„კლუბი სინერგია“ – ეს არის ცოცხალი სამსახური, ბევრი ახალგაზრდით, მოტივირებული ადამიანებით“

გთავაზობთ ინტერვიუს ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ დირექტორთან ნინო მახაშვილთან

ნინო მახარაშვილი
ნინო მახაშვილი

რა არის „კლუბი სინერგია“?

ნინო მახაშვილი: „კლუბი სინერგია“ – ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისი, რომელიც დაახლოებით ოთხ წელიწად-ნახევრის წინ შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ამჯერადაც კლუბი ისევ ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. პროექტი, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, მიმართულია დანაშაულისა და ადიქციის პრევენციისკენ. აი, ამ ფარგლებში მუშაობს „კლუბი სინერგია“, რადგანაც ვიცით, რომ ადიქტური ქცევები თითქმის მუდმივად გადაჯაჭვულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.

ეს არის უფასო სერვისი ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის პრობლემები აქვთ. ეს ნიშნავს, რომ 14-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანები – მოზარდები და „ახალგაზრდა უფროსები“ იღებენ მაღალკვალიფიციურ დახმარებას – ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისს, როდესაც აქვთ, ვთქვათ, ისეთი მცირე პრობლემა (თუმცაღა  სერიოზული), როგორიცაა უძილობა ან ისეთი რთული პრობლემა, როგორიცაა დეპრესიული მდგომარება, რომელიც, მაგალითად, გართულებულია პოსტტრავმული სტრესული აშლილობით.

ბავშვთა და მოზარდთა ასაკი უაღრესად მოწყვლადი ასაკია. ჩვენ ვიცით, რომ 24 წლამდე ჩვენი (ფსიქიკური ჯანმრთელობის) აშლილობების 2/3-ზე მეტი უკვე ჩამოყალიბებულია. ანუ 24 წლამდე თუ ჩაერევი, მართვის სადავეები შენ გიპყრია, არ ახანგრძლივებ, არ აქრონიკულებ მდგომარეობას. ამიტომაც ავირჩიეთ ეს ასაკი.

სერვისი არის პრევენციული, რომელიც ცდილობს ნაადრევად ჩაერიოს და შეაჩეროს, შეარბილოს პრობლემის მიმდინარეობა. ამავე დროს, სერვისს შეუძლია გაუწიოს დახმარება იმ ადამიანებს, რომელთაც უკვე გარკვეულად პრობლემური მდგომარეობა აქვთ. პრევენციულ-ინტერვენციულ სერვისს ვეძახით ასეთ სერვისს და „კლუბი სინერგია“ სწორედ ამ პარადიგმაზე დგას.

„კლუბი სინერგიას“ გუნდი

ნინო მახაშვილი: ვინ არიან ადამიანები, ვინც აქ მუშაობენ? – ესენი არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. რადგან ჩვენ ბიოფსიქოსოციალურ მიდგომას მივყვებით, აქ გვყავს ექიმი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, მათ შორის ფსიქოტრავმატოლოგები, გვყავს სოციალური მუშაკები, ადიქტოლოგები.

აქ არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულები და ასევე, სპეციალისტები სხვა უნივერსიტეტებიდან. ყველა მათგანი 2018 წლიდან ინტენსიური ტრენინგების „სუბიექტია“, ჩვენ ეს ტრენინგები ადგილობრივი ექსპერტების დახმარებითაც ჩაგვიტარებია, მაგრამ უმეტესად გერმანელი და ბრიტანელი ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტები წრთვნიან მათ. ფაქტობრივად, სერვისი დგას ევროპულ სტანდარტებზე. ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ ამოიცნონ და მართონ ის პრობლემები, რითაც ჩვენთან მოდიან ახალგაზრდები.

გარდა იმისა, რომ ვცდილობთ ვიმუშაოთ მაღალი სტანდარტებითა და ევროპული მეთოდოლოგიით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენივე პერსონალის კეთილდღეობაზე და ეს ხდება სუპერვიზიებისა და ინტერვიზიების მეშვეობით: ეს არის გამოცდილი ექპერტების მიერ რთული შემთხვევების გარჩევა გუნდშიც და ინდივიდუალურადაც. გუნდის სუპერვიზიის შემთხვევაში, გუნდის წევრებიც ჩართულები არიან განხილვაში და ეცნობიან, როგორ შეიძლება გართულებული მდგომარეობის მართვა, ხოლო ინდივიდუალური შეხვედრისას – მიდის მუშაობა არა მხოლოდ კლიენტის, არამედ თავად თერაპისტის პრობლემებზეც, რადგანაც, როდესაც ესეთ რთულ ემოციურ და ქცევით მდგომარეობასთან გაქვს საქმე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტიც პროფესიული გადაწვის წინაშე შეიძლება დადგეს.

მუდმივად ვზრუნავთ მეთოდოლოგიის დახვეწაზე, ეს არის ძალიან ცოცხალი სამსახური, ბევრი ახალგაზრდით, მოწადინებული, მოტივირებული ადამიანებით. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესის ნაწილი ვარ.

კლუბი სინერგია
კლუბი სინერგია

სერვისის უპირატესობა

ნინო მახაშვილი: „კლუბი სინერგიას“ საშუალო კურსი 12-კვირიანია, თუმცა არის მდგომარეობები, რიმლებიც 2-3 სესიაში ამოიწურება და ახალგაზრდა სერვისიდან მიდის; არის მდგომარეობები, რომლებსაც გაცილებით ხანგრძლივი თერაპია სჭირდება. სერვისის ეფექტურობის განსაზღვრისთვის ვაფასებთ ადამიანების მდგომარეობას, როდესაც შემოდიან და როდესაც გადიან სერვისიდან. მივყვებით სამი თვის განმავლობაში და ვაფასებთ დინამიკას.

ჩვენი კონსულტანტები და თერაპევტები მუშაობენ ინდივიდუალურად და ჯგუფურადაც. „კლუბი სინერგია“ დაფუძნებულია მეთოდოლოგიაზე, რასაც ჰქვია შემთხვევების მართვა, როდესაც მთელი გუნდი ახალგაზრდა ადამიანის პრობლემებისა და საჭიროებების მოგვარებაზე ზრუნავს.

ჯგუფური თერაპიები ტარდება ე.წ. ტრანსდიაგნოსტიკური მიდგომით, რაც გულისხმობს არა დიაგნოზზე ორიენტირებულ მიდგომას, არამედ აქცენტი კეთდება იმ პროცესებზე, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს გასდევს, მაგალითად, ემოციური დისრეგულაცია, ბრაზის მართვა, ინტერპერსონალური სირთულეები. ანუ „კლუბ სინერგიას“ აქვს სოციალური კომპეტენციის ჯგუფური შეხვედრები და ბევრი სხვა შეხვედრა, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ, ის უნარ-ჩვევები აითვისონ, რაშიც პრობლემა აქვთ, გაივარჯიშონ და შემდეგ ცხოვრებაში გამოიყენონ.

კლუბის კონცეფცია

ნინო მახაშვილი: ჩვენი კლუბი იმის გამო, რომ უფასო სერვისია და ამასთან, ვფიქრობ, დიდი პოპულარულობით სარგებლობს, სამწუხაროდ, დიდი მოცდის რიგით ხასიათდება. ამჟამად, მაგალითად, 200-ზე მეტი ადამიანი ელოდება სერვისში ჩართვას.

ჩვენ გვაქვს ორი ოფისი – სინერგია თბილისი და სინერგია ბათუმი. ორივე ოფისი იმისთვის, რომ შევამციროთ სტიგმა და უფრო „შინაურული’ გავხადოთ გარემო, ოჯახის ტიპის ბინაში მდებარეობს. ეს არის ჩვენი კონცეფცია – არ გვქონდეს კლინიკა, არ გვეცვას ხალათი; გვინდა, ადამიანი შემოდიოდეს და ბარიერი არ იგრძნოს სერვისის მიღების დროს. აქ მოზარდს შეუძლია ითამაშოს, ჩაი დალიოს, თავის პრობლემაზე ისაუბროს. მან იცის, რომ სერვისი ანონომურია. ერთადერთი პირობა, რასაც ჩვენ მომხმარებელს, ბენეფიციარს, კლიენტს, პაციენტს ვუყენებთ, არის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ამ დოკუმენტში აღწერილია, რას ვთავაზობთ, რამდენ სესიას, როგორ ვიცავთ კონფიდენციალობას, მათი პასუხისმგებლობა რა არის და ა.შ. ყველა მომხმარებელი კოდირებულია სისტემაში, ანონიმურობა დაცულია, ვერავინ ნახავს მათ სახელსა და გვარს.

ჩვენ ვთავაზობოთ სერვისს არა მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც, ძალიან ხშირია მშობლების ან და-ძმის ჩართვა; მოდიან ოჯახის წევრები, მეგობრებიც კი. ახლა, მაგალითად, ახალი ჯგუფი შევქმენით, როდესაც ჩვენმა კლიენტმა თავისი მეგობრები მოიყვანა.

„დაბალი ზღურბლი“ – ასეთი სერვისი გვაქვს, ანუ სერვისი ზედმეტი ბარიერების გარეშე. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ, რადგან ვმუშაობთ პრევენციაზე, ანუ ჩარევაზე, რომ პრობლემები არ განვითარდეს, დამძიმდეს და გახანგრძლივდეს; გვაქვს ფეისბუქგვერდი, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერ რეკომენდაციებს გავცემთ, გვაქვს საინფორმაციო კამპანიები, სკრინინგ-პროგრამები. ცნობიერების დონეს ვზრდით, ვცდილობთ, რომ საზოგადოებისთვის ვიყოთ ინტერაქტიულები და გახსნილები.

„კლუბი სინერგიას“ სამიზნე ჯგუფები და მომართვიანობა

ნინო მახაშვილი: ჩვენ გვაქვს მომხმარებელთა მონაცემთა ბაზა, რომელსაც მუდმივად ვაანალიზებთ. ანალიზი აჩვენებს, რომ 40%-ზე მეტი არის თვითდინებით მოსული. ანუ თვითმომართვიანობა ძალიან მაღალია. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა თაობამ რაღაცნაირად იცის ან აინტერესებს საკუთარი თავის შეცნობა. ასე მგონია, ამაზე მაღალი მისია არც არსებობს.

თუმცაღა, ჩვენ გვყავს მოზარდები, რომლებიც გამოგზავნილნი არიან განრიდებისა და პრობაციის პროგრამით, გვყავს მოზარდები, რომლებსაც „სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს“ ვეძახით – ეს არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო სახლების მოზარდები, ასევე გვყავს დევნილი მოზარდები, ანუ ე.წ „რისკის ჯგუფის“ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც პრევენციული ხასიათის ჩარევები ძალიან ადგებათ და ვხედავთ კიდევაც, რომ ეფექტურია. როდესაც ვაანალიზებთ მონაცემებს – არა მარტო კლინიკურ სიმპომატოლოგიას, არამედ ამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცხოვრებით კმაყოფილებას, ვხედავთ აშკარა გაუმჯობესებას. ანუ სახეზეა სიმპტომების კლებასთან ერთად თვითკმაყოფილებისა და თვითრეალიზაციის გაუმჯობესება.

მნიშვნელოვანია, რომ „კლუბი სინერგიას“ მანდატის შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ზოგადი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალგაზრდებს, ვისაც აქვთ დეპრესიული სიმპტომატიკა, ან შფოთვითი აშლილობა, ადიქტური ქცევები, დანაკარგი, ტრავმა ან ადაპტაციის სირთულეები. არ ვმუშაობთ ახალგაზრდებთან ფსიქოტური ეპიზოდებით, ან ადამიანებთან ნეიროგანვითარების დარღვევებით, ვთქვათ, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან.

კვლავ გავიმეორებ, რომ ჩვენ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობების მართვასთან ერთად, ვახორციელებთ პრევენციულ პროგრამებსაც. საქართველოში მოზარდთა პრევენციული სერვისები არ არსებობს და ამ მხრივ, ვფიქრობ, უნიკალურები ვართ.

ვერ ვიტყვი, რომ სკოლები გვიკავშირდებიან. მოგეხსენებათ, სკოლებს აქვთ ფსიქოლოგიური სერვისი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქოლგის ქვეშ არის. ეს ფანტასტიურია იმიტომ, რომ ბავშვთა და მოზარდთა სერვისები ქვეყანაში უაღრესად მცირე რაოდენობითაა, ფრაგმენტირებულია.

ასე რომ, სკოლებიდან ოფიციალური მომართვიანობა ნაკლებია, მაგრამ ჩვენ თავად ვცდილობთ შესვლას და მუშაობას როგორც მოსწავლეებთან, ასევე მასწავლებლებთან. მაგალითად, ძალიან ბევრი მუშაობა გავწიეთ ზემო აჭარის სკოლებში და ეს იყო ძალიან მადლიანი საქმე. ვცდილობთ მცხეთა-მთიანეთის სკოლებში შესვლას და იქ სატრენინგო ჯგუფური მუშაობის წარმართვას იმისთვის, რომ ბავშვებს მიეცეთ ცხოვრების განმავლობაში აუცილებელი უნარები, მაგალითად, პრობლემის გადაჭრის ჩვევები, მედეგობის გაზრდის უნარები და სხვ.

მინდა ვთქვა, რომ ბევრი წინწასული ქვეყანა აუცილებელ ექსტრაკურიკულუმურ აქტივობებად სახავს ემოციის რეგულაციისა და კონფლიქტის მართვის სწავლებას. ჩვენთვის ეს ჯერ კიდევ ფუფუნებაა და ვცდილობთ, ამ პროექტის ფარგლებში, მივაწოდოთ ქართველ მოქალაქეებს ეს უნარ-ჩვევები. ამისთვის დიდი მადლობა ევროკავშირს.

„შემდეგი წელი იქნება გადამწყვეტი“ – ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ რუსეთთან ომის შემდეგი წელი გადამწყვეტი იქნება.

„ახლოვდება გარდამტეხი მომენტი ომში. შემდეგი წელი იქნება გადამწყვეტი“, – აცხადებს ერმაკი, რომელსაც უკრაინული მედია ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად მიიჩნევს.

როგორც ერმაკი ამბობს, უკრაინის კონტრიერიში გრძელდება, ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის, გამარჯვებას როგორ მიაღწიოს. დასავლელ პარტნიორებს ერმაკი მოუწოდებს, დამატებითი სანქციები დაუწესონ რუსეთს, უკრაინას კი მეტი შეიარაღება მიაწოდონ.

ფრონტზე ამჟამინდელ ვითარებაზე ამერიკელ კოლეგას ესაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი. მან აღნიშნა, რომ ავდიივკას, კუპიანსკის და მარინკას მიმართულებებზე რთული, თუმცა კონტროლირებადი სიტუაციაა.

ზალუჟნიმ ცოტა ხნის წინ „ეკონომისტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ ომი ამჟამად ჩიხშია შესული და სერიოზული წინსვლისთვის არც ერთ მხარეს საკმარისი რესურსები და შესაძლებლობა აქვს.

ამავე თემაზე:

„იავა“, „კოტო“, „ხასიკო“ და კიდევ 15 პირი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 18 პირი დააკავა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 18 პირი დააკავეს თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში.

შს სამინისტროს ცნობით, ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1970 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „იავა“), 1994 წელს დაბადებული გ.დ., 1978 წელს დაბადებული ი.ა. (მეტსახელად „კოტო“), 1960 წელს დაბადებული გ.ნ..

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ნ.გ. (მეტსახელად „ლოპე“), 1985 წელს დაბადებული ბ.გ., 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1996 წელს დაბადებული ლ.შ., 1960 წელს დაბადებული შ.თ. (მეტსახელად „ხასიკო“).

„კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული პ.შ., 1970 წელს დაბადებული მ.თ., 1992 წელს დაბადებული ლ.თ., 1978 წელს დაბადებული რ.ა., 1974 წელს დაბადებული ვ.ხ. (მეტსახელად „ბულალა“), 1973 წელს დაბადებული მ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ.ც.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და „კანონიერი ქურდების“: რუსლან გეგეჭკორის, თენგიზ ხოფერიას, ჯეირან კინწურაშვილის, რევაზ მორჩილაძისა (მეტსახელად „პიტკინა“) და პაატა ბაქრაძის დავალებით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

„ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ „კანონიერი ქურდების“ მითითებებს, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, ფული, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“ – იუწყება შსს.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

___________

ფოტოზე: სპეცოპერაციის ამსახველი კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

 

საქართველოს სამ თვეში 2.7 მილიონი მოგზაური ეწვია – საქსტატი

2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 2.7 მილიონი არარეზიდენტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 19.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ტურისტთა უდიდესი ნაწილი, 42.5 პროცენტი, 31-50 ასაკის მოგზაური იყო.

„აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.3 მილიონი შეადგინა, რაც 21.0 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე,“ – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

საქსტატის განმარტების თანახმად, ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 571.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი (498.9 ათასი) 21.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი (339.0 ათასი) 12.9%-იანი წილით.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ვიზიტისას ვიზიტორებმა 4.8 მილიარდი ლარის ხარჯი გაწიეს, რაც 7.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 11.3 პროცენტით შემცირდა და 2 105.8 ლარი შეადგინა.

საფრანგეთში არალეგალებისთვის უფასო ჯანდაცვის შეზღუდვას განიხილავენ – მედია

საფრანგეთის სენატმა 200 ხმით 136-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც შესაძლოა შეიზღუდოს სახელმწიფო ჯანდაცვაზე არალეგალი მიგრანტების ხელმისაწვდომობა.

კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანია გაუქმდეს სახელმწიფო სამედიცინო დახმარება, რაც არალეგალ მიგრანტებს ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

მედიის ცნობით, თავიდან აღნიშნულ კანონპროექტს მხარს მხოლოდ საფრანგეთის კონსერვატიული პარტია უჭერდა, დებატები მიმდინარეობდა მემარჯვენეებს შორისაც, ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრი, ოლერენ რუსო, ამ შეთავაზების წინააღმდეგ გამოვიდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერარ დარმენენის განცხადებით, ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მექანიზმისთვის საფრანგეთი 1.14 მილიარდ ევროს ხარჯავს ყოველწლიურად. მინისტრის შეფასებით, ეს ეკონომიკურად არამდგრადი მოცემულობაა.

კანონპროექტი შეიცავს სხვა ისეთ ცვლილებებსაც, როგორიცაა: ფრანგული ენის მინიმალური ცოდნა ბინადრობის უფლების მისაღებად, ოჯახის გაერთიანების წესების გამკაცრება და არალეგალი მიგრანტების დაბრუნება მათი წარმოშობის ქვეყანაში.

კანონპროექტს აკრიტიკებს გაეროს ბავშვთა ფონდი – UNICEF-ი. ორგანიზაციის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით არასრულწლოვანების, ბავშვების გაძევება და მათი დაცვის შესუსტება ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას, რომლის ხელმომწერიც საფრანგეთია.

კანონპროექტის ბევრ მოწინააღმდეგეს მიაჩნია, რომ ოჯახების გაყოფა და თავშესაფრის მაძიებელთა შეზღუდვა ვერ მოაგვარებს საფრანგეთის სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემებს.

კანონპროექტს, რომელშიც შესწორებები უნდა შევიდეს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა დეკემბერში განიხილავს.

ამავე დროს, france24-ის ცნობით, ფრანგი ექიმები აცხადებენ, რომ „არ დაემორჩილებიან“ კანონპროექტს, რომელიც ართმევს უსაბუთო მიგრანტებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას.

კერძოდ, france24-ის ინფორმაციით, შაბათს, 11 ნოემბერს, ჯანდაცვის დაახლოებით 3 500-მა მუშაკმა ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც პირობა დადეს, რომ „გააგრძელებენ უსაბუთო პაციენტების უფასოდ მკურნალობას მათი საჭიროებიდან გამომდინარე, ჰიპოკრატეს ფიცის შესაბამისად“.

ავდიივკასთან რუსული ძალების წინსვლა დასტურდება – ISW

ომის შესწავლის ინსტიტუტის [ISW] 13 ნოემბრის შეფასებით, რუსულმა ძალებმა ავდიივკას მიმართულებით წინსვლა მოახერხეს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 10 ნოემბრის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსული ძალები ქალაქ სტეპოვეს აღმოსავლეთ მისადგომებთან მივიდნენ. ეს ქალაქი ავდიივკასგან ჩრდილოეთით, სამი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ორგანიზაციის ანალიტიკოსთა შეფასებით, სწორედ ავდიივკას მიმართულებაა ახლა პრიორიტეტი რუსული სამხედრო ხელმძღვანელობისთვის. ამავე დროს, ანგარიშში მოყვანილია უკრაინული გენერალური შტაბის ცნობები რუსული ძალების არაერთ წარუმატებელ იერიშზე ავდიივკას მიმართულებაზე.

ავდიივკა აღმოსავლეთის ფრონტზე ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ქალაქია. ბრიტანეთის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ავდიივკას აღებისთვის გადადგმული ნაბიჯები, თავისი მასშტაბით, რუსეთის ყველაზე დიდი შეტევითი ოპერაციაა, სულ მცირე, 2023 წლის იანვრის შემდეგ. მათი შეფასებით, უკრაინის მიერ ამ პუნქტის კონტროლი წინ უდგას რუსეთის მიზანს, დაიკავოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები.

„ბიბისის“ სამხედრო კორესპონდენტის, პალევ აქსიონოვის თქმით, ავდიივკის აღება ფრონტის ხაზს დონეცკიდან მოშორებით გადაწევდა [რუსული „ტვ-ცენტრი“ აღნიშნავს, რომ ავდიივკის სიმაღლეებიდან დონეცკზე დარტყმაა შესაძლებელი] და ამასთან ერთად, აღარ იქნებოდა ფრონტის ამ მონაკვეთზე შეჭრილი რუსეთის თავდაცვითი ხაზის სიღრმეში. სხვა ყველაფერთან ერთად, დიდ თავდასხმას უკრაინის ყურადღება გადააქვს ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან – აღნიშნავს აქსიონოვი.

ISW-ის ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ამინდის გაუარესებას გავლენა აქვს საბრძოლო მოქმედებების ხასიათსა და ინტენსივობაზე, თუმცა ამინდი ამ ეტაპზე ოპერაციების ჩატარებას სრულიად შეუძლებელს ვერ ხდის.

უკრაინის სახმელეთო ძალების პრესსპიკერი ვოლოდიმირ ფიტიო ამბობს, რომ წვიმის შედეგად ატალახებულ ნიადაგზე სახმელეთო მანევრების ჩატარება გართულებულია. უკრაინის სამხრეთის ოპერატიული ხელმძღვანელობის სპიკერი კი აღნიშნავს, რომ რუსული ავიაცია ნაკლებად აქტიურობს სწორედ ამინდის გაუარესების გამო.

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ამინდის გაუარესება ხელს შეუშლის და შეანელებს მხარეთა ოპერაციებს, მაგრამ სრულიად ვერ შეაჩერებს საბრძოლო მოქმედებებს.

____________

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი/facebook

კულება: ევროკავშირი ვერ შეძლებს მილიონი ჭურვი გადმოგვცეს 2024-ის მარტამდე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ევროკავშირი ვერ მოახერხებს თავისი დანაპირების შესრულებას და უკრაინისთვის 2024 წლის მარტამდე მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემას, იტყობინება „ევროპეისკა პრავდა“.

კულებას თქმით, „ბლუმბერგის“ სტატია მილიონი ჭურვის ვერგადაცემაზე სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ეს გამოწვეულია არა ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური ნების ნაკლებობით, არამედ ბლოკის წევრთა თავდაცვითი წარმოების ცუდი მდგომარეობით და „ძალიან ბევრი ბიუროკრატიით“.

უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს პრობლემების მოსაგვარებლად და ხაზი გაუსვა, რომ კიევი, მართალია, აფასებს ბრიუსელის მხარდაჭერას, მაგრამ მაინც შეეცდება, დააჩქაროს მოკავშირე. „იმიტომ, რომ თვალწინაა უკრაინელი ქვეითი და მას ჭურვები სჭირდება“, – ამბობს იგი.

ოქტომბრის ბოლოსთვის, ლიეტუვის საგარეო უწყების ცნობით, ევროკავშირმა 300 ათასი ჭურვი გადასცა უკრაინას. მილიონი ჭურვის ერთი წლის განმავლობაში გადაცემის პირობა ევროკავშირმა 2023 წლის მარტში დადო.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოესი დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ნოემბრის 21 საათიდან 15 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით ზოგან წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 16-17 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი.

IT სპეციალისტი უგამოცდოდ შეგიძლია გახდე!

შეუთავსე შენი კომპეტენცია დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს და შეიძინე ახალი თეორიული და პრაქტიკული უნარები!

სასწავლებელში „გოლდენ სიი“ ახალი ნაკადის მიღება იწყება და ის თავის 50-მდე პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, შენი კარიერული წინსვლისთვის, გთავაზობს ცოდნისა და უნარების განვითარებას შემდეგ მიმართულებებზე:

1. IT – ინფორმაციული ტექნოლოგიები;
2. ბუღალტერია;
3. მზარეული;
4. კონდიტერი;
5. სასტუმროს საქმისმწარმოებელი – ვაიზერი;

სწავლის პერიოდში მსმენელები პრაქტიკულ უნარებს განივითარებენ მათი სფეროს წამყვან ორგანიზაციებში.

სწავლის მსურველებმა სარეგისტრაციო ბმული უნდა შეავსონ აქ : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfAx6QBsM6y9vKiVQuy6tnck7u_EYG6IbD54HnEfWfnpI9F6A/viewform

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577-19-06-53; 599-52-34-03
იხილეთ საიტი – goldensea.ge
მისამართი: ქ.ბათუმი, დ.თავდადებულის 49

ბათუმში შსს სპეცოპერაციას ატარებს – „ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი დავაკავეთ“

დღეს, 14 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბათუმში სპეცოპერაციას ატარებენ. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი.

სპეცოპერაცია გრძელდება. შსს სპეცოპერაციას აჭარის რეგიონში ატარებს.

ინფორმაცია განახლდება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 313 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
  • ტანკი – 5 362 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 10 086 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 7 589 ერთეული [+20]
  • MLRS – 882 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 580 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 649 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 561 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 973 ერთეული [+24]
  • სპეცტექნიკა – 1 081 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 534 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 8 904 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 392 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 184 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 084 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 253 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა აძლიერებს თავდასხმებს რუსეთის ობიექტებზე – ISW

რატომ გჭირდებოდა საშვი ქედაში წასასვლელად – როგორ აკონტროლებდნენ აჭარას

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლებში კარგად ახსოვთ ის დრო, როცა ბათუმში წასვლა-წამოსვლისას აუცილებლად თან უნდა ჰქონოდათ პასპორტი – წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც მუნიციპალიტეტს დატოვებდნენ და ვერც სახლში დაბრუნდებოდნენ. ბლოკპოსტებზე, რომლებიც ქედასა და ხელვაჩაურში იყო, მგზავრობით დატვირთულ ავტობუსში რუსი ჯარისკაცები ადიოდნენ და ყველას პასპორტს ამოწმებდნენ.

ეს მოგონებებია საბჭოთა დროის აჭარაზე, როცა ქედის, ხულოს, ხელვაჩაურისა თუ შუახევის რომელიმე სოფელში გამართულ ქორწილში ბათუმიდან რომ დაგეპატიჟებინა ნათესავები, სპეციალური საშვების გამოწერა იყო საჭირო.

რა ხდებოდა ამ ბლოკპოსტებზე და ვის შეეძლო მისი გავლა თავისუფლად? როგორ მართავდა ოჯახი დაკრძალვას თუ ქორწილს? რესპონდენტებს, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, კარგად ახსოვთ ეს პერიოდი – მათ თავადაც უწევდათ ბლოკპოსტების გავლა.

55 წლის ასმათ სამნიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ცხოვრობს. მას კარგად ახსოვს, როგორ ამოწმებდნენ ბლოკპოსტზე ყველას საბუთებს რუსი ჯარისკაცები.

„ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, რაც დამრჩა მეხსიერებაში, იმას აღვწერ. ავტობუსის მგზავრების შესამოწმებელი ადგილი ცალკე იყო, მანქანით მიმავლებისა და ფეხით მიმავლების – ცალ-ცალკე.

რუსი ჯარისკაცები ყველას პასპორტს ამოწმებდნენ.

პასპორტს ვადა გასული არ უნდა ჰქონოდა, სხვისი პასპორტით არ უნდა გაგევლო. იყო საგუშაგოც, მაღლობზე, სადაც ერთი ჯარისკაცი იდგა და იქიდან აკონტროლებდა ტერიტორიას. ზუსტად ვერ ვიტყვი დროს, არ ვიცი, 6 საათის ცვლით იყვნენ თუ 9-საათიანი, თუმცა ნამდვილად იცვლებოდნენ.

ესენი იყვნენ ჩვეულებრივი [საბჭოთა] ფორმიანი ჯარისკაცები, ვინც იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მათი სამხედრო ბაზა ქედაში იყო. ჯარში მსახურობდნენ და თან ბლოკპოსტებს აკონტროლებდნენ.

არც ერთი არ იყო ქართველი, ყველა რუსი იყო. ბავშვობაში სულ მეშინოდა მათი, რადგან იარაღით იყვნენ.

ვინც ბათუმში იყო ჩაწერილი, სპეციალური საშვები უნდა ჰქონოდა პასპორტთან ერთად, ქედის ბლოკპოსტები რომ გამოევლო. ვინც ქედაში, შუახევში, ხულოში იყო ჩაწერილი, მას განსაკუთრებული საშვი არ სჭირდებოდა, პირდაპირ პასპორტით შემოდიოდა მუნიციპალიტეტში, მაგრამ თუ პასპორტი დაავიწყდებოდა ან სხვისი პასპორტით შეეცდებოდა გასვლას, მას აუცილებლად გააბრუნებდნენ უკან. მახსოვს შემთხვევები, თუ როგორ გააბრუნეს ხალხი უკან და არ გაატარეს ბლოკპოსტზე.

თხოვნა, ადგილზე მოლაპარაკება ან რაიმე მსგავსი დაუშვებელი იყო. ამ სამხედროებს უფლება არ ჰქონდათ ჩვენთან საუბრის. უბრალოდ, ამოვიდოდა მანქანაში, მიაწოდებდი პასპორტს, გადაშლიდა, შეგიმოწმებდა. დააკვირდებოდა პასპორტის სურათს, ნამდვილად შენ თუ იყავი, პასპორტის ვადას შეამოწმებდა და მორჩა“, – გვიყვება ასმათ სამნიძე.

მას ქედაში მოწყობილი ორი ბლოკპოსტი ახსოვს, ერთი – აჭარისწყლის ჰესთან, მეორე კი – მახუნცეთთან ახლოს.

მისი თქმით, თუ სოფელში ქორწილი ან დაკრძალვა იყო და სტუმრები სხვა რეგიონიდან ან თუნდაც ბათუმიდან უნდა ასულიყვნენ, საჭირო იყო თითოეულ მათგანს ჰქონოდა საშვი.

„მაშინ საბჭოს ეძახდნენ. საბჭოსთვის უნდა მიგემართა და საბჭო მოგცემდა ამ საშვს. სტუმრის მიღება უფრო რთული იყო. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და აღარ იყო ეს გამშვები პუნქტები, მაშინ დაიწყო ხალხმა ერთმანეთთან მიმოსვლა და აქტიური სტუმრიანობა“.

ნახსენები გამშვები პუნქტები ასმათისთვისაც გამხდარა შეფერხების მიზეზი. როგორც იხსენებს, სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში, უნივერსიტეტში ჩააბარა და რაღაც დროის განმავლობაში მისი პირადობის მოწმობისა და სხვა საბუთების უნივერსიტეტში დატოვება მოუწია.

„ჩამოვედი ბათუმში და ვერაფრით ავდიოდი სოფელში. 10 დღე დეიდაჩემთან მომიწია დარჩენა, ბათუმში.

მაშინ ტელეფონები არ იყო და წარმოიდგინეთ, რა რთული იყო შეგეტყობინებინა ოჯახისთვის, სად იყავი. როგორც იქნა, ბოლოს გავაგებინე ჩემებს. დედაჩემი ავიდა ქედაში, მაშინ მილიცია იყო, იქ საბუთი გააკეთებინა, ჩამომიტანეს ის საბუთი და მერე ამოვედი სახლში.

საშინელება იყო, მაგრამ ვერანაირ პროტესტს ვერ გამოხატავდი“, – გვეუბნება ასმათი.

ასმათ სამნიძე

„მთიანი აჭარის მოსახლეობა გაწამებული იყო ამ ბლოკპოსტების გამო“, – გვეუბნება 70 წლის ჯემალ ზოიძე, შუახევის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის დირექტორი და „განსაკუთრებულ“ შემთხვევებში მოწყობილ დროებით ბლოკპოსტზე გვიყვება.

„მარეთის ხეობაში, უჩამბის ხიდთან ხშირად მართავდნენ მესამე „გამშვებ პუნქტს“ განსაკუთრებულ შემთხვევებში. არ ვიცი, რა განსაკუთრებული შემთხვევები ჰქონდათ, მაგრამ დროებით ბლოკპოსტებს ნამდვილად აწყობდნენ იქ. მოსახლეობამ ხშირად არ იცოდა ამ დროებითი ბლოკპოსტის შესახებ და მოუმზადებელი მიდიოდნენ.

საბჭოთა კავშირში და მაშინდელ [მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები] მოქალაქეების პასპორტებში შტამპი იყო ჩარტყმული, რომელსაც სპეციალური კოდი ჰქონდა მინიჭებული. მსგავსი პასპორტი ვისაც ჰქონდა, მას თავისუფლად შეეძლო გადაადგილება ქედაში, შუახევში, ხულოში, მაგრამ ამ პასპორტის მფლობელს არ ჰქონდა საშუალება, გასულიყო სარფში, მაგალითად.

ჩვენი ხეობის მცხოვრებთ შეეძლოთ შესულიყვნენ ჯავახეთშიც. იქაც იყო ასეთი ბლოკპოსტები, თუ სწორად მახსოვს, აწყურთან ახლოს, მაგრამ საზღვართან უფრო ახლოს მისვლის შემთხვევაში განსაკუთრებული საშვი დასჭირდებოდა.

ქალაქის მოსახლეობას არ შეეძლო მხოლოდ პასპორტის ქონის შემთხვევაში ქედაში ან სხვა მუნიციპალიტეტებში შემოსულიყო. ამ შემთხვევაში მათ სპეციალური საშვები სჭირდებოდათ.

ბლოკპოსტები იყო საზაფხულო საძოვრებზეც, სადაც ჩვენ დავდიოდით. ელექტრონული ღობე, ეკლიანი მავთულით ჰქონდათ ტერიტორია შემოსაზღვრული და ამ ღობის შიგნით უნდა შესულიყო მოსახლეობა, თუ ზაფხულის საძოვრებზე, სამთო საძოვრებზე პირუტყვის შეყვანა უნდოდა. შესვლა და გამოსვლა აქაც სპეციალური საშვების საშუალებით ხდებოდა“, – იხსენებს ჯემალ ზოიძე.

მისი თქმით, ბლოკპოსტზე გაჩერებულ ტრანსპორტს დეტალურად ამოწმებდნენ სამხედროები. ფრთხილობდნენ, არ გაპარულიყო ან დამალულიყო მგზავრი და ხშირად, მანქანის საბარგულსაც ხსნიდნენ და იხედებოდნენ შიგნით.

ჯემალ ზოიძის თქმით, საშვებს უშიშროების სამსახური პასპორტის საფუძველზე გასცემდა ამა თუ იმ მოქალაქეზე, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა გარკვეული ვადით შესულიყო იმ ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ პასპორტის საფუძველზე არ შეეძლო შესვლა.

„ადგილზე მოლაპარაკება შეუძლებელი იყო. თუ, მაგალითად, ვინმე მაღალჩინოსანი იყო და პასუხისმგებლობას აიღებდა, რომ მგზავრი მასთან მიდიოდა სტუმრად, ხშირად ხდებოდა ასეთი რაღაც, რომ შეიძლება გაეტარებინათ მოქალაქე, მაგრამ ინიშნავდნენ ვადას და იმ პერიოდში თუ არ დაბრუნდებოდა პირი უკან, იმ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობა დადგებოდა, ვინც ამ პირს ბლოკპოსტის გავლაში დაეხმარა“, – იხსენებს ჯემალ ზოიძე.

ჯემალ ზოიძე

მისი თქმით, დაკრძალვებზე წასვლას ძირითადად ვერ ახერხებდნენ, რადგან მოკლე დროში არ ამზადებდნენ საშვებს.

„თუ ქორწილი იყო დაგეგმილი, წინასწარ უშიშროების სამსახურს მიმართავდნენ და უშიშროების სამსახური გასცემდა დროებით მოწმობას. შეიძლება ჯგუფური მოწმობაც გაეცათ. მაგალითად, სახელობითი სიის საფუძველზე. პასუხისმგებელი პირი ჩაიწერებოდა და ის პიროვნება იყო პასუხისმგებელი ამ ადამიანების გადაადგილებაზე.

ამ თანხმობას გარკვეული დრო სჭირდებოდა, ალბათ უშიშროების სამსახური სწავლობდა იმ პიროვნებებს, თუ ვინ იყვნენ, ვისთან მიდიოდნენ. ამ ყველაფერს შეისწავლიდნენ და მერე იძლეოდნენ საშვებს. ეს გარკვეული დრო შეიძლება ყოფილიყო 3 დღე, ერთი კვირა ან 10 დღე“, – გვითხრა ჯემალ ზოიძემ.

მისი თქმით, სკოლის მოსწავლეები შესაძლოა გაეტარებინათ ბლოკპოსტებზე მოსწავლის ბილეთის არქონის შემთხვევაში, თუ გამოუჩნდებოდა ნაცნობი, ახლობელი და დაემოწმებოდა.

„ეს მდგომარეობა არავის სიამოვნებდა, მაგრამ ხალხი დაშინებული იყო და ხმას ვერავინ იღებდა საერთოდ, იმიტომ, რომ გააციმბირებდნენ ან გადაასახლებდნენ“.

ამ პერიოდზე გვიყვება 73 წლის ჟუჟუნა დიდმანიძეც, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც დაახლოებით 50 წელი მუშაობდა სკოლაში. ის ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში გაიზარდა და დაქორწინების შემდეგ სოფელ კირნათში გადავიდა საცხოვრებლად.

„არ ვიცი აჭარაში კიდევ სად იყო ეს პუნქტები, მაგრამ მე რომ მარადიდში ვცხოვრობდი, მაშინ აჭარისწყალზე იყო. ასევე იყო მაჭახლისპირშიც. ამ ორ ადგილზე ხშირად მიწევდა მოძრაობა და მქონდა შეხება.

მაშინ საბჭოთა პასპორტები იყო, რისი არ ქონის შემთხვევაშიც დაგაბრუნებდნენ. ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა. ძალიან ძნელი იყო სტუმრის მიღება და ა.შ.

ავტობუსში ამოდიოდნენ და სინჯავდნენ ყველას პასპორტს. სხვა ტრანსპორტშიც ასე აკეთებდნენ, რა მანქანა იყო, აზრი არ ჰქონდა.

მოსწავლეებს მოსწავლის ბილეთი უნდა ჰქონოდათ. მაშინ იყო ბილეთები, სკოლა ურიგებდა მოსწავლეებს“, – გვეუბნება ჟუჟუნა.

ის პირები, რომლებიც მოქალაქეებს ბლოკპოსტებზე ხვდებოდნენ, ჟუჟუნასაც სამხედრო ფორმაში ახსოვს.

„სტუმარი სოფელში ვერ შემოვიდოდა, თუ სოფლის გამგეობიდან რაიმე დასტური არ გექნებოდა. ე.წ. საშვები, მაშინ სოფლის საბჭოს ვეძახდით, იქ კეთდებოდა. მერე ეს ცნობა უნდა მიგეტანა „გამოსაშვებ პუნქტზე“ და ასე დახმარებოდი სტუმარს გამოსვლაში.

საბჭოს თავისი ბეჭედი და წესი ჰქონდა ამ ცნობის გაცემის. ცნობა ადასტურებდა, რომ სტუმარი ნამდვილად ამა თუ იმ ოჯახის ნათესავი, მეგობარი იყო.

ძალიან ჭირდა დაკრძალვაზე, ქორწილებში შეკრებაც. იმავე სოფლებში ქორწინდებოდნენ, ძირითადად ასე იყო, მაგრამ სხვა სოფლებიდანაც მოდიოდნენ რძლები, რა თქმა უნდა. სოფლის თავკაცები ჩადგებოდნენ, შედგებოდა სია, მათზე აკეთებდნენ საშვებს და ასე იხდიდნენ ქორწილებს, თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო.

ასე იყო ყველა შეკრებაზე. ვერც დაკრძალვაზე წახვიდოდი საშვის გარეშე. არავის შემოუშვებდნენ სოფელში.

ყველა მიჩვეული ვიყავით, მაგრამ, რა თქმა უნდა, იყო საუბარი მაგის შესახებ – რა საჭიროა? რატომაა და ა.შ.

ზუსტად არ მახსოვს, როდის შემოიღეს ამ სახის შემოწმებები, გაუქმებით კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.

ჩემთვის და ყველასთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო ეს. ახლა რომ გადიხარ სახლიდან, შეიძლება პასპორტი საერთოდ არ გაიყოლო, მაშინ უკან დაბრუნება მოგიწევდა აუცილებლად, თუ პირადობა არ გქონდა“, – იხსენებს ჟუჟუნა.

„ეს ბლოკპოსტები სპეციალურად მოწყობილი ფსიქოლოგიური ბარიერები იყო. როგორც მერაბ კოსტავამ უწოდა – „საქართველოს ერთიანობის ქედზე მოწყობილი გილიოტინა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ისტორიკოსი უჩა ოქროპირიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორია-არქეოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

„საბჭოთა პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები და სურვილები სრულიად იგნორირებული იყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია ფაქტობრივად ორად იყო გაყოფილი ამ ბლოკპოსტების გამო – ბლოკპოსტებამდე და ბლოკპოსტებს შემდეგ“, – გვეუბნება უჩა ოქროპირიძე.

მისი თქმით, იქმნებოდა განცდა, თითქოს ბლოკპოსტებს მიღმა „სხვა ხალხი“ ცხოვრობდა:

„ზემო აჭარაში ნამყოფიც არ ვიყავი, სანამ სტუდენტობა არ დავასრულე, რადგან სპეციალური საშვი მჭირდებოდა. საბჭოთა კავშირი ამ ხელოვნური ბარიერით, ბლოკპოსტების საშუალებით ცდილობდა მოსახლეობის გაყოფას.

მე, მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ სხვა ხალხი ცხოვრობდა მაღალმთიან აჭარაში. რომ ჩამოდიოდნენ კი ვხვდებოდით ერთმანეთს, ვლაპარაკობდით, მაგრამ „სპეციფიკური“ ხალხი მეგონა ცხოვრობდა იქ, ვისი ჩვენგან გაყოფაც ამ ბლოკპოსტებით საჭირო იყო.

ასეთი ბლოკპოსტები კიდევ იყო, მაგალითად, აწყურის რაიონში, ახალციხეში. მესხეთში შესვლა აწყურის პოსტით შეიძლებოდა მხოლოდ საშვების საფუძველზე.

სანაპირო ზოლშიც ასე იყო. როდესაც სარფში პირველად გავედი დაკრძალვაზე, თურქეთისკენ გახედვასაც გვიშლიდნენ ადგილობრივები, ისე ჰყავდათ დაშინებული. „იქით გახედვა არ შეიძლებაო – დაგვდევდნენ“ – იხსენებს ისტორიკოსი.

უჩა ოქროპირიძის თქმით, ეს ბლოკპოსტები აჭარაში საბჭოთა წყობისთანავე გაჩნდა და დასრულდა მისი დასრულებისთანავე, 1991 წელს, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

რა იცვლება ტურისტული გიდებისთვის ტურიზმის ახალი კანონით

ტურიზმში დასაქმებულ ყველა ტურისტულ გიდს მოუწევს რეგისტრაცია ეკონომიკურ რეესტრში. ალპური გიდების სერტიფიცირება იქნება სავალდებულო, კულტურული გიდების სერტიფიცირება კი ნებაყოფლობითი – ეს არის ცვლილებების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ტურიზმის შესახებ ახალი კანონით არის დაგეგმილი.

სექტორში მომუშავეები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმების და მათი ჩართულობის გარეშე ხდება. თუმცა ამ არგუმენტებს არ იზიარებენ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდამჭერები.

ნატა კვაჭანტირაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელია. ის 10 ნოემბერს ვრცელი პრეზენტაციით წარსდგა ბათუმში გამართულ ტურიზმის ფესტივალ – „ტურისტერზე“ და ტურიზმის ახალი კანონის შესახებ ისაუბრა.

კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას, ნატა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ყოველგვარი რეგულაციის უგულებელყოფამ ჩამოაყალიბა ტურიზმის განვითარების მანკიერი მხარე, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ხელს უშლის საქართველოს ტურიზმის სექტორის პოზიციონირებას.

კერძოდ, ამჟამად სექტორში ხარისხის მართვის აუცილებლობა არ არსებობს და გვაქვს ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა აღურიცხავი ტურისტული მომსახურების ხარჯზე.

„მეორე კომპონენტი განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, როდესაც პანდემიის დროს კომპენსაციის მოთხოვნით უამრავი არარეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი გამოჩნდა, რომელთაც საკუთარი საქმიანობის დადასტურება არ შეეძლოთ,“ – თქვა ნატა კვაჭანტირაძემ.

ცვლილებების მხარდამჭერთა თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საკანონმდებლო დაახლოებას. შესაბამისად, სავალდებულო გახდა ტურისტული საქმიანობის მიმართულებით არსებული დირექტივების ინტეგრირება ეროვნულ კანონმდებლობაში.

„ეს კანონი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბიზნესები, რომლებიც ორიენტირებულები არიან იყვნენ მდგრადები და წარმატებულები, ტურიზმის კანონის საშუალებით, შეძლებენ უფრო მეტად ორიენტირებულები იყვნენ მომხმარებელზე და ბიზნესის სწორ მართვაზე.

სწორედ ამას გვკარნახობს ევროდირექტივა, რომლის ფონზეც მოხდა ადაპტირება იმ ახალი რეგულაციების, რომლებიც მომავალში იქნება მიღებული“, – თქვა ნატა კვაჭანტირაძემ თავის გამოსვლაში ტურიზმის ფესტივალ „ტურისტერზე“.

როგორ შეეხება ახალი კანონი ტურისტულ გიდებს, ვკითხეთ ნატა კვაჭანტირაძეს ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ.

„ორი ტიპის მიმართულება დარეგულირდება კანონით – ეს არის ალპური გამყოლი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სერტიფიცირებული იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ მომხმარებლის უფლებები. ალპური გიდი ემსახურება საფრთხის შემცველ მიმართულებას, როგორიცაა გადაადგილება მთაში, ტყეში, ალპურ ზონაში. გიდი, რომელიც ემსახურება ასეთი მიმართულებით მომხმარებელს, უნდა იყოს აუცილებლად სერტიფიცირებული. იცნობდეს ყველა იმ მარშრუტს, სადაც ატარებს მომხმარებელს, იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

მეორე ნაწილი შეეხება კულტურულ გიდებს. იმ შემთხვევაში, თუ გიდი კომპანიაშია დასაქმებულია, არ არის სავალდებულო იყოს სერტიფიცირებული.

ზოგადად, კულტურული გიდის სერტიფიცირება არის ნებაყოფლობითი, მაგრამ იმისთვის, რომ ეკონომიკურ რეესტრში მოხვდეს, გიდი უნდა იყოს ბეიჯით წარმოდგენილი. ბეიჯის არსებობა კი იმის დამადასტურებელია, რომ ის არის კულტურული გიდი.

როგორც კულტურულ გიდს, მას ექნება უფლება უფასოდ შევიდეს მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და ისარგებლოს სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული ყველა ბენეფიტით, რაც შეიძლება ეკონომიკური რეესტრში აღრიცხულ გიდს ჰქონდეს,“ – განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.

ნატა კვაჭანტირაძე

კითხვაზე, ეკონომიკურ რეესტრში აღრიცხვა რატომ არის აუცილებელი და რა სარგებლობას მოუტანს ეს გიდს, ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი პასუხობს:

„კოვიდის პერიოდში, როდესაც გიდებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარების საკითხი დადგა, აღმოჩნდა, რომ აღურიცხავი გიდები არსებობდნენ, რომლებიც ვერ ადასტურებდნენ, რომ იყვნენ გიდები, ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული.

ეკონომიკური რეესტრი მისცემს თვითდასაქმებულებს იმის საშუალებას, რომ იყოს აღრიცხული, როგორც ეკონომიკური ჭრილში მომუშავე ინდივიდი, რომელიც მიიღებს გარკვეულ სარგებელს სახელმწიფოსგან, იმ ბენეფიტებს რაც მომავალში იქნება დაშვებული მსგავსი ტიპის საქმიანობისთვის,“ – თქვა ნატა კვაჭანტირაძემ.

ტურისტული სერვისის, Budget Friendly Tours Georgia-იას ელჩი, იოსებ სვიანიძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბეიჯის გამცემი ორგანოს კომპეტენციას.

„ბეიჯის გამცემის კომპეტენციას არ ვეთანხმები. ესაა ჩემი მთავარი შენიშვნა. სტრუქტურა, რომელიც გასცემს ბეიჯს, ჩემი აზრით, თვითონ არ აქვს ნდობა და კომპეტენცია, რომ ის სწორად გასცემს ამ სერტიფიკატს.

კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ ამასაც – „კერძო სექტორს ვესაუბრები“. მგონია კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელს შეკრებენ და ამბობენ – „ვესაუბრებით“. მაგრამ „ეს კერძო სექტორი“ რამდენად სწორადაა შერჩეული, ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

რაც შეიძლება ნაკლები რეგულაცია სჭირდება ტურიზმის სფეროს: მომხმარებელი თვითონ დაარეგულირებს, რომელი იმსახურებს ბაზარზე ყოფნას და რომელი არ იმსახურებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იოსებ სვიანიძემ მას შემდეგ, რაც „ტურისტერზე“ ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლის გამოსვლას მოუსმინა.

სულ სხვა საკითხი ადარდებს აჭარაში მომუშავე ტურისტული კომპანია „იოტა ტურის“ ხელმძღვანელს, იოლანტა კეს-ოღლის და ტურისტული კომპანია „არგო“ ტურის მენეჯერს, ზაურ ჩხაიძეს.

რეგიონში მოქმედი ორი დიდი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუკი ახალ კანონს მიღებენ, აუცილებელია ამ კანონში განსაზღვრული იყოს, ვის შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდობის გაწევა. რადგან საქართველოს მოქალაქე გიდებს არც ევროპაში და არც თურქეთში, დიდ ტურისტულ ობიექტებზე არ აქვთ საშუალება გიდობა გაწიონ.

„ჩვენ ვართ ორიენტირებული ხარისხზე. ხარისხი რას ნიშნავს? – კარგი ტრანსპორტირება, კარგი კულტურული გიდის მომსახურება.

ვერც ევროპაში, ვერც თურქეთში ქართველი გიდი გიდობას ლეგალურად ვერ წევს. მაგალითად, კაბადოკიის ტურს ქართველი გიდი ვერ ჩაატარებს. თურქ გიდს ვუხდით ფულს. ვერც ევროპაში. ვფიქრობ, ასე უნდა იყოს აქაც.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ გიდობას ვინც გასწევს, ის იყოს საქართველოს მოქალაქე და სერტიფიცირებული. ეს სერტიფიცირებაც სხვანაირად უნდა იყოს. უნდა ისწავლონ სპეციალურად ამ განხრით. ევროპაში სამი-ოთხი წელი სწავლობენ, მერე იღებენ სერტიფიკატს ან ლიცენზიას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ტურისტული კომპანია „იოტა ტურის“ წარმომადგენელმა.

„კრიტიკა ყოველ რეფორმას ახლავს თან. შესაბამისად, ბიზნესის ნებისმიერი კითხვა ვალიდურია და გასაგები, რადგანაც პროცესში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მიმართულების ასოციაცია იყო ჯგუფებში წარმოდგენილი, მუშა პროცესში ინფორმაციის მიღმა დარჩა ძალიან ბევრი ბიზნეს-სუბიექტი,“ – ნაწილობრივ იზიარებს სექტორიდან წამოსულ კრიტიკას ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი ნატა კვაჭანტირაძე.

მისი თქმით, ტურიზმის შესახებ ახალი კანონის მიღება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

„ცოდნა, კონტაქტები და ადამიანები, ეს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა მომცა“

თამარ გვარიშვილი ესტონეთში, ტალინში, იურიდიული კომპანია Lex Law Office-ის იურისტია. ტალინში ვილნიუსიდან მოხვდა, სადაც Mykolas Romeris უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე ევროპისა და საერთაშორისო ბიზნეს სამართალს სწავლობდა.

თამარის კარიერული და საგანმანათლებლო გზა ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“ დაიწყო.

„როცა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ მივედი, ვიცოდი, რომ ჟურნალისტობას არ ვაპირებდი. მაგრამ ეს ორგანიზაცია ბევრ რამეში დამეხმარა. აქ მიღებული ცოდნა მადგება მთელი ცხოვრების და კარიერის განმავლობაში. ამასთან, ძალიან შეცვალა ჩემი პიროვნება.

თუ მანამდე ვიყავი მორცხვი, სწავლაზე ორიენტირებული ბავშვი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ საშუალება მომეცა, რომ ჩემი კრეატიულობა გამომევლინა. რესურსები გვქონდა, ტრენინგები გვიტარდებოდა, გვასწავლიდნენ, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა იმ თემებზე, რაც გვაინტერესებდა,“ – ასე იხსენებს თამარ გვარიშვილი იმ პერიოდს, როცა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ მოხვდა.

სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ განმეორებით მივიდა სტაჟირებაზე.

„სტუდენტობის დროს ვმუშაობდი უმცირესობების ინტეგრაციაზე აჭარის რეგიონში. მაგ პროექტის დახმარებით ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი.

ცოდნა, კონტაქტები და ადამიანები, პირველ რიგში ეს მომცა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“. ყოველ დღე, სკოლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეობა იყო და არანაირი ვალდებულება არ მქონდა მისვლის, აუცილებლად მივდიოდი ორგანიზაციის ოფისში, იმისთვის, რომ ჩემ თანატოლებთან ერთად რაღაცები დამეგეგმა.

ჩემთვის ყველაზე გამორჩეული იყო თანატოლგანმანათლებლობა. ჯერ გვიტარდებოდა ტრენინგები დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებზე. მერე ჩვენ თვითონ ვამუშავებდით იგივე თემას, ვამზადებდით პრეზენტაციებს და მივდიოდით მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ამ ცოდნის გასავრცელებლად ჩვენივე თანატოლებთან.

თანატოლგანმანათლებლად ყოფნა დამეხმარა უნივერსიტეტშიც. მხოლოდ სკოლაში გაკვეთილის მოყოლა არაა საკმარისია იმისთვის, გამოიმუშაო უნარი და გამბედაობა, რომ გააკეთო პრეზენტაციები უნივერსიტეტში დიდი აუდიტორიის წინაშე.

მნიშვნელოვან რესურსებზე გვქონდა წვდომა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“. პირველ რიგში ეს იყო ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მოამზადო სიუჟეტი, დაგეგმო ტრენინგი, ლექცია და ა.შ.

ყველაფრის გადასაღებად, ჩასაწერად, დასამონტაჟებლად სტუდია გვქონდა, სადაც გადაცემებს ვწერდით. ამ ყველაფერზე აბსოლუტურად შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ჰქონდათ ახალგაზრდებს.

გარდა ხელმისაწვდომობისა, გვასწავლიდნენ როგორ უნდა გამოგვეყენებინა ესა თუ ის ხელსაწყო – ხმის ჩამწერი მოწყობილობა თუ კამერა.

ამ ორგანიზაციაში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის. გავიუმჯობესე საჯაროდ გამოსვლის, კომუნიკაციის და საქმის დაგეგმვის უნარები.

და ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფასოდაა ხელმისაწვდომი, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია არამარტო ბათუმელი, არამედ აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მუშაობა არ შემოიფარგლება ბათუმით მხოლოდ,“ – ამბობს თამარ გვარიშვილი.

თამარის თქმით, ის გამოცდილება, რაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ მიიღო, შეუფასებელია. რადგან ორგანიზაციამ მის როგორც კარიერულ, ისე პიროვნულ უნარების ჩამოყალიბებაზე მოახდინა ზეგავლენა.

„უფრო გამბედავი და უფრო თავდაჯერებული გავხდი. პროფესიის არჩევაშიც ჰქონდა ძალიან დიდი წვლილი. იმიტომ, რომ ჩვენ ბევრს ვლაპარაკობდით მაშინ ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე. ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებდით. პროფესიას რომ ვირჩევდი, თავი მზად ვიგრძენი სამართლის სასწავლად, – ვთვლიდი, რომ რაღაც ცოდნა მქონდა უკვე ამ სფეროში, რაც შემეძლო კიდევ უფრო განმევითარებინა.

ზოგჯერ ვფიქრობ, შეიძლება ეს ორგანიზაცია რომ არა, პროფესიაც კი არ ამერჩია ის, რაც ახლა მაქვს. უნარებს რაც შეეხება, ხანდახან თუ არასამართლებრივი დავალებებიც მაქვს ხოლმე სამსახურში, რაღაც პრეზენტაციებთან დაკავშირებით, ვიდეოს მომზადებასთან დაკავშირებით და ა.შ. არის ეგეთი სიტუაციებიც, მაშინ ძალიან მადგება კიდევ ერთხელ მანდ მიღებული გამოცდილება.

იმდენად ბუნებრივად არის ჩემში ეს ცოდნა, ზოგჯერ ვერც ვიაზრებ ხოლმე, რომ სინამდვილეში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“ მიღებული გამოცდილებაა,“ – ამბობს თამარ გვარიშვილი.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ შესახებ 

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი უკვე 22 წლისაა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იყო პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარაში, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა დააფუძნეს 2001 წლის 20 ოქტომბერს.

ორგანიზაციამ ოფიციალური რეგისტრაცია ბათუმის სასამართლოში  2001 წლის 20 ნოემბერს გაიარა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით მოეწყო საპროტესტო მსვლელობა აჭარის ტელევიზიაში არსებული ცენზურის წინააღმდეგ. 2009 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს იყო  ერთადერთი შემთხვევა მთელ ქვეყანაში, ვინც  მედიასფეროში არსებული ცენზურა გააპროტესტა.

აჭარის რევოლუციის დროს ორგანიზაცია მასპინძლობდა უცხოური (ნიუ-იორკ თაიმსის, ბი-ბი-სის, ფრანს-პრესის, კომერსანტის, დოიჩე ველეს) და საქართველოს ნაციონალურ საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტებს და მათ მუშაობის პროცესში ეხმარებოდა.

დაფუძნების მომენტიდან „თავისუფალ ჟურნალისტთა  სახლმა“  სხვადასხვა პროექტის განხორციელების პარალელურად ჩაატარა არაერთი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის, გამართა მრგვალი მაგიდა და კონფერენციები. ორგანიზაცია ახორციელებდა და ახორციელებს თავის საქმიანობას შემდეგი მიმართულებით.

  • ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
  • ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლება და დაოსტატება;
  • სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა;

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ მოქალაქეებს, როგორც მათი ინფორმირების, ასევე უფლებების დაცვის კუთხით.

ორგანიზაციას დღემდე 60-მდე პროექტი აქვს განხორციელებული.

რა რისკებს შეიცავს წონის ზედმეტი მატება ორსულობის დროს – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

ორსულობის დროს წონის მატება ნორმად მიიჩნევა, მაგრამ დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, არ მოხდეს წონის ჭარბი მატება. ორსულობის დროს ჭარბი წონის მატებამ, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, შეიძლება მკვეთრად გაზარდოს გესტაციური [ორსულობის დროს განვითარებული] დიაბეტის რისკი და მასთან დაკავშირებული გართულებების განვითარება.

ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგს, თეონა გოგიტიძეს ესაუბრა. 

  • ქალბატონო თეონა, რა საფრთხის შემცველია ჭარბი წონის მატება ორსულობის დროს?

ზოგადად მაღალი შაქრისა და არაკონტროლირებადი ნახშირწყლოვანი ცვლის რისკები ორსულობის დროს მოიცავს არტერიული წნევის მატებას [ჰიპერტენზია], ნაყოფის წონაში ზრდასა და ნაადრევ მომწიფებას [მაკროსომია], შეიძლება იყოს ნაყოფის სხვა დარღვევები, მაგალითად კარდიომიოპათია; შეიძლება მოხდეს ახალშობილის სისხლში შაქრის ვარდნა – ნეონატალურ ჰიპოგლიკემია ეწოდება ამ მდგომარეობას; შეძლება მოხდეს ორსულობის გართულება პრეეკლამპსიით [მაღალი წნევით მიმდინარე], ასევე, შეიძლება განვითარდეს ჭარბწყლიანობა.

რაც უფრო მეტია წონა და ორსულობის დროს მატება წონაში, მით უფრო მეტია ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის რისკი. საქმე ის არის, რომ ორსულობის დროს, 20 კვირის შემდეგ, განსაკუთრებით მეორე ტრიმესტრში, პლაცენტა გამოყოფს ჰორმონებს, რომელიც ამატებს სისხლში ინსულინის დონეს; როცა ინსულინი იმატებს სისხლში, ორსულებს თითქმის იგივე კლინიკური სურათი აქვთ, როგორიც არის ჩვეულებრივი ინსულინრეზისტენტობის დროს. 

ინსულინრეზისტენტობა იწვევს ჭარბი წონისკენ მიდრეკილებას და ნახშირწყლოვანი ცვლის კიდევ უფრო მეტად დარღვევას, ანუ ერთგვარი მანკიერი წრე იკვრება.

თუ ქალის სისხლში გლუკოზის დონე უზმოდ იმატებს 95-ზე მეტს და ჭამიდან ორი საათის შემდეგ 120-ზე მეტს, მაშინ შაქრის მატება უკვე გადის პლაცენტარულ ბარიერს და მოქმედებს ბავშვის კუჭქვეშა ჯირკვალზე. 

Cleveland Clinic: გესტაციური დიაბეტი ზრდის თქვენი ბავშვის სუნთქვის პრობლემების, სიმსუქნისა და დიაბეტის რისკს. ამ დროს უფრო ხშირია ნაადრევი მშობიარობაც.

  • როგორი უნდა იყოს ჯანსაღი წონის მატება ორსულობის დროს?

თუ ორსულობა დადგა ნორმალური წონის ფონზე, ანუ სხეულის მასის ინდექსი (სმი) ორსულობამდე იყო ნორმალური – 25 და ნაკლები, მაშინ ორსულობაში უფრო მეტი წონის მატება შეიძლება – მაგალითად, მთელი ორსულობის განმავლობაში, საერთო ჯამში დასაშვებია დაახლოებით 14 კილოგრამამდე წონის მატება. ასეთი მატება არ ითვლება ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის რისკ-ფაქტორად.

თუ ორსულობა დადგა მაღალი სმი-ს ფონზე და არის გაცხიმოვნება, მაშინ მთელი ორსულობის განმავლობაში საერთო წონის მატება არ უნდა აღემატებოდეს 7 კილოგრამს.

თუ არ არის ნორმალური სმი და არ არის გაცხიმოვნება [ანუ არის უბრალოდ ჭარბი წონა, გაცხიმოვნების გარეშე], მაშინ სადღაც 11 კილომდე დასაშვებია მატება. 

Cleveland Clinic: პირველ ტრიმესტრში, როგორც წესი, წონის მხრივ დიდი ცვლილებები არ არის. ორსულობის დროს მიღებული წონის უმეტესი ნაწილი მეორე და მესამე ტრიმესტრზე მოდის. ზოგადად, ამ პერიოდში კვირაში დაახლოებით 400 გრ წონის მატებაა.

  • ორსულის კვების რაციონი ვისი პრეროგატივაა, როდის ერთვება ენდოკრინოლოგი?

ზოგადად ჯანსაღ რაციონზე კონსულტაციას სწევს მეანი, თუმცა როცა გარკვეული სირთულეებია, მათ შორის წონის კლება, მატება ან მაგალითად, თუ ორსულთან არის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა ნებისმიერი ტიპის [დიაბეტი ტიპი ორის ფონზე დაორსულება ან სხვა სახის ნახშირწყლოვანი დარღვევა, განვითარებული ორსულობის დროს], მაშინ ერთვება ენდოკრინოლოგი. 

  • როგორი უნდა იყოს კვება წონის მატების დროს, ან როცა პაციენტს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის რისკი აქვს?

რეკომენდაციები ამ დროს ასეთია:

უნდა მიირთვათ ცოტ-ცოტა და ხშირად. მიირთვით საუზმე, სადილი და ვახშამი, ვახშამი არაუგვიანეს საღამოს 7 საათისა. ძირითად კვებას შორის უნდა იყოს პატარ-პატარა წახემსებები, რომ გამოვიდეს ხშირი და პატარა ულუფებით კვება.

არ შეიძლება ან უნდა შეიზღუდოს ის პროდუქტები, რასაც აქვს მაღალი გლიკემიური ინდექსი ანუ შეიცავენ მარტივ ნახშირწყლებს და რომლებსაც აქვთ უნარი წამოწიონ შაქრის დონე სისხლში.

ცხადია, არ შეიძლება გაზირებული ტკბილი სასმელები, ჩვეულებრივი რაფინირებული შაქარი შეზღუდული მინიმუმამდე. 

არ არის რეკომენდებული გამომშრალი ხილი, ჩირის სახით. ასევე:

  •  საკონდიტრო ნაწარმი: ნამცხვარი, ორცხობილა, ვაფლი – ანუ რაშიც არის ფქვილი, შაქარი და ცხიმიც ერთად.
  • შემდეგ მოდის ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ნახშირწყლებს რთული სახით და არ არიან მაღალი გლიკემიური ინდექსის მატარებლები. მაგალითად მარცვლოვნებიდან არ არის რეკომენდებული ბრინჯი და მანანის ბურღული. რეკომენდებულია: წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ისიც ძალიან დიდი რაოდენობით არა, დაახლოებით 4-5 სუფრის კოვზი ერთ მიღებაზე.
  • რძის პროდუქტები შეიძლება, მაგრამ არა ცხიმიანი. სასურველია უფრო რაფინირებული, დაბალპროცენტიანი ხაჭო, რძე თუ ყველი.
  • თხილი, მზესუმზირა და ნიგოზი დიდი რაოდენობით არ შეიძლება, რადგან 100 გრამი ეს პროდუქტი 500 კილოკალორიის შემცველია, რაც საკმაოდ მაღალია და ზედმეტი კალორიულობაც შეიძლება გახდეს შაქრის მომატების მიზეზი.
  • კვერცხი კვირაში მაქსიმუმ სამჯერაა რეკომენდებული მოხარშული სახით ან ძალიან მცირე ცხიმში მომზადებული.
  • ცხიმი, კარაქი და მაიონეზი არ შეიძლება.

რომელ საბავშვო ბაღებს გაარემონტებენ ბათუმსა და აჭარის სოფლებში 31 მილიონ ლარად

ბათუმში, ასევე ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში 11 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ხუთი ტენდერი აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 31 მილიონ 972 ათას 52 ლარია.

ტენდერები პრეისკურანტითაა გამოცხადებული და Design-Build მეთოდით საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, შემდეგ კი ამ დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.

ამ ტენდერების ფარგლებში დაგეგმილია:

  • ბათუმში – N3, N12 და N26, N23 და N29 საბავშვო ბაღების
  • ხულოში – სოფელ ხიხაძირის და სოფელ ოქრუაშვილების ბაღების
  • შუახევში – სოფელ ბარათაულის და სოფელ ბუთურაულის ბაღების
  • ქედაში – სოფელ ქვედა მახუნცეთის (აწჰესი) ბაღის
  • ხელვაჩაურში – სოფელ ქედქედის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

13 710 410 ლარით არის გამოცხადებული ტენდერი ბათუმის N3, N12 და N26 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქციაზე. წინადადებების მიღება იწყება 2023 წლის 17 ნოემბერს და მთავრდება 20 ნოემბერს. სამივე ბაღის შემთხვევაში პროექტირება და რეკონსტრუქციის სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.

7 196 500 ლარით არის გამოცხადებული ტენდერი ბათუმის N23 და N29 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქციაზე. ამ შემთხვევაშიც წინადადებების მიღება დაიწყება 2023 წლის 17 ნოემბერს და დამთავრდება 20 ნოემბერს. სამუშაოები კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში უნდა დასრულდეს.

3 157 705 ლარია გათვალისწინებული ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების – ხიხაძირისა და  ოქრუაშვილების საბავშვო ბაღების რეკონსტრუქციისთვის. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 14 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა დასრულდეს.

3 342 387 ლარითაა გამოცხადებული ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბარათაულის და  ბუთურაულის ბაგა-ბაღების რეკონსტრუქციაზე. წინადადებების მიღება აქაც 2023 წლის 14 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება. სამუშაოები კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა დასრულდეს.

4 565 050 ლარია გათვალისწინებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საბავშვო ბაღის და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის (აწჰესი) საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციაზე. ტენდერში წინადადებების მიღება დაწყებულია და 2023 წლის 16 ნოემბერს დასრულდება. ამ შემთხვევაში სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფერიის, მახინჯაურისა და ორთაბათუმის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე, რისთვისაც მთლიანობაში 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 15 ნოემბერს დასრულდება:

ფერიის, ორთაბათუმისა და მახინჯაურის საბავშვო ბაღების რეკოსტრუქციაზე 6 მილიონია გამოყოფილი

 

„საქართველოს ხელში უჭირავს ყველა ბერკეტი“ – ბრიტანეთის ელჩი ნატოს წევრობაზე

„…ყველა განცხადება არ წამიკითხავს, მაგრამ მახსოვს, რომ მთლიანად პოლიტიკურმა სპექტრმა დაგმო ეს უმძიმესი ფაქტი. ისიც ძალიან კარგად მახსოვს, რომ რუსეთი და რუსული ძალები ყველა ამ განცხადებაში ნახსენები იყო იმიტომ, რომ ეს ტრაგედია, რა თქმა უნდა, არის მათი [რუსეთი] საქმიანობის შედეგი,“ – გვითხრა მარკ კლეიტონმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში.

„ბათუმელების“ ელჩის შეფასებით დაინტერესდა: რამდენად ადეკვატური იყო საქართველოს ხელისუფლება კირბალის ინციდენტის შემდეგ, როცა ვისმენდით ბრალდებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობასა და „მყიფე მშვიდობაზე“.

მარკ კლეიტონმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში თქვა, რომ „საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მძლავრი და ეს ტრაგედია არ დარჩენილა არავის ყურადღების მიღმა“.

დღეს, 13 ნოემბერს, გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში და რუმინეთის ელჩის მოადგილე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრნენ. სტუდენტებთან მსგავს შეხვედრებს საქართველოს ოთხ ქალაქში „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი“ აწყობს დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.

რა ეტაპზეა საქართველო ნატოში ინტეგრაციის კუთხით? – ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჟურნალისტებთან ამ თემაზეც ისაუბრა:

„აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს აქვს ზუსტად განსაზღვრული წევრობის პერსპექტივა, ბუქარესტის სამიტზე დეკლარირებული იყო, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ბრიტანეთი ურყევად დგას ამ მიზნის უკან. საქართველოს ხელში უჭირავს აბსოლუტურად ყველა ბერკეტი, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესის გაგრძელებას, პროგრესს ამ გზაზე.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავდივართ და ვცდილობთ, მოსახლეობას, ახალგაზრდებს გავაცნოთ ინფორმაცია ნატოს შესახებ, რადგან საქართველომ არაერთხელ განაცხადა, ეს თქვენ  კონსტიტუციაშიც წერია, რომ საქართველოს სურს გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. კვლევებშიც იკითხება, რომ ხალხს ეს სურს.

ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი საქმეცაა, ხელი შევუწყოთ, მეტმა ადამიანმა იცოდეს ამის შესახებ… ნატოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა პაკეტია: ნატოს წევრი ქვეყნები ერთობლივად და სათითაოდ ეხმარებიან საქართველოს ამ პროცესში,“ – აღნიშნა მარკ კლეიტონმა.

ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ვკითხეთ ენმ-ს პიარკონსულტანტის, ბენ მალეტის შესახებ, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და საქართველოში გუშინ, 12 ნოემბერს, არ შემოუშვეს:

„ბათუმში ვარ, რაც ეს მოხდა, ყველა დეტალში არ ვარ ჩახედული, თუმცა ვიცი ამ ფაქტის შესახებ და ისიც ვიცი, რომ საელჩო კონტაქტზე იმყოფება შსს-თან და შესაბამის უწყებებთან, საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან,“ – აღნიშნა მარკ კლეიტონმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში.

„იმედია, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს შემდგომ ნაბიჯებზე მუშაობას“ – ბრიტანეთის ელჩი

„მოხარული ვარ, რომ პროგრესი იყო უკვე. იმედი მაქვს, რომ პროგრესი გაგრძელდება,“ – გვიპასუხა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა, რომელიც დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში სტუდენტებს შეხვდა, მან ჟურნალისტებთან ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზეც ისაუბრა.

„ბათუმელებმა“ ელჩს ჰკითხა, როგორია მისი პერსონალური მოლოდინი: შეასრულებს საქართველო ევროკომისიის ახალ პირობებს?

ბრიტანეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივ კვლევებზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროინტეგრაციას ირჩევს. მარკ კლეიტონმა ისაუბრა იმაზეც, რომ ის დათქმები, რაც ევროკავშირს საქართველოს მიმართ აქვს, აქვს ნატოსაც, რადგან ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია.

„ბრიტანეთის პოზიცია არის ის, რაც ნებისმიერ საზოგადოებრივ კვლევაში იკითხება, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, ყველა პოლიტიკური პარტია და ძალაც ამას აცხადებს. ეს წერია თქვენს კონსტიტუციაშიც.

ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, სუვერენიტეტში კი ეს იგულისხმება, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს საკუთარი არჩევანის უფლება. თუ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც ამას დაეხმარება.

ყველა ის რეფორმა, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად სჭირდება საქართველოს, სინქრონშია იმ რეფორმებთან, რაც ნატოში გასაწევრიანებლად არის საჭირო. როცა საუბარია შემდგომ ნაბიჯებზე, ევროკავშირმა უნდა განაგრძოს მუშაობა საქართველოს მთავრობასთან.

დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს შემდგომ ნაბიჯებზე მუშაობას, ისევე, როგორც იყვნენ ჩართულნი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. მე გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს ევროინტეგრაციის გზას,“ – აღნიშნა მარკ კლეიტონმა ბათუმში ჟურნალისტებთან.

კადიროვმა კიდევ ერთი, 18 წლის შვილი სპორტის მინისტრის მოადგილედ დანიშნა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შვილი, 18 წლის ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა – ამის შესახებ ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ დაუდოვმა განაცხადა ტელეგრამზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ მისი ამ საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნა ხელს შეუწყობს სამინისტროს საქმიანობის დონისა და ხარისხის ამაღლებას სპორტის განვითარებაში, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში, ახალგაზრდა თაობის პატრიოტულ, სულიერ და მორალურ აღზრდაში“ – წერს დაუდოვი.

ახმატ კადიროვის  სპორტის მინისტრის მოადგილედ დანიშვნას წინ უძღოდა რამზან კადიროვის კიდევ ერთი, 15 წლის შვილის დანიშვნა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

მედიის ცნობით, 9 ნოემბერს რამზან კადიროვის სამმა ვაჟმა – ახმატმა, ელიმ და ადამმა მიიღეს რუსეთის პარლამენტის უმაღლესი ორდენი.

სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, კადიროვს 10-ზე მეტი შვილი ჰყავს. მისი უფროსი შვილი, 24 წლის აიშატ კადიროვა, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრია. ერთი თვის წინ რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ აიშატი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი გახდება.

_________________

ფოტოზე: ახმატ კადიროვი რუსეთის პრეზიდენტთან, პუტინთან შეხვედრისას.

ახალგაზრდობის სააგენტო განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა – ამილახვარი

დღეს 13 ნოემბერს, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ სამომავლოდ ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გამოეყოფა და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.

მთავრობის სხდომაზე მსჯელობისას მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაემატოს ახალგაზრდობის სააგენტო, რადგან ჩვენ განათლების სამინისტროში ისედაც გვაქვს ახალგაზრდობის კომპონენტები და ისედაც მოვიცავთ ახალგაზრდობის პოლიტიკას.

ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკისა და განათლების სიახლოვის შედეგად, ახალგაზრდული სააგენტოს საქმიანობა გაგრძელდეს განათლების სამინისტროში.

ჩვენ უახლოეს მომავალში განახლებულ სამოქმედო გეგმას წარვუდგენთ საზოგადოებას და ახალგაზრდებს, საკმაოდ აკადემიურად, შემეცნებითად და სახელმწიფოებრივდ განახლებულ პროგრამას“ – ამბობს გიორგი ამილახვარი.

ამილახვარის თქმით, სასურველია ახალგაზრდული სააგენტოს განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის პროცესი პირველი დეკემბრიდან დაიწყოს.

„კანონპროექტთა ნუსხა გადაეგზავნება პარლამენტს და შემდეგი წლიდან ჩამოყალიბდება ჩვენთან ახალი სამინისტრო, რომლის სახელმწოდება იქნება „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“ – ამბობს ამილახვარი.

 

კიევ-პეჩერის ლავრა იულიუსის კალენდარზე გადადის

უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრა ახალ, იულიუსის კალენდარზე გადადის 15 ნოემბრიდან – წერს უკრაინული მედია კიევ-პეჩორის ლავრის დროებით წინამძღვარზე, არქიმანდრიტ აბრაამის განცხადებაზე დაყრდნობით.

„კიევ-პეჩერის ლავრის მრევლის ხშირი მოთხოვნით, მიტროპოლიტ ეპიფანეს კურთხევით, 15 ნოემბრიდან (შობის მარხვის დასაწყისი) ლავრა გადადის იულიუსის, ახალი კალენდრის გამოყენებაზე, რაც აუცილებელია ჩვენი ეკლესიისთვის“ – წერს არქიმანდრიტი ფეისბუქზე.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივმა საბჭომ, რომელიც 2023 წლის ივლისში გაიმართა კიევის წმინდა სოფიას ტაძარში, დაადასტურა ახალ, იულიუსის კალენდარზე, ე.წ. „ახალი სტილზე“ გადასვლა.

ამ გადაწყვეტილების პარალელურად, სამრევლოებსა და მონასტრებს ძველი კალენდრით სარგებლობის უფლებაც შეუნარჩუნდებათ. „სამრევლოებსა და მონასტრებს, რომლებსაც სურთ ძველი კალენდრის დაცვა, ექნებათ ეს შესაძლებლობა – კალენდარული რეფორმა მოხდება იძულების გარეშე, თანდათან“ – ციტირებს „ინტერფაქს-უკრაინა“ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის [ПЦУ] პრესსამსახურის განცხადებას.

ახალი იულიუსის კალენდარი დამტკიცდა კონსტანტინოპოლში მართლმადიდებლური ეკლესიების კრებაზე 1923 წელს. იგი ემთხვევა გრიგორიანულ კალენდარს, რომელიც უკრაინაში გამოიყენება ყველა დღესასწაულზე, გარდა გარდამავალი დღესასწაულებისა. ახალ იულიუსის კალენდარს იყენებს მსოფლიო საპატრიარქო, რუმინეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, ალექსანდრიის და ანტიოქიის საპატრიარქოები და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

შესაბამისად, წელს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია შობას, სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მსგავსად, 25 დეკემბერს აღნიშნავს.

უკრაინის ერთიანი, ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია 2018 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე. უკრაინის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. დროთა განმავლობაში უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, საბერძნეთისა და კვიპროსის ეკლესიებმა.

რუსეთმა, რომელიც თავშივე ცალსახად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ავტოკეფალიის იდეას, კავშირი გაწყვიტა როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, ისე დანარჩენი სამი ეკლესიის მეთაურებთან.  უკრაინაში მოსკოვზე დაქვემდებარებულ ეკლესიას არსებობა არ შეუწყვეტია –  ის დღემდე განკარგავს მრავალ ეკლესია-მონასტერსა და სამრევლოს უკრაინის ტერიტორიაზე.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალია არ უღიარებია. 2022 წლის ბოლოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული უკრაინაში ჩავიდა, სადაც ადგილობრივი ეკლესიის უმაღლეს იერარქს, ეპიფანე პირველს შეხვდა.

უკრაინა აძლიერებს თავდასხმებს რუსეთის ობიექტებზე – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი 12 ნოემბერს გამოქვეყნებულ რუსეთ-უკრაინის ომის მიმოხილვაში წერს, რომ როგორც ჩანს, უკრაინა აძლიერებს თავდასხმებს რუსეთის სამხედრო, ლოჯისტიკურ და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე ოკუპირებულ უკრაინასა და რუსეთში.

ISW-ი მიუთითებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც 11 ნოემბერს უკრაინელი პარტიზანები თავს დაესხნენ რუსეთის სამხედრო შტაბს ოკუპირებულ მელიტოპოლში, ზაპოროჟიეს ოლქში, რის შედეგადაც დაიღუპა რუსეთის „ეფესბეს“ და როსგვარდიის სულ მცირე სამი ოფიცერი.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებას წინ უძღოდა უკრაინელი პარტიზანების თავდასხმა ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის სახალხო მილიციის ყოფილ ხელმძღვანელზე 8 ნოემბერს; დარტყმები რუსეთის სამხედრო ბაზაზე ოკუპირებულ სკადოვსკში, ხერსონის ოლქში და შავი ზღვის ფლოტის ობიექტებზე – ყირიმში 9 ნოემბერს; სამი დარტყმა ზურგში და პარტიზანული თავდასხმა რუსეთში 11 ნოემბერს.

გამოწვევები ბიზნესისა და მედიის თანამშრომლობისას – დისკუსია ბათუმში

ბიზნესისა და მედიის თანამშრომლობის გამოწვევებზე იმსჯელებენ ბათუმში მოქმედი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლები და გაზეთ „ბათუმელების“ მარკეტინგის მენეჯერი არჩილ კახაძე.

შეხვედრას, რომელიც დღეს, 13 ნოემბერს, 17 საათზე დაიწყება, Rooms Hotel Batumi მასპინძლობს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება მედიის როლს ბიზნესსაქმიანობისა და გარემოს გაუმჯობესებაში. დისკუსიის ფორმატში განხილული იქნება ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული მაგალითები და გამოწვევები.

შეხვედრა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის: „მედიის თავისუფლება – გზა ევროინტეგრაციისკენ“ ფარგლებში იმართება.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა N10

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 312 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
  • ტანკი – 5 354 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 10 079 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 7 569 ერთეული [+10]
  • MLRS – 881 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 580 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 634 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 561 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 949 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 1 079 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 534 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 8 881 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 383 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 183 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 073 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 237 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

საქართველოს მოსახლეობა დემოგრაფიულად ბერდება – საქსტატი

„საქართველოს მოსახლეობაში შეინიშნება დემოგრაფიული დაბერების პროცესი: 2002 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში 65 წლის და უფროსი ასაკის ქალების წილი ქალების მთლიან რიცხოვნობაში 15.3 პროცენტიდან 18.7 პროცენტამდე გაიზარდა, მაშინ, როცა კაცებში იგივე მაჩვენებელი 10.9 პროცენტიდან 12.1 პროცენტამდე არის გაზრდილი,“ – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოცემულ სტატისტიკურ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში“.

ამ დოკუმენტის თანახმად, 30 წლამდე ასაკში კაცების რიცხვი აღემატება ქალების რაოდენობას. თუმცა 30 წლის და უფროს ასაკში ქალების რიცხოვნობა სჭარბობს კაცებისას, ამ უკანასკნელთა მაღალი სიკვდილიანობის გამო.

„ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ჩვეულებრივ, ბიჭი უფრო მეტი იბადება, ვიდრე გოგო. იგივე ტენდენცია, წლების მანძილზე, საკმაოდ სტაბილურად არის გამოხატული საქართველოშიც. ახალშობილი ბიჭების წილი 52.0 პროცენტს შეადგენს.

საერთაშორისო მასშტაბით, კაცებში მოკვდაობის მაღალი მაჩვენებელი გარკვეულწილად ქცევით ხასიათს ატარებს: გენდერული განსხვავება ალკოჰოლის მოხმარებაში, მწეველებში, სარისკო აქტივობებში მონაწილეობაში, ისეთები, როგორიცაა ავტომანქანის მართვა, განსაზღვრავს ქალების სიცოცხლის უფრო მაღალ ხანგრძლივობას კაცებთან შედარებით.

ამასთან, სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობაში სქესის მიხედვით განსხვავებები არსებითია, ქალებისთვის შეადგენს 78.1 წელს, ხოლო კაცებისთვის 69.4 წელს,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

საქსტატის თანახმად, ბოლო წლებში ცოცხლად დაბადებულებში გოგოებისა და ბიჭების თანაფარდობა სტაბილური რჩება, რის გამოც სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა დაბადებისას (დაბადებული ბიჭების რაოდენობა ყოველ 100 გოგოზე) შეადგენს დაახლოებით 107.2-ს.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ნოემბრის 21 საათიდან 13 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 20– 25 გრადუსი
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 14 ნოემბერს მოსალოდნელია  უმეტესად უნალექო ამინდი. 15 ნოემბერს კი დროგამოშვებით წვიმა.

ახალგაზრდების თვალი, ანუ ვის რა ასწავლა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” აჭარაში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 22 წლის ხდება. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციას 60-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ საქმიანობამ არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა სასიკეთოდ.

მადონა ფალავანდიშვილი ქედის სათემო განათლების ცენტრის თანამშრომელია, ფინანსისტად მუშაობს. მადონა ამბობს, რომ მისი პროფესიული უნარების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ პროექტებს, რომლებშიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დახმარებით მოხვდა.

„2021 წელს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამაში საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდა კარდაკარის პრინციპით.

მინდოდა ამ კამპანიის ნაწილი ვყოფილიყავი. კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ასე შემარჩიეს. ერთ-ერთი მობილიზატორი ვიყავი. უზარმაზარი გამოცდილება მივიღე ამ პროექტში მონაწილეობით. ასე დაიწყო ჩემი და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თანამშრომლობა.

ამის შემდეგ ერთ-ერთ ადგილობრივ პროექტში, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ  აფინანსებდა, ვიყავი ფინანსისტი. დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ მსგავს ორგანიზაციასთან მანამდე ურთიერთობა არ მქონია. ფინანსური ანგარიშების წარდგენა იყო თუ სხვა დოკუმენტების წარმოება, საკმაოდ კარგად გამომივიდა და ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი,“ – იხსენებს მადონა ფალავანდიშვილი.

მადონა ფალავანდიშვილი

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახლა ქედაში კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებს ეხმარება, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ. ორგანიზაციის დახმარება ერთი მხრივ ნივთების დასამზადებელი მასალის ყიდვაში გამოიხატება, მეორე მხრივ ქალები სწავლობენ მარკეტინგული გეგმის შემუშავებას, დამზადებული პროდუქციის რეალიზაციისათვის.

„პიროვნული განვითარების თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი რამ მომცა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“. მაგალითად, საზოგადოებასთან ურთიერთობა ვისწავლე. მოლაპარაკება, დარწმუნება, ამდაგვარი უნარების განვითარება საკუთარ თავში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ამ ორგანიზაციის საშუალებით შევიძინე.

მაღალმთიანეთში მცხოვრები ადამიანები არ ვართ განებივრებული საჭირო პროექტებით, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამ ორგანიზაციის არსებობას,“ – ამბობს მადონა ფალავანდიშვილი.

დუტა დიასამიძე

დუტა დიასამიძე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეა. 2017  წელს 13 წლის სკოლის მოსწავლე იყო, როცა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ მოხალისედ მივიდა.

„თავიდან ყველაზე მეტად გარემო მომეწონა. სხვადასხვა სივრცეები, სადაც იმ ასაკში მიწევდა ყოფნა – იქნებოდა ეს სკოლა თუ სხვა, უმეტესად არაკომფორტული იყო. ვერასდროს ვერ ვახერხებდი თავის კარგად გრძნობას იქ. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ კი დამხვდა ყველა იმ გარემოსგან განსხვავებული სიტუაცია. ჩემი კომფორტის ზონად იქცა, სადაც კარგი ადამიანები გავიცანი.

გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესო პროექტებში ვიღებდი მონაწილეობას, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ვემადლიერები „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს“ არის ეს თანასწორი გარემო, რომელიც დამხვდა. ამ გარემომ დამტოვა  დღემდე ორგანიზაციაში, როგორც ერთ-ერთი მოხალისე,“ – ამბობს დუტა დიასამიძე.

დუტას თქმით, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“, იმ აქტივობებმა, რომელშიც იღებდა მონაწილეობას, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი პიროვნული თვისებების განვითარებაში.

„ჩაკეტილი ვიყავი, მიჭირდა ადამიანებთან კომუნიკაცია. გაკვეთილის მოყოლაც კი დისკომფორტი იყო – მიჭირდა საჯარო გამოსვლა. ემოციურად მღლიდა, ვშფოთავდი.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ კი ჩემი ინიციატივით ავიღე თავზე თანატოლ განმანათლებელთა ტრენინგის ჩატარება. მე ვიყავი ტრენერი.

ზუსტად ეს მასწავლა ამ ორგანიზაციამ, გამოვსულიყავი საკუთარი კომფორტის ზონიდან, მეცადა ახალი რაღაცები. ბევრი უნარი შევიძინე მას შემდეგ, რაც დავიწყე სხვადასხვა პროექტში ჩართვა. აქ გზა გამიხსნეს შეიძლება ითქვას და მასწავლეს, როგორ უნდა ვყოფილიყავი ჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომელსაც არ ეშინოდა ნებისმიერი პატარა დეტალის და ხალხთან კომუნიკაციის.

ახლა აღარ მაქვს საჯაროდ გამოსვლის შიში, საკუთარი აზრისა და თავის გამოხატვა თავისუფლად შემიძლია. ეს კარიერულადაც ძალიან დამეხმარა,“- ამბობს დუტა დიასამიძე.

დუტას თქმით, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახალგაზრდებისთვის ქმნის ისეთ სივრცეს, სადაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, რომელიც სხვაგან შეიძლება ვერ მოესმინათ.

„აქ ვსწავლობთ ყველაფერს, იქნება ეს კრიტიკული აზროვნება თუ მედიაცნობიერების ამაღლება. აქ ვსწავლობთ, როგორ ვიყოთ სოციალურად აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები,“ – ამბობს დუტა დიასამიძე.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ შესახებ 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“  იყო პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარაში,   რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა  დააფუძნეს 2001 წლის 20 ოქტომბერს.

ორგანიზაციამ  ოფიციალური რეგისტრაცია  ბათუმის სასამართლოში  2001 წლის 20 ნოემბერს გაიარა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით მოეწყო საპროტესტო მსვლელობა აჭარის ტელევიზიაში არსებული ცენზურის წინააღმდეგ. 2009 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს იყო ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მთელ ქვეყანაში, ვინც  მედიასფეროში არსებული ცენზურა გააპროტესტა.

აჭარის რევოლუციის დროს ორგანიზაცია მასპინძლობდა უცხოური ( ნიუ-იორკ თაიმსის, ბი-ბი-სის, ფრანს-პრესის, კომერსანტის, დოიჩე ველეს) და ცენტრალური საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტებს და მათ მუშაობის პროცესში ეხმარებოდა.

დაფუძნების მომენტიდან „თავისუფალ ჟურნალისტთა  სახლმა“  სხვადასხვა პროექტების განხორციელების  პარალელურად ჩაატარა არაერთი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის, გამართა  მრგვალი  მაგიდა და კონფერენციები. ორგანიზაცია ახორციელებდა და ახორციელებს თავის საქმიანობას შემდეგი მიმართულებით.

  • ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
  • ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლება და დაოსტატება;
  • სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა;

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ მოქალაქეებს, როგორც მათი ინფორმირების, ასევე  უფლებების დაცვის კუთხით.

ორგანიზაციას დღემდე 60-მდე პროექტი აქვს განხორციელებული.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 311 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 5 349 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 10 073 ერთეული [+32]
  • საარტილერიო სისტემა – 7 559 ერთეული [+32]
  • MLRS – 881 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 580 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 632 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 560ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+2]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 944 ერთეული [+19]
  • სპეცტექნიკა – 1 078 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 534 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 8 871 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 358 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 183 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 071 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 207 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

“ტურისტერი” – ტურიზმის ფესტივალი დამთავრდა

ბათუმში დამთავრდა ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალი „ტურისტერი“, რომელშიც სპიკერები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.

„ტურისტერს“ ბათუმი 10-11 ნოემბერს მასპინძლობდა. ფესტივალის ფარგლებში მსმენელს საშუალება ჰქონდა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებისთვის მოესმინა, რომლებიც ტურიზმის სფეროში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე აწვდიდნენ ინფორმაციას.

პანელური დისკუსია თემაზე „ტექნოლოგიები ქართულ ტურიზმში“

„ტურისტერზე“ მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ გამოსვლებს რომელიც ეხებოდა თანამედროვე მოგზაურობისთვის აუცილებელ სერვისს, ციფრულ პასპორტს, სტუმარმასპინძლობის სექტორში არსებულ ახალ შესაძლებლობებს, ლურჯ ეკონომიკას და ლურჯ ტურიზმს. მიეღოთ ინფორმაცია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ტურიზმში.

პანელური გამოსვლების პარალელურად გაიმართა რამდენიმე ვორკშოფი. მათ შორის, სტარტაპებისთვის, ლურჯი ეკონომიკის და ვორკშოფი ტურიზმის გადასახადის შესახებ.

ტურიზმის ფესტივალის მეორე დღე დაიწყო პანელური დისკუსიით DMO-ების ევროპული პრაქტიკის შესახებ.

11 ნოემბერს „ტურისტერზე“ მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ თუ რა შესაძლებლობები არსებობს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში Google Cloud-ის გამოყენებით. ასევე როგორ ცვლის თანამედროვე ტექნოლოგიები მსოფლიო ტურიზმს და როგორ უნდა ავუწყოთ ფეხი იმ ახალ ტენდენციებს, რომელსაც თანამედროვე სამყარო გვთავაზობს.

ვორკშოპი Google Cloud-ის შესახებ

„ტურისტერი“ სტუმრებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.

ფარნავაზ მეფის ქუჩა ფიროსმანამდე გაგრძელდება – ექსპროპრიაციით ან შეთანხმებით მესაკუთრეებთან

ბათუმის მერია ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელებას გეგმავს. მერიის გეგმას ქალაქის საკრებულოც დაეთანხმა.  თუმცა გეგმის განსახორციელებლად, საჭირო იქნება ქუჩის გაგრძელების არეალში მოქცეული კერძო საკუთრების გამოსყიდვა.

თუ მერია რომელიმე მესაკუთრეს ქონების გამოსყიდვაზე ვერ შეუთანხმდება, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრეს საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ.

შესაბამის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ “საქალაქო  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს მიერ მომზადებულია მოსაწყობი ქუჩის წინასწარი პროექტი.

„პროექტი მოიცავს კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ 9 უძრავ ქონებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 2 უძრავ ქონებას, მათგან 6-ზე განთავსებულია შენობები. ასათვისებელია მიწის ნაკვეთების 3 502 კვადრატული მეტრი ფართობი  და მესაკუთრეების შენობა-ნაგებობები.“ – აღნიშნულია მერიის დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს ფარნავაზ მეფის ქუჩის გაგრძელებას [გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთით] და მის შეერთებას ფიროსმანის ქუჩასთან [ჯავახიშვილის ქუჩის გადაკვეთით].

ფარნავაზ მეფის ქუჩის გაგრძელება ფიროსმანის ქუჩამდე / საპროექტო ტერიტორია მოქცეულია გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის / ფოტო მერიის დოკუმენტებიდან
ფარნავაზ მეფის ქუჩის გაგრძელება ფიროსმანის ქუჩამდე / საპროექტო ტერიტორია [მონიშნულია წითელი ხაზებით] გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის
  • „აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ქუჩის მოწყობის არეალში მოქცეულ, კერძო და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ათვისებას [მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა], რაც უნდა განხორციელდეს მესაკუთრეებთან შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.
  • ასათვისებელი, უძრავი ქონების მესაკუთრეებს კომპენსაციის სახით უნდა აუნაზღაურდეთ მათი საბაზრო ღირებულება, ან გადაეცეს საცხოვრებელი ფართობი [ტოლფასოვნად],  „საქართველოს კონსტიტუციის“ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში.“ – აღნიშნულია მერიის დოკუმენტში.

რა თანხაა გამოყოფილი აღნიშნული პროექტისთვის, მერიას საკრებულოსთვის ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გადაუგზავნია.

 

მაღალმთიანი აჭარის ხმა მედიაში – დისკუსია ბათუმში

„მაღალმთიანი აჭარის ხმა მედიაში“ – ამ თემაზე გაიმართება შეხვედრა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, 12 ნოემბერს, კვირას, 17:00 საათზე.

შეხვედრამდე 1 საათით ადრე, 16:00 საათზე კი ამავე სივრცეში გაიხსნება ფოტოგამოფენა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობას ასახავს.

შეხვედრის პირველ ნაწილში “ბათუმელების” ჟურნალისტი ევა [ნინო] ართმელაძე ისაუბრებს თავის გამოცდილებაზე, რაც მაღალმთიანი აჭარის სოფლებსა და იალაღებზე მცხოვრები ადამიანების, მათი გარემოს შესახებ მომზადებულ მასალებზე მუშაობისას დააგროვა. განიხილავს სირთულეებს, რაც სამუშაო პროცესს ახლავს თან და მსმენელს მისი რამდენიმე რესპონდენტის შესახებ მოუთხრობს.

შეხვედრის მეორე ნაწილში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ მემთეურ ქალებს, მათ სტუდენტ შვილებს, აჭარის მთიანეთში მცხოვრებ სხვა ადამიანებს და გაიზიარონ უშუალოდ მათი დამოკიდებულებები თუ შეფასებები ამ თემის ირგვლივ.

შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა დისკუსიასაჭარის მთაში მცხოვრები ადამიანის ყოველდღიურობისა და მათი საცხოვრებელი გარემოს რომანტიზება რას და რამდენად უქმნის საფრთხეს და რა როლი აქვს ამ დროს მედიას?

როგორ ცხოვრობენ აჭარის მთაში ადამიანები სინამდვილეში? როგორ აფასებენ თავად მათ შესახებ მომზადებულ ჟურნალისტურ მასალებს? ხომ არ აქვთ შენიშვნები ან რეკომენდაციები?

შეხვედრაზე ამ კითხვებზე პასუხების მოძებნას შეეეცდებიან და კიდევ ერთხელ გადაიაზრებენ ადამიანთა ყოფის რომანტიზების საფრთხეებს. ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თანამედროვე ჟურნალისტიკა ზუსტად ასახავდეს ადამიანების ყოფას, არ იყოს ცალმხრივი და „თვალისმომჭრელმა ბუნებამ“ არ გადაფაროს იქ მყოფი ადამიანების შრომის ხარისხი, პრობლემები და სირთულეები.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ზვიად განსახურდიას ქუჩა #1/5

ავარია ბათუმში – დაშავდა სამი ადამიანი

დღეს, 11 ნოემბერს ავარია მოხდა ბათუმში. ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

“ბათუმელების” ინფორმაციით ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რას იხსენებს კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლზე“

თათია ბოლქვაძე კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრია საერთაშორისო განვითარების მიმართულებით. სწავლობდა კოლეჯებში, სინგაპურსა და უელსში. ბაკალავრიატი ოქსფორდის უნივერსიტეტში ისწავლა. დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტი.

თათია ამბობს, რომ მისი საგანმანათლებლო გზა 14 წლის ასაკში ჯერ „ბათუმელების“ მედიასკოლაში, მედიასკოლიდან კი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ დაიწყო.

„14 წლის ვიყავი, როცა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ მოვხვდი. მაშინ ძალიან დაინტერესებული ვიყავი ჟურნალისტიკით, საკმაოდ პატარა ვიყავი, ინტერვიუების ჩაწერის დიდი გამოცდილება არ მქონდა. როცა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ მივედი დამხვდა გარემო, სადაც მასწავლიდნენ და მხარს მიჭერდნენ ჩემი იდეების განხორციელებაში.

თანამშრომლები ყველაფერ აკეთებდნენ იმისათვის, რომ რაღაცები გამოგვეცადა, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო დავალება, ჩვენი მაქსიმუმი ჩაგვედო მასში. მხარს გვიჭერდნენ იმაში, რომ განვვითარებულიყავით. გვესწავლა არამარტო ჟურნალისტიკის საფუძვლები, არამედ როგორც კარგი ადამიანები, ისე ჩამოვყალიბებულიყავით.

მახსოვს, მომცეს საშუალება მემუშავა ცხოველთა უფლებების საკითხზე. ჩემთვის ეს შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყველა ორგანიზაცია არ მოგცემდა საშუალებას შენ რა თემაც გაინტერესებს მარტო იმ თემაზე გემუშავა,“ – იხსენებს თათია ბოლქვაძე.

თათიას თქმით, ის, რაც ასევე ფასდაუდებელია მისთვის, არის ჩართვა სამოქალაქო აქტივობებში.

„იყო პროექტები ადამიანის უფლებების და სამოქალაქო უფლებების მიმართულებით. ამ ყველაფერში მონაწილეობით, უფრო მეტი გავიგე დასავლური ღირებულებების შესახებ. უფრო ტოლერანტი გავხდი. ძალიან ბევრ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა შეხედულების მქონე ხალხთან მქონდა ურთიერთობა. ამ ხალხთან ურთიერთობის გზებიც მასწავლა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ ყოფნამ.

პირველად სინგაპურში წავედი სასწავლებლად. მაშინ მონაწილეობა მივიღე გაერთიანებული მსოფლიო კოლეჯების პროგრამაში, საქართველოში  მესამე თუ მეოთხე წელი იყო, რაც ტარდებოდა ეს პროგრამა. მსოფლიოს ასი სხვადასხვა ქვეყნიდან ირჩევენ ბავშვებს ყოველწლიურად. 18 კოლეჯი აქვთ მსოფლიოს გარშემო. ამ 18-იდან ერთ-ერთ კოლეჯში მოვხვდი სრული დაფინანსებით. მომეცა შანსი მესწავლა სხვადასხვა წარმომავლობის ხალხთან ერთად.

ეს პროგრამა აქცენტს აკეთებდა ღირებულებებზე. სინგაპურში მულტიკულტურულ გარემოში მოვხვდი. ძალიან გამომადგა ყველაფერი, რაც „თავისუფალ  ჟურნალისტთა სახლში“ ვისწავლე. ყველაფერი, რასაც თეორიულად ვსწავლობდით და მუშაობის დროს ვცდილობდით, რომ სხვა ხალხშიც ჩაგვენერგა, მქონდა საშუალება, რეალურ ცხოვრებაში თავად გამომეცადა.

„თავისუფალ  ჟურნალისტთა სახლი“ რომ არ ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში, მგონი ის რაღაცები არ მოხდებოდა, რაც მოხდა. ერთი მხრივ, ღირებულებები ჩამომიყალიბა და მეორე მხრივ, უფრო თავდაჯერებული გამხადა, უფრო მეტად კომფორტული გამხადა იმაში, რომ ახალი და რთული რაღაცები გამომეცადა,“ – ამბობს თათია ბოლქვაძე.

თათიას თქმით, უმნიშვნელოვანესია ისეთი ორგანიზაციების არსებობა, რომელიც არაფორმალური განათლების მიღებაში ეხმარება ახალგაზრდებს.

„14-17 წელი ახალგაზრდის ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდია. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი აზროვნება არის ყველაზე მთავარი, რაც მაგ ასაკში გჭირდება. კრიტიკული აზროვნების უნარი რომ ჩამოვიყალიბე აი, მართლა ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის ამ ორგანიზაციაში მიღებული გამოცდილებიდან.

მგონია, რომ ის ღირებულებები, რაც ჩამომიყალიბდა მაშინ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დამსახურებით, დიდად არ შეცვლილა და ყოველთვის კომპასად ვიყენებ თითქოს ცხოვრებაშიც ამ ყველაფერს.

მაშინ ჩვენი მიზანი იყო, რომ პოზიტიური ცვლილება შემოგვეტანა აჭარაში, ამ პატარა თემში. ახლა რაც უფრო ფართოვდება ჩემი არეალი, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რასაც ვაკეთებ, ყოველთვის უნდა იყოს იმისთვის, რომ რომელიღაცა თემს დაეხმაროს უკეთესი საცხოვრებელი და უკეთესი საარსებო პირობების შექმნაში.

ამიტომ ვემადლიერები განსაკუთრებით „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს“. გარდა იმისა, რომ კარგი პროექტები ჰქონდათ, სწორი ღირებულებების მქონე ადამიანები იყვნენ ამ პროექტებში ჩართულები,“ – ამბობს თათია ბოლქვაძე.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ შესახებ 

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი უკვე 22 წლისაა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იყო პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარაში, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა დააფუძნეს 2001 წლის 20 ოქტომბერს.

ორგანიზაციამ ოფიციალური რეგისტრაცია ბათუმის სასამართლოში  2001 წლის 20 ნოემბერს გაიარა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით მოეწყო საპროტესტო მსვლელობა აჭარის ტელევიზიაში არსებული ცენზურის წინააღმდეგ. 2009 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს იყო  ერთადერთი შემთხვევა მთელ ქვეყანაში, ვინც  მედიასფეროში არსებული ცენზურა გააპროტესტა.

აჭარის რევოლუციის დროს ორგანიზაცია მასპინძლობდა უცხოური (ნიუ-იორკ თაიმსის, ბი-ბი-სის, ფრანს-პრესის, კომერსანტის, დოიჩე ველეს) და საქართველოს ნაციონალურ საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტებს და მათ მუშაობის პროცესში ეხმარებოდა.

დაფუძნების მომენტიდან „თავისუფალ ჟურნალისტთა  სახლმა“  სხვადასხვა პროექტის განხორციელების პარალელურად ჩაატარა არაერთი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის, გამართა მრგვალი მაგიდა და კონფერენციები. ორგანიზაცია ახორციელებდა და ახორციელებს თავის საქმიანობას შემდეგი მიმართულებით.

  • ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
  • ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლება და დაოსტატება;
  • სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა;

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ მოქალაქეებს, როგორც მათი ინფორმირების, ასევე უფლებების დაცვის კუთხით.

ორგანიზაციას დღემდე 60-მდე პროექტი აქვს განხორციელებული.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 310 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1130]
  • ტანკი – 5 342 ერთეული [+25]
  • ჯავშანტექნიკა – 10 041 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 7 527 ერთეული [+24]
  • MLRS – 879 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 579 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 620 ერთეული [+25]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 558 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+2]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 925 ერთეული [+49]
  • სპეცტექნიკა – 1 069 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 534 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 8 829 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 346 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 183 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 059 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 194 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

თუ დეპუტატებს მაღალი ხელფასი სჭირდებათ, ჩვენც გვჭირდება – პედაგოგი სქემასა და გამოწვევებზე

„პარლამენტარი უფრო კარგ საქმეს აკეთებს, თუ მასწავლებელი, რომელიც თაობებს გვიზრდის? თუ მათ სჭირდებათ მაღალი ხელფასები, მაშინ ჩვენც გვჭირდება, რადგან გიჟური შრომაა ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ამას სჭირდება სათანადო დაფასება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სკოლა „ევრო 2000“-ის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, თამარ ბაუჟაძე.

მას პედაგოგის პროფესიული განვითარების სქემასა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაზე ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო თამარ, რადგან კარიერული წინსვლის სქემაზე არ წყდება პედაგოგების რეაქცია, გვინდა გკითხოთ, თქვენი აზრით, რა  დადებითი აქვს სქემას და რა – უარყოფითი? 

ჩემი აზრით, ყველა მასწავლებელს სჭირდება რაღაც ტიპის მიმართულების მიცემა, ოღონდ გრძელვადიან სტრატეგიაში უნდა იყოს ეს გაწერილი, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორ შემიძლია მე ჩემი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა. რაღაც მექანიზმი რომ უნდა არსებობდეს, მე ამას ვეთანხმები.

ყველაზე ეფექტურად მაინც ის მიმაჩნია, თუ რას აკეთებს მასწავლებელი საკლასო ოთახში. მაგრამ ამავდროულად, ძალიან რთულია ამის კონტროლი, ხომ?!

გასაგებია, რომ თავის დროზე ჩვენც ვადასტურებთ კომპეტენციას, ვიღებთ უმაღლეს განათლებას, ვაბარებთ საგნის გამოცდას და ვიღებთ სტატუსებს, მაგრამ მასწავლებლის პროფესია მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული და თუ ფიქრობ, რომ მორჩი განათლებას, უკვე დიდ შეცდომას უშვებ.

შესაბამისად, უნდა არსებობდეს რაღაც მექანიზმი, რომელიც გვაჩვენებს, რა გავიარეთ. თუ გაიარე რაღაც ტრენინგი, აქტიური ხარ, პორტფოლიო გაქვს მოწესრიგებული, ეს არის კარგის ნიშანი იმ მხრივ, რომ ხარ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელი, ეს აუცილებელია.

მაგალითად, მე პორტფოლიოს იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ეს სტატუსის მისაღებად მჭირდება, არამედ ეს არის ჩემი შემოქმედებითი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • როცა ამას აქვს ვალდებულების სახე, ეს თრგუნავს ალბათ მასწავლებელს?

იმ დღიდან, რაც სკოლაში ფეხი შევდგი და დავიწყე მუშაობა, პორტფოლიო იყო ჩემი განუყოფელი ნაწილი. როცა ითქვა, სქემის ფარგლებში უნდა გქონდეთ, თუ გსურთ სტატუსის ამაღლებაო, მე ვიყავი გაოგნებული, ეს ხომ ისედაც ყველას აქვს-მეთქი.

რეალურად, აღმოჩნდა, რომ თურმე არ აკეთებდნენ ამას მასწავლებლები. რა არის პორტფოლიო და რა უნდა ყოფილიყო შიგნით, ამაზე მიდიოდა დიდი სჯა-ბაასი.

რასაც აკეთებ, აიღე და ატვირთე თავის დროზე. ის იყო რთული, რომ წლის ბოლოს აკეთებდა ბევრი და ყველაფერი ერთად იყრიდა თავს.

მასწავლებლობა მართლა დაუღალავი შრომაა, ვერავინ მეტყვის, რომ თუ პორტფოლიო არ აქვს მასწავლებელს, ის ცუდი მასწავლებელია. ამას ვერ დავიჯერებ, მაგრამ ვფიქრობ, პორტფოლიო ყველა მასწავლებელს სჭირდება. 15 წლის შემდეგ, რომ მოვიხედავ, რა ვთქვა, რა გავაკეთე-მეთქი?! ეს უნდა მქონეს შენახული, მეხსიერებაც არ გვაქვს ისეთი მაგარი, რომ ყველა დეტალი და ნიუანსი გვახსოვდეს.

სქემას რაც შეეხება, რაღაცებს სკეპტიკურად ვუყურებ, არის რაღაც, რაც მომწონს.

  • რა იწვევს სკეპტიციზმს და რატომ?

სკეპტიციზმს იწვევს, მაგალითად, ის, რომ გრძელვადიანი პერსპექტივა არ აქვს ამ ყველაფერს და მუდმივად არის დამოკიდებულება, რომ აი, შეიცვლება ხელისუფლება, მოახლოვდება არჩევნები და შეიძლება გააუქმოს ეს სქემა.

მინდა, ვენდო სისტემას, მაგრამ ბოლომდე ვერ ვენდობი, რადგან მართლა შეიძლება გაუქმდეს სქემა და უკვე ვხედავთ ტენდენციასაც, დაიწყეს უკვე საუბარი იმაზე, რომ თურმე არ ყოფილა სწორი დანამატების სტატუსებზე მიბმა. მაშინ რაღატომ აწვალებ ამდენს მასწავლებელს, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში სტრატეგია არ გაგაჩნია?

რატომ ცდილობს სახელმწიფო, სისტემატურად ჰქონდეს მასწავლებელს იმედგაცრუების მომენტი – „მაინც არ აქვს აზრი“. რატომ უნდა იწვალოს მასწავლებელმა, თუ მაინც შეიცვლება.

მასწავლებლები გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავთ ჩვენი შრომის შედეგებს და თუ ჩემი განვითარება არ არის სწორად დაგეგმილი და გრძელვადიანი, მაშინ როგორ შეიძლება საერთოდ ვისაუბროთ მოსწავლის გრძელვადიან შედეგებზე, რომელიც უნდა გაყვეს აუცილებლად სკოლიდან.

  • ყველა ხელისუფლება ცდილობს წინასაარჩევნოდ მოიგოს მასწავლებლების გული და არც ეს ხელისუფლება იქნება ალბათ გამონაკლისი. თუ წინასაარჩევნოდ მართლა გააუქმეს სქემა ან დანამატები აღარ იქნება სტატუსზე მიბმული, ეს რას გამოიწვევს?

ასობით მასწავლებელთან მისაუბრია და არ მინახავს მასწავლებელი, რომელსაც სტატუსი აღიარებისთვის სჭირდება. სტატუსი ყველას სჭირდება ხელფასისთვის.

მასწავლებლის ხელფასი საკმაოდ დაბალია. თუ გყავს ოჯახი, გაქვს საბანკო ვალდებულება, გაქვს ბევრი გადასახადი, არაფერში გეყოფა ეს ფული. ისეთი გაძვირებულია ცხოვრება, თუ ასე დარჩა ბაზისური ხელფასი, საერთოდ არ გიღირს სკოლაში დარჩენა.

დანამატი არის ის ხიბლი, რის გამოც მასწავლებელს სურს სტატუსის ამაღლება.

უფროსი ერქმევა, წამყვანი, მენტორი თუ მაძიებელი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი ვალდებულება მაინც არის ის, რომ კლასში იყო კარგი.

  • თუ ბაზისური ხელფასი გახდა, ვთქვათ, 1000 ლარი, იქნება ისეთივე სწრაფვა სტატუსებზე, როგორც დღეს?

არა. თითო-ოროლა თუ აიმაღლებს სტატუსს, ვისაც აქვს ამის ამბიცია.

სახელწოდება მასწავლებლებში არაფერს ცვლის. რადგან  წამყვანი ვარ, მენტორი მასწავლებელი არ დამამცირებს ამის გამო. ამას არავინ გაკადრებს. ყველა შეთანხმებულია იმაზე, რომ სტატუსი არის დანამატისთვის, დანამატი კი – ცოტა უკეთესი კეთილდღეობისთვის. მცირედი შვებაა, რომ ჩემი ეკონომიკური ვალდებულებები რაღაცნაირად უზრუნველვყო, რომ ბავშვები მშიერი არ მყავდეს, რაღაც აუცილებელი შევიძინო და ასე შემდეგ.

  • თუ უფროსი მასწავლებელი ისეთივე გაკვეთილს ატარებს, როგორსაც წამყვანი ან მენტორი, მაშინ რის საფუძველზე ამბობს სამინისტრო, რომ სქემა პროფესიულად ზრდის მასწავლებელს?

გაკვეთილს უნდა ატარებდეს ყველა კარგად. მასწავლებელს ისეთი ვალდებულებები აკისრია, რომელიც თაობებს უკავშირდება, მომავალს და შესაბამისად, თუ შენ ვერ ატარებ გაკვეთილს, არ უნდა გაეკარო ბავშვებს, იმიტომ, რომ რეალურად დააზარალებ თაობებს.

უბრალოდ, არიან მასწავლებლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პედაგოგების დიფერენცირება ამ სტატუსებით არ უნდა ხდებოდეს და ამის გამო არ იმაღლებენ სტატუსს. ვიღაცისთვის ასეთი დაყოფა შეურაცხმყოფელია, ვიღაცისთვის მხოლოდ კომფორტია მნიშვნელოვანი და არც ერთი არ აინტერესებს.

არის ნაწილი, ვინც ნიჰილისტურადაა განწყობილი, ისეთებიც, რომლებიც ვერც გამოცდას აბარებენ და არც პორტფოლიო აქვთ. ბევრი მიზეზია. მაგრამ ამ სქემის ღირსება რომ რეალურად მხოლოდ ხელფასია, ეს ფაქტია.

  • მაშინ გამოდის, რომ სახელმწიფომ ეს მექანიზმი შექმნა არა განვითარებისთვის, არამედ იმიტომ, რომ ერთბაშად არ გაზარდოს ხელფასი და ეს თემა დაიტოვოს მასწავლებლებზე ზემოქმედებისთვის?

ბიუჯეტის გაზრდა ისედაც უწევთ, რადგან თუ შარშან ჰყავდათ ათასი სტატუსამაღლებული პედაგოგი, წელს 2 ათასია, მომავალში კიდევ მეტი ეყოლებათ. ეს პროცესი განგრძობადია.

ცუდი ის არის, რომ ამ პროცესს არ აქვს სტაბილურობა.

  • ერთი მხრივ, შეიძლება თქვას სამინისტრომ, რომ ამ ცვლილებებს იწვევს მასწავლებლების პრეტენზიები, უკმაყოფილება. იქნება ეს სწორი არგუმენტი?

არგუმენტები არასდროს დაილევა. მასწავლებლები არიან ძალიან დიდი ელექტორატი. არიან მასწავლებლები, რომლებიც ფიქრობენ ჩემსავით და სრულიად საპირისპიროდაც. ვიღაცას შესაძლოა მართლა სჯეროდეს, რომ ყველაფერი იდეალურადაა.

  • რომ არ იყოს საერთოდ სქემა, მაშინ რით უნდა განისაზღვროს მასწავლებლის კარგი მუშაობა, რა მიგაჩნიათ პირადად თქვენ ინდიკატორად?

მე პირადად მიმაჩნია, რომ მასწავლებელს, რომელიც კლასში შედის, კვლევის ჩატარებაც უნდა შეეძლოს, მან პორტფოლიოც უნდა აწარმოოს და კარგი გაკვეთილების ჩატარებაც შეძლოს.

საგაკვეთილო პროცესი უნდა იყოს ღია. დირექციას როცა მოუნდება, მაშინ შემოვა და დაგესწრება, განათლების სამინისტროს ან მშობელს უნდა დასწრება? – მოვიდეს ნებისმიერ დროს და დაესწროს. საკლასო სივრცე უნდა იყოს ღია იმისთვის, რომ მიიღო სტუმრები, აჩვენო, რას აკეთებ. ეს ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს და არა იმისთვის, რომ რაღაცაში ჩაგაჭირონ.

პროფესიული განვითარების ყველაზე კარგი პრაქტიკაა, როცა კოლეგები ერთმანეთის გამოცდილებას იზიარებენ. სავალდებულო ტრენინგზე ცხვრის ფარასავით კი არ მივდიოდეთ, ახალს და საჭიროს როცა შემომთავაზებენ, მაშინ უნდა წავიდე და ასე შემდეგ.

  • კომპლექსურ დავალებებზეც მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. ამაზეც გვესმის ბევრი კრიტიკა.

იმას, რაც კომპლექსური დავალებისას გვევალება, ვაკეთებდით ისედაც, უბრალოდ შეიცვალა დავალების აგება.

ასეთ ვნებათაღელვას იწვევს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობა ბევრ სკოლაში, რადგან მოსწავლეს პროდუქტი უნდა შევაქმნევინოთ, ხომ? პოსტერი უნდა გააკეთოს, ვიდეორგოლი, სადღაც ხომ უნდა აჩვენო ეს ყველაფერი. ერთი პროექტორი რომ აქვს სკოლას და ყველა მასწავლებელმა უნდა გაიყოს, აქ ჩნდება პრობლემები.

მეორე საკითხია მასწავლებელთა კომპეტენციაც, რადგან შემოქმედებითი მიდგომა გჭირდება ამ დავალებებისთვის. ყოველთვის სხვისი გაკეთებული რესურსები არ უნდა გამოიყენო და რაღაც ახალიც უნდა შექმნა მასწავლებელმა.

პრობლემაა ისიც, რომ მასწავლებლები დროის სერიოზულ დეფიციტს განვიცდით. რვა საათზე მოვედი სკოლაში, ექვსის ნახევარია და ისევ აქ ვარ. 45 წუთი ზოგჯერ 45 წამია, როდის გადის, ვერ ვხვდებით.

არ შეიძლება მასწავლებელი მთელი კვირა დატვირთო და წაართვა შაბათი-კვირა.

ამდენი შრომის მერე ბრუნდება მასწავლებელი სკოლაში და ხედავს, რომ ცარიელია კლასი, ცარცი და დაფაა მხოლოდ და რა ქნას.

კარგი გამოსავალია, თუ მასწავლებელს შესთავაზებ სტრატეგიული განვითარების გრძელვადიან გეგმას და ეტყვი: „ნუ გეშინია, ხელისუფლების ცვლილების თუ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს არ შეიცვლება“. მაშინ მოგყვება მასწავლებელი. დღეს კი ნდობა არ არის სისტემისადმი.

  • ალბათ იცით, რომ 2024 წლისთვის დეპუტატების ხელფასი 10 ათას ლარამდე იზრდება. მასწავლებლებს კი ჯერჯერობით მხოლოდ დაპირება გაქვთ. როგორ ფიქრობთ, რამდენი უნდა იყოს მასწავლებლის საშუალო ხელფასი დღეს?

პარლამენტარი უფრო კარგ საქმეს აკეთებს რეალურად, თუ მასწავლებელი, რომელიც თაობებს გვიზრდის? თუ მათ სჭირდებათ მაღალი ხელფასები, მაშინ ჩვენც გვჭირდება, რადგან გიჟური შრომაა ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ამას სჭირდება სათანადო დაფასება. დღეს რა ხელფასიც გვაქვს, ეს ნიშნავს მასწავლებლის შრომის დაკნინებას.

ვფიქრობ, სტატუსის გარეშე, სულ მცირე 1500-იდან 2 000-მდე ლარი უნდა იყოს პედაგოგის ხელფასი, იმიტომ, რომ ცხოვრება ისეთი გაძვირებულია, მაღაზიაში რომ შედიხარ და 50 ლარს ტოვებ, მაინც ხელცარიელი გამოდიხარ.

საშუალო ხელფასი კი 3 ათას ლარამდე უნდა იყოს. თუ მასწავლებელი ბოლომდე იხარჯება და კარგად აკეთებს თავის საქმეს, ხელფასიც შესაბამისი უნდა იყოს.

სახლი და კომპანიები პრაღაში, მიწები უკრაინაში – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის ქონება

2780 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი 320 000 დოლარად, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ვინიცაში, შევჩენკოს ქუჩაზე – ეს ქონება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თავისი ქონების გრძელ ჩამონათვალს 2022 წელს დაამატა.

უკრაინაში, იმავე ქალაქში, იმავე ქუჩაზე, ახალშეძენილი ნაკვეთიდან არც ისე შორს, ალექსი ახვლედიანს 860 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ჰქონდა 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვითაც. დეკლარაციაში არ ჩანს, როდის შეისყიდა ეს ნაკვეთი და რა ფასად. არც ის ვიცით, ეს ქონება ისევ მის საკუთრებაშია, თუ უკვე გაასხვისა.

ალექსი ახვლედიანმა ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის 24 ივლისს, ანუ ექვსწლიანი პაუზის შემდეგ შეავსო, უკვე როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.

სააგენტოს ზემდგომმა უწყებამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტომ, ალექსი ახვლედიანი ამ პოსტზე კონკურსის წესით შეარჩია. მის დანიშვნამდე ერთი თვით ადრე ეს თანამდებობა თამარ იოსელიანმა დატოვა.

მისივე ქონებრივ დეკლარაციას თუ დავეყრდნობით, ალექსი ახვლედიანს უძრავი ქონება მხოლოდ უცხოეთში აქვს. მნიშვნელოვან უძრავ ქონებას ის უკრაინის გარდა ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში ფლობს.

3000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი პრაღაში ალექსი ახვლედიანს 2012 წელს შეუძენია, ამ ქონებაში მას 485 000 ევრო გადაუხდია. 2013 წელს ალექსი ახვლედიანმა პრაღაში სახლიც იყიდა, 139 კვ.მეტრი, რაშიც 860 000 ევრო გადაიხადა.

2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ალექსი ახვლედიანი უკრაინაში, კერძოდ კიევში, დიმიტრევსკის ქუჩაზე, ბინასაც ფლობდა [184 კვ.მ].

იმავე დეკლარაციით, ის ფლობდა კიდევ ერთ – 9300 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს უკრაინაში, თუმცა ზუსტი მისამართი ამ შემთხვევაში დაკონკრეტებული არ არის.

  • უძრავი ქონება საქართველოში

საქართველოში ალექსი ახვლედიანის სახელზე რეგისტრირებული ქონება 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ ფიქსირდება. როგორც პრესსამსახურში განგვიმარტეს, ალექსი ახვლედიანმა დეკლარაცია წესების დაცვით შეავსო, მაგრამ საქართველოში არსებული ქონება ტექნიკური ხარვეზის გამო არ აისახა.

„დავრეკეთ და გავარკვიეთ, რომ ტექნიკური ხარვეზია, რომლის გამოსწორებასაც სამი დღე დასჭირდება“, – გვითხრეს სააგენტოს პრესსამსახურში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორობამდე ალექსი ახვლედიანმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2016 წელს შეავსო, როგორც ააიპ „ევროპის ოლიმპიური ფესტივალის თბილის 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის“ თავმჯდომარემ. ამ დეკლარაციის მიხედვით ის საგარეჯოში მცირე ზომის ორ ნაკვეთს ფლობდა სხვადასხვა ქუჩაზე – ჯამში 1940 კვ.მეტრს.

გარდა ამისა, ის საგარეჯოში ფლობდა კიდევ ერთ ნაკვეთს, რომლის ფართობიც ხუთ ჰექტარზე მეტია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ალექსი ახვლედიანი საგარეჯოში ფლობს 1810 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ერეკლე მეორის ქუჩაზე და ორსართულიან შენობას თავისი დამხმარე ნაგებობებით. შენობების საერთო ფართობი 965.731 კვ.მეტრია.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ შენობის დიდი ნაწილი იჯარის წესით სხვადასხვა კომპანიაზეა გაცემული, მათ შორის არის „საქართველოს ბანკიც“.

საგარეჯოში ალექსი ახვლედიანი ფლობს ასევე მიწის ნაკვეთს სათავეს ქუჩაზე. აქ მას 430 კვ.მეტრი აქვს რეგისტრირებული, ამ ნაკვეთზე, სავარაუდოდ, სახლიც დგას.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ალექსი ახვლედიანი მიწის ნაკვეთს [425] და მასზე დამაგრებულ შენობას [426.81] ფლობს ასევე დაბა სურამში, კოსტავას ქუჩაზე. ამონაწერის მიხედვით, რომელიც 2021 წლის შემდეგ არ განუახლებიათ, აქ მოიჯარედ ფიქსირდებიან „სილქნეტი“ და „საქართველოს ფოსტა.“

2016 წლის მონაცემებით, ალექსი ახვლედიანი ასევე ფლობს ბინას [72.80 კვ.მ] თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე.

  • კომპანიები და ბიზნესი

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ალექსი ახვლედიანი უკრაინაში, კერძოდ, კიევში რეგისტრირებულ 2 კომპანიას ფლობს. მათ შორის ერთი სამშენებლო კომპანიაა. ეს კომპანიებია – შპს IAVIRI და შპს „სამშენებლო კომპანია ლანა“.

სამშენებლო კომპანიიდან მიღებული შემოსავლის სახით სააგენტოს დირექტორმა დეკლარაციაში 11 მილიონ 500 000 კრონა მიუთითა. შპს IAVIRI – დან კი, მისივე ინფორმაციით, გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.

ალექსი ახვლედიანი ორ კომპანიას ფლობს ასევე ჩეხეთში, პრაღაში – შპს wine company ღვინის კომპანია უნდა იყოს. ამ კომპანიიდან გასულ წელს ალექსი ახვლედიანს შემოსავლის სახით 118 600 ევრო მიუღია.

მეორე კომპანია შპს AKHMUSI-ა, რომლისგანაც, დეკლარაციის მიხედვით, ასევე არ მიუღია შემოსავალი ალექსი ახვლედიანს.

კიდევ ერთი კომპანია ალექსი ახვლედიანს სლოვენიაში, ლუბლიანაში დაუფუძნებია. ამ კომპანიისგან სააგენტოს დირექტორმა გასულ წელს 178 000 ევრო მიიღო. დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციით, შპს NAVTILUS DOO 2017 წელს არის დაფუძნებული.

დეკლარაციის მიხედვით, ალექსი ახვლედიანი და მისი ოჯახის წევრები საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევიან. 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში ოჯახის წევრების გრაფაში ალექსი ახვლედიანმა მხოლოდ ცოლი ჩაწერა, ამავე დეკლარაციის მიხედვით ის არ მუშაობს და არ აქვს ხელფასი.

დეკლარაციაში სუფთაა ძვირადღირებული საჩუქრების გრაფა. ეს იმას ნიშნავს, რომ ალექსი ახვლედიანს და მისი ოჯახის წევრებს გასულ წელს არ მიუღიათ საჩუქარი, რომლის ღირებულებაც აღემატება 500 ლარს.

  • შემოსავლები ბიზნესიდან

მისივე ინფორმაციით, რაც ქონებრივ დეკლარაციაში ჩაწერა, გასულ წელს ალექსი ახვლედიანმა ერთ-ერთი უკრაინული კომპანიისგან შემოსავლის სახით 11 მილიონ 500 000 ჩეხური კრონა მიიღო. გარდა ამისა, ალექსი ახვლედიანმა გასულ წელს ორი კომპანიიდან შემოსავლის სახით 296 600 ევრო მიიღო.

ალექსი ახვლედიანის ქონებრივ დეკლარაციაში მისი ხელფასის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. Hr.gov.ge-ze გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, სადაც კონკურსი იყო გამოცხადებული, სააგენტოს დირექტორის ხელფასი თვეში 10 680 ლარია.

რაც შეეხება დანაზოგებს, დეკლარაციის შევსების დროს, როგორც თავად მიუთითა, ალექსი ახვლედიანს „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშებზე ჯამში 77 330 ლარი ჰქონდა, დოლარის ანგარიშზე კი – 19 000 დოლარი.

Unicredit Bank Czech Republic – ის მიმდინარე ანგარიშებზე ალექსი ახვლედიანი 256 480 ჩეხურ კრონას და 178 000 ევროს ფლობდა, Raiffeisen bank Slovenia – ს მიმდინარე ანგარიშზე კი 214 000 ევრო მიუთითა. დეკლარაციაში მან დივიდენდის შესახებაც ჩაწერა. მისი ინფორმაციით, დივიდენდის სახით მან 2012 წელს 35 000 დოლარი და 60 000 ევრო მიიღო.

  • ავტომანქანები

2021 წელს ალექსი ახვლედიანს 2014 წელს გამოშვებული ავტომანქანა Land Rover Range rover-ი შეუძენია 150 000 დოლარად. ერთი წლით ადრე, 2020 წელს კი ალექსი ახვლედიანს 3 ავტომანქანა უყიდია: 2003 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ SPRINTER – 14 000 დოლარად, 2000 წელს გამოშვებული Lincoln town Car – 18 000 დოლარად, 2003 წელს გამოშვებული Hammer, H2 – 22 000 დოლარად.

მის საკუთრებაშია ასევე 1996 წელს გამოშვებული, შავი ფერის Volvo S90 – ამ ავტომანქანაში 2005 წელს ალექსი ახვლედიანს 27 000 დოლარი გადაუხდია.

დეკლარაციის მიხედვით, გაცილებით ძვირადღირებული ავტომანქანით გადაადგილდება ალექსი ახვლედიანის მეუღლე თამილა არღვლიანი. მას 2022 წელს, ამავე წელს გამოშვებული მანქანა AUDI e tron – 84 000 ევროდ შეუძენია.

თამილა არღვლიანი ფლობს ასევე 2014 წელს გამოშვებულ Mercedes Benz – GLK-ს. ამ ავტომანქანაში მას მისივე გამოშვების წელს 50 000 დოლარი გადაუხდია.

  • მეუღლე, შვილები და მათი ქონება

მიმდინარე წელს შევსებული დეკლარაციისგან განსხვავებით, 2016 წლის დეკლარაციაში ალექსი ახვლედიანს შვილებიც ჰყავდა შეყვანილი. დეკლარაციის მიხედვით, ამ პერიოდში 22 წლის [1993 წელს დაბადებული] მარიამ ახვლედიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული. ის ფლობდა ბინას თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე [101.50 კვ.მ]. რეესტრის მონაცემებით, ეს ბინა ისევ მის საკუთრებაშია. რეესტრის მონაცემებით, ის ფლობს ასევე ბინას თბილისში ჟვანიას ქუჩაზე [ 82.80 კვ.მ].

კიდევ ერთი შვილი, თამაზ ახვლედიანი 2016 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ფლობდა ბინას თბილისში, საირმის ქუჩაზე და 1000 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს დიღომში.

  • კიდევ რა არის საჯაროდ ცნობილი ალექსი ახვლედიანის შესახებ?

ალექსი ახვლედიანის სახელი „რუსთავი 2“-ის და იმჟამინდელი მისი დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს უკავშირდება.

2015 წელს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას ხელისუფლება პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით დაემუქრა. მისივე ინფორმაციით, „2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის შენობაში მასთან შეხვედრისა და ხელისუფლების მოთხოვნის გადასაცემად მივიდა მისი მეგობარი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალ „თბილისი – 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.

უხმაუროდ არც ევროპის „ოლიმპიური ფესტივალის თბილის 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის“ მუშაობას ჩაუვლია. საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლები სახელფასო დავალიანებაზე საუბრობდნენ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კი გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც კომიტეტი მნიშვნელოვანი დარღვევებით საქმიანობდა. კერძოდ, ვერ იქნა წარმოდგენილი საორგანიზაციო კომიტეტის 2011-2015 წლების შესაბამისი პერიოდების ფინანსური ანგარიშგება, ბალანსები და მასთან დაკავშირებული სხვა ანგარიშები.

ამავე თემაზე: 

თამარ იოსელიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ტოვებს

Exit mobile version