მთავარი,სიახლეები

მეუბნებოდნენ, რომ შვილს ვერ გავაჩენდი – ქალი, რომელიც დაცემის შემდეგ შშმ პირი გახდა

16.07.2021 • 11622
მეუბნებოდნენ, რომ შვილს ვერ გავაჩენდი – ქალი, რომელიც დაცემის შემდეგ შშმ პირი გახდა

„ვერასოდეს გაივლი და ვერც შვილს გააჩენ“ – ეუბნებოდნენ 24 წლის მეგი გონჩაროვას. ის ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა და ხერხემლის ტრავმა მიიღო. ტრავიდან 5 თვის შემდეგ მეგი დაფეხმძიმდა და უკვე პატარა ლილე ჰყავს. თურქეთში ექიმები იმედს აძლევენ, რომ თუ ერთ ოპერაციას კიდევ გაიკეთებს, შესაძლოა გაიაროს. ოპერაციისთვის მეგის ფინანსები სჭირდება, რაშიც საზოგადოების დახმარების იმედი აქვს. როგორი იყოს მეგის ცხოვრება პანდემიამდე და პანდემიაში, ამის შესახებ ის „ბათუმელებს“ მოუყვა.

პანდემიამდე

პანდემიამდე ჩემი ცხოვრება ბევრად სხვანაირი იყო, სტუდენტი ვიყავი, ვსწავლობდი, შევქმენი ოჯახი. ბევრი გეგმა მქონდა, იტალიაში, ჩემს დასთან წასვლასაც ვაპირებდი გარკვეული დროით, მაგრამ წელიწად-ნახევრის წინ, როცა მე და ჩემი მეუღლე მეგობართან სტუმრად ვიყავით, აივანზე ფეხი დამისხლტა და მეორე სართულიდან გადმოვვარდი. ხერხემალი დამიზიანდა. ხერხემლის სპინალური შოკი – ეს იყო ჩემი დიაგნოზი.

მეგის თურქეთში იმედს აძლევენ, რომ ოპერაციის შემდეგ გაივლის. უთხრეს, რომ ოპერაციისთვის 15 ათასი დოლარია საჭირო.

გამიკეთეს ოპერაცია. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ვერასოდეს გაივლი, ვერც შვილს გააჩენო. თუმცა უარყოფით ინფორმაციებს არ ვიღებდი, შინაგანი რწმენა მქონდა. ტრავმიდან ექვსი თვის შემდეგ მართლაც დავფეხმძიმდი და დღეს უკვე პატარა ლილე მყავს.

თავიდან, როცა ექიმებს ვეუბნებოდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, სკეპტიკურად გადმომხედავნენ და მეუბნებოდნენ – „შენ ფეხმძიმედ ხარ?“, როცა ხედავდნენ, რომ ხერხემლის ტრავმა მქონდა, მეუბნებოდნენ, – „უი, ეგ როგორ დაგემართა, ახლა რა იქნება, ვინ დაგემხარება, შენ ვერ გააჩენ შვილს, ეს რთული იქნება შენთვის“, მაგრამ მე ეს შევძელი. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი დედამთილის და მეუღლის მხარდაჭერით.

დედამთილი ძალიან მეხმარება, გამიჭირდებოდა, ის რომ არა. მამხნევებდა მეუღლეც, პირველი თვეები ძალიან რთული იყო, ხშირად ვიყავი ცუდად, ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ ჩემს მეუღლეს ხელში აყვანილი დავყავდი ექიმთან.

პანდემიაში

პანდემიამ დაგვაზარალა. რთული იყო ის, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან კავშირი გაწყვიტეს, ყელაფერი ჩაიკეტა. თავიდან, როცა ფეხმძიმედ ვიყავი, ვახერხებდი კლინიკაში სიარულს და ვარჯიშების გაკეთებას, ამაში ფულსაც არ ვიხდიდი. შემდეგ, როცა კლინიკები დაიკეტა, ვეღარ ვიარე რეაბილიტაციაზე და სახლში ვცდილობდი ვარჯიშის გაგრძელებას.

შეგვექმნა ფინანსური პრობლემები, რადგან ლოქდაუნის გამო დაიკეტა ყველაფერი. დედა მეხმარებოდა, მაგრამ ის სალონიც დაიკეტა, სადაც მუშაობდა. დედამთილი რესტორანში მუშაობდა და ისიც დაიკეტა, არც ახლა მუშაობს. სოციალური დახმარება გვაქვს და იმით ვარსებობთ, მე მხოლოდ 250 ლარს ვიღებ შშმ პირის დახმარებას. ზოგჯერ ჩემი და მეხმარება ფინანსურად.

ახლა ბავშვი მყავს, რომელსაც ბევრი რამ სჭირდება. ამიტომ ვცდილობ ახლა მასზე ვიზრუნო.

მეგი ამბობს, რომ ოჯახის წევრების მხარდაჭერას გრძნობს, რაც ძალიან ეხმარება ბრძოლაში.

ლილემ ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში

ყველა დღე სხვანაირად იწყება, ჩემ გვერდით წევს, ალბათ ხვდება, რომ დედას არ შეუძლია და არც ტირის ხოლმე. ადრე მეგონა, სხვა რამე იყო დედაშვილობა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ბოლომდე ვატარებ.

რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. მართალია, შშმ ადამიანების მიმართ ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპები, რომ თითქოს არაფერი შეგვიძლია, მაგრამ ასე არ არის. ეტლში მყოფსაც შეგვიძლია ბევრი რამ გავაკეთოთ. თუ ქვემო კიდურები არ მომერჩილება, მაქვს გონება, რომელიც შემიძლია გამოვიყენო.

არის შემთხვევები, როცა სიბრალულს გამოხატავენ შენს მიმართ. ზოგი ცდილობს ხურდა ჩაგიყაროს ხელში, როცა ქალაქში გადიხარ და გხედავენ, რომ ეტლში ზიხარ. მაგრამ ასე არ არის, რაღაც ნამდვილად შემიძლია გავაკეთო ჩემი შვილისთვის, თუნდაც ეტლში მყოფმა.

ლილემ ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, ბრძოლის უნარი მომცა, მეტი ენთუზიაზმი, რომ ცხოვრება გავაგრძელო და მასთან ერთად თავიდან ვისწავლო სიარული.

სიარულიც ნელ-ნელა, შვილთან ერთად, თავიდან უნდა ვისწავლო.

არსებობს იმედი, რომ გავივლი

ხერხემალში ძვლის ნაწილი მაქვს ჩარჩენილი, რომელიც ამოსაღებია. არ ვიცი, აქ თუ აკეთებენ ამ ოპერაციას, აუცილებლად მინდა მკურნალობა გავაგრძელო. მაქვს რწმენა, რომ გავივლი, თუმცა აქ, საქართველოში, ვერ მპირდებიან. თურქეთში და საფრანგეთში კი 90 პროცენტ  იმედს მაძლევენ.

თუმცა ოპერაციისთვის 15 ათასი დოლარია საჭირო. სახელმწიფო არ მეხმარება, ჩემს ოჯახს კი ამის ფინანსები არ აქვს. მეუღლეც პატიმრობაშია. ძალიან მჭირდება საზოგადოების დახმარება.

მინდა გავიარო, მინდა სწავლა გავაგრძელო, მინდა ჩემი შვილის გაზრდაში აქტიურად ვიყო ჩართული, ამას კი მხოლოდ მაშინ შევძლებ სრულყოფილად, თუ გავივლი. იმედი კი ნამდვილად არსებობს, ახლა მთავარი ფინანსების მოძიებაა.

ვიდეო:

მეგის დახმარების მსურველებს, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ მის პირად ანგარიშზე თიბისი ბანკში: GE18TB7672845061100093

საქართველოს ბანკი: GE41BG0000000161610414

გადაბეჭდვის წესი


ასევე: