„აქამდეც მოთოვა რამდენჯერმე, მაგრამ საღამომდე გადნა, ახლა გაყინა კიდეც, ვეღარ გადნება ადვილად, დაახლოებით 10 – 15 სანტიმეტრი იქნება თოვლის სიმაღლე უკვე“ – ამბობს მერაბ სანიკიძე. ის გასული წლების მსგავსად, წელსაც კურორტ გომისმთაზე აპირებს გამოზამთრებას.
მერაბ სანიკიძის თქმით, კურორტამდე მისასვლელი გზა ჯერ არ ჩაკეტილა, ელექტროენერგია კი ოქტომბერში გათიშეს. კურორტის ყველა სახლი უკვე დაკეტილია – დამსვენებლებმა და მოიალაღეებმა გომისმთა სრულად დატოვეს.
„სამი ოჯახი ვართ მხოლოდ შემორჩენილი, ოზურგეთელები, გენერატორი გვაქვს და წყალიც მოდის. ყველაფერი უნდა შევავსოთ ახლა ზამთრისთვის, რადგან 15 ნოემბრის მერე საერთოდ აღარ იქნება გზა. გასულ ზამთარს, მაგალითად, 8 მეტრი თოვლი იყო აქ, საერთოდ აღარ ჩანდა სახლები,“ – გვიყვება მერაბ სანიკიძე.
2018 წლიდან მერაბ სანიკიძე კურორტ გომისმთაზე ზამთრის ტურიზმის განვითარებას თავისი ძალებით ცდილობს.
„ულამაზესი გარემოა თოვლშიც, აქ ვინც ამოდის ფეხით, ძალიან დაქანცულია, მაგრამ მერე სახლში აღარავინ შემოდის, სულ გარეთ არიან.
როცა დიდია თოვლი, თხილამურებით უნდა წახვიდე, უკვე შესწავლილი მაქვს, როდის ღირს გასვლა – ორი დღე უნდა დაანათოს მზემ და მერე შეიძლება გაიარო თხილამურით, ოღონდ ერთი კილომეტრის გასავლელად დაახლოებით ერთი საათია საჭირო. დილით ადრე გავდივარ, რომ 10 საათი ვიარო და იმ მონაკვეთამდე მივიდე, სადაც ავტომანქანით დახვედრაა შესაძლებელი.
2016 წლის აპრილში გატესტეს პირველად აქ თოვლი სნოუბორდის მოყვარულებმა. უკვე ყველგან დამდნარი იყო თოვლი, აქ კი 2 მეტრი იყო, გაგიჟდნენ სიხარულით. ახლაც ვემზადებით სნოუბორდისთვის. ბევრს უყვარს გაუკვალავ თოვლში თხილამურებით სრიალი,“ – ამბობს მერაბ სანიკიძე.
კურორტი გომისმთა, 2023 წლის 10 ნოემბერი, მერაბ სანიკიძის ფოტოკურორტი გომისმთა, 2023 წლის 10 ნოემბერი, მერაბ სანიკიძის ფოტოკურორტი გომისმთა, 2023 წლის 10 ნოემბერი, მერაბ სანიკიძის ფოტოკურორტი გომისმთა, 2022 წლის ზამთარი, მერაბ სანიკიძის ფოტო
„ვითხოვთ იმას, რომ შემოვლით გზაზე მაინც გამოიაროს ჩვენთან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, შემოვლით გზაზე ტრაილერები თუ დადის და სხვა ტრანსპორტი, ავტობუსი რატომ ვერ გაივლის?“ – კითხულობს თამუნა ბერიძე, რომელიც ბათუმში, ხახულის ქუჩაზე ცხოვრობს.
დღეს, 10 ნოემბერს, ხახულის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა ქუჩის ის მონაკვეთი გადაკეტეს, სადაც ავტომანქანების გადადგილება შეზღუდული არ არის. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქუჩა ცოტა ხნით გახსნეს სამართალდამცველებმა.
„მოვიდნენ პოლიციელები და დაგველაპარაკნენ, დაგვპირდნენ სიტუაციის გარკვევას… აქამდე ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მერიას და მოვითხოვეთ მუნიციპალური ტრანსპორტი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ“, – ამბობს თამუნა ბერიძე.
აქციის მონაწილე განმარტავს, რომ ამ ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, ძალიან უჭირთ ფეხით გავიდნენ იმ ქუჩაზე, სადაც ავტობუსი დადის.
ბათუმში ხახულის ქუჩა [ამავე ქუჩის მეორე შესახვევის მიმდებარედ] გადაკეტილია. მიზეზი – ხიდზე სამუშაოებს ატარებენ, რის გამოც ავტომანქანებს შემოვლითი გზის გავლა უწევთ, ისევ ხახულის ქუჩით რომ გააგრძელონ მოძრაობა. ამ ხიდის ქვეშ ღია სანიაღვრე არხი გადის.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიცვალა მიკროავტობუსების და მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტიც.
2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე 573 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა 1059 ადამიანზე – ასეთია შს სამინისტროს სტატისტიკა.
ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიწერა თბილისში – 324, მეორე ადგილზე კი აჭარაა, სადაც პოლიციამ 76 შემაკავებელი ორდერი გამოწერა ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე 145 პირის მიმართ [შემაკავებელი ორდერი შეიძლება გამოიწეროს რამდენიმე პირზე].
აჭარაში გამოწერილი შემაკავებელი ორდერიდან 20 გამოიწერა ფიზიკური ძალადობის გამო, 63 – ფსიქოლოგიური ძალადობის, 3 – სექსუალური ძალადობის, 3 კი – იძულების გამო.
მოძალადეების უმრავლესობა კაცი იყო. 505 ორდერი სწორედ კაცების მიმართ გამოიწერა.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ძალადობის მსხვერპლი ქალების ასაკი 25-44 წელია.
რაც შეეხება ოჯახში ძალადობის გამო გამოწერილ შემაკავებელ ორდერებს, სტატისტიკა აქ გაცილებით მაღალია. 2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ოჯახში ძალადობის გამო სულ 6510 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა, აქიდან აჭარაში – 619.
შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 3019 შემაკავებელი ორდერი თბილისში გამოიწერა, მეორე ადგილზე კი ამ სტატისტიკაშიც აჭარაა – 2023 წლის პირველ 9 თვეში აჭარაში 619 ორდერი გამოიწერა ოჯახში ძალადობის გამო.
კანონმდებლობა შემაკავებელი ორდერის გამოცემას ითვალისწინებს მხოლოდ ორ შემთხვევაში: როდესაც ძალადობის ფაქტი ხდება ოჯახის წევრებს შორის ან როდესაც ძალადობის ფაქტი ხდება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით. შემაკავებელი ორდერი 30 დღემდე ვადით გამოიცემა.
იტალიური ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდმა,Harmont & Blaine-მა (ჰარმონტ ენდ ბლეინ) 2023 წლის 3 ნოემბერს საქართველოში, ბათუმში, პირველი ოფიციალური მაღაზია გახსნა რუსთაველის ქუჩის 40 ნომერში.
Harmont & Blaine-ი ცნობილია თავისი გამორჩეული Dachshund (ტაქსას) ბლეინის ლოგოთი. კომპანიის სათავო ოფისი კამპანიის რეგიონის ქალაქ ნეაპოლში მდებარეობს და მსოფლიოს 46 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
საქართველოში ახალი მაღაზიის გახსნით, კომპანია აგრძელებს თავისი გაფართოებისა და უცხოურ ბაზრებზე შესვლის გზას და შემოაქვს თავისი საფირმო დახვეწილი casual – ყოველდღიური სტილი ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე.
იტალიური ბრენდი მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სამოსს ქმნის, თუმცა ახალ მაღაზიაში, ექსკლუზიურად მხოლოდ მამაკაცის ხაზი იქნება წარმოდგენილი. მაღაზიის სტუმრებს შემოდგომა-ზამთრის 2023 წლის მამაკაცის სამოსისა და აქსესუარების კოლექცია დახვდებათ.
ბათუმში არსებული სივრცე შთაგონებულია ბრენდის იტალიური ფესვებისა და ხმელთაშუა ზღვის წარმომავლობით, რომელიც გადმოსცემს სიმარტივის, სიმსუბუქის და ერთიანობის ღრმა გრძნობას.
ახალი ინტერიერი წარმოადგენს Harmont & Blaine-ის ფერების სიყვარულის არსს, რომელიც გამოირჩევა ლურჯის დამამშვიდებელი ეფექტით და ოხრას შეხებით, შერეული ბუნებრივ და თანამედროვე ელემენტებთან, როგორიცაა ხე, ფოლადი და LED განათება.
Harmont & Blaine-ის მამაკაცის კოლექცია მოიცავს როგორც ფუნქციონალურობისა და მხატვრობის სამყაროს განვითარებულ კონცეფციებს, ასევე ბუნებაში დასვენებას და აპრის-სათხილამურო გამოცდილებას.
სეზონი იხსნება Elevated Utility (გაზრდილი სარგებლობის) გარდერობით, რომელიც ორიენტირებულია სიმსუბუქესა და კომფორტზე, შემდეგ წარმოგიდგენთ Art Academy – ხელოვნების აკადემიის თემას, რომელიც შთაგონებულია მხატვრის პალიტრით, ბოლოს კი ცის ლაუნჯის Sky Lounge Drop – ცის ლაუნჯის თემით ქალაქიდან მთებში ინაცვლებს.
Harmont & Blaine-ი ახალ კოლექციაშიც აგრძელებს თავის გზას – მუდმივ კავშირს ბრენდის კრეატიულობასა და პლანეტის რესურსების დაცვის ვალდებულებას შორის.
კოლექცია შეიცავს მრავალფეროვან პროდუქტს, რომლებიც დამზადებულია ინოვაციური პროცესების, რეციკლირებული ბოჭკოების და ორგანული მასალების გამოყენებით, გარემოზე დაბალი ზემოქმედებით. გადამუშავების პროცესის წყალობით, კომპანია ნარჩენ ბოჭკოებს მეორე სიცოცხლეს ანიჭებს. რაც ადასტურებს ბრენდის მიდგომას და მის მუდმივ განვითარებას პლანეტის დასაცავად.
ბრენდის საქართველოში ტერიტორიული გაფართოების ფარგლებში იგეგმება მეორე მაღაზიის თბილისში გახსნა, სადაც ბრენდმა უკვე შეარჩია პრესტიჟული ლოკაცია ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკეში.
Harmont & Blaine-ის შესახებ:
Harmont & Blaine იტალიურიკომპანიაა, რომელიცგამოირჩევაცნობილი Dachshund-ისბრენდით. კომპანია აწარმოებსმაღალიფენის, მაღალი დონის, ყოველდღიური, ნახევრად ფორმალურ, ჭკვიანურ, კომფორტულ ტანსაცმელსბაზრისპრემიუმსეგმენტისთვის.
მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი, ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, დღეს, 10 ნოემბერს, 4 საათით დაგვიანებით ჩამოფრინდება. შესაბამისად, ასევე დაგვიანებით შეასრულებს რეისს ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით.
კომპანია TAV Georgia-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თვითმფრინავი 12:30-ის ნაცვლად ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 16:30 საათზე უნდა ჩამოფრინდეს. დაგვიანების მიზეზებზე კომპანიაში არ საუბრობენ.
რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით კი, რუსული ავიაკომპანიის – Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს მოსკოვი-ბათუმი, აფრენიდან გარკვეული დროის შემდეგ უკან, დომოდედოვოს აეროპორტში დაბრუნდა. მათი ცნობით, ამის მიზეზად გარკვეული დეტალის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
განახლება:თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 16:10 საათზე დაჯდა:
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ „გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით, შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე.“
„აღნიშნული დოკუმენტები მოქალაქეებს ძირითადად მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, WhatsApp ) ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299-299.“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემოსავლების სამსახური ასევე აცხადებს, რომ „მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება.“
ელისო კვანტალიანი უკვე 9 წელია ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ამ დროის განმავლობაში მან ფარმაცევტული ცოდნისა და გამოცდილების წყალობით უამრავი ადამიანის ნდობა მოიპოვა. ელისოს ზუგდიდში, რუსთაველის N92-ში მდებარე პსპ-ს აფთიაქში შევხვდით და ფარმაცევტის პროფესიაზე ვესაუბრეთ.
ელისო, მოგვიყევით თქვენ შესახებ. ვინ ხართ და რა განათლება გაქვთ ?
მე ვარ ელისო კვანტალიანი, პსპს-ს აფთიაქის მენეჯერი ზუგდიდში, პროფესიით ფარმაცევტი და ორი ბავშვის დედა.
როგორ მოხვდით პსს-ში და რამდენი წელია, რაც აქ მუშაობთ? ამჟამად თქვენი საქმე რა არის?
რთულია ცხოვრებაში იპოვო ადგილი, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობ. ამ მხრივ მე გამიმართლა და 2014 წლიდან პსპ-ში ვმუშაობ. მანამდე საბავშვო ბაღში ვმუშაობდი და პატარებზე ვზრუნავდი.
ამჟამად მენეჯერი ვარ და ჩემს საუკეთესო გუნდთან ერთად ვემსახურები ადამიანებს და მუდმივად ვცდილობ სიახლეების სწავლასა და განვითარებას, რაშიც კომპანია ძალიან გვეხმარება.
რამდენად მნიშვნელოვანია ფარმაცევტის კომპეტენცია? თუნდაც იმიტომ, რომ თუ აფთიაქში ადამიანი ცუდად გახდება, დაეხმაროთ. გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
ფარმაცევტის კომპეტენცია უმნიშვნელოვანესია ადამიანების დახმარების კუთხით. ეს ასევე, დიდ როლს ასრულებს კომპანიასა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
ფარმაცევტი პასუხისმგებლობას იღებს ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. სწორედ მათი პროფესიონალიზმის წყალობით, არაერთი ადამიანი გადარჩენილა და ჩვენს ფილიალშიც უამრავი ასეთი შემთხვევა გვქონია.
რას ნიშნავს თქვენთვის პსპ?
ჩემთვის პსპ ნიშნავს ვითარდებოდე და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდე მწვერვალებისკენ. ეს ნიშნავს იყო დიდი ოჯახის წევრი, სადაც ყველა საზოგადოების და ერთმანეთის დახმარებაზეა ორიენტირებული. იყო პსპ-ლი ნიშნავს გქონდეს უმნიშვნელოვანესი წვლილი ადამიანების ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში.
რა არის მთავარი ფარმაცევტისა და მომხმარებლების ურთიერთობაში?
უპირველეს ყოვლისა, ფარმაცევტი მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ის პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის საქმეს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შეცდომის დაშვების ალბათობა.
ფარმაცევტსა და მომხმარებელს შორის აუცილებელია ნდობისა და ერთგულების ჩამოყალიბება, რაც მეტწილად ფარმაცევტზეა დამოკიდებული. ნდობა და პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ერთგული მომხმარებლების რაოდენობას. ასეთი მომხმარებლები გვაძლევენ ძალას, ენერგიას და ხალისს დაუღალავად ვემსახუროთ ადამიანებს.
რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა პსპ?
პსპ არის საიმედო კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით. პსპ არის ლიდერი კომპანია და ჩვენი კონსულტანტები, ფარმაცევტები და მენეჯერები მუდამ მზად არიან გულისხმიერად მოგემსახურონ.
აფთიაქში გვაქვს მედიკამენტების, ბავშვთა მოვლის, ასევე თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტი. ძალიან ხშირად არის აქციები და გვაქვს გარანტირებულად დაბალი ფასები. ზოგადად, თვითონ მომხმარებლები აღნიშნავენ ჩვენთან საუბარში, რომ სხვა აფთიაქებთან შედარებით დაბალი ფასები გვაქვს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ნოემბრის 21 საათიდან 11 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 12-13 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 309 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
ტანკი – 5 317 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 10 017 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 7 489 ერთეული [+14]
MLRS – 877 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 578 ერთეული [1]
თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 595 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 558 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 876 ერთეული [+23]
სპეცტექნიკა – 1 060 ერთეული [1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
533 თვითმფრინავი
254 ვერტმფრენი
8 791 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
13 335 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 183 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 040 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
15 175 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
1937-38 წლებში ათიათასობით ადამიანი საბჭოთა კავშირში ხალხის მტრად შერაცხეს და დახვრიტეს ან გადაასახლეს. 2017 წელს ბათუმთან რეპრესირებულთა მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს – ინფორმაცია ამის შესახებ 2019 წელს გავრცელდა. დახვრეტილთა შორის იყვნენ სხვადასხვა ეროვნების, პროფესიის ადამიანები, მათ შორის სასულიერო პირებიც.
რა ვიცით ამ სამარხების შესახებ და რატომ არის მნიშვნელოვანი საბჭოთა რეპრესიების შესწავლა? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ისტორიკოს ანტონ ვაჭარაძეს, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელია და უშუალოდ იყო ჩართული ბათუმში რეპრესირებულთა სამარხის აღმოჩენასა და კვლევაში.
2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმთან ახლოს აღმოაჩინეს 1937-38 წლებში დახვრეტილ პირთა სამარხები. არსებული მონაცემებით 1050 ადამიანზეა საუბარი. ბატონო ანტონ, რა ვიცით ამ ადამიანებზე, ვინ იყვნენ, რა ასაკის, რა სოციალური სტატუსის მქონე?
როცა ამდენ ადამიანზეა საუბარი, მათი დაყოფაც მრავალფეროვანია. ყველანაირი ასაკის, სქესისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი გვხვდება.
რეპრესიები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა. მათ შორის იყო სტალინური ოპერაცია, რომელიც უფრო მეტად პოლიტიკურად აქტიურ პირებს და ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეეხო. ამ ადამიანთა რიცხვი საკმაოდ დიდია, სადღაც 170-მდეა ამ 1050 ადამიანიდან, ვინც სტალინური სიებით გასამართლდა.
1050 ადამიანიდან ყველა დახვრეტილია, მათ მიესაჯათ სასჯელის უმკაცრესი ზომა. რეპრესიები მიმდინარეობდა გადასახლებების კუთხითაც.
რატომ აღიქვამდა ამ ადამიანებს საფრთხედ საბჭოთა რეჟიმი? პირდაპირ რომ ვთქვათ – რა დააშავეს ამ ადამიანებმა? ვინ წყვეტდა მათ ბედს?
ზოგადად, საბჭოთა კავშირში პოლიტიკურმა რეპრესიებმა პიკს 1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ დროს მიაღწია.
ეს არის დრო, როდესაც მიმდინარეობს საზოგადოების გაერთგვაროვნება. ისინი, ვინც ოდნავ მაინც აზროვნებდნენ და ფიქრობდნენ სხვანაირად, შესაძლებელი იყო შეფასებულიყვნენ, როგორც საფრთხე ქვეყნისთვის და საბჭოთა იდეისთვის.
საქართველოში 15 000 -მდე ადამიანი დახვრიტეს და დაახლოებით ამდენივე გადაასახლეს. ბევრ მათგანს სრულიად აბსურდული ბრალდება აქვს წაყენებული, თუმცა ისინი მაინც მოყვნენ რეპრესიებში.
აჭარაში რეპრესირებულთა შორის არიან, მაგალითად, სასულიერო პირები – როგორც მართლმადიდებლები, ასევე მუსლიმები; ექიმები; საზოგადოებისთვის ცნობილი პირები.
ყველაზე ხშირად ვახსენებ ხოლმე ერთი ექიმის ისტორიას, რომელსაც ევროპის ოთხ სხვადასხვა უნივერსიტეტში ჰქონდა განათლება მიღებული და საუბრობდა 8 ენაზე. პოლონელი ექიმი რაისა შიშლო, რომელიც ქალაქის წამყვანი ვენეროლოგი იყო, იგი ბათუმში სტალინურ რეპრესიებს შეეწირა. ექიმი 1937 წელს ასობით ადამიანთან ერთად დახვრიტეს.
მიზეზებზე ბევრია სასაუბრო. მათ შორის აღსანიშნავია, რომ რეპრესიების დროს ძალიან დიდი თავისუფლება ჰქონდათ კონკრეტულად საქართველოში, განსხვავებით სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან, რაც ვლინდებოდა იმაში, რომ აქ ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას ადგილზე იღებდნენ.
დახვრეტის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო პირადი მოტივიც. ასე კონკრეტულად, თუ ვინ წყვეტდა მათ ბედს, რთულია დაასახელო. ისინი ასე მუშაობდნენ.
სტალინურ რეპრესიებს რაც შეეხება, იმ 170 ადამიანს 1050 -დან, ჯერ დააკავებდნენ, შემდეგ დგებოდა სიები და იგზავნებოდა მოსკოვში, იქ მოაწერდნენ ხელს და ბოლოს, დაბრუნდებოდა აღსასრულებლად საქართველოში. ეს სიები, ძირითადად, ინახებოდა ადგილობრივი უშიშროების ორგანოებში.
რაც შეეხება 900-მდე, ე.წ. „კულაკური ოპერაციით“ რეპრესირებულს, ასეთ დროს ხალხს ადგილზე, ე.წ. „სამეულები“ ასამართლებდნენ.
როგორ ხდებოდა დახვრეტა რეპრესიების დროს? რა ვიცით ამ პროცესის შესახებ?
თუ მოულოდნელად მივიდოდნენ და წაიყვანდნენ სახლიდან, ჯერ ჰყავდათ იზოლატორში, ციხეში. შეიძლება ეს პროცესი გაგრძელებულიყო რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ მიმდინარეობდა ე.წ. გამოძიება. შემდეგ დაინიშნებოდა სასამართლო, რომელსაც ატარებდა უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესია. ჩამოვიდოდა რამდენიმე მოსამართლე და გარკვეული პერიოდი ისინი ასამართლებდნენ, თუმცა ეს ფუნქცია შემდეგ გადაიბარა ადგილობრივმა „სამეულმა“. მათ გამოჰქონდათ ერთ გვერდზე დაწერილი განაჩენი.
როდესაც დაასრულებდნენ ადამიანის გასამართლებას, გამოჰყავდათ სხდომაზე, რომელიც ხანდახან მხოლოდ 10-15 წუთი გრძელდებოდა. გააცნობდნენ ბრალდების შინაარსს, წაუკითხავდნენ განაჩენს, ადვოკატსა და დაცვაზე საუბარი არ იყო. მიუსჯიდნენ ან დახვრეტას ან გადასახლებას. თითქმის არასდროს არ სრულდებოდა განაჩენი მათი გათავისუფლებით.
საბოლოოდ, განაჩენს აღასრულებდნენ განსაზღვრულ ვადაში, ზოგჯერ მეორე და მესამე დღეს, ხან – ერთ კვირაში.
ძირითადად, მოაგროვებდნენ ჯგუფს – 30, 50, 70 ადამიანს, რათა ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ ეწვალათ და გადაჰყავდათ მათთვის წინასწარ ამოთხრილ ორმოსთან.
სამწუხაროდ, 1937-1938 წლის საგამოძიებო საქმეების უმრავლესობა, 99 პროცენტი, განადგურებულია. არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია იმის თაობაზე თუ როგორ იქმნებოდა და რა პროცესები უძღოდა წინ ე.წ. „სტალინური სიების“ შედგენას, ან მოსკოვში როგორ იგზავნებოდა. გაკულაკების შემთხვევაში საკმარისი იყო, ვინმეს, თუნდაც მეზობლის მიერ დაწერილი წერილი, დასმენა და ა.შ.
როგორც ვიცით, აჭარა განსხვავდებოდა წაყენებული ბრალდებების შინაარსითაც, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი?
განსხვავება გამოწვეული იყო თურქეთის სიახლოვით. მაგალითად, თუ თბილისში ვერ ვნახავთ ბრალდებას თურქეთის აგენტურაზე, აჭარაში წაყენებული ჰქონდათ ბრალდება, თითქოს ბრალდებულები ცდილობდნენ აჭარის მიერთებას თურქეთზე.
სარწმუნოების საკითხიც მნიშვნელოვანი იყო. სავარაუდოდ, არსებობდა საქმიანი, ნათესაობრივი და სხვა სახის კავშირები თურქეთის მოქალაქეებთან. ამ მიზეზით ბრალი ბევრს ჰქონდა წაყენებული.
საქართველოში სამარხების ძიების პროცესის ხელისშემშლელ ერთ-ერთ ფაქტორად კვლავ 1990-იან წლებში, საარქივო მასალების დიდი ნაწილის განადგურება სახელდება.ეს ფაქტი ხომ არ მოწმობს იმას, რომ ასეთი სამარხები შესაძლოა კიდევ იყოს ბათუმში, უბრალოდ მათი არსებობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდეს?
შესაძლოა, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი ფაქტორი ეს არის. ძირითადად, როგორც ცნობილია, 1937-38 წლებში, ოთხ დიდ ქალაქში: ბათუმში, სოხუმში, თბილისსა და ქუთაისში იყო დახვრეტის პოლიგონები. თუმცა, მიუხედავად ძიებისა, რომელიც რამდენიმე წლის წინაც იყო, თბილისთან ვერ მიაგნეს სამარხებს.
სტალინური რეპრესიები შეეხო ყველა ქვეყანას საბჭოთა კავშირში. თუ არის ცნობილი, რომელ ქვეყნებში მიდიოდა რეპრესიები ყველაზე სასტიკად?
ყველგან ძალიან მძიმე იყო. მათ შორის რუსეთსა და უკრაინაშიც. კავკასიაში საქართველო იყო ქვეყანა, სადაც ყველაზე სასტიკად მიმდინარეობდა რეპრესიები. პროცენტულად, დახვრეტილთა რაოდენობით, აზერბაიჯანს აღვემატებით ორჯერ და სომხეთს – სამჯერ.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ადგილობრივ ხელისუფალთ დიდი უფლებამოსილებები გააჩნდათ, ძირითადად, ბერიას „დამსახურებით“. მან დაარწმუნა მოსკოვი, რომ გამსვლელი სესია არ იყო საჭირო და ადგილობრივი სამეულები საქმეს მიხედავდნენ. ეს „სტალინური ოპერაციის“ უნიკალური შემთხვევა იყო მთელ საბჭოთა კავშირში.
ბევრმა „ძველმა ბოლშევიკმა“ სტალინის შესახებ იცოდა ის, რაც არ უნდა სცოდნოდა. ადგილობრივი ხელმძღვანელები დიდი უფლებებით სარგებლობდნენ და ცდილობდნენ ასეთი გზით პარტიისთვის თავიანთი ერთგულება დაემტკიცებინათ. ამავდროულად, სტალინი იყო ქართველი და შესაძლოა, ერთ-ერთი ფაქტორი ისიც ყოფილიყო, არავინ მოსდავებოდა, რომ საკუთარი თანამემამულეები დაინდო.
რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის საბჭოთა რეპრესიებს შეწირული ადამიანების სამარხების პოვნა?
სამარხების პოვნამ ბევრი რამ მოგვცა და კიდევ მოგვცემს. ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა მმართველობა იყო, ეს ისტორია თანამედროვე საქართველოს მემკვიდრეობაა, რასაც სხვა ვერავინ ვერ მოუვლის. საჭიროა ამ ყველაფრის შესწავლა და კიდევ ერთხელ ნათლად ჩვენება მათთვის, ვინც ისევ რჩება სტალინის მეხოტბედ და მისტირის საბჭოთა კავშირს.
გარდა ამისა, ეს თანამედროვე საფრთხეცაა, რადგან ჩვენი ჩრდილოელი მტერი ყოველდღიურად გვახვევს თავს, რომ საბჭოთა კავშირი სინამდვილეში იყო ჰუმანური და წარმატებული სახელმწიფო.
სწორედ ფაქტების მეშვეობით და ბევრი წერით შესაძლებელია არასწორი მოსაზრებების გაბათილება. ძალიან საინტერესოა დახვრეტილთა ადამიანური ისტორიები, მათი შეწყვეტილი ცხოვრება, ცოდნა ამ ისტორიის, რათა მომავალში აღარასდროს განმეორდეს მსგავსი, იმიტომ, რომ არის საფრთხე დიქტატორული რეჟიმების.
რამდენიმე წლის ხნის წინ არავის ეგონა, რომ უკრაინაში ომი დაიწყებოდა. ამის განმეორება რომ არ უნდა დავუშვათ, ამას სჭირდება დაცვა. არავინ იფიქროს, რომ ეს მხოლოდ მაშინ იყო და არასდროს არ მოხდება. სულ რაღაც 80 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი ასეთ სისასტიკეს ახორციელებდა.
სამწუხაროდ, დღევანდელი რუსეთის მეზობლობის პერიოდში სულ არის ამის დაბრუნებისა და განმეორების საშიშროება, რადგან რუსეთი სულ უფრო და უფრო ემსგავსება იმდროინდელ საბჭოთა კავშირს და მმართველობის სისტემა ნელ-ნელა ანალოგიური ხდება.
თქვენი აზრით, რით აიხსნება ის გარემოება, რომ მიუხედავად სტალინური რეპრესიების სისასტიკისა, რომელიც ათასობით ოჯახს შეეხო, საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის სტალინი რჩება პოზიტიურ პოლიტიკურ ფიგურად?
ბევრი რამ მოქმედებს: ისტორიის არასწორი ინტერპრეტაცია, პროპაგანდა და დეზინფორმაცია.
ბევრ ადამიანს არ უნდა წაიკითხოს რეალური ისტორია და თვლიან, რომ სტალინის უარყოფითი დახასიათება არის გამონაგონი და ტყუილი. ასეთი ადამიანები ცხოვრობენ თავიანთ წარმოსახვასა და წარმოდგენებში, რომელსაც თავს ახვევდა ხალხს საბჭოთა კავშირი. ეს მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არსად წასულა.
მოქმედებს ეთნიკური და ეროვნული ნიშანიც, სტალინის ქართველობა და ის, რომ პატარა ქალაქში დაიბადა და შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ეს ყველაფერი აყალიბებს გარკვეულ ემოციასა და შეგრძნებებს მისი ფიგურის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების უმეტესობა არ ამაყობს სტალინით და იაზრებს რეალურ ისტორიას, გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც მას დადებითად აფასებს, საგანგაშოა.
ხშირად, ახალი თაობა ასეთ დროს წინაპართა პოზიციას ითვალისწინებს, მამებისა და ბაბუების აზრს.
რას აკეთებენ სხვა ქვეყნებში სტალინური რეპრესიების შესაფასებლად, გასააზრებლად? რა შეიძლება ვისწავლოთ სხვა ქვეყნებისგან და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
მაგალითად, პოლონეთში უდიდესი ფინანსები იხარჯება ისტორიის კვლევაში, პოპულარიზაციასა და სწორად გააზრებაში. მათ აქვთ უამრავი კვლევა ამ საკითხებზე, ასევე, დიდი ხელშეწყობა აქვთ ისტორიკოსებს, მწერლებს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს. ეს თემა მათთვის ყოველთვის აქტუალურია. ისტორია სასკოლო სახელმძღვანელოებში აისახება რეალურად და ეხმიანება ეროვნულ მიზნებს. პოლონეთისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
ბათუმში, ბოლოს აღმოჩენილი სამარხის კვლევაში პოლონეთის სახელმწიფოს წვლილი უდიდესია. საქართველოს მათი ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარა ამ პროცესში. ჩვენ უბრალოდ, მივწერეთ მათ, რომ აჭარაში რეპრესირებულთა სიებში არიან პოლონელებიც. ჩამოვიდნენ და დაგვეხმარნენ კეთილი ნებით.
საქართველოში უნდა მოხდეს სრული დეკომუნიზაცია, ანდაც – დესტალინიზაცია. აუცილებელია სახელმწიფომ ამ საკითხს უდიდესი ყურადღება დაუთმოს, წაახალისოს კვლევები, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია საბჭოთა სისტემის მიმართ და გადადგას ქმედითი ნაბიჯები, ისეთი, როგორიც გადაიდგა პოლონეთში, უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ.
ბოროტების იმპერიასთან ჯაჭვის სრულად გაწყვეტის გარეშე შეუძლებელი იქნება დასავლური, ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრობა.
________________________
ინტერვიუ ჩაწერილია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის – „ციფრული მედია და ინოვაციები“ – ფარგლებში მომზადებული ჟურნალისთვის – „მედიალაბორატორია“.
ფოტოზე: ანტონ ვაჭარაძე. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
ბათუმში სტუდენტები, მომავალი იურისტები, პლურალისტური მედიისა და თავისუფალი ჟურნალისტური საქმიანობის დაცვის სტანდარტებს განიხილავენ.
ბსუ-ს და სხვა უმაღლესის სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან დისკუსია 10 ნოემბერს, 12 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართება.
სტუდენტებს აღნიშნულ თემებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, თამარ წულუკიძე ესაუბრება.
შეხვედრა იმართება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის – „მედიის თავისუფლება – გზა ევროინტეგრაციისკენ“ – ფარგლებში.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: 26 მაისის ქუჩა №31, ბათუმი, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“.
____________
ფოტოზე: თამარ წულუკიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე
მალხაზ მგელაძე სოფელ ცხემლისის სამედიცინო ამბულატორიის ექთანია. ცხემლისი შუახევის პატარა სოფელია, სადაც სულ 179 ადამიანი ცხოვრობს. მალხაზს დღეში 3, 4-ჯერ უწევს გამოძახება, სახლში აკითხავს პაციენტებს.
ამბულატორიის შენობაში პირველადი დახმარებისთვის საჭირო წამლებია ხელმისაწვდომი, არ არის ჟანგბადის ბალონი და ინჰალაციის აპარატი:
„ყოფილა შემთხვევა, როცა ჟანგბადის ბალონი დამჭირვებია და არ მქონია. სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა ამ დროს, პაციენტს სუნთქვა უჭირდა.
ფილტვების ანთების დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჟანგბადის ბალონი, სანამ ანტიბიოტიკებით მკურნალობამდე მიხვალ შვება სჭირდება პაციენტს.
რა ვიცი, რა ხდება ამ დროს, ფილტვების შეშუპება რომ ჰქონდეს პაციენტს? ძლიერი ჰაერის მიწოდება უნდა შეგვეძლოს ფილტვებისთვის, რომ კლინიკურ მდგომარეობამდე არ მივიდეს“, – ამბობს სოფლის ექთანი.
მალხაზ მგელაძე სოფლის ამბულატორიასთან შეთავსებით სკოლის სამედიცინო პუნქტშიც მუშაობს. როცა მოზრდილებს, ხანდაზმულებს სჭირდებათ ინჰალაციის აპარატი, განსაკუთრებით ზამთრობით, სკოლიდან მიაქვს ბავშვების ინჰალაციის აპარატი და ხანდაზმულებთანაც ამ აპარატს იყენებს, სხვა გზა არ აქვს.
„ხალხი მთხოვს ჟანგბადის ბალონსაც, ინჰალაციის აპარატსაც, ამ საქმეს მარტო მე არ ვწყვეტ, უკაცრავად ასე რომ ვამბობ, პირდაპირ. არ მინდა შეურაცხყოფად მიიღოს ვინმემ ჩემი სიტყვები, მაგრამ ხელისუფლება თუ გამოიჩენს გულისხმიერებას და მომცემს ამ ორ რამეს, კარგი იქნება.
მოზრდილებს, ხანდაზმულებს, ხშირად აქვთ ბრონქული გართულება და ინჰალაცია სჭირდებათ.
მაქვს მხოლოდ შაქრის საზომი და წნევის აპარატები”, – ამბობს მალხაზ მგელაძე.
სოფელი ცხემლისი, შუახევის მუნიციპალიტეტი, 2023 წლის ნოემბერი
მისი თქმით, ინჰალაციის აპარატი, რომელიც სკოლაში გამოიყენება, შესაძლებელია გამოდგეს ზრდასრულებისთვისაც, მაგრამ ორივე ასაკობრივი კატეგორიისთვის ერთი და იმავე აპარატის გამოყენება სასურველი არ არის.
ცხემლისის ექთანს ხშირად თავად უწევს ჟანგბადის ნიღბის და წამლების ნაწილის ყიდვა. ხშირად ხანდაზმულებს ბრონქული გაღიზიანებისას ფილტვში ნახველი უგროვდებათ და სუნთქვაც ძნელდება.
სოფელ ცხემლისის სკოლის მასწავლებლები გვეუბნებიან, რომ სოფლის ექთანი გულისხმიერი ადამიანია და ხშირად თავად ყიდულობს იმ წამლებს, რაც ამბულატორიაში შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს.
ცხემლისის მიმდებარე პატარა სოფლებში: დარგულაში, ცეკვაში, თალისსა და ორკალოში მალხაზ მგელაძე ფეხით დადის პაციენტებთან. მანქანა არ ჰყავს:
„ზამთარში, როცა დიდი თოვლია, მირეკავენ და თხილამურებით მივდივარ პაციენტებამდე. ბოტებს კი ჩაიცვამს ადამიანი, მაგრამ არ გამოდგება დიდ თოვლში. თოვლი თუ დიდია, ხალხს ვეუბნები შემეგებეთ-მეთქი, მარტო ვერ ავაღწევ თხილამურებით. ხანდახან იმხელა თოვლია, მანქანაც რომ მყავდეს ვერ ივლის.
ისეთ წამლებს ვყიდულობ ჩემით რაც ვიცი, რომ დეფიციტია, რაც პაციენტს შვებას მისცემს, სპაზმს მოუხსნის. მერე ჩავდივარ ექიმთან ჭვანაში და მაკვალიანებს, როგორ დავეხმარო პაციენტს, ან თავად ამოდის ექიმი თუ გზა გაწმენდილია“, – ამბობს მალხაზ მგელაძე.
დიდ თოვლში სასწრაფოს გამოძახება ძალიან უჭირთ სოფელში. ექთანი გვეუბნება, რომ ასეთ დროს შუახევის გამგეობა გზას მალევე წმენდს, მაგრამ ახალგაწმენდილზეც კი ხანდახან თოვლის საფარი ნახევარ მეტრს, 70 სანტიმეტრს აღწევს.
სოფლის ექთანი ჰყვება, რომ ხანდახან ექიმის მოვალეობის შესრულებაც უწევს. იხსენებს, რომ ბრონქების პრობლემის დროს ძლიერი ხველისას პაციენტს ერთხელ კაპილარი გაუსკდა და ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. პირადი წამლებით, ანტიბიოტიკით შეუჩერა პროცესი ექთანმა პაციენტს, სანამ ექიმი მოვიდოდა. ექიმი რომ მოვიდა, პაციენტი სპაზმისგან გათავისუფლებული და ნაწილობრივ გამოჯანმრთელებული იყო.
„თირკმლის ძლიერი ჭვალი ჰქონდა პაციენტს, ჩხვლეტები და უსიამოვნო შეგრძნება. ქრონიკული ანთებითი პროცესი იყო დაწყებული. ანტიბიოტიკით დავეხმარე აქაც, მდგომარეობა გაუუმჯობესდა და როცა გზები გაიწმინდა, მერე გამოვიძახე სასწრაფო. უკვე ფეხზე იდგა, მაგრამ მაინც შეუძლოდ გრძნობდა თავს. სტაციონარში გადაიყვანეს სასწრაფოს დახმარებით“, – გვიყვება ექთანი.
შუახევის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად
15 000 ლარია გამოყოფილი. 2014 წლის მონაცემებით შუახევის მუნიციპალიტეტში
15 044 ადამიანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტი 67 სოფელს მოიცავს.
შშმ ბავშვების მშობლები საბავშვო ბაღებში პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვენ.
მშობლების თქმით, ამ სერვისის დანერგვის აუცილებლობის გარდა, მნიშვნელოვანია პერსონალის ცნობიერების ამაღლებაც, რადგან არის შემთხვევები, როცა სპეცმასწავლებლებიც კი დისკრიმინაციულ ლექსიკას იყენებენ შშმ ბავშვებისთვის მიმართ.
„საჯარო საუბრებშიც კი ამბობენ – „ინკლუზიური ბავშვი“. რას ნიშნავს ინკლუზიური ბავშვი? ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა იმუშაონ შესაბამისმა უწყებებმა, რომ მიმართვის სწორი ფორმები და ტერმინები გამოიყენონ ბაღის თანამშრომლებმა და სპეციალისტებმა“- ამბობს ირმა კილაძე, შშმ ბავშვის მშობელი.
აუტისტური სპექტრის მქონე კიდევ ერთი ბავშვის მშობელი, სოფო მარკოიძეც დისკრიმინაციასა და ბაღებში პერსონალური ასისტენტის საჭიროების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ბაღში რომ შევიყვანე, მოვიდა ძიძა და მითხრა – „ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. აი, იმ ცისფერმაისურიან ბავშვს ხომ ხედავთ, ისიც ცოტა ვერ არისო“.
დავმუნჯდი, რა უნდა უპასუხო ამ დროს, არ ვიცი. ასეთი გამოწვევები ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდება. გარდა ამისა, ჩემი შვილი საჭიროებს პერსონალურ ასისტენტს, თუმცა ეს სერვისი არ არის ბაღებში და გვიწევს ძალიან დიდი ბრძოლა იმისთვის, რომ ბავშვებმა ეს მხარდაჭერა მიიღონ“- გვეუბნება სოფო მარკოიძე.
მისი თქმით, ბაღების გაერთიანებაში დაჰპირდნენ, რომ პერსონალურ ასისტენტს მომავალი წლიდან დაუნიშნავდნენ მის შვილს, თუმცა ამ დაპირებას ნამდვილად შეასრულებს თუ არა გაერთიანება, დაზუსტებით არ იცის.
ნათია მსხალაძეს დაუნის სინდრომის მქონე შვილი ჰყავს და ისიც გვესაუბრება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ სირთულეებზე.
„ვფიქრობ, გასაუმჯობესებელია სასწავლო პროგრამები და მიდგომები ბაღებში, რადგან ყველაფერი ვითარდება, სწრაფად იცვლება და ახალ გამოწვევებს ახალი საჭიროებები მოაქვს ამ ბავშვებისთვისაც.
გადასახედია საგანმანათლებლო პროგრამები და შესაცვლელია დამოკიდებულებაც, რადგან ამ ბავშვებზე ზრუნვა მხოლოდ ბუშტების გაბერვა და ფერადი წინდების აფრიალება არ არის, მეტი მზრუნველობაა საჭირო.
თუ მშობელი არ ხარ ძლიერი და მუდმივად არ იბრძვი, ბავშვი იჩაგრება. სისტემურად კი არ არის აწყობილი ყველაფერი. როცა ბაღში შეგყავს, იქ შენ, მშობელს გიწევს მუდმივი ბრძოლა, რომ ესა თუ ის სერვისი მიეწოდოს ბავშვს.
გამართული სისტემა ნიშნავს იმას, რომ როცა შშმ ბავშვი შემოდის ბაღში ან სკოლაში, ავტომატურად უნდა ჩაირთოს ყველა საჭირო პროგრამა, რომელიც წინასწარ იქნება შემუშავებული და დანერგილი“ – ამბობს ნათია მსხალაძე.
„ერთ-ერთ სკოლაში, სადაც შშმ ბავშვები სწავლობდნენ, ჭკუასუსტ ბავშვებს ვასწავლითო – ასე გვითხრა სპეცპედაგოგმა. როცა პედაგოგი ასე საუბრობს, რა მოლოდინი უნდა გქონდეს მისგან, რას უნდა ელოდე ასეთი სისტემისგან“ – გვეუბნება კიდევ ერთი მშობელი.
ირმა კილაძის თქმით, ახლა მისი შვილი სრულწლოვანია, მაგრამ განათლების თითქმის ყველა საფეხურზე – ბაღი, სკოლა, კოლეჯი – სირთულეების და ბარიერის გადალახვა უწევდა.
„აბსოლუტურად ყველა ეტაპი გვაქვს განვლილი და ყველა ეტაპზე უამრავი გამოწვევა დაგვხვდა და ყველა ბარიერის გადალახვა და ჩემი შვილის ადვოკატირება ჩემი ჯანმრთელობის ფასად მიჯდებოდა“- გვითხრა მან.
ნამდვილად ნერგავს თუ არა სახელმწიფო საბავშვო ბაღებში პერსონალური ასისტენტის სერვისს და რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროისთვის? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, დავით დიასამიძეს ესაუბრა.
მისი თქმით, საბავშვო ბაღებში პერსონალური ასისტენტის პროგრამა არ არის დანერგილი, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა მიდის. მისი აზრით, შშმ პირს პერსონალური ასისტენტი ექიმის დასკვნის საფუძველზე უნდა დაენიშნოს.
„ზუსტად მეც არ ვიცი, მაგრამ კონსულტაციას გავივლით ჯანდაცვის სამინისტროსთან და თუ ბავშვი ეტლით მოსარგებლეა ან ცერებრული დამბლა აქვს და ვერ დადის, ბუნებრივია, აქ უკვე ისედაც ჩანს პირადი ასისტენტის საჭიროება.
ვაპირებთ პროექტი გავიტანოთ ახალი წლის მერე საკრებულოზე და დავაყენოთ ეს საკითხი, სადაც ექიმის პასუხისმგებლობის ქვეშ დაენიშნება შშმ ბავშვს ასისტენტი“- ამბობს დავით დიასამიძე.
თუმცა, რა ფორმით შემოვა პერსონალური ასისტენტის ბაღებში – ხელშეკრულით აიყვანენ სპეციალისტს თუ მუდმივი შტატი დაიშვება, ეს საკითხიც მსჯელობის საგანი იქნება.
„ისიც გასარკვევია, სად უნდა ვნახოთ სპეციალურად გადამზადებული პირადი ასისტენტები“ – ამბობს დავით დიასამიძე.
მისი თქმით, ბათუმის საბავშვო ბაღებში ამ დროისთვის 356-მდე შშმ ბავშვი სწავლობს.
„ბათუმელები“ ამ საკითხზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსაც ესაუბრა. სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ინდირა ნაკაიძე ამბობს, რომ პერსონალური ასისტენტის საჭიროებაზე სამინისტროსთვის არავის მიუმართავს, თუმცა ეს საკითხი მუნიციპალიტეტების გადასაჭრელია.
ბათუმის მერიაში ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი მარინა რუხაძე კი ამბობს, რომ ამ დროისთვის მერიას შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამები აქვს მხოლოდ და პერსონალური ასისტენტის სერვისი დანერგილი არ არის.
„პერსონალური ასისტენტი არ ნიშნავს იმას, რომ ერთ შშმ სტატუსის მქონე ბავშვს აუცილებლად ჰყავდეს ერთი პერსონალური ასისტენტი. ეს კონცეფცია საერთოდ გადასახედია და ჩვენ ველოდებით, როგორი იქნება სპეციალისტების მოსაზრება ამ საკითხზე“ – გვითხრა მარინა რუხაძემ.
„შენ ხარ ბანძი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ. გაიარე რა, ფარჩაკი, ბანძი. იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატ ქალს, ანი წითლიძეს.
უზრდელობის რეკორდი მოხსნა „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტარ თეონა აქუბარდიას.
„მე მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს“, – განაცხადა მან აქუბარდიას მხრიდან კრიტიკის მოსმენის შემდეგ.
თეონა აქუბარდია საუბრობდა რეზოლუციის პროექტზე და იმაზე, რომ პარტნიორებს სათანადოდ რეაგირება ჰქონოდათ შეეფასებინათ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის განთავსებაზე.
„ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე. როდესაც ანგარიშებსა და რეზოლუციებში ჩემი არაერთი შენიშვნა და შესწორება ყოფილა ინიცირებული და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, შოპინგზე იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა.
…(ამიტომ არ მიეცა) მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან „სელფების“ გადაღების და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის და გაშხლართვის საშუალება“, – ამბობდა ირაკლი ბერაია.
ამ სექსისტური და არაეთიკური განცხადებების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ბერაიასთვის შენიშვნაც კი არ მიუცია. პირიქით, დროც კი დაუმატა სიტყვის დასასრულებლად.
თეონა აქუბარდია
თეონა აქუბარდია ითხოვს ბერაიამ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს, ღირსების შემლახავი განცხადებების გამო კი აპირებს სასამართლოში უჩივლოს.
„ის, რაც „ოცნების“ კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ, როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია „ოცნებას“ წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან.
ამას ალბათ გაგრძელებაც მოჰყვება, მაგრამ სუს-ს და „ოცნება“-ს ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!“ – ამბობს თეონა აქუბარდია.
მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ „ემოციურად გადაჭარბებული“ იყო მისი განცხადება და ამის გამო მშრალად მოიბოდიშა.
„ოცნების“ დეპუტატების მხრიდან არავის გაუპროტესტებია ქალი კოლეგების მიმართ გამოთქმული ყოვლად მიუღებელი ეპითეტები. მხოლოდ ქალმა დეპუტატებმა გააკეთეს განცხადება და თქვეს, რომ ბერაიას განცხადებები უკიდურესად სექსისტური და მიზოგინიურია.
მათი შეფასებით, მმართველი პარტიის დეპუტატები ოპოზიციონერი ქალი კოლეგების წინააღმდეგ „სუს“-ის მეთოდებით იბრძვიან.
ერთი სიტყვითაც არ გამოხმაურებია ქალი კოლეგების შეურაცხყოფას მამუკა მდინარაძე, სამაგიეროდ, ირაკლი ბერიას თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნაზე ქ, ალებს ასე უპასუხა: „ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიში“.
ანი წითლიძე
ოპოზიციონერი ქალები კი ამბობენ, რომ ბერაიას ფარისევლურ ბოდიშს არ მიიღებენ და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.
„ბერაია, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან“.
„ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ, რომელსაც სიტყვის დასრულებაც კი არ აცადა პაპუაშვილმა და მიკროფონი გაუთიშა.
ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და თქვა, რომ ის სიტყვები, რაც „ოცნების“ კაცი დეპუტატებისგან მოისმინა, შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს.
მისი თქმით, თუ ამ ყველაფერზე რეაგირება არ ექნება პარლამენტის თავმჯდომარემ, „მაშინ ის თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს.
ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის. მე არ ვიცი, რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე, როცა თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი, რა არის“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ოპოზიციონერი ქალების შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მაგალითად, სექსისტური განცხადებებით გამოირჩევა თავად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.
ის ჯერ კიდევ არ იყო თანამდებობაზე, როცა თინა ბოკუჩავა სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილიდან ძალით გამოიყვანა და ფიზიკურად იძალადა მასზე და „ოცნების“ წარმომადგენლებს არც მაშინ დაუგმიათ მსგავსი ქმედება.
ქალებზე ძალადობის ფაქტები პარლამენტში
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტში გამკაცრებულ ცვლილებებს განიხილავენ, სწორედ პაპუაშვილმა ეძახა ქალ დეპუტატებს რადიკალები და ისტერიულები, მათ შორის თინა ბოკუჩავას, რომელიც აპროტესტებდა კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.
როცა ასევე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ამის გამო შენიშვნა მისცა პაპუაშვილს და უთხრა, რომ მან „სექსისტური განცხადება გააკეთა“, პაპუაშვილმა ქალ კოლეგას უთხრა, რომ „უფლებები, სექსიზმი მხოლოდ ტრენინგებზე აქვს გაგებული და “Power Point-ის პრეზენტაციაზე შორს ვერ წასულა” და რომ „მორალთან და ქალთა უფლებებთან ახლოსაც კი არ არის გავლილი“.
ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ სექსისტური ლექსიკით გამოირჩევა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძეც.
„მე ახლა ქალთან პოლემიკაში ვერ შევალ, ასეთი წესია“, – უთხრა ჟურნალისტებს 20 სექტემბერს, როცა მას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ რუსი ჯაშუში და მშიშარა უწოდა.
აქუბარდიას და წითლიძის მსგავსად, კაცი დეპუტატების სამიზნე, სხვა ოპოზიციონერი ქალებიც არაერთხელ გამხდარან
ქალი კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი ენით საუბარს არც არჩილ თალაკვაძე მორიდებია. მაგალითად, 2020 წელს, როცა ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, „სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები“ უწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს – ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს, როცა მათ არჩილ თალაკვაძის მოხსენების დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კაცები, განსაკუთრებული აგრესიით იმ ქალი დეპუტატების მიმართ გამოირჩევიან, რომლებიც ღიად და პრინციპულად აკრიტიკებენ „ოცნების“ პრორუსულ პოლიტიკას და უმრავლესობის წევრებს ხელი შეუშალეს რუსული კანონის მიღებაში.
ალუდა ღუდუშაურის და ირაკლი ბერაიას სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი განცხადებები, პარლამენტის გენდერულ საბჭოსაც კი არ შეუფასებია.
მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ კაცი კოლეგების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მძიმე და მიუღებელია და „ნამდვილად არ აქვს გამართლება“, თუმცა ამ თემაზე მეტი დისკუსიის წარმოება საჭიროდ არ მიიჩნია.
გენდერის მკვლევრის მარიამ ჭანჭალეიშვილის აზრით, სრული დეჰუმანიზაცია შეიძლება ეწოდოს ქალი დეპუტატების წინააღმდეგ შექმნილ ნარატივს, რომელიც ქალთმოძულეობაზეა აგებული.
მარიამ ჭანჭალეიშვილი
„და რაც უფრო გააქტიურდებიან ქალები პარლამენტში, რაც უფრო მკაფიო იქნება მათი გამოხატვის გზები, უფრო მეტად გაიზრდება კაცი პოლიტიკოსების მხრიდან ეს აგრესია, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ უცხოური გავლენის აგენტის კანონის ინიცირების დროს, როცა ოპოზიციონერი ქალები ხმამაღლა საუბრობდნენ, ჰქონდათ მკაფიო, ხაზგასმული გამოხატვის ფორმები და ეს ძალიან დიდ აგრესიას იწვევდა „ქართული ოცნების“ დეპუტატებში.
ამით ცდილობენ გამოიწვიონ ამ ქალების მიმართ აგრესია, რადგან ჩვენ საზოგადოებაში უფრო მიღებულია ქალი, რომელიც არის მშვიდი, გაწონასწორებული, არ შედის კაცებთან დაპირისპირებაში, მორჩილია უფრო მეტად და ასე შემდეგ. აი, ამით მანიპულირებენ და ცდილობენ, ხაზი გაუსვან იმას, რომ თითქოს ეს ქალები „ქალობის“ ჩარჩოებს ცდებიან და შესაბამისად არ იქცევიან.
ამით ცდილობენ, რომ ამ ქალების ხმა იყოს მაქსიმალურად გაუფასურებული და მარგინალიზებული“, – ამბობს მარიამ ჭანჭალეიშვილი.
მისი თქმით, „ოცნების“ კაცი დეპუტატები იმიტომ ცდილობენ მიზოგინიური ლექსიკა გამოიყენონ, რომ ქალს აღარ დარჩეს მათთან ღირსეულ დისკუსიაში შესვლის სივრცე.
„ღირსების აყრას ცდილობენ ამით, რაც ხელს უწყობს ქალების განდევნას პოლიტიკური ველიდან“, – ამბობს მარიამი.
მისი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია სექსუალიზებული კომენტარები, რომელსაც კაცი პოლიტიკოსები იყენებენ ოპონენტი ქალების მისამართით და ამის მაგალითია თუნდაც ღუდუშაურის ლექსიკა.
„როცა ის წითლიძეს ეუბნებოდა, რომ იმ ქალების სიაშიც არ იყო, რომელიც სააკაშვილს მოეწონებოდა. ცდილობენ ქალები გაიგივებული იყვნენ მხოლოდ თავიანთ სქესთან და რომ შეიძლება ქალი პოლიტიკოსები ამ კონტექსტში განიხილო. თითქოს მათი სხეულები და გარეგნობაა მნიშვნელოვანი და არა ის პოლიტიკა, რასაც ქმნიან.
გარდა ამისა, როცა კაცი დეპუტატი ასეთი სიძულვილის ენით საუბრობს და მას არ უთიშავენ მიკროფონს, ეს აჩვენებს, რომ ქალზე ძალადობა ნებადართული და წახალისებულია პარლამენტში.
რეალურად, ქალის მიმართ პატივისცემის იდეა ფასადურია ამ ადამიანებში, რადგან მიმართავენ არათანაბარი ბრძოლის მეთოდებს, რომელსაც ქალი არასდროს გამოიყენებს მათ წინააღმდეგ. არც ჰომოფობიურ რიტორიკას მათ შორის, რადგან ქალები არ საუბრობენ ასეთი ენით.
ძალიან რთულია, როცა ადამიანი გესხმის ასეთი პირადი შეურაცხმყოფელი ენით და ეს მართლაც არის ძალადობა და შევიწროება“, – მიიჩნევს მარიამ ჭანჭალეიშვილი.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე კი იმ პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ვინც ვალდებული იყო რეაგირება მოეხდინა ქალთა მიმართ ძალადობაზე, მაგრამ არ იმოქმედა.
ანა თავხელიძე
„ის, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვნახეთ, ცალსახად არის სექსუალური შევიწროება, რადგან სექსუალური შინაარსის არასასურველი, ღირსების შემლახავი ვერბალური ქცევაა. ქალი დეპუტატების მიმართ მტრული გარემოს შექმნა კაცი კოლეგების მხრიდან თითქმის ყოველდღიური მოვლენა გახდა“, – ამბობს ანა თავხელიძე.
მისი შეფასებით, ამას აქვს მსუსხავი ეფექტი ქალებისთვის, რომლებიც სხვადასხვა სექტორში არიან დასაქმებული და სხვასაც უქმნის განწყობას, რომ თითქოს პოლიტიკოსი ქალების მიმართ ასეთი მოპყრობა არის ნორმალიზებული.
„შესაბამისად, წახალისება ხდება ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის და ეს მაშინ, როცა ისედაც მწვავე პრობლემაა ქვეყანაში ამ მიმართულებით – სახელმწიფო კი ეფექტურად ვერ პასუხობს ამ გამოწვევას.
იმის ნაცვლად, რომ პარლამენტი დაკავებული იყოს რაც შეიძლება ეფექტური მექანიზმი შექმნას გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, პირიქით, უთანასწორო გარემოს ქმნის, რომ კიდევ მეტად დაზარალდნენ ქალები“, – ამბობს ანა.
მისი თქმით, სექსუალური შევიწროება სამართლებრივი განზომილება, ადამიანის უფლებების დარღვევაა და ბოდიში ამის საპასუხო ვერ იქნება.
„სამართლებრივი რეაგირებაა ამაზე საჭირო და დეპუტატმა ქალებმა აუცილებლად უნდა მიმართონ სასამართლოს. მათ აქვთ უფლება კომპენსაციაც მოითხოვონ მიყენებული მორალური ზიანისთვის.
გარდა ამისა, უნდა დადგეს ყველა ასეთი ადამიანის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან ყველამ დავინახოთ, ადამიანები რომლებიც ჩადიან სექსუალურ შევიწროებას, რაღაცის ფასს იხდიან ამისთვის.
მათ შორის, ეს შეიძლება იყოს პარლამენტის თავმჯდომარეც, რადგან მას აქვს ვალდებულება რეაგირება მოახდინოს ძალადობაზე, მით უმეტეს, როცა ეს მის თვალწინ ხდება. მას კი, როგორ დავინახეთ, არანაირი ზომა არ მიუღია.
ძალადობის წამახალისებელი ადამიანები ვერ გამოხატავენ ჩვენს აზრს პარლამენტში, ამისთვის არ აგვირჩევია ისინი. ამიტომ გარდა ამ დეპუტატებისა, ვინც სექსუალურად იძალადა ოპონენტ კოლეგა ქალებზე, უნდა დადგეს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხიც“, – მიიჩნევს ანა თავხელიძე.
მისი აზრით, შალვა პაპუაშვილი საკითხი ჯერ კიდევ მაშინ რომ დამდგარიყო დღის წესრიგში, როცა მან თინა ბოკუჩავაზე იძალადა ფიზიკურად, „ნორმალურ ქვეყანაში ის ვერასდროს გახდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე და არც დღეს გვექნებოდა ეს მოცემულობა პარლამენტში“, – ამბობს ანა.
უფლებადამცველების აზრით, ქალი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობა არ უნდა იყოს ნორმად მიჩნეული და ამაზე საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს თავისი პასუხი.
შავ ზღვაში რამდენიმე წელია ინტენსიურად მრავლდება თევზის სახეობა – მუქი ქორჭილა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას შავი ზღვის ენდემურ სახეობებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკოლოგი და იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს.
მუქი ქორჭილას ბუნებრივი გავრცელების არეალი წყნარი ოკეანის დასავლეთ სექტორი – რუსეთის, ჩინეთის, კორეის და იაპონიის სანაპირო წყლებია.
თევზის ეს სახეობა შავ ზღვაში პირველად 2013-2014 წლებში დაფიქსირდა უკრაინაში – რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე, ხოლო მომდევნო წლებში ის გავრცელდა შავი ზღვის კრასნოდარის მხარის სანაპიროებზე და საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთზე. 2023 წელს ის მოიპოვეს ოდესის მახლობლად, თურქეთში – ორდუს მახლობლად და საქართველოში – ქობულეთის, ბათუმის, ფოთის და ყულევის მახლობლად.
„ის ფაქტი, რომ რომ 2013-2014 წელს ფიქსირდება მისი პირველი მოპოვება და ამის შემდეგ მუქი ქორჭილას არეალი შავ ზღვაში ფართოვდება, მიგვითითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს პოპულაციის – როგორც რიცხოვნობის, ასევე, არეალის ზრდასთან. 2013-2014 წლებში თუ იყო მისი ჭერის ერთეული შემთხვევები, ახლა გაცილებით მეტი ცნობა მოდის. ოკუპირებული ყირიმი, კრასნოდარის მხარე, ოდესა, ორდუ, ანატოლიის სანაპირო, საქართველოს ზღვისპირეთი – ანუ ფაქტობრივად მთლიანად მოიცვა შავი ზღვა“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.
როგორ მოხვდა შავ ზღვაში მუქი ქორჭილა? – იქთიოლოგი 2 სავარაუდო ვერსიაზე საუბრობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მუქი ქორჭილას ქვირითი ან ლავრა წყნარი ოკეანის დასავლეთ სექტორიდან შემოსული გემის ბალასტური წყლით შემოვიდა.
მეორე ვერსია კი ყირიმში, გიგანტური ხამანწკის მარიკულტურის ბუმს უკავშირდება, როცა ყირიმში ვლადივოსტოკიდან რამდენჯერმე შეიტანეს წყნარი ოკეანის გიგანტური ხამანწკის შპატი [მოლუსკის ახალმოსახლეობა], რასაც სავარაუდოდ შემოჰყვა მუქი ქორჭილას ქვირითი ან ლარვა.
„ზუსტად იმ ადგილიდან შეიყვანეს, სადაც ეს სახეობა არის გავრცელებული და საკმაოდ მრავალრიცხოვანია (ვლადივოსტოკი, პრიმორიეს მხარე), სავარაუდოდ სწორედ აქედან მოხვდა შავ ზღვაში, შემოჰყვა შპატს და მერე, როცა მოხდა შპატის ჩანერგვა შავი ზღვის მარიფერმებში, ეს სახეობა გავიდა შავ ზღვაში“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.
წლების განმავლობაში შავ ზღვაში სხვა წყლებიდან არაერთი უცხოური სახეობაა შემოსული, თუმცა არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ეს თევზი, თავისი მახასიათებლების გამო, განსხვავებული შემთხვევაა, კერძოდ, მას შეუძლია ენდემური სახეობებისთვის საფრთხის შექმნა:
„როცა გამოქვეყნებული ნაშრომებით შევისწავლეთ ამ თევზის ბიოეკოლოგია წყნარი ოკეანის, მისი ბუნებრივი არეალის მაგალითზე, ვნახეთ, რომ აქ სერიოზულ პოტენციურ საფრთხეებთან გვაქვს საქმე.
ეს არის გამოკვეთილი მტაცებელი, რომელიც საკმაოდ მსხვილ ზომებს აღწევს, სიგრძით 65 სანტიმეტრამდე, წონით – 4-6 კილოგრამამდე. იკვებება თავთხელ [არაღრმა] წყლებში, რაც ჩვენი ზღვისთვის ყველაზე აქტუალურია.
თუ ეს სახეობა მასიურად გამრავლდა, რისი ტენდენციაც შეინიშნება, მაშინ ზიანი უკვე მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ, რომ ეს შეეხება ფსკერულ თევზებს, განსაკუთრებით – სანაპიროს კიბოსნაირებს. ვთვლი, რომ შეიძლება სერიოზულად შეამციროს ღორჯოსებრთა მრავალფეროვნება, ეს ჯგუფი კი ყველაზე მნიშვნელოვანია შავ ზღვაში. შავი ზღვა თუ რამით არის გამორჩეული და განსაკუთრებული – ღორჯოა, 200-იდან მისი 35 სახეობაა შავ ზღვაში ფიქსირებული, ანუ შავი ზღვის აბორიგენებია, ასე ვთქვათ.
ვინაიდან უფრო ფსკერულ ფორმებს ეტანება, ამიტომ აქ ველოდებით ყველაზე დიდ პრესს კიბოსნაირებზე, წვრილ ფსკერულ თევზების მარაგზე, როგორიცაა: ხონთაქარა (ბარაბული), მერლანი, ღორჯოსებრი და მთელი რიგი სხვა თევზები. ჩვენ მთელი რიგი მრავალფეროვნება სწორედ აქ გვაქვს“.
ასე მოხდა მოლუსკ რაპანას შემთხვევაში, რომელიც შავ ზღვაში 50-იან წლებში გავრცელდა. იგი იაპონიიდან შემომავალი გემების ბალასტურ წყლებს შემოჰყვა და მისთვის ხელსაყრელ პირობებში გამრავლდა. არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ რაპანამ მოლუსკების 200-მდე სახეობა გადააშენა შავ ზღვაში.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მუქი ქორჭილა შესაძლოა საფრთხისშემცველ ინვაზიურ სახეობად მოგვევლინოს შავ ზღვაში, ის არის, რომ თევზის ამ სახეობას შავ ზღვაში ე.წ. მომხმარებელი ფაქტობრივად არ ჰყავს:
„შავ ზღვაში მსხვილი, გამოკვეთილი მტაცებელი ფაქტობრივად არ გვყავს. ერთადერთი, შეიძლება ვთქვათ, რომ არის ძალიან შეთხელებული რიცხოვნობით შავი ზღვის ზვიგენი – კატრანი, რომელიც გადაშენების პირასაა უკვე და მეცნიერები ვმსჯელობთ, რომ წითელ ნუსხაში უნდა იქნას შეტანილი და მეორე არის კამბალა კალკანი, რომელიც არ არის იმდენად გამოკვეთილი მტაცებელი“.
არჩილ გუჩმანიძის თქმით, რა სახეს მიიღებს ეს პოპულაცია, როგორი იქნება მისი მოცულობა, ტევადობა და სტრუქტურა – რთული სათქმელია, თუმცა უახლოეს წლებში გამოჩნდება, დარჩება ის მცირერიცხოვან, ლოკალურ სახეობად, რომელიც იშვიათად გვხვდება ერთეული ეგზემპლარების სახით, თუ მოხდება პოპულაციური აფეთქება.
იქთიოლოგი ამბობს, რომ ინვაზიისგან საუკეთესო თავდაცვა არის მისი პრევენცია:
„სხვა შემთხვევაში ადამიანები უბრალოდ დამკვირვებლები ვართ. ახლა უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესს, პულსზე უნდა გვეჭიროს ხელი და შემდგომ პროცესში უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით შეიძლება რეკომენდაციების შემუშავება და ნაბიჯების გადადგმა. ამას, რა თქმა უნდა სჭირდება გამართული კვლევები, ინსტრუქციები და გამართული ბიოლოგიური მონიტორინგი, რომელიც, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია“.
____________
მთავარ ფოტოზე: მუქი ქორჭილა, გადაღებულია საქართველოში, ადგილობრივი მეთევზის მიერ.
ბათუმის ბულვარი ველობილიკის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
პროექტის მიხედვით, შეკეთებული ველობილიკი ბულვარის ტერიტორიაზე [იახტკლუბიდან ახალი ბულვარის ამფითეატრამდე] მწვანედ შეიღებება, ბილიკის მთელ სიგრძეზე კი მოეწყობა განათება.
ბულვარის ადმინისტრაციამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2 მილიონ 42 ათას 598 ლარით გამოაცხადა.
ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები ეტაპობრივად, კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად უნდა შესრულდეს და მთლიანობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს.
ბულვარის ტერიტორია ახალ ბულვარში მდებარე ამფითეატრის მიმდებარედ მთავრდება, ამიტომ ველობილიკის გაგრძელება აეროპორტის მიმართულებით ბულვარს არ ეკუთვნის. შესაბამისად, ბულვარში რეაბილიტირებული ველობილიკი იქნება მწვანე ფერის, ხოლო გაგრძელება აეროპორტის მიმართულებით [ისევე, როგორც ველობილიკები ქალაქის სხვა ადგილებში] იქნება წითელი ფერის.
შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა, როგორც ტენდერის პირობაშია აღნიშნული „სწორი ექსპლუატაციის პირობებში საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან შეადგენს:
ველობილიკის სამღებრო სამუშაოებზე არანაკლბ 2 წელს;
რკინაბეტონის სამუშაოებზე არანაკლებ 10 წელს.
ამასთან, „საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა (შეკეთება და/ან შეცვლა ახლით), ასევე აღნიშნული სამუშაოების შესრულების პროცესში და საგარანტიო პერიოდში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი სხვა ზიანის აღმოფხვრა სრულად ეკისრება მიმწოდებელს“.
შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად კი, ტენდერში გამარჯვებულს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულების 5 პროცენტს დაუკავებენ.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს „2020 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათისა და შინაარსის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ან/და რკინაბეტონის მოწყობის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 5 106 495 ლარის ოდენობით“.
ვიზუალიზაცია პროექტიდანარსებული სიტუაცია / ფოტო ტენდერიდან
დღეს, 9 ნოემბერს, მოსამართლე ნინო სახელაშვილს მოწმის სახით ჩვენება იმ მოზარდების დედებმა მისცეს, რომლებიც 4 ივლისს 16 წლის ლუკასთან ერთად „ბანანით” გაიყვანეს ზღვაში.
საუბარია ბათუმში 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე – 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი „ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლება არ მისცეს.
ამ საქმეზე პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი მოქალაქე ზურაბ საღინაძეს წარუდგინა. დანაშაულის შეუტყობინებლობას პროკურატურა ამავე საქმეზე ორ პირს ედავება, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ეს პირები კატერზე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულთან ერთად იყვნენ. ამ ორი პირის საქმე ცალკე განიხილება.
დღევანდელ პროცესზე სასამართლოს ჩვენება ერთ-ერთი მოზარდის დედამ მისცა, რომელიც 4 ივლისს „ბანანზე” ლუკასთან ერთად იყო.
მოწმე სოფიო თურმანიძის თქმით, მას შვილმა – 16 წლის გიორგი ბერიძემ მეორე დღეს მოუყვა ზღვაზე მომხდარი ამბავი:
„დედა, ძლივს გადავრჩით გუშინო… “ბანანზე” ვიყავით, ძალიან შორს გაგვიყვანა კატერის მძღოლმა და ზღვაში გადმოგვყარა, გადარჩენის შანსი არ გვქონდაო,” – თქვა მოწმემ და დასძინა, რომ იმ დღეს ლუკას გაუჩინარების შესახებ მისმა შვილმა არაფერი იცოდა.
“მან თქვა, რომ ჟილეტის უკან დაბრუნებაც მოსთხოვა კატერის მძღოლმა… შემდეგ მარტოს გამოუცურავს ნაპირზე, რადგან ძალიან გამიჭირდაო. ცურვა კი იცოდა, მაგრამ სიღრმის ეშინოდა… რომ გამოვიხედე, უკიდეგანოდ შორს მომეჩვენა ნაპირიო.
ნაპირზე რომ გამოვედი, მაშველმა მითხრა, ოთხნი იყავით და მეოთხე შენ ხარო. ჩემმა შვილმა ასე იცოდა, რომ ყველა გადარჩა,” – აღნიშნა მოწმემ.
მოზარდების თქმით, “ბანანზე” ისინი კატერის მძღოლმა იმის სანაცვლოდ აიყვანა, რომ ბიჭები მას კატერის ღია ზღვაში გაყვანაში დაეხმარნენ. მოზარდები ყველა ერთმანეთს არ იცნობდა.
ბრალდებულის ვერსიით კი, მსგავსი აღნაგობის მოზარდი, როგორიც ლუკაა, საერთოდ არ იყო “ბანანზე”. დაცვის მხარის არგუმენტია ისიც, რომ მოზარდებმა ცურვა იცოდნენ, რადგან ისინი ნაპირიდან მოშორებით ავიდნენ “ბანანზე”.
“მეხუთე ვინ იყო, ამის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?” – ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები აჩვენა მოზარდის დედას ბრალდებულის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.
მოწმემ ადვოკატს მოკლედ უპასუხა: “არ ვიცი”.
ვიდეო კამერის ჩანაწერებზეც აპელირებს დაცვის მხარე – ადვოკატი განმარტავს, რომ ჩანაწერში მოზარდების სახეების გარჩევა ჭირს, თუმცა “ბანანზე” 5 პირია, პროკურატურის ვერსიით კი, “ბანანზე” 4 მოზარდი იყო ერთად.
“იმ დღეს გავიგე ლუკა აბულაძის შესახებ, მანამდე არ ვიცოდი ლუკას შესახებ, არაფერი მახსოვს, იმდენად დიდი სტრესი განვიცადე მე და ჩემმა შვილმაც, იქ (პოლიციის განყოფილებაში) გავიგე, რომ ბავშვი დაკარგულა,” – მიმართა ადვოკატებს მოწმე სოფიო თურმანიძემ.
“რაში მჭირდებოდა ჟილეტიო,” – ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა მოწმეს ეს შეკითხვაც დაუსვა მას შემდეგ, როცა გაირკვა, რომ მოზარდმა, გიორგი ბერიძემ ცურვა იცოდა.
“უნდა მიმეცა ვიღაცისთვის, ვინც არ იცოდა ცურვა, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცაო,” – უპასუხა ადვოკატს მოწმემ.
“ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რატომ უნდა განეზრახა ბრალდებულს თქვენი შვილის, ან რომელიმე მოზარდის მკვლელობის მცდელობა?” – მოზარდის დედას მიუბრუნდა ისევ ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
“არ ვიცი,” – თქვა მოწმემ და გისოსებს მიღმა მჯდომ ბრალდებულს გახედა.
სასამართლო პროცესი გრძელდება.
“შუა ზღვაში გადმოგვყარეს, არანაირი დახმარებაო, სულ 4-ნი იყვნენ ერთად,” – უთხრა მოსამართლეს 13 წლის გიორგიმ დედამ, დარეჯან დიასამიძემ.
“საიდან იცოდა თქვენმა შვილმა, რომ ყველა გადარჩა?” – ჰკითხა მოწმეს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.
“არ ვიცი,” – პროკურორს მიმართა მოწმემ და საუბრისას აღნიშნა “მაშველები”.
“სახლში როცა მოვიდა ზღვიდან, საკუთარ თავზე მოყვა მხოლოდ… მეორე დღეს დამირეკა გამომძიებელმა, დაბარებული ხართო. მერე გავიგე, რომ ეძებდნენ ბავშვს,” – დასძინა მოწმემ.
დარეჯან დიასამიძის თქმით, მან მოზარდი მასზე ასაკით უფროს ორ ბიჭს გააყოლა ზღვაზე, თუმცა ისინი ზღვაში არ შესულან.
“ხიდიდან ხტომა უყვარდა თქვენს შვილს?” – ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა ჰკითხა მოწმეს.
“კი, უყვარდა, მაგიტომ დადიოდა ხშირად,” – თქვა მოწმემ.
საუბარია ძველი ბულვარის მიმდებარედ არსებულ პირსზე, საიდანაც ზღვაში გადახტომა შესაძლებელია.
მოზარდის დედის თქმით, გიორგის არაფერი უთქვამს, ვინ იყო კიდევ მასთან ერთად “ბანანზე”.
“არ იცნობდა არცერთს, შემთხვევით აღმოჩნდნენ,” – დასძინა მოწმემ.
“თქვენი შვილი, რომელმაც ცურვა იცის, შეეძლო თუ არა ნაპირიდან 100-120 მეტრის გაცურვა?” – ადვოკატმა არჩილ ჩიფიკაშვილმა იმის წარმოჩენა სცადა, რომ ცურვის მცოდნე მოზარდებს ტივტივის ზოლიდან ნაპირზე გამოსვლა არ გაუჭირდებოდათ.
“ჩემი შვილი ძალიან პატარაა,” – ხელი წინ გაიშვირა მოზარდის სიმაღლის საილუსტრაციოდ მოწმემ და ადვოკატს ხმამაღლა მიმართა:
“ყველას უკვირდა, როგორ გამოცურაო, მაგ ასაკისთვის ეს მანძილი ძალიან დიდია,” – აღნიშნა დარეჯან დიასამიძემ.
“მოზარდი, რომელიც ხიდიდან ხტება, რატომ შეიძლება ჩათვლის ვინმემ, რომ ცურვა არ იცის?” – მოწმეს ჩაეკითხა ისევ ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
“არ ვიცი,” – თქვა მოწმემ და შემდეგ გაიხსენა შვილის მონაყოლი, “ბანანზე” ჩამოსვენება მინდოდა და იქიდანაც ამაღებინეს ხელიო.
“ხომ არ უთქვამს თქვენს შვილს, რომ ვინმე ალკოჰოლს მოიხმარდა?” – ადვოკატს ეს შეკითხვა არ დაასრულებინა მოწმემ: “არა” – კატეგორიულად თქვა მოზარდის დედამ.
სასამართლოს ექსპერტები ჯერ არ დაუკითხავს, არ გამოკვლეულა ექსპერტიზის დასკვნები.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დასაძლევად და დაზარალებულთა დასახმარებლად, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ, თიბისისთან პარტნიორობით, ჩაატარა საგრანტო კონკურსი ონის მუნიციპალიტეტის გლოლას თემში, მიკრო და მცირე საწარმოების ხელშესაწყობად.
თიბისი საგრანტო პროექტების საერთო ღირებულების 20%-ს (55 000 ლარი) დააფინანსებს. აღნიშნული თანხა გადაირიცხება, თიბისი ბანკში შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად, შექმნილი საქველმოქმედო ანგარიშიდან.
შოვის სტიქიური უბედურების შემდეგ, აღნიშნულ საქველმოქმედო ანგარიშზე, 700 000-მდე ლარი შეგროვდა. აქედან 500 000 ლარი თიბისიმ ჩარიცხა, 200 000 ლარი კი, ინდივიდუალური პირების, ორგანიზაციებისა და კომპანიების დონაციებია.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სოფელ გლოლაში მოქმედი ისეთი ტიპის ბიზნესების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და განთავსების სერვისის მიმწოდებლები, კვების ობიექტები, ტურისტული სერვისების მიმწოდებლები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სურსათის მწარმოებლები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთიდან მომავალი მანდარინებით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ, სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, 34 800 კილოგრამ მანდარინში პესტიციდების შემცველობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაშვებულ ნორმას აღემატებოდა“, – აცხადებს სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
საქსტატის მონაცემებით საქართველოდან 2023 წლის იანვარ-სექტემბერში გატანილია სულ 1 659 850 აშშ დოლარის ციტრუსი, ხოლო იგივე პერიოდში შემოტანილია 2 055 900 აშშ დოლარის მანდარინი.
2022 წელს კი, საქართველოდან 9 576 400 აშშ დოლარის ციტრუსია ექსპორტზე გატანილი, ხოლო იმპორტირებულია [შემოტანილია] 6 093 100 აშშ დოლარის მანდარინი.
ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის ცნობით, თვიური გლობალური ტემპერატურის რეკორდი კიდევ ერთხელ მოიხსნა მიმდინარე წლის ოქტომბერში.
„ეს არის ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირის უჩვეულო ტემპერატურის გაგრძელებადი ხაზი“ – წერს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (მმო). ოქტომბერი იყო ზედიზედ მეხუთე, რეკორდულად თბილი გლობალური ტემპერატურით.
მეცნიერების განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ 2023 წელი თითქმის დაზუსტებით, იქნება ყველაზე თბილი წელი.
„ეს იყო რეკორდულად თბილი ოქტომბერი, 0,85°C-ით მეტი 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე და 0,40°C-ით მეტი – ყველა წინა თბილ ოქტომბერზე“ – წერს მმო.
ზღვის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა ოქტომბერში 20,79°C-ზე მეტი იყო, რაც ოქტომბრის თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ოქტომბერი ზედიზედ მეექვსე თვე იყო, როდესაც ანტარქტიდის ზღვის ყინულის ფართობი დარჩა რეკორდულად დაბალ დონეზე წელიწადის ამ დროისთვის – ყოველთვიურ საშუალო მაჩვენებელზე 11%-ით დაბალ ნიშნულზე.
„სტაბილურად მძიმეა, რჩება რეანიმაციის დეპარტამენტში, კონტაქტურია,“ – გვითხრეს ბათუმის სამედიცინო ცენტრის პრესცენტრში ავარიის შედეგად დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ავარიაბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, გუშინ, 8 ნოემბერს, მოხდა. ორი დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, ერთ-ერთი გუშინ გარდაიცვალა.
დაღუპული ახალგაზრდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ამავე დეპარტამენტის თანამშრომელია დაშავებულიც. „ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ“, – გვითხრეს დეპარტამენტში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
პროკურატურის ცნობით, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს “დემეს” წარმომადგენელს, მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანია „დემეს“ წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. ბრალდებულმა 2021-2022 წლებში, ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები სოცქსელებში რეკლამებით მიიზიდა და ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხვინა.
„ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა“ – წერს პროკურატურა.
კომპანია “დემეს” წარმომადგენელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა”და “ბ” ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 47 ეპიზოდი) წარედგინა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 308 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
ტანკი – 5 316 ერთეული [+15]
ჯავშანტექნიკა – 10 014 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 7 475 ერთეული [+36]
MLRS – 875 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 577ერთეული [5]
თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 593 ერთეული [+26]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 557 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 853 ერთეული [+39]
სპეცტექნიკა – 1 059 ერთეული [5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
533 თვითმფრინავი
254 ვერტმფრენი
8 771 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
13 306 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 183 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 035 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
15 126 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„შანსი არ აქვს ქვეყანას, გახდეს ევროკავშირის წევრი, ან მასთან მოლაპარაკებები გაიხსნას, რომელიც აცდენაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ამიტომაც, უნდა ვიცოდეთ, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვერ გადავალთ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელსაც ევროკომისიის ახალ დათქმაზე ვესაუბრეთ: „საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“.
დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა ევროსაბჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს კონკრეტული 9 დათქმით. ამ პირობებს შორისაა მოთხოვნა საგარეო პოლიტიკის „შესაბამისობაზე“. ევროსაბჭო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას 2023 წლის 15 დეკემბერს მიიღებს.
ლევან ცუცქირიძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას ამ მოკლე დროში შეუძლია მინიმუმ თავისი განცხადებებით აჩვენოს ევროპას, რამდენად კარგად გაიგო ევროკომისიის გზავნილები.
პოლიტოლოგს ვკითხეთ, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ბრიფინგზეც ევროკომისიაში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ: რა აჩვენა ღარიბაშვილის რეაქციამ, რის შეცვლა მოუწევს მას?
„ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის პოლიტოლოგია და აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ბატონო ლევან, თქვენი აზრით, რატომ გახდა საჭირო ევროკომისიას თავის ახალ რეკომენდაციებში ჩაეწერა ეს: „საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“?
საქართველოს მთავრობა ცდილობდა, ორმაგი თამაში ეწარმოებინა საგარეო მიმართულებით: მაგალითად, რეზოლუციებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში მხარი დაეჭირა ტექნიკურ დონეზე უკრაინისთვის, იმავდროულად კი, მაღალ პოლიტიკურ დონეზე მისი გზავნილები იყო სრულიად აცდენილი ევროკავშირის პოლიტიკასთან.
გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადი, ომი იმიტომ დაიწყო, რომ უკრაინამ გააკეთა სუვერენული და დამოუკიდებელი არჩევანი ევროკავშირის და ნატოს სასარგებლოდო, ასევე განცხადება იმაზე, რომ სანქციები არ მუშაობს…ამიტომაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა.
საქართველოს ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმებიდან აქვს ვალდებულება, ჰარმონიაში ჰქონდეს თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირთან.
ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულ რამდენიმე კვირაში, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭო. დღეს სასიამოვნო მოვლენა გვქონდა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისაღებია სახელმწიფოების ლიდერების დონეზე:
ერთმა სახელმწიფომაც რომ თქვას, რომ არ უჭერს მხარს საქართველოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. რამდენიმე კვირაში კი, შესაძლოა, ბევრი რამ ვერ შეცვალო, მაგრამ შესაძლებელია აჩვენო ევროკავშირს სწორი ტრაექტორია, აჩვენო ის, რომ შენ გაიგე ეს გზავნილი და მიდიხარ სწორი მიმართულებით.
ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს ხელისუფლების განცხადებები საგარეო პოლიტიკის კუთხით?
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განცხადებები და გზავნილები, არამედ მოქმედებები. მაგალითად, ძალიან ნეგატიურად აღიქვა ევროკავშირმა ფრენების აღდგენა რუსეთთან. შესაბამისობის გაუმჯობესება გულისხმობს მოქმედებების ჰარმონიზაციას, მოქმედებების დაახლოებას.
ლევან ცუცქირიძე
ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთო, ღარიბაშვილმა უპასუხა დღევანდელ ბრიფინგზე ევროკავშირის რეკომენდაციას საგარეო პოლიტიკის შესაბამისობაზე. რა გამოჩნდა თქვენთვის ღარიბაშვილის რეაქციიდან?
ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არსებობს განსხვავება პარტიის მიზნებსა და ეროვნულ ინტერესებს შორის, პრემიერ-მინისტრის პირად ინტერესებს და ეროვნულ ინტერესებს შორის.
საქართველოს ეროვნული ინტერესები ასახულია ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირი გაწევრიანება ჩაწერილია, როგორც მთავარი ეროვნული ამოცანა. ასევე, გაცხადებულია საქართველოს ეროვნული მიზანი საქართველოს კონსტიტუციაში და ეს არის ევროპული ინტეგრაცია.
საქართველოს ეროვნული მიზანი გადაწყვეტილი აქვს საქართველოს საზოგადოებას რეფერენდუმის სახით. ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ მიზანს ხელს უშლის, არის შეუსაბამობაში ეროვნულ ამოცანებთან.
ამიტომაც, საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა და რეალურ ეროვნულ მიზნებს უნდა მოემსახუროს.
კონსტიტუციის ჩანაწერი ევროინტეგრაციაზე „ოცნებამ“ სადავო გახადა, როცა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. რამდენად გამოჩნდა ამ პროცესში, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგოდ?
საზოგადოება ერთიანია ეროვნული იდეის გარშემო და „ქართულმა ოცნებამ“ ეს ძალიან კარგად იცის. „ოცნება“ ხვდება, რომ საზოგადოება ამ საკითხების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და თავისი მხარდამჭერებისთვისაც კი, ევროპული იდეა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ქართული ოცნება“.
ხელისუფლება ამას ხედავს და ამიტომაც ცდილობს, რომ ერთი ხელით ეს რიტორიკა ჰქონდეს და თან არ დაკარგოს საკუთარი ამომრჩეველი.
თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ახლა ძალიან მნიშვნელოვან მიჯნას ვუახლოვდებით იმიტომ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული ეტაპია. მანამდე სერიოზული სამუშაოა გასაწევი. შანსი არ აქვს ქვეყანას, გახდეს ევროკავშირის წევრი, ან მასთან მოლაპარაკებები გაიხსნას, რომელიც აცდენაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.
ამიტომაც, უნდა ვიცოდეთ, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვერ გადავალთ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე.
როგორ უნდა შეაფასონ მოქალაქეებმა, რომ ხელისუფლების მოქმედება გახდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესაბამისი, რა შეიძლება გახდეს ამის მსაზღვრელი?
ხელისუფლება ევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ ვეღარ უნდა გამოვიდეს საჯაროდ, მათ ევროპელ ელჩებზე ვერ უნდა თქვან, რომ საქართველოში თურმე ომის დაწყება უნდათ. მათ არ უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანებთ შესაძლოა დესტაბილიზაციის საფრთხე გაჩნდეს და ასე შემდეგ.
მე არ მჯერა, რომ „ოცნებას“ სურს ქვეყნის იმდაგვარად გარდაქმნა, როგორც არიან ევროპული სახელმწიფოები, რადგან ევროპული სახელმწიფო ეფუძნება ხელისუფლების ცვლილებას. მათ რეალურად სურთ ნახევრად რეფორმირებული სახელმწიფო, რაც საფრთხეს არ შეუქმნის მათ ძალაუფლებას, მაგრამ ეს პრინციპში უკვე შეუძლებელია.
„ოცნებაში“ იმასაც ხვდებიან, რომ საზოგადოების მოთხოვნები სხვაა. მთავრობა, რაც არ უნდა ავტორიტარული მიდრეკილების იყოს, იძულებულია, საზოგადოებას გაუწიოს ანგარიში.
დღეს პრემიერი თავის გამოსვლაში მუდმივად ახსენებდა „ჩვენ“ და „მე“, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ამ რეკომენდაციის მთავარი შემოქმედი არის საქართველოს მოქალაქე. არცერთ პოლიტიკოსს და არცერთ პარტიას არ გაუკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე გააკეთა ქართველმა ხალხმა.
დღეს „ქართულ ოცნებას“ ეს საერთოდ დაავიწყდა. ასეთ მნიშვნელოვან, ისტორიულ მომენტში როცა დგები ტრიბუნასთან და ახსენებ „ჩემი გუნდი“ და არ გახსენდება თანამოქალაქეები, ეს არის შენი სახე, რომ რეალურად მათზე არ ზრუნავ. გამოდის, რომ ზრუნავ მხოლოდ შენს ვიწრო ჯგუფზე, შენს პარტიაზე. დღევანდელი პრესკონფერენცია ამის ნათელი მაგალითი იყო.
არჩევნების მოახლოების დროს რამდენად შეიძლება „ქართული ოცნება“ შეელიოს იმის წარმოჩენას, რომ თითქოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გამოსდის და მშვიდობას უზრუნველყოფს?
„ოცნებას“ მოუწევს ცვლილებები. თუ ის დაინახავს, რომ ევროკავშირთან არდაახლოება საფრთხეს უქმნის თავის ძალაუფლებას.
ძალაუფლების შენარჩუნებისთვის „ოცნებისთვის“ ყველაზე კომფორტული და ბუნებრივი პარტნიორი რუსეთია, რადგან რუსეთი არ გეუბნება, რომ კარგი არჩევნები ჩაატარე, ან ადამიანის უფლებებს პატივი ეცი, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. რუსეთს ხომ საერთოდ არ აინტერესებს ეს საკითხები?
თუმცა თუ „ოცნება“ დაინახავს, რომ ანტიევროპული პოლიტიკით, ან ევროპული პოლიტიკის ჩაგდებით დაკარგავს ძალაუფლებას, მაშინ ის იძულებული გახდება, გადადგას პროევროპული ნაბიჯები. ვფიქრობ, სამოქალაქო კონსოლიდაცია ამ საკითხის გარშემო „ქართულ ოცნებას“ აიძულებს, გადადგას გარკვეული ნაბიჯები.
ევროპული პოლიტიკის მთავარი შემოქმედი დღეს არის ქართული საზოგადოება. მთავრობა იძულებულია გააკეთოს ის, რასაც მას ქართველი ხალხი დაუკვეთს. ეს არის არა მისი არჩევანი, არამედ საქართველოს საზოგადოების არჩევანი.
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები დარჩნენ ინფორმირებულები, დარჩნენ ამ საკითხების ერთგულები და ხედავდნენ ნაკლოვანებებს და პრობლემებს, ესმოდეთ განსხვავებული აზრი და კრიტიკა. ამ პირობებში ძალიან უჭირს მთავრობას მოატყუოს საზოგადოება.
რა შესაძლებლობა იქნება კანდიდატის სტატუსი მოქალაქეების ხელში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტი გავლენა ამ პროცესზე?
რომ არ ყოფილიყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ დღეს ამ რეკომენდაციას ვერ მივიღებდით, ან მარტში რომ მიეღო პარლამენტს „რუსული კანონი“ და ჩვენს საზოგადოებას ხმა არ ამოეღო, უბრალოდ დამთავრებული იქნებოდა ყოველგვარი ლაპარაკი ევროპულ პერსპექტივაზე.
ამიტომაც, ყოველი ასეთი მიღწევა გვაძლევს ძალას, ახალ იმედს და ოპტიმიზმს, გვაძლევს ასევე კურსს, თუ რის წინაშე უნდა გავხადოთ ხელისუფლება უფრო მეტად ანგარიშვალდებული.
აქ ფუნდამენტური საკითხი მომავალი არჩევნებია. მთავარი საკითხია ისევ, როგორები ვიქნებით ჩვენ: რასაც მოვითხოვთ, იმას მივიღებთ. შეიძლება, ეს ბრძოლა იყოს ძალიან რთული, ხანგრძლივი, მოგვიწიოს ჩვენი კომფორტის ზონებიდან გამოსვლა, რაღაც ისეთის გაკეთება, რაც ადრე არ გაგვიკეთებია, პროტესტის გამოხატვა, მაგრამ ასე შენდება სამოქალაქო საზოგადოება, ასე შენდება დემოკრატია.
სხვანაირად არ გამოვა – ზემოდან ქვევით არ შენდება ევროპული სახელმწიფო. ევროპული სახელმწიფო არ დგას მთავრობაზე, ის დგას მოქალაქეზე.
ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში არ შედის იმ მომღერლების/შემსრულებლების ჰონორარი, რომლებსაც 31 დეკემბრის კონცერტზე მოიწვევენ. ღონისძიებები ორი კვირის განმავლობაში – 2023 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით – ევროპის მოედანზე გაიმართება.
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ორი ტენდერი გამოაცხადა 319 ათას 450 და 196 ათას 550 ლარით. ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 14 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება. მომსახურების მიწოდების ვადა კი 25 დეკემბრიდან 8 იანვრამდე პერიოდია.
რაც შეეხება მომღერლებს, როგორც ბათუმის კულტურის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ ეტაპზე გრძელდება მოლაპარაკებები, თუ ვინ მოახერხებს კონცერტზე ჩამოსვლას, ასევე ჰონორარების ოდენობაზეც. 31 დეკემბრის კონცერტზე მოწვეულ შემსრულებლებთან კი კულტურის ცენტრი ხელშეკრულებებს ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით გააფორმებს. რა თანხას გადაიხდის ქალაქი ჰონორარებში, ამ დროისთვის უცნობია.
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე 319 ათას 450 ლარით გამოცხადებული ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:
სანტას კუთხე, საახალწლო ინსტალაციები, სცენის დეკორაცია, კარვებით უზრუნველყოფა, სცენის დეკორაცია
ცეცხლოვანი შოუ, ჯამბაზების წარმოდგენა, დიჯეების კონცერტის ორგანიზება, დიჯეი აპარატურით მომსახურება და დიჯეი მაგიდის ეკრანი,
ახალი წელი შენს ეზოში – მოსიარულე ავტომანქანა, ქეითირინგით უზრუნველყოფა,
დაცვით და ტრანსპორტით ასევე პიროტექნიკური მომსახურება, ლედ ეკრანი,
საწვიმარი ლაბადა, ბანერების და აფიშების ბეჭდვა და სხვა.
ერთ-ერთი საახალწლო დეკორაცია „ტელევიზორი“, რომელსაც ევროპის მოედანზე განათავსებენ, უნდა იყოს ფოტოზე წარმოდგენილი ესკიზის მსგავსი / ფოტო ტენდერიდან
ტენდერის პირობის მიხედვით, 31 დეკემბერს ფეიერვერკის გასროლების საერთო ჯამური რაოდენობა უნდა იყოს 350; გასროლების საერთო დრო არანაკლებ 3,5 წუთი; გასროლებს შორის ინტერვალი კი, არაუმეტეს 2 წამი.
გასროლის ადგილი, გასასროლი შარების ფერთა ინდიკაცია და ვიზუალი უნდა იყოს სხვადასხვა. რაც წინასწარ უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან. ამასთან, შემსრულებელი ვალდებულია მოახდინოს საქართველოში არსებული კანონის ფარგლებში უსაფრთხოების წესების დაცვა, ხოლო გასროლის შედეგად დამდგარი ზიანი [ასეთის არსებობის შემთხვევაში] სრულად აანაზღაუროს.
რაც შეეხება პრეტენდენტის გამოცდილებას, მას „2021 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს ანალოგიური კულტურული ღონისძიების ორგანიზების შესრულების გამოცდილება, ამასთან აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის სახელშეკრულებო თანხა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 100 000 ლარს.“
რაც შეეხება 196 ათას 550 ლარით გამოცხადებულ ტენდერს, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:
საგამოფენო სივრცის (ჯიხურების) მოწყობა; ჯიხურებისა და ფანჩატურების მოწყობა;
შესასვლელი თაღი;
ქუჩის ხეივნების მოწყობა;
ბიოტუალეტით, ასევე ტრანსპორტით მომსახურება და ბუხრების შეშით უზრუნველყოფა.
ამ ტენდერში გამარჯვებულს ევალება მემედ აბაშიძის გამზირზე [დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში] 70 მეტრის სიგრძის ხეივნის მოწყობა.
„ხეივანი უნდა მოეწყოს ჰორიზონტალური პრინციპით ლითონის ბაგირის მეშვეობით, ბაგირი გზის ზედაპირიდან მინიმუმ 3,5 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. ბაგირზე უნდა განთავსდეს ვარსკვლავის ფორმის არანაკლებ 50 სმ დიამეტრის განათებული დეკორაცია, ვარსკვლავზე დაშვებული უნდა იყოს განათებული წვიმები და სხვა დეკორაციები არანაკლებ 1 მეტრისა. დეკორაციის მთლიანი რაოდენობა არანაკლებ 250 ცალი. დეკორაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ესკიზის მსგავსი [ესკიზი ნახეთ ქვემოთ].“ – აღნიშნულია ტენდერში.
ესკიზები/ვიზუალიზაცია / ფოტოები ტენდერიდან
ტენდერის მიხედვით, განსხვავებული დეკორაციებით მოეწყობა 130 მეტრი სიგრძის „ხეივანი“ მემედ აბაშიძის გამზირზე [ბარათაშვილის ქუჩიდან კ. გამსახურდიას ქუჩამდე მონაკვეთში].
„ხეივანი უნდა მოეწყოს ჰორიზონტალური პრინციპით ლითონის ბაგირის მეშვეობით… ბაგირზე დეკორაციის სახით უნდა განთავსდეს საახალწლო თემატიკის სასაჩუქრე ყუთი, ბაფთა, ზარი. თითოეული დეკორაცია [არანაკლებ 350 ცალი] უნდა იყოს განათებული. დეკორაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ესკიზის მსგავსი“ [ესკიზი ნახეთ ზემოთ].
საახალწლო ღონისძიებების რუკა [ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი და ევროპის მოედანი] / ფოტო ტენდერიდან
5 მილიონ 159 ათასი ლარი ბათუმის გასაფორმებლად
რაც შეეხება ქალაქის საახალწლოდ გაფორმებას, ამისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან ცალკე დაიხარჯება 5 მილიონზე მეტი ლარი.
შესაბამისი ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 5 159 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
სამმართველოს მომსახურებას ზუსტად ამ თანხის ფარგლებში სთავაზობს შპს „აჭარგანათება“.
მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, „აჭარგანათების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება ტენდერის მოთხოვნებს და კომპანიას 2023 წლის 17 ნოემბრამდე მიეცა ვადა შესაბამისი საბანკო გარანტიის წარსადგენად.
გარანტიის წარდგენის შემდეგ სამმართველო კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს.
მას შემდეგ, რაც კირბალში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს, ირაკლი ღარიბაშვილმა საოკუპაციო ძალებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ კი თავი ასე იმართლეს: „მძიმე მემკვიდრეობა წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა“, „ეს გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა მშვიდობა“ – განაცხადეს მათ.
„ბათუმელები“ რონდელის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელსა და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა და ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია ითანამშრომლო ოკუპანტთან და რას ნიშნავს მუდმივად „მყიფე მშვიდობაზე“ საუბარი.
ბატონო კახა, რამდენად სწორია, როცა პრემიერ-მინისტრი ოკუპანტების მიერ მოკლული ადამიანის მკვლელის დასჯას თავად ოკუპანტ ქვეყანას სთხოვს?
ღარიბაშვილი არასდროს გამოირჩევა კორექტული განცხადებებით და ამ შემთხვევაშიც განცხადების ფორმა ისეთია, რომელიც, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ძალიან წამგებიანია საქართველოსთვის და წამგებიანია ასევე „ქართული ოცნებისთვისაც“, რადგან ძალიან რბილია ეს ტონი.
კალაძე, კობახიძეც და პაპუაშვილიც თავიანთ ტექსტებში თითქმის ერთსა და იმავეს იმეორებენ, რომ ის, რაც კირბალში მოხდა, წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა და არ საუბრობენ საკუთარ პასუხისმგებლობაზე. რატომ აპელირებენ ამაზე მუდმივად?
ასე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის, მაგალითად, ერეკლე მეორის მემკვიდრეობა ან სტალინის, ფილიპე მახარაძის მემკვიდრეობა; მერე ვიტყვით, რომ გამსახურდიას მემკვიდრეობაა, რადგან მან გააფუჭა ურთიერთობები რუსეთთან; შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის შევარდნაძის მემკვიდრეობა, რადგან ნატოში მოინდომა შესვლა და დაუპირისპირდა პუტინს ჯერ კიდევ მაშინ და ასე შემდეგ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიული მემკვიდრეობაა, რადგან, მაგალითად, თამარ მეფის პირველი მეუღლე, რომელიც რუსი იყო, გააგდეს საქართველოდან და ასე შემდეგ. როცა „ქართული ოცნება“ არ იქნება ხელისუფლებაში, მაშინ ვიტყვით, რომ „ოცნების“ მემკვიდრეობაა, რადგან არაფერი გააკეთა ამ მიმართულებით და ვერაფერი ვერ შეცვალა.
რა თქმა უნდა, ასე საუბარი არ შეიძლება.
ეს ყველაფერი არის ძალიან პრიმიტიული თავის მართლება, რომელიც პოლიტიკას არ აკეთებს. მეტი პასუხისმგებლობის აღებაა საჭირო, რადგან თუ მოხვედი ხელისუფლებაში და ჩაიბარე რაღაც მემკვიდრეობა, სულ იმის ნუღარ იძახი, „ეს რა ცუდი მემკვიდრეობა ჩავიბარე“. რატომ აიღეს მაშინ პასუხისმგებლობა ამ მემკვიდრეობაზე, რატომ ჩაიბარეს ეს ქვეყანა ასეთი, როგორიც არის?
თუ გამოსწორება არ შეეძლოთ, რატომ ჰპირდებოდნენ ხალხს, რომ ჩვენ ამ მემკვიდრეობას გამოვასწორებთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
მარტივად შეიძლება ამ პოლიტიკური კონსტრუქციის ჩამოშლა.
პაპუაშვილის თქმით, „მყიფე მშვიდობა“ გვაქვს და ამას სჭირდება გაფრთხილება. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენი ადამიანიც არ უნდა მოგვიკლან რუსებმა, ხელისუფლებას ამაზე არ ექნება რეაგირება?
ამით პაპუაშვილი ამბობს, რომ ჩვენ არაფრის თავი არ გვაქვს, არანაირად არ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა, ჩავძვრეთ სოროებში, როგორც კურდღლები და ვიყოთ იქ, გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ არაფერზე.
ეს არის, პრინციპში, სიგნალი, მიიღებს თუ არა ამას ქართველი ხალხი.
გავიხედოთ მარჯვნივ, მარცხნივ, უამრავი ქვეყანაა, კონფლიქტი ვის არ აქვს. ოკუპირებული ტერიტორიებიც ბევრს აქვს, მაგრამ ამის გამო ასეთი შემგუებლური პოლიტიკა არავის არ აქვს ირგვლივ. მე ასეთი პრეცედენტი არ მინახავს არსად.
აზერბაიჯანის ტერიტორია ჰქონდა ოკუპირებული სომხეთს და ამის გამო მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი იყო. სომხეთის მოქალაქეებს არ უშვებდნენ აზერბაიჯანში. ვერ გადადიოდნენ მოლაპარაკების ეტაპზე და ჩვენ კიდევ გავხსენით ჭიშკრები და შემოვუშვით ყველანაირი რუსი – ჩვენი მტერი, მოყვარე, მოძულე, შეიძლება აგენტი, „შპიონი“, ყოფილი სამხედრო, ვინც, ვთქვათ, აქ გენოციდში, ხალხის ეთნიკურ წმენდაში მიიღო მონაწილეობა და შემოდიან-გადიან როგორც უნდათ.
ჩვენ ყველაფერი დავთმეთ, ყველა მიმართულებით და რატომ? არავინ გვეხვეწებოდა და არავინ გვთხოვდა ამას. სიხარბის გამო, ალბათ, სხვა მეტი არაფერი მგონია.
ხელისუფლება შიშზე საუბრობს მუდმივად.
აქ არ არის შიშზე საუბარი. შიშით ყველას ეშინია ომის და არავის უნდა კონფლიქტი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არის სიხარბეზე საუბარი. შეიძლება არ გინდა რუსეთთან გაამწვავო ვითარება, მაგრამ რატომ ეთანამშრომლები, რატომ ეხუტები ასე? უფულობის გეშინია, გამოდის ხომ?
რატომ უშვებ ქვეყანაში ამდენ რუსს, რომ ბინები დაიქირაონ და პროდუქტები იყიდონ? ვხედავთ, რომ თავისივე პროდუქტები შემოაქვთ და იმას ყიდიან. ორჯერ გაიზარდა რუსეთთან ვაჭრობა. აქ ხომ შეიძლება სხვანაირი პოლიტიკა გამოვიყენოთ?
ხომ შეიძლება შეუზღუდო, მაგალითად, ფრენები, რომელიც გახსენი და იყენებენ საქართველოს ტერიტორიას მთელ მსოფლიოსთან კომუნიკაციისთვის.
შეგიძლიათ გვითხრათ, ხელისუფლების „მშვიდობის“ პოლიტიკა რეალურად რა საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას?
როგორი საფრთხის წინაშე აყენებს და ეს არის რეალურად პენეტრაცია, ანუ შემოსვლა ომის გარეშე. იკავებს ეკონომიკას შენ ტერიტორიაზეა, ნელ-ნელა შემოდის შენს პოლიტიკაში, დამოკიდებულს გხდის ბიზნესზე, დამოკიდებულს ხდის პოლიტიკოსებს და საბოლოო ჯამში გიპყრობს ყოველგვარი ომის გარეშე.
ომი არის თავდაცვის უკანასკნელი საშუალება ადამიანებისთვის, როცა სხვა გზა არ დარჩენიათ და აქ ომი არ სჭირდებათ, ომის გარეშე გვიპყრობს რუსეთი.
ჩვენ შეგვიძლია მშვიდობიანი მეთოდებითაც გავუმკლავდეთ ოკუპაციას. მაგალითად, არ ვეთანამშრომლოთ. ინდოეთში მაჰათმა განდიმ მოიგონა თავის დროზე ეს, არ თანამშრომლობდა ინგლისთან. განა, არ სჭირდებოდათ ინდოელებს ინგლისური საქონელი, მრეწველობა და ასე შემდეგ, მაგრამ რომ თქვეს არა, ინგლისი ოკუპანტია და ამიტომ არაფერს ვიყიდით ინგლისელებისგან, აიძულეს ინგლისელები დაეტოვებინათ ინდოეთის ტერიტორია.
ჩვენ რას ვაკეთებთ? პირიქით, ოკუპანტებისგან ორჯერ-სამჯერ მეტს ვყიდულობთ ახლა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.
ჩვენც შეგვიძლია გავატაროთ მშვიდობიანი წინააღმდეგობის პოლიტიკა.
ამ ყველაფერს ბოლოს მაინც ომამდე მიჰყავს მდგომარეობა, რადგან რუსები თავს გადავლენ, ზღვარს გადავლენ, დაეუფლებიან საქართველოში ყველაფერს და ბოლო-ბოლო ეს გამოიწვევს აჯანყებას საქართველოში. როცა რესურსების გარეშე დარჩებიან ქართველები, გაიქცევიან საკუთარი ქვეყნიდან, იმიტომ, რომ მათ სამსახურებს, მათ ადგილებს დაიკავებენ რუსები.
მაგალითად, აფხაზები არ აძლევენ საშუალებას რუსებს, რომ ბინები იყიდონ და მერე გააქირაონ. აფხაზები უფრო ჭკვიანურად იქცევიან, ვიდრე ქართველები, რადგან ისინი ერთად არიან, ქართველები კი არიან დაშლილი ათასგვარ მოღალატეებად, ათასგვარი ინტერესების მატარებელ ჯგუფებად და ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია.
არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც აფხაზები, არც თურქები, ოსებიც კი, რომლებიც ძალიან ცოტანი არიან რიცხობრივად, ისინიც კი არ ატარებენ ასეთ სულელურ პოლიტიკას, როგორც საქართველოს ხელისუფლება.
გინტურის მკვლელობის კადრები რუსებმა გაავრცელეს, ისევე როგორც თავის დროზე ანწუხელიძის წამების კადრები. ეს ჩვენთვის იყო გამიზნული, რომ გვაჩვენონ, როგორ გვილახავენ ღირსებას, თუ რა იკითხება ამ გზავნილში?
ჩვენ არც კი გვთვლიან ადამიანებად, ღირსადაც არ გვთვლიან იმის, რომ რაღაც ზემოქმედება გააკეთონ ჩვენს აუდიტორიაზე. ეს იყო შიდა მოხმარებისთვის, რუსებისთვის, რომ აი, ნახეთ, ღირსი იყო, რომ მოკლეს, რადგან აგრესიულად იქცეოდნენ, კარი შეამტვრიეს. აი, იქ, რაღაც შეიგინა ერთმა და ასე შემდეგ. ასევე ოსებისთვის, რომ მათ იცავენ ამით.
რუსებს აჩვენეს, რომ აი, ნახეთ რა ძლიერები ვართ, რა მაგრები, სადაც რა გვინდა, იმას გავაკეთებთ.
როცა „ქართული ოცნება“ ახსენებს „მყიფე მშვიდობას“, ამის პარალელურად არ საუბრობს ევროკავშირსა და ნატოზე, რაზეც დგას რეალურად ჩვენი მშვიდობა. კანდიდატის სტატუსის ქონა რას შეცვლის ოკუპაციასთან მიმართებაში, დაგვეხმარება თუ არა?
შეიცვლება, რა თქმა უნდა, რადგან როცა კანდიდატი ქვეყანა ხარ, აქ უკვე მარტივი აღარ არის რუსეთისთვის ზეწოლის განხორციელება და ამ კონტექსტში შეიცვლება ჩვენი მდგომარეობა.
ევროპული ინტეგრაციის გზებზე ევროკავშირს მეტი უფლება აქვს, რომ დაგვიცვას.
როცა რუსეთი შეეცდება საქართველოს დაჩაგვრას და ჩაერევა ევროკავშირი, ისინი უფრო ადვილად აუხსნიან მოსახლეობას, რომ ეს კანდიდატი სახელმწიფოა, ჩვენი მომავალი წევრი და როგორ არ დავიცვათ. ამ კონტექსტში სტატუსი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.
„საქართველოში რომ დავბრუნდი ემიგრაციაში ყოფნის 7 წლის შემდეგ, საკუთარი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გამიჭირდა. იმიტომ კი არ გამიჭირდა, რომ სიცივე ვიგრძენი ან აღარ ვუყვარდი და შეიცვალნენ.
არა.
უბრალოდ, მე აღარ მქონდა საერთო. ის ყოველდღიური რამ, რაც გვაერთიანებდა, გამოვტოვე. მივხვდი, რომ აქ, იტალიაში, უფრო მეტ ხალხთან მქონდა კავშირი. რადგან გვაქვს საერთო დარდი, საერთო საფიქრალი, საერთო საქმე. და აქ უფრო ადვილად შეიძლება ადამიანთან იკონტაქტო, ილაპარაკო..“ – ამბობს 48 წლის ლელა ჩუბინიძე. ის 17 წელია რაც იტალიაში ცხოვრობს.
იტალიაში სამუშაოდ 2007 წელს წავიდა. იმ დროს, როცა საზღვარგარეთ წასვლა გაცილებით რთული იყო. საქართველოში დატოვა საქმე, რომელსაც აკეთებდა და რომლისგანაც საკმარის შემოსავალს ვერ იღებდა.
ემიგრაციაში ყოფნის პირველი ორი წელი მისთვისაც ისეთივე რთული იყო, როგორც სხვა ქალებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ბედისა და სამსახურის საძიებლად ჩადიან ხოლმე.
ლელას თქმით, საქართველოდან ყველაფერი ლამაზად ჩანს და რეალურად, რისი გამკლავება უწევთ ახალჩასულ ქალებს, მაგაზე არავინ საუბრობს.
განსაკუთრებით სტრესულად ახსოვს ქართველი ე.წ. დამსაქმებლები, რომელთა გამოც უცხო ქვეყანაში გადადგმული პირველი ნაბიჯები ასმაგად რთული აღმოჩნდა.
ემიგრაციაში ყოფნის 17 წლის თავზე ლელა ამბობს, რომ აღარასდროს იცხოვრებს „ქართველ დამსაქმებლებთან“.
ლელა ჩუბინიძე ფოტო: მარიამ ქველიაშვილი
მისი თქმით, არაკეთილსინდისიერი ე.წ. დამსაქმებლები ემიგრაციაში წასული არაერთი ქალისთვის აღმოჩნდნენ მახე, რომლებისგანაც თავის დაღწევა დიდ დროს, ენერგიას და თანხას მოითხოვს.
საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა, რომლებიც იტალიაში სამუშაოდ ჩადიან, პირველ ეტაპზე, სანამ საბუთებს მოაწესრიგებენ (და ზოგჯერ ეს წლები გრძელდება), არალეგალურად შრომობენ. არალეგალურად დასაქმება რთულია. სამსახურის პოვნის ორი გზა არსებობს – სანდო ნაცნობი/მეგობარი, რომელიც რეკომენდაციას გაგიწევს იტალიელ ოჯახთან ან დამსაქმებელი.
დამსაქმებლები არიან ის ადამიანები, ვინც წლებია უკვე იტალიაში ცხოვრობენ, მოწესრიგებული აქვთ დოკუმენტაცია, აქვთ დაქირავებული ბინა და ამ ბინაში საწოლებს სამსახურის მაძიებლებზე აქირავებენ.
არიან დამსაქმებლები, რომლებიც კანონის ფარგლებში მოქმედებენ და მათ მიერ სამსახურის მაძიებლისთვის გაწეული მომსახურება შესაბამისად ფორმდება, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში მათი საქმიანობა არალეგალურია.
სამსახურის მაძიებლებისგან, განსაკუთრებით კი, ახალჩასულებისგან დამსაქმებლები ცდილობენ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. ლელა ჩუბინიძე ამბობს, რომ როდესაც იტალიაში საცხოვრებლად ჩავიდა, სწორედ მსგავს დამსაქმებელთან მოხვდა.
„ფული თითქმის არ მქონდა როცა ჩამოვედი. იყო დღეები, საჭმლის ფულიც არ მქონდა. მთელი ღამეები ვტიროდი. ვამბობდი, როგორ შეიძლება ქართველები ასეთები იყვნენ. დამსაქმებელთან, სარდაფის სტილის ოთახში ვცხოვრობდი სამ ქალთან ერთად. დიდხანს ვიყავი უმუშევარი. მერე, როგორც იქნა, დავსაქმდი.
მახსოვს, ახალი შესული ვიყავი სამსახურში და იმ დამსაქმებელმა ჩემი მეგობარი გამოაგდო. რაღაც არ მოეწონა და ღამის ცხრა საათზე გააგდო სახლიდან.
მაშინ აქ ქართველებს ბინები აღებული არ ჰქონდათ და მახსოვს, რამდენიმე ქალაქის იქით, სხვა ქალაქში გავუშვით ეს გოგო მატარებლით, რომ ღამე გაეთია,“- იხსენებს ლელა ჩუბინიძე ერთ-ერთ ეპიზოდს მისი ცხოვრებიდან.
ლელა ჩუბინიძე ფიქრობს, რომ დრო, რომელსაც ემიგრაციაში მყოფი ადამიანები საკუთარი სახლებიდან შორს ატარებენ, არის დაკარგული.
„არანაირი თანხა არაა ღირებული, როცა შვილი დედის გარეშე იზრდება. მე არ ვარ დაქორწინებული, მაგრამ მაკლია ჩემების სითბო. არ ვარ მათ გვერდით. 64 წლის მამა დამეღუპა ორი წლის წინ და ვერ წავედი. ფრენები არ იყო. ბილეთი დღემდე შენახული მაქვს, არასდროს არ გადავაგდებ. ეს ყველაფერი გაკლია, ამას ვერაფერი ვერ შეგივსებს. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ თავი ვირჩინოთ. დანარჩენი ყველაფერი დაკარგულია.
შრომა, რომელსაც ემიგრანტები ვწევთ, არის შეუფასებელი. ძნელია იმუშაო მოხუცთან, იცხოვრო მოხუცის ცხოვრებით, მოხუცის აზრით, ეს არის ძალიან რთული, ძალიან ძნელი და ეს ყველას არ შეუძლია.
ვიცი ქალები, რომლებიც ფსიქიკურად შეირყნენ იმიტომ, რომ ეს არის სტრესი, უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელსაც ვიღებთ. ეს არის შეუფასებელი შრომა, რომელსაც ვწევთ,“ – ამბობს ლელა ჩუბინიძე.
ლელას თქმით, ემიგრაციაში ყოფნის მე-17 წელს ცდილობს ცხოვრება დააბალანსოს და მარტო მუშაობას აღარ მიუძღვნას თავი.
„ადრე მარტო მოხუცთან ვცხოვრობდი. კვირაში სამი საათი მქონდა მხოლოდ თავისუფალი დრო. ახლა გადაწყვიტა, მიდგომა შეეცვალა.
ახლა დავდივარ სავარჯიშო დარბაზში, ესთეტიკის ცენტრში, ვცდილობ, ჩემ თავს დრო დავუთმო. შემოვლილი მაქვს ევროპა. ვაძლევ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ მქონდეს უკეთესი ცხოვრება. ვცდილობ, არაფერი აღარ მოვიკლო“, – ამბობს ლელა.
„არ ვეცნობი ახალ ამბებს საქართველოს შესახებ, იმიტომ, რომ არ დავითრგუნო. მაგრამ როცა ჩავდივარ, კარგად ცხოვრობს ხალხი. ბევრად უკეთესად, ვიდრე ემიგრანტები ვცხოვრობთ სხვადასხვა ქვეყანაში,“ – ამბობს ლელა ჩუბინიძე.
ლელა ჩუბინიძე, ბოლონია ფოტო: მარიამ ქველიაშვილი
„საქართველოს სახელმწიფოს თუ ჩვენ რამედ ვუღივართ, ელემენტარულად დაგვიცვას. ვითხოვდით საკონსულოს გახსნას ფლორენციაში, ხელმოწერებიც შევაგროვეთ რამდენიმე წლის წინ, მაგრამ არ გაუხსნია.
ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია საქართველოს, მისი მოქალაქეები რამედ რომ უღირდეს. ამ დროს ქვეყანა ჩვენით ცხოვრობს, ჩვენზე დგას. საქართველოში კორპუსები რომ შენდება, ვინ ყიდულობს ბინებს? ემიგრანტები ყიდულობენ. ყველაფერი ჩვენით არის. ამაზე უნდა დაფიქრდეს სახელმწიფო.
მე ჯერ საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ. წელს მქონდა რთული პერიოდი. სამსახური ვერ ვიშოვე, რაღაც სხვა სირთულეებიც მქონდა. რაღაც მომენტში რატომღაც მომინდა წასვლა იტალიიდან. მერე გადავიფიქრე. ახლა ვფიქრობ, რომ ალბათ დადგება დღე, როცა ამას ძალიან ადვილად გავაკეთებ. მაგრამ ახლა ვმუშაობ, კარგად ვარ და ამ მომენტში თავს შევიკავებ დაბრუნებისგან,“ – ამბობს ლელა.
ლელას თქმით, ევროპა მისთვის, პირველ რიგში, არის თავისუფლება და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. მომენტი, როცა უფულობის გამო არ გეშინია ექიმთან მისვლის და აუცილებელი მკურნალობის მიღების გარეშე დარჩენის.
„ევროპა არის თავისუფლება. არის ძალიან ბევრი რამე, რაც აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ევროპელებისგან, აუცილებლად უნდა გადავიღოთ. ყველაზე მეტად რაც მომწონს, არის ის, რომ ევროპელებს აქვთ დროის გამძაფრებული შეგრძნება. ამათთვის დროს აქვს ყველაზე დიდი ფასი.
მე მომწონს ძალიან ის, რომ ბავშვები იზრდებიან ისეთი ფსიქოლოგიით, როდესაც დაბადების დღეზე, შობას, ბებია, დედა, მამა აჩუქებს ფულს, ის ბავშვი არ მიდის და იმ ფულს სათამაშოებში არ ხარჯავს. მან იცის, რომ უნდა ისწავლოს. ამიტომ თანხას აგროვებენ, სრულწლოვანი როცა გახდებიან, საკუთარი სწავლის ფული თვითონ რომ გადაიხადონ. იციან აგრეთვე, რომ სრულწლოვნები რომ გახდებიან, აუცილებლად უნდა იყვნენ დამოუკიდებლები,“ – ამბობს ლელა.
დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში ავტოავარიის შედეგად 2 დაშავებული ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ბათუმის სამედიცინო ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაშავებულები კლინიკაში „მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა, მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი, ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა“.
შემთხვევა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
დაღუპული ახალგაზრდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ამავე დეპარტამენტის თანამშრომელია დაშავებულიც. „ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ“, – გვითხრეს დეპარტამენტში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
„ახალი პირობითობა არის ერთგვარი შესაძლებლობა იმისა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობებს შევასრულებთ და მის აქტიურ მონიტორინგს განვახორციელებთ, ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, ვაიძულებთ, გარკვეული ნაბიჯები გადადგას. ეს არის ერთადერთი ბერკეტი,“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი.
მას ვკითხეთ, რა ბერკეტია კანდიდატის სტატუსი იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს?
დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. საბოლოო გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებაზე ევროსაბჭომ 2023 წლის დეკემბერში უნდა მიიღოს.
ვანო ჩხიკვაძე განმარტავს, რომ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლაა, სადაც უმთავრეს გამოწვევად ისევ რჩება ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ექსპერტი ხაზს უსვამს იმას, რომ შემდეგ წელს ყველაზე დიდი ინტერესით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან: როგორ გარემოში ჩატარდება არჩევნები საქართველოში.
„კანდიდატის სტატუსი არ უკავშირდება პირდაპირ არჩევნებს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას უნდა ძალაუფლება შეინარჩუნოს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, სავარაუდოდ, დაკავშირებული იქნება არჩევნები ჩატარდეს ნორმალურ და მისაღებ პირობებში.
მომავალი წლის არჩევნებთან ახლოს არის ევროკომისიის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას. ბუნებრივია, ეს პროცესი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
საქართველო უკვე ჩართულია გაფართოების ქვეყნების სიაში და ყოველი წლის შემოდგომაზე მომზადდება უსაფრთხოების ანგარიში, სადაც ნათლად გამოჩნდება, რამდენად წინ წავიდა საქართველო. ეს არის მექანიზმი, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, გადადგას ნაბიჯები ევროკავშირისკენ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვანო ჩხიკვაძე.
საქართველოს მოქალაქეებისთვის რა იცვლება? როგორ შეიძლება ვაიძულოთ ხელისუფლება, მაგალითად, რეალურად გაათავისუფლოს სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან და რეფორმები მხოლოდ ფასადურად არ ჩაატაროს? – ვკითხეთ ევროინტეგრაციის საკითხების ექსპერტს.
„უნდა დავუსვათ შეკითხვა ჩვენ თავს: მოცემული ხელისუფლების პირობებში რამდენად რეალისტურია წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, შემდეგ კი, ამის მიხედვით ვიმოქმედოთ: დავუჭიროთ მხარი მოქმედ ხელისუფლებას და მოქმედ პოლიტიკურ ძალებს, თუ სხვებს დავუჭიროთ მხარი, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე?
საქართველო ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ევროკავშირში გაწევრებას. ის, რაზეც ბევრი ადამიანი ოცნებობდა, იგივე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა დღეს, ეს ოცნება შეიძლება ახდეს და საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მთავარია, რომ ეს პირობები უნდა განიმარტოს კარგად. ამ პირობების შესრულება დაეხმარება რეალურად ქვეყანას, მისი ტრანსფორმაცია მოხდეს და გახდეს უკეთესი ქვეყანა,“ – გვითხრა ვანო ჩხიკვაძემ.
დღეს, 8 ნოემბერს, ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ დასკვნაში ევროკომისიამ ბლოკის წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
„კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ ევროკომისია მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობის გულწრფელ სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე.
„კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები – ოპოზიციის ზედამხედველობა პარლამენტში გაიზარდა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, 2023 წლის დეკემბერში. კანდიდატის სტატუსის შემდგომი ნაბიჯი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაა.
რაც შეეხებათ მოლდოვასა და უკრაინას, ევროკომისიის რეკომენდაცია მათთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება იქნება. თუმცა დათქმები კიშინიოვისა და კიევის შემთხვევაშიცაა გათვალისწინებული.
საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ 2022 წლის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. იმავე წლის ზაფხულში მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ხოლო საქართველომ – ევროპული პერსპექტივა და 12 შესასრულებელი რეკომენდაცია სტატუსის მისაღებად.
____________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE
კვირას, 12 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის გამოფენა გაიმართება.
გამოფენა 12 საათზე გაიხსნება და მთელის დღის განმავლობაში გაგრძელდება.
გამოფენა გაიმართება ბოტანიკური ბაღის ჩაქვის მხარეს მდებარე შესასვლელთან ახლოს, ზღვისპირა პარკში. მთელი დღის განმავლობაში ბაღში შესვლა უფასო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
როგორც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გვითხრეს, ტრადიციულ ხილის გამოფენაზე წელს წარმოდგენილი იქნება ბოტანიკურ ბაღში მოყვანილი სხვადასხვა სახეობის ციტრუსი, კენკროვნები, ბაღის ფიტო-გეოგრაფიული განყოფილებების ეგზოტიკური ხილი და კაკლოვნები.
გარდა ამისა, გამოფენაზე საკუთარ კუთხეს წარმოადგენენ მუნიციპალიტეტები, სხვადასხვა კომპანიები და კერძო მეწარმეები. მათ მიერ წარმოდგენილ გამოფენა-გაყიდვაზე შეგეძლებათ სხვადასხვა ხილის, ხილის ჩიფსების, თაფლის, ხილთან ერთად წარმოდგენილი ყველის, ხილის ჩაის და სხვა ნუგბარის შეძენა და დაგემოვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მანდარინის წვენში ამოვლებული ჩურჩხელა და მისი მომზადების მასტერკლასი.
ამავე დროს, გამოფენაზე ბათუმის თოჯინების თეატრის მეთოჯინეები ხილისგან დაამზადებენ თოჯინებს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW 7 ნოემბრის რუსეთ-უკრაინის ომის მიმოხილვაში, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა გადაისროლეს შეზღუდული რაოდენობის ჯავშანტექნიკა ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე და განაგრძობენ უფრო დიდ სახმელეთო ოპერაციას დაახლოებით ბატალიონის ზომის მსუბუქ ქვეითთა დაჯგუფებით.
ISW-ი ეყრდნობა რუს სამხედრო ბლოგერებს, რომელთაც გაავრცელეს ინფორმაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. რუსი სამხედრო ბლოგერების თქმით, აღმოსავლეთ სანაპიროზე მოქმედებს 300-კაციანი უკრაინული სამხედრო დანაყოფი.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ცნობები ბატალიონის ზომის უკრაინული ძალების შესახებ აღმოსავლეთ სანაპიროზე მიუთითებს, რომ რუსეთის მცდელობამ – დაეკეტა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირო, ხელი არ შეუშალა უკრაინულ ძალებს დამატებითი პერსონალის გადაყვანაში მდინარის მეორე ნაპირზე.
ასევე, ანალიტიკოსები ანგარიშში აღნიშნავენ, რომ უკრაინულმა ძალებმა ჩაატარეს კონტრშეტევითი ოპერაციები ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში.
ISW-ი წერს, რომ ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი რუსი სამხედრო ბლოგერებიც კი ბოლო ხანს წერენ, რომ რუსეთს დასჭირდება „უზარმაზარი საბრძოლო პოტენციალი“ და შესაძლებლობების „ზუსტი გაანგარიშება“ უკრაინის დასამარცხებლად.
კომპანია „სოკარის“ ცნობით, 9 ნოემბერს 06:00 საათიდან ბათუმის მუნიციპალიტს გაზის მიწოდება თითქმის სრულად შეუწყდება. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაზი ბათუმში მხოლოდ აბონენტების მცირე ნაწილთან არ შეწყდება.
„სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება დაიწყება 10 ნოემბერს 13:00 საათიდან და სრულად აღდგება 11 ნოემბრის დღის ბოლომდე.
ასევე, 9 ნოემბრის 06:00 საათიდან 10 ნოემბრის 13:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბონენტებს.
გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
შებერილობა არის განცდა, რომ თქვენი მუცელი სავსეა ან დაჭიმულია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნაწლავებსა და კუჭში გაზები გროვდება. შებერილობა და მეტეორიზმი შეიძლება ერთჯერადად განვითარდეს, ან ქრონიკული სახე ჰქონდეს, რაც კლინიკა „მედცენტრის“ თერაპევტის, ლუიზა კალანდაძის თქმით, შესაძლოა კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემებზე მიანიშნებდეს.
რა პროცესია ეს, როგორ წარმოიქმნება გაზი ორგანიზმში?
მეტეორიზმი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს გაზების დაგროვება, როგორც კუჭში, ისე ნაწლავებში. მეტეორიზმი შეიძლება განვითარდეს ერთჯერადად, ზოგიერთი ტიპის საკვების მიღებისას, მაგრამ შეიძლება მეტეორიზმმა მიიღოს მუდმივი ხასიათი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით გარკვეული დარღვევები არსებობს.
ზოგადად რომ განვსაზღვროთ, გაზები გადაუმუშავებელი საკვების შედეგია. როცა ფერმენტები ნაკლებად გამოიყოფა და აკლია ნაწლავებს, მაგალითად, ატროფიული გასტრიტის დროს, როცა კუჭის წვენის მჟავიანობა არის დაბალი, ამ შემთხვევაში საკვები არ გადამუშავდება კარგად, ის დიდ ხანს რჩება კუჭსა და ნაწლავებში, შესაბამისად, იწყება გადაუმუშავებელი საკვების ლპობა და ამ დროს წარმოიქმნება გაზები.
რა იწვევს მეტეორიზმს?
მეტეორიზმის შემთხვევაში წამყვანი ფაქტორი არასწორი კვებაა. ეს შეიძლება იყოს, როგორც მავნე პროდუქტები გაზიანი სასმელების სახით, ისე უშუალოდ კვებასთან დაკავშირებული ჩვევები/წესები, მაგალითად დიდი რაოდენობით მიღებული საკვები. ასევე, ჩქარა ჭამა, სითხის დალევა დიდი ყლუპებით, ლაპარაკი ჭამის დროს (ამ დროს ხდება ზედმეტი ჰაერის ყლაპვა).
გარდა ამისა, მეტეორიზმის გამომწვევი შეიძლება გახდეს დაავადებები – გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება პანკრეატიტი და კოლიტი. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავის დისბაქტერიოზი და [ნაწლავური] ფერმენტების ნაკლებობა.
დღეს ხშირია პაციენტები, რომელთაც არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, ან მჯდომარე სამუშაო აქვთ, თითქმის ყველა მათგანს კვების არასწორი რეჟიმი აქვს. მაგალითად, დილას შეიძლება საერთოდ არ მიირთვან საკვები და მერე ერთჯერადად და ჭარბად მიიღონ. ამ ჭარბად მიღებულ საკვებს ორგანიზმი ვერ ინელებს დამხმარე პრეპარატების გარეშე.
როგორია მისი სიმპტომური გამოვლინება?
მეტეორიზმის დროს იმატებს მუცლის ზომები, ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში. ეს ტკივილი შეიძლება იყოს ისეთი ძლიერი, რომ პაციენტი მოხვდეს ემერჯენსიში, ანუ გადაუდებელ განყოფილებაში. თუ შებერილია კუჭი, ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ზედა არეში, თუ უფრო ნაწლავურია – შეიძლება ლოკალიზდებოდეს მუცლის ქვემო არეში.
შეიძლება ტკივილით მოცული იყოს მთლიანი მუცელი.
მეტეორიზმის ნიშნებია ასევე მუცლის ბუყბუყი, ცუდი გემო პირში, ბოყინი, გულძმარვა. ზოგჯერ მუცლის შებერილობას შეუძლია ზეგავლენა იქონიოს გულისცემაზე, გამოიწვიოს არითმია და არასასიამოვნო შეგრძნებები გულის არეში.
რა კონკრეტული პროდუქტები უწყობს ხელს გაზების ჭარბ დაგროვებას?
რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არის პარკოსნები, კომბოსტო, ბროკოლი, ბურღულეული, მეტეორიზმის მიზეზი შეიძლება გახდეს ჭარბი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მიღება. ასევე, რძე და რძის პროდუქტები (საკმაოდ ხშირია ლაქტოზის აუტანლობა) და ტკბილეულის ჭარბი რაოდენობით მიღებაც იწვევს მეტეორიზმს.
ლაქტოზის აუტანლობა კუჭ-ნაწლავის პათოლოგიაა და თუ ის დადგინდა, პაციენტმა უნდა ამოიღოს რაციონიდან რძე და რძის პროდუქტები, ან მოიხმაროს ულაქტოზო რძე და რძის ნაწარმი, დღეს იყიდება ასეთ პროდუქტებიც.
Cleveland Clinic: გაზების დაგროვება წვრილ ან მსხვილ ნაწლავში, როგორც წესი, გამოწვეულია ნაწლავში არსებული ბაქტერიების მიერ მოუნელებელი საკვების გადამუშავებითა ან ფერმენტაციით [დუღილით]. გაზები ასევე შეიძლება წარმოიქმნას, როდესაც საჭმლის მომნელებელი სისტემა მთლიანად არ შლის საკვებში შემავალ გარკვეულ კომპონენტებს, როგორიცაა გლუტენი. ის გვხვდება მარცვლეულის უმეტესობაში, ან რძის პროდუქტებისა და ხილის შაქარში.
რა რეკომენდაციები შეიძლება გაითვალისწინონ ადამიანებმა შებერილობის პრევენციისთვის?
ქრონიკული დაავადებების დროს, როცა პაციენტი მიდრეკილია მეტეორიზმისკენ, ამ შემთხვევაში პაციენტი უნდა ეცადოს იკვებოს რეგულარულად, ჭამოს სამ-ოთხჯერ დღეში, ნაკლებ მოცულობის ულუფებით და შესაძლებლობის მიხედვით, გამორიცხოს რაციონიდან ის პროდუქტები, რაც უფრო მეტად იწვევს გაზების ჭარბად დაგროვებას.
უმი ბოსტნეული დიდი რაოდენობით არ უნდა მიღოთ. თერმულად დამუშავებული ბოსტნეული უფრო ადვილი ასათვისებელია და ნაკლებად იწვევს მეტეორიზმს, ვიდრე ცოცხლად მიღებული. ზოგადად, როცა ორგანიზმში კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული რაიმე სახის გამწვავებაა, უფრო მოხარშულ საკვებზე უნდა გადავიდეს პაციენტი.
ვისაც დადგენილი აქვს კუჭ-ნაწლავის დაავადება, მაგალითად გასტრიტი ატროფიული კომპონენტით ან კოლიტი, როცა სუფრაზე მოხვდებიან ან რაიმე მიზეზით ჭარბად მოიხმარენ საკვებს, ყოველთვის უნდა მოიხმარონ საჭმლის მოსანელებელი ფერმენტი, რომელიც თავიდან ააცილებს მეტეორიზმს. ფერმენტები ინიშნება იმის მიხედვით, ყაბზობა აქვს ადამიანს თუ დიარეით მიმდინარე პრობლემა.
მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ჯდომითი სამუშაო ანელებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, ამიტომ ვისაც ჯდომითი სამუშაო აქვს, სასურველია ადგეთ და საათში ერთხელ მაინც გაიაროთ.
Cleveland Clinic: ნაწლავის გაზების სხვა მიზეზები – ნახშირწყლების ცუდი შეწოვა, რამაც შეიძლება დაარღვიოს სასარგებლო ბაქტერიების ბალანსი საჭმლის მომნელებელ სისტემაში; ყაბზობა, ვინაიდან, რაც უფრო დიდ ხანს რჩება საკვების ნარჩენები თქვენს მსხვილ ნაწლავში, მით მეტი დრო აქვს მას ფერმენტაციისთვის;
ლობიოს მომზადებამდე წყალში დაყენებამ შეიძლება გააადვილოს მათი მონელება;
ოსპის ჩალბობა ძალიან ეფექტურია. ღია ფერის ოსპს აქვს უფრო ნაკლები ბოჭკოვანი, ვიდრე მუქი ფერის ოსპს, რაც მას უფრო ადვილად მონელებადს ხდის;
მოძებნეთ რძის ალტერნატივები, რომლებიც გვთავაზობენ იგივე კვებით სარგებელს;
მარცვლეულიდან მიირთვით შვრია, განსაკუთრებით თუ გლუტენის პრობლემა გაქვთ;
უმი ბოსტნეული უფრო რთული მოსანელებელია, ამიტომ კომბოსტოსებრი ბოსტნეულის მომზადებამ შეიძლება შეზღუდოს შებერილობა. ასევე შეგიძლიათ სცადოთ სხვადასხვა ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი, ყაბაყი, კიტრი და ასპარაგუსი.
ნივრის მოთუშვამ/გამოცხობამ შეიძლება შეამციროს შებერილობის ეფექტები;
ვაშლი და მსხალი გათალეთ, დაგეხმარებათ მათი მომზადება/მოთუშვაც. ასევე, ისეთი ხილი, როგორიც არის ბანანი, კენკრა და ციტრუსი, ნაკლებად იწვევს შებერილობას.
საკვები დაღეჭეთ კარგად. საკვების მცირე ნაჭრები უფრო ადვილად ათვისებადია, ვიდრე დიდი ნაჭრები, თანაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ კარგად დაღეჭილი სადილი თქვენს ნაწლავში ძალიან დიდხანს გაჩერდეს.
მეტი სითხის დალევა გეხმარებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების გადაადგილებაში.
მიირთვით ცოტა. ზედმეტი საკვები ტვირთავს თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული 28 მოქალაქეს სხვადასხვა ტურის ორგანიზებას დაჰპირდა და 61 200 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
შსს განაგრძობს გამოძიებას „სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით, რის შემდგომაც შესაძლოა დაზარალებულთა წრე გაიზარდოს,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს, 8 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.