მთავარი,სიახლეები

რატომ ესხმის თავს ხელისუფლება გელა მთივლიშვილს შოვის სტიქიის გაშუქების გამო

07.08.2023 •
რატომ ესხმის თავს ხელისუფლება გელა მთივლიშვილს შოვის სტიქიის გაშუქების გამო

„მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“ მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ ის შოვის სტიქიას აშუქებს. რომ არა „მთის ამბები“, სტიქიურ უბედურებას ქვეყანა ალბათ რამდენიმე საათის დაგვიანებით შეიტყობდა.

გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ აგრესია მათ მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გელა მთივლიშვილს ირაკლი კობახიძემ „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოსტის წაშლა მოითხოვა.

გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ ის თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, თუმცა მაინც აგრძელებს სტიქიის ზონიდან მუშაობას.

  • გელა, როგორ გაიგეთ ამბავი რაჭაში სტიქიის შესახებ და როგორ დაიწყეთ მისი გაშუქება?

3 აგვისტო იყო, დაახლოებით ოთხის ნახევარი. ჩვენმა თანამშრომელმა დაგვირეკა რაჭიდან და გვითხრა, რომ შოვში ხდებოდა რაღაც ძალიან მძიმე ამბავი, მჟავე წყლებთან მეწყერი იყო ჩამოწოლილი და ხალხი მოყოლილი.

ამბის სიმძიმიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია აბსოლუტურად სარწმუნო წყაროებიდან გვქონდა, ვეცადეთ კიდევ გადაგვემოწმებინა და გავედით კონტაქტზე მეწყერში მოყოლილ ორ პირთან. ჯერ კიდევ იჭერდა იქ ტელეფონი.

დაახლოებით ნახევარი საათის მომხდარი იყო უკვე სტიქია და ეს ადამიანები ამ ხნის განმავლობაში წელამდე ტალახში იყვნენ, ხელები ჰქონდათ ამოწეული და ითხოვდნენ ტელეფონით დახმარებას – რეკავდნენ 112-ში და დარეკეს ჩვენ თანამშრომელთანაც.

მოახერხეს და გვაჩვენეს რა ხდებოდა, გამოგვიგზავნეს ფოტოები. იქ ხდებოდა საშინელება. პირველი ფოტო, რომელიც მივიღეთ, იყო პატარა გოგონა, რომელიც ტალახში ჩანს და ხელი აქვს გამოწეული.

3 აგვისტო. გოგონა ღვარცოფში. პირველი ფოტო სტიქიის ადგილიდან, რომელიც „მთის ამბებმა“ გაავრცელა

მაშინვე გავავრცელეთ ინფორმაცია. მეწყერში მოყოლილმა პირმა, ვისაც ვესაუბრეთ, გვითხრა, რომ 16 ადამიანი დათვალა მის გარშემო.

მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით სტიქიის მასშტაბი, რომ სტიქიას 26 ჰექტარი ჰქონდა მოცული, ჩვენ ვიცოდით იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა ის პირი, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ და ვთქვით, რომ 16 ადამიანი იყო შოვში მეწყერში მოყოლილი და გადაუდებელ დახმარებას ითხოვდნენ.

ინფორმაციის გავრცელებამდე, რა თქმა უნდა, გვქონდა შსს-თან კომუნიკაცია, ვიკითხეთ, რა ხდებოდა, მაგრამ არაფერი არ იცოდნენ, არც ის უთქვამთ, რომ ზარი შესული იყო.

გადიოდა დრო, ვაახლებდით ინფორმაციას, ვინაიდან ჩვენთან კომუნიკაცია ჰქონდათ მეწყერში მოყოლილ პირებს, გვირეკავდნენ, ტიროდნენ უკვე, რომ 112-დან არაფერი შეღავათი და დახმარება არ ჩანდა. გვთხოვდნენ, თუ შესაძლებლობა გვქონდა, კიდევ გავსულიყავით კონტაქტზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და გვეთხოვა დაუყოვნებლივ დახმარების აღმოჩენა.

ასეთი კომუნიკაცია გვქონდა რამდენიმე თანამდებობის პირთან და ვთხოვეთ, ვუთხარით, რომ ღვარცოფში ბავშვები ლამის ყელამდე იყვნენ უკვე.

სანამ მიფრინდებოდა ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციისთვის, დაახლოებით 3 საათი გავიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია სამინისტროსთან, ვეუბნებოდით, რომ იხრჩობა ხალხი, ცოტა უფრო სწრაფად. გვეუბნებოდნენ, რომ უკვე წასული იყო ვერტმფრენი… ვეკითხებით ხალხს [სტიქიის ზონაში] – „მოვიდა ვერტმფრენი, მოვიდნენ მაშველები?“ – გვეუბნებიან, არა, არავინ არ მოსულა, არც ვერტმფრენს არ გადაუფრენია.

კი, შესაძლოა სამაშველოს ვერ მიეღწია დროულად, მესმის, იმიტომ, რომ ფეხით ტალახში გადაადგილება, მით უმეტეს ახალმოვარდნილ ღვარცოფში, სრულიად შეუძლებელი იყო, მაგრამ ვერტმფრენიც რომ არ გამოჩნდა 3 საათი, ხალხი ჭკუიდან გადავიდა.

ვიყავით უძლურები, ვწერდით, ვაქვეყნებდით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ამ ხმაურით კიდევ მეტი დახმარების მობილიზება მოგვეხდინა ადგილზე მყოფებისთვის, რომ გადარჩენილიყვნენ.

3 საათის შემდეგ გამოჩნდა პირველი ვერტმფრენი და სამაშველო ჯგუფები, თუმცა ეს 16 ადამიანი ვერტმფრენით ვერ ამოიყვანეს. პირველად შემთხვევის ადგილას მივიდნენ სოფელ გლოლის მცხოვრებლები, ეს რაჭის ბოლო დასახლებული სოფელია.

  • თქვენ როდის მიხვედით ადგილზე?

გამთენიისას, დილის 4 საათზე მივედი მე, ჩვენი თანამშრომელი ადგილზე იყო საღამოს რვის ნახევარზე, ოღონდ იქ მისვლას აზრი არ ჰქონდა. ვერაფერს ვერ ვიზამდით, ხიდი არ იყო, ღვარცოფით იყო მოცული ტერიტორია, ვერტმფრენის გარეშე ფაქტობრივად ვერაფერს გავხდებოდით.

რომ მივედით, უკვე მობილიზებული იყვნენ მაშველები, მაგრამ ვერ გადადიოდნენ. პირველი, ვინც მივიდა ღვარცოფის ადგილზე, იყვნენ სოფელ გლოლის მცხოვრებლები, რომლებმაც ღვარცოფის წამოღებული ხეები ტალახზე დადეს, აქციეს ბილიკად და მერე უკვე მაშველებმაც, რომლებიც ჩამოსვა ვერტმფრენმა, მათთან ერთად იმუშავეს და მიუახლოვდნენ მეწყერში მოყოლილებს.

ეს 16 ადამიანი, ფაქტობრივად, ფეხით გამოიყვანეს ამ მორების გავლით. ფიზიკურად ვერ დაჯდებოდა იქ ვერტმფრენი, ტალახით იყო ყველაფერი მოცული.

  • როდის დაიწყო შენს მიმართ აგრესია და რატომ დაიწყო? რა არ მოეწონათ შენი შეფასებით?

ჯერ კიდევ არ ვიყავი რაჭაში წასული ოფისიდან, როდესაც რაჭიდან, რამდენიმე ადამიანისგან მივიღე გადამოწმებული ინფორმაცია, რომ სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი. როცა ვრეკავდი შს სამინისტროში და ვეუბნებოდი, რომ 3 მსხვერპლის შესახებ მქონდა ინფორმაცია, არავინ არ ადასტურებდა და მთხოვდნენ ვინაობის თქმას. ვეუბნებოდი – ოფისში ვარ, რანაირად უნდა გითხრათ ვინაობა, ზუსტად ვიცი, რომ 3 ცხედარი ამოიყვანეს, ისიც ვიცი, ვინ ამოიყვანა. არ ადასტურებდნენ.

ზუსტად ამ პერიოდში, ჩემდა გასაკვირად, „რუსთავი 2“-ის და კიდევ რამდენიმე მსხვილი გამოცემის ვებგვერდი, პატარა ვებგვერდებზე აღარ ვამბობ, ავრცელებდნენ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეზე დაყრდნობით, რომ მეწყერში მოყოლილი ყველა ადამიანი ცოცხალია და კონტაქტზე ვართ, მსხვერპლი არ არისო. ამ დროს ვიცი, რომ 3 ადამიანის ცხედარია, მსხვერპლია. 3 ცხედარი გამოიყვანეს მესაზღვრეებმა, რომლებიც ზემოდან ჩამოვიდნენ, ისინი შოვს ზემოთ არიან და ჩამოვიდნენ.

სამინისტრო არ ადასტურებდა, მაგრამ როცა უკვე დარწმუნებით ვიცოდით, გავავრცელეთ ინფორმაცია მსხვერპლზე.

ამის შემდეგ იყო ხმაური, საზოგადოების მაქსიმალური ყურადღება და უკვე განმარტებების და განცხადებების გაკეთება დაიწყეს სახელმწიფო უწყებებმა.

არ მიფიქრია რამ გამოიწვია ეს აგრესია [„მთის ამბების მიმართ]… ოღონდ ეს არ არის მხოლოდ „ოცნების“ აგრესია.

პირველად ეს აგრესია გამოიხატა იმაში, რომ სტიქიის ეპიცენტრში, მეორე დღეს მგონი, ადგილობრივი ჩინოვნიკები მოვიდნენ, მოჰყვნენ თბილისიდან ჩამოსულ მთავრობის, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის იქ იყო შს სამინისტროს სტრატკომის უფროსი, ქეთი კოვზიაშვილი. მან გაბედა და მისაყვედურა ერთ-ერთი ფოტოს გამოქვეყნების გამო და მე ძალიან გამიკვირდა ეს ამბავი, ვუთხარი, რომ მას არ ჰქონდა უფლება ჩემთვის ეს ესაყვედურა. არც ისეთი ურთიერთობა, პირადი ან საქმიანი, არ მაქვს, რომ საკუთარი თავისთვის ამის უფლება მიეცა.

ზუსტად ამ დროს, როცა მან ამაზე საუბარი დაიწყო ხმამაღლა, საჯარო სივრცეში, მოდიან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსი, ამბროლაურის საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“ და მეძახიან შეურაცხმყოფელ სიტყვებს. ამავე დროს მეუბნებიან, რომ თუ წესიერად არ მოვიქცევი, „წყალში გადამაგდებენ“.

მაშინ, როცა ამ შეურაცხყოფას მაყენებდნენ და რაღაცნაირად ვპასუხობდი – ძალიან ფრთხილად და თავშეკავებულად, ჩემ გარშემო იყვნენ დაკარგულების დედები, მამები, ძმები, დები, ოჯახის წევრები და ვცდილობდი ხმა არ ამომეღო, რადგან იქ ამის არც ადგილი იყო, არც დრო.

უმძიმესი სიტუაციაა ადგილზე და მეძახიან – „წყალში გადაგაგდებ“, „ქვეყნის მტერი ხარ“, „შენ ქართველი არა ხარ“ და ასეთებს. რამდენიმეს ვუპასუხე. საკმაოდ დაძაბული ვითარება შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები, სამმართველოს უფროსები იდგნენ, არავინ ამ ხულიგნობის აღსაკვეთად ან სიტუაციის გასანეიტრალებლად არ მოსულა ადგილზე – მე არა, ისინი რომ დაეშოშმინებინათ.

ბოლოს მე გავჩუმდი ისევ, ჭირისუფლების და ისედაც საშინელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გაღიზიანება არ მინდოდა.

ამას მოჰყვა ის, რომ ლენტის იქით არ უშვებდნენ ჟურნალისტებს. მე ამ ტერიტორიას კარგად ვიცნობ, არაერთხელ მაქვს დალაშქრული, ფეხით შემოვლილი და ვიცოდი, როგორ შეიძლებოდა მოვლენების ეპიცენტრში საფეხმავლო ბილიკებით მისვლა, რომ მენახა, რა ხდებოდა ადგილზე, მათ შორის გამომეკვლია, რამ გამოიწვია ეს სტიქია და რამ შეუწყო ასეთ შედეგებს ხელი. ორი დღის განმავლობაში ვახერხებდი სტიქიის ეპიცენტრში შემოვლითი გზებით შესვლას და იქიდან ინფორმაციის გამოტანას. გარდა ამისა, ვიცნობ უამრავ ადამიანს რაჭაში და ამ სოფლებში.

რაც ყველაზე მთავარია, იმ პერიოდში ჩვენ ვიდექით იქ, სადაც დაკარგულის ოჯახის წევრები იყვნენ, აქტიურად შემოდიოდნენ ჩვენთან კომუნიკაციაში და დახმარების თხოვნა იქნებოდა ეს თუ უკმაყოფილების გამოხატვა, ამ ყველაფერზე საუბრობდნენ ჩვენთან, რამაც გამოიწვია ის, რომ ამ გაშუქებას, მიზეზების კვლევას, რომ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ, დიდი ალბათობით, მაინც ხელისუფლების უპასუხისმგებლობისკენ მიგვითითებს, იმიტომ, რომ დადასტურდა, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემა დამონტაჟებული არ ყოფილა და ამის გაკეთება შეეძლოთ.

შეეძლოთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 9 წლის წინ გამოქვეყნებულ ბიულეტენში, როგორც გუშინ „მწვანე ალტერნატივამაც“ დაადასტურა, წერდნენ, რომ მაღალი რისკის საშიშროების ზონა იყო შოვი, ოღონდ ამ 9 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა.

ამ ყველაფერზე აქცენტის გაკეთებამ, რომ მხოლოდ ბუნებრივი კატასტროფა არ ყოფილა, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო, როგორც პირველი პირები ამბობენ, გამოიწვია ის აგრესია ჩვენ მიმართ, რაც დაიწყეს და რასაც ახლაც აგრძელებენ.

იმდენად ორგანიზებულია ეს, რომ ამაში ჩართული არიან: „ოცნება“, „ხალხის ძალა“, „ალტ-ინფო“, თვითმმართველობები, სამინისტროები, ყველა დონეზე „ოცნებასთან“ დაკავშირებული და აფილირებული გვერდები… ყველა ძალით გვიტევენ და ასევე ვიცით, დავალება აქვთ მიღებული, რომ ჩვენ და განსაკუთრებით მე, არ უნდა შეგვიშვან სტიქიის ზონაში.

იყო კიდეც ასეთი შემთხვევა. გუშინ, როცა ყველა ჟურნალისტი შიგნით იყო შესული და ჩვენ ცოტა გვიან მივედით, რადგან სხვა ადგილასაც ვეძებდით მტკიცებულებებს, მე მთელი ერთი საათის განმავლობაში არ მიშვებდნენ სტიქიის ზონაში, ვიდრე ხმაურის ატეხა არ მომიხდა. ახლა მთელი მედია გამოიყვანეს გარეთ, რომ აღარ მივუთითო, რომ თუ ისინი არიან, მე რა უფლებით არ მიშვებენ.

  • ვნახეთ შალვა პაპუაშვილის კომენტარი ფეისბუქზე, მას მონიშნული აქვს „მთის ამბები“ და მოგიწოდებთ მასალის წაშლისკენ. პარლამენტის თავმჯდომარის ამ პოსტის შემდეგ ხომ არ ყოფილა ღია აგრესია, ან „წავაშლევინოთ“ – მცდელობა?

რა თქმა უნდა, ადგილობრივი ჩინოვნიკების დონეზე არ დარჩნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ თავის თავს უფლება მისცა მოეწოდებინა, რომ სტატუსი [საუბარია გამოცემა „მთის ამბების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს აღწერაზე] წაგვეშალა. ვფიქრობ, ამით სარედაქციო საქმიანობაში ჩარევა სცადა, რისი უფლებაც არ აქვს და ამის განმარტებაც რომ მიწევს, ესეც უხერხულია.

არაფერი არ წაგვიშლია, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველაფერი ეთიკური სტანდარტების აბსოლუტური დაცვით და პროფესიულად გვაქვს გაკეთებული – ეს ერთი. მეორე – პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არ არის მხოლოდ, „იმედის“ ეთერში [ირაკლი] კობახიძემ, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერია, „არაკაცი“ მიწოდა და გარდა ამისა, პარლამენტის კიდევ არაერთი წევრი საშინელ შეურაცხყოფას გვაყენებს თავის გვერდებზე, მედიაში და ა.შ.

ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა ვერ წარმოიდგენს ამ 2-3 დღის განმავლობაში რას ვუძლებთ. აგრესია, თავდასხმა, შეურაცხყოფა, მუქარები… აღარ ვკითხულობთ უკვე იმიტომ, რომ მთელი ყურადღება გვაქვს ახლა იმაზე, რომ გავაშუქოთ ეს ამბები, მიზეზები გამოვიკვლიოთ, ვინმეს თუ რამეში დახმარება სჭირდება – დავეხმაროთ, მაგრამ მაინც ძალიან ძნელია ამასთან გამკლავება, რადგან ეს არა მხოლოდ მედიების და საჯარო ტრიბუნების გამოყენებით ხდება, არამედ ადგილზე იმხელა აგრესიაა ჩვენს მიმართ, ლამის იწევენ ფიზიკურად.

არ მომხდარა ეს საბედნიეროდ, მაგრამ ვგრძნობთ ამ აგრესიას და ზიზღს. მხოლოდ პაპუაშვილის და კობახიძის განცხადებების შემდეგ დაიწყო ჩვენ მიმართ ასეთი სიძულვილის ნიაღვარი, რომელიც პიკზეა მისული და რა დროს გადაიზრდება რამე ცუდ ამბავში, არ ვიცით.

ამიტომ მაქსიმალურად თავშეკავებულები ვართ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაზე მძიმე შეურაცხყოფას და მუქარასაც არ ვუპასუხოთ და არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს.

  • რამდენად გრძნობთ თავს უსაფრთხოდ?

აბსოლუტურად არ ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მუშაობას შევწყვეტთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: