მთავარი,სიახლეები

ეტლით საფრანგეთში, ემიგრაციაში – საქართველოში ფული არ მქონდა, აქ უფასოდ მმკურნალობენ

03.08.2023 •
ეტლით საფრანგეთში, ემიგრაციაში – საქართველოში ფული არ მქონდა, აქ უფასოდ მმკურნალობენ

მეგი გონჩაროვამ საქართველო 2021 წლის სექტემბერში დატოვა და ერთი წლის შვილთან ერთად, ეტლში მჯდომმა, ჯერ საქართველოდან თურქეთში იფრინა, შემდეგ კი საფრანგეთამდე ავტობუსით იმგზავრა.

ერთი კვირა ტულუზას აეროპორტში ეძინა შვილთან ერთად, შემდეგ კი საფრანგეთის მთავრობას ლტოლვილად ჩაბარდა.

მეგი რამდენიმე წლის წინ მეორე სართულიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. მხოლოდ ეტლით შეეძლო გადაადგილება, თუმცა არსებობდა იმედი, რომ ოპერაციის შემდეგ ფეხზე დადგებოდა. მეგის არც ოპერაციისა და არც რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა არ აღმოაჩნდა, ამიტომ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

„ბათუმელები“ მეგის საფრანგეთში ესაუბრა. ამჟამად ის მარსელში, სოციალურ სახლში ცხოვრობს შვილთან ერთად.

„რეაბილიტაციის ერთი კურსი სულ ცოტა 900 ლარი მიჯდებოდა. მე არ ვმუშაობდი, შესაბამისად, ეს თანხები სხვისთვის უნდა მეთხოვა, ხომ? ამიტომ ფულს სულ ვსესხულობდი ან საერთოდ ვერ მივდიოდი რეაბილიტაციაზე და სულ ვნერვიულობდი. სახელმწიფოს ერთი კურსიც კი არ დამიფინანსა.

აქ, საფრანგეთში, უფასოდ მიტარდება რეაბილიტაცია და ყველაფერს აკეთებენ, რაც საჭიროა ჩემი გამოჯანმრთელებისთვის,“ – გვითხრა მეგიმ.

მისი თქმით, საქართველოში დაზუსტებით იმასაც ვერ ეუბნებოდნენ ექიმები, შეძლებდა თუ არა ფეხზე დადგომას ოპერაციის შემდეგ.

„ოპერაცია არც გაუკეთებიათ, მაგრამ მაკვირდებიან. ექიმი ჯერ ელოდება რეაბილიტაციის შედეგებს და როცა 6-თვიან კურსს დავასრულებ, შემდეგ გადავიღებ MRT-ს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ოპერაცია,“ – ამბობს მეგი.

მეგი ამჟამად მარსელში ცხოვრობს და რეაბილიტაციის კურსს უფასოდ გადის

მისი თქმით, საფრანგეთმა ლტოლვილის სტატუსის მიცემაზე უარი უთხრა, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა, თუმცა ამის მიუხედავად, მკურნალობაზე უარს არ ეუბნება და რეაბილიტაციას სრულად უფინანსებს.

„ეს ქვეყანა ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე, მე და ჩემს შვილს გვაქვს 100-პროცენტიანი ჯანმრთელობის დაზღვევა და სწორედ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რადგან უსახსრობის გამო მომიწია ჩემი ქვეყნის დატოვება: ვერ ვმკურნალობდი ვერც ჩემ თავს და ვერც შვილისთვის ვყიდულობდი წამლებს, როცა სჭირდებოდა.

რა თქმა უნდა, მე ჩემ ქვეყანაში ცხოვრება მირჩევნია, რომ მქონდეს იგივე პირობები, რაც აქ მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ვერ გვეხმარება.

აქაც არის სირთულეები, შესაძლოა ექიმი რამდენიმე თვე ვერ ნახო, რადგან უამრავი პაციენტი ჰყავთ აქ ჩემი მსგავსი, მაგრამ ყველა საჭირო პროცედურას გიტარებენ დროულად და სათანადოდ. არავინ გტოვებს მკურნალობის გარეშე.

ვისაც ლტოლვილის სტატუსი აქვს, მათ პირადი მოხმარების და ჰიგიენურ ნივთებსაც კი უფასოდ აწვდიან. ჩვენ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვიღებთ, რადგან სტატუსი არ გვაქვს, თუმცა ამჟამად უფასოდ ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი სოციალურ სახლში და გვაქვს კომფორტული და მშვიდი გარემო“, – ამბობს მეგი.

რეაბილიტაციის შემდეგ მეგიმ იმდენი შეძლო, რომ სახლში ეტლის გარეშე შეუძლია გადაადგილება. დამოუკიდებლად შეუძლია მოამზადოს საჭმელი ბავშვისთვის, თავისთვის, დაიცვას ჰიგიენა და მოუაროს ბავშვს. თუმცა ქუჩაში გადაადგილებისას მაინც სარგებლობს ეტლით, რადგან ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა და მისი ხელში დაჭერა დიდხანს არ შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილის სტატუსი ვერ მიიღო, მეგი ამბობს, რომ არ დაბრუნდება საქართველოში, სანამ სრულად არ განიკურნება და შეძლებს ფეხზე თავისუფლად დგომას.

„ექიმმა მიმართვა მოგვცა და სექტემბერში ჩემი შვილი საბავშვო ბაღში წავა, ამის შემდეგ განვაახლებ რეაბილიტაციაზე სიარულს.

არ ვიცი, როგორ იქნება მომავალში, მაგრამ ვცდილობ მოვიპოვო საფრანგეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება, რადგან ამ ეტაპზე ჩემი ოჯახის წევრები მეხმარებიან საქართველოდან ფინანსურად, სხვა შემოსავალი არ მაქვს და ასე ვცდილობთ თავი გავიტანოთ მე და ჩემმა შვილმა.“

მისი თქმით, იმისათვის, რომ ადამიანებმა საქართველო არ დატოვონ და არ მოუწიოთ ემიგრაციის მძიმე გზის გავლა, საჭიროა სახელმწიფო უფრო მეტად ზრუნავდეს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი შშმ ადამიანებზე.

„პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს გამართული ქვეყანაში, განსაკუთრებით რთულია შშმ ადამიანებისთვის ცხოვრება, რადგან ის პენსია, რომელსაც სახელმწიფო აძლევთ მათ, ჰიგიენის საშუალებებშიც კი არ ჰყოფნით.

შშმ ადამიანს გაცილებით მეტი დახმარება სჭირდება.

კარგი ექიმები საქართველოშიც არიან, მაგრამ ვერც კი მიაღწევ მათთან ფულის გარეშე. როცა გტკივა, გჭირდება მკურნალობა და ვერ მკურნალობ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფული არ გაქვს, ეს ძალიან სტრესული და მტკივნეულია.

მტკივნეულია ისიც, როცა შვილს სტკივა ან წამალი სჭირდება და ვერ ყიდულობ. ექიმთან ვერ მიდიხარ, ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან გამაღიზიანებელია და იძულებული ხდები, დატოვო ქვეყანა“, – ამბობს მეგი.

მეგის ისტორია საქართველოდან წასვლამდე, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: