მთავარი,სიახლეები

როდის მიიღებს ქვეყანა სამაშველო შვეულმფრენებს – მთავრობა მათ შეძენაზე 10 წელია საუბრობს

04.08.2023 • 3190
როდის მიიღებს ქვეყანა სამაშველო შვეულმფრენებს – მთავრობა მათ შეძენაზე 10 წელია საუბრობს

გუშინ, 3 აგვისტოს, რაჭაში განვითარებული სტიქიის ფონზე კვლავ აქტუალური გახდა სამაშველო ვერტმფრენების საკითხი. შესაბამისად აღჭურვილი ვერტმფრენები საქართველოს დღემდე არ აქვს, თუმცა ხელისუფლება მათ შეძენაზე თითქმის 10 წელია საუბრობს.

ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან კი, სამი H 145 ტიპის ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერშია გაფორმებული.

პირველ შვეულმფრენს საქართველო ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში, ანუ 2024 წლის მაისში მიიღებს. მეორე შვეულმფრენს – 19 თვის განმავლობაში, ანუ, 2024 წლის ივლისში და მესამეს – 20 თვეში, ანუ 2024 წლის აგვისტოში.

სასაზღვრო პოლიცია შვეულმფრენების ეტაპობრივად მიღებას იმით ხსნიდა, რომ „ზემოაღნიშნული შვეულმფრენები განკუთვნილია პოლიციური და სამაშველო მისიებისთვის, მათი დაკომპლექტება უნდა მოხდეს შესაბამისი აღჭურვილობით, რისი გათვალისწინებითაც მოწოდება განხორციელდება ეტაპობრივად“.

შსს-ს ინფორმაციით, „H 145“ მრავალფუნქციური შვეულმფრენია – პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობა გამარტივებული წესით შვეულმფრენების შესყიდვაზე 2022 წლის 25 დეკემბერს მიიღო. ამასთან, სასაზღვრო პოლიცია გაყიდდა მის ბალანსზე არსებულ AS-332 L1e ტიპის [სუპერ პუმა] ერთ შვეულმფრენს და იყიდდა H 145 ტიპის სამ შვეულმფრენს.

სასაზღვრო პოლიციის დოკუმენტების მიხედვით „კომპანია Airbus Helicopters S.A.S-მა მოლაპარაკების პროცესში გამოთქვა მზაობა პრივატიზების გზით შეიძინოს მისივე წარმოებული აღნიშნული საფრენი აპარატი [AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენი], მასზე დამონტაჟებული სხვადასხვა აღჭურვილობით, რომლის საპრივატიზებო თანხად განსაზღვრა 5 500 000 ევრო…

ამასთან, AIRBUS-მა გამოთქვა მზაობა, საერთო პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეღავათიან ფასად [საერთო ღირებულება 26 500 000 ევრო] შევისყიდოთ 3 ერთეული H 145 ტიპის შვეულმფრენი [რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც საპოლიციო, ასევე სამაშველო მისიებში] და შესაბამისი სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები.“

„ბათუმელები“ შსს-ს ამჯერადაც დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენები 2024 წელში უნდა მივიღოთ, სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი წლის წინ განაცხადა, რომ შსს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენას გეგმავდა:

ღარიბაშვილის მიერ გახმიანებული გადაწყვეტილება სამი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე ახალი არ იყო. ამის შესახებ შსს-ში 2017 წელსაც საუბრობდნენ, როდესაც მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ჩაქრობისთვის მაშველებს ვერტმფრენები არ გამოუყენებიათ:

საქართველოს მთავრობამ კი, ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ორი SUPER PUMA–ს ტიპის ვერტმფრენის გასხვისება, თუმცა ამბობდა, რომ მათში გადახდილი ფასი იმდენად მაღალია, რომ პოტენციური მყიდველის მოძიება გართულებულია და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ცნობილი დილერები უარს ამბობენ ამ ფასის ფარგლებში მათ შესყიდვაზე.

რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯები მოიყოლა. ბოლო მონაცემებით [4 აგვისტო, 14:30] ცნობილია, რომ სტიქიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტ ადამიანთან კი, დაკავშირება ვერ ხერხდება. დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.

მთავარი ფოტო: სტიქიის ამსახველი დრონით გადაღებული კადრი შოვში. გადაღებულია 3 აგვისტოს. ფოტო: გიორგი შანიძე

 

სასაზღვრო პოლიციის მიერ შვეულმფრენების გამარტივებული წესით შეძენაზე ვრცლად ნახეთ აქ:

სასაზღვრო პოლიცია 3 შვეულმფრენს იყიდის, რაშიც 26,5 მილიონ ევროს გადაიხდის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: