„რომც დაგვხვრიტონ, არ შემოვუშვებთ“ – ახალშენი კარიერზე ქვის მოპოვების წინააღმდეგ

„არაფერი არ გვინდა მათი, არაფერი, ოღონდ აფეთქებები არ იყოს, ოღონდ კარიერის ამოღება შეწყვიტონ“, – ამ უპირობო მოთხოვნას სოფელ ახალშენის მოსახლეობა მთავრობას უყენებს. ამბობენ, რომ არ დათმობენ: „თუნდაც დაგვიჭირონ, დაგვხვრიტონ, ჩაგვცხრილონ, არ დავთმობთ“.

ბათუმთან ახლოს მდებარე სოფელ ახალშენში კარგად იციან, რომ კომპანიები, რომლებსაც დიდი ფული და, შესაბამისად, დიდი ძალაც აქვთ, „იოლად არ დათმობენ მილიონების კეთების შესაძლებლობას“.

„მილიონები უნდა აკეთონ ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე?“ – კითხვას სვამს ახალგაზრდა ქალი, ირმა ბერიძე ახალშენიდან. ის ამბობს, რომ მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის, „მთავრობა ხალხის გვერდში არ არის.“

ირმა სოფელში სატვირთოების გამოჩენაზე, კარიერთან დაკავშირებულ აფეთქებებზე და სოფლის შეცვლილ გარემოზე მშვიდად ვერ საუბრობს.

„არსებობას არ გვარგებენ, არაფერს არ ვითხოვთ მათგან, დაგვანებონ თავი. ვცხოვრობთ მთის პირას, სახლები დაბზარულია, გზები დასკდა. არავინ ყურად არ იღო ჩვენი პრობლემა. გასულ წლებში სპეცრაზმითაც მოვიდნენ ქალების წინააღმდეგ, რომლებიც 60-ტონიან მანქანებს არ ვუშვებდით და ხელს ვუშლიდით.

ხელისუფლება გვერდით არ არის, ვის უნდა მივმართოთ. მართლა უნდა ამოგვწყვიტონ? – ამოგვწყვიტონ და მოისვენონ მაშინ. არ მინდა მათი კომპენსაცია, მინდა იქ ვიცხოვრო, სადაც ვარ. დაინგრა ხულო და ქედა, ბაღდათი დაინგრა, ახალშენშიც კატასტროფა უნდა მოხდეს, ხალხის სიცოცხლის ზურგზე მილიონები უნდა აკეთონ?“ – ამბობს ირმა.

მილიონები უნდა აკეთოთ სიცოცხლის სანაცვლოდ? -ახალშენში კარიერის ამოღების სამუშოებს აპროტესტებენ

ახალშენში „ბრძოლისთვის მზად არიან“, დიდი გზა გვაქვს გავლილი, წლებია იმ კომპანიებს ვებრძვით, რომლებიც ჩვენს ხარჯზე მდიდრდებიანო:

„დაასრულეს მუშაობა, ცოტა ხანს გაჩერდნენ და გვეგონა ამოვისუნთქეთ. ახლა ახლები გამოჩნდნენ. დასასრული არ არის, უნდა დავიმარხოთ?“

ზაურ ბერიძე სახლის მდგრადობის დარღვევის გამო მთავრობას ორი წლის წინ ქირით გაუყვანია. მას კომპენსაციაც მიუღია, მაგრამ არა იმ ოდენობის, რომლითაც ახალი საცხოვრებლის ყიდვას შეძლებდა, ის თავისსავე სახლთან დაგვხვდა:

„ძლიერი აფეთქებებია, სახლები, გზები დაბზარულია. მთავრობამ გამიყვანა ქირით, ასე ორი წელი ვიყავი ნაქირავებში, კომპენსაცია გადამიხადეს, ისეთი თანხა, რომ ვერაფერს ვერ გავხდებოდი და ასე ვართ. ახლა ახალი კომპანიები გამოჩნდნენ, კიდევ აფეთქებებია და დაინგრევა ალბათ ეს სახლები. გორები სულ მოიშლება, რა ვიცი როგორ წავა მაი საქმე და რა იქნება. გამაგრება მოვითხოვეთ, მაგრამ სადაა – ვინმემ ყურადღება მოგვაქცია?“


ზაურ ბერიძე – სოფელ ახალშენში მცხოვრები

  • „ამ მდინარემ გაგიჟება იცის“

სოფელი ახალშენი მდინარე ბარცხანას მიუყვება. კონკრეტული უბანს კი, სადაც კარიერს იღებენ ტაშხანას ეძახიან. აქ გვიყვებიან, რომ პერიოდულად მდინარე დიდება და წყალი კალაპოტიდან გადმოდის.

„მთაა, მთის ძირია, მდინარეა, დატოვებენ მერე უყურადღებოდ. ერთი კაი წვიმა და… მდინარე ისე შემოვიდა, მეზობელმა ცხენით გამიყვანა. ისეთი გაგიჟება იცის ამ მდინარემ, აგენმა ეს არ იციან. ვეუბნებით და არ სჯერათ, ოღონდ მათი საქმე გააკეთონ“, – გვიყვება ალექსანდრე მიქელაძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კარიერთან დაკავშირებული აფეთქებები სახლების რყევებს იწვევს, დაიბზარა კედლები, ფერდობებზე ნაპრალები გაჩნდა, სასაფლაო ჩამოინგრა. აქ შიშობენ, რომ სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში საფრთხე ემუქრებათ.

„ტყუილების ქვეშ ვართ, აღარაფერი აღარ მჯერა“, – გვიყვება პენსიონერი ქალი, რომელმაც თურქეთში, ჩაიში იმუშავა, სახლის გადახურვისა და ახალი ფანჯრების შესაძენად ფული რომ შეეგროვებინა:

„თურქეთში წავედი სამუშაოდ, ვიწვალე, რომ სახლი გადამეხურა და ფანჯრები შემეცვალა. ახლა ეს ყველაფერი აფეთქებების გამო უნდა დამენგრეს თავზე. რა აზრი აქვს, რატომ ვწვალობ? – სოციალურად დაუცველი ვარ, მაგრამ დახმარება მომიხსნეს. თურქეთიდან რომ ჩამოვედი 300 ლარიანი დახმარება უნდა ამეღო, იქაც 200 ლარი ჩამომაჭრეს, სესხი გქონდა აღებულიო. არაფერი არ მინდა ამათი. არაფერს ვითხოვ, ოღონდ ეს აფეთქებები არ იყოს“.


ნანული ბერიძე – სოფელ ახალშენში მცხოვრები

  • „მთავრობას ლაპარაკის უმაღლესი აქვს დამთავრებული, მეტი არაფერი“

ახალშენში მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოები არიან. დეპუტატი გვყავს – კაი გამარჯობა იცის, ხანდახან მოგვიკითხავს, მაგრამ „კარგი გამარჯობით საქმე არ კეთდება“. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მთავრობის გაკეთებული მხოლოდ გზა გვახსენდება, „ისიც იმიტომ, რომ ავჯანყდითო“.

„მთავრობა გამოვიდა – შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, ხომ იცით ლაპარაკის უმაღლესი აქვთ დამთავრებული, მეტი არაფერი. მოუსმენ, დატკბები და კმაყოფილი წამოხვალ, მაგრამ მეორე დღეს იგივე ხდება. ამიტომ არ ვენდობით არავის. გახედეთ ჩვენ სოფელს, სამოთხეა. ეს უნდა დაშალონ, რომ ახალი სამოთხე ააშენონ, რომელიც დიდხანს ვერ გაძლებს, დარწმუნებული ვარ. რატომ გვიშლი ამას, რა გინდა? – 80 წლის ისტორია გვაქვს აქ ცხოვრების. თუ გინდათ მილიონი მომცენ, მაგრამ არ მინდა. იქ მინდა, სადაც ვარ და დამთავრდა. ეს უნდა აქ ყველას, ყველას სახელით ვამბობ. მოგვეშვან, შეგვეშვან.“


ალექსანდრე მიქელაძე- სოფელ ახალშენში მცხოვრები

აქ იციან ისიც, რომ კომპანიებს მათი სოფლიდან კარიერი ბათუმში კუნძულის ასაშენებლად მიაქვთ:

„აქედან რაც გააქვთ არ არის სასარგებლო, ამ ქვას მარილი შლის. პალმა კეთდება თუ ნაძვი, ფუნდამენტი გაუვარდება, დაშლის და ჩავარდება. ხალხი დაიღუპება, მაგიტომ გააჩერეს ის პირველი კარიერი, რომ ზღვა შლიდა ამას. მე ასი წელი არ ჩავალ და იქ არ ვიცხოვრებ, მაგრამ სხვა ხომ იქნება, ჩვენი საშიშროება რა არის? –  რაც ყველგან ხდება იმას ველოდები ჩვენც.“

ადგილობრივები, ისინი, ვინც ღიად საუბრობს და ისინიც, ვისაც ამბის მოყოლა „ჩაწერის გარეშე“ უნდა, დარწმუნებულია, რომ მათ დაშინებას სხვადასხვა გზით შეეცდებიან:

„გამოცდილება გვაქვს და ვიცით. არ შემოვუშვებთ, დაგვიჭერენ, დაგვხვრეტენ, თუ რასაც მოიმოქმედებენ, ბოლო წერტილამდე ვიქნებით და ვნახოთ. თუ მაინცდამაინც ჩაგვცხრილავენ და ისე შემოვლენ… იქნება მუქარა, პოლიციაც იქნება. წინა შემთხვევაში სპეცრაზმი მოგვივარდა. ქალებს ხელი დაარტყეს და მაინც შემოვიდნენ, ყველაფერია მოსალოდნელი.“

ახალშენში შევხვდით ქალს, რომელიც ახალგაზრდობაში, 1989 წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მეწყერს გადაურჩა, მაგრამ დაეღუპა შვილები.

„ორი შვილი დავკარგე, მათი საფლავები ხულოშია. დავბერდი და ისევ იმავეს ვისმენ. აქ ვერ შემოვა კარიერი. ჩვენ წინააღმდეგ ვართ, ინგრევა ყველაფერი“, – ამბობს ლამარა დავითაძე.


ლამარა დავითაძე

ქობულეთში შშმ მოზარდის გაუპატიურების ფაქტზე 1 კაცი დააკავეს – რა გააკეთა სახელმწიფომ მის დასაცავად

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მოზარდი სოფელში ცხოვრობს. ბრალდებული კი სავარაუდოდ, მეზობელი სოფლიდანაა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 137-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

მსხვერპლი მოზარდი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და აქვს სხვა ტიპის პრობლემებიც. მოზარდის ბებია „ბათუმელებთან“ ჯერ კიდევ გასულ წელს ითხოვდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვების და მათი მშობლების მდგომარეობა იმისთვის მაინც შეესწავლა, რომ მათთვის შშმ პირის სტატუსი მიენიჭებინა.

მაშინ ქობულეთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჩართული არიან პროცესში და შესაბამის უწყებებს შუამდგომლობითაც მიმართეს.

„ზუსტად იმიტომაც მივმართეთ შესაბამის უწყებას, რომ ჩვენი აზრით, მშობლებს არ აქვთ ის უნარები, რომ ბავშვებზე სათანადოდ იზრუნონ. თუმცა, სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში იზრდებოდნენ“, – გვითხრეს ქობულეთის მერიაში.

გასული წლის აპრილში, როცა მსხვერპლი მოზარდის ოჯახზე რეპორტაჟს ვამზადებდით, „ბათუმელებმა“ ჰკითხა „შესაბამის უწყებებს“, რა სახით იზრუნებენ ერთ ოჯახში მცხოვრებ რამდენიმე ბავშვზე [მათ შორის ერთ იყო მძიმე ავადმყოფი, რომელიც უკვე გარდაიცვალა – ავტ.], რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, მშობლებთან ერთად, რომლებსაც, როგორც ბავშვებზე მზრუნველი ბებია აცხადებდა, სრულფასოვნად არ შეუძლიათ ბავშვებზე ზრუნვა.

„ბათუმელებმა“ ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს კონკრეტული კითხვებით მიმართა – აპირებდნენ თუ არა შეესწავლათ ოჯახის მდგომარეობა და ის ფაქტი, თუ რამდენად დაცულია ამ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

მაშინ სააგენტომ წერილობით გაგვცა სტანდარტული პასუხი: სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო „უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობს ამ ოჯახთან, ეწევა სათანადო მომსახურებას, მათ შორის დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და სოციალური მუშაობის მიმართულებითაც“.

დღეს უკვე, როცა მოზარდის გაუპატიურებიდან რამდენიმე დღეა გასული, „ბათუმელებმა“ ისევ მიმართა სააგენტოს იმის გასარკვევად, რის შეცვლას აპირებს ამ ოჯახში მცხოვრები ბავშვებისთვის ახლა და მუშაობს თუ არა ძალადობის მსხვერპლ მოზარდთან ფსიქოლოგი.

ბავშვზე ზრუნვის სააგენტო ამჯერად ეს მოგვწერეს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნულ საქმეში და განახორციელა საპროცესო წარმომადგენლობა.

არასრულწლოვანთან და მის ოჯახის წევრებთან მუშაობს სააგენტოს შესაბამისი რეგიონული ცენტრის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. შეფასებით გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე გაგრძელდება სოციალური სამუშაო.

სააგენტოს მხრიდან დაიგეგმება და განხორციელდება ყველა საჭირო ღონისძიება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების დაცვის გათვალისწინებით“.

ბავშვზე ზრუნვის სააგენტოში არც ამჯერად აზუსტებენ, კონკრეტულად რა გააკეთა სააგენტომ ამ ბავშვების ან ოჯახის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხომ არ ექვემდებარებიან ბავშვები მინდობით აღზრდაში გადაყვანას და თუ შეისწავლეს ყველა რისკი, რაც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

კიდევ ერთი დეტალი მსხვერპლი მოზარდის ოჯახის შესახებ: მათ საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ამიტომ მშობლები, რომლებსაც მსხვერპლი მოზარდის გარდა სხვა მცირეწლოვანი შვილებიც ჰყავთ, სახელმწიფოს საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას სთხოვდნენ.

რა ხდება ავდიივკასთან – ბრძოლა გრძელდება

უკრაინაში, ქალაქ ავდიივკაში, 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ნაწილები უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებით ჩაანაცვლეს.

ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური წერს 110-ე მექანიზებული ბრიგადის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსზე, ივან სეკაჩზე დაყრდნობით.

„ჩვენ არ გვაქვს ქალაქის დაცვის საკმარისი შესაძლებლობა, მაგრამ მიმდინარეობს განახლება… 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის არსებობის თითქმის ორი წლის განმავლობაში პირველად, ზოგიერთი ჩვენი დანაყოფი სრულად გამოიყვანეს ბრძოლებიდან დასვენებისა და როტაციისთვის.

მოვიდა შევსება. არ ვიტყვი, ეს რა დანაყოფია, მაგრამ ეს არის ძლიერი მხარდაჭერა, ჩვენ ცოტა უფრო მშვიდად ვიგრძენით თავი“, – განაცხადა მან.

სეკაჩის თქმით, ავდიივკაში ქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიისთვის ბრძოლა გრძელდება და რუსული ძალები მიწოდების ხაზის გაწყვეტას ცდილობენ. სეკაჩმა აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცები ჭარბობენ და ცდილობენ ავდიივკას აღებას რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც მიმდინარე წლის მარტში უნდა ჩატარდეს და ამისთვის იყენებენ ყველა შესაძლო მეთოდს.

„ავიაციაში მათ სრული უპირატესობა აქვთ, ანუ ჩვენ ვერანაირად ვერ მოვახდენთ გავლენას საჰაერო იერიშებზე, ქალაქის დაბომბვასა და ჩვენს პოზიციებზე. მათ ჰყავთ დიდი რაოდენობით პერსონალი, რომელთაც არ ითვლიან. მუდმივად ატარებენ ექსპერიმენტებს სხვადასხვა ჯგუფში, ჯავშანტექნიკის გამოყენებით. მათ აქვთ დავალება და ცდილობენ შეასრულონ, როგორც შეუძლიათ“, – თქვა სეკაჩმა.

რუსეთი 2023 წლის 10 ოქტომბრიდან უწყვეტად უტევს დონეცკიდან 13 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ ავდიივკას. დიდი ბრიტანეთის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ავდიივკის აღებისთვის გადადგმული ნაბიჯები, თავისი მასშტაბით, რუსეთის ყველაზე დიდი შეტევითი ოპერაციაა, სულ მცირე, 2023 წლის იანვრის შემდეგ.

ავდიივკაში, სადაც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე 35 000 ადამიანი ცხოვრობდა, ფაქტობრივად არ გადარჩა არც ერთი დაუზიანებელი შენობა. ქალაქი მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია.

ქართული ჟესტური ენა რუსულის გავლენისგან უნდა გათავისუფლდეს – უკმაყოფილება ყრუთა თემში

„ჩვენ უკითხავად ავრცელებენ მათ გამოგონებულ ანბანს. სკოლებში უკვე თაროებზე უდევთ. ისე შექმნეს, თემის წევრები არ ჩართეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სმენისარქმონე მანანა მხეიძე-შოეფერლე.

ის ამბობს, რომ ჟესტური ენა, რომლითაც დღეს სმენისარმქონე პირები საუბრობენ, სკოლაში შეისწავლეს, თუმცა ბოლო პერიოდში გაჩნდა ამ ენის ცვლილების ტენდენცია, რაც სმენისარმქონე პირებისთვის მიუღებელია.

„ყრუ პირებს აიძულებენ დაივიწყონ ის ჟესტური, რომელიც მათ ბავშვობიდან ისწავლეს და ამ მეთოდით ურთიერთობენ სხვა ადამიანებთან. მათ სურთ ახალმა თაობებმა თავიანთ გამოგონილ ჟესტურ ენაზე იმეტყველონ და შვილიშვილებს აღარ ჰქონდეთ კომუნიკაცია ბებიებთან და ბაბუებთან.

მე ვარ სმენისარმქონე პირი და ჩემი სამეტყველო ენა ჩემი უფლებაა. არ მსურს ვინმემ ჩვენ დაუკითხავად შეცვალოს ის ენა, რომელიც მე მაძლევს საშუალებას, სამყაროში მყოფ ჩემ მსგავს ადამიანებთან ვისაუბრო და ამ მხრივ არ ვიყო გარიყული“, – ამბობს მანანა მხეიძე-შოეფერლე.

მისი თქმით, „ახალი ჟესტური ენის“ შექმნაზე ქართული ჟესტური ენის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, თამარ მახარობლიძე მუშაობს, „თუმცა არ ფლობს ჟესტურ ენას“.

მანანას თქმით, თამარ მახარობლიძეს ნაკლებად აქვს შეხება სმენისარმქონე თემთან, საჭიროა მეტი კომუნიკაცია და შშმ თემის ინტერესების გათვალისწინება.

„მან არ უნდა მისცეს საკუთარ თავს იმის უფლება, დაბეჭდოს ჟესტური ენის ლექსიკონი და ანბანი ყრუთა საზოგადოების გამოკითხვის გარეშე. მით უმეტეს მაშინ, როცა თამარ მახარობლიძე თავად არ ფლობს ჟესტურ ენას“, – ამბობს მანანა მხეიძე.

თამარ მახარობლიძე, ლინგვისტი, ენათმეცნიერი

სმენისარმქონე პირების პრეტენზიებთან დაკავშირებით „ბათუმელები“ თამარ მახარობლიძეს დაუკავშირდა, ის ენათმეცნიერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

მას ვკითხეთ, რატომ აპროტესტებენ სმენისარმქონე პირები მის მიერ გამოცემულ ლექსიკონს და თუ იქმნება რეალურად ახალი ქართული ჟესტური ენა, როგორც ეს სმენისარმქონე პირებს ჰგონიათ?

თამარ მახარობლიძე ამბობს, რომ არანაირი ახალი ქართული ჟესტური არ იქმნება. უბრალოდ, ამ ენის ლინგვისტური კვლევა მიმდინარეობს.

„ჩემი კვლევები საერთაშორისო სივრცეში საკმაოდ კარგად არის მიღებული, როგორც ქართველოლოგიის, ასევე ტიპოლოგიის სფეროშიც და ჟესტურშიც.

სამწუხაროდ, სმენისარმქონე პირებს არ აქვთ შესაბამისი განათლება, რომ შეაფასონ ის პროცესები სწორად, რაც ამ ენის განვითარების მიზნით მიმდინარეობს.

მოხარული ვიქნები, თუ ერთად ვეპატრონებით ამ ენას და თუ ქართული ჟესტური ენის სპეციალისტები იქნებიან ამ თემიდან.

მაგრამ იმისათვის, რომ ისინი გაიზარდონ ლინგვისტებად, სათანადო განათლება უნდა მიიღონ სკოლაშიც და შემდეგ ეტაპზეც, რასაც მე შევუწყობდი ხელს“, – ამბობს თამარ მახარობლიძე.

მისი თქმით, წარმოდგენა არ აქვს სმენისარმქონე პირების პრეტენზიებზე, რადგან ენათმეცნიერული შესწავლა არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს ენის შეცვლას. „ეს არის გამორიცხული და არ ვიცი, საიდან მოიტანეს. არ იცვლება ენა, მას ვსწავლობთ“, – ამბობს თამარ მახარობლიძე.

მას ასევე ვკითხეთ, თუ რამდენად კარგად ფლობს ის ქართულ ჟესტურ ენას.

