მთავარი,სიახლეები

ვინ რჩება ზამთარში გომისმთაზე – აქ თოვლი უკვე მოვიდა | ფოტო

10.11.2023
ვინ რჩება ზამთარში გომისმთაზე – აქ თოვლი უკვე მოვიდა | ფოტო

„აქამდეც მოთოვა რამდენჯერმე, მაგრამ საღამომდე გადნა, ახლა გაყინა კიდეც, ვეღარ გადნება ადვილად, დაახლოებით 10 – 15 სანტიმეტრი იქნება თოვლის სიმაღლე უკვე“ – ამბობს მერაბ სანიკიძე. ის გასული წლების მსგავსად, წელსაც კურორტ გომისმთაზე აპირებს გამოზამთრებას.

მერაბ სანიკიძის თქმით, კურორტამდე მისასვლელი გზა ჯერ არ ჩაკეტილა, ელექტროენერგია კი ოქტომბერში გათიშეს. კურორტის ყველა სახლი უკვე დაკეტილია – დამსვენებლებმა და მოიალაღეებმა გომისმთა სრულად დატოვეს.

„სამი ოჯახი ვართ მხოლოდ შემორჩენილი, ოზურგეთელები, გენერატორი გვაქვს და წყალიც მოდის. ყველაფერი უნდა შევავსოთ ახლა ზამთრისთვის, რადგან 15 ნოემბრის მერე საერთოდ აღარ იქნება გზა. გასულ ზამთარს, მაგალითად, 8 მეტრი თოვლი იყო აქ, საერთოდ აღარ ჩანდა სახლები,“ – გვიყვება მერაბ სანიკიძე.

2018 წლიდან მერაბ სანიკიძე კურორტ გომისმთაზე ზამთრის ტურიზმის განვითარებას თავისი ძალებით ცდილობს.

„ულამაზესი გარემოა თოვლშიც, აქ ვინც ამოდის ფეხით, ძალიან დაქანცულია, მაგრამ მერე სახლში აღარავინ შემოდის, სულ გარეთ არიან.

როცა დიდია თოვლი, თხილამურებით უნდა წახვიდე, უკვე შესწავლილი მაქვს, როდის ღირს გასვლა – ორი დღე უნდა დაანათოს მზემ და მერე შეიძლება გაიარო თხილამურით, ოღონდ ერთი კილომეტრის გასავლელად დაახლოებით ერთი საათია საჭირო. დილით ადრე გავდივარ, რომ 10 საათი ვიარო და იმ მონაკვეთამდე მივიდე, სადაც ავტომანქანით დახვედრაა შესაძლებელი.

2016 წლის აპრილში გატესტეს პირველად აქ თოვლი სნოუბორდის მოყვარულებმა. უკვე ყველგან დამდნარი იყო თოვლი, აქ კი 2 მეტრი იყო, გაგიჟდნენ სიხარულით. ახლაც ვემზადებით სნოუბორდისთვის. ბევრს უყვარს გაუკვალავ თოვლში თხილამურებით სრიალი,“ – ამბობს მერაბ სანიკიძე.

კურორტი გომისმთა, 2023 წლის 10 ნოემბერი, მერაბ სანიკიძის ფოტო

კურორტი გომისმთა, 2023 წლის 10 ნოემბერი, მერაბ სანიკიძის ფოტო

კურორტი გომისმთა, 2023 წლის 10 ნოემბერი, მერაბ სანიკიძის ფოტო

კურორტი გომისმთა, 2022 წლის ზამთარი, მერაბ სანიკიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: