ახალგაზრდა კაცი ღვარცოფში ზურგზე ბავშვით – ფოტო „მთის ამბებმა“ გაავრცელა 3 აგვისტოს, რაჭაში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ.
მედიის ცნობით, კაცი ზურგზე ბავშვით, დავით ჯალაძეა, რომელმაც დისშვილი გამოიყვანა სტიქიის ზონიდან. მან ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ ის ორჯერ წაიღო მეწყერმა:
„შოვიდან მოვდიოდით, მინერალურია წყალია და იქ გავჩერდით, რომ დავიძარით, ხიდზე გადმოვედით და ვეღარ წამოვედით.
წინიდანაც და უკნიდანაც ზვავი მოდიოდა, როგორღაც გადავრჩით, ორჯერ წამიღო“.
რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯები მოიყოლა. ბოლო მონაცემებით [4 აგვისტო, 12:00] ცნობილია, რომ სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 35 ადამიანთან კი დაკავშირება ვერ ხერხდება.
დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.
შსს-ს თქმით, „სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები“.
4 აგვისტოს 09:40 საათზე გავრცელებულ განცხადებაში შსს ამბობს, რომ „ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი“.
______________
ფოტო: მთის ამბები






