„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 22 წლის ხდება. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციას 60-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ საქმიანობამ არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა სასიკეთოდ.
მადონა ფალავანდიშვილი ქედის სათემო განათლების ცენტრის თანამშრომელია, ფინანსისტად მუშაობს. მადონა ამბობს, რომ მისი პროფესიული უნარების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ პროექტებს, რომლებშიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დახმარებით მოხვდა.
„2021 წელს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამაში საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდა კარდაკარის პრინციპით.
მინდოდა ამ კამპანიის ნაწილი ვყოფილიყავი. კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ასე შემარჩიეს. ერთ-ერთი მობილიზატორი ვიყავი. უზარმაზარი გამოცდილება მივიღე ამ პროექტში მონაწილეობით. ასე დაიწყო ჩემი და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თანამშრომლობა.
ამის შემდეგ ერთ-ერთ ადგილობრივ პროექტში, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ აფინანსებდა, ვიყავი ფინანსისტი. დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ მსგავს ორგანიზაციასთან მანამდე ურთიერთობა არ მქონია. ფინანსური ანგარიშების წარდგენა იყო თუ სხვა დოკუმენტების წარმოება, საკმაოდ კარგად გამომივიდა და ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი,“ – იხსენებს მადონა ფალავანდიშვილი.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახლა ქედაში კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებს ეხმარება, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ. ორგანიზაციის დახმარება ერთი მხრივ ნივთების დასამზადებელი მასალის ყიდვაში გამოიხატება, მეორე მხრივ ქალები სწავლობენ მარკეტინგული გეგმის შემუშავებას, დამზადებული პროდუქციის რეალიზაციისათვის.
„პიროვნული განვითარების თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი რამ მომცა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“. მაგალითად, საზოგადოებასთან ურთიერთობა ვისწავლე. მოლაპარაკება, დარწმუნება, ამდაგვარი უნარების განვითარება საკუთარ თავში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ამ ორგანიზაციის საშუალებით შევიძინე.
მაღალმთიანეთში მცხოვრები ადამიანები არ ვართ განებივრებული საჭირო პროექტებით, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამ ორგანიზაციის არსებობას,“ – ამბობს მადონა ფალავანდიშვილი.
დუტა დიასამიძე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეა. 2017 წელს 13 წლის სკოლის მოსწავლე იყო, როცა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ მოხალისედ მივიდა.
„თავიდან ყველაზე მეტად გარემო მომეწონა. სხვადასხვა სივრცეები, სადაც იმ ასაკში მიწევდა ყოფნა – იქნებოდა ეს სკოლა თუ სხვა, უმეტესად არაკომფორტული იყო. ვერასდროს ვერ ვახერხებდი თავის კარგად გრძნობას იქ. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ კი დამხვდა ყველა იმ გარემოსგან განსხვავებული სიტუაცია. ჩემი კომფორტის ზონად იქცა, სადაც კარგი ადამიანები გავიცანი.
გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესო პროექტებში ვიღებდი მონაწილეობას, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ვემადლიერები „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს“ არის ეს თანასწორი გარემო, რომელიც დამხვდა. ამ გარემომ დამტოვა დღემდე ორგანიზაციაში, როგორც ერთ-ერთი მოხალისე,“ – ამბობს დუტა დიასამიძე.
დუტას თქმით, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“, იმ აქტივობებმა, რომელშიც იღებდა მონაწილეობას, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი პიროვნული თვისებების განვითარებაში.
„ჩაკეტილი ვიყავი, მიჭირდა ადამიანებთან კომუნიკაცია. გაკვეთილის მოყოლაც კი დისკომფორტი იყო – მიჭირდა საჯარო გამოსვლა. ემოციურად მღლიდა, ვშფოთავდი.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ კი ჩემი ინიციატივით ავიღე თავზე თანატოლ განმანათლებელთა ტრენინგის ჩატარება. მე ვიყავი ტრენერი.
ზუსტად ეს მასწავლა ამ ორგანიზაციამ, გამოვსულიყავი საკუთარი კომფორტის ზონიდან, მეცადა ახალი რაღაცები. ბევრი უნარი შევიძინე მას შემდეგ, რაც დავიწყე სხვადასხვა პროექტში ჩართვა. აქ გზა გამიხსნეს შეიძლება ითქვას და მასწავლეს, როგორ უნდა ვყოფილიყავი ჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომელსაც არ ეშინოდა ნებისმიერი პატარა დეტალის და ხალხთან კომუნიკაციის.
ახლა აღარ მაქვს საჯაროდ გამოსვლის შიში, საკუთარი აზრისა და თავის გამოხატვა თავისუფლად შემიძლია. ეს კარიერულადაც ძალიან დამეხმარა,“- ამბობს დუტა დიასამიძე.
დუტას თქმით, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახალგაზრდებისთვის ქმნის ისეთ სივრცეს, სადაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, რომელიც სხვაგან შეიძლება ვერ მოესმინათ.
„აქ ვსწავლობთ ყველაფერს, იქნება ეს კრიტიკული აზროვნება თუ მედიაცნობიერების ამაღლება. აქ ვსწავლობთ, როგორ ვიყოთ სოციალურად აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები,“ – ამბობს დუტა დიასამიძე.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ შესახებ
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იყო პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარაში, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა დააფუძნეს 2001 წლის 20 ოქტომბერს.
ორგანიზაციამ ოფიციალური რეგისტრაცია ბათუმის სასამართლოში 2001 წლის 20 ნოემბერს გაიარა.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით მოეწყო საპროტესტო მსვლელობა აჭარის ტელევიზიაში არსებული ცენზურის წინააღმდეგ. 2009 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს იყო ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მთელ ქვეყანაში, ვინც მედიასფეროში არსებული ცენზურა გააპროტესტა.
აჭარის რევოლუციის დროს ორგანიზაცია მასპინძლობდა უცხოური ( ნიუ-იორკ თაიმსის, ბი-ბი-სის, ფრანს-პრესის, კომერსანტის, დოიჩე ველეს) და ცენტრალური საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტებს და მათ მუშაობის პროცესში ეხმარებოდა.
დაფუძნების მომენტიდან „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ სხვადასხვა პროექტების განხორციელების პარალელურად ჩაატარა არაერთი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის, გამართა მრგვალი მაგიდა და კონფერენციები. ორგანიზაცია ახორციელებდა და ახორციელებს თავის საქმიანობას შემდეგი მიმართულებით.
- ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
- ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლება და დაოსტატება;
- სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა;
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ მოქალაქეებს, როგორც მათი ინფორმირების, ასევე უფლებების დაცვის კუთხით.
ორგანიზაციას დღემდე 60-მდე პროექტი აქვს განხორციელებული.