განათლება,მთავარი,სიახლეები

თუ დეპუტატებს მაღალი ხელფასი სჭირდებათ, ჩვენც გვჭირდება – პედაგოგი სქემასა და გამოწვევებზე

10.11.2023 •
თუ დეპუტატებს მაღალი ხელფასი სჭირდებათ, ჩვენც გვჭირდება – პედაგოგი სქემასა და გამოწვევებზე

„პარლამენტარი უფრო კარგ საქმეს აკეთებს, თუ მასწავლებელი, რომელიც თაობებს გვიზრდის? თუ მათ სჭირდებათ მაღალი ხელფასები, მაშინ ჩვენც გვჭირდება, რადგან გიჟური შრომაა ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ამას სჭირდება სათანადო დაფასება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სკოლა „ევრო 2000“-ის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, თამარ ბაუჟაძე.

მას პედაგოგის პროფესიული განვითარების სქემასა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაზე ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო თამარ, რადგან კარიერული წინსვლის სქემაზე არ წყდება პედაგოგების რეაქცია, გვინდა გკითხოთ, თქვენი აზრით, რა  დადებითი აქვს სქემას და რა – უარყოფითი? 

ჩემი აზრით, ყველა მასწავლებელს სჭირდება რაღაც ტიპის მიმართულების მიცემა, ოღონდ გრძელვადიან სტრატეგიაში უნდა იყოს ეს გაწერილი, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორ შემიძლია მე ჩემი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა. რაღაც მექანიზმი რომ უნდა არსებობდეს, მე ამას ვეთანხმები.

ყველაზე ეფექტურად მაინც ის მიმაჩნია, თუ რას აკეთებს მასწავლებელი საკლასო ოთახში. მაგრამ ამავდროულად, ძალიან რთულია ამის კონტროლი, ხომ?!

გასაგებია, რომ თავის დროზე ჩვენც ვადასტურებთ კომპეტენციას, ვიღებთ უმაღლეს განათლებას, ვაბარებთ საგნის გამოცდას და ვიღებთ სტატუსებს, მაგრამ მასწავლებლის პროფესია მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული და თუ ფიქრობ, რომ მორჩი განათლებას, უკვე დიდ შეცდომას უშვებ.

შესაბამისად, უნდა არსებობდეს რაღაც მექანიზმი, რომელიც გვაჩვენებს, რა გავიარეთ. თუ გაიარე რაღაც ტრენინგი, აქტიური ხარ, პორტფოლიო გაქვს მოწესრიგებული, ეს არის კარგის ნიშანი იმ მხრივ, რომ ხარ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელი, ეს აუცილებელია.

მაგალითად, მე პორტფოლიოს იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ეს სტატუსის მისაღებად მჭირდება, არამედ ეს არის ჩემი შემოქმედებითი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • როცა ამას აქვს ვალდებულების სახე, ეს თრგუნავს ალბათ მასწავლებელს?

იმ დღიდან, რაც სკოლაში ფეხი შევდგი და დავიწყე მუშაობა, პორტფოლიო იყო ჩემი განუყოფელი ნაწილი. როცა ითქვა, სქემის ფარგლებში უნდა გქონდეთ, თუ გსურთ სტატუსის ამაღლებაო, მე ვიყავი გაოგნებული, ეს ხომ ისედაც ყველას აქვს-მეთქი.

რეალურად, აღმოჩნდა, რომ თურმე არ აკეთებდნენ ამას მასწავლებლები. რა არის პორტფოლიო და რა უნდა ყოფილიყო შიგნით, ამაზე მიდიოდა დიდი სჯა-ბაასი.

რასაც აკეთებ, აიღე და ატვირთე თავის დროზე. ის იყო რთული, რომ წლის ბოლოს აკეთებდა ბევრი და ყველაფერი ერთად იყრიდა თავს.

მასწავლებლობა მართლა დაუღალავი შრომაა, ვერავინ მეტყვის, რომ თუ პორტფოლიო არ აქვს მასწავლებელს, ის ცუდი მასწავლებელია. ამას ვერ დავიჯერებ, მაგრამ ვფიქრობ, პორტფოლიო ყველა მასწავლებელს სჭირდება. 15 წლის შემდეგ, რომ მოვიხედავ, რა ვთქვა, რა გავაკეთე-მეთქი?! ეს უნდა მქონეს შენახული, მეხსიერებაც არ გვაქვს ისეთი მაგარი, რომ ყველა დეტალი და ნიუანსი გვახსოვდეს.

სქემას რაც შეეხება, რაღაცებს სკეპტიკურად ვუყურებ, არის რაღაც, რაც მომწონს.

  • რა იწვევს სკეპტიციზმს და რატომ?

სკეპტიციზმს იწვევს, მაგალითად, ის, რომ გრძელვადიანი პერსპექტივა არ აქვს ამ ყველაფერს და მუდმივად არის დამოკიდებულება, რომ აი, შეიცვლება ხელისუფლება, მოახლოვდება არჩევნები და შეიძლება გააუქმოს ეს სქემა.

მინდა, ვენდო სისტემას, მაგრამ ბოლომდე ვერ ვენდობი, რადგან მართლა შეიძლება გაუქმდეს სქემა და უკვე ვხედავთ ტენდენციასაც, დაიწყეს უკვე საუბარი იმაზე, რომ თურმე არ ყოფილა სწორი დანამატების სტატუსებზე მიბმა. მაშინ რაღატომ აწვალებ ამდენს მასწავლებელს, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში სტრატეგია არ გაგაჩნია?

რატომ ცდილობს სახელმწიფო, სისტემატურად ჰქონდეს მასწავლებელს იმედგაცრუების მომენტი – „მაინც არ აქვს აზრი“. რატომ უნდა იწვალოს მასწავლებელმა, თუ მაინც შეიცვლება.

მასწავლებლები გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავთ ჩვენი შრომის შედეგებს და თუ ჩემი განვითარება არ არის სწორად დაგეგმილი და გრძელვადიანი, მაშინ როგორ შეიძლება საერთოდ ვისაუბროთ მოსწავლის გრძელვადიან შედეგებზე, რომელიც უნდა გაყვეს აუცილებლად სკოლიდან.

  • ყველა ხელისუფლება ცდილობს წინასაარჩევნოდ მოიგოს მასწავლებლების გული და არც ეს ხელისუფლება იქნება ალბათ გამონაკლისი. თუ წინასაარჩევნოდ მართლა გააუქმეს სქემა ან დანამატები აღარ იქნება სტატუსზე მიბმული, ეს რას გამოიწვევს?

ასობით მასწავლებელთან მისაუბრია და არ მინახავს მასწავლებელი, რომელსაც სტატუსი აღიარებისთვის სჭირდება. სტატუსი ყველას სჭირდება ხელფასისთვის.

მასწავლებლის ხელფასი საკმაოდ დაბალია. თუ გყავს ოჯახი, გაქვს საბანკო ვალდებულება, გაქვს ბევრი გადასახადი, არაფერში გეყოფა ეს ფული. ისეთი გაძვირებულია ცხოვრება, თუ ასე დარჩა ბაზისური ხელფასი, საერთოდ არ გიღირს სკოლაში დარჩენა.

დანამატი არის ის ხიბლი, რის გამოც მასწავლებელს სურს სტატუსის ამაღლება.

უფროსი ერქმევა, წამყვანი, მენტორი თუ მაძიებელი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი ვალდებულება მაინც არის ის, რომ კლასში იყო კარგი.

  • თუ ბაზისური ხელფასი გახდა, ვთქვათ, 1000 ლარი, იქნება ისეთივე სწრაფვა სტატუსებზე, როგორც დღეს?

არა. თითო-ოროლა თუ აიმაღლებს სტატუსს, ვისაც აქვს ამის ამბიცია.

სახელწოდება მასწავლებლებში არაფერს ცვლის. რადგან  წამყვანი ვარ, მენტორი მასწავლებელი არ დამამცირებს ამის გამო. ამას არავინ გაკადრებს. ყველა შეთანხმებულია იმაზე, რომ სტატუსი არის დანამატისთვის, დანამატი კი – ცოტა უკეთესი კეთილდღეობისთვის. მცირედი შვებაა, რომ ჩემი ეკონომიკური ვალდებულებები რაღაცნაირად უზრუნველვყო, რომ ბავშვები მშიერი არ მყავდეს, რაღაც აუცილებელი შევიძინო და ასე შემდეგ.

  • თუ უფროსი მასწავლებელი ისეთივე გაკვეთილს ატარებს, როგორსაც წამყვანი ან მენტორი, მაშინ რის საფუძველზე ამბობს სამინისტრო, რომ სქემა პროფესიულად ზრდის მასწავლებელს?

გაკვეთილს უნდა ატარებდეს ყველა კარგად. მასწავლებელს ისეთი ვალდებულებები აკისრია, რომელიც თაობებს უკავშირდება, მომავალს და შესაბამისად, თუ შენ ვერ ატარებ გაკვეთილს, არ უნდა გაეკარო ბავშვებს, იმიტომ, რომ რეალურად დააზარალებ თაობებს.

უბრალოდ, არიან მასწავლებლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პედაგოგების დიფერენცირება ამ სტატუსებით არ უნდა ხდებოდეს და ამის გამო არ იმაღლებენ სტატუსს. ვიღაცისთვის ასეთი დაყოფა შეურაცხმყოფელია, ვიღაცისთვის მხოლოდ კომფორტია მნიშვნელოვანი და არც ერთი არ აინტერესებს.

არის ნაწილი, ვინც ნიჰილისტურადაა განწყობილი, ისეთებიც, რომლებიც ვერც გამოცდას აბარებენ და არც პორტფოლიო აქვთ. ბევრი მიზეზია. მაგრამ ამ სქემის ღირსება რომ რეალურად მხოლოდ ხელფასია, ეს ფაქტია.

  • მაშინ გამოდის, რომ სახელმწიფომ ეს მექანიზმი შექმნა არა განვითარებისთვის, არამედ იმიტომ, რომ ერთბაშად არ გაზარდოს ხელფასი და ეს თემა დაიტოვოს მასწავლებლებზე ზემოქმედებისთვის?

ბიუჯეტის გაზრდა ისედაც უწევთ, რადგან თუ შარშან ჰყავდათ ათასი სტატუსამაღლებული პედაგოგი, წელს 2 ათასია, მომავალში კიდევ მეტი ეყოლებათ. ეს პროცესი განგრძობადია.

ცუდი ის არის, რომ ამ პროცესს არ აქვს სტაბილურობა.

  • ერთი მხრივ, შეიძლება თქვას სამინისტრომ, რომ ამ ცვლილებებს იწვევს მასწავლებლების პრეტენზიები, უკმაყოფილება. იქნება ეს სწორი არგუმენტი?

არგუმენტები არასდროს დაილევა. მასწავლებლები არიან ძალიან დიდი ელექტორატი. არიან მასწავლებლები, რომლებიც ფიქრობენ ჩემსავით და სრულიად საპირისპიროდაც. ვიღაცას შესაძლოა მართლა სჯეროდეს, რომ ყველაფერი იდეალურადაა.

  • რომ არ იყოს საერთოდ სქემა, მაშინ რით უნდა განისაზღვროს მასწავლებლის კარგი მუშაობა, რა მიგაჩნიათ პირადად თქვენ ინდიკატორად?

მე პირადად მიმაჩნია, რომ მასწავლებელს, რომელიც კლასში შედის, კვლევის ჩატარებაც უნდა შეეძლოს, მან პორტფოლიოც უნდა აწარმოოს და კარგი გაკვეთილების ჩატარებაც შეძლოს.

საგაკვეთილო პროცესი უნდა იყოს ღია. დირექციას როცა მოუნდება, მაშინ შემოვა და დაგესწრება, განათლების სამინისტროს ან მშობელს უნდა დასწრება? – მოვიდეს ნებისმიერ დროს და დაესწროს. საკლასო სივრცე უნდა იყოს ღია იმისთვის, რომ მიიღო სტუმრები, აჩვენო, რას აკეთებ. ეს ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს და არა იმისთვის, რომ რაღაცაში ჩაგაჭირონ.

პროფესიული განვითარების ყველაზე კარგი პრაქტიკაა, როცა კოლეგები ერთმანეთის გამოცდილებას იზიარებენ. სავალდებულო ტრენინგზე ცხვრის ფარასავით კი არ მივდიოდეთ, ახალს და საჭიროს როცა შემომთავაზებენ, მაშინ უნდა წავიდე და ასე შემდეგ.

  • კომპლექსურ დავალებებზეც მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. ამაზეც გვესმის ბევრი კრიტიკა.

იმას, რაც კომპლექსური დავალებისას გვევალება, ვაკეთებდით ისედაც, უბრალოდ შეიცვალა დავალების აგება.

ასეთ ვნებათაღელვას იწვევს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობა ბევრ სკოლაში, რადგან მოსწავლეს პროდუქტი უნდა შევაქმნევინოთ, ხომ? პოსტერი უნდა გააკეთოს, ვიდეორგოლი, სადღაც ხომ უნდა აჩვენო ეს ყველაფერი. ერთი პროექტორი რომ აქვს სკოლას და ყველა მასწავლებელმა უნდა გაიყოს, აქ ჩნდება პრობლემები.

მეორე საკითხია მასწავლებელთა კომპეტენციაც, რადგან შემოქმედებითი მიდგომა გჭირდება ამ დავალებებისთვის. ყოველთვის სხვისი გაკეთებული რესურსები არ უნდა გამოიყენო და რაღაც ახალიც უნდა შექმნა მასწავლებელმა.

პრობლემაა ისიც, რომ მასწავლებლები დროის სერიოზულ დეფიციტს განვიცდით. რვა საათზე მოვედი სკოლაში, ექვსის ნახევარია და ისევ აქ ვარ. 45 წუთი ზოგჯერ 45 წამია, როდის გადის, ვერ ვხვდებით.

არ შეიძლება მასწავლებელი მთელი კვირა დატვირთო და წაართვა შაბათი-კვირა.

ამდენი შრომის მერე ბრუნდება მასწავლებელი სკოლაში და ხედავს, რომ ცარიელია კლასი, ცარცი და დაფაა მხოლოდ და რა ქნას.

კარგი გამოსავალია, თუ მასწავლებელს შესთავაზებ სტრატეგიული განვითარების გრძელვადიან გეგმას და ეტყვი: „ნუ გეშინია, ხელისუფლების ცვლილების თუ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს არ შეიცვლება“. მაშინ მოგყვება მასწავლებელი. დღეს კი ნდობა არ არის სისტემისადმი.

  • ალბათ იცით, რომ 2024 წლისთვის დეპუტატების ხელფასი 10 ათას ლარამდე იზრდება. მასწავლებლებს კი ჯერჯერობით მხოლოდ დაპირება გაქვთ. როგორ ფიქრობთ, რამდენი უნდა იყოს მასწავლებლის საშუალო ხელფასი დღეს?

პარლამენტარი უფრო კარგ საქმეს აკეთებს რეალურად, თუ მასწავლებელი, რომელიც თაობებს გვიზრდის? თუ მათ სჭირდებათ მაღალი ხელფასები, მაშინ ჩვენც გვჭირდება, რადგან გიჟური შრომაა ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ამას სჭირდება სათანადო დაფასება. დღეს რა ხელფასიც გვაქვს, ეს ნიშნავს მასწავლებლის შრომის დაკნინებას.

ვფიქრობ, სტატუსის გარეშე, სულ მცირე 1500-იდან 2 000-მდე ლარი უნდა იყოს პედაგოგის ხელფასი, იმიტომ, რომ ცხოვრება ისეთი გაძვირებულია, მაღაზიაში რომ შედიხარ და 50 ლარს ტოვებ, მაინც ხელცარიელი გამოდიხარ.

საშუალო ხელფასი კი 3 ათას ლარამდე უნდა იყოს. თუ მასწავლებელი ბოლომდე იხარჯება და კარგად აკეთებს თავის საქმეს, ხელფასიც შესაბამისი უნდა იყოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: