მთავარი,სიახლეები

„ნუ მაიმედებთ, მიხედეთ საქმეს, რომ დახოცილები მაინც ამოიყვანოთ“ – მარიტა გუტაშვილი

05.08.2023 • 78716
„ნუ მაიმედებთ, მიხედეთ საქმეს, რომ დახოცილები მაინც ამოიყვანოთ“ – მარიტა გუტაშვილი

შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი, რომელიც მეწყრის შემდეგ მისი ოჯახის ცხრა წევრს ამ დრომდე ეძებს, „მთის ამბების“ პირდაპირ ჩართვაში ამბობს, რომ შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის აშორება, ყოველწლიურად მთის და მდინარეების მდგომარეობაზე დაკვირვება და შესწავლა რომ ხდებოდეს და დამონტაჟებული იყოს წინასწარი შეტყობინების სისტემები.

მისი თქმით, 2020 წელს, შოვში, იმავე ადგილზე და დაახლოებით იგივე დროს ჩამოწვა მეწყერი, თუმცა მაშინ მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ამ სამი წლის განმავლობაში უსაფრთხოების ასამაღლებლად არანაირი ზომები არ მიუღია სახელმწიფოს.

2020 წელს ამ ადგილზე ჩამოწვა მეწყერი, მაშინ მარტო კოტეჯები წაიღო, თუმცა მაშინაც ძლივს გადავრჩით. ჩვენი სასადილო და კიდევ ერთი კოტეჯი შემაღლებულ ადგილზე იყო და მე ვფიქრობ, ჩემები ახლაც მანდ გაჩერდნენ, იმიტომ, რომ არ ეგონათ ალბათ, ასეთი მასშტაბის მეწყერი“ – ამბობს მარიტა გუტაშვილი „მთის ამბებთან“.

მისი თქმით, ამ ამბების შემდეგ აქ მხოლოდ ჯებირები გააკეთეს, რაც საკმარისი არ არის უსაფრთხოებისთვის.

„ყველამ ვიცით, რამხელა თოვლი მოდის შოვში, ყველამ ვიცით, რომ ყველა გაზაფხულზე უნდა ახვიდე და ის ტერიტორია, საიდანაც ასეთი შემთხვევა მოხდა, შეამოწმო თავიდან. იქნებ კიდევ გუბდება რაღაც.

გაუშვი კომპეტენტური ადამიანები, ბიძაშვილები და მამიდაშვილები კი არა, ვერაფერს რომ ვერ იგებენ, სპეციალისტები, ვინც შეისწავლის რა ხდება, რომ ვიცოდეთ, შესაძლებელია თუ არა ვთქვათ იმ წელს კოტეჯებში დარჩენა.

როგორც ჩანს, ამ სამი წლის მანძილზე რაღაც დაგროვდა, ამიტომ უნდა გამოკვლეულიყო ეს ტერიტორია. ხომ შეიძლება ყოველწლიურად მოხდეს ამის შესწავლა, რომ ასეთი მსხვერპლი არ იყოს და ასე არ ჩაგვეხოცოს ხალხი.

მეც ავდივარ მდინარის სათავეებში, მაგრამ არ მაქვს ამდენი კომპეტენცია, გარედან ვერაფერს ვატყობ, თვალით ვერ შეამჩნევ.

ჯინჭვისშიც თუ ასეთი რაღაც მოხდა და ღვარცოფების საშიშროება იყო, უნდა შეემოწმებინათ“ – ამბობს მარიტა გუტაშვილი.

მარიტა დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოებზეც საუბრობს.

„ყველაფერი ლაფშია და ლაფი არსად ტოვებს ჰაერს. შესაბამისად, ნუ მაიმედებთ, უბრალოდ მიხედეთ საქმეს, რომ დახოცილი ადამიანები მაინც ამოიყვანოთ, ისეთი დასახიჩრებულები მაინც არა, როგორც ეს ფოტოზე ვნახე“- მიმართავს ის ხელისუფლებას.

მარიტას თქმით, ადგილზე არც სასწრაფო დახმარების მანქანა იმყოფება, რომელიც გამწარებულ ადამიანებს დაეხმარება.

„დედაჩემმა რამდენჯერმე დაკარგა გონება და თავის მოკვლაც კი სცადა. სასწრაფო ვერ ვიპოვეთ ახლოს, რომ დაგვხმარებოდა.  ცხრა ადამიანი აღარ გვყავს, ჩვენთვის ცალკე უნდა იყოს სასწრაფო გამოყოფილი, რომ ჩვენც არ დავიხოცოთ, გადარჩენილები.

ნახევარი საათი ველოდე სასწრაფოს და იცით რა მითხრეს? თბილისიდან უნდა გადმოგვცენ, რომ მოვიდეთ თქვენთანო. თბილისს ველოდოთ ხალხო, როცა აქ ეს ამბები ხდება?

არც იმაზე გვაწვდიან ინფორმაციას, რამდენი ამოიყვანეს და რა ადგილებიდან. ვითომ მამშვიდებენ… რაღას მამშვიდებთ ხალხო, ჩემი ოჯახი აღარ არის“ – ამბობს მარიტა გუტაშვილი.

მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ პოლიცია ადგილობრივებს არ აძლევს შესაძლებლობას ღამის დრონებით ეძებონ დაკარგული ადამიანები.

„მათ არ აქვთ დრონები და არც ჩვენს ბიჭებს აძლევენ შესაძლებლობას, რომ შევიდნენ ტერიტორიაზე. ისინი, ვინც კარგად იცის ეს ადგილები.

მეც კი ვერ ვიცანი ის ადგილი, როცა გადავხედე თვითმფრინავიდან, ხეც კი აღარ დგას, რომ ზემოდან დავხედო და მივხვდე სად რა არის.

ვერტმფრენი პირველად მიფრინდა „სანსეტ შოვში“. ვფიქრობ, პირველივე დღეს უნდა დაწყებულიყო დამეწყრილი ადგილების დათვალიერება, რომ მეწყერში მოყოლილი ადამიანების სწრაფად პოვნა და ამოყვანა ყოფილიყო შესაძლებელი.

15:10 საათზე მოხდა მეწყერი და რატომ არ დაიწყეს ცხელი წერტილიდან ძებნა? იქნებ ვიღაცას ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვერ ამოდიოდა, იქნებ ვიღაც მობობღავდა ტალახიდან, იქნებ ვიღაცას შველა უნდოდა…

გუშინ მანახეს ფოტოები, ვერ გაიგებ რომ ადამიანია. როგორ უნდა ამოვიცნო მანდ ჩემი და? გაყინულია ლაფი უკვე, გადარჩება ვინმე აქ? მე არ მაქვს იმედი, რომ ვინმემ გაასწროს“ – ამბობს მარიტა გუტაშვილი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს განვითარდა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა 11 ცხედარი იპოვეს დამეწყრილი ტერიტორიაზე. 25-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება ამ დროისთვის.

დღეს, 5 აგვისტოს  კიდევ ერთი, ზაზა მესხის მეუღლის ცხედარი იპოვეს მაშველებმა, რომელიც მეწყერის შემდეგ იძებნებოდა. დაღუპული, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა შოვის ტერიტორიაზე.

დაკარგული არიან ზაზა მესხი და მისი შვილები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: