მთავარი,სიახლეები

34,8 ტონა მანდარინი სარფიდან უკან, თურქეთში გააბრუნეს – შემოსავლების სამსახური

09.11.2023 • 1459
34,8 ტონა მანდარინი სარფიდან უკან, თურქეთში გააბრუნეს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთიდან მომავალი მანდარინებით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ, სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, 34 800 კილოგრამ მანდარინში პესტიციდების შემცველობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაშვებულ ნორმას აღემატებოდა“, – აცხადებს სამსახური.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.


საქსტატის მონაცემებით საქართველოდან 2023 წლის იანვარ-სექტემბერში გატანილია სულ 1 659 850 აშშ დოლარის ციტრუსი, ხოლო იგივე პერიოდში შემოტანილია 2 055 900 აშშ დოლარის მანდარინი.

2022 წელს კი, საქართველოდან 9 576 400 აშშ დოლარის ციტრუსია ექსპორტზე გატანილი, ხოლო იმპორტირებულია [შემოტანილია] 6 093 100 აშშ დოლარის მანდარინი.

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: