მთავარი,სიახლეები

თამარის რუსი ქმარი რომ გააგდეს, ესეც მემკვიდრეობაა? – გოგოლაშვილი „ოცნებას“ გინტურის მოკვლაზე

08.11.2023 • 7548
თამარის რუსი ქმარი რომ გააგდეს, ესეც მემკვიდრეობაა? – გოგოლაშვილი „ოცნებას“ გინტურის მოკვლაზე
მას შემდეგ, რაც კირბალში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს, ირაკლი ღარიბაშვილმა საოკუპაციო ძალებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ კი თავი ასე იმართლეს: „მძიმე მემკვიდრეობა წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა“, „ეს გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა მშვიდობა“ – განაცხადეს მათ.

„ბათუმელები“ რონდელის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელსა და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა და ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია ითანამშრომლო ოკუპანტთან და რას ნიშნავს მუდმივად „მყიფე მშვიდობაზე“ საუბარი.

  • ბატონო კახა, რამდენად სწორია, როცა პრემიერ-მინისტრი ოკუპანტების მიერ მოკლული ადამიანის მკვლელის დასჯას თავად ოკუპანტ ქვეყანას სთხოვს?  

ღარიბაშვილი არასდროს გამოირჩევა კორექტული განცხადებებით და ამ შემთხვევაშიც განცხადების ფორმა ისეთია, რომელიც, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ძალიან წამგებიანია საქართველოსთვის და წამგებიანია ასევე „ქართული ოცნებისთვისაც“, რადგან ძალიან რბილია ეს ტონი.

  • კალაძე, კობახიძეც და პაპუაშვილიც თავიანთ ტექსტებში თითქმის ერთსა და იმავეს იმეორებენ, რომ ის, რაც კირბალში მოხდა, წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა და არ საუბრობენ საკუთარ პასუხისმგებლობაზე. რატომ აპელირებენ ამაზე მუდმივად? 

ასე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის, მაგალითად, ერეკლე მეორის მემკვიდრეობა ან სტალინის, ფილიპე მახარაძის მემკვიდრეობა; მერე ვიტყვით, რომ გამსახურდიას მემკვიდრეობაა, რადგან მან გააფუჭა ურთიერთობები რუსეთთან; შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის შევარდნაძის მემკვიდრეობა, რადგან ნატოში მოინდომა შესვლა და დაუპირისპირდა პუტინს ჯერ კიდევ მაშინ და ასე შემდეგ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიული მემკვიდრეობაა, რადგან, მაგალითად, თამარ მეფის პირველი მეუღლე, რომელიც რუსი იყო, გააგდეს საქართველოდან და ასე შემდეგ. როცა „ქართული ოცნება“ არ იქნება ხელისუფლებაში, მაშინ ვიტყვით, რომ „ოცნების“ მემკვიდრეობაა, რადგან არაფერი გააკეთა ამ მიმართულებით და ვერაფერი ვერ შეცვალა.

რა თქმა უნდა, ასე საუბარი არ შეიძლება.

ეს ყველაფერი არის ძალიან პრიმიტიული თავის მართლება, რომელიც პოლიტიკას არ აკეთებს. მეტი პასუხისმგებლობის აღებაა საჭირო, რადგან თუ მოხვედი ხელისუფლებაში და ჩაიბარე რაღაც მემკვიდრეობა, სულ იმის ნუღარ იძახი, „ეს რა ცუდი მემკვიდრეობა ჩავიბარე“. რატომ აიღეს მაშინ პასუხისმგებლობა ამ მემკვიდრეობაზე, რატომ ჩაიბარეს ეს ქვეყანა ასეთი, როგორიც არის?

თუ გამოსწორება არ შეეძლოთ, რატომ ჰპირდებოდნენ ხალხს, რომ ჩვენ ამ მემკვიდრეობას გამოვასწორებთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

მარტივად შეიძლება ამ პოლიტიკური კონსტრუქციის ჩამოშლა.

  • პაპუაშვილის თქმით, „მყიფე მშვიდობა“ გვაქვს და ამას სჭირდება გაფრთხილება. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენი ადამიანიც არ უნდა მოგვიკლან რუსებმა, ხელისუფლებას ამაზე არ ექნება რეაგირება?

ამით პაპუაშვილი ამბობს, რომ ჩვენ არაფრის თავი არ გვაქვს, არანაირად არ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა, ჩავძვრეთ სოროებში, როგორც კურდღლები და ვიყოთ იქ, გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ არაფერზე.

ეს არის, პრინციპში, სიგნალი, მიიღებს თუ არა ამას ქართველი ხალხი.

გავიხედოთ მარჯვნივ, მარცხნივ, უამრავი ქვეყანაა, კონფლიქტი ვის არ აქვს. ოკუპირებული ტერიტორიებიც ბევრს აქვს, მაგრამ ამის გამო ასეთი შემგუებლური პოლიტიკა არავის არ აქვს ირგვლივ. მე ასეთი პრეცედენტი არ მინახავს არსად.

აზერბაიჯანის ტერიტორია ჰქონდა ოკუპირებული სომხეთს და ამის გამო მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი იყო. სომხეთის მოქალაქეებს არ უშვებდნენ აზერბაიჯანში. ვერ გადადიოდნენ მოლაპარაკების ეტაპზე და ჩვენ კიდევ გავხსენით ჭიშკრები და შემოვუშვით ყველანაირი რუსი – ჩვენი მტერი, მოყვარე, მოძულე, შეიძლება აგენტი, „შპიონი“, ყოფილი სამხედრო, ვინც, ვთქვათ, აქ გენოციდში, ხალხის ეთნიკურ წმენდაში მიიღო მონაწილეობა და შემოდიან-გადიან როგორც უნდათ.

ჩვენ ყველაფერი დავთმეთ, ყველა მიმართულებით და რატომ? არავინ გვეხვეწებოდა და არავინ გვთხოვდა ამას. სიხარბის გამო, ალბათ, სხვა მეტი არაფერი მგონია.

  • ხელისუფლება შიშზე საუბრობს მუდმივად.

აქ არ არის შიშზე საუბარი. შიშით ყველას ეშინია ომის და არავის უნდა კონფლიქტი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არის სიხარბეზე საუბარი. შეიძლება არ გინდა რუსეთთან გაამწვავო ვითარება, მაგრამ რატომ ეთანამშრომლები, რატომ ეხუტები ასე? უფულობის გეშინია, გამოდის ხომ?

რატომ უშვებ ქვეყანაში ამდენ რუსს, რომ ბინები დაიქირაონ და პროდუქტები იყიდონ? ვხედავთ, რომ თავისივე პროდუქტები შემოაქვთ და იმას ყიდიან. ორჯერ გაიზარდა რუსეთთან ვაჭრობა. აქ ხომ შეიძლება სხვანაირი პოლიტიკა გამოვიყენოთ?

ხომ შეიძლება შეუზღუდო, მაგალითად, ფრენები, რომელიც გახსენი და იყენებენ საქართველოს ტერიტორიას მთელ მსოფლიოსთან კომუნიკაციისთვის.

  • შეგიძლიათ გვითხრათ, ხელისუფლების „მშვიდობის“ პოლიტიკა რეალურად რა საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას?

როგორი საფრთხის წინაშე აყენებს და ეს არის რეალურად პენეტრაცია, ანუ შემოსვლა ომის გარეშე. იკავებს ეკონომიკას შენ ტერიტორიაზეა, ნელ-ნელა შემოდის შენს პოლიტიკაში, დამოკიდებულს გხდის ბიზნესზე, დამოკიდებულს ხდის პოლიტიკოსებს და საბოლოო ჯამში გიპყრობს ყოველგვარი ომის გარეშე.

ომი არის თავდაცვის უკანასკნელი საშუალება ადამიანებისთვის, როცა სხვა გზა არ დარჩენიათ და აქ ომი არ სჭირდებათ, ომის გარეშე გვიპყრობს რუსეთი.

ჩვენ შეგვიძლია მშვიდობიანი მეთოდებითაც გავუმკლავდეთ ოკუპაციას. მაგალითად, არ ვეთანამშრომლოთ. ინდოეთში მაჰათმა განდიმ მოიგონა თავის დროზე ეს, არ თანამშრომლობდა ინგლისთან. განა, არ სჭირდებოდათ ინდოელებს ინგლისური საქონელი, მრეწველობა და ასე შემდეგ, მაგრამ რომ თქვეს არა, ინგლისი ოკუპანტია და ამიტომ არაფერს ვიყიდით ინგლისელებისგან, აიძულეს ინგლისელები დაეტოვებინათ ინდოეთის ტერიტორია.

ჩვენ რას ვაკეთებთ? პირიქით, ოკუპანტებისგან ორჯერ-სამჯერ მეტს ვყიდულობთ ახლა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

ჩვენც შეგვიძლია გავატაროთ მშვიდობიანი წინააღმდეგობის პოლიტიკა.

ამ ყველაფერს ბოლოს მაინც ომამდე მიჰყავს მდგომარეობა, რადგან რუსები თავს გადავლენ, ზღვარს გადავლენ, დაეუფლებიან საქართველოში ყველაფერს და ბოლო-ბოლო ეს გამოიწვევს აჯანყებას საქართველოში. როცა რესურსების გარეშე დარჩებიან ქართველები, გაიქცევიან საკუთარი ქვეყნიდან, იმიტომ, რომ მათ სამსახურებს, მათ ადგილებს დაიკავებენ რუსები.

მაგალითად, აფხაზები არ აძლევენ საშუალებას რუსებს, რომ ბინები იყიდონ და მერე გააქირაონ. აფხაზები უფრო ჭკვიანურად იქცევიან, ვიდრე ქართველები, რადგან ისინი ერთად არიან, ქართველები კი არიან დაშლილი ათასგვარ მოღალატეებად, ათასგვარი ინტერესების მატარებელ ჯგუფებად და ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია.

არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც აფხაზები, არც თურქები, ოსებიც კი, რომლებიც ძალიან ცოტანი არიან რიცხობრივად, ისინიც კი არ ატარებენ ასეთ სულელურ პოლიტიკას, როგორც საქართველოს ხელისუფლება.

  • გინტურის მკვლელობის კადრები რუსებმა გაავრცელეს, ისევე როგორც თავის დროზე ანწუხელიძის წამების კადრები. ეს ჩვენთვის იყო გამიზნული, რომ გვაჩვენონ, როგორ გვილახავენ ღირსებას, თუ რა იკითხება ამ გზავნილში?

ჩვენ არც კი გვთვლიან ადამიანებად, ღირსადაც არ გვთვლიან იმის, რომ რაღაც ზემოქმედება გააკეთონ ჩვენს აუდიტორიაზე. ეს იყო შიდა მოხმარებისთვის, რუსებისთვის, რომ აი, ნახეთ, ღირსი იყო, რომ მოკლეს, რადგან აგრესიულად იქცეოდნენ, კარი შეამტვრიეს. აი, იქ, რაღაც შეიგინა ერთმა და ასე შემდეგ. ასევე ოსებისთვის, რომ მათ იცავენ ამით.

რუსებს აჩვენეს, რომ აი, ნახეთ რა ძლიერები ვართ, რა მაგრები, სადაც რა გვინდა, იმას გავაკეთებთ.

  • როცა „ქართული ოცნება“ ახსენებს „მყიფე მშვიდობას“, ამის პარალელურად არ საუბრობს ევროკავშირსა და ნატოზე, რაზეც დგას რეალურად ჩვენი მშვიდობა. კანდიდატის სტატუსის ქონა რას შეცვლის ოკუპაციასთან მიმართებაში, დაგვეხმარება თუ არა?

შეიცვლება, რა თქმა უნდა, რადგან როცა კანდიდატი ქვეყანა ხარ, აქ უკვე მარტივი აღარ არის რუსეთისთვის ზეწოლის განხორციელება და ამ კონტექსტში შეიცვლება ჩვენი მდგომარეობა.

ევროპული ინტეგრაციის გზებზე ევროკავშირს მეტი უფლება აქვს, რომ დაგვიცვას.

როცა რუსეთი შეეცდება საქართველოს დაჩაგვრას და ჩაერევა ევროკავშირი, ისინი უფრო ადვილად აუხსნიან მოსახლეობას, რომ ეს კანდიდატი სახელმწიფოა, ჩვენი მომავალი წევრი და როგორ არ დავიცვათ. ამ კონტექსტში სტატუსი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: