეწყერი] სხალთაში, ფერდი დაემხო მთლიანად. ახლაც სხალთის ვარიანტია, მაგრამ გავრცელება იყო პატარა. მაშინ მდინარე აჭარისწყალი ჩაკეტა. აქ ტრანზიტული მანძილია ძალიან დიდი, დაახლოებით 4-5 კილომეტრზე მეტიც შეიძლება იყოს, საიდანაც დაიძრა. შეიძლება ავიდე მეც ადგილზე და ვნახო.
როგორ ხდება მონიშნული ადგილების მონიტორინგი?
მსგავსი საშიში უბნები ჩვენთანაც არის, აჭარაში, მაგრამ სტაბილურია. როდის გააქტიურდება, ამას მონიტორინგი სჭირდება. ანუ, დაკვირვება, კვლევების ჩატარება, მაგრამ რა ვიცი, დღეს ისეთი სიტუაციაა, ეს ნაკლებად ხდება.
დაგვიკონკრეტეთ, ამბობთ, რომ არ მიმდინარეობს მონიტორინგი?
არ მიმდინარეობს. დასახლებულ უბნებზე მიმდინარეობს, მაგრამ ეს დაუსახლებელი ტერიტორია იყო. შოვიდან კი არ დაწყებულა მეწყერი, შოვში მოვიდა მთიდან და იმ ფერდობებიდან, სადაც იყო ეს მასა დაგროვებული და შემდეგ უცებ ერთდროულად წამოვიდა. ამბობენ, წვიმაც დაემატაო.
ჩვენ ღორჯომის ხეობაში გვქონდა ასეთი უბანი ადრე და დღეს სტაბილურია. მიკვირდა, როგორ გაჩერდა-მეთქი, მაგრამ ბუნება ასეთია, სტაბილური ხდება ერთი უბანი, მეორეზე გადადის. ბევრი გვაქვს ასეთი უბანი, ეს ცოცხალი არსებაა, ეროზია მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ მათი მარაგია დასაზუსტებელი. თუ იქ ადგილობრივმა არ გაიარა, სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, რომ გაუშვას ყოველდღე გეოლოგი, შემოიაროს, დააკვირდეს. წესით, მონიტორინგი ამას ნიშნავს.
მესმის, რომ არ გვყავს ამდენი სპეციალისტი, მაგრამ აქტიურ ადგილებს ეტაპობრივად არ ამოწმებენ? გვითხარით უფრო დაზუსტებით.
წარმოგიდგენიათ, რამხელა მასაა? – 3 მილიონი კუბური მეტრი. როცა დაითვლება საბოლოოდ, შეიძლება 5 მილიონიც იყოს. როცა შეფასდება, შემდეგ დაიდება რეალური შეფასება, შეიძლება 8 მილიონზეც ავიდეს. შოვი აღარ არისო. იქ ველაპარაკე და უწერაშიც ველაპარაკე. ფაქტობრივად, აღარაფერი არისო.
შემთხვევით რომ მომხდარიყო მცოდნე ადამიანი იქ და ენახა ეს დაგროვებული მასა, პრევენცია შესაძლებელი იყო?
მასეთ ადგილებზე დადიან ალპინისტები, მეტყევეები ან რეინჯერები. მეტყევეებს უნდა აეტეხათ ალბათ განგაში, რომ ტყე ჩაინგრა, ჩაიშალა, ჩამოსკდა. სხვანაირად აქედან როგორ განსაზღვრავ, თუ არ მოიარე? ვიღაცამ უნდა გითხრას, რომ ჩამოსკდა, ჩაიშალა, ან მდინარის გამტარუნარიანობა შემცირდა.
კონტროლის როგორი სისტემა გვაქვს, ვინმეს, თუნდაც რეინჯერს აქვს ინფორმაცია, დატრენინგებულია შესაბამისად, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რაზე უნდა მოითხოვოს რეაგირება, ატეხოს განგაში?
უნდა შეატყობინოს შესაბამის სამსახურს, ჯერ თავის სამსახურს, რომ აქ ტყის მასა ჩამოიშალა, ღელე გადაკეტა და ასე შემდეგ… სამთავრობო სტრუქტურები ერთვება შემდეგ. ასე ჩემს ნებაზე არ არის. ვიღაცამ უნდა ატეხოს განგაში, რომ რაღაც ისე არ არის, ნაპრალები გაჩნდა, ბზარებია… ამის გაკეთება გლეხსაც შეუძლია.
მაგალითად, ტყეში იყავი სოკოს შესაგროვებლად და არ მოგეწონა, ხეები გადაწოლილია ან ნაპრალებია გაჩენილი. ჩვენთან, აჭარაში, სოფელი ატყობინებს გამგეობას, გამგეობა – გარემოს და ასე შემდეგ. ადგილზე ადის სპეციალისტი. ხომ ხედავთ, სასტუმროები ღელისპირებში აქვთ აშენებული.
დიახ, ეს უნდა მეკითხა, უფრო მეტი გვითხარით ამაზე, მდინარისპირას მშენებლობებზე.
ეს ფაქტია, ჩვენთანაც ასეა და მთელ საქართველოშიც. გეოლოგიური სამსახური უგულებელყოფილია. მოხდება სტიქიური მოვლენა და მერე ვიძახით, გეოლოგიური დასკვნა რატომ არ არისო. მერე ერთ წელში არავის ემახსოვრება ეს.
რამდენი ადამიანის მსხვერპლი ყოფილა ჩვენთან, მერე მივსულვარ იმ ადგილს და… კაცი სახლს აშენებდა იქ, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა – აგერ, ორთაბათუმში, მთელი ოჯახი დამარხა მეწყერმა, სახლს აშენებდა ბაბუა – აბა, რა ვქნა, ჩემი მიწაა და სხვაგან სად ავაშენოო.
ასეთი მშენებლობები არის ნებართვებითაც. ნებართვა გაცემულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ, რას გვეტყვით ამაზე?
რა უნდა გითხრათ – ეს დარღვევაა. ან გაგიმართლებს, ან არა, ვის გაუმართლებს და ვის – არა. როცა ფული აქვს და სასტუმროს აშენება უნდა, მოიყვანს ალბათ გეოლოგს, დააწერინებს დასკვნას, შეაფასებინებს. დაუწერ, რომ აქ კალაპოტი გააკეთე, 2 სართულზე მეტი არ შეიძლება. გაივლი და არც კალაპოტია და რვასართულიანი სახლი აქვს აშენებული. ვერ ვხსნი. თავის თავს ემტერებიან. ოღონდ სასტუმრო და ბევრი ნომერი გააკეთონ, მეწყერს და ღვარცოფს აღარ უყურებენ. არასწორია.
შოვში, სადაც კოტეჯები იყო აშენებული…
რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა. მყინვარის გამოტანის კონუსს ვეძახით ასეთ ადგილებს. სადაც მყივარმა ან ღვარცოფმა გამოიტანა მასა, იქცა სწორ ადგილად, მას ქვემოთ არანაირი სიმაგრე არ აქვს. აღარ ახსოვთ, რომ ეს ასე მოხდა. ამაზე 10 – 15 წლის შემდეგ შეიძლება ნახო, რომ 4-5-სართულიანი შენობა დგას.
ერთია, რა უნდა მშენებელს, მაგრამ მეორეა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, როცა ნებართვას აძლევ, რისკები შეფასებული არ გაქვს?
ვერ გეტყვით მაგას. მე ვიცი, რომ გეოლოგიურად არ შეიძლება. ვინ რატომ და როგორ აძლევს მაქ ნებართვებს…
არის ისეთი ადგილები, სადაც მეწყერია ჩვენთან და საერთოდ არ უნდა აშენდეს. ვერ გეტყვით, რა ხდება, ნამდვილად ვერ გეტყვით. მივედი კაცთან, რომელსაც მდინარე ეზო-კარს უნგრევდა, ჩააგდო მილი და სახლი ააშენა. ნებართვა არც ექნებოდა, ალბათ თავისი ინიციატივით ააშენა. თოფით ხომ ვერ დაუდგები.
ასეთი ქართული სულელური პრინციპიც არის, ჩემს საკარმიდამოში რასაც მინდა, იმას ვიზამო.
ნებართვა ხომ ერთგვარი რისკებისგან დაზღვევა უნდა იყოს. კანონის მოთხოვნების შესაბამისად რომ იყოს გაცემული, კალაპოტთან კოტეჯი ვერ აშენდებოდა. ასე არ არის?
არ დამიჯერებთ და პირველი, რაც ვკითხე, როცა დავრეკე, ვინ გასცა ამ მშენებლობებზე ნებართვა-მეთქი. მაქ ჯერ სად ვართ მისულიო. ალბათ ვინმე არასპეციალისტმა დაუწერა – ააშენე, აქ არაფერი მომხდარა ასი წელიაო.
მაგას რომ ეუბნები ადამიანს, რომ ეს ძველი მეწყრული ფერდია და შეიძლება ხვალ გააქტიურდესო, გპასუხობს ასი წელი აქ ცხოვრობს ჩემი გვარი და არაფერი არ მოსვლიაო. ის კი არ იცის, რომ სანამ არ შეეხები, სანამ არ ჩამოჭრი, სანამ არ დაარღვევ სტრუქტურას, მანამდე შეიძლება სტაბილური იყოს. როგორც კი ჩამოჭრი და ამძიმებ, წყალს მიიყვან, კანალიზაციას გაიყვან, ეს ყველაფერი ბუნებაზე მოქმედებს, ააქტიურებს პროცესს.
მთელი ჩემი ცხოვრება ამ პრობლემის გადაწყვეტა ვერასდროს მოხერხდა, ატყდება ერთი ამბავი, გამოვა ახლა კანონები, არ ააშენოთო, მაგრამ გავა ორი-სამი წელი და არავის ემახსოვრება ეს, იმხელა შენობებია ჩადგმული. ამას ვერ ავხსნი.
კვარიათში მთაზე, რომელიც ზღვას გადმოჰყურებს, ინტენსიურად აშენებენ. ეს სახიფათოა?
დიახ, იმ კლდეებზე შეიძლება ისეთი შენობების გაკეთება?! მიბრძანდით ახლა და ნახეთ რამდენი ახალი შენობაა იქ.
ძალიან რთულ თემებს შევეხეთ. იცით, გარკვეულ საქმეებში რას წერდნენ? – არის გეოლოგიური დასკვნა, ნომერი ეს და ეს. მაგრამ დასკვნაში რა ეწერა, არ კითხულობდნენ. მხოლოდ ნომერი ეწერა და ის, რომ დასკვნა არის. რა წერია, ამას არავინ კითხულობს მთავრობაში. ნახულობენ, რომ არის. მიწერია, 2-სართულიანი აშენდეს, მეტი არა-მეთქი, მივსულვარ და დამხვედრია რვა სართული.
„დილის საათებში ამოვიყვანეთ მაშველებთან ერთად, 6 დაღუპული ასვენია აქ დილის მერე. გაგანია სიცხეში პარკებში გახვეული არიან უპატრონოდ, მაშინ, როცა 9 ათასჯერ გამოიარა ვერტმფრენმა.
ღარიბაშვილიც კი გადმოიყვანეს, იმისთვის ეცალათ და ამ ხალხისთვის არა? ხომ უნდა გადაასვენონ, რომ ამოიცნონ ვინ არიან.
ამდენი ხანი უნდა ვერტმფრენის მოსვლას, რომ გადაიყვანონ?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადგილობრივი მცხოვრები, დანიელ ბულკაშვილი, რომელიც ამ დროისთვის შოვში იმყოფება.
მისი თქმით, ცხედრები სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ქვედა მხარეს, საფეხბურთო სტადიონთან არის დასვენებული.
ოფიციალური ინფორმაციით, შოვში მეწყრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
მასალა განახლდება შს სამინისტროსგან ინფორმაციის მიღებისთანავე.
მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს, 12 საათის შემდეგ ჩამოწვა.
რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის გამო, რომელსაც ამ დროისთვის [4 აგვისტო, 15:45] არსებული ინფორმაციით 11 ადამიანი ემსხვერპლა, მეორე დღეა საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელში სვამენ კითხვას – რატომ არ აქვს საქართველოს თანამედროვე ტიპის სამაშველო ვერტმფრენი?
მოქალაქეები ასევე დაინტერესდნენ, სად არის ის ვერტმფრენები, რომელთა შეძენაც ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 29 აგვისტოს დააანონსა.
გასული წლის 29 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამი ახალი ვერტმფრენის შეძენაზე მუშაობდა.
ამ განცხადებიდან ერთი წლის შემდე შოვში, სტიქიის ზონაში ჩასულ ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ვერტმფრენების შესახებ.
„ბათუმელები“ სტილის დაცვით გთავაზობთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჟურნალისტებს შორის გამართულ დიალოგს.
ჟურნალისტები: ბატონო პრემიერო, თქვენ პირობა დადეთ ერთი წლის წინ, რომ სამაშველო ვერტმფრენს შეიძენდით. რომ გაგვცეთ პასუხი კითხვაზე, რა ვისწავლეთ წარსული ტრაგედიებიდან, რომ ადამიანების სიცოცხლე აღარ შეიწიროს ტრაგედიებმა. რატომ არ გვყავს სამაშველო ვერტმფრენები?
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯერ ერთი, სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც იმუშავეს. 200… ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინ იქნა ნაპოვნი, არც ერთი, ხაზგასმით აღვნიშნავ, არც ერთი არ დაშავებულა და ყველა უვნებელი გამოიყვანა ჩვენმა სამაშველო სამსახურმა.
ახლა მეორე თემა.
არ მინდოდა ამ საკითხზე საუბარი დღეს, მაგრამ დღეს ვისმენთ… მე, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს ხელმოცარულ პოლიტიკოსებზე და ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მაგრამ თქვენ პირადად, თქვენი ტელევიზია და სხვა ტელევიზიები, მთელი დღის განმავლობაში ასეთ ვითარებაში, როცა გვყავს გარდაცვლილი მოქალაქეები, ტრაგედიაა, ჯერ კიდევ ოჯახის წევრები ვერ პოულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ამორალურ ქმედებას ეწევით.
ჟურნალისტები: რას გულისხმობთ, ბატონო ირაკლი?
ირაკლი ღარიბაშვილი: ინფორმაციას ატყუებთ მოსახლეობას.
ირაკლი ღარიბაშვილი: თურმე ე.ი. ჩვენ, მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და თურმე ჩვენ არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე.
ჟურნალისტები: თქვენი განცხადება შეგვიძლია წაგიკითხოთ, ბატონო პრემიერო, ერთი წლის წინანდელი… თქვენი ციტატაა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე, მე გთხოვთ რომ, ასეთ დროს მაინც შეიკავოთ თავი.
ჟურნალისტები: თქვენს განცხადებას უარყოფთ?
ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენ ან პრობლემა გაქვთ… მაშინ გეტყვით რა. ან გაქვთ პრობლემა სერიოზული ან გაგების ინფორმაციის, უფრო მეტი პრობლემა გაქვთ მე მგონი.
ჟურნალისტები: რა პრობლემა?
ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენ 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ. ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის. ხალხის დაზაფვრის, ასეთი უბედური მდგომარეობა გვაქვს, ასეთი ტრაგედია გვაქვს და თქვენ ათმაგად ძაბავთ ხალხს.
ჟურნალისტები: რატომ არ აქვს ვერტმფრენი ქვეყანას?
ირაკლი ღარიბაშვილი: ახლა რაც შეეხება ეს სამარცხვინო სპეკულაციები.
ჟურნალისტები: რატომ არ სთხოვეთ დახმარება მეზობელ ქვეყნებს, რომ ღამეც ყოფილიყო სამაშველო ოპერაცია.
ირაკლი ღარიბაშვილი: სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ, თურმე სამი ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს.
სამი ვერტმფრენია შეძენილი..
ჟურნალისტები: თქვენი სიტყვებია – სუპერ პუმებს გავყიდით და შევიძენთ ვერტმფრენებს. თქვენ განცხადებას უარყოფთ ბატონო პრემიერო?
ირაკლი ღარიბაშვილი: არაფერს არ შეცვლიდა. მთავარი არის შემდეგი 210 ჩვენი მოქალაქე უვნებელი იქნა გამოყვანილი ჩვენი სამაშველო სამსახურის მიერ.
ჟურნალისტები: სამწუხაროდ 31 იძებნება და ვერ მიუახლოვდნენ უწყების წარმომადგენლები.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვის ვერ მიუახლოვდა? თქვენ ხართ ჩვეულებრივი მატყუარა ტელევიზია და ხალხს ატყუებთ.
ჟურნალისტები: რას? არ იძებნება 31 ადამიანი?
ირაკლი ღარიბაშვილი: მე აღარ მინდა ამაზე საუბარი. კიდევ ერთხელ მინდა…
ჟურნალისტები: ბატონო პრემიერო, მეზობელ ქვეყნებს რატომ არ სთხოვეთ დახმარება?
ირაკლი ღარიბაშვილი: ამის საჭიროება არ იყო. არ იყო. კარგად იყავით.
და-ძმა სოფიო და გიორგი ყარალაშვილები მამისონის კოტეჯებში ისვენებდნენ, როგორც მათი მეგობარი ამბობს „ბათუმელებთან”. ეს კოტეჯები დამეწყრილია.
და-ძმა სოფიო და გიორგი ყარალაშვილები უცხოეთში ცხოვრობენ და ზაფხულში შოვში ისვენებდნენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დღეს შოვში იპოვეს ცოცხლად გადარჩენილი და-ძმა, თუმცა ჯერჯერობით მათი ვინაობა დაუდგენელია. გიორგის და სოფიოს მეგობარი გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, დაკარგულებს შორის ორი და-ძმაა და ჯერჯერობით უცნობია, რომელი და-ძმა იპოვეს.
გუშინ, 3 აგვისტოს, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს. რაჭაში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ოფიციალურად 7 ადამიანის დაღუპვას ადასტურებენ.
გუშინ, 3 აგვისტოს, რაჭაში განვითარებული სტიქიის ფონზე კვლავ აქტუალური გახდა სამაშველო ვერტმფრენების საკითხი. შესაბამისად აღჭურვილი ვერტმფრენები საქართველოს დღემდე არ აქვს, თუმცა ხელისუფლება მათ შეძენაზე თითქმის 10 წელია საუბრობს.
ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან კი, სამი H 145 ტიპის ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერშია გაფორმებული.
პირველ შვეულმფრენს საქართველო ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში, ანუ 2024 წლის მაისში მიიღებს. მეორე შვეულმფრენს – 19 თვის განმავლობაში, ანუ, 2024 წლის ივლისში და მესამეს – 20 თვეში, ანუ 2024 წლის აგვისტოში.
სასაზღვრო პოლიცია შვეულმფრენების ეტაპობრივად მიღებას იმით ხსნიდა, რომ „ზემოაღნიშნული შვეულმფრენები განკუთვნილია პოლიციური და სამაშველო მისიებისთვის, მათი დაკომპლექტება უნდა მოხდეს შესაბამისი აღჭურვილობით, რისი გათვალისწინებითაც მოწოდება განხორციელდება ეტაპობრივად“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობა გამარტივებული წესით შვეულმფრენების შესყიდვაზე 2022 წლის 25 დეკემბერს მიიღო. ამასთან, სასაზღვრო პოლიცია გაყიდდა მის ბალანსზე არსებულ AS-332 L1e ტიპის [სუპერ პუმა] ერთ შვეულმფრენს და იყიდდა H 145 ტიპის სამ შვეულმფრენს.
სასაზღვრო პოლიციის დოკუმენტების მიხედვით „კომპანია Airbus Helicopters S.A.S-მა მოლაპარაკების პროცესში გამოთქვა მზაობა პრივატიზების გზით შეიძინოს მისივე წარმოებული აღნიშნული საფრენი აპარატი [AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენი], მასზე დამონტაჟებული სხვადასხვა აღჭურვილობით, რომლის საპრივატიზებო თანხად განსაზღვრა 5 500 000 ევრო…
ამასთან, AIRBUS-მა გამოთქვა მზაობა, საერთო პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეღავათიან ფასად [საერთო ღირებულება 26 500 000 ევრო] შევისყიდოთ 3 ერთეული H 145 ტიპის შვეულმფრენი [რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც საპოლიციო, ასევე სამაშველო მისიებში] და შესაბამისი სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები.“
„ბათუმელები“ შსს-ს ამჯერადაც დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენები 2024 წელში უნდა მივიღოთ, სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს“.
—
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი წლის წინ განაცხადა, რომ შსს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენას გეგმავდა:
ღარიბაშვილის მიერ გახმიანებული გადაწყვეტილება სამი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე ახალი არ იყო. ამის შესახებ შსს-ში 2017 წელსაც საუბრობდნენ, როდესაც მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ჩაქრობისთვის მაშველებს ვერტმფრენები არ გამოუყენებიათ:
საქართველოს მთავრობამ კი, ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ორი SUPER PUMA–ს ტიპის ვერტმფრენის გასხვისება, თუმცა ამბობდა, რომ მათში გადახდილი ფასი იმდენად მაღალია, რომ პოტენციური მყიდველის მოძიება გართულებულია და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ცნობილი დილერები უარს ამბობენ ამ ფასის ფარგლებში მათ შესყიდვაზე.
რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯები მოიყოლა. ბოლო მონაცემებით [4 აგვისტო, 14:30] ცნობილია, რომ სტიქიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტ ადამიანთან კი, დაკავშირება ვერ ხერხდება. დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.
„შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია აღარ არსებობს, მოსწორებულია მთლიანად. ერთი დიდი ლაფის ვაკეა ახლა იქ. მარტო ის დიდი შენობები გადარჩა, რომლებიც განაპირას იდგა,“ – მთამსვლელი თორნიკე მაცაბერიძე „ბათუმელებს“ რაჭაში, შოვში არსებული სიტუაციის შესახებ მოუყვა.
თორნიკეს თქმით, გუშინ, 3 აგვისტოს, როცა მეწყრული პროცესები განვითარდა, ის შაორის წყალსაცავთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში იყო. ამბავი ტელეფონით გაიგო.
„მე და ჩემი ძმა მთამსვლელები ვართ. მაშინვე წამოვედით და საღამოს შვიდზე ამოვედით სოფელ გლოლაში. მერე ფეხით შემოვედით. ღამე სანაპიროზე გავატარეთ, რომ გათენდა, მერე გადმოვლახეთ მდინარეები და გადმოვედით უშუალოდ მეწყრის ადგილას.
ახლა აქ, ადგილზე, ასეთი სიტუაციაა – არის ბევრი მაშველი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და გარკვეული რაოდენობით მოხალისეები.
ირგვლივ ლაფია და ამ ლაფში ვერ დადიხარ – ეფლობი. დამტვრეული სახლების მასალით ბილიკების მოწყობაში მოვეხმარეთ მაშველებს. მუშაობს ვერტმფრენი. ხან იქ მიფრინავს, ხან აქ – სადაც გვამებს პოულობენ,“ – ამბობს თორნიკე მაცაბერიძე.
ასე გამოიყურება შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია 4 აგვისტოს ფოტო: თორნიკე მაცაბერიძე
თორნიკე მაცაბერიძის თქმით, აღარ არსებობს კოტეჯები, რომლებიც მდინარე ბუბისწყალთან ახლოს, ჭალაში იდგა.
„კოტეჯები მთლად მდინარის პირას არ ყოფილა, მაგრამ ზევით მეორე მდინარეა, რომელიც კალაპოტიდან გადმოსვლის დროს ადრეც უქმნიდა პრობლემას მაგ კოტეჯებს, მაგრამ ამ დონისას არა,“ – გვიხსნის თორნიკე მაცაბერიძე.
მთამსვლელს ვკითხეთ მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შესახებაც. თორნიკე მაცაბერიძის თქმით, არსებული სიტუაციის გამო ხელით მუშაობა ჯერჯერობით ძალიან რთულია.
„ლაფი არის ძალიან დიდი, ღრმა. აუცილებელია, რომ ტექნიკა მოვიდეს აქამდე. ხელით და ნიჩბით შეუძლებელია ეს გაიწმინდოს. მუშაობენ უკვე, ქვემოდან მდინარის კალაპოტში თხრის ტექნიკა. თუმცა ტექნიკის გარეშეც გადიან მაშველები.
გადარჩენილებზე ინფორმაცია მეც ინტერნეტიდან მაქვს. უშუალოდ აქ არც ერთ მაშველს, არც ერთ მესაზღვრეს ეგეთი არაფერი გაუგია.
მე როგორც ვხვდები, გადარჩენილები ეშლებათ იმაში, ვინც კონტაქტზე არ გამოდიოდა, მერე გამოვიდა ან ზევით იყო, სადაც რეალურად არაფერი მომხდარა და, უბრალოდ, გზა მოუწყდათ მეწყრის გამო,“ – ამბობს თორნიკე მაცაბერიძე.
————————————————-
რაჭაში, კურორტ შოვში, მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 4 საათისთვის ჩამოწვა. 4 აგვისტოს დილის 10 საათის მონაცემებით სტიქიის ზონიდან მაშველებმა 210 ადამიანი გამოიყვანეს. ნაპოვნია მეწყრის შედეგად დაღუპული 6 ადამიანის ცხედარი.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.
დაკარგული პირებთან დაკავშირებით შსს-ის ცხელი ხაზი. სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ინფორმაციას ფლობს შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული პირების შესახებ, დარეკონ შემდეგ ნომერზე: 598 913 089
ფეისბუქზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაჭაში ეძებენ ხუთსულიან ოჯახს, რომელიც ამ დღეებში რაჭაში, უწერაში ისვენებდა, ხოლო 3 აგვისტოს, როცა მეწყერი ჩამოწვა, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
„ბათუმელები“ ავთო ყავლაშვილს ესაუბრა, სწორედ მან გამოაქვეყნა ინფორმაცია დაკარგულ ოჯახზე. მან გვითხრა, რომ შოვთან ახლოს, უწერაში ცხოვრობს და ზაზა მესხი, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, მის კოტეჯში ისვენებდა.
„ავტომანქანით წავიდნენ შოვის დასათვალიერებლად, მაგრამ არც მანქანა ჩანს და ვერც ამ ადამიანებს ვუკავშირდებით.
გუშინ, 12 საათის შემდეგ, კონტაქტზე აღარ გამოსულან. არც მანქანა ჩანს, არც ეს ოჯახი ჩანს“ – ამბობს ავთო ყავლაშვილი.
მისი თქმით, ოჯახი ჰოლანდიაში ცხოვრობს და აქ დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული.
ავთო ყავლაშვილის თქმით, ამ დროისთვის დამეწყრილ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებიან ზაზა მესხის ნათესავებიც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 აგვისტოს 21 საათიდან 5 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებდი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 28 – 33 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 6-7 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო სახალხო დღესასწაული „შუამთობა“, რომელიც ხვალ, 5 აგვისტოს უნდა გამართულიყო, გადაიდო.
„განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები. მთელი ქვეყანა შეძრა სტიქიის შედეგად გამოწვეულმა უბედურებამ.
დიდი გულისტკივილით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახებისა და ჩვენი ხალხის დიდ მწუხარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მაშველები შეძლებენ დაკარგული ადამიანების პოვნას და გადარჩენას“ – წერს თორნიკე რიჟვაძე ფეისბუქზე.
რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯები მოიყოლა. ბოლო მონაცემებით [4 აგვისტო, 12:00] ცნობილია, რომ სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 35 ადამიანთან კი დაკავშირება ვერ ხერხდება.
შსს-ს თქმით, „სტიქიის ზონაში, მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები“.
ახალგაზრდა კაცი ღვარცოფში ზურგზე ბავშვით – ფოტო „მთის ამბებმა“ გაავრცელა 3 აგვისტოს, რაჭაში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ.
მედიის ცნობით, კაცი ზურგზე ბავშვით, დავით ჯალაძეა, რომელმაც დისშვილი გამოიყვანა სტიქიის ზონიდან. მან ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ ის ორჯერ წაიღო მეწყერმა:
„შოვიდან მოვდიოდით, მინერალურია წყალია და იქ გავჩერდით, რომ დავიძარით, ხიდზე გადმოვედით და ვეღარ წამოვედით.
წინიდანაც და უკნიდანაც ზვავი მოდიოდა, როგორღაც გადავრჩით, ორჯერ წამიღო“.
რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯები მოიყოლა. ბოლო მონაცემებით [4 აგვისტო, 12:00] ცნობილია, რომ სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 35 ადამიანთან კი დაკავშირება ვერ ხერხდება.
დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.
შსს-ს თქმით, „სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები“.
4 აგვისტოს 09:40 საათზე გავრცელებულ განცხადებაში შსს ამბობს, რომ „ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი“.
ბათუმი ფესტივალი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ამ კვირაში დაგეგმილ ყველა კონცერტს აუქმებს.
“ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს. ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულებს ცოცხლებს იპოვნიან,” – განაცხადეს ფესტივალის წარმომადგენლებმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯებიც მოიყოლა. ცნობილია ექვსი დაღუპულის შესახებ.
დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი (598 913 089) შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.
შსს-ს თქმით, “სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები”.
4 აგვისტოს 09:40 საათზე გავრცელებულ განცხადებაში შსს ამბობს, რომ “ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი”.
„კარგად ვართ მეგობრებო, გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა,“ – წერს შოვში მეწყერს გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე პირად ფეისბუქზე.
„2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში. ჩვენ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს, ცოცხლებს იპოვიან. ბევრი მწერთ და ბევრიც მირეკავთ ნომერზე, მაგრამ ვერ გპასუხობთ, რადგან ჩემი ტელეფონი, ისევე როგორც ჩვენი სხვა დანარჩენი ყველა ნივთი, წაიღო მეწყერმა. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ გადავრჩით და კარგად ვართ.
1 საათის წინ ჩამოვედით თბილისში. მადლობა ყველას მოკითხვისათვის. უღრმესი მადლობა რაჭველ საოცარ ბიჭებს, რომლებიც შოვში ტყეზე გადმოვიდნენ და ჩვენი იმედის ნაპერწკალი გააღვივეს. უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს და უდიდესი მადლობა ჩვენს ძვირფას მეგობრებს, რომლებიც თბილისიდან ონში უსწრაფესად გაჩნდნენ,“ – წერს მარიამ ბერიანიძე.
რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 4 საათზე ჩამოწვა. ამ დრომდე [4 აგვისტო, 11:00 საათი] მაშველები ეძებენ და ვერ უკავშირდებიან 35 ადამიანს. მაშველებმა დღეს მეწყრული ზონიდან 140 ადამიანი გამოიყვანეს უსაფრთხოდ.
ამ ადამიანებს შორის იყო მარიამ ბერიანიძეც. „ბათუმელები“ მას დაუკავშირდა. მარიამის თქმით, ის შოვში მეუღლესთან და 4 წლის შვილთან ერთად ისვენებდა.
„სანსეტ შოვთან“, კოტეჯში ვისვენებდით. ჩვენი აივნები უყურებდა ერთმანეთს. იმ მთის ძირას ვიყავით, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ყველაფერი წამებში მოხდა. იმან გვიშველა, რომ გარეთ ვიყავით. სახლიდან ვერ გამოვასწრებდით. გავრბოდით მთელი ძალით. ბოლოს კალცის წყაროსთან გავიჭედეთ. 11 ადამიანი გაიჭედა ჩვენთან ერთად. გასასვლელი აღარსად გვქონდა, ყველგან ლაფი იყო. ვერტმფრენით გამოგვიყვანეს,“ – მოუყვა მარიამ ბერიანიძე „ბათუმელებს“.
შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი კოტეჯებიც მოიყოლა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის შემდეგ კოტეჯებისგან აღარაფერია დარჩენილი. ამ დროისთვის [4 აგვისტო, 11:00საათი] ცნობილია ექვსი დაღუპულის შესახებ.
დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი (598 913 089) შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.
შსს-ს თქმით, „სტიქიის ზონაში მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 248 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +640]
ტანკი – 4 228 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 8 249 ერთეული [+15]
საარტილერიო სისტემა – 4 911 ერთეული [+19]
MLRS – 704 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 466 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 104 ერთეული [+27]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 7 392 ერთეული [+20]
სპეცტექნიკა – 724 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
458 თვითმფრინავი
245 ვერტმფრენი
5 496 უპილოტო საფრენი აპარატი
428 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 113 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 142 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 746 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
12 057 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მეგი გონჩაროვამ საქართველო 2021 წლის სექტემბერში დატოვა და ერთი წლის შვილთან ერთად, ეტლში მჯდომმა, ჯერ საქართველოდან თურქეთში იფრინა, შემდეგ კი საფრანგეთამდე ავტობუსით იმგზავრა.
ერთი კვირა ტულუზას აეროპორტში ეძინა შვილთან ერთად, შემდეგ კი საფრანგეთის მთავრობას ლტოლვილად ჩაბარდა.
მეგი რამდენიმე წლის წინ მეორე სართულიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. მხოლოდ ეტლით შეეძლო გადაადგილება, თუმცა არსებობდა იმედი, რომ ოპერაციის შემდეგ ფეხზე დადგებოდა. მეგის არც ოპერაციისა და არც რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა არ აღმოაჩნდა, ამიტომ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
„ბათუმელები“ მეგის საფრანგეთში ესაუბრა. ამჟამად ის მარსელში, სოციალურ სახლში ცხოვრობს შვილთან ერთად.
„რეაბილიტაციის ერთი კურსი სულ ცოტა 900 ლარი მიჯდებოდა. მე არ ვმუშაობდი, შესაბამისად, ეს თანხები სხვისთვის უნდა მეთხოვა, ხომ? ამიტომ ფულს სულ ვსესხულობდი ან საერთოდ ვერ მივდიოდი რეაბილიტაციაზე და სულ ვნერვიულობდი. სახელმწიფოს ერთი კურსიც კი არ დამიფინანსა.
აქ, საფრანგეთში, უფასოდ მიტარდება რეაბილიტაცია და ყველაფერს აკეთებენ, რაც საჭიროა ჩემი გამოჯანმრთელებისთვის,“ – გვითხრა მეგიმ.
მისი თქმით, საქართველოში დაზუსტებით იმასაც ვერ ეუბნებოდნენ ექიმები, შეძლებდა თუ არა ფეხზე დადგომას ოპერაციის შემდეგ.
„ოპერაცია არც გაუკეთებიათ, მაგრამ მაკვირდებიან. ექიმი ჯერ ელოდება რეაბილიტაციის შედეგებს და როცა 6-თვიან კურსს დავასრულებ, შემდეგ გადავიღებ MRT-ს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ოპერაცია,“ – ამბობს მეგი.
მეგი ამჟამად მარსელში ცხოვრობს და რეაბილიტაციის კურსს უფასოდ გადის
მისი თქმით, საფრანგეთმა ლტოლვილის სტატუსის მიცემაზე უარი უთხრა, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა, თუმცა ამის მიუხედავად, მკურნალობაზე უარს არ ეუბნება და რეაბილიტაციას სრულად უფინანსებს.
„ეს ქვეყანა ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე, მე და ჩემს შვილს გვაქვს 100-პროცენტიანი ჯანმრთელობის დაზღვევა და სწორედ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რადგან უსახსრობის გამო მომიწია ჩემი ქვეყნის დატოვება: ვერ ვმკურნალობდი ვერც ჩემ თავს და ვერც შვილისთვის ვყიდულობდი წამლებს, როცა სჭირდებოდა.
რა თქმა უნდა, მე ჩემ ქვეყანაში ცხოვრება მირჩევნია, რომ მქონდეს იგივე პირობები, რაც აქ მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ვერ გვეხმარება.
აქაც არის სირთულეები, შესაძლოა ექიმი რამდენიმე თვე ვერ ნახო, რადგან უამრავი პაციენტი ჰყავთ აქ ჩემი მსგავსი, მაგრამ ყველა საჭირო პროცედურას გიტარებენ დროულად და სათანადოდ. არავინ გტოვებს მკურნალობის გარეშე.
ვისაც ლტოლვილის სტატუსი აქვს, მათ პირადი მოხმარების და ჰიგიენურ ნივთებსაც კი უფასოდ აწვდიან. ჩვენ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვიღებთ, რადგან სტატუსი არ გვაქვს, თუმცა ამჟამად უფასოდ ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი სოციალურ სახლში და გვაქვს კომფორტული და მშვიდი გარემო“, – ამბობს მეგი.
რეაბილიტაციის შემდეგ მეგიმ იმდენი შეძლო, რომ სახლში ეტლის გარეშე შეუძლია გადაადგილება. დამოუკიდებლად შეუძლია მოამზადოს საჭმელი ბავშვისთვის, თავისთვის, დაიცვას ჰიგიენა და მოუაროს ბავშვს. თუმცა ქუჩაში გადაადგილებისას მაინც სარგებლობს ეტლით, რადგან ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა და მისი ხელში დაჭერა დიდხანს არ შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილის სტატუსი ვერ მიიღო, მეგი ამბობს, რომ არ დაბრუნდება საქართველოში, სანამ სრულად არ განიკურნება და შეძლებს ფეხზე თავისუფლად დგომას.
„ექიმმა მიმართვა მოგვცა და სექტემბერში ჩემი შვილი საბავშვო ბაღში წავა, ამის შემდეგ განვაახლებ რეაბილიტაციაზე სიარულს.
არ ვიცი, როგორ იქნება მომავალში, მაგრამ ვცდილობ მოვიპოვო საფრანგეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება, რადგან ამ ეტაპზე ჩემი ოჯახის წევრები მეხმარებიან საქართველოდან ფინანსურად, სხვა შემოსავალი არ მაქვს და ასე ვცდილობთ თავი გავიტანოთ მე და ჩემმა შვილმა.“
მისი თქმით, იმისათვის, რომ ადამიანებმა საქართველო არ დატოვონ და არ მოუწიოთ ემიგრაციის მძიმე გზის გავლა, საჭიროა სახელმწიფო უფრო მეტად ზრუნავდეს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი შშმ ადამიანებზე.
„პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს გამართული ქვეყანაში, განსაკუთრებით რთულია შშმ ადამიანებისთვის ცხოვრება, რადგან ის პენსია, რომელსაც სახელმწიფო აძლევთ მათ, ჰიგიენის საშუალებებშიც კი არ ჰყოფნით.
შშმ ადამიანს გაცილებით მეტი დახმარება სჭირდება.
კარგი ექიმები საქართველოშიც არიან, მაგრამ ვერც კი მიაღწევ მათთან ფულის გარეშე. როცა გტკივა, გჭირდება მკურნალობა და ვერ მკურნალობ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფული არ გაქვს, ეს ძალიან სტრესული და მტკივნეულია.
მტკივნეულია ისიც, როცა შვილს სტკივა ან წამალი სჭირდება და ვერ ყიდულობ. ექიმთან ვერ მიდიხარ, ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან გამაღიზიანებელია და იძულებული ხდები, დატოვო ქვეყანა“, – ამბობს მეგი.
მეგის ისტორია საქართველოდან წასვლამდე, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში:
„სიკვდილი პუტინის ჯაშუშებს, ჩაძაღლება ჯაშუშებს“ – დაიყვირა ლუკამ, ვიდრე პოლიცია თავზე დააჭერდა ხელს ავტომანქანაში მოსათავსებლად. ის ბათუმის ნავსადგურიდან ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ეს პროტესტი „ნაციონალების აქციად“ მონათლა, როცა ის ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს გამოეხმაურა.
„ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როცა აფასებ 150 ნაციონალის აქციას და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
იმ 23 მოქალაქეს შორის, ვინც 31 ივლისს რუსეთიდან შემოსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა, უპარტიო ლუკა წულაძეც იყო. სხვათა შორის, ის 2009 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზეც დააკავეს და სცემეს, რისთვისაც ევროსასამართლოში იჩივლა და მოიგო კიდეც.
როგორც ლუკა თავად გვიყვება, 31 ივლისს აქციაზე პოლიციას გადაჭარბებულ აგრესიად მოეჩვენა „მჩატე პარკის“ სროლა ავტობუსისთვის, რომლითაც რუსი ტურისტები ნავმისადგომს ტოვებდნენ.
„მეჭირა პარკი, რომელშიც იყო ხელსახოცები, მზესუმზირის ნარჩენი და მსგავსი. ბევრი არაფერი, საკმაოდ მჩატე იყო და ერთ-ერთ ავტობუსს ვესროლე. როგორც ჩანს, ჩემი მოძრაობა პოლიციამ ზედმეტად აგრესიულად ჩათვალა. მოვარდნენ და დამაკავეს.“
ლუკა ამბობს, რომ არც დაკავებისას და არც მას შემდეგ პოლიციელებს მასზე არ უძალადიათ:
„მხოლოდ ხელები გადამიგრიხეს. ეს, ცხადია, სასიამოვნო არ იყო. შემდეგ მანქანაში ჩამსვეს და ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაგვიყვანეს. გზაში არც ძალადობას ჰქონია ადგილი და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას.“
ის ცდილობს ამას ახსნა მოუძებნოს:
„მეორე მხარეს, სადაც ხალხის ძირითადი მასა იყო, ეტყობა იქ იყვნენ უფრო აგრესიული პოლიციელები. მე სადაც ვიყავი, იქ მხოლოდ დამხმარე პოლიციელები იყვნენ, რომლებმაც უბრალოდ დამაკავეს.“
ლუკას ვკითხეთ, გზაში შედგა თუ არა პოლიციელებთან კომუნიკაცია:
„სიტყვიერი კომუნიკაცია იყო. ძირითადად აინტერესებდათ, რატომ ვიყავი ასე გაბრაზებული. მათი აზრი იყო, რომ ჩვენ, ორგანიზატორები [თუმცა ამ აქციას არ ჰყოლია ორგანიზატორები, მაგრამ მათი აზრი ასეთი იყო], დაინტერესებულნი ვართ ბათუმში ჩავარდეს ზღვის სეზონი. იმისთვის, რომ ოპოზიციამ ეს გამოიყენოს თუ რაღაც. ასეთ აზრს აფიქსირებდნენ. ეს იყო აზრების გაცვლა-გაზიარება და მე ვუმტკიცებდი საპირისპიროს. შეურაცხმყოფელი ან აგრესიული საუბარი არ გვქონია.“
ლუკა გვიყვება, რომ გურიაში, სოფელში იყო, როცა რუსეთიდან საკრუიზო გემის კიდევ ერთხელ შემოსვლის შესახებ გაიგო და გადაწყვიტა, პროტესტი თავადაც გამოეხატა:
„როცა გავიგე საკრუიზო გემის მეორედ შემოსვლის და დაგეგმილი აქციის შესახებ, გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი ბათუმში და მეც გამომეხატა პროტესტი. მეუღლესთან ერთად ვიყავი. ჩამოვედით დილის შვიდ საათზე, მაშინ, როცა გემი მოცურდა და გაჩერდა.“
კადრი აქციიდან, ლუკას დაკავება
ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ლუკა 48 საათი გააჩერეს, ის 2 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს. შემდეგი პროცესი 10 აგვისტოს არის ჩანიშნული.
ლუკა წინა ხელისუფლების დროსაც აქტიურად ერთვებოდა საპროტესტო აქციებში და დაკავებულიც იყო. „გიორგი ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – ამ საქმეზე ევროსასამართლოს 2015 წლის განჩინებაში, რომლის ადრესატი ლუკა წულაძეც არის, წერია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები ყოველდღიურად მართავდნენ დემონსტრაციებს „პრეზიდენტ მ. სააკაშვილისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით“ და ერთ-ერთ აქციაზე დააკავეს ლუკა წულაძეც.
ჩანაწერი ევროსასამართლოს განჩინებიდან:
„2009 წლის 15 ივნისის დილას ოპოზიციური ჯგუფის ორმოცდაათი წევრი და მხარდამჭერი, მათ შორის, ათივე მომჩივანი, შეიკრიბა თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან, რათა გაეპროტესტებინა ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრება, რომელსაც ადგილი რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა.
4. პოლიციამ დემონსტრანტებს ოცი წუთი აცადა და შეუდგა ძალისმიერი მეთოდებით მათ დაშლას.
5. პირველი, მე-3, მე-5, მე-6 და მე-8 (ბ-ნი ბექაური, ბ-ნი მესხი, ბ-ნი ჩითარიშვილი, ბ-ნი მაისურაძე და ბ-ნი წულაძე) მომჩივნების განცხადებით, მათ დემონსტრაციის დაშლაში მონაწილე პოლიციელებისგან მიიღეს რამდენიმე ძალისმიერი დარტყმა ხელკეტებით ხერხემლის, თავისა და ხელების არეში. დემონსტრაციის დაშლის შემდეგ რამდენიმე მონაწილე და მათ შორის ხუთი მომჩივანი დააკავეს და პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიყვანეს. დაკავებული დემონსტრანტები, მათ შორის ხუთი მომჩივანი, იძულებით დააწვინეს ძირს, ხოლო პოლიციელები მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ფეხს და ხელკეტს ურტყამდნენ“.
„დარბევაში მოვყევი. ეს სასამართლო მოვიგეთ“, – გვითხრა ლუკა წულაძემ.
ლუკა მოქმედ ოპოზიციასაც საყვედურობს, ამბობს, რომ არ იცის, რას აკეთებს ოპოზიცია, როცა ქვეყანაში „რუსული თემა აქტიურდება“:
„ბოლო დროს აქტიურობით არ გამოვირჩეოდი, ორგანიზატორი არ ვიყავი, მაგრამ აქციებზე დავდიოდი. ამ შემთხვევაში ჩემი გააქტიურება რუსულ თემასთან დაკავშირებით ზუსტადაც იმან გამოიწვია, რომ პოლიტიკური პარტიები სათანადოდ არ აქტიურობენ. მე, როგორც მოქალაქემ, ჩავთვალე, რომ ჩემი ვალია, გავაქტიურდე მაშინ, როცა ოპოზიცია არ ვიცი რას აკეთებს.“
ლუკას შეფასებით, ბოლო დროს ოპოზიციური პარტიები მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან. სწორედ ამის გამო „გაძლიერდა საზოგადოებრივი მოძრაობების მხრიდან დაუგეგმავი და უკონტროლო წინააღმდეგობები“:
„მოქალაქეები, რომლებიც ერთმანეთს არც კი იცნობენ, იკრიბებიან და თავიანთ პროტესტს გამოხატავენ. ეს სწორიც არის. თუმცა ის, რომ პოლიტიკური პარტიები ნაბიჯს არ დგამენ, ეს არ არის სწორი.“
„რეალობის აღრევა და გამრუდება“, – ასე აფასებს ლუკა მთავრობის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში:
„მთავრობის დამოკიდებულება ძალიან გამაღიზიანებელია, რაღაცებს აკეთებენ უკვე ღიად და ნათლად. თან ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა ბოლომდე არ აიღონ. ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყანა მიჰყავთ ავტოკრატიისკენ, რუსეთთან მეგობრობისა და სიახლოვისკენ. ეს ავტომატურად იწვევს თანამედროვე და ცივილიზებული მსოფლიოსგან დაშორებას. ამას აკეთებენ თითქოს მესიჯბოქსებში, ქმედებებში გვაბნევენ და რეალობას გვიმრუდებენ, და ასე დგამენ ნაბიჯებს.“
ლუკას ვკითხეთ, როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის შეფასება მოისმინა რუსეთიდან შემოსული გემის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით, როცა კობახიძემ თქვა: „ეს იყო ქაჯობა“
„ჩემი შეფასებით, კობახიძის საქმიანობა არის წმინდა ჯაშუშური საქმიანობა, წმინდა ჩანერგილი ადამიანის. აი, მტრის ბანაკში რომ ჩანერგავ და დაავალებ, რომ იქ მოიპოვოს გავლენა, გაძლიერდეს და შემდეგ შენი დავალებები შეასრულოს. ასეთი ადამიანის ქმედებებია და იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან გამოძიება იქნება და ამას საკადრისი პასუხი გაეცემა, რეალური ჯაშუშები დაისჯებიან. რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, თითქოს ჯაშუშების კანონს რომ იღებდნენ, მათივე ჯაშუშობის თემის სეპარირება იყო ეს, რომ, აი, ჩვენ ხომ გვეძახით ჯაშუშებს, მოდი, ახლა ჩვენც დაგიძახებთ. რაღაცა ეს იყო – რეალობის აღრევა და გამრუდება.“
კითხვაზე, რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება რუსეთთან აახლოებს ქვეყანას, თავად კი ქონებას ევროპაში ყიდულობს და შვილებსაც სასწავლებლად ევროპაში უშვებს?
ლუკამ გვიპასუხა:
„თავად ევროპა და ევროპის კომფორტი ურჩევნიათ, მაგრამ არ ურჩევნიათ პასუხისმგებლობა, რომელსაც ევროპა აკისრებს მოქალაქეებს. თავისუფლება ასევე არის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ არჩევნები ჩაატარონ ნორმალურად და გადააბარონ ხელისუფლება მომავალ ხელისუფლებას. აი, ეს არ მოსწონთ. პუტინსაც ეს პრობლემა ჰქონდა – როცა იქამდე მივიდა საქმე, რომ ხელისუფლების გადაბარება მოუწევდა, აირჩია ავტოკრატიის გზა. ესენი უყურებენ ქვეყანას, როგორც თავიანთ ფერმას, ტერიტორიას, რომლისგანაც რაღაც რესურსი უნდა ამოიღო. ამ რესურსის გამოყენება აქვე არ უნდათ, უნდათ უკეთეს ადგილზე და უკეთეს კომფორტში.
რა თქმა უნდა, შვილებს ევროპაში ასწავლიან, რომ მერე ეს ნასწავლი შვილები დაგვიბრუნდნენ და მათი დაწყებული გზა გააგრძელონ უკვე რუსეთის შემადგენლობაში. როგორც მოქალაქე მე, პირადად, მათ ხელს შევუშლი. არ მემეტება არც ერთი გოჯი მიწა მტრისთვის და თან ამ მტერში ვგულისხმობ ივანიშვილსა და მის საოკუპაციო რეჟიმს. როგორც ესენი იქცევიან, ეს არის საოკუპაციო რეჟიმი“.
რუსული საკრუიზო გემის დასაცავად ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზებული ჰყავდა როგორც აჭარის, ასევე დამატებით გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები.
ბათუმში გემის დასაცავად დამატებით მობილიზებული იყო სულ 550 პოლიციელი.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დამატებით პოლიციელების მობილიზება გამოწვეული იყო „ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო გემის – „ასტორია გრანდეს“ შემოსვლის საწინააღმდეგო, საპროტესტო აქციის გამართვის გამო, აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დამატებითი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით“.
2023 წლის 31 ივლისს, ბათუმში დამატებითი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 550 თანამშრომლის საკვებით, წყლითა და შოკოლადით უზრუნველყოფისთვის კი, ჯამში 6 572 ლარი და 50 თეთრი დაიხარჯა.
„ერთი თანამშრომლისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის ნაკრების ჯამური ღირებულება შეადგენს – 11.95 ლარს.
ერთ პოლიციელზე გათვლილი საკვები პროდუქტის ნაკრებში შედიოდა: 1 ცალი ბურგერი ლორით და ყველით – 3,50 ლარი, 1 ცალი იმერული ხაჭაპური – 3.50 ლარი, 1 ცალი შოკოლადის ფილა „როშენი ფოროვანი“ 80 გრ – 2.80 ლარი, 1 ცალი სასმელი წყალი „ბაკურიანი“ 0,5 ლ პეტი – 0.65 თეთრი, 1 ცალი გაზიანი სასმელი [კოკა-კოლა, ფანტა ფორთოხალი, ფანტა ტროპიკი, სპრაიტი, 0.5 ლ პეტი] – 1.50 ლარი.“ – აღნიშნულია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის განაცხადში.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტი, გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ, 6 572 ლარისა და 50 თეთრის ხარჯს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ათანხმებს.
„თუ ვერ მოხდებოდა დამატებითი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს თანამშრომელთა საკვებით, წყლითა და შოკოლადით უზრუნველყოფა, ვითარება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა, როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებს“, – აღნიშნულია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის განაცხადში.
როგორ „იცავდა“ საზოგადოებრივ ინტერესებს პოლიცია ბათუმის აქციაზე 31 ივლისს, ნახეთ ამ ბმულებზე:
„არა რუსულ გემს!“, „არა საქართველოს რუსიფიკაციას!“ – საქართველოს მოქალაქეებმა ბათუმში 31 ივლისს, მეორედ გააპროტესტეს რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლა მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ოკუპანტი, აგრესორი ქვეყანაა და მასზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაძლიერება, კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას.
ბათუმის ნავსადგურში აქცია 30 ივლისს ღამის 12 საათისთვის დაიწყო, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს – სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს არ მისცეს ნავმისადგომთან შეკრების საშუალება.
დაანონსებულ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ გადაკეტა გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩები, ნავსადგურთან კი, რკინის ჯებირებით შემოღობეს ნამისადგომის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.
„ასტორია გრანდეს“ ვებგვერდის მიხედვით, 31 ივლისის შემდგომ დაგეგმილ საკრუიზო მარშრუტებში ბათუმი აღარ ფიგურირებს.
ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან საკრუიზო გემი „ასტორია გრანდე“ პირველად 27 ივლისს შემოვიდა. საპროტესტო აქცია მაშინაც გაიმართა და გემმა იმავე ღამით დატოვა ბათუმი პროტესტის ფონზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რაჭაში, კურორტ შოვში, მჟავე წყლებთან, მეწყრის ჩამოწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყრის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.
ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“.
უკრაინაში, ქალაქ ირპენში, ქართველი მებრძოლების სახელობის მემორიალურ სკვერს მოაწყობენ.
ინფორმაციას უკრაინაში მყოფი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, მემორიალური სკვერისთვის ირპენის მერიამ უკვე გამოყო ადგილი და პროექტიც დაამტკიცა.
„სკვერის მოწყობის იდეა ჯერ კიდევ ირპენის ბრძოლების დროს, შარშან, ქართველ მებრძოლებს გაუჩნდათ, მაშინ, როცა იქ პირველი მებრძოლები მოგვიკლეს.
უკვე გადაწყდა, რომ პუშკინის სახელობის სკვერის ადგილას მემორიალურ სკვერს მოვაწყობთ და უკრაინა მას ქართველი მეომრების სახელს დაარქმევს. სამუშაოები შემდეგ კვირაში დაიწყება და 2 თვეში დასრულდება,“ – წერს გიგა მაქარაშვილი ფეისბუქზე.
უკრაინაში, ქალაქ ირპენში, ქართველი მებრძოლების სახელობის სკვერი გაიხსნება
მაკეტის მიხედვით, სკვერში უკრაინის რუკასთან ერთად, განთავსდება საქართველოს რუკაც და აღიმართება საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო დროშები.
„სკვერში დატანილი იქნება QR კოდები, რომლებიც საგანგებოდ ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე გადაგიყვანთ. იქ კი ამომწურავი ინფორმაცია იქნება ჩვენს გმირ ბიჭებზე, უკრაინისა და საქართველოს საუკუნოვან ძმობაზე“- ამბობს გიგა მაქარაშვილი
სკვერის მოწყობის ღირებულება 94,800 დოლარია.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ომში 49 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 აგვისტოს 21 საათიდან 4 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებდი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 5-6 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
2022 წლის 21 ნოემბერს ცალკეული საავიაციო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ, მაიორმა დენის მაკაროვსკიმ უკრაინის გმირის ჯილდო და ოქროს ვარსკვლავის ორდენი მიიღო.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხვედრაზე, რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმისას პირველ საბრძოლო დავალებებზე, იზიუმის დაცვაზე, „შერვუდის ტყეში“ ბრძოლებზე დენის მაკაროვსკი უკრაინის თავდაცვის ძალების გამოცემა „Armyinform“-ს ესაუბრა.
2015 წელს ჩააბარა ოდესის სამხედრო აკადემიაში. ოთხი წელი ისწავლა და ამის შემდეგ შევიდა ცალკეულ საავიაციო ბრიგადაში. დაზვერვის ოცეულის მეთაურად დაიწყო მუშაობა. ფართომასშტაბიანი შემოსევის დროს სადაზვერვო ასეულის მეთაურად დანიშნეს.
რუსეთის შემოჭრის პირველ დღეებში ყველა უკრაინელი შოკში იყო. დენისის ქვედანაყოფი თავიდანვე იცავდა ურთულეს ადგილებს აღმოსავლეთ უკრაინაში.
მისი მონაყოლის მიხედვით, პირველი თავდასხმებისას მთავარი ამოცანა მტრის პოვნა იყო. არავინ იცოდა, სად იყო უკრაინელების ნაწილები და სად იყო მტერი. საჭირო იყო სწრაფად მოქმედება და ყველაფრის დადგენა:
„თანამებრძოლებთან ერთად ხარკოვისკენ წავედი და იქ იყო ჩვენი პირველი ბრძოლა. ჩვენი სადაზვერვო ასეული ძალიან კარგად იყო შეიარაღებული, გვქონდა NLAW კომპლექსები და ახალი ყუმბარმტყორცნები. გაგვინადგურეს მსუბუქი ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მანქანები. იზუმში იძულებული გავხდით უკან დაგვეხია. ამის შემდეგ იყო ქალაქ იზიუმის დაცვა… აქ მივიღე პირველი საბრძოლო ჭრილობებიც, მაგრამ დავრჩი ადგილზე და დავალებების შესრულება განვაგრძე.
როცა ქალაქი მტერმა მთლიანად მოაქცია ალყაში, მე ჩემი ასეულიც გავიყვანე ალყიდან. გავიყვანე სხვა საჯარისო ნაწილებიც, რომლებიც მტრის მზაკვრულ ხაფანგში იყვნენ მოქცეული. სრული ალყიდან ჩვენი ქვედანაყოფების წარმატებით გაყვანისთვის სიმამაცის მე-3 ხარისხის ორდენით ვარ დაჯილდოებული“, – უყვება „Armyinform“-ს დენის მაკაროვსკი.
დენისმა მონაწილეობა მიიღო სვიატოგორსკის კამპანიაში და შერვუდის ტყისთვის ცნობილ ბრძოლებში.
შერვუდის ტყე ძალიან ხშირი ტყეა. 20 მეტრის მიღმა ხილვადობა არ არის. მუდმივად არტილერია ბომბავდა. დენისის დანაყოფმა მოახერხა და ოკუპანტების აღჭურვილობა და ქვეითი, ცოცხალი ძალა გაანადგურა. გარდა ამისა, დენისის დანაყოფი მუდმივად აწყობდა დივერსიებს მტრის ზურგში.
„როცა რუსეთის არმიამ მოგვიანებით თავისი ჯარები ჩვენს პოზიციებთან მოიყვანა, ძალიან ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან. ტყეში გავანადგურეთ მტრის სპეცდანიშნულების მე-10 ბრიგადის ნახევარი. ისინი ჩვენკენ დაიძრნენ და მაშინვე ჩავერთეთ ბრძოლაში.
მტრის ბანაკიდან რვა ჯარისკაცის განადგურების შემდეგ, ცოცხლად გადარჩენილები გაიქცნენ. მოგვიანებით „შერვუდის ტყეში“ მტრის სხვა რეგულარული ჯარებიც გამოჩნდნენ. მოტორიზებულ ქვეითების და ბატალიონების წინ ვიდექით. არათანაბარი იყო ჩვენი ძალები. ოკუპანტები ბევრად მეტნი იყვნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის წავსულიყავით მტრის ზურგში და პოზიციებიდან გაგვეყარა ოკუპანტები.
შერვუდის ტყეში მივიღე მეორე ჭრილობაც, მტრის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აფეთქდა. ვმკურნალობდი, მაგრამ ჩემს დანაყოფს დისტანციურად ვხელმძღვანელობდი. როგორც კი შესაძლებლობა მომეცა ჩემ ძმებთან დავბრუნდი“, – ჰყვება გამოცემასთან უკრაინის გმირი.
დენისი და მისი დანაყოფი ბევრ წერტილში იბრძოდნენ სხვადასხვა ქვედანაყოფის წინააღმდეგ. საკმარისად ჰქონდათ შეიარაღება, ამიტომ რა იარაღსაც განადგურებული მტრისგან იღებდნენ, იმ ბატალიონებსა და ბრიგადებს გადასცემდნენ, რომლებსაც ეს უფრო სჭირდებოდათ.
სწორედ დენისის ბატალიონი ინარჩუნებს ერთი წელია ბელოგოროვკას ლუგანსკში.
დენის მაკაროვსკის ბატალიონის ანგარიშზე აღმოსავლეთში ნაწარმოები ურთულესი ბრძოლებია. ის მტრის საბრძოლო ტაქტიკის თავისებურებებზე საუბრობს.
„ძლიერ მეტოქეებს შორის „ვაგნერელებს“ გამოვარჩევდი. საინტერესოა მათთან ბრძოლა იმ თვალსაზრისით, რომ თუ იბრძვიან, იბრძვიან ბოლომდე. შევებრძოლეთ ასევე ე.წ. ლნრ და დნრ-ის ჯარისკაცებს, ასევე სპეცდანიშნულების თავდამსხმელ ბრიგადებს. დადასტურებული მონაცემებით, ჩვენმა დანაყოფმა გაანადგურა „ვაგნერელების“ სამი ეშელონი, რაც დაახლოებით 500 ჯარისკაცია.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში ჩვენ შევხვდით დანაყოფებს, რომლებიც სირიაში ნაბრძოლი ჯარისკაცებისგან შედგებოდა. ამის დასტურად ვიპოვეთ ბუკლეტები და ლექსიკონები, სირიულ და უკრაინულ ენაზე შედგენილი. გაგვაოგნა ამ ამბავმა.
ბელოგოროვკაში ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ მათ შემოჰყავთ ყველაფერი თუკი რამე ჰყავთ. ჩემი ბიჭები დღე-ღამეში მტრის ქვეითი ბატალიონები 5,6 შეტევას იგერიებენ ხანდახან. თითო ასეთ შეტევაზე ჩვენ წინააღმდეგ 40-ზე მეტი ადამიანი მოდის, მაგრამ ვინარჩუნებთ პოზიციებს, ეს ჩვენი მიწაა და ვერ დავტოვებთ“, – ამბობს დენის მაკაროვსი.
თანამებრძოლების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვედანაყოფში ძალიან ბევრია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან:
„ამ ბიჭებს იქ ჰქონდათ სახლები, ოცნებები, ბავშვობის მოგონებები, მაგრამ მერე მოვიდნენ რუსი დამპყრობლები და ანადგურებენ ყველაფერს, რასაც ამდენი ხანი ვაშენებდით.
მოტივაცია ყველას აქვს და ერთი რამ სურს ყველას – მტრის განდევნა და განადგურება. როგორც ჩვენმა უმაღლესმა მთავარსარდალმა თქვა: „უკრაინის სახელმწიფო საზღვრები უნდა აღდგეს სრულად, როგორც 1991 წელს იყო.
პირადად მე კი მსურს დავამხოთ საძაგელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს მართავს რუსეთში. იმდენი ბოროტება, რაც რუსეთმა უკრაინას მოუტანა, თანამედროვე მსოფლიოს არ ახსოვს“, – ამბობს ოფიცერი.