შებერილობა არის განცდა, რომ თქვენი მუცელი სავსეა ან დაჭიმულია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნაწლავებსა და კუჭში გაზები გროვდება. შებერილობა და მეტეორიზმი შეიძლება ერთჯერადად განვითარდეს, ან ქრონიკული სახე ჰქონდეს, რაც კლინიკა „მედცენტრის“ თერაპევტის, ლუიზა კალანდაძის თქმით, შესაძლოა კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემებზე მიანიშნებდეს.
- რა პროცესია ეს, როგორ წარმოიქმნება გაზი ორგანიზმში?
მეტეორიზმი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს გაზების დაგროვება, როგორც კუჭში, ისე ნაწლავებში. მეტეორიზმი შეიძლება განვითარდეს ერთჯერადად, ზოგიერთი ტიპის საკვების მიღებისას, მაგრამ შეიძლება მეტეორიზმმა მიიღოს მუდმივი ხასიათი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით გარკვეული დარღვევები არსებობს.
ზოგადად რომ განვსაზღვროთ, გაზები გადაუმუშავებელი საკვების შედეგია. როცა ფერმენტები ნაკლებად გამოიყოფა და აკლია ნაწლავებს, მაგალითად, ატროფიული გასტრიტის დროს, როცა კუჭის წვენის მჟავიანობა არის დაბალი, ამ შემთხვევაში საკვები არ გადამუშავდება კარგად, ის დიდ ხანს რჩება კუჭსა და ნაწლავებში, შესაბამისად, იწყება გადაუმუშავებელი საკვების ლპობა და ამ დროს წარმოიქმნება გაზები.
- რა იწვევს მეტეორიზმს?
მეტეორიზმის შემთხვევაში წამყვანი ფაქტორი არასწორი კვებაა. ეს შეიძლება იყოს, როგორც მავნე პროდუქტები გაზიანი სასმელების სახით, ისე უშუალოდ კვებასთან დაკავშირებული ჩვევები/წესები, მაგალითად დიდი რაოდენობით მიღებული საკვები. ასევე, ჩქარა ჭამა, სითხის დალევა დიდი ყლუპებით, ლაპარაკი ჭამის დროს (ამ დროს ხდება ზედმეტი ჰაერის ყლაპვა).
გარდა ამისა, მეტეორიზმის გამომწვევი შეიძლება გახდეს დაავადებები – გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება პანკრეატიტი და კოლიტი. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავის დისბაქტერიოზი და [ნაწლავური] ფერმენტების ნაკლებობა.
დღეს ხშირია პაციენტები, რომელთაც არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, ან მჯდომარე სამუშაო აქვთ, თითქმის ყველა მათგანს კვების არასწორი რეჟიმი აქვს. მაგალითად, დილას შეიძლება საერთოდ არ მიირთვან საკვები და მერე ერთჯერადად და ჭარბად მიიღონ. ამ ჭარბად მიღებულ საკვებს ორგანიზმი ვერ ინელებს დამხმარე პრეპარატების გარეშე.
- როგორია მისი სიმპტომური გამოვლინება?
მეტეორიზმის დროს იმატებს მუცლის ზომები, ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში. ეს ტკივილი შეიძლება იყოს ისეთი ძლიერი, რომ პაციენტი მოხვდეს ემერჯენსიში, ანუ გადაუდებელ განყოფილებაში. თუ შებერილია კუჭი, ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ზედა არეში, თუ უფრო ნაწლავურია – შეიძლება ლოკალიზდებოდეს მუცლის ქვემო არეში.
შეიძლება ტკივილით მოცული იყოს მთლიანი მუცელი.
მეტეორიზმის ნიშნებია ასევე მუცლის ბუყბუყი, ცუდი გემო პირში, ბოყინი, გულძმარვა. ზოგჯერ მუცლის შებერილობას შეუძლია ზეგავლენა იქონიოს გულისცემაზე, გამოიწვიოს არითმია და არასასიამოვნო შეგრძნებები გულის არეში.
- რა კონკრეტული პროდუქტები უწყობს ხელს გაზების ჭარბ დაგროვებას?
რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არის პარკოსნები, კომბოსტო, ბროკოლი, ბურღულეული, მეტეორიზმის მიზეზი შეიძლება გახდეს ჭარბი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მიღება. ასევე, რძე და რძის პროდუქტები (საკმაოდ ხშირია ლაქტოზის აუტანლობა) და ტკბილეულის ჭარბი რაოდენობით მიღებაც იწვევს მეტეორიზმს.
ლაქტოზის აუტანლობა კუჭ-ნაწლავის პათოლოგიაა და თუ ის დადგინდა, პაციენტმა უნდა ამოიღოს რაციონიდან რძე და რძის პროდუქტები, ან მოიხმაროს ულაქტოზო რძე და რძის ნაწარმი, დღეს იყიდება ასეთ პროდუქტებიც.
Cleveland Clinic: გაზების დაგროვება წვრილ ან მსხვილ ნაწლავში, როგორც წესი, გამოწვეულია ნაწლავში არსებული ბაქტერიების მიერ მოუნელებელი საკვების გადამუშავებითა ან ფერმენტაციით [დუღილით]. გაზები ასევე შეიძლება წარმოიქმნას, როდესაც საჭმლის მომნელებელი სისტემა მთლიანად არ შლის საკვებში შემავალ გარკვეულ კომპონენტებს, როგორიცაა გლუტენი. ის გვხვდება მარცვლეულის უმეტესობაში, ან რძის პროდუქტებისა და ხილის შაქარში.
- რა რეკომენდაციები შეიძლება გაითვალისწინონ ადამიანებმა შებერილობის პრევენციისთვის?
ქრონიკული დაავადებების დროს, როცა პაციენტი მიდრეკილია მეტეორიზმისკენ, ამ შემთხვევაში პაციენტი უნდა ეცადოს იკვებოს რეგულარულად, ჭამოს სამ-ოთხჯერ დღეში, ნაკლებ მოცულობის ულუფებით და შესაძლებლობის მიხედვით, გამორიცხოს რაციონიდან ის პროდუქტები, რაც უფრო მეტად იწვევს გაზების ჭარბად დაგროვებას.
უმი ბოსტნეული დიდი რაოდენობით არ უნდა მიღოთ. თერმულად დამუშავებული ბოსტნეული უფრო ადვილი ასათვისებელია და ნაკლებად იწვევს მეტეორიზმს, ვიდრე ცოცხლად მიღებული. ზოგადად, როცა ორგანიზმში კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული რაიმე სახის გამწვავებაა, უფრო მოხარშულ საკვებზე უნდა გადავიდეს პაციენტი.
ვისაც დადგენილი აქვს კუჭ-ნაწლავის დაავადება, მაგალითად გასტრიტი ატროფიული კომპონენტით ან კოლიტი, როცა სუფრაზე მოხვდებიან ან რაიმე მიზეზით ჭარბად მოიხმარენ საკვებს, ყოველთვის უნდა მოიხმარონ საჭმლის მოსანელებელი ფერმენტი, რომელიც თავიდან ააცილებს მეტეორიზმს. ფერმენტები ინიშნება იმის მიხედვით, ყაბზობა აქვს ადამიანს თუ დიარეით მიმდინარე პრობლემა.
მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ჯდომითი სამუშაო ანელებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, ამიტომ ვისაც ჯდომითი სამუშაო აქვს, სასურველია ადგეთ და საათში ერთხელ მაინც გაიაროთ.
Cleveland Clinic: ნაწლავის გაზების სხვა მიზეზები – ნახშირწყლების ცუდი შეწოვა, რამაც შეიძლება დაარღვიოს სასარგებლო ბაქტერიების ბალანსი საჭმლის მომნელებელ სისტემაში; ყაბზობა, ვინაიდან, რაც უფრო დიდ ხანს რჩება საკვების ნარჩენები თქვენს მსხვილ ნაწლავში, მით მეტი დრო აქვს მას ფერმენტაციისთვის;
Cleveland Clinic-ის რეკომენდაციები შებერილობის პრევენციისთვის:
- ლობიოს მომზადებამდე წყალში დაყენებამ შეიძლება გააადვილოს მათი მონელება;
- ოსპის ჩალბობა ძალიან ეფექტურია. ღია ფერის ოსპს აქვს უფრო ნაკლები ბოჭკოვანი, ვიდრე მუქი ფერის ოსპს, რაც მას უფრო ადვილად მონელებადს ხდის;
- მოძებნეთ რძის ალტერნატივები, რომლებიც გვთავაზობენ იგივე კვებით სარგებელს;
- მარცვლეულიდან მიირთვით შვრია, განსაკუთრებით თუ გლუტენის პრობლემა გაქვთ;
- უმი ბოსტნეული უფრო რთული მოსანელებელია, ამიტომ კომბოსტოსებრი ბოსტნეულის მომზადებამ შეიძლება შეზღუდოს შებერილობა. ასევე შეგიძლიათ სცადოთ სხვადასხვა ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი, ყაბაყი, კიტრი და ასპარაგუსი.
- ნივრის მოთუშვამ/გამოცხობამ შეიძლება შეამციროს შებერილობის ეფექტები;
- ვაშლი და მსხალი გათალეთ, დაგეხმარებათ მათი მომზადება/მოთუშვაც. ასევე, ისეთი ხილი, როგორიც არის ბანანი, კენკრა და ციტრუსი, ნაკლებად იწვევს შებერილობას.
- საკვები დაღეჭეთ კარგად. საკვების მცირე ნაჭრები უფრო ადვილად ათვისებადია, ვიდრე დიდი ნაჭრები, თანაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ კარგად დაღეჭილი სადილი თქვენს ნაწლავში ძალიან დიდხანს გაჩერდეს.
- მეტი სითხის დალევა გეხმარებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების გადაადგილებაში.
- მიირთვით ცოტა. ზედმეტი საკვები ტვირთავს თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას.