განათლება,მთავარი,სიახლეები

შშმ ბავშვების მშობლები ბაღებში პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვენ

09.11.2023 •
შშმ ბავშვების მშობლები ბაღებში პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვენ

შშმ ბავშვების მშობლები საბავშვო ბაღებში პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვენ.

მშობლების თქმით, ამ სერვისის დანერგვის აუცილებლობის გარდა, მნიშვნელოვანია პერსონალის ცნობიერების ამაღლებაც, რადგან არის შემთხვევები, როცა სპეცმასწავლებლებიც კი დისკრიმინაციულ ლექსიკას იყენებენ შშმ ბავშვებისთვის მიმართ.

„საჯარო საუბრებშიც კი ამბობენ – „ინკლუზიური ბავშვი“. რას ნიშნავს ინკლუზიური ბავშვი? ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა იმუშაონ შესაბამისმა უწყებებმა, რომ მიმართვის სწორი ფორმები და ტერმინები გამოიყენონ ბაღის თანამშრომლებმა და სპეციალისტებმა“- ამბობს ირმა კილაძე, შშმ ბავშვის მშობელი.

აუტისტური სპექტრის მქონე კიდევ ერთი ბავშვის მშობელი, სოფო მარკოიძეც დისკრიმინაციასა და ბაღებში პერსონალური ასისტენტის საჭიროების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ბაღში რომ შევიყვანე, მოვიდა ძიძა და მითხრა – „ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. აი, იმ ცისფერმაისურიან ბავშვს ხომ ხედავთ, ისიც ცოტა ვერ არისო“.

დავმუნჯდი, რა უნდა უპასუხო ამ დროს, არ ვიცი. ასეთი გამოწვევები ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდება. გარდა ამისა, ჩემი შვილი საჭიროებს პერსონალურ ასისტენტს, თუმცა ეს სერვისი არ არის ბაღებში და გვიწევს ძალიან დიდი ბრძოლა იმისთვის, რომ ბავშვებმა ეს მხარდაჭერა მიიღონ“- გვეუბნება სოფო მარკოიძე.

მისი თქმით, ბაღების გაერთიანებაში დაჰპირდნენ, რომ პერსონალურ ასისტენტს მომავალი წლიდან დაუნიშნავდნენ მის შვილს, თუმცა ამ დაპირებას ნამდვილად შეასრულებს თუ არა გაერთიანება, დაზუსტებით არ იცის.

ნათია მსხალაძეს დაუნის სინდრომის მქონე შვილი ჰყავს და ისიც გვესაუბრება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ სირთულეებზე.

„ვფიქრობ, გასაუმჯობესებელია სასწავლო პროგრამები და მიდგომები ბაღებში, რადგან ყველაფერი ვითარდება, სწრაფად იცვლება და ახალ გამოწვევებს ახალი საჭიროებები მოაქვს ამ ბავშვებისთვისაც.

გადასახედია საგანმანათლებლო პროგრამები და შესაცვლელია დამოკიდებულებაც, რადგან ამ ბავშვებზე ზრუნვა მხოლოდ ბუშტების გაბერვა და ფერადი წინდების აფრიალება არ არის, მეტი მზრუნველობაა საჭირო.

თუ მშობელი არ ხარ ძლიერი და მუდმივად არ იბრძვი, ბავშვი იჩაგრება. სისტემურად კი არ არის აწყობილი ყველაფერი. როცა ბაღში შეგყავს, იქ შენ, მშობელს გიწევს მუდმივი ბრძოლა, რომ ესა თუ ის სერვისი მიეწოდოს ბავშვს.

გამართული სისტემა ნიშნავს იმას, რომ როცა შშმ ბავშვი შემოდის ბაღში ან სკოლაში, ავტომატურად უნდა ჩაირთოს ყველა საჭირო პროგრამა, რომელიც წინასწარ იქნება შემუშავებული და დანერგილი“ – ამბობს ნათია მსხალაძე.

„ერთ-ერთ სკოლაში, სადაც შშმ ბავშვები სწავლობდნენ, ჭკუასუსტ ბავშვებს ვასწავლითო – ასე გვითხრა სპეცპედაგოგმა. როცა პედაგოგი ასე საუბრობს, რა მოლოდინი უნდა გქონდეს მისგან, რას უნდა ელოდე ასეთი სისტემისგან“ – გვეუბნება კიდევ ერთი მშობელი.

ირმა კილაძის თქმით, ახლა მისი შვილი სრულწლოვანია, მაგრამ განათლების თითქმის ყველა საფეხურზე – ბაღი, სკოლა, კოლეჯი – სირთულეების და ბარიერის გადალახვა უწევდა.

„აბსოლუტურად ყველა ეტაპი გვაქვს განვლილი და ყველა ეტაპზე უამრავი გამოწვევა დაგვხვდა და ყველა ბარიერის გადალახვა და ჩემი შვილის ადვოკატირება ჩემი ჯანმრთელობის ფასად მიჯდებოდა“- გვითხრა მან.

ნამდვილად ნერგავს თუ არა სახელმწიფო საბავშვო ბაღებში პერსონალური ასისტენტის სერვისს და რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროისთვის? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, დავით დიასამიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, საბავშვო ბაღებში პერსონალური ასისტენტის პროგრამა არ არის დანერგილი, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა მიდის. მისი აზრით, შშმ პირს პერსონალური ასისტენტი ექიმის დასკვნის საფუძველზე უნდა დაენიშნოს.

„ზუსტად მეც არ ვიცი, მაგრამ კონსულტაციას გავივლით ჯანდაცვის სამინისტროსთან და თუ ბავშვი ეტლით მოსარგებლეა ან ცერებრული დამბლა აქვს და ვერ დადის, ბუნებრივია, აქ უკვე ისედაც ჩანს პირადი ასისტენტის საჭიროება.

ვაპირებთ პროექტი გავიტანოთ ახალი წლის მერე საკრებულოზე და დავაყენოთ ეს საკითხი, სადაც ექიმის პასუხისმგებლობის ქვეშ დაენიშნება შშმ ბავშვს ასისტენტი“- ამბობს დავით დიასამიძე.

თუმცა, რა ფორმით შემოვა პერსონალური ასისტენტის ბაღებში – ხელშეკრულით აიყვანენ სპეციალისტს თუ მუდმივი შტატი დაიშვება, ეს საკითხიც მსჯელობის საგანი იქნება.

„ისიც გასარკვევია, სად უნდა ვნახოთ სპეციალურად გადამზადებული პირადი ასისტენტები“ – ამბობს დავით დიასამიძე.

მისი თქმით, ბათუმის საბავშვო ბაღებში ამ დროისთვის 356-მდე შშმ ბავშვი სწავლობს.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსაც ესაუბრა. სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ინდირა ნაკაიძე ამბობს, რომ პერსონალური ასისტენტის საჭიროებაზე სამინისტროსთვის არავის მიუმართავს, თუმცა ეს საკითხი მუნიციპალიტეტების გადასაჭრელია.

ბათუმის მერიაში ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი მარინა რუხაძე კი ამბობს, რომ ამ დროისთვის მერიას შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამები აქვს მხოლოდ და პერსონალური ასისტენტის სერვისი დანერგილი არ არის.

„პერსონალური ასისტენტი არ ნიშნავს იმას, რომ ერთ შშმ სტატუსის მქონე ბავშვს აუცილებლად ჰყავდეს ერთი პერსონალური ასისტენტი. ეს კონცეფცია საერთოდ გადასახედია და ჩვენ ველოდებით, როგორი იქნება სპეციალისტების მოსაზრება ამ საკითხზე“ – გვითხრა მარინა რუხაძემ.

______________________

ფოტოზე: სოფო მარკოიძე შვილთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: