„სავარაუდოდ, ეს არის დაგროვებული მასა. როგორც თქვენ, მეც კადრები ვნახე, ადგილზე არ ვყოფილვარ. ამხელა მასა უცებ არ წამოვა. დაახლოებით 3 მილიონ კუბურ მეტრზეა საუბარი. მაშინ მთლიანად უნდა დაიშალოს ყველაფერი. არც მიწისძვრა ყოფილა. ეს იყო დაგროვებული მეწყერი, რომელმაც ზღვარი გადალახა. მასის მოწოლას ვეღარ გაუძლეს ფერდებმა“, – ასე განმარტავს გეოლოგი ტარიელ ტუსკია რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის მასშტაბის მიზეზებს.
„ბათუმელები“ გეოლოგს 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარ სტიქიაზე ესაუბრა.
- ბატონო ტარიელ, თქვენი შეფასებით, რა მოხდა შოვში, ეს მხოლოდ სტიქიაა, თუ არსებობს გარემოებები, რამაც ასეთი მასშტაბი განაპირობა? ასევე, მაინტერესებს, ეს კონკრეტული მთა მონიშნული იყო, როგორც მეწყერსაშიში ზონა?
კადრების მიხედვით, რაც ხიდის ქვემოთ ვნახე, დიახ, მართალია, გაატყავებდა წყლის ამხელა მასა ხეებს, მაგრამ არცერთს არ ჰქონდა მერქანი. ვფიქრობ, ეს არის დაგროვებული მასა, რომელიც მეორედ და მესამედ გააქტიურდა. მე, პირადად, ასეთი აზრი გამიჩნდა, რომ ეს იყო ნაგროვები მასა.
ამხელა მასა ასე უცებ ვერ წამოვა. მაშინ მთლიანად უნდა დაიშალოს ყველაფერი, არც მიწისძვრა ყოფილა. ეს იყო ნაწილ-ნაწილ წამოსული მეწყერი, რომელმაც უკვე ზღვარი გადალახა. ამხელა მასის მოწოლას ვეღარ გაუძლეს ფერდებმა.
ეს ჩემი შეფასებაა, მხოლოდ კადრების მიხედვით რაც ვნახე. ადგილზე არ ვყოფილვარ.
- თუ ეს მართლაც ასე იყო, შესამჩნევი არ უნდა ყოფილიყო ვინმესთვის? გუშინ მოვისმინეთ, რომ ადგილობრივებსაც უჩვეულოდ მოეჩვენათ მდინარის გააქტიურება წინა დღეებში.
ვერ გეტყვით, სხვაგვარად ამხელა მასის ერთად წამოსვლა რთულად წარმოსადგენია. მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ გაწყლოვნებული იყო ყველაფერი. ისიც ითქვა, რომ მანდ ძველი მყინვარი ყოფილა და ის გააქტიურდა. ამ ანალიზს ვაკეთებ კადრებზე დაყრდნობით, როგორც სპეციალისტი.
როდესაც მოხდა [მეწყერი] სხალთაში, ფერდი დაემხო მთლიანად. ახლაც სხალთის ვარიანტია, მაგრამ გავრცელება იყო პატარა. მაშინ მდინარე აჭარისწყალი ჩაკეტა. აქ ტრანზიტული მანძილია ძალიან დიდი, დაახლოებით 4-5 კილომეტრზე მეტიც შეიძლება იყოს, საიდანაც დაიძრა. შეიძლება ავიდე მეც ადგილზე და ვნახო.
- როგორ ხდება მონიშნული ადგილების მონიტორინგი?
მსგავსი საშიში უბნები ჩვენთანაც არის, აჭარაში, მაგრამ სტაბილურია. როდის გააქტიურდება, ამას მონიტორინგი სჭირდება. ანუ, დაკვირვება, კვლევების ჩატარება, მაგრამ რა ვიცი, დღეს ისეთი სიტუაციაა, ეს ნაკლებად ხდება.
- დაგვიკონკრეტეთ, ამბობთ, რომ არ მიმდინარეობს მონიტორინგი?
არ მიმდინარეობს. დასახლებულ უბნებზე მიმდინარეობს, მაგრამ ეს დაუსახლებელი ტერიტორია იყო. შოვიდან კი არ დაწყებულა მეწყერი, შოვში მოვიდა მთიდან და იმ ფერდობებიდან, სადაც იყო ეს მასა დაგროვებული და შემდეგ უცებ ერთდროულად წამოვიდა. ამბობენ, წვიმაც დაემატაო.
ჩვენ ღორჯომის ხეობაში გვქონდა ასეთი უბანი ადრე და დღეს სტაბილურია. მიკვირდა, როგორ გაჩერდა-მეთქი, მაგრამ ბუნება ასეთია, სტაბილური ხდება ერთი უბანი, მეორეზე გადადის. ბევრი გვაქვს ასეთი უბანი, ეს ცოცხალი არსებაა, ეროზია მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ მათი მარაგია დასაზუსტებელი. თუ იქ ადგილობრივმა არ გაიარა, სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, რომ გაუშვას ყოველდღე გეოლოგი, შემოიაროს, დააკვირდეს. წესით, მონიტორინგი ამას ნიშნავს.
- მესმის, რომ არ გვყავს ამდენი სპეციალისტი, მაგრამ აქტიურ ადგილებს ეტაპობრივად არ ამოწმებენ? გვითხარით უფრო დაზუსტებით.
წარმოგიდგენიათ, რამხელა მასაა? – 3 მილიონი კუბური მეტრი. როცა დაითვლება საბოლოოდ, შეიძლება 5 მილიონიც იყოს. როცა შეფასდება, შემდეგ დაიდება რეალური შეფასება, შეიძლება 8 მილიონზეც ავიდეს. შოვი აღარ არისო. იქ ველაპარაკე და უწერაშიც ველაპარაკე. ფაქტობრივად, აღარაფერი არისო.
- შემთხვევით რომ მომხდარიყო მცოდნე ადამიანი იქ და ენახა ეს დაგროვებული მასა, პრევენცია შესაძლებელი იყო?
მასეთ ადგილებზე დადიან ალპინისტები, მეტყევეები ან რეინჯერები. მეტყევეებს უნდა აეტეხათ ალბათ განგაში, რომ ტყე ჩაინგრა, ჩაიშალა, ჩამოსკდა. სხვანაირად აქედან როგორ განსაზღვრავ, თუ არ მოიარე? ვიღაცამ უნდა გითხრას, რომ ჩამოსკდა, ჩაიშალა, ან მდინარის გამტარუნარიანობა შემცირდა.
- კონტროლის როგორი სისტემა გვაქვს, ვინმეს, თუნდაც რეინჯერს აქვს ინფორმაცია, დატრენინგებულია შესაბამისად, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რაზე უნდა მოითხოვოს რეაგირება, ატეხოს განგაში?
უნდა შეატყობინოს შესაბამის სამსახურს, ჯერ თავის სამსახურს, რომ აქ ტყის მასა ჩამოიშალა, ღელე გადაკეტა და ასე შემდეგ… სამთავრობო სტრუქტურები ერთვება შემდეგ. ასე ჩემს ნებაზე არ არის. ვიღაცამ უნდა ატეხოს განგაში, რომ რაღაც ისე არ არის, ნაპრალები გაჩნდა, ბზარებია… ამის გაკეთება გლეხსაც შეუძლია.
მაგალითად, ტყეში იყავი სოკოს შესაგროვებლად და არ მოგეწონა, ხეები გადაწოლილია ან ნაპრალებია გაჩენილი. ჩვენთან, აჭარაში, სოფელი ატყობინებს გამგეობას, გამგეობა – გარემოს და ასე შემდეგ. ადგილზე ადის სპეციალისტი. ხომ ხედავთ, სასტუმროები ღელისპირებში აქვთ აშენებული.
- დიახ, ეს უნდა მეკითხა, უფრო მეტი გვითხარით ამაზე, მდინარისპირას მშენებლობებზე.
ეს ფაქტია, ჩვენთანაც ასეა და მთელ საქართველოშიც. გეოლოგიური სამსახური უგულებელყოფილია. მოხდება სტიქიური მოვლენა და მერე ვიძახით, გეოლოგიური დასკვნა რატომ არ არისო. მერე ერთ წელში არავის ემახსოვრება ეს.
რამდენი ადამიანის მსხვერპლი ყოფილა ჩვენთან, მერე მივსულვარ იმ ადგილს და… კაცი სახლს აშენებდა იქ, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა – აგერ, ორთაბათუმში, მთელი ოჯახი დამარხა მეწყერმა, სახლს აშენებდა ბაბუა – აბა, რა ვქნა, ჩემი მიწაა და სხვაგან სად ავაშენოო.
- ასეთი მშენებლობები არის ნებართვებითაც. ნებართვა გაცემულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ, რას გვეტყვით ამაზე?
რა უნდა გითხრათ – ეს დარღვევაა. ან გაგიმართლებს, ან არა, ვის გაუმართლებს და ვის – არა. როცა ფული აქვს და სასტუმროს აშენება უნდა, მოიყვანს ალბათ გეოლოგს, დააწერინებს დასკვნას, შეაფასებინებს. დაუწერ, რომ აქ კალაპოტი გააკეთე, 2 სართულზე მეტი არ შეიძლება. გაივლი და არც კალაპოტია და რვასართულიანი სახლი აქვს აშენებული. ვერ ვხსნი. თავის თავს ემტერებიან. ოღონდ სასტუმრო და ბევრი ნომერი გააკეთონ, მეწყერს და ღვარცოფს აღარ უყურებენ. არასწორია.
- შოვში, სადაც კოტეჯები იყო აშენებული…
რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა. მყინვარის გამოტანის კონუსს ვეძახით ასეთ ადგილებს. სადაც მყივარმა ან ღვარცოფმა გამოიტანა მასა, იქცა სწორ ადგილად, მას ქვემოთ არანაირი სიმაგრე არ აქვს. აღარ ახსოვთ, რომ ეს ასე მოხდა. ამაზე 10 – 15 წლის შემდეგ შეიძლება ნახო, რომ 4-5-სართულიანი შენობა დგას.
- ერთია, რა უნდა მშენებელს, მაგრამ მეორეა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, როცა ნებართვას აძლევ, რისკები შეფასებული არ გაქვს?
ვერ გეტყვით მაგას. მე ვიცი, რომ გეოლოგიურად არ შეიძლება. ვინ რატომ და როგორ აძლევს მაქ ნებართვებს…
არის ისეთი ადგილები, სადაც მეწყერია ჩვენთან და საერთოდ არ უნდა აშენდეს. ვერ გეტყვით, რა ხდება, ნამდვილად ვერ გეტყვით. მივედი კაცთან, რომელსაც მდინარე ეზო-კარს უნგრევდა, ჩააგდო მილი და სახლი ააშენა. ნებართვა არც ექნებოდა, ალბათ თავისი ინიციატივით ააშენა. თოფით ხომ ვერ დაუდგები.
ასეთი ქართული სულელური პრინციპიც არის, ჩემს საკარმიდამოში რასაც მინდა, იმას ვიზამო.
- ნებართვა ხომ ერთგვარი რისკებისგან დაზღვევა უნდა იყოს. კანონის მოთხოვნების შესაბამისად რომ იყოს გაცემული, კალაპოტთან კოტეჯი ვერ აშენდებოდა. ასე არ არის?
არ დამიჯერებთ და პირველი, რაც ვკითხე, როცა დავრეკე, ვინ გასცა ამ მშენებლობებზე ნებართვა-მეთქი. მაქ ჯერ სად ვართ მისულიო. ალბათ ვინმე არასპეციალისტმა დაუწერა – ააშენე, აქ არაფერი მომხდარა ასი წელიაო.
მაგას რომ ეუბნები ადამიანს, რომ ეს ძველი მეწყრული ფერდია და შეიძლება ხვალ გააქტიურდესო, გპასუხობს ასი წელი აქ ცხოვრობს ჩემი გვარი და არაფერი არ მოსვლიაო. ის კი არ იცის, რომ სანამ არ შეეხები, სანამ არ ჩამოჭრი, სანამ არ დაარღვევ სტრუქტურას, მანამდე შეიძლება სტაბილური იყოს. როგორც კი ჩამოჭრი და ამძიმებ, წყალს მიიყვან, კანალიზაციას გაიყვან, ეს ყველაფერი ბუნებაზე მოქმედებს, ააქტიურებს პროცესს.
მთელი ჩემი ცხოვრება ამ პრობლემის გადაწყვეტა ვერასდროს მოხერხდა, ატყდება ერთი ამბავი, გამოვა ახლა კანონები, არ ააშენოთო, მაგრამ გავა ორი-სამი წელი და არავის ემახსოვრება ეს, იმხელა შენობებია ჩადგმული. ამას ვერ ავხსნი.
- კვარიათში მთაზე, რომელიც ზღვას გადმოჰყურებს, ინტენსიურად აშენებენ. ეს სახიფათოა?
დიახ, იმ კლდეებზე შეიძლება ისეთი შენობების გაკეთება?! მიბრძანდით ახლა და ნახეთ რამდენი ახალი შენობაა იქ.
ძალიან რთულ თემებს შევეხეთ. იცით, გარკვეულ საქმეებში რას წერდნენ? – არის გეოლოგიური დასკვნა, ნომერი ეს და ეს. მაგრამ დასკვნაში რა ეწერა, არ კითხულობდნენ. მხოლოდ ნომერი ეწერა და ის, რომ დასკვნა არის. რა წერია, ამას არავინ კითხულობს მთავრობაში. ნახულობენ, რომ არის. მიწერია, 2-სართულიანი აშენდეს, მეტი არა-მეთქი, მივსულვარ და დამხვედრია რვა სართული.






