„შანსი არ აქვს ქვეყანას, გახდეს ევროკავშირის წევრი, ან მასთან მოლაპარაკებები გაიხსნას, რომელიც აცდენაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ამიტომაც, უნდა ვიცოდეთ, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვერ გადავალთ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელსაც ევროკომისიის ახალ დათქმაზე ვესაუბრეთ: „საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“.
დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა ევროსაბჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს კონკრეტული 9 დათქმით. ამ პირობებს შორისაა მოთხოვნა საგარეო პოლიტიკის „შესაბამისობაზე“. ევროსაბჭო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას 2023 წლის 15 დეკემბერს მიიღებს.
ლევან ცუცქირიძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას ამ მოკლე დროში შეუძლია მინიმუმ თავისი განცხადებებით აჩვენოს ევროპას, რამდენად კარგად გაიგო ევროკომისიის გზავნილები.
პოლიტოლოგს ვკითხეთ, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ბრიფინგზეც ევროკომისიაში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ: რა აჩვენა ღარიბაშვილის რეაქციამ, რის შეცვლა მოუწევს მას?
„ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის პოლიტოლოგია და აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი.
- ბატონო ლევან, თქვენი აზრით, რატომ გახდა საჭირო ევროკომისიას თავის ახალ რეკომენდაციებში ჩაეწერა ეს: „საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“?
საქართველოს მთავრობა ცდილობდა, ორმაგი თამაში ეწარმოებინა საგარეო მიმართულებით: მაგალითად, რეზოლუციებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში მხარი დაეჭირა ტექნიკურ დონეზე უკრაინისთვის, იმავდროულად კი, მაღალ პოლიტიკურ დონეზე მისი გზავნილები იყო სრულიად აცდენილი ევროკავშირის პოლიტიკასთან.
გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადი, ომი იმიტომ დაიწყო, რომ უკრაინამ გააკეთა სუვერენული და დამოუკიდებელი არჩევანი ევროკავშირის და ნატოს სასარგებლოდო, ასევე განცხადება იმაზე, რომ სანქციები არ მუშაობს…ამიტომაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა.
საქართველოს ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმებიდან აქვს ვალდებულება, ჰარმონიაში ჰქონდეს თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირთან.
ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულ რამდენიმე კვირაში, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭო. დღეს სასიამოვნო მოვლენა გვქონდა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისაღებია სახელმწიფოების ლიდერების დონეზე:
ერთმა სახელმწიფომაც რომ თქვას, რომ არ უჭერს მხარს საქართველოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. რამდენიმე კვირაში კი, შესაძლოა, ბევრი რამ ვერ შეცვალო, მაგრამ შესაძლებელია აჩვენო ევროკავშირს სწორი ტრაექტორია, აჩვენო ის, რომ შენ გაიგე ეს გზავნილი და მიდიხარ სწორი მიმართულებით.
- ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს ხელისუფლების განცხადებები საგარეო პოლიტიკის კუთხით?
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განცხადებები და გზავნილები, არამედ მოქმედებები. მაგალითად, ძალიან ნეგატიურად აღიქვა ევროკავშირმა ფრენების აღდგენა რუსეთთან. შესაბამისობის გაუმჯობესება გულისხმობს მოქმედებების ჰარმონიზაციას, მოქმედებების დაახლოებას.
- ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთო, ღარიბაშვილმა უპასუხა დღევანდელ ბრიფინგზე ევროკავშირის რეკომენდაციას საგარეო პოლიტიკის შესაბამისობაზე. რა გამოჩნდა თქვენთვის ღარიბაშვილის რეაქციიდან?
ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არსებობს განსხვავება პარტიის მიზნებსა და ეროვნულ ინტერესებს შორის, პრემიერ-მინისტრის პირად ინტერესებს და ეროვნულ ინტერესებს შორის.
საქართველოს ეროვნული ინტერესები ასახულია ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირი გაწევრიანება ჩაწერილია, როგორც მთავარი ეროვნული ამოცანა. ასევე, გაცხადებულია საქართველოს ეროვნული მიზანი საქართველოს კონსტიტუციაში და ეს არის ევროპული ინტეგრაცია.
საქართველოს ეროვნული მიზანი გადაწყვეტილი აქვს საქართველოს საზოგადოებას რეფერენდუმის სახით. ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ მიზანს ხელს უშლის, არის შეუსაბამობაში ეროვნულ ამოცანებთან.
ამიტომაც, საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა და რეალურ ეროვნულ მიზნებს უნდა მოემსახუროს.
- კონსტიტუციის ჩანაწერი ევროინტეგრაციაზე „ოცნებამ“ სადავო გახადა, როცა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. რამდენად გამოჩნდა ამ პროცესში, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგოდ?
საზოგადოება ერთიანია ეროვნული იდეის გარშემო და „ქართულმა ოცნებამ“ ეს ძალიან კარგად იცის. „ოცნება“ ხვდება, რომ საზოგადოება ამ საკითხების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და თავისი მხარდამჭერებისთვისაც კი, ევროპული იდეა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ქართული ოცნება“.
ხელისუფლება ამას ხედავს და ამიტომაც ცდილობს, რომ ერთი ხელით ეს რიტორიკა ჰქონდეს და თან არ დაკარგოს საკუთარი ამომრჩეველი.
თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ახლა ძალიან მნიშვნელოვან მიჯნას ვუახლოვდებით იმიტომ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული ეტაპია. მანამდე სერიოზული სამუშაოა გასაწევი. შანსი არ აქვს ქვეყანას, გახდეს ევროკავშირის წევრი, ან მასთან მოლაპარაკებები გაიხსნას, რომელიც აცდენაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.
ამიტომაც, უნდა ვიცოდეთ, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვერ გადავალთ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე.
- როგორ უნდა შეაფასონ მოქალაქეებმა, რომ ხელისუფლების მოქმედება გახდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესაბამისი, რა შეიძლება გახდეს ამის მსაზღვრელი?
ხელისუფლება ევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ ვეღარ უნდა გამოვიდეს საჯაროდ, მათ ევროპელ ელჩებზე ვერ უნდა თქვან, რომ საქართველოში თურმე ომის დაწყება უნდათ. მათ არ უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანებთ შესაძლოა დესტაბილიზაციის საფრთხე გაჩნდეს და ასე შემდეგ.
მე არ მჯერა, რომ „ოცნებას“ სურს ქვეყნის იმდაგვარად გარდაქმნა, როგორც არიან ევროპული სახელმწიფოები, რადგან ევროპული სახელმწიფო ეფუძნება ხელისუფლების ცვლილებას. მათ რეალურად სურთ ნახევრად რეფორმირებული სახელმწიფო, რაც საფრთხეს არ შეუქმნის მათ ძალაუფლებას, მაგრამ ეს პრინციპში უკვე შეუძლებელია.
„ოცნებაში“ იმასაც ხვდებიან, რომ საზოგადოების მოთხოვნები სხვაა. მთავრობა, რაც არ უნდა ავტორიტარული მიდრეკილების იყოს, იძულებულია, საზოგადოებას გაუწიოს ანგარიში.
დღეს პრემიერი თავის გამოსვლაში მუდმივად ახსენებდა „ჩვენ“ და „მე“, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ამ რეკომენდაციის მთავარი შემოქმედი არის საქართველოს მოქალაქე. არცერთ პოლიტიკოსს და არცერთ პარტიას არ გაუკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე გააკეთა ქართველმა ხალხმა.
დღეს „ქართულ ოცნებას“ ეს საერთოდ დაავიწყდა. ასეთ მნიშვნელოვან, ისტორიულ მომენტში როცა დგები ტრიბუნასთან და ახსენებ „ჩემი გუნდი“ და არ გახსენდება თანამოქალაქეები, ეს არის შენი სახე, რომ რეალურად მათზე არ ზრუნავ. გამოდის, რომ ზრუნავ მხოლოდ შენს ვიწრო ჯგუფზე, შენს პარტიაზე. დღევანდელი პრესკონფერენცია ამის ნათელი მაგალითი იყო.
- არჩევნების მოახლოების დროს რამდენად შეიძლება „ქართული ოცნება“ შეელიოს იმის წარმოჩენას, რომ თითქოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გამოსდის და მშვიდობას უზრუნველყოფს?
„ოცნებას“ მოუწევს ცვლილებები. თუ ის დაინახავს, რომ ევროკავშირთან არდაახლოება საფრთხეს უქმნის თავის ძალაუფლებას.
ძალაუფლების შენარჩუნებისთვის „ოცნებისთვის“ ყველაზე კომფორტული და ბუნებრივი პარტნიორი რუსეთია, რადგან რუსეთი არ გეუბნება, რომ კარგი არჩევნები ჩაატარე, ან ადამიანის უფლებებს პატივი ეცი, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. რუსეთს ხომ საერთოდ არ აინტერესებს ეს საკითხები?
თუმცა თუ „ოცნება“ დაინახავს, რომ ანტიევროპული პოლიტიკით, ან ევროპული პოლიტიკის ჩაგდებით დაკარგავს ძალაუფლებას, მაშინ ის იძულებული გახდება, გადადგას პროევროპული ნაბიჯები. ვფიქრობ, სამოქალაქო კონსოლიდაცია ამ საკითხის გარშემო „ქართულ ოცნებას“ აიძულებს, გადადგას გარკვეული ნაბიჯები.
ევროპული პოლიტიკის მთავარი შემოქმედი დღეს არის ქართული საზოგადოება. მთავრობა იძულებულია გააკეთოს ის, რასაც მას ქართველი ხალხი დაუკვეთს. ეს არის არა მისი არჩევანი, არამედ საქართველოს საზოგადოების არჩევანი.
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები დარჩნენ ინფორმირებულები, დარჩნენ ამ საკითხების ერთგულები და ხედავდნენ ნაკლოვანებებს და პრობლემებს, ესმოდეთ განსხვავებული აზრი და კრიტიკა. ამ პირობებში ძალიან უჭირს მთავრობას მოატყუოს საზოგადოება.
- რა შესაძლებლობა იქნება კანდიდატის სტატუსი მოქალაქეების ხელში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტი გავლენა ამ პროცესზე?
რომ არ ყოფილიყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ დღეს ამ რეკომენდაციას ვერ მივიღებდით, ან მარტში რომ მიეღო პარლამენტს „რუსული კანონი“ და ჩვენს საზოგადოებას ხმა არ ამოეღო, უბრალოდ დამთავრებული იქნებოდა ყოველგვარი ლაპარაკი ევროპულ პერსპექტივაზე.
ამიტომაც, ყოველი ასეთი მიღწევა გვაძლევს ძალას, ახალ იმედს და ოპტიმიზმს, გვაძლევს ასევე კურსს, თუ რის წინაშე უნდა გავხადოთ ხელისუფლება უფრო მეტად ანგარიშვალდებული.
აქ ფუნდამენტური საკითხი მომავალი არჩევნებია. მთავარი საკითხია ისევ, როგორები ვიქნებით ჩვენ: რასაც მოვითხოვთ, იმას მივიღებთ. შეიძლება, ეს ბრძოლა იყოს ძალიან რთული, ხანგრძლივი, მოგვიწიოს ჩვენი კომფორტის ზონებიდან გამოსვლა, რაღაც ისეთის გაკეთება, რაც ადრე არ გაგვიკეთებია, პროტესტის გამოხატვა, მაგრამ ასე შენდება სამოქალაქო საზოგადოება, ასე შენდება დემოკრატია.
სხვანაირად არ გამოვა – ზემოდან ქვევით არ შენდება ევროპული სახელმწიფო. ევროპული სახელმწიფო არ დგას მთავრობაზე, ის დგას მოქალაქეზე.