„რადგან ამდენი წელია ვმუშაობ ჟესტურ ენაზე, გარკვეულ დონეზე ვიცი. მაგრამ როგორც ყველა სერიოზული მეცნიერი, მეც მხოლოდ ჩემს ცოდნას ვერ დავეყრდნობი და ყოველთვის ვმუშაობ ყრუთა თემის წევრებთან. ნებისმიერ საკითხზე.

მე ვარ ასევე ტიპოლოგი და მსოფლიოს ასამდე ენაზე შემიძლია ვიმუშაო, მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს ამ ენების მშობლიური ენის დონის ფლობა და ეს არც არის საჭირო. ამ დროს მე ვეყრდნობი ჩემს წყაროებს. ამ ლექსიკონზე მუშაობის დროსაც ვეყრდნობოდი ყრუთა კავშირის თემის წევრებს.

ზმნის მორფოლოგია გავაკეთეთ, ახლა სახელთა მორფოლოგიას ვაკეთებთ, ათეულობით ნაშრომი მაქვს ამ ენასთან დაკავშირებით, პუბლიკაციები, წიგნებიც. წმინდა მეცნიერულ სამუშაოს ვეწევი. ეს მეცნიერული სამუშაო ენის აღწერას გულისხმობს. ენის შეცვლა ენათმეცნიერს არ შეუძლია. ეს შეუძლებელია“, – ამბობს თამარ მახარობლიძე.

მისი თქმით, ჟესტური ენის ლექსიკონზე მან ყრუთა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავა და ის, რაც იმ ლექსიკონშია, მათზე დაყრდნობით არის გაკეთებული.

„აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ლექსიკონად. უცხოეთის ბევრ ქვეყანაში იყო წარდგენილი, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაზე.

ამ ლექსიკონზე მუშაობა რუსთაველის სამეცნიერო ფონდიდან დაფინანსდა, ძალიან მიზერული ფინანსები გვქონდა, ამიტომ ბევრ ადამიანს ვერ ავიყვანდი პროექტში. თუმცა  ვისთან ერთადაც ვიმუშავე, ყველა პირი ცნობილია და წერია ლექსიკონში.

არსებობს რაღაც შიდა დაპირისპირება, ყრუთა კავშირის ადმინისტრაციასა და თემს შორის, თუმცა მე ამაში არ ვერევი. უბრალოდ, მინდა გაიგონ, რომ ჟესტური ენა კი არ იცვლება, არამედ ხდება ენის აღწერა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამეცნიერო კვლევების გარეშე არაფერს მნიშვნელობა არ ექნება.

მისი თქმით, ქართულ ჟესტურ ენას სრულყოფილად ბევრი თარჯიმანიც ვერ ფლობს, რაც ასევე პრობლემაა.

მას ვკითხეთ, რატომ განსხვავდება ლექსიკონში არსებული ჟესტები იმ ჟესტებისგან, რომლებსაც დღეს სმენისარმქონე პირები იყენებენ პრაქტიკაში?

„დღემდე ყრუები სარგებლობენ რუსული დაქტილებით. ეს იგივეა, რომ ქართული სიტყვები ვწეროთ რუსული ასოებით.

საჭიროა სწორად მივაწოდოთ და ავუხსნათ, რომ ეროვნული ღირსების საკითხია ქართული დაქტილის გამოყენება და არა რუსულის, რაც თავსმოხვეული იყო საბჭოთა რეჟიმის დროს.

ისეთი ერებიც კი, ვისაც საკუთარი ანბანი არ გააჩნიათ, ცდილობენ ნაციონალური დაქტილური ანბანის შექმნას და ჩვენ, ასეთი არაჩვეულებრივი ანბანის მქონე ერმა, რატომ უნდა ვისარგებლოთ რუსული დაქტილებით, ვიღაცის გაუგებარი ახირებების გამო?

მე მზად ვარ ნებისმიერი აკადემიური პოლემიკისთვის, თუკი ეს ხელს შეუწყობს ამ ანბანის დახვეწას“, – ამბობს თამარ მახარობლიძე.

სმენისარმქონე პირების თქმით, განსხვავებული ჟესტები მათ კომუნიკაციის პრობლემას უქმნის.

„მე თვითონ ვარ რუსულის გავლენის პრინციპული მოწინააღმდეგე და, სხვათა შორის, ქართული დაქტილი შევქმენი თავის დროზე, რომელიც ყველამ მოიწონა უცხოეთში. გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალებშიც სტატიები, მაგრამ სკოლებში დღემდე არ არის ეს შეტანილი.

ქართული დაქტილი ეყრდნობა ქართულ ანბანს და გამოვიდა ძალიან კარგი. ქართულ ანბანს კი ჩემი დაცვა არ სჭირდება. სკოლებშიც კი, დღემდე რუსული დაქტილით ისწავლება ჟესტური ენა.

ეს არის რუსულის გავლენა და ამ გავლენის მოსაცილებლად ვმუშაობთ. ეს წინადადებაც წამოსულია თემიდან  და მათთან ერთად ვმუშაობ.

ის პრეტენზიები, რომ ახალი ენა იქმნება, ასე არ არის. არ ვიცი, რას გულისხმობენ. ლექსიკონი არის 4 ათასი ერთეული სიტყვა და ენაში მილიონობით სიტყვაა, ყველა ხომ ვერ მოხვდებოდა აქ.

მე აღვწერდი ჟესტს, რომელიც უკვე არსებობს, რასაც ყრუთა კავშირი, თემის წევრები მიდასტურებდნენ. მაგრამ ეს არ არის ახალი ჟესტი, ეს არის თემში არსებული ჟესტები.

მე არ მომეცა ჯერჯერობით შესაძლებლობა, რომ შემესწავლა დიალექტური ფორმები, რადგან შესაძლოა თბილისში არის ერთი ჟესტი და ბათუმში იყოს განსხვავებული. ან სხვა რეგიონში იყოს განსხვავებული. მე მყავს ერთი დოქტორანტი და იცავს დისერტაციას ჟესტურ ენაზე გრამატიკაში, მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დიალექტური ფორმების შესწავლაზეც ვიმუშაოთ.

უცხოეთში, მაგალითად, ძალიან დიდი ჯგუფები მუშაობენ ამ ენებზე. მე ჯერჯერობით არ მომეცა საშუალება, რომ დიალექტიკურად შემესწავლა ქართული ჟესტური ენა“, – ამბობს თამარ მახარობლიძე.

მისი თქმით, მის მიერ გამოცემულ ლექსიკონში, რომელიც 2015 წელს გამოიცა, არსებული ჟესტები პასპორტიზებული არ არის. „ამ მეცნიერულ დეტალებზე თემის ყველა წევრს ვერ ვესაუბრები. თუმცა მე ღია ვარ ყველანაირი მსჯელობისთვის. თუ ყველა აკადემიურ პროცესს ხელი შეუშალეს, მაშინ ჩემს სტუდენტებსაც გაუქრებათ ამ თემაზე მუშაობის სურვილი.

თუ არ ვიმუშავეთ მეცნიერულად, არავინ არ აღიარებს ქართული ჟესტური ენის სტანდარტს. ამისთვის კი მეცნიერული კვლევებია საჭირო.

წესით, ჩვენს სამეცნიერო კვლევებს მასწავლებლები უნდა ეცნობოდნენ და ითვალისწინებდნენ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ეს პასუხისმგებლობა ჩემი ვერ იქნება, რადგან მე ვარ მეცნიერ-მკვლევარი, ამ სიახლეების ინტეგრაცია სკოლაში კი, განათლების ექსპერტებმა უნდა გააკეთონ.

სკოლაში რას და როგორ ასწავლიან, ეს კიდევ ცალკე კვლევის თემაა. სამეცნიერო პროცესი მათი ენისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. არასამეცნიერო ჩარევებმა კი შეიძლება პირიქით, დააზიანოს ენა“, – ამბობს მახარობლიძე.

სულხან კახაძე

ამ საკითხზე ვესაუბრეთ სულხან კახაძესაც, რომელიც სმენადაქვეითებულია და ასევე შშმ პირთა უფლებადამცველი. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ამ ყველაფერში არის ის, რომ მიმდინარე პროცესებში თემის წევრები არასდროს არ არიან სათანადოდ ჩართულნი და ყველა სიახლის მიღმა რჩებიან.

„როდესაც გეგმავდნენ ამ ლექსიკონის შექმნას, ეს წინასწარ უნდა გვცოდნოდა ჩვენც. რეგიონებისთვისაც უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია. ერთიანი გადაწყვეტილებით უნდა ყოფილიყო ეს გაკეთებული. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. როცა ლექსიკონი გამოიცა, მერე გავიგეთ, რომ ახალი ჟესტური ენა დაფუძნდა“, – ამბობს სულხან კახაძე.

ნახეთ ეს ლექსიკონი, რა არ მოგწონთ, რომელი ჟესტია მიუღებელი თქვენთვის კონკრეტულად? – ვკითხეთ მას. მისი თქმით, ლექსიკონი კი არ ამარტივებს ჟესტურ ენას, არამედ ართულებს.

„რუსული და ქართული ჟესტური ენები თითქმის იდენტურია. მათ კი უნდათ, რომ მხოლოდ ქართული იყოს, მაგრამ დღეს ჩვენი თემი ამ ენაზე ვსაუბრობთ, ამ ჟესტებს ვფლობთ და თუ ეს ჟესტები შეიცვლება, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ახალ თაობასთან კომუნიკაცია გაგვირთულდება.

შესწორება შეიძლება, დამატებაც, მაგრამ ჟესტების მთლიანად შეცვლის წინააღმდეგი ვართ.

მე არ ვამბობ, რომ რუსული ჟესტები გვინდა, მაგრამ სიახლე უნდა შეთანხმებულიყო ჩვენთან და არც ასე ძირეულად ყოფილიყო შეცვლილი.

არც ჩვენ ვუშლით ხელს ენის განვითარებას, მაგრამ ბევრი სიტყვაა შეცვლილი და ეს პრობლემაა“, – გვეუბნება ის.

სმენისარმქონე პირები მაგალითისთვის გვაჩვენებენ ორ ფოტოს, სადაც ასო-ბგერა „ვ“ სხვადასხვა ჟესტითაა აღნიშნული. მათი თქმით, სწორედ ეს უქმნით მათ პრობლემას.

სულხანის აზრით, ქართულ ჟესტურ ენას უნდა დამატებოდა ის სიტყვები, რომელთა შესატყვისი ჟესტიც არ აქვთ ქართულად და რუსულს იყენებენ.

„ამ ყველაფერზე უნდა გვემსჯელა ერთად, მაგრამ ყრუთა კავშირში რამდენიმე კაცი იღებს გადაწყვეტილებას და დანარჩენი წევრები არანაირ პროცესებში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ“, – ამბობს სულხან კახაძე.

მისი თქმით, დღეს, სმენადაქვეითებული პირები საუბრობენ იმ ჟესტური ენით, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში იყენებდნენ და ახლაც ამ ენას ასწავლიან სპეციალურ სკოლებში.

„ერთი ჟესტიც კი არავინ იცის იმ ლექსიკონიდან, რომელიც მახარობლიძემ შეადგინა“, – ამბობს ის.

მაშინ მას ვკითხეთ, თუ თემიც იმავე ჟესტებით საუბრობს და სკოლაშიც იმავეს ასწავლიან, მახარობლიძის ლექსიკონმა რატომ გამოიწვია ეს მღელვარება, თან ამდენი ხნის დაგვიანებით?

სულხან კახაძე ამბობს, რომ თემის წევრების მღელვარების მიზეზი ის პროცესებია, რომლებიც მათ უკავშირდება და მათი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

„ჩვენ გვინდა, რომ განვითარდეს ქართული ჟესტური ენა და სწავლების დონეც გაიზარდოს, რადგან მოდის თაობა, რომლებიც ჩვენზე ცუდად ფლობენ ენას. არაფერი იციან. ხელს არავინ უწყობს.

არ გვაქვს წვდომა არანაირ სიახლეებზე, მე, პირადად, ოჯახში ვერ ვიღებ ინფორმაციას და სამსახური მეხმარება ამაში. თავად ვცდილობ განვითარებას, ჩემი ძალებით.

კავშირიც არ ზრუნავს ჩვენ ინფორმირებაზე. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ გვინდა ამ ცვლილებების პრაქტიკაში დამკვიდრება. გაგვიჭირდება ახალი ჟესტების მიღება და ამ აზრზე არიან თემის სხვა წევრებიც. მომხრე ვართ დამატებების შეტანის, მაგრამ არა ყველა ჟესტის შეცვლის“, – გვეუბნება ის.

მაია მეტონიძე

„ბათუმელებმა“ საქართველოს ყრუთა კავშირის ხელმძღვანელს, მაია მეტონიძეს ჰკითხა, რამდენად არიან სმენადაქვეითებული პირები ჩართული ქართული ჟესტური ენის განვითარების პროცესში და იზიარებს თუ არა ის მათ პრეტენზიებს, თუნდაც ლექსიკონთან დაკავშირებით.

მეტონიძე ამბობს, რომ ქართულ ჟესტურ ენაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო, რადგან ჟესტური ენა საერთოდ აკრძალული იყო სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში და ამან უკან დახია საზოგადოების წინსვლა.

დღეს უკვე ქართული ჟესტური ენის სტანდარტი დაწერილია, თუმცა განხილვაშია და ჯერ დამტკიცებული არ არის.

მისი თქმით, სტანდარტი ნიშნავს, თუ რა კონფიგურაციით და სტრუქტურით უნდა შევიდეს სასწავლო პროცესში ჟესტური ენა და როგორ განვითარდეს ის.

„მთავარი ამბავი ის არის, რომ არსებული ჟესტური ენა, რომლის საშუალებითაც საუბრობდნენ ყრუ პირები, არის რუსულის შესატყვისი. საქართველოში არ არსებობდა არც ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება ჟესტური ენის, საბჭოთა კავშირის დროს ეს ცენტრები იყო მოსკოვში და იქ ხდებოდა თარჯიმნების კვალიფიკაციის ამაღლება. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ყველგან ინერგებოდა რუსული ჟესტური ენა.

საერთაშორისო ყრუთა საზოგადოების პროგრესული ნაწილი შეთანხმდა, რომ ქვეყნებმა განავითარონ თავიანთი ნაციონალური ჟესტური ენა. აქედან გამომდინარე დაიწყო ეს პროცესი საქართველოშიც და ცხადია, ამ პროცესში მონაწილეობენ ლინგვისტები“, – ამბობს მეტონიძე.

მისი თქმით, ყრუთა თემი ყველა მიმდინარე ცვლილების შესახებ ინფორმირებულია, „თუმცა ვინც არ ინტერესდება სიახლეებით, ეს მათი პრობლემაა“, – ამბობს ის.

„ქართული ენა უნდა განვითარდეს, ძველი ქართულით ხომ აღარ ვსაუბრობთ დღეს არა? ასევე უნდა განვითარდეს ჟესტური ენაც. პროფესიულ სასწავლებლებში სპეციფიკური ჟესტები შეიქმნა და არ ყოფილა არც ერთი ჟესტი, რომელსაც არ ეთანხმებოდა ყრუთა თემი.

საბჭოთა ჟესტური ენისგან ნელ-ნელა უნდა გათავისუფლდეს ქართული ენა. როგორ შეიძლება მაგალითად, „ზუგდიდი“ რუსული დაქტილით იწერებოდეს და არა ქართულით?

ან „ხ“ ასო, რომელიც რუსულში არ არის, არ უნდა შევცვალოთ, არ დავაფუძნოთ ქართულზე? ამის წინააღმდეგობა არის პროგრესის წინააღმდეგობა.

თუ ეს არ განვავითარეთ, ვერ მიიღებენ სათანადო განათლებას სმენისარმქონე პირები, მაგალითად, უმაღლესში, რადგან უნდა მოხდეს ენის სტანდარტიზაცია“, – გვითხრა მან.

მაია მეტონიძეს ვკითხეთ, თუკი ამ სიახლეების შესახებ არ იქნება ყრუთა თემი ინფორმირებული და ვერ დაფუძნდება ქართული ჟესტური ენა თემში, მაშინ ვისთვის ვითარდება ეს ენა?

მისი თქმით, არსებობს აკადემიური ჟესტი და ეს ყველამ უნდა იცოდეს.

„უნდა დაეწიონ პროცესს, უნდა შეისწავლონ სიახლეები, ნახონ ჩვენი პრეზენტაციები, მაგრამ თუ არ უნდა ადამიანს, ვერ გაიგებს.

თარგმანები უნდა ასევე კვალიფიციური, უნდა იცოდნენ ყველა ჟესტი, რომლებიც მოძრაობს თემში და ამის ხელმისაწვდომობა არის, რადგან არსებობს ჟესტური ენის ბანკი, არის უამრავი რესურსი“, – ამბობს მაია მეტონიძე.

მისი თქმით, ამ პროცესში უდიდესი შრომაა ჩადებული და ეს ყველაფერი ქართული ჟესტური ენის განვითარებისკენ არის მიმართული.

რა ქუჩებზე გაითიშება გაზი ბათუმსა და ქობულეთში 14 თებერვალს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 14 თებერვალს ბათუმსა და ქობულეთში რამდენიმე ქუჩაზე გაზი გაითიშება.

კერძოდ, ბათუმში გაზი გაითიშება:

  • ზურაბ გორგილაძის 95 ნომერში, 12-დან 17 საათამდე;
  • ზაქარია ფალიაშვილის N4-8-ში, 10 საათიდან 18 საათამდე;
  • სოხუმის ქუჩის 5-21 ნომერში 10 საათიდან 18 საათამდე;
  • დიდაჭარის 39 ნომერში, 12-დან 17 საათამდე;

ქობულეთში გაზი გაითიშება:

  • რუსთაველის ქუჩის 26 ნომრის მიმდებარედ, 13-დან 15 საათამდე;
  • ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე გაზი შეუწყდება 59 აბონენტს, 15-დან 16 საათამდე.

ასევე, გაზი სოფელ ჩელტაში 93 აბონენტს შეუწყდება 15-დან 16 საათამდე.

გაზის გათიშვის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

 

22 ოჯახი სოფელ გელაძეებში 8 დღეა ჩამოშლილ მთებს შორის ცხოვრობს – გზა ჩაკეტილია

„თუ ისევ გაწვიმდა, წაგვიღებს“ – გვიყვება მანანა სოფელ გელაძეებიდან. ახლა აქ ყველაზე მეტად წვიმის ეშინიათ.

უკვე რვა დღე და ღამე სოფელ გელაძეებში მოსახლეობა ჩამოშლილ მთებს შორის ცხოვრობს. აღამებენ და ათენებენ შიშით, რომ მეწყრული ზონები ისევ არ გააქტიურდეს. „გამომწყვდეულებს“ შორის, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, არიან ასაკოვნები და მცირეწლოვანი ბავშვებიც.

ადგილობრივებს „ბათუმელები“ ტელეფონით ესაუბრა. მათი თქმით, სოფელში ახლა მხოლოდ ფეხით, ბილიკებით შეიძლება გადაადგილება, თუმცა ეს ბილიკებიც საშიშია. საჭიროების შემთხვევაში ამ ბილიკებით რთული იქნება ხანდაზმული ადამიანების, ასევე მცირეწლოვნების გაყვანა.

ერთ-ერთ ოჯახში გვითხრეს, რომ მცირეწლოვან ბავშვს ექიმის დახმარება დასჭირდა. „სიცხე ჰქონდა მაღალი, წამლებმა არ უშველა, გადასხმა დასჭირდა. ორი კილომეტრი ზურგით ატარეს და გადასხმა გაუკეთეს. ახლა უკეთ არის, სოფელში ექიმი არ არის“, – გვიყვება მადონა.

„პურის ფქვილი გამითავდა, მეუღლემ ზურგით ამოიტანა“, – გვიყვება ქეთი.

მოსახლეობასთან გასაუბრების დროს ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე თავად დაგვიკავშირდა და  გვითხრა, რომ ის ახლა გელაძეებშია, იცის, რომ ამ სოფელთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები და თანამშრომელთან გადაგვამისამართა.

„მოსახლეობას ველაპარაკები და ვერ გპასუხობთ, დაურეკეთ ნურის“.

ნური გორგაძე ხულოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსია. მისი ინფორმაციით, დღეს გელაძეებში ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე და მერიის წარმომადგენლები საფეხმავლო ბილიკებით შევიდნენ. მერი მოსახლეობას შეხვდა და მათი პირველადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა.

მიუხედავად იმისა, რომ ეშინიათ, აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლებს ვერ დატოვებენ, რადგან თითოეულ ოჯახს 10-15 ან მეტი ძროხა ჰყავს.

„წასვლა როგორ წარმოგიდგენიათ, გადაიკიდებ ჩანთას და წახვალ? – სად უნდა წავიდეთ, ცხრა სული ვართ ოჯახში, ბავშვები გვყავს. საქონელი მყავს, სულიერია ისიც. ხომ ვერ დავტოვებ.“

სოფელ გელაძეებში სამანქანო გზის გახსნას არც ელოდებიან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ ამ სოფელთან მისასვლელ გზაზე ტექნიკის მიყვანას გეოლოგები ეწინააღმდეგებიან: „საშიშია, შეიძლება უარესი შედეგები გამიწვიოს.“

„დღესაც შევხვდით მოსახლეობას, ვართ ყოველდღიურ კომუნიკაციაში. ბუნებრივია, მათი პირველი საჭიროება არის გზის გახსნა, მაგრამ დავინტერესდით სხვა რაიმე საჭიროება ხომ არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე განსაკუთრებული საჭიროება არ აქვთ, რაც შეეხება გზას, ვმუშაობთ რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტზე, სწორედ მაგას ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა და ალბათ ახლო ხანში რაღაცაზე შევჯერდებით.

მთავარი არის ის, რომ მოსახლეობა კარგად არის და გადაუდებელი საჭიროება არ აქვთ ამ ეტაპზე, დღეს მერმა პირადად ჰკითხა, ავადმყოფი ან ვინმე ხომ არ გყავთო. თუ იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ აღმოვუჩინოთ დახმარება. საფეხმავლო გზა არსებობს და ჩვეულებრივად შეიძლება გადაადგილება, 2 კილომეტრი დღეს ფეხით გავიარეთ და მივედით სოფელში“.

ნური გორგაძის ინფორმაციით, ის ადგილი, სადაც 22 ოჯახი ცხოვრობს, არ არის საშიში.

„სოფელში მისასვლელი გზა დაიმეწყრა. საშიში რომ იყოს ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ, ბუნებრივია, ჩვენ გავიყვანდით მათ და ასე არ დავტოვებდით. ამ ეტაპზე არ დგას საკითხი ისე, რომ იქ მცხოვრები რომელიმე ოჯახი არის საფრთხის ქვეშ. ის კონკრეტული ოჯახები, რომლებიც ახლა ადგილზე რჩებიან, საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე არ არიან.

სოფლის შესასვლელთან ერთ კილომეტრში ჩამოიშალა კლდოვანი მასა და ჩაკეტა გზა, მეწყერი არის სოფელთან მისვლამდე. გეოლოგები ახლაც ჩვენთან არიან, როგორც აჭარის გეოლოგიური სამსახური, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. მათ უკვე მოიარეს ათობით სოფელი და სადაც მიგვითითებენ, რომ კონკრეტული ოჯახი არის საფრთხის შემცველ ზონაში, ჩვენ ვახდენთ რეაგირებას და გაგვყავს“, – ამბობს ნური.

ვრცელ რეპორტაჟს სოფლიდან „ბათუმელები“ მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

„დაუყოვნებლად შეფასდეს მეწყრის საფრთხეები“ – ენმ-ის ბრიფინგი ბათუმში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში მიმდინარე სტიქიას, მეწყრულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა საფრთხეების დაუყოვნებლად შეფასება მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად.

ენმ-მ დღეს, 13 თებერვალს, ბათუმში ბრიფინგი გამართა ამ თემაზე და განცხადებაც გაავრცელა.

„სხალთაში მთის ფერდობის ჩამოშლის შედეგად დაგუბებულია მდინარე და შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს სწრაფი დაცლა, რაც გამოიწვევს ნგრევასა და ეროზიებს;

სოფელ გელაძეებში ჩამოშლილია მთა, რის გამოც სამ სოფელში: გელაძეებში, პაქსაძეებსა და კორტოხში, მცხოვრებთა ნაწილი ჩარჩენილია და ვერ გამოდიან სტიქიის ზონიდან;

საფრთხის შემცველია ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“ და აღნიშნავს, რომ სტიქიის პარალელურად სტიქიის ზონებში მოსახლეობის ნაწილი აგრძელებს ცხოვრებას და გადაადგილდებიან თავისუფლად, რაც საფრთხის შემცველია.

ენმ-ი აღნიშნავს, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის არ არის საკმარისი ტექნიკა და მთავრობას მიმართავს დაუყოვნებლივ რეაგირებისთვის:

„მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რადგან მოსალოდნელი ნალექისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით შესაძლოა მეწყრული პროცესები უფრო გააქტიურდეს, რაც საფრთხეს უქმნის ხულოს, შუახევისა და ქედის მოსახლეობას.

დაუყოვნებლივ, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და ექსპერტებთან ერთად, სწრაფად მოხდეს საფრთხეების შეფასება, გასაჯაროვდეს ყველა დასკვნა და რეკომენდაცია, შემუშავდეს კრიზისის მართვის გეგმა.

უსახლკაროდ დარჩენილ ათობით ოჯახისათვის გამოიყოს დროებითი საცხოვრისი და თანხები მათთვის საცხოვრებელი სახლების შესაძენად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ბიუჯეტით გათვალისწინებული კომპენსაციის თანხა არასაკმარისია საცხოვრებელი ბინის შესაძენად და მოვითხოვთ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაემატოს დაფინანსება;

მობილიზებული იქნას ტექნიკა, დროულად მოხდეს გზების გაწმენდა და ინფრასტრუქტურის აღდგენა“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

  • რა ხდება

6 თებერვალს აჭარაში განვითარებულ სტიქიას – ძლიერ წვიმასა და თოვას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დამეწყრილია სოფლები. მაღალმთიან აჭარაში მეწყერი ჩამოწვა, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალურ საავტომობილო გზებზე.

მეწყრული პროცესები აჭარაში დღესაც გრძელდება. აჭარის მთავრობის ცნობით, სახიფათო ზონიდან 200-ზე მეტი ოჯახია გაყვანილი.

______________

ფოტოზე: მეწყერი გზაზე

ავტოანქანის მავნე გამონაბოლქვი – ბათუმში 646 მძღოლი დააჯარიმეს

2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 4 თებერვლის ჩათვლით საქართველოში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3533 პირი დააჯარიმეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ახორციელებს.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1614 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 769 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 646 – ბათუმში, 504 კი – ქალაქ რუსთავში.

3533 საჯარიმო ქვითრიდან 3030 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 503 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი.

იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

კანონი საქართველოში 2023 წლის 4 სექტემბრიდან ამოქმედდა.

სანამდე შენარჩუნდება თბილი ამინდი ბათუმში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 თებერვლის 21 საათიდან 14 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 15 თებერვალს, დღისით გაავდრდება და 16-17 თებერვალს აჭარის ბარში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი თოვა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 397 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090]
  • ტანკი – 6 424 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 12 004 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 9 481 ერთეული [+1]
  • MLRS – 981 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 667 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 332 ერთეული [+30]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 882 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 623 ერთეული [+24]
  • სპეცტექნიკა – 1 518 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 570 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 12 292 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 464 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 994 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 219 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 021 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 574 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ექთნების 50%-ზე მეტი 50 წელს გადაცილებული ან საპენსიო ასაკისაა – საქართველო

საქართველოში ექთნების 50%-ზე მეტი 50 წელს გადაცილებული ან საპენსიო ასაკისაა.

„საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული ექთნების 37.5 პროცენტი 50 წელს გადაცილებულია, რაც ნიშნავს, რომ ისინი საპენსიო ასაკს უახლოვდებიან და მოხდება მათი სამუშაო ძალის ბაზრიდან გადინება; 2021 წლის მონაცემებით, ექთნების აქტიური 15.2 პროცენტი საპენსიო ასაკისაა, ხოლო ამავე პერიოდში [ამ პროფესიაში] ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი 2.6 პროცენტია“, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის უახლეს ანგარიშში წერია.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ექთნების მწვავე დეფიციტი დიდი ხანია მზარდი პრობლემაა. ჯანდაცვის, ზრუნვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის“ გენერალური მდივანი, რევაზ კარანაძე ამბობს, რომ 1990 წლის მერე ექთნების რაოდენობა საქართველოში 3.6-ჯერ შემცირდა: „ეს არის კატასტროფა. ანუ რეალურად 3.6-ჯერ უფრო ნაკლები კადრია, ვიდრე იყო. ამ კადრების რაოდენობა მუდმივად, გეომეტრიული პროგრესიით მცირდება“.

აუდიტი: საქართველოს 2021 წლის სტატისტიკური ცნობარის მიხედვით, ქვეყანას 100,000 მოსახლეზე 606 ექიმი და 595 პროფესიულად აქტიური ექთანი ჰყავს. ევროკავშირის ქვეყნებში ერთ ექიმზე, საშუალოდ, 2-3 ექთანი მოდის; საქართველოში – ერთ ექიმზე ერთი ექთანიც კი არა.

რევაზ კარანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეწლიანი ბრძოლის შედეგად საქართველოში მედპერსონალისთვის მინიმალური ხელფასი დაწესდა, მედპერსონალის ანაზღაურება კვლავ  მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება:

„ექთნის პროფესია პრესტიჟული იმიტომ არ არის, რომ ყველა ხედავს – პერსპექტივა არ არის; ტაში და სიგელების გადაცემა არ არის მათი შრომის ადეკვატური დაფასება. პირველ რიგში გამოწვევად რჩება ხელფასი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროფკავშირის იძულებით მოხდა ექთნებისა და შემდგომ სანიტრებისთვისაც მინიმალური ხელფასის დანერგვა [არავის ეგონოს, რომ ეს იყო ვინმეს კეთილი ნება].

ეს კვლავ პრობლემაა და მიდის მასიური გადინება კადრების, არაფერი არ აჩერებს ამას. 650 ლარია მინიმალური ხელფასი და ამასაც არ გასცემენ სათანადოდ [მაგალითად, თავიდან ექთნები გადაჰყავდათ თანაშემწის პოზიციაზე, ახლა თანაშემწეზეც არის განსაზღვრული სტანდარტი]; შრომის ინსპექცია ვერ აუდის, იმდენი დარღვევაა, ან სურვილი არ აქვს, რომ აუდიოდეს წესიერად.

რევაზ კარანაძის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა ისეთი სახელმწიფო სტანდარტების არარსებობა, რომელიც მაგალითად, არეგულირებს ერთ ექთანზე პაციენტების რაოდენობის თანაფარდობას.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა რეგულაცია, რომელიც ჯერაც არ გაუკეთებია სახელმწიფოს და რაზედაც კვლავ ჭიდაობენ. ჩვენ ყველას გვიყვარს ევროპა, ევროპაზე საუბარი, თუმცა სოციალურ-ეკონომიკური კუთხით რატომღაც – არა. არსებობს ევროპული სტანდარტი, რომლის მიხედვით საშუალოდ 4-5 პაციენტი უნდა იყოს ერთ ექთანზე, მაგრამ ქუთაისის კლინიკაში კარდიოლოგიურ განყოფილებაში 14 პაციენტზე ერთი ექთანი მოდის.

თანაფარდობის სტანდარტის არარსებობა რჩება უდიდეს პრობლემად. ხშირ შემთხვევაში თუ  უმატებენ ხელფასს, დამატებით სამუშაოს, დამატებით პაციენტებს უსაზღვრავენ ექთანს, იმიტომ, რომ არ არსებობს ზღვარი“, – ამბობს რეზო. – „ხელფასის გაზრდა თანაფარდობის სტანდარტის გარეშე არ არსებობს. თუ ხელფასს მიზრდი და მიათმაგებ სამუშაოს იმის ნაცვლად, რომ ხელფასი გამიზარდო იმაში, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ეს არ არის ხელფასის რეალური ზრდა“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნაჩვენებია ქვეყანაში ექთნებისა და ექიმების გეოგრაფიული დისბალანსი, სადაც ჩანს, რომ ექთნების უმეტესობა დასაქმებულია დედაქალაქში.

„100,000 მოსახლეზე თბილისს 828 ექთანი ემსახურება, ეს რიცხვი თითქმის სამჯერ ნაკლებია გურიაში; დაახლოებით, ორჯერ ნაკლებია – ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა – მთიანეთში“.

რატომ არ არის ექთნის პროფესია მაღალანაზღაურებადი, როცა ქვეყანაში პერსონალის დეფიციტია? დღეს საქართველოში ჯანდაცვა არის ბიზნესად გადაქცეული; ბიზნესი, რაც არ უნდა სოციალურ პასუხისმგებლობას გრძნობდეს, ის ორიენტირებულია მოგებაზე. როცა ბიზნესი ხარ და სისტემა გაძლევს საშუალებას მაქსიმალური მოგება ამოიღო, შენ ამას გააკეთებ – შემოსავალი იზრდება, სანამ არ შეიქმნება კატასტროფული ჯანდაცვის კრიზისი. ეს კრიზისი კი იმას არ შეეხება, ვინც ჯანდაცვის ბიზნესებს ფლობს. არ დაგვავიწყდეს, რომ ჰოსპიტალური ბაზრის 96% კერძოა საქართველოში. თუ სტანდარტები არ შეიქმნება, ეს პრობლემა არ მოგვარდება“, – ამბობს რევაზ კარანაძე.

რეზო კარანაძე

კაცი პარტნიორ ქალს ინტიმური კადრების გავრცელებით ემუქრებოდა – საგამოძიებო

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებული კაცი 45 წლისაა.

გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო.

ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა.

გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულ ქალს ღამით საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ბავშვებისა და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს  შესვლას ცდილობდა,“ – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ ბრალდებულის მობილურ ტელეფონში გამომძიებლებმა ინტიმური შინაარსის ვიდეომასალა ნახეს.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ავტობუსის მძღოლი ქართველი ქალი პოზნანიდან

„ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული დღე იყო, როცა თბილისში დავჯექი ავტობუსზე. მეორე რთული დღე იყო, როცა ტრაილერზე დავჯექი და მარტომ ვატარე – მეგონა ტვირთი კბილებით მეჭირა.

მესამე რთული დღე იყო დღეს, 11 თებერვალს. სამი სხვადასხვა ხაზით უნდა გადამეყვანა ხალხი პოზნანში, მანამდე ჩემთვის უცნობ ქალაქში. მგზავრთა გადაყვანა რთულია და როცა პირველად აკეთებ ამას, თან ქუჩებიც არ იცი, დიდი განაცხადია. მაგრამ ძალიან კარგად გავართვი თავი,“ – უყვება „ბათუმელებს“ ეკა სირაძე, ავტობუსის მძღოლი ქალი.

ეკა ახლა პოლონეთში, პოზნანში ცხოვრობს. ლეგალურად დასაქმებამდე და ავტობუსის მძღოლად გახდომამდე დიდი გზა გამოიარა, გამოცდები ჩააბარა,  უამრავი დაბრკოლება გადალახა, თუმცა მიზნის მიღწევისკენ დაუოკებელმა სვლამ და თავდადებულმა შრომამ  ყველაფერი შეაძლებინა.

ეკას თქმით, 38 წლის ასაკში გადაწყვიტა ცხოვრებაში რაღაცები შეეცვალა და ავტობუსის მძღოლი გამხდარიყო. ყველა საჭირო საბუთი მოაგროვა და სატრანსპორტო კომპანიაში მივიდა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ჰქონდა „25 ქალი მძღოლის პროექტი“, რომელიც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა დააფინანსა. მივიღე მონაწილეობა ამ პროექტში და გავხდი ერთ-ერთი ქალი მძღოლი,“ – იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას ეკა სირაძე.

სანამ ავტობუსის მძღოლი გახდებოდა საკუთარი მაღაზია ჰქონდა – ველოსიპედებს ჰყიდდა.

„ე.წ. ქალური სამუშაო არასდროს მქონიაო,“ – ამბობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დიდი დატვირთვით უწევდა მუშაობა.

„კარგი ანაზღაურება მქონდა, მაგრამ სხვა არაფერი არ იყო. სახლი-სამსახური და 2 ათასი ლარი ხელფასი. მუშაობის მეტს მართლა ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. უნდა დამეძინა, მეორე დღეს მემუშავა. რომ არ დამეძინა საფრთხეს შევუქმნიდი ხალხს,“ – ამბობს ეკა.

დატვირთული რეჟიმით მუშაობას ერთი წლის წინ დაემშვიდობა. პოლონეთში წავიდა და ტრაილერის მძღოლად დაიწყო მუშაობა. 7 თვე იმუშავა ტრაილერზე. 13 ქვეყანა მოიარა და როგორც თავად ამბობს, უზარმაზარი გამოცდილება მიიღო.

„ცხოვრებისეული გამოცდილება აძლიერებს ადამიანს. არ მიყვარს თავის შეცოდება. „შენ არ იცი, რამდენი რამე გადამხდა“ – ვფიქრობ, ეს სიტყვები უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან ქალებმა. ეს შეცდომები ჩვენია და ამ შეცდომებმა გაგვაძლიერეს. მე არ მიყვარს, როცა მიცოდებენ და წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ვინმე შეიცოდო. როდესაც ადამიანს იცოდებ, იმას ყველანაირ ენერგიას აცლი,“ – ამბობს ეკა.

ეკამ ტრაილერზე მუშაობას თავი გასული წლის ზაფხულის ბოლოს დაანება. მიზეზი ჯანმრთელობა იყო, ასევე ისიც, რომ მძღოლობის გარდა ტვირთის აწევაც უწევდა და ფიზიკურად ამდენი ვეღარ შეძლო. ამიტომ თქვა, რომ ცვლილებების და ახალი ამბის დაწყების დრო იყო.

„ადრე სულ ვფიქრობდი, აი, გავიჭირვებ. ახლა ვფიქრობ – არ გავიჭირვებ. თუ ფული მაქვს, ისე ვიცხოვრებ, როგორც შემიძლია.

მივხვდი, რომ ტრაილერზე ვეღარ ვიმუშავებდი. ფიზიკურად აღარ შემეძლო ტვირთების ზიდვა. გადავწყვიტე გავმხდარიყავი ევროპაში ავტობუსის მძღოლი. გავიარე ყველა საჭირო პროცედურა და ვიპოვე სამსახური. ხუთი დღეა პოზნანში ვარ და ავტობუსზე ვმუშაობ. საოცარი ქალაქია. იმდენი ადამიანი დამეხმარა, ვფიქრობდი – თუ რამე სიკეთე მაქვს გაკეთებული, ყველაფერი აქ დამხვდა ერთად-მეთქი,“ – ამბობს ეკა სირაძე.

ეკას ვკითხეთ, თუ რით განსხვავდება საქართველოში ავტობუსის მძღოლად მუშაობა ევროპაში ავტობუსის მძღოლად მუშაობისგან.

„საქართველოში რომ მართავ ავტობუსს და მანქანას, ყველგან მართავ მერე,“ – გვითხრა მან და განსხვავებას გაუსვა ხაზი.

„როცა საქართველოში ხალხი ხედავს, რომ ავტობუსის მძღოლობა გინდა, გეუბნებიან – შენ ამას ვერ შეძლებ. ვერ გააკეთებ, არ გამოგივა. შენ რა ეს ადვილი გგონია?

ევროპაში იცი როგორ გხვდებიან? – „შენ ამას შეძლებ, როგორ ვერ შეძლებ! რატომ ვერ შეძლებ? რა უნდა მაგას, გამოგივა ყველაფერი“.

ძალიან დიდი განსხვავებაა დამოკიდებულებებში. და აქ, ევროპაში მართლა ყველაფერს შეძლებ.

საქართველოში სამსახურში რომ მივედით ქალები, კაცებმა თქვეს – ახლა ამათ რა ჰგონიათ, ადვილია მუშაობა? ერთი კვირა იმუშავებენ და წავლენო. დავრჩით, არ წავედით.

პატარა ავტობუსზე ვმუშაობდი. კაცები ამბობდნენ – ამას ახლა რა ჰგონია, ახალი ავტობუსი რომ მოითხოვა, ვინმე მისცემსო? ჰგონია დიდ ავტობუსზე მუშაობას შეძლებსო? მომცეს ახალი, დიდი ავტობუსი და ვიმუშავე,“ – ამბობს ეკა.

კიდევ ერთ განსხვავება, რაზეც ეკა აქცენტს აკეთებს, გზაზე მოძრაობა და მგზავრების დამოკიდებულებაა.

ეკას თქმით, თბილისში მოძრაობა ნიშნავს მუდმივ დაძაბულობას.

„ახლა აქ რა პირობებშიც ვმუშაობ, ეგეთი პირობები საქართველოში რომ მქონოდა, არ წამოვიდოდი. იცით რა სიმშვიდეა აქ?

ყველა გვითმობს გზას. არცერთი მგზავრი არ გვლანძღავს. არცერთი მგზავრი არ გვიყურებს ზემოდან და არ გვაიძულებს იქ გაუჩერო, სადაც მოუნდება. არცერთი მგზავრი არ ცდილობს, რომ კონფლიქტში შემოვიდეს.

არასწორად რომ დაამუხრუჭო ხმას არ ამოიღებს. მე მინდა ახლა რომ არასწორად დავამუხრუჭო?

ჩვენი ხალხი კიდევ ძალიან გაღიზიანებულია, მძღოლზე გადმოაქვთ აგრესია. წარმოიდგინეთ, „მანის“ ფირმის უზარმაზარ ავტობუსზე ზიხარ, რომელშიც ლამის მთელი დიდი დიღომი ზის და უცებ მანქანა გადაგიჭრის გზას არასწორად. სწრაფი რეაქცია უნდა გქონდეს. ეს ყველაფერი ჩემ ნერვულ სისტემაზე მოქმედებდა.

ამას დამატებული მუდმივად საყვირის გამოყენება. გაჩერებიდან არავინ არ გიშვებს. მოძრაობ – ან ქვეითი გადაგიჭრის გზას, ან მანქანა. სატრანსპორტო კომპანიისგან 45 დღიანი ფასიანი შვებულება გვქონდა. ის შვებულება რომ არ გვქონოდა, ალბათ გავგიჟდებოდი,“ – აღწერს თბილისში მუშაობის სირთულეს ეკა და იქვე შედარებას აკეთებს: „დღეს ნამუშევარი მაქვს 9 საათი და 38 წუთი. ამ დროის განმავლობაში არავის არ გადაუჭრია გზა, არავის გავულანძღივარ. გაჩერებაზე ქალს არ გავუჩერე, შემეშალა, ახალი ვარ ამ ხაზზე. ბოდიში მოვუხადე, ავუხსენი. არაფერი უთქვამს ისე ჩავიდა შემდეგ გაჩერებაზე“.

ეკა ამბობს, რომ მისი ცხოვრება სავსეა გამოწვევებით და ამ გამოწვევებზე გამარჯვებით. ასე მოხდა, მაშინაც, როცა 40 წლის ასაკში ოჯახი შექმნა და მალევე დაანგრია.

„40 წლის ასაკში დავქორწინდი. მეუღლეს 2 თვეში გავეყარე. არ დავრჩი იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ენერგიას მაცლიდა, რომელიც მეუბნებოდა, რომ მე არაფერი არ ვიყავი. არ დავრჩი იმ კაცის გვერდით, რომელმაც ნახა ჩემი სიძლიერე სატრანსპორტო კომპანიაში, მაგრამ მაინც მიმეორებდა, რომ მე არაფერი ვიყავი და არაფერი შემეძლო. ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ მაინც გამოვეცალე ასეთ კაცს. მუცელი მომეშალა, არ მყავს შვილი და აღარც მეყოლება, მაგრამ სულიერი სიმშვიდე მაქვს. იმ პერიოდშიც და მერეც, ჩემი ოჯახი ძალიან დამიდგა გვერდით,“ – ამბობს ეკა.

ეკას თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ. როცა ახალი ცხოვრების დაწყება გინდა და ძველის შეცვლა, ამის გაკეთება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. მისი ცხოვრებაც ამის დასტურია.

38 წლამდე ველოსიპედებს ჰყიდდა, 38 წლის ასაკში ავტობუსის მძღოლი გახდა. 42 წლის ასაკში კი სხვა ქვეყანაში წავიდა, გამოცდები ჩააბარა და ტრაილერის მართვა დაიწყო.

„არანაირ ფილმს არ ვუყურებ კომედიის და სამოტივაციო ფილმების გარდა. სამოტივაციო ინფორმაციას ვეძებ და ვიღებ. არ ვკითხულობ უარყოფით ამბებს, თავს ვარიდებ. იმდენი უარყოფითი ენერგიაა ცხოვრებაში, მე ჩემი უარყოფითიც მეყოფა, კიდევ რომ არ დავიმატო. ახლა ჩემს თავს ვუფრთხილდები, რომ არავინ მატკინოს გული.

ვფიქრობ, ქალმა თავად უნდა დაიცვა შენი თავი.

ემიგრანტ გოგოებს მინდა მივმართო, ჩემო კარგო ადამიანებო, დედებო. იცოდეთ, რომ ეს ცხოვრება ყველასია. მარტო თქვენი შვილების არ არის ეს ცხოვრება, თქვენიც არის,“ – ამბობს ეკა სირაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ისწავლა, ბევრნაირ სიტუაციას გაუმკლავდა, ეკა ფიქრობს, რომ ზოგადი განათლება აკლია. ამიტომ მომდევნო წლებში ამ დანაკლისის შევსებას აპირებს.

„დიალოგში თუ შეამჩნიეთ, სიტყვების მარაგი არ მაქვს. წერითაც გამართულად, გრამატიკულად სწორად  ვერ ვწერ. არცერთ ენაში. იმიტომ, რომ არ ვსწავლობდი სკოლაში კარგად. ხელბურთელი ვიყავი.

37 წლის ასაკში მივხვდი, რომ წიგნები უნდა მეკითხა. არადა ბევრი ინფორმაცია მაქვს, რომელიც მინდა გადავცე სხვას.

მაღაზია რომ მქონდა, საგადასახადოსთან ურთიერთობის გამოცდილებით მნიშვნელოვანი ცოდნა დავაგროვე. საზღვრის კვეთის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვფლობ. ევროპაში ლეგალურად როგორ უნდა იმუშაო, ეგ ვიცი. ინტერნეტში ვინმე რამეს რომ დაწერს და საინფორმაციო დახმარებას ითხოვს, ვეხმარები.

ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ შეიძლება ისე ვერ გადმოგცე, როგორც საჭიროა. მიჭირს გრამატიკულად წერა. რამდენჯერ მიფიქრია ქართული ენის გრამატიკის სწავლა დავიწყო, მაგრამ ჯერ ვერ ვიცლი“.

როგორ დასაჯა მოსამართლემ 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის მონაწილეები – განაჩენი

მოსამართლე კოტე ჭილაიამ „ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე“ 3 კაცს განაჩენი გამოუტანა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 12 თებერვალს, მიიღო.

საუბარია 2023 წლის 18 მაისს მომხდარ შემთხვევაზე: 19 წლის გიორგი ალხანიშვილი ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მოკლეს. მისი ცხედარი კი, ავტომანქანის საბარგულით გაიტანეს და ტყისპირას დამარხეს. საქმის მასალების მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების დროს გიორგის სხეულზე 18 ჭრილობა მიაყენეს.

მოსამართლემ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა მკვლელობაში ბრალდებული ბიჭის მამას – გიორგი ბაჟუნაიშვილს. მას გამოძიება მოწმეებზე ზეწოლას ედავებოდა.

სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია მკვლელობაში ბრალდებულის ბიძია, გელა ბაჟუნაიშვილი. ის სასულიერო პირია. ადვოკატ პაატა ბოლქვაძის მტკიცებით, სასულიერო პირს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია აღსარების გზით ჰქონდა მიღებული. ეს არგუმენტი მოსამართლემ გაიზიარა.

სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა მკვლელობაში ბრალდებულის კიდევ ერთ ბიძას – დავით ბაჟუნაიშვილს, მას დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

ამ საქმეზე კიდევ 4 ბრალდებული რამდენიმე დღეში ელოდება სასამართლოს განაჩენს, მათ შორისაა, მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი, რომელიც 2023 წლის ივლისში დიდ ბრიტანეთში დააკავეს. ბრალდებული საქართველოსთვის ჯერ არ გადმოუციათ.

მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი მოკლული ბიჭის თანაკლასელი იყო. კიდევ 3 ბრალდებულიც მოკლული გიორგი ალხანიშვილის მეგობრები იყვნენ, ისინი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

ამ თემაზე :

რა უთხრა ბრალდებულმა სასულიერო პირმა მოსამართლეს – 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე 

რას უპირებენ ძველ ბათუმს, გამოყოფილია 200 მილიონი – პროექტზე „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს

ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტზე „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს. თუმცა კომპანიაში არ გვიპასუხეს კითხვაზე, უშუალოდ ვინ ხელმძღვანელობს სპეციალისტების ჯგუფს, რომელმაც ბათუმის ყველაზე ღირებული უბნის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი უნდა მოამზადოს. ვინ შედის ამ ჯგუფში და სარგებლობენ თუ არა ეს სპეციალისტები ნდობით საზოგადოებაში, პროფესიულ წრეებში, კულტურული მემკვიდრეობის დამცველებში.

ამ კომპანიამ სახელმწიფოსგან, მხოლოდ ბათუმში, ბოლო 2 წლის განმავლობაში მინიმუმ 225 მილიონი ლარის ღირებულების დაკვეთა მიიღო.

„საბა კონსტრაქშენმა“ ამ საკითხზე პასუხების მისაღებად შემსყიდველ უწყებაში – „მუნიციპალური განვითარების ფონდში“ გადაგვამისამართა: „ის არის კომპეტენტური ამ კითხვაზე გიპასუხოთ, ყველა ინფორმაცია მათ აქვთ“.

ძველი ბათუმის, როგორც ქალაქის არქიტექტურულად და ისტორიულად ღირებული ნაწილის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე კარგად სცოდნიათ მუნიციპალური განვითარების ფონდში. კითხვაზე – ვინ იმუშავებს რეაბილიტაციის პროექტზე, გვიპასუხეს, რომ შიშობენ „სენსიტიურ თემაზე“ მათი პოზიცია კონტექსტიდან ამოვარდნილად არ გავაშუქოთ. ამიტომაც ინფორმაციას ზეპირად არ მოგვცემენ და ურჩევნიათ წერილობით მოგვაწოდონ:

„გამოითხოვეთ წერილობით“.

გამოთხოვილი ინფორმაციის მისაღებად სახელმწიფო უწყებები უმეტეს შემთხვევაში 10 სამუშაო დღეს იყენებენ და ხშირად არც ამ ათი სამუშაო დღის შემდეგ გვაქვს სრული პასუხი მათგან.

თუმცა „სენსიტიურ თემაზე“ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ არავის მიუჩნევია თავი ვალდებულად, რაიმე განმარტება გამოექვეყნებინა საზოგადოებისთვის. მინიმუმ ის მაინც ეთქვა ვინმეს, რა დაზღვევა არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად, სატენდერო მოთხოვნაში. შეითანხმებდა თუ არა პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და ასე შემდეგ.

შეითანხმებს თუ არა პროექტს ბათუმის მერია, როგორც ქონების მესაკუთრე და დასჭირდება თუ არა პროექტს საკრებულოში დამტკიცება, ამ კითხვაზე მერიისგან პასუხს 2 დღე უშედეგოდ ველოდეთ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ჯერ არ იციან რა ფორმით ჩაერთვება სააგენტო ამ პროცესში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა ბათუმში ამ უწყების პირდაპირი მოვალეობაა.

კანონით ნებისმიერ სამშენებლო გადაწყვეტილებაზე, თუ პროექტი მეხუთე კლასის მშენებლობას არ ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს უნდა შეათანხმონ. იმ შემთხვევაში კი, თუ სამუშაოები უშუალოდ ძეგლს შეეხება, გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იღებს.

ძველი ბათუმის რეაბილიტაციის 200- მილიონიანი ტენდერი „საბა კონსტრაქშენმა“ მოიგო. კონტრაქტი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო პროექტის მომზადებას და შემდგომში სამუშაოების ამ პროექტის შესაბამისად განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში კომპანიას უკვე ჩაერიცხა 63 მილიონ 972 ათას 473 ლარი [აქედან 60 მილიონი ავანსის სახით].

ძველი ბათუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტები „ურბანული განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ანა ბიბილაშვილმაც შეისწავლა. მისი განმარტებით, მაშინ, როცა საქმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება, სატენდერო დოკუმენტაცია მეტ დაზღვევას უნდა ითვალისწინებდეს:

„ტექნიკურ დავალებაში, არც ერთ ნაწილში არ არის ნახსენები ექსპერტების ჩართვის ვალდებულება. წესით, კი უნდა მოეთხოვათ საპროექტო ჯგუფის სია. ერთი ძეგლიც რომ იყოს პროექტში, სავალდებულოა ქალაქგეგმარებით დოკუმენტებში მოითხოვონ ურბანისტების ჯგუფის ვინაობა, მათი კომპეტენციის დადასტურება სახელებითა და გვარებით, გამოცდილების დადასტურებით. არც ერთ ნაწილში ეს არ წერია. ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ პრეტენდენტს [ტენდერში მონაწილეობის მსურველს] უნდა დაედასტურებინა შესაბამისი ღირებულების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გამოცდილება.

ერთ ნაწილში წერია, რომ ხუთი სამუშაოდან ერთი უნდა იყოს ძეგლზე შესრულებული, მაგრამ კომპანიას საპროექტო ნაწილში აქვს სია მხოლოდ წარდგენილი. #3 ოქმში, რომელიც სექტემბერშია შედგენილი, მითითებულია, რომ კომპანიას არ აქვს წარდგენილი უძრავ ძეგლებზე სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტი. დამატებით აღარ იძებნება, წარადგინა თუ არა ეს სია. მოთხოვნა იძებნება მხოლოდ. ეს სერიოზული პრობლემაა“.

მუნიციპალური განვითარების ფონდს „ბათუმელებმა“ ძეგლებთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე კითხვები გასულ წელს, შესყიდვის პროცედურის დასრულებამდეც გაუგზავნა. ფონდიდან მოგვწერეს, რომ სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტების ნუსხა პროექტის მომზადების შემდეგ დაზუსტდება. ასევე განმარტეს, რომ „სამუშაოები, დადგენილი წესით შეთანხმებულია ყველა შესაბამის უწყებასთან.“

„საბა კონსტრაქშენისთვის“ ძველი ბათუმი არ არის ერთადერთი პროექტი ქალაქში – ეს კომპანია მუშაობს ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირის განახლების პროექტზეც, საქართველოს მთავრობის პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში.

კომპანიამ ბათუმში ჟიული შარტავას გამზირის განახლების პროექტი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში ვერ დაასრულა. მიუხედავად ამისა, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული არ არის კომპანიის გაფრთხილების ან დაჯარიმების შესახებ დოკუმენტები. სამაგიეროდ ატვირთული დოკუმენტებიდან შეიძლება იმის გაგება, რომ კომპანიამ ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მოითხოვა და თანხმობაც მიიღო.

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირის განახლება საქართველოს მთავრობის პროექტის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 2021 წელს დაიწყო. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

აქვე შეიძლება ითქვას, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მრავალმილიონიან ტენდერებს ძირითადად „საბა კონსტრაქშენი იგებს“.

8.02.2024
ბათუმი, ხეივანი ჟიული შარტავას გამზირზე / 12.01.2024

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში შარტავას გამზირზე მდებარე ხეივანში სამუშაოებზე პირველი შესყიდვა 2021 წლის მაისში განხორციელდა [გარდა ხეივნისა, კომპანიას აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამუშაოც უნდა ჩაეტარებინა]. პირობა სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულება იყო.

ყველა სამუშაო [მათ შორის შარტავას გამზირზეც] 2022 წლის 31 დეკემბრისთვის უნდა დაესრულებინათ. თუმცა ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილება და 2022 წლის 28 ოქტომბერი განსაზღვრეს მხოლოდ პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების ვადად. პირველი ეტაპის ვადის გადაწევა კი, საერთო ვადის გადაწევასაც გულისხმობდა. თუმცა შესაბამისი დოკუმენტი, სადაც საბოლოო ვადა იქნებოდა დაფიქსირებული, შესყიდვების პორტალზე არ იძებნება.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში კომპანიის დირექტორმა, ლევან თარგამაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდს საავანსო თანხის 30-დან 40%-მდე გაზრდა მოსთხოვა. ამავე ხელშეკრულებაში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილებით კი, საერთო თანხა 2 მილიონი ლარით გაზარდეს.

2023 წლის 27 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან „ბათუმელების“ წერილის პასუხად გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა. ფონდიდან ასევე მოგვწერეს, რომ შარტავას გამზირზე პირველი ეტაპის სამუშაოებში 7 315 132 ლარი დაიხარჯა.

გმირთა ხეივანში სამუშაოების დასრულებაზე ფონდმა მეორე ტენდერი გამოაცხადა და ხელშეკრულება 2022 წლის 2 დეკემბერს „ამხანაგობა მეგობრობის ხიდს“ გაუფორმეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ხელი ხელშეკრულებას „საბა კონსტრაშენის“ დირექტორმა, ლევან თარგამაძემ მოაწერა. საქმე ისაა, რომ „ამხანაგობა მეგობრობის ხიდის“ თავმჯდომარე თავად „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორია.

ხელშეკრულება 16,5 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული, თუმცა ეს თანხა [„დამატებითი სამუშაოების“ გამო] 18 მილიონ 096 ათას 153 ლარამდე გაიზარდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით კი, კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია 15 მილიონ 608 ათას 335 ლარი.

„ბათუმელებმა“ ქალაქის მერიასაც ჰკითხა, რა დამატებითი სამუშაოების ჩატარება გახდა აუცილებელი შარტავას გამზირზე, თუმცა კითხვაზე არ გვიპასუხეს და აქაც გვირჩიეს, ინფორმაცია გამოვითხოვოთ.

რაც შეეხება მეორე ეტაპის დასრულების ვადას, ხელშეკრულებით 2023 წლის 31 დეკემბერი იყო განსაზღვრული. ეს ითვალისწინებდა შარტავას გამზირზე [ბაგრატიონის ქუჩიდან მოცეკვავე შადრევნებამდე] სკვერის გახსნას, თავისი საფეხმავლო ხიდებით ახალ წლამდე, თუმცა ესეც გადაწიეს და ბოლო ცვლილებით სამუშაოები 2024 წლის 20 აპრილისთვის უნდა დასრულდეს.

თუ ორივე ეტაპზე დახარჯულ და დასახარჯ თანხას შევკრებთ, გამოდის, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით გმირთა ხეივანში ჯამში 25 მილიონ 411 ათას 285 ლარი დაიხარჯება. 

8.02.2024

„საბა კონსტრაქშენი“ 2019 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის 100 პროცენტს „საბა ინვესტი“ ფლობს. ეს კომპანია კი 2019 წელს სლავა შერაზადაშვილს დაუფუძნებია. ორივე კომპანიის დირექტორი ბიზნესმენი ლევან თარგამაძეა.

„როინ შავაძის საქმეზე“ კიდევ 2 პირი დააკავეს – გენერალური პროკურატურა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „როინ შავაძის საქმეზე“ კიდევ ორი პირი დააკავეს. პროკურატურა არ ასაჯაროებს ბრალდებულების ვინაობას.

ამ გახმაურებული მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, პროკურატურამ 8 პირი დააკავა, 2 პირის მიმართ კი, ძებნა გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე 2020 წელს ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის [სიცოცხლის უფლება] დარღვევა დაადგინა.

ევროსასამართლომ საქართველოს პროკურატურას საქმის ხელახლა გამოძიება დაავალა.

პროკურატურამ ამჯერად ის ვერსია გაახმოვანა, რაც ამ საქმეში ფაქტების ანალიზით და ჟურნალისტური მოკვლევით 15 წლის წინაც ჩანდა.

ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით [ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა] და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით [განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია] დაიწყო.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2023 წლის 27 ივლისს ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ არაერთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა როინ შავაძის მკვლელობის რეალური გარემოებები. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„როინ შავაძის საქმის“ სათავისოდ გამოყენება არაერთხელ სცადა „ქართულმა ოცნებამ“ იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში დამნაშავეები არავის დაუსჯია. მაგალითად, იმ დროს, როცა როინ შავაძე მოკლეს და საქმე არ გამოიძიეს – ეს უკვე ევროსასამართლოს შემდეგ საქართველოს პროკურატურამაც დაადასტურა – აჭარის მთავარი პროკურორი ვასილ როინიშვილი იყო. ის 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2020 წლის 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე. მაშინ ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა სერჟანტის საქმის გამოძიების ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა – რესან კონცელიძემ. ის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო პარლამენტში, დღეს კი დეპუტატია.

წაიკითხეთ ამავე თემაზე 2008 წლის აგვისტოში მომზადებული სტატია:

სამშობლოს ღალატი თუ ნარკოტიკი- გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სპეცრაზმმა ჯარისკაცი წამებით მოკლა

 

ვალაგებ ოთახს, სადაც სოფლის ბიჭები ჯოკერს თამაშობენ – დასაქმება ბიუჯეტის ხარჯზე, „ოცნების“ სასარგებლოდ | ვიდეო

„10-20 წუთი სჭირდება დალაგებას, დილით ავდივარ 9 საათზე და ვბრუნდები, დიასახლისი ვარ,“ – გვიყვება ცირა მსხალაძე. იგი ქედაში, სოფელ გულებში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველია და თითქმის ერთი წელია, რაც სოფლის ცენტრში „შეხვედრების ოთახში“ მუშაობს.

„შეხვედრების ოთახში“, როგორც ცირა გვიყვება, სოფლის ბიჭები იკრიბებიან და ჯოკერს თამაშობენ, დომინოს ან ნარდს. დასაქმებულ სოციალურად დაუცველს კი, დღეში მაქსიმუმ 20 წუთის საქმე აქვს.

ცირა მსხალაძე გამონაკლისი არაა – სოფლებში სოციალურად დაუცველების წინასაარჩევნოდ მასობრივად დასაქმება გრძელდება: თუ წონიარისში ტანკის დამლაგებლები გამოჩნდნენ, ახოში გვითხრეს, რომ „2-3 საათი უწევთ შრომა კვირაში, ან 10 დღეში ერთხელ“. სოფლებში „ალაგებენ“ დათოვლილ გზებსაც.

ხშირ შემთხვევაში დასაქმება ფორმალურია. ეს პროგრამა არჩევნების დასრულების შემდეგ, 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რაც აჩენს კითხვას: რეალურად, ეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სქემა ხომ არ არის საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივად გამოყენებით? 

გასულ წელს, დასაქმების სააგენტომ სოციალურად დაუცველი ადამიანების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის დეტალებზე „ბათუმელებს“ ინფორმაცია არ მოაწოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ფეისბუქგვერდის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ამ პროგრამით უკვე 33 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანია დასაქმებული.

„ბათუმელები“ დასაქმებულ სოცდაუცველებს ამჯერად ქედის ცენტრში, ასევე სოფლებში – გულებსა და ორცვაში ესაუბრა.

„ვალაგებ თავშეყრის ადგილს, კმაყოფილი ვარ, კარტს თამაშობენ, ჯოკერს, ნარდს. ბიჭები იკრიბებიან, ქალები არა…

4 წელი დაგვპირდნენ იქნებაო და არ ვიცი, რა იქნება. არ უნდა შეწყდეს, შეწყდება და ვიქნებით სახლში,“ – გაღიმებას ცდილობს ცირა მსხალაძე და ხელით გვაჩვენებს „შეხვედრების ოთახს“, მისი სახლის აივნიდან რომ პირდაპირ მოჩანს.

ცირა მსხალაძე
„შეხვედრების ოთახი“ სოფელ გულებში

„შეხვედრების ოთახი“ სოფელ გულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 4 წლის წინ მოუწყვიათ. ხის ერთი ოთახი ხისავე ბოძებზე შემოუდგამთ ოთხკლასიანი სკოლის გვერდით.

ოთახში არავინ დაგვხვდა, თუმცა კარი ღიაა. გრძელ მაგიდაზე კარტი დაუტოვებიათ, დომინო, ქაღალდის რამდენიმე ფურცელი, ჯოკერისთვის რომ გამოუყენებიათ უკვე… ოთახის ერთ კუთხეში შეშის ღუმელია, რამდენიმე ჭიქაცაა თაროზე.

ცირა მსხალაძე და სხვა დასაქმებული სოცდაუცველი ადამიანებიც ქედის სოფლებში ენთუზიაზმით გვიყვებიან, რომ მათი საქმე დღეში სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს.

სოციალურად დაუცველებთან გასაუბრებით ასევე ირკვევა, რომ ხელისუფლებას ფიქციური ან არამიზნობრივი მასობრივი დასაქმების პარალელურად, თითოეულ სოფელში თითო სოციალურად დაუცველი ადამიანი მერის წარმომადგენლის თანაშემწედ დაუნიშნავს.

„თავკაცი“ – ასე მოიხსენებენ სოციალურად დაუცველი ადამიანები მერის წარმომადგენლის თანაშემწეს, რომლის ფუნქცია თანასოფლელი სოციალურად დაუცველების საქმიანობის და „სამსახურში გამოცხადების“ კონტროლია. „თავკაცები“ სოფლებში წინასაარჩევნოდ ჟურნალებით დადიან და დასაქმებულებს ხელს აწერინებენ.

სოფელ გულებში მერის წარმომადგენლის თანაშემწე, მაგალითად, ამირან დიასამიძეა, მას სოფლის გზაზე შევხვდით.

„გამგებელს კიდევ ერთი თანაშემწე ჰყავს ხუნკუდაში, ისიც სოციალურად დაუცველია. ყველა სოფელში ასეა,“ – გვიხსნის ამირან დიასამიძე.

თანაშემწის პოზიციაზე დასაქმებული სოციალურად დაუცველი არ მალავს, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია. პირიქით, ხაზს უსვამს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ აუცილებლად დაეხმარება, რადგან დაასაქმეს და ამის გამო მმართველ პარტიას ემადლიერება.

„წინასაარჩევნოდ რასაც დამავალებენ, იმას გავაკეთებ, ეს იქნება ხალხის მოკრება, თუ შეხვედრა უნდათ ხალხთან, ყველას მოვიყვან…“ – ამბობს ამირან დიასამიძე.

ამირან დიასამიძე

ამირან დიასამიძე გვიდასტურებს, რომ მისი ფუნქცია მართლაც სხვა დასაქმებულების კონტროლია. სოფლის გზის დალაგება, შეხვედრების ოთახის ან სასაფლაოს, მისი საქმე არ არის. თანაშემწის ჯამაგირი, სხვა დასაქმებული სოციალურად დაუცველი ადამიანების მსგავსად, თვეში 300 ლარია.

„კარგია, რომ ყველა დასაქმდა, ზოგი ამბულატორიას ალაგებს, ზოგიც მოსაცდელს, სტადიონს, სასაფლაოს, შიდა გზებსაც ყურადღება ექცევა, სოფელში სისუფთავე მეტი გამოჩნდა.

დილის ათის ნახევრიდან იწყება სამუშაოები და მთავრდება 4-ზე, 5 საათზე. დილით რომ მივა სამსახურში, ხელს მოაწერს, საღამოსაც ხელს აწერს, იანვრის ჟურნალი უკვე დამთავრდა, ჩავიტანე და ჩავაბარე, თებერვლისა ჯერ არ მოუციათ, სამუშაო საათებში ვამოწმებ, თან ხელს ვაწერინებ,“ – თავისი სამუშაოს სპეციფიკას გვიხსნის ამირან დიასამიძე.

სხვა სოციალურად დაუცველების მსგავსად, ამირან დიასამიძეც ამბობს, რომ მისთვის ხელშეკრულება არ მიუციათ. გვიყვება, ასე მითხრეს, 4 წელი კიდევ იმუშავებო.

დასაქმება ბიუჯეტის ხარჯზე წინასაარჩევნოდ და „ოცნების“ სასარგებლოდ: 2-3 საათი ვმუშაობ კვირაში ერთხელ

„თბილისიდან მოვიდა სიები, აზრზე არ ვიყავი, რა იქნებოდა. დამირეკეს ჩვენი გამგეობიდან, ჩვენი ხელისუფლებიდან და თანაშემწედ დამნიშნეს,“ – დაგვემშვიდობა ამირან დიასამიძე.

„რას აკეთებს და ის მოდის, ჩვენ ვმუშაობთ“, – ასე აღწერს „თავკაცის“ საქმეს დიანა აბულაძე, ის ქედის სოფელ ორცვაში ცხოვრობს. იქაც ერთი სოციალურად დაუცველი სხვა სოციალურად დაუცველების საქმის მაკონტროლებლად დაუნიშნავთ.

დიანა აბულაძე სოფლის გზებს ალაგებს. ახლა გზები თოვლიანია, თუმცა დასაქმებული სოციალურად დაუცველი ირწმუნება, რომ ყოველდღე დადის სამსახურში.

„დღეში 3 საათი მიწევს მუშაობა, კლუბსაც ვალაგებთ, მერე ხელს ვაწერთ ბადრი ნაკაშიძესთან კლუბში, თავკაცია,“ – დასძინა დიანა აბულაძემ.

დიანა აბულაძე

„ჩვენ „ოცნებაში“ ვართ, „ოცნების“ დამკვირვებლები ვიყავით,“ – ეს ნატალია ქობულაძემ გვითხრა. მისი ქმარი ამირან ქობულაძეა, რომელიც შინ არ დაგვხვდა. ამირან ქობულაძე ერთ-ერთია იმ სოციალურად დაუცველ ადამიანებს შორის, რომელიც სოფელ ორცვაში სოფლის გზებს უვლის.

„ერთი წელია, რაც დასაქმდა, გზებზე დადიან, წმენდენ, ასუფთავებენ, სადაც დაუძახებენ, იქ მივლენ… ფოთლებს ხვეტავდა, ხის ტანი გადმოსულიყო და იმას ჭრიდნენ, ასუფთავებენ გზებს… მითითებებს სოფლის თავკაცი აძლევს,“ – გვიხსნის ნატალია ქობულაძე.

ნატალია ქობულაძე

ავთანდილ ნაკაშიძე ქედაში, სოფელ ორცვაში ცხოვრობს.

„მე წყლის გაწმენდაზე ვმუშაობ, წყალს მოაქვს ნალექი, ამიტომაც საჭიროა გაწმენდა ხშირად, სარეცხ მანქანას აფუჭებს… წყლის ეს სისტემა ახლა გაკეთდა, ერთი წლის წინ,“ – გვითხრა ავთანდილ ნაკაშიძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ სხვებისგან განსხვავებით მას მართლაც აქვს რეალურად საქმე.

ავთანდილ ნაკაშიძე

ხომ არ გამოდის ისე, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს იყენებს ხელისუფლება, რადგან წინასაარჩევნოდ მათ ასაქმებს და ამით გულის მოგებას ცდილობს?

„ვერ გეტყვით ვერაფერს, გამორიცხული არაფერია,“ – გვიპასუხა ავთანდილ ნაკაშიძემ.

სოციალურად დაუცველს არ ახსოვს, სულ რამდენი კაცია დასაქმებული ორცვაში, სადაც ზაფხულობით 63 ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ იცის, რომ ყველა დასაქმდა, ვისაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.

„ეს არის ხალხის მოსყიდვა ტოტალურად“, –  ქედის ცენტრში გვითხრა ემზარ ბოლქვაძემ, რომელიც სოფელ ახოში ცხოვრობს. მისი თქმით, ახოში, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანი დაასაქმეს მენახირედ მაშინ, როცა სოფელში ძროხა აღარაა.

„ყველგან ერთი და იგივეა. ივანიშვილმა რა ქნა: დაამშია ხალხი, მშიერი ხალხის მოსყიდვა ძალიან  მარტივია. მაგალითად, სკოლებში დაასაქმეს დამლაგებლების დამხმარეებად სოციალურად დაუცველები. დამლაგებლის ხელფასი 150-200 ლარია, დამხმარის – 300 ლარი. თან ეუბნებიან, ის დამლაგებელი არ შეაწუხოო.

ეს არის პირდაპირ იმაზე გათვლილი, რომ მოისყიდონ მოსახლეობა,“ – დარწმუნებულია ემზარ ბოლქვაძე.

ქედის ცენტრშივე ვპოულობთ ერთ-ერთ სოციალურად დაუცველს, რომელიც სოფელ ახოში დაუსაქმებიათ. მამუკა თავდგირიძე გვიყვება, რომ ისიც გზებს ალაგებს, „ასუფთავებს ეკალ-ბარდისგან“.

„დღეში რამდენი საათი გიწევთ მუშაობა?“ – ვეკითხებით სოციალურად დაუცველს.

„გაჩნია, ერთი-ორი-სამი საათი – კვირაში ერთი ან 10 დღეში ერთი. „ოცნებამ“ დაგვასაქმა, ეს იცოდეთ,“ – იღიმის მამუკა თავდგირიძე. მას ვუხსნით, რომ ის პარტია „ქართული ოცნების“ დაფინანსებით კი არ დასაქმდა, არამედ ეს სახელმწიფო პროგრამაა და მისი ხელფასისთვისაც ბიუჯეტის ფული იხარჯება.

„რომ დავსაქმდი, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება, მე ისე ვიცი, რომ „ოცნებიდანაა“, მეტი არ ვიცი. დანარჩენი არ ვიცი,“ – გვიპასუხა სოციალურად დაუცველმა.

მამუკა თავდგირიძე

კიდევ ერთი დეტალი: დასაქმებულ სოციალურად დაუცველ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ დასაქმების პროგრამა 2025 წელს იწურება. სოციალურად დაუცველი ადამიანების დიდ ნაწილს აქვს ვერსია, რომ პროგრამა კიდევ 4 ან 5 წელი გაგრძელდება. „ასე გვითხრეს სააგენტოში“, „ასე თქვეს ქედის მერიაში“, – ამბობენ ისინი.

სოციალურად დაუცველ ადამიანებს არ აქვთ ხელშეკრულება ან რაიმე სხვა დოკუმენტი, რომლითაც გაირკვეოდა დამსაქმებელთან მათი შრომითი ურთიერთობა, მათ შორის, ეს დეტალი.

ამ თემაზე:

ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 ათასი სოციალურადა დაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ 

ახალი მონაცემები რუსთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 395 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790]
  • ტანკი – 6 416 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 11 977 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 9 481 ერთეული [+6]
  • MLRS – 981 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 666 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 302 ერთეული [+45]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 882 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 599 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 1 514 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 570 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 12 229 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 464 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 964 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 218 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 020 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 499 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე – დაშავდა ქვეითი

რამდენიმე წუთის წინ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

რამ გამოიწვია ავარია და დაიწყო თუ არა გამოძიება, „ბათუმელები“ აზუსტებს და ინფორმაცია განახლდება.

 

მილიონები უნდა აკეთოთ ხალხის სიცოცხლის სანაცვლოდ? – აქცია კარიერის მოპოვების წინააღმდეგ ახალშენში

„ჩვენ დავიცავთ ერთმანეთს, დამცველი არავინ არ გვყავს ასე გამოდის, აღარც ხელისუფლება არის ჩვენთან. ეს რა წესია? -ბრდღვნიან ყველაფერს. დაინგრა ხულო და ქედა, ბაღდათი დაინგრა, ახალშენშიც კატასტროფა უნდა მოხდეს, ხალხის სიცოცხლის ზურგზე მილიონები უნდა აკეთონ?“ – ამბობს ირმა ბერიძე „ბათუმელებთან“.

ამ წუთებში, სოფელ ახალშენში ირმა და მისი მეზობლები საპროტესტო აქციას მართავენ.

ადგილობრივები სოფელში წიაღისეულის მოპოვების სამუშაოების  განახლებას აპროტესტებენ. მათ სამანქანო გზაც გადაკეტეს რამდენიმე წუთით. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ადგილობრივების ინფორმაციით მთავრობამ ახალშენში კარიერის მოპოვების ლიცენზია კიდევ ხუთი წლის ვადით გასცა. კომპანია ღამის საათებშიც მუშაობს, აფეთქების სამუშაოები კი მათი სახლების რყევას იწვევს.

ადგილობრივები ამბობენ იმასაც რომ კარიერის მოპოვების სამუშაოებმა სოფელს სასმელი წყლის პრობლემაც შეუქმნა.

„ამდენი კატასტროფა და უბედურება, რომ ხდება, ხან ერთი სახლი გასკდა და ხან მეორე. ჩვენც ადამიანები ვართ, გვეშინია.  გზებიც დაზიანდა. ეს სადაური წესია, სადაური კანონია, უნდა გაგვწყვიტონ?- არც ვიცი და არც მაინტერესებს ვისი კომპანიაა. წინა კომპანია შეგვპირდა გაგიკეთებთ რაც დაგიზიანეთო, ვინმემ მოგვაქცია ყურადღება? – მოდიან აქ ტყუილით, მთელი ღამე მოძრაობენ.“

ადგილობრივების თქმით კარიერის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემა მათ ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან შეხვედრისასაც გააპროტესტეს: „მან დაკონკრეტებული პასუხი ვერ გაგვცა.“

აქციაზე იმყოფებოდა მიშა ბოლქვაძეც, ენმ- ის ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ისიც ახალშენში ცხოვრობს და აცხადებს, რომ კარიერის მოპოვება სოფელს სერიოზულ ზიანს აყენებს.

ვინ მიიღო ახალშენში კარიერის მოპოვების ლიცენზია და რა ვადით „ბათუმელები“ აზუსტებს და ინფორმაცია განახლდება.

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში | 11 თებერვლის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 395 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930]
  • ტანკი – 6 406 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 11 956 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 9 475 ერთეული [+16]
  • MLRS – 981 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 666 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 257 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 881 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 592 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 1 513 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 570 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 12 196 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 464 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 959 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 218 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 012 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 469სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა გასულ ღამით რუსების მხრიდან ხარკოვზე დრონებით თავდასხმას. მათ შორის სამი ბავშვია – ჩვილი, 4 და 7 წლის ბავშვები:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში 22 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 თებერვლის 21 საათიდან 12 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
    ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
    ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 13-14 თებერვალს ბათუმში ძირითადად მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

სხალთა-ხიხაძირის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია -გზების დეპარტამენტი

აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ამ დროისთვის მაღალმთიან აჭარაში მოძრაობა აღდგა 80 მიმართულებაზე

ასევე გაიწმინდა სხალთა-ხიხაძირის დამაკავშირებელ გზაზე დამეწყრილი მონაკვეთი, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

რაც შეეხება სოფელ გელაძეებს, საიდანაც დღეს „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ, დეპარტამენტში განმარტეს, რომ გეოლოგების რეკომენდაციის შესაბამისად დეპარტამენტი ამ სოფელში მუშაობას ვერ დაიწყებს:

„იქ ტექნიკის შეყვანამ შეიძლება უარესი შედეგები გამოიწვიოს“ – განმარტეს დეპარტამენტში.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიასთან კომუნიკაცია აქვთ, თუმცა სოფლიდან გამოსვლას ვერ მოახერხებენ რადგან გზები ჩაკეტილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს გეოლოგების 8 ჯგუფი, მათ შორის 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და 1 შიდა ქართლის ტერიტორიაზე.

სააგენტოს განმარტებით აჭარაში დაფიქსირებდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთში მეწყრები.

ფოტო: გზების დეპარტამენტი

„130 ოჯახია გადაყვანილი უსაფრთხო ადგილზე, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება სამ სოფელში“ – ქედის მერი

ქედის მერის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით ქედაში დამეწყრილი სოფლებიდან უსაფრთხო ადგილზე 130 ოჯახია გადაყვანილი. როლანდ ბერიძის განმარტებით ყველა ოჯახს, რომელიც თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და წასასვლელი არ აქვს მერიამ ბინის დაქირავება შესთავაზა.

რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, მერის ინფორმაციით ქედაში შიდა სასოფლო გზების  35 მიმართულება იყო ჩაკეტილი, დარჩა 3 მიმართულება, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება.  ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს დანდალოს, წონიარისისა და ცხმორისის თემში.

„დღეს მუშაობს ორი ჯგუფი, ხვალაც გაგრძელდება და როგორც მეუბნებიან ხვალ დასრულდება “ – ამბობს როლანდ ბერიძე.

რაც შეეხება უსაფრთხოდ გადაყვანილი ოჯახების სახლებში დაბრუნებას, მერის განმარტებით ეს გადაწყდება მას შემდეგ, როცა გეოლოგები დაასრულებენ მუშაობას:

„ ამ დასკვნების მიხედვით ვიმოქმედებთ. “

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი ქვეყნის მასშტაბით დამეწყრილი სოფლებიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 94 ოჯახი.

„ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძებიდან, სადაც მისასვლელი გზა ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიასთან კომუნიკაცია აქვთ, თუმცა სოფლიდან გამოსვლას ვერ მოახერხებენ რადგან გზები ჩაკეტილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს გეოლოგების 8 ჯგუფი, მათ შორის 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და 1 შიდა ქართლის ტერიტორიაზე.

 

მთავარი ფოტო: ქედის მუნციპალიტეტის მერია

დამეწყრილი სოფლებიდან გაყვანილია 94 ოჯახი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით დამეწყრილი სოფლებიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 94 ოჯახი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით გუშინ საღამოს აჭარის სოფლებში რამდენიმე ოჯახს, დაზუსტებით ჯერ არ ვიცით რამდენს, რეკომენდაცია მისცეს ღამე ახლობლებთან გაათიონ, ვიდრე მათ საცხოვრებელ ადგილს გეოლოგები არ შეისწავლიან.

„ბათუმელები“ ამ ინფორმაციას აზუსტებს.

„ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძებიდან, სადაც მისასვლელი გზა ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიასთან კომუნიკაცია აქვთ, თუმცა სოფლიდან გამოსვლას ვერ მოახერხებენ რადგან გზები ჩაკეტილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს გეოლოგების 8 ჯგუფი, მათ შორის 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და 1 შიდა ქართლის ტერიტორიაზე.

სააგენტოს განმარტებით აჭარაში დაფიქსირებდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთში მეწყრები.

სააგენტოს ინფორმაციით 6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასა 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი.

რა ხდება აჭარის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შემდეგ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ამ დროისთვის აჭარის მუნიციპალიტეტებში ახალი მეწყრული კერები არ არის და დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ამ დროსთვის მობილიზებულები არიან სხალთის მონაკვეთზე, სადაც მეწყრული მასა ორჯერ ჩამოწვა და სამუშაოები გაართულა.

აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 125 მიმართულებიდან გზა გახსნილია 75 მონაკვეთზე და დარჩენილ მონაკვეთებს სავარაუდოდ დღეს გახსნიან. შედარებით მეტი დრო დასჭირდება სხალთის მონაკვეთის გახსნას.

ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით კი ამ დროისთვის მუნიციპალიტეტების სოფლებში ახალი კერები არ არის და სიმშვიდეა. მისივე თქმით მძიმე ტექნიკა სხალთის მონაკვეთზე მუშაობს.

ამ დროისთვის ხულოს სხვადასხვა სოფლებიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 44 ოჯახი.

მერიაში ასევე განმარტეს, რომ ამ ოჯახების სახლებში დაბრუნების საკითხს მერია მას შემდეგ გადაწყვეტს, როცა გეოლოგები მუშაობას დაასრულებენ და შესაბამის დასკვნებს მოამზადებენ, მანამდე კი ამ ოჯახების ქირის ფულს მერია გადაიხდის.

„ბათუმელები“ სხვა მუნიციპალიტეტებსაც დაუკავშირდა, ინფორმაციას განვაახლებთ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 394 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
  • ტანკი – 6 394 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 11 942 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 9 459 ერთეული [+24]
  • MLRS – 981 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 666 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 235 ერთეული [+26]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 881 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 579 ერთეული [+28]
  • სპეცტექნიკა – 1 512 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 570 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 12 166 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 464 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 956 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 218 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 008 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 419 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა გასულ ღამით რუსების მხრიდან ხარკოვზე დრონებით თავდასხმას. მათ შორის სამი ბავშვია – ჩვილი, 4 და 7 წლის ბავშვები:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს და აკნეს ზამთარში – ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგთან

შემოდგომაზე ჩვენი კანი ნელ-ნელა კარგავს ბზინვარებას. ზამთრის სუსხი კი ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ცივ პერიოდში სრულიად უნდა შეიცვალოს თავის მოვლის რუტინა, მით უფრო მაშინ, თუ ცხიმიანი კანი გვაქვს და აკნე გვაწუხებს.

კონკრეტულად როგორ უნდა მოვუაროთ ზამთარში კანს, რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ და რა პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ ? – ამ საკითხებზე „ბათუმელები” ექიმ-კოსმეტოლოგ, ბაია კონდრატიევას ესაუბრა. 

კოსმეტოლოგის განმარტებით, კანი ადამიანის თბოიზოლატორია და ასრულებს ბარიერულ ფუნქციას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორი მოვლა სეზონის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ზამთარში.

როგორც ექიმ-კოსმეტოლოგი ამბობს, ზამთარში ტენიანობა მცირდება და კანი უფრო მეტად შრება. ასევე, ქვეითდება ცხიმოვანი ჯირკვლის ფუნქციონირება, რაც, ერთი მხრივ, შეიძლება უკეთესიცაა, რადგან ჭარბი ცხიმის სეკრეციას ვირიდებთ თავიდან, თუმცა, თუ სიცივეში არასწორად ვიზრუნეთ კანზე, შეიძლება პირიქით, უფრო გავართულოთ სიტუაცია.

  • ბაია, როგორ მოქმედებს ზამთრის სუსხი ცხიმიან კანზე? რა მცდარი წარმოდგენები არსებობს ამ მხრივ და რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ცხიმიანი კანის მოვლისას ზამთარში?

არ უნდა დაგვავიწყდეს სახის კანის მომზადება ზამთრისთვის და ეს შემოდგომაზე უნდა დავიწყოთ. ეს გულისხმობს სწორი დამატენიანებელი კრემების შერჩევას და გამოყენებას. 

ასევე, ზამთარში, როცა დილის რუტინას ვიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, შედარებით ადრე გავიღვიძოთ, დავიბანოთ სახე შესაბამისი საშუალებით და მალევე დავიტენიანოთ. 

სჯობს, სახლიდან გასვლამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე გამოვიყენოთ კრემი, რათა კანში შეღწევა მოასწროს და ზამთრის სუსხს უარყოფითი ეფექტი არ ჰქონდეს კანზე. საპირისპირო შემთხვევაში, როცა ახალი წასმული გვაქვს კრემ-საცხი, ის ვერ ასწრებს შეღწევას და გარეთ არსებული ტემპერატურა ნეგატიურად მოქმედებს კანზე.

შესაბამისად, ზამთარში კრემიც უნდა შევცვალოთ. მულტიკომპონენტური დამატენიანებელი უნდა გამოვიყენოთ, უფრო ნოყიერი და უფრო მსუყე. 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება. ეს აუცილებლად უნდა გვქონდეს ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში.

ცივ პერიოდში წყლის მიღების მოთხოვნილება შედარებით ნაკლებია, რაც კიდევ უფრო გამომშრალსა და გაუწყლოებულს ხდის სახის კანს, ამიტომ ღრმა დატენიანებას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

გავრცელებულია მითი, რომ აი, მე ისედაც ცხიმიანი კანი მაქვს და მას დატენიანება არ სჭირდება. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც შეიძლება ცხიმიანი კანის მოვლის დროს დავუშვათ, რადგან ასეთ კანს ნამდვილად სჭირდება დატენიანება. ცხიმიანობა და ტენიანობა სრულად სხვადასხვა ცნებებია.

  • როგორი უნდა იყოს ცხიმიანი კანის მქონე ადამიანის დღისა და ღამის რუტინა? რა ტიპის პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ? რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს დამატენიანებლისა და მზისგან დამცავის გამოყენება?

ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში რამდენიმე აუცილებელი წესი უნდა დავნერგოთ:

სახე ძალიან კარგად უნდა გავისუფთაოთ დასაბანი საშუალებებით. ეს შეიძლება იყოს გელი ან ქაფის სტრუქტურის და ა.შ. ნაკლებად აგრესიული საშუალება უნდა გამოვიყენოთ და აუცილებლად უნდა დავიტანოთ ცხიმიანი კანის ტიპისთვის შერჩეული დამატენიანებელი საშუალება, რომელიც უნდა იყოს ნოყიერი და მრავალკომპონენტიანი, რათა მთელი დღის განმავლობაში დაგვიცვას. ბაზარზე ძალიან ბევრი კარგი პროდუქტი არსებობს, რომლებიც ბარიერული ფუნქციის აღდგენას ახერხებენ. 

რომ შევაჯამოთ, დამატენიანებლისა და მზისგან დამცავი კრემის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.

ღამის რუტინაში სასურველია ისეთი სხვადასხვა შრატისა და კონცენტრატის გამოყენება, როგორიცაა: ნიაცინამიდი და რეტინოლი. ეს პროდუქტები უნდა შევარჩიოთ ძალიან სწორად, ექიმ-დერმატოლოგის ან კოსმეტოლოგის დახმარებით. ორივე პროდუქტი საკმაოდ ფრთხილად ინიშნება და რუტინაში ნელ-ნელა უნდა ჩავრთოთ, რათა გვერდითი ეფექტები არ გააქტიურდეს და პირიქით, კანი არ გაგვიღიზიანოს. 

  • მაკიაჟის დროს რა პროდუქტები შეიძლება გამოვიყენოთ, რომ კანის ცხიმიანობა არ გაიზარდოს?

ძალიან მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ არაკომედოგენური საშუალებები, ანუ ისეთი, რომლებიც კანის ფორებს არ დაახშობენ და კანს მისცემენ სუნთქვის საშუალებას. ასევე, სასურველია, ყველა ეს პროდუქტი იყოს წყლის ბაზაზე დამზადებული. 

არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ცხიმოვან ბაზაზე დაფუძნებული, რადგანაც ძალიან დაამძიმებს ცხიმიან კანს და შეიძლება სახეზე გამოგვაყაროს კიდეც. 

ამ პროდუქტების გამოყენებამდე კანი საგულდაგულოდ უნდა მოვამზადოთ, კარგად დავიტენიანოთ. თუ აქერცლილი, გარქოვანებული უჯრედები გვაქვს, უნდა მოხდეს მათი მსუბუქი სკრაბით მოშორება, რათა მაკიაჟი ერთგვაროვანი იყოს.

სხვა მხრივ, თუ დიდი საჭიროება არ არის, ცხიმიანი კანის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ მაკიაჟისა და დეკორატიული კოსმეტიკის ხშირად გამოყენებას. 

  • რატომ ახდენს ზეგავლენას ზამთარი აკნეზე? რამდენად მოქმედებს ტემპერატურული სხვაობა შიდა და გარე სივრცეებში ჩვენს კანზე? 

ტემპერატურის ცვლილებასა და აკნეს შორის დიდი კავშირი არსებობს. ტემპერატურის ცვლილება სტრესია კანისთვის და როგორც უკვე აღვნიშნე, ზამთარში კანის ბარიერული ფუნქცია სუსტდება, შესაბამისად, კანი ადვილად ავადდება.

თუ ზამთრის კურორტზე ვართ, მზისგან დამცავი ყოველ ორ საათში უნდა გამოვიყენოთ. აუცილებელია, მზის გულზე რაც შეიძლება ნაკლები დრო გავატაროთ და გვქონდეს ყინვის საწინააღმდეგო ნაჭრის ნიღბები, რაც შლემის ქვეშ კეთდება.

ასევე, კანისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა ტემპერატურული განსხვავება შიდა და გარე სივრცეებს შორის. სითბოში სისხლძარღვები ფართოვდება, ხოლო სიცივეში პირიქით, ვიწროვდება. ამიტომ კანის ბარიერული ფუნქცია კიდევ უფრო სუსტდება. ასეთ დროს გვეწყება კანის სიწითლე და ეს შეიძლება როზაციის გამწვავების ხელშემწყობი ფაქტორი იყოს. 

ტემპერატურული სხვაობა მგრძნობიარედ რომ არ აღიქვას ჩვენმა კანმა, ზემოთ აღნიშნული წესები უნდა დავიცვათ. 

ასევე, უნდა მოვერიდოთ სინთეტიკური კაშნეების გამოყენებას, რადგან კანისთვის სტრესულია და აკნეს გამოწვევა შეუძლიათ. ამიტომ ძალიან ჩახუთვა არ არის სასურველი. მაქსიმალურად ბუნებრივი ქსოვილი უნდა გამოვიყენოთ და არა – სინთეტიკური.

  • კონკრეტულად, როგორ უნდა მოვუაროთ აკნეს ცივ სეზონზე და რა დროს უნდა მივმართოთ დერმატოლოგს?

ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ მაინც განვითარდა აკნე და ანთებითი, ჩირქოვანი გამონაყარი გვაქვს, აუცილებელია დერმატოლოგის ჩართულობა. უნდა დაისვას ზუსტი დიაგნოზი და დაინიშნოს მკურნალობა. 

ამ დროს მხოლოდ დამატენიანებელი კრემები შედეგს არ მოგვცემს და სამკურნალო საშუალებების გამოყენებაა საჭირო. ეს შეიძლება იყოს როგორც პერორალური გზით მისაღები, ასევე ადგილობრივი საშუალებები. მათი დანიშვნა ექიმის კომპეტენციაა, რომელმაც ინდივიდუალურად უნდა გასაზღვროს მკურნალობის სქემა. 

  • აკნეს ნაწიბურები ბევრისთვის პრობლემაა. რა საშუალებები შეიძლება გამოვიყენოთ მათი კვალის შესამცირებლად?

ამ დროს კოსმეტოლოგების ჩართვაა მნიშვნელოვანი, რათა კანის სტრუქტურის განახლების პროცესი სწორად დაიგეგმოს. ამისათვის ჩვენ ვიყენებთ როგორც სხვადასხვა სახის ფილინგს, იქნება ეს ქიმიური, ლაზერული თუ სხვა. ასევე, მივმართავთ ინექციურ მეთოდებსაც, ეს შეიძლება იყოს პრპ თერაპია, ბიორევიტალიზაცია, რათა კანი სწორად განახლდეს და დაზიანებული უბნები აღდგეს.


PSP – ში დერმატოლოგიური ბრენდებისა და პროდუქტების ფართო არჩევანია როგორც ცხიმიანი კანის, ისე აკნეს მოსავლელად.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, სალომე პატარაიას განმარტებით, მათ ქსელში ექსკლუზიურად წარმოდგენილია ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ბრენდი SVR-ი, რომელიც ინოვაციური სამკურნალო კოსმეტიკით გამოირჩევა. მის პროდუქტებს ახასიათებს სწრაფი ეფექტი და უსაფრთხო შემადგენლობაა.

ესვიერი SEBIA დასაბანი კრემი შექმნილია აკნესკენ მიდრეკილი კანის გასაწმენდად და გამომშრალი კანის დასატენიანებლად.

კრემი სპეციალურად შექმნილია საპნისა და პარფიუმის გარეშე, რათა ნაზად გაასუფთაოს მგრძნობიარე კანი. გამწმენდი ბაზა შერწყმულია თუთიასა და ნიაცინამიდთან, რათა ეფექტურად გაწმინდოს და დაამშვიდოს კანი დაჭიმვისა და გაღიზიანების გარეშე. ის იდეალურად აცილებს კანიდან ჭუჭყსა და ცხიმს. გამდიდრებულია გლიცერინით. რეკომენდებულია მოზარდობის ასაკიდან“ – განმარტავს სალომე პატარაია. 

ცხიმიანი კანის დასატენიანებლად PSP-ს სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა ბრენდის არაერთი პროდუქტია, მათ შორის იგივე SVR-ის კრემი ცხიმიანი კანისთვისSebiaclear. 

კრემი რეკომენდებულია მგრძნობიარე, აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. ფარავს ლაქებს, ფერისმჭამელებს და გაფართოებულ ფორებს. ატენიანებს კანს 8 საათით, უზრუნველყოფს გამონაყარის შემცირებას. ეფექტი მიიღწევა 7 დღეში. 

Sebiaclear-ის შემადგენლობაში არსებული 4%-იანი ნიაცინამიდი ამშვიდებს გაღიზიანებულ, აკნესადმი მიდრეკილ კანს და აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას, ხოლო სალიცილის მჟავა – აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, წმენდს ფორებს და იცავს კანს ახალი ლაქების გაჩენისგან. 

დამატენიანებლის გარდა „ესვიერის“ აქვს შრატი ცხიმიანი კანისთვის.

რეკომენდებულია მგრძნობიარე, ცხიმიანი და აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. მათ შორის მაშინ, როცა სიწითლე გვაწუხებს. მისი გამოყენება შეიძლება მოზრდილობის დროსაც, აკნეს შემთხვევაში. შრატი ადვილად შეიწოვება და კანს ხდის ერთგვაროვანს. ანტიოქსიდანტური ფორმულა უზრუნველყოფს კანის 8- საათიან დატენიანებას.

„ესვიერის“ შრატი ეფექტურია გამონაყარის საწინააღმდეგოდ. ის ასევე ებრძვის დაბერების ნიშნებს. იცავს კანს და უზრუნველყოფს ნაოჭების გადასწორებას. შედეგი დგება 7 დღეში.

სალომე პატარაიას განმარტებით, მეორე შრატი, ესაა ამპულა, რომელიც ღრმად წმენდს კანს, შესამჩნევად ამცირებს ნაკლოვანებებს და სიწითლეს რეკორდულ დროში. მოქმედებს ნაოჭების, სიწითლის, აკნეს საწინააღმდეგოდ, აქვს დამარბილებელი, დამამშვიდებელი ფუნქცია.

PSP-ს დერმატოლოგიური ბრენდების პროდუქტებში მზისგან დამცავ საშუალებებსაც ნახავთ.

„SVR-ი მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, იქნება ეს სპრეი, კრემი, გელი თუ ფლუიდი. ეს პროდუქტები გამოიყენება როგორც ცხიმიანი, ისე მშრალი და კომბინირებული კანისთვის,” – აღნიშნავს სალომე პატარაია.

ცხიმიანი კანისა და აკნეს მოვლისთვის ფრანგული „ესვიერის“ და „ესტედერმის“ გარდა PSP-ს ქსელში შეგიძლიათ გერმანული „სებამედის“ პროდუქტებიც შეიძინოთ, ისევე, როგორც უფრო ბიუჯეტური, პოლონური Ziaja და სხვა. 

ეწვიეთ PSP-ს და შეიძინე ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული დერმატოლოგიური პროდუქტები. 

„ბერმუხას“ 103 წლის მოცეკვავე: ვფიქრობ იმდენი ვიცოცხლო, რომ ევროპაში შესვლა მომესწროს

დღეს 103 წლის მუხამედ ირემაძეზე გიამბობთ, რომელიც ანსამბლს „ბერმუხას“ ერთ-ერთი პირველი მოცეკვავეა.

მუხამედ ირემაძე 42 წელია ანსამბლის წევრია. ეს ანსამბლი 1982 წელს შეიქმნა.

„ბერმუხას“ პირველი მოცეკვავე მე ვიყავი და დღემდე ბერმუხაში ვარ.

ანსამბლის წევრი თუ გავხდებოდი ვერ წარმომედგინა. სულ ვცეკვავდი, მაგრამ 15-20 წლის რომ შევიქმენი, მაშინ სხვანაირად ვიგრძენი ცეკვა, როგორ რა უნდა გამეკეთებინა. ანსამბლში რომ გადავედი, ჩემზე კარგი მოცეკვავე არავინ იყო“, – გვეუბნება მუხამედ ირემაძე და საკუთარი თავის შესახებ ამბების მოყოლას „ყმაწვილობის წლების“ გახსენებით ამჯობინებს.

„რაც ვიცი და რაც გადამხდა, ამას გეტყვით თქვენც.

ბავშვობიდან შრომა, შრომა და შრომა მახსოვს. სამი კლასი ვისწავლე მხოლოდ. მერე არ იყვნენ მასწავლებლები.

„ბერმუხამდე“ საქონელს ვაბალახებდი. წავიყვანდი, ვაბალახებდი, მოვიყვანდი და დავაბამდი. მეტი არაფერი. როცა „ბერმუხაში“ გადავედი, ეს ყველაფერი დავტოვე და თავი ცეკვას მივეცი. მე მხოლოდ ცეკვა ვიცოდი, მეტი არაფერი. ჩემს მშობლებს ძალიან უხაროდათ, რომ ვცეკვავდი. პრემიებს და ჯილდოებს ვიღებდი ხოლმე, ესეც ძალიან ახარებდათ.

მე ვიყავი ერთი ბიჭი დედმამიშვილი. დანარჩენი გოგონები იყვნენ. 5 გოგო ჰყავდა მამაჩემს და ერთი ბიჭი ვიყავი მე, რის გამოც ძალიან დიდ პატივს მცემდნენ. უხაროდათ, ბიჭი გვყავსო.

გვიჭირდა. მჭადს ვჭამდით მარტო. პური სად იყო? პურის თვალით დანახვა გვენატრებოდა. სიმინდს ვთესავდით, ვფშვნიდით, ვფქვავდით და ვჭამდით.

კოლმეურნეობა იყო, თამბაქოს და მსგავს რაღაცებს ვაწარმოებდით. მაშინ ბრიგადირად ვმუშაობდი კოლმეურნეობაში. მთელი დღე, მთელი ღამე მუშაობდა ხალხი.

ხულოში, სოფელ ირემაძეებში ვცხოვრობდი. აქ [გარადოკში] დიდი ხანია არ არის, რაც საცხოვრებლად ჩამოვედი. მენატრება ხულო.

ბუნება ძალიან მიყვარს და სულ მინდა გავიდე ხოლმე, გავისეირნო. ახლა აღარ შემიძლია, მაგრამ როცა შემეძლო, ყოველდღე გავდიოდი გარეთ. დღეს ვარ, ხვალ შეიძლება აღარ ვიყო და რომ დავინახო ყველაფერი-მეთქი“, – გვიყვება მუხამედ ირემაძე.

მოცეკვავის საყვარელი ადგილი ახლა აივანია. აქ დიდ დროს ატარებს, ბუნებას, გამვლელ-გამომვლელებს უმზერს.

„ცეკვა სერიოზულად 20 წლის ასაკში დავიწყე.

როცა პატარა ვიყავი, მაშინაც ვცეკვავდი. ქორწილები ვიცოდით. მოიყრებოდა და სამობდა [ცეკვავდა] ხალხი. თავიდან მათ ვაკვირდებოდი, თუ როგორ ცეკვავდნენ და შემდეგ მეც გავდიოდი საცეკვავოდ. ასე ვისწავლე და მივეჩვიე ცეკვას.

გაუნათლებელი ხალხი ვიყავით, ბევრი ინტერესი არც გვქონდა და თუ ვინმე აცეკვდებოდა, ყველას აინტერესებდა – კაცს, ქალს, მოხუცს, ბავშვს.

თუ კონცერტს გავაკეთებდით, ხალხი მოდიოდა სახლიდან, იქიდან, აქედან… დღეს კონცერტია და ვუყუროთო“, – გვიყვება მუხამედი.

ის თავის ქორწილს იხსენებს და იმაზეც გვიყვება, თუ როგორ ხდებოდა გარიგება და აქორწინებდნენ გოგო-ბიჭებს ოჯახები.

„მაშინ როგორ იყო, იცით? ახლა რომ არის სიყვარული, მაშინ არ იყო ასე. მაშინ დაინიშნავდნენ გოგოს, ამა და ამ დღეს იქნება ქორწილიო და ეგ იყო.

მე რომ ცოლი მოვიყვანე, ვინ იყო, როგორი, არაფერი არ ვიცოდი. ქორწილი დამთავრდა, რომელი ოთახიც უნდა ყოფილიყო ჩვენი, იქ შეიყვანეს, მეც შემიყვანეს და მაშინ ავხადე პირზე ჩემს ცოლს. სახე დაფარული ჰქონდა და ვფიქრობდი, ნეტა, როგორია და ვინ არის-მეთქი. ერთმანეთს იქამდე არ ვიცნობდით.

სად წახვიდოდი, რომც არ მოგწონებოდა შენი ცოლი?! მე მომეწონა ჩემი ცოლი, კარგი ადამიანი იყო.

2 წლით უფროსი იყო ცოლი ჩემზე. 28 წლის ვიყავი მე, 30 წლის – ის. ქორწილში ვიცეკვეთ, ვიმღერეთ. მე უფრო კარგად ვცეკვავდი“.

„ბერმუხას“ უხუცეს წევრს, ინტერვიუს განმავლობაში რამდენჯერმე შევთავაზე, ხომ არ შევისვენოთ-მეთქი, რაზეც მომიჭრა – გავაგრძელოთ, მე არ დავღლილვარ, ამის არ შეგეშინდეთო.

მუხამედი ამბობს, ცეკვა იგივეა, რაც ვარჯიში და ამიტომაცაა, რომ ცეკვა „თავის შემონახვაშიც“ ეხმარება ადამიანს. თვლის, რომ ამის ცოცხალი მაგალითი თავადაა.

„როცა ცეკვავ და ხალხი გიყურებს, სულ სხვანაირი ემოციებით ივსები. დიდი პასუხისმგებლობაა.

„ბერმუხას“ ჩამოყალიბებისთანავე გავხდი მისი წევრი. დირექტორმა მიმიწვია და მეც მივიღე მისი შემოთავაზება. შემდეგ დაგვემატნენ მოცეკვავეები, ახლა სულ 13 მოცეკვავე ვართ ანსამბლში.

სხვა ქვეყნებშიც ვიყავით გასტროლებზე. სად აღარ გვიცეკვია, თუმცა ჩემი საყვარელი ღონისძიება მაინც შუამთობაა. ბავშვობიდან დავდიოდი შუამთობაზე, არც ერთი არ გამომიტოვებია“.

მუხამედ ირემაძის თქმით, ყველა ქართული ცეკვა განსაკუთრებულია, თუმცა გამორჩეულად ცეკვა „ბერმუხა“ უყვარს, რომელიც ანსამბლის სავიზიტო ბარათია.

გვეუბნება, რომ ბევრი რამ ახსენებს ახალგაზრდობას, სცენაზე დგომას და სიგელებს, სხვადასხვა ჯილდოებს და საცეკვაო ფორმას გვაჩვენებს.

„ყველა ცეკვა, რომელსაც ანსამბლში ვცეკვავთ, ჩვენებურია და მარტო კი არ ვცეკვავთ, ვმღერით კიდეც. აჭარული განდაგანა მსოფლიოში ერთადერთია და ძალიან მოსწონს ხალხს. ეს ცეკვაც განსაკუთრებით მიყვარს. ახლა რომ ვარ, ასე კი არ ვიყავი. ვფრინავდი. როცა ცეკვას ვიწყებდით ხალხი წრეს კრავდა.

ყველგან მინდა წასვლა, მაგრამ ვეღარ ვექანები. ახლა რომ „ბერმუხა“ მართავს კონცერტებს, მეც მათთან ერთად ვარ, მაგრამ ძველებურად მინდა ვცეკვავდე “ – გვეუბნება მუხამედი.

მას ვკითხეთ, კიდევ რა სურს, ძველებურად ცეკვის გარდა.

„ამას ვფიქრობ, მე იმდენი ვიცოცხლო, რომ ევროპაში შესვლა მომესწროს-მეთქი. მგონია, რომ თუ ევროპაში შევალთ ყველაფერი რიგზე იქნება“, – გვპასუხობს ის.

მუხამედ ირემაძე ხშირად უყურებს ტელევიზორს. ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესი აინტერესებს და ცდილობს, ყველაფერს მიადევნოს თვალი.

ახარებს სტუმრების მისვლა და სახლში მოწყობილი ქეიფები. „მიქცევენო“ – გვეუბნება.

საუბრის ბოლოს ანსამბლ „ბერმუხას“ უხუცეს წევრს საყვარელ კერძებზეც ვკითხეთ.

„განსაკუთრებულად ქათმის ხორცი მიყვარს. საქონლის ხორციც მიყვარს. ყოველდღე მაგას მაჭმევენ, რძის ნაწარმიდან, უფრო მეტად – ყველი და მაწონი. ბორანო რომ მიყვარს, მაგას თქმაც არ უნდა.

ცოტ-ცოტა დალევა მენატრება. ღვინოს ვსვამდი ბევრს და თან ისე, რომ ვერავინ მატყობდა თუ ნასვამი ვიყავი“ – ეღიმება მუხამედს.

„აჭარაში კიდევ უფრო მეტი მეწყრული პროცესი განვითარდება“ – ინტერვიუ გეოლოგთან

აჭარის სამ მუნიციპალიტეტში მოსახლეობა მეწყრულ პროცესებს ებრძვის. დაიღუპა ორი ადამიანი, დაინგრა სახლები და საავტომობილო გზები.

როგორი მდგომარეობაა აჭარის მთიანეთში, როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს და რა უნდა ქნან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ამ საკითხებზე „ბათუმელები“ გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ესაუბრა.

  • რამდენიმე დღეა ვუყურებთ მეწყრულ პროცესებს, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში ვითარდება. როგორია ამჟამად სიტუაცია?

აჭარის მაღალმთიანეთში რთული გეოლოგიური მდგომარეობაა. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ძლიერი მეწყრული მოვლენებია, რომლებმაც საფრთხე შეუქმნა, როგორც საავტომობილო გზებს, ისე მცხოვრებლებს.

გასაკვირია ის, რომ მსგავსი მოვლენები თებერვალში იშვიათად ხდებოდა. თებერვალში ძირითადად თოვლის ზვავები იყო ხოლმე, დღეს კი მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. თებერვლის დასაწყისში ორი დღე იყო ძლიერი წვიმა, მოვიდა უხვი ნალექი, დაადნო თოვლი და წარმოქმნა მეწყრული პროცესები. მეწყერმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თითქმის ყველა სოფელში ლოკალური მეწყრული პროცესებია განვითარებული და ბევრი ოჯახია საფრთხეში. მე რა ინფორმაციაც მაქვს, დღეისათვის 50 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას, ხოლო მეწყრულ ადგილებზე გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. გეოლოგები სწავლობენ.

მე ველოდები, რომ გაიზრდება იმ ოჯახების რიცხვი, რომლებსაც უსაფრთხო ადგილას გაიყვანენ.

  • მინდა გთხოვოთ დაახასიათოთ აჭარის მთათა სისტემა, რა ტიპის მთებია და რატომ არის მუდმივად აჭარის მთაში მეწყრული მოვლენები?

აჭარის მთათა სისტემა არის ახალგაზრდა მთათა სისტემა. ახალგაზრდა მთათა სისტემას, ყოველთვის მოსდევს ეროზია/დენიდაციური პროცესები. მთების ფერდობების ჩამოშლა, ღვარცოფული კერების წარმოქმნა – ბოლომდე ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. აქედან გამომდინარე ყველა უხვი ატმოსფერული ნალექის მოსვლა, თუ გინდ უმნიშვნელო მიწისძვრები, თოვლი… ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს და იწვევს ეროზიული, მეწყრული პროცესების განვითარებას.

ჩვენი მთათა სისტემა, ვგულისხმობ აჭარის მთიანეთს, ახალგაზრდა მთათა სისტემაა და მისი ჩამოყალიბება დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდება, კიდევ უფრო მეტი მეწყრული პროცესი განვითარდება. ფერდობები ძალიან ციცაბო დახრილობისაა. ამ ციცაბო დახრილობაზე იცით, რომ ეროზიული პროცესები განსაკუთრებულად უფრო მკაცრია და უფრო დიდი რაოდენობით ხდება. კიდევ ერთხელ მინდა დავამატო, რომ კლიმატური პირობები ძალიან დიდი ფაქტორია და ძლიერ ეროზიულ მოვლენებს იწვევს.

  • ამ მთებზე სახლებია, ბაღები, მიწას ამუშავებენ. ეს ყველაფერი რა გავლენას ახდენს იმ პროცესებზე, რაც ახლა მიდის მთაში?

უფრო ააქტიურებს. სოფლების უმეტესი ნაწილი გაშენებულია ძველ მეწყრულ ადგილებზე. იმ მთებზე, რომელიც ადრე, გეოლოგიური ასაკიდან გამომდინარე დაიმეწყრა და ჩამოსკდა, დაჯდა. მოსახლეობა დღეს არის ამ ძველმეწყრულ ფერდობებზე.

რომ მიხვალ და ეტყვი გლეხს აქ მეწყრული ადგილია, გეტყვის – „აქ ბაბუას ნაქონი მიწებია, აქ რამე არ მომხდარა“. ყველა დიდი სოფელი, ამ ძველმეწყრულ ფერდობებზეა, რომელიც დღეს სტაბილურია. არ მინდა მოსახლეობაში პანიკა გამოვიწვიო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი გეოლოგიური მოვლენებია.

ყველა ირჩევს საკარმიდამო ნაკვეთს, სადაც შეიძლება ადვილად დაამუშაოს, უფრო ადვილად მიუდგეს და ასეთი ფერდობები ძირითადად ყველა ძველმეწყრულია. ოღონდ დღეისათვის სტაბილური.

ვთქვათ, განვითარდა ახალი მეწყერი. შეიძლება მიხვიდე ათი წლის მერე ამ მეწყრის ადგილას და ნახო, რომ დასახლებულია. რელიეფი ვაკე გახდა, ამიტომ საცხოვრებლად, დასამუშავებლად, ყანის და მოსავლის მოსაყვანად გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ფერდობზე ტყის გაჭრა და იქ ახალი საცხოვრებელი სახლების დადგმა.

უმეტესი სოფლები აჭარაში თითქმის ყველა ძველმეწყრულ ფერდობებზეა განლაგებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საფრთხის ქვეშაა.

  • რადგან ამ ძველმეწყრულ ფერდობებზე მოსახლეობა ცხოვრობს, როგორც გეოლოგი, რა რჩევას მისცემდით მათ?

ყოველთვის, ყველა დასკვნაში და შეხვედრაზე ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიოს ადამიანი ბუნებრივ პირობებში.

მიხვალ დასახლებულ ადგილას, ნახავ სამ-ოთხ მეტრიანი ფერდობები აქვთ ჩამოჭრილი, რომელიც გამაგრებული არაა. იმის ქვემოთ აშენებენ სახლებს. ვუხსნით, მაგრამ ვერ ვაგებინებთ გლეხს, რომ ეს საშიშროებაა.

ჩამოჭრამდე ფერდი თავის ბუნებრივ მდგომარეობაში იყო, მასა მყარი იყო და არ იყო მეწყრული კერის წარმოშობის საშიშროება. არც ღვარცოფების განვითარების.

როცა ჩაერევა ადამიანი, ჩამოჭრის, იმ ჩამოჭრილ ფერდს არ გაამაგრებს და მის ბუნებრივ მდგრადობას არ შეინარჩუნებს, ყველგან საშიშროება ჩნდება. ამას ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ და ვეუბნებით მოსახლეობას. დასკვნებში, რომელიც გაიცემა, რომ ახალი სახლი უნდა აშენდეს, ეს ყველგან მითითებულია.

დღეს სახლში ყველას მიყვანილი ჰყავს რეზინის მილებით წყლები. ეს წყლები უმისამართოდ იღვრება. ქალაქში იცის ადამიანმა, რომ წყალში თანხა უნდა გადაიხადოს, ამიტომ ონკანს კეტავს. სოფლებში მთის წყალი, ბუნების ნაჩუქარი სიმდიდრე, იღვრება უაზროდ. ჩადის საკარმიდამო მიწის ნაკვეთებში, ფერდობებზე და ეს ყველაფერი ერთად აღებული ახდენს გავლენას გარემოზე.

მე იმას ვერ ვიტყვი, რომ დავბრუნდეთ მეცხრამეტე საუკუნეში და ყველამ ხის სახლი ავაშენოთ, მაგრამ როცა აშენებს კაპიტალურ სახლს ადამიანი, იწყობს სასიცოცხლო და საარსებო პირობებს, აი, ეს უნდა გაითვალისწინოს.

წყალი რეგულირებადი უნდა გახადოს, ფერდობები არ უნდა ჩამოჭრას იმის გამო, რომ ეზო დიდი ჰქონდეს. საცხოვრებელ სახლს საშიშროება არ უნდა შეუქმნას. ეს ირღვევა ძირითად შემთხვევაში. ყველას დოკუმენტი უნდა, რომ სადღაც შეიძლება საცხოვრებელი სახლის აშენება. დაუწერ რეკომენდაციას, მიხვალ და არცერთი რეკომენდაცია შესრულებული არ აქვს, გარდა საცხოვრებელი სახლის აშენებისა.

დღეს ასეთი პირობებია.

არის გლობალური მეწყრები, რომელსაც ვერავინ გამორიცხავს – დაქანების, დახრის და გაწყლიანების გამო მეწყრული პროცესი ბუნებრივად ხდება.

  • ხშირად გვწერენ ადგილობრივები ასევე იმასაც, რომ სანიაღვრე არხები არაა გზებზე. 

რა თქმა უნდა. როცა გზა გაჰყავს საგზაოს, იქ სანიაღვრე არხები დაპროექტებულია. შესრულებით რა დონეზე კეთდება თუ არ კეთდება ეს უკვე მეორე თემაა. აუცილებელი პირობაა, რომ სანიაღვრე იყოს.

მეწყრის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ყოველთვის წყალია. წყლის არასწორი რეგულირება და არასწორი მიმართულებით წაყვანა, გამოშვება. ჩვენთან ძირითადად თიხოვანი და თიხანარევი ქვიშის გრუნტებია, რომელზეც წყალი ძალიან ცუდად მოქმედებს. არბილებს, ასუსტებს მის ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს, აქედან გამომდინარე მოდის მეწყერი.

ძირითადი ქანია და მასზე დადებულია ეს თიხოვანი გრუნტები. წყალი ჩადის ამ თიხებში, რომელშიც არის ქვების და ქვიშნარების ჩანართები, რაც ფილტრაციას აკეთებს და ჩადის კლდოვან ქანზე. იქ ვეღარ აღწევს და ძირს ძირს უთხრის თიხოვან ქანს. აქედან გამომდინარე ვითარდება მეწყრული პროცესები – ფიზიკო-მექანიკური ქანების შუაში წყლის ზემოქმედება იწვევს მეწყრული კერის წარმოქმნას და მეწყრული პროცესების განვითარებას.

ამიტომ ძირითადი რეგულირება მაინც არის ან დრენაჟირების გაკეთება ან წყლის არხების სწორად გაკეთება.

ამას ყველაფერს გლობალური შესწავლა და ძალიან დიდი თანხის გამოყოფა სჭირდება. ამიტომ ადამიანებს შეუძლიათ ეს ყველაფერი პრიმიტიულად გააკეთონ – წყალი არ მიუშვან მეწყრულ კერაზე. გლეხი ხედავს ნაპრალს, ჰგონია წყალი ჩაუშვა და დაკარგა.

მისი ეზოდან დაკარგა, მაგრამ სინამდვილეში იმ ნაპრალში ჩასული წყალი დინამიტივითაა. რეცხავს, რეცხავს და იწვევს მეწყრული კერების წარმოქმნა-განვითარებას.

სანიაღვრე არხი მეწყრის ერთ-ერთი პირველი შემაჩერებელი და შემზღუდავია.

  • რა უნდა გაკეთდეს პრევენციულად?

ამინდის რეგულირება ჩვენ არ შეგვიძლია. ორი და სამი თვის ნალექი რომ ერთ დღეში მოვა, იმას თავისი გამტარუნარიანობა სჭირდება. ამიტომ ეს რეგულირებადი თემა არ არის. არის უბნები და ადგილები, სადაც წითელ ზონადაა გამოცხადებული, ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ იმასაც ვერ ვაკეთებთ… დაცვას ხომ ვერ დააყენებ, რომ არ შემოხვიდე. თვითონ გლეხი არეგულირებს, ზაფხულში ადის, ზამთრამდე იქ ჩერდება…

როგორც თავიდან ვთქვი, ეს ახალგაზრდა მთათა სისტემაა. ეროზია ყველგან ხდება. რუსეთი ასეთი ვაკე კი არ იყო. ურალის მთათა სისტემა, გეოლოგიურ ასაკში ძალიან მაღალი მთები იყო, მაგრამ ბუნებრივმა პირობებმა, ეროზიამ, დენიდაციამ, მთების ჩამოშლამ, მიწისძვრებმა, თითქმის ვაკე რელიეფად აქცია.

საბოლოო ჯამში ალბათ გავა დრო, ამას ჩვენ კი არა ჩვენი შთამომავლობაც ვერ მოესწრებიან, საქართველოც გასწორდება თითქმის – ეს ბუნებრივი მოვლენაა და ბუნებრივი პროცესებია.

ამის რეგულირება მე, პირადად, ვერ წარმომიდგენია. ან უნდა შევეგუოთ ამ მკაცრი ბუნების პირობებს, ანდა ჩამოვიდეთ აქ ყველანი…

  • რამდენ სოფელშია ამჟამად მეწყერი?

ასე გამოყოფა ძნელია, რადგან ზოგ ადგილებში საერთოდ ვერ მივიდნენ. გეოლოგების რაოდენობა ძალიან მცირეა, ხოლო მეწყრული პროცესები თითქმის ყველა სოფელშია პატარ-პატარა დოზით განვითარებული.

განვითარებულია დიდი მეწყრებიც, ამიტომ საფრთხე თითქმის ყველა სოფელშია. ზოგან უფრო მეტი საფრთხეა, ზოგან უფრო ნაკლები, მაგრამ თითქმის ყველა სოფელშია მეწყრული კერები.

  • ეს ბოლო პროცესები იყო თუ არა პროგნოზირებადი?

პირადად ჩემთვის არ იყო. ამ პროცესს, რომელიც ახლა, თებერვალში დაიწყო, ჩვენ ველოდებით ხოლმე მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში. ზამთარი მთავრდება, გაზაფხული იწყება, თოვლის დნობა აქტიურია. ამიტომ თებერვლის თვეში არ შემეძლო პროგნოზი, რომ აქ განვითარდება ან არ განვითარდება.

იმდენად მასშტაბურად განვითარდა მთელი საქართველოში ეს პროცესები, არ შეიძლება ამას გლობალური დათბობის კვალი არ ჰქონდეს.

იმერეთში, ბაღდათის რაიონში უსაფრთხო ადგილი იყო და ამდენი მსხვერპლია. ასე იყო შოვში. კი არის ჩვენსავით მაღალმთიანი რეგიონი და იქ ყოველთვისაა საშიშროება ღვარცოფული მოვლენები განვითარდეს, მაგრამ იქაც ამოდენა მსხვერპლი იყო და ამხელა ტერიტორიები გათელა ღვარცოფმა.

ჩვენ კი გვაქვს პროგნოზული უბნები, სადაც მოელის მოსახლეობას საშიშროება, დასკვნებია დაწერილი, რუკებზეა გამოხატული ეს საშიში ზონები, მაგრამ დღეს, 9 თებერვალს რომ ვთქვათ, სად განვითარდება მეწყრული ან ღვარცოფული მოვლენა, ასეთი პროგნოზი მე, პირადად, როგორც გეოლოგს, არ შემიძლია.

  • შარშან არ იყო ასეთი მასშტაბური. რა შეიცვალა წელს, რომ ამდენი სოფელი მოექცა მეწყრულ ზონაში?

ადამიანები გულმავიწყები ვართ, თორემ იშვიათად იყო წელი, რომ დიდი მეწყრული პროცესები არ განვითარებულიყო.

ძალიან ბევრს ვფიქრობ მაგ თემაზე… მოსახლე ადრე შეიძლება საერთოდ არ მოსულიყო და არ ეთქვა, რომ მეწყერია, მაგრამ ახლა ამ ინფორმაციას ავრცელებს.

მეწყერი მაღალმთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელია, უბრალოდ ადრე ამაზე ინფორმაცია არ ვრცელდებოდა ამ ინტენსივობით.

  • არაერთ ადამიანს ჩვენთან უთქვამს, რომ მათ სოფელში დაგეგმილი იყო ფერდსამაგრის გაკეთება, მაგრამ არ გაკეთდა. რა ფუნქციას ასრულებს ეს ფერდსამაგრი, რატომ არის მისი გაკეთება მნიშვნელოვანი და როცა არ კეთდება, რა ზიანდება?

შეიძლება ყველა სოფელში, ყველა მოსახლეს ვერ გაუკეთონ ფერდსამაგრი. საავტომობილო გზის დანიშნულებიდან გამომდინარე, რა დანიშნულება აქვს გზას, სასოფლოა, სარაიონოა თუ საერთაშორისოა, იმის მიხედვით ასრულებენ სამუშაოებს.

მესმის, რომ ყველა ოჯახს თავისი პრობლემა აქვს და მისთვის უმნიშვნელოვანესია საცხოვრებელი სახლის წინ გაკეთებული საყრდენი კედელი, მაგრამ საგზაო დეპარტამენტთან მაგაზე გვქონდა საუბარი, რომ ეს საყრდენი კედლები ზოგჯერ შეუსწავლელად კეთდება.

იწერება – მოაწყვეთ საყრდენი კედელი. ხდება ისე, რომ მეწყრული კერის მქონე გრუნტზე ჯდება კედელი და უარესად ვამძიმებთ ფერდს. შემდეგ ეს ყველაფერი იწვევს მეწყერის გააქტიურებას.

ახლა იყო მოთხოვნა, რომ კომპანიები ვნახოთ, რომლებიც ჩაატარებენ  გეოლოგიურ-კვლევით სამუშაოებს. საყრდენი კედლები მოეწყოს გეოლოგიურად შესწავლილ ადგილებში, რომ უარესი პრობლემა არ შევუქმნათ მოსახლეობას.

ვიღაცა ამბობს, რომ არ გაკეთდა კედელი. შეიძლება რიგ შემთხვევაში უკეთესიც იყოს, რადგან შეიძლება ისეთ ადგილას გააკეთონ, უარესი სიტუაცია შექმნან.

ახლა საგზაო დეპარტამენტმა აიღო ასეთი მიმართულება – შეისწავლონ, ჩაატარონ გეოლოგიური კვლევები და აქედან გამომდინარე გადაწყვიტონ – შეიძლება კედლის გაკეთება თუ არ შეიძლება. და თუ შეიძლება, რა სიღრმეზე უნდა გაკეთდეს.

კვლევიდან გამომდინარე ფიქრობს საგზაო დეპარტამენტი, რომ ძალიან ბევრი საყრდენი კედელია გაკეთებული, რომელიც წყალში გადაიყარა იმის გამო, რომ არ იყო ტერიტორია გეოლოგიურად  შესწავლილი.

ამდენი თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან, რომ ეს პრევენციული ღონისძიებები ჩატარდეს და ზოგჯერ გამოდის, რომ ეს ღონისძიებები უარყოფითად მოქმედებს მოსახლეზე თუ ფერდზე.

  • რამდენად საშიშია ეს მეწყრული პროცესები, რომელიც განვითარდა?

მეწყრული პროცესები ერთჯერადად არ ფასდება. მეწყრული პროცესები ყოველთვის და ყველგან საშიშროების მომტანია. გააჩნია მის მასშტაბებს და გავრცელების არეალს. ამიტომ იმის თქმა – ეს მეწყერი საშიშია თუ ნაკლებად საშიშია, შეუძლებელია.

ჩემთვის პროგნოზი შეუძლებელია, თუ არ არის წინასწარ რაღაც კვალი, განვითარების ნიშანი, რომ ტყის ნაწილში ბზარებია გაჩენილი… თუ ფართობი დიდია, ამის მიხედვით ფასდება შემდგომ მისი განვითარება – რა დონეზეა მეწყრული და რა დონეზე განვითარდება.

წინასწარი კვლევები სჭირდება იმას, რომ მეწყრის საშიშროება განისაზღვროს.

  • შესწავლილია თუ არა აჭარის რეგიონი გეოლოგიურად?

აჭარაში თავის დროზე,  გეოლოგიური სამუშაოები ჩატარება ძალიან იშვიათად ხდებოდა – სასაზღვრო ზონა იყო.

კომუნისტების პერიოდში ხულოში სტუმარს ვერ წაიყვანდი, ვერც შუახევსა და ქედაში. საშვი სჭირდებოდა. ამიტომ გეოლოგიურად ნაკლებად შესწავლილია. როცა სასაზღვრო შეზღუდვები მოიხსნა, დაიწყო შესწავლა. აჭარის ყველა სოფელი შეისწავლეს საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით 90-იანი წლების შემდგომ.

დღეს პრობლემა კადრებია. კადრები არ გვყავს. 90-იან წლებში, როდესაც გეოლოგიური სამსახური ჩამოყალიბდა, მაშინ 20 ახალგაზრდა აარჩია ბატონმა ვახტანგ ჟორდანიამ, წაიყვანა თბილისში და ჩააბარებინა გეოლოგიურ ფაკულტეტზე.

დღეს ამ ოცი ადამიანიდან 4 გეოლოგია მხოლოდ, ვინც მუშაობს. დანარჩენები, სად წავიდნენ არ ვიცი. ანაზღაურებაც შესაბამისად არ არის – იმხელა, რომ დააკავო სპეციალისტები სამსახურში.

ეს ოთხი გეოლოგი დადის და მუშაობს ყოველ დღე. ამიტომ ეს საკითხიც წამოსაწევია. ახალი კადრების მომზადებაა საჭირო. ყველა რეგიონს თავისი გეოლოგი უნდა ჰყავდეს. თუ ათი ექიმია, პედაგოგია თუ ეკონომისტია, ორ-სამი გეოლოგი თითო რეგიონს უნდა ჰყავდეს.

გეოლოგიური სამსახური დადის ცარიელი ხელებით, ტრანსპორტს აძლევენ მხოლოდ. მარტო ვიზუალური დათვალიერებით შეფასება ძნელია. გაბურღვები სჭირდება, კვლევითი სამუშაოების ჩატარება, ლაბორატორიული… ვიზუალური შეფასებით იწერება დასკვნები. ადამიანები ვართ ყველა, შეიძლება შეგვეშალოს. რა ხდება მიწისქვეშ ძნელი გასარკვევია, თუ ვიზუალურად ზედაპირზე არ გამოჩნდა ნაპრალი, ან წყალი არ გამოვიდა სადმე.

დეტალური კვლევის გარეშე ძნელია ამ ყველაფრის დაფიქსირება.

  • ეს ხომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ აღჭურვოს სპეციალისტები და შეუქმნას შესაბამისი პირობები. ჩვენთან რეაგირებენ მომხდარ მეწყერზე, მაგრამ პრევენციულად მუშაობას ვერ ვხედავთ. ამის მიზეზებზე რომ ვისაუბროთ.

ზუსტად მაგას ვამბობ, ყველა რეგიონს ჰყავს თავისი სატყეო სამსახური, თავისი მიწათმომწყობი, პედაგოგებზე და ექიმებზე აღარ ვლაპარაკობ. ასეთი ერთი სამსახური ყველა რეგიონში უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც რაიონში გავა, ნახავს, დარეკავს.

როცა სპეციალისტი დაგირეკავს და გეტყვის, რომ აი, რაღაც ბზარები გაჩნდა, ეს აუცილებლად დასაყენებელი საკითხია. მე ვთვლი, რომ უნდა არსებობდეს გეოლოგიის სამსახური ყველა რეგიონში. მით უმეტეს, ასეთ გეოლოგიურად აქტიურ ზონაში, რომელიც არის ჩვენი ზონა – ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური.

  • ჰესების გავლენაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

ფაქტობრივად არ მუშაობს და რა გავლენა უნდა მოეხდინა? მოახდინა ის, რომ თავის დროზე გვირაბები გამაგრებულია ნუ… მე მაგის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის იმიტომ, რომ… იმის წინააღმდეგ კი არ ვიყავი, რომ სინათლე არ გვინდა და ცივილიზაცია არ გვინდა, მაგრამ ამ ბუნებრივ პირობებში, ამდენი თანხის ჩადება, ამოდენა მშენებლობა, ამდენი გვირაბების გაყვანა…

ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ღურტაში ამდენი ადამიანი დაიღუპა 1971 წელს, იქეთ წაბლანაში 1989 წელს ადამიანები დაიღუპნენ, ზუსტად იქ აქვთ კაშხლები დადგმული.

აჭარის რეგიონი მაგისთვის, რომ ან ჰესი ააშენო ან კაშხალი, არ არის ბუნებრივად შერწყმული. ვერ ეგუება ერთმანეთს. ისედაც მაღალი მთები, სუსტი გრუნტები, ფიზიკო-მექანიკური თვისებები ძალიან დაბალი აქვს აჭარის გეოლოგიურ მონაცემებს რომ შეხედო. მით უმეტეს, გვირაბის გაყვანა, სადაც ბუნებრივად დაეყრდნობი, რომ ის გაუძლებს წლებს და საუკუნეებს, ჩემთვის გაუგებარია.

„მონოპოლიის დამყარება უნდათ“ – დაპირისპირება ბათუმის თევზის ბაზარში

„არ შემომატანინეს თევზი, რაზეც შეკვეთა მქონდა,“ – ამბობს მარინა მესხი, რომელიც ბათუმის თევზის ბაზარში ვაჭრობს.

დღეს, 9 თებერვალს, ბათუმის თევზის ბაზართან ერთმანეთს ბაზრის ახალი მოიჯარე და თევზის მიმწოდებელი დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

თევზით მოვაჭრეების თქმით, ბაზრის ახალი მოიჯარე ცდილობს, თევზის იმ მიმწოდებლებს შეუზღუდოს თევზის ბაზარში შეტანა, რომლებიც ბაზარს აქამდე ამარაგებდნენ.

„აბაშიძის დროსაც არ მოუთხოვიათ ასეთი რამ, 40 წელი შევათავე აქ, ეს არის ზეწოლა,“ – გვითხრა მარინა მესხმა, რომელმაც საბოლოოდ შეკვეთილი და მიღებული თევზის ბაზრის ტერიტორიაზე შეტანა შეძლო.

ბათუმში თევზის ბაზრის მესაკუთრე შპს „ზუნდაგაა“. 2024 წლის იანვრიდან ბაზარი იჯარი „გოლდენ ფიშ ბათუმმა“ აიღო [მეიჯარეები: რამაზ ცეცხლაძე, თორნიკე ვაშაყმაძე, რიმა რიჟვაძე].

პოლიცია ბათუმის თევზის ბაზართან

„ჩვენ ვიხდით ქირას, თითო დახლი დღეში 45 ლარია, იგივე ზეწოლაა ეს, თევზს მხოლოდ ჩემი მომწოდებლები მოგაწვდიანო, ეს არის ზეწოლა მთლიანად ბაზარზე.

ჩემი შეკვეთა გარეთ იყო მთელი დღე, მზის გულზე, თევზს ფერი ეცვლება, ფუჭდება… ეს აღარ უნდა განმეორდეს,“ – კატეგორიულია მარინა მესხი.

„ერთი ხელიდან მეორეში გადავიდა მონოპოლია, მხოლოდ თავისი საქონლის რეალიზება სურს [ახალ მოიჯარეს], ვისაც ამ დრომდე შემოჰქონდა, იმას უთხრეს, არაო. ფასებს შორის რა სხვაობაა, ჯერ არ ვიცი, სამომავლოდ გავიგებთ,“ – გვითხრა ნანა შარაძემ.

თევზით სხვა მოვაჭრეებმა „ბათუმელებთან“ გასაუბრებაზე უარი თქვეს. „შეთანხმება უკვე შედგა“, – მოკლედ მხოლოდ ეს გაგვიმეორა რამდენიმე მოვაჭრემ.

დუმილი არჩია რამაზ მიქელაძემაც, ის თევზის ერთ-ერთი მიმწოდებელია, ვისაც დღეს თევზის ყუთებით შეტანის დროს ბაზრის შესასვლელთან ახალი მოიჯარე, რამაზ ცეცხლაძე გადაუდგა.

„ეს არის თვითნებობა და იძულებაც, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, პოლიცია ამაზე არ რეაგირებს,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ, ის რამაზ მიქელაძის ინტერესებს იცავს.

„მონოპოლიას ცდილობენ, რომ კონკურენცია არ იყოს. როგორც ვიცი, სხვა მიმწოდებლებსაც შეუზღუდეს თევზის შეტანა… პოლიციის მაღალჩინოსნები მფარველობენ, მალე დავასახელებ, ვინ მფარველობს. გამოძიებაც არ დაიწყეს ამ დრომდე.

ეს მოვაჭრეები იქ მუშაობენ 30 წელია და აქვთ აბსოლუტური უფლება, ნებისმიერი მიმწოდებლისგან აიღონ თევზი, საკმაოდ შემოსავლიანი ადგილია და ამიტომ გაჩნდა ეს ინტერესი. რა უფლება აქვს მოიჯარეს ჩაერიოს, ვისგან იყიდის თევზს მოვაჭრე?“ – კითხულობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

„მე ავიღე ბაზრის მოწესრიგების ვალდებულება, ანტისანიტარია მიუღებელია,“ – უთხრა„ბათუმელებს“ რამაზ ცეცხლაძემ, თევზის ბაზრის ერთ-ერთმა მოიჯარემ. მას ტელეფონით ვესაუბრეთ.

„მე არავისთვის არ შემიზღუდავს თევზის შეტანა, მე დისტრიბუტორს მივეცი გაფრთხილება, არაკონკურენტულ გარემოში არ ჩააყენოს სხვა… ხან ერთი კომპანია ლობირებდა, ხან – მეორე,“ – ამბობს რამაზ ცეცხლაძე.

რა ფორმით იქმნებოდა ბაზარში არაკონკურენტული გარემო და რის საფუძველზე შეუძლია მოიჯარეს მიმწოდებლის და მოვაჭრის ურთიერთობაში ჩაერიოს? – მოიჯარემ გვითხრა, რომ დეტალურად სხვა დროს დაგველაპარაკება.

„იგივე მიმწოდებელი შეიტანს ხვალ თევზს ბაზარში?“ – ვკითხეთ რამაზ ცეცხლაძეს.

„ვნახოთ, როგორ იქნება და რა იქნება“, – გვიპასუხა თევზის ბაზრის ახალმა მოიჯარემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, ამ შემთხვევაზე დაიწყო თუ არა გამოძიება.

„ჭარბი ნალექი იყო“ – რით ხსნიან სურსათის სააგენტოში ვენახის მოსავლის განადგურებას

„ჭარბი ნალექი იყო, უჩვეულოდ მაღალი ოდენობის ნალექი მოვიდა იმ პერიოდში, როდესაც ღონისძიებები უნდა ჩატარებულიყო,“ – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი „ბათუმელებთან“.

ამ უწყებაში პესტიციდების ხარისხის შესახებ ვიკითხეთ, რადგან ქედაში ვენახის მოსავლის მასობრივად გაუნადგურდათ, ქობულეთში კი, მანდარინებს ჰქონდა შავი ლაქები. იმის მიუხედავად, რომ ფერმერები პესტიციდებს აქტიურად იყენებენ, ციტრუსის შემთხვევაში, ხარისხიანი მოსავლის მიღება მაინც პრობლემაა.

ქედელი მევენახეების აზრით, მოსავალი უხარისხო პესტიციდებმა გააფუჭა. მათ ვენახის მოვლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და წინა წლებში ასეთი შემთხვევა არ ჰქონიათ. მევენახეების თქმით, შეწამვლის პროცესში ჩართული იყვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები.

„რაიმე ისეთი დარღვევა ხარისხთან დაკავშირებით არ გამოვლენილა, გასულ წელსაც პესტიციდების და სასუქების 500-მდე ნიმუში ავიღეთ,“ – ირწმუნება ნიკა მესხი, სეს-ის მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი. მისი თქმით, ობიექტები, სადაც ფერმერები პესტიციდებს ყიდულობენ, წელიწადში მინიმუმ ერთხელ შედის სურსათის ეროვნული სააგენტო და აღებულ ნიმუშებს ლაბორატორიაში გზავნის.

სეს-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ 2023 წელს აჭარაში არსებულ ობიექტებში აღებულ ნიმუშებში ხარისხის კუთხით დარღვევა არ დაფიქსირებულა.

„იყო, მაგალითად, შემთხვევა, როცა აღიარების გარეშე ფუნქციონირებდა ობიექტი და არ იყო ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში, დარღვევა იყო ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით, რაზეც მოვახდინეთ რეაგირება,“ – განმარტავს ნიკა მესხი. – „თითოეული ობიექტი, სადაც პესტიციდების რეალიზება ხდება, ექვემდებარება აღიარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ობიექტში დაცული უნდა იყოს შესაბამისი პირობები, საწყობი უნდა ჰქონდეს, შესაბამის პირობებში ინახებოდეს პრეპარატები, ამის შემდეგ ენიჭება ობიექტს აღიარება.

ჯარიმები საკმაოდ მაღალია. მაგალითად, თუ დაურეგისტრირებელ პრეპარატს ყიდის ობიექტი, ჯარიმა 4 ათასი ლარია, განმეორების შემთხვევაში – 8 ათასი ლარი,“ – გვითხრა ნიკა მესხმა.

სეს-ის წარმომადგენლის თქმით, ვენახის მოსავლის დაზიანება დიდი ალბათობით გაზაფხულის წვიმებს უკავშირდება, ასევე აგროწესების დარღვევას.

„ვაზის შემთხვევაში განსაკუთრებით მარტივად ვრცელდება ჭრაქი, რთულია მისი კონტროლი. ჭარბი ნალექის დროს მაღალი რისკია მისი გავრცელების… ამ დროს ფერმერი ვერ ატარებს ღონისძიებას, ან ატარებს, მაგრამ მალევე ირეცხება,“ – გვითხრა ნიკა მესხმა.

ჩატარდა კვლევა, რაც დაადასტურებდა მოსავლის მასობრივად განადგურების მიზეზს?

„სოკოვანი დაავადებების ბიოლოგიაში პირდაპირ მითითებულია, რა პირობებში ვრცელდება ეს დაავადებები – ხელშემწყობი პირობაა უხვი ნალექი და მაღალი ტემპერატურა. გააჩნია, ასევე, რომელ პრეპარატს გამოიყენებს ამ დროს ფერმერი: სისტემურს, თუ კონტაქტურს. სპეციალისტის რჩევით უნდა ჩატარდეს ეს ღონისძიებები.

კარგი ფერმერები გვყავს, გამოცდილები არიან, თუმცა ვითარდება ტექნოლოგიები, ახალი პრეპარატებია ბაზარზე, ახალი მიდგომებია. ისინი მუდმივად კომუნიკაციაში უნდა იყვნენ აგრონომებთან,“ – გვითხრა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა.

როდის არის პირის ღრუში ცუდი სუნი გასტროენტეროლოგიური პრობლემა

უსიამოვნო სუნი პირიდან, იგივე ჰალიტოზი, საკმაოდ ხშირი პრობლემაა. ეს პრობლემა ძირითადად პირის ღრუს არასწორი ჰიგიენის პრობლემად მოიაზრება და ზოგჯერ ასეც არის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უსიამოვნო სუნის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობით არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში ვერც პირის ღრუსა და კბილების სისუფთავე, ვერც სპეციალური სავლებები და მით უმეტეს, ვერც ისეთი მოკლევადიანი გამოსავალი, როგორიც საღეჭი რეზინია, პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამ თემაზე „ბათუმელებთან“ „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე საუბრობს.

  • რა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს პირში ცუდი სუნი? და მათ შორის, რა გასტროენტეროლოგიური პრობლემების დროს ხდება ეს?

ჰალიტოზი ეს არის უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. მას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს.

პირველ რიგში, მოდით, უსიამოვნო სუნის გამომწვევ მექანიზმზე ვისაუბროთ. პირის ღრუში ბინადრობს სხვადასხვა ბაქტერია, საქმე ის არის, რომ პირის ღრუში არსებული ნოტიო და თბილი გარემო მათი არსებობისთვის ხელსაყრელი პირობაა. მათ გამრავლებას ხელს უწყობს საკვების მიღება. საკვების მიღების შემდეგ, როცა სათანადოდ ან საერთოდ ვერ ვახერხებთ კბილების გამოწმენდას, ნიადაგი უფრო ნოყიერი ხდება ე.წ. ცუდი ბაქტერიების გამრავლებისთვის. 

ჰალიტოზის მიზეზი შეიძლება იყოს: საკვები, თამბაქო, პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა, პირის სიმშრალე (ხშირად აწუხებთ იმ პროფესიის ადამიანებს, ვინც ბევრს საუბრობს), მედიკამენტები და შესაძლოა მიზეზი იყოს გასტროენტეროლოგიური წარმოშობის, კერძოდ გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება [GERD] და მეორე გამომწვევი ფაქტორი გახლავთ ჰელიკობაქტერია პილორი, რომელსაც კუჭის ბაქტერიასაც ეძახიან.

MayoClinic: ნერწყვი ხელს უწყობს პირის ღრუს გაწმენდას, აშორებს ნაწილაკებს, რომლებიც იწვევს ცუდ სუნს. პირის სიმშრალე შეიძლება იყოს პირში ცუდი სუნის ხელშემწყობი ფაქტორი. პირის სიმშრალე ბუნებრივად ჩნდება ძილის დროს, რაც იწვევს დილას უსიამოვნო სუნს პირის ღრუში. სიტუაცია უარესდება, თუ ღია პირით გძინავთ. მოერიდეთ თამბაქოს და დალიეთ ბევრი წყალი. არ მიიღოთ ბევრი კოფეინი, ცხარე საკვები ან ალკოჰოლი. 

  • როგორ ზემოქმედებს გასტროენტეროლოგიური ფაქტორები პირის ღრუში უსიამოვნო სუნზე?

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადებისას, საყლაპავსა და კუჭს შორის არსებული სფინქტერი კარგად ვერ იხურება, რის ფონზეც კუჭში არსებული სითხე, ანუ მარილმჟავა, ადის ზემოთ საყლაპავში და აღიზიანებს საყლაპავის ლორწოვან გარსს, რაც გამოვლინდება ენაზე თეთრი ფერის ნადებით, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ბაქტერიების გამრავლებას. შესაბამისად, ამ დროს პაციენტს ხშირად აქვს უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.

ხშირად პაციენტებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ აწუხებთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, მას შემდეგ რაც გამოირიცხება პირის ღრუს პრობლემები, ირკვევა რომ აქვთ ჰელიკობაქტერია პილორი. 

ეს ბაქტერიაა, რომელიც ბინადრობს კუჭის ნაწლავში, როდესაც ხდება იმუნური სისტემის დარღვევა, ხდება მისი გააქტიურება და იწვევს კუჭისა და ნაწლავების ანთებითი ხასიათის  ცვლილებებს და სწორედ ეს ცვლილებები აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსსა და თორმეტგოჯა ნაწლავს, რა დროსაც ერთ-ერთი სიმპტომური გამოვლინება არის პირის ღრუში უსიამოვნო სუნი.

  • სხვა რა სიმპტომატიკა აღინიშნება, პირის ღრუში უსიამოვნო სუნთან ერთად, როცა საქმე გვაქვს გასტროენტეროლოგიურ პრობლემასთან?

ზოგადად გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი ქრონიკული ხასიათის პრობლემაა, რა დროსაც პაციენტებს აწუხებთ შემდეგი სიმპტომები: გულისრევის შეგრძნება, ხშირი ბოყინი, შებერილობა და ყველაზე სახასიათო სიმპტომი – გულძმარვა.

თუ ძალიან არის გამოხატული კარდიალური რგოლის უკმარისობა, პაციენტებს უფრო ღამით აწუხებთ ეს სიმპტომი. როცა ჰორიზონტალურ მდგომარობაში წვება ადამიანი, უფრო მეტი არის ამ დროს სითხის გადადინება და ხშირად აღნიშნავენ სიმპტომების ღამით გამძაფრებას. 

  • როგორია მკურნალობა?

ვახსენეთ, რომ მიზეზები შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვევებს [მაგ. თამბაქოს მოხმარება], პირის ღრუს პათოლოგიებს, ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენებას, კუჭის პრობლემებს ან სხვა პათოლოგიებს.

მკურნალობა, ცხადია, ხდება მიზეზის მიხედვით. თუ კბილი აქვს დასაბჟენი, კბილზე უნდა იმკურნალოს, თუ ნადები აქვს – ნადები უნდა მოიშოროს, მაგრამ თუ ნადები გამოწვეულია გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსით, საჭიროა მკურნალობა მივმართოთ აქეთკენ.

ეს პრობლემა ქრონიკული ხასიათისაა, მას გამწვავებებიც ახასიათებს და რემისიებიც, ამიტომ იმ პერიოდში, როდესაც ენაზე ნადებია, პაციენტმა უნდა მიმართოს შესაბამისი პროფილის ექიმს, ჩაიტაროს შესაბამისი კვლევები და დაიწყოს მკურნალობა.

მკურნალობა მედიკამენტურია და საჭიროა პაციენტმა გაითვალისწინოს სპეციალური რეკომენდაციები. საქმე ის არის, რომ ეს არის სარქვლის დეფექტი, რომელსაც მედიკამენტები ვერ ხურავს, მაგრამ ამ რეკომენდაციების დაცვით, პაციენტისთვის ნაკლებ შემაწუხებელია ეს სიმპტომები.

ეს რეკომენდაციებია: არ შეიძლება მუცლის წინა კედლის ვარჯიში, დაძინებამდე სამი საათით ადრე შეწყვიტონ კვება, დღის განმავლობაში ჭამონ 3-4-ჯერ მცირე ულუფებით და მოერიდონ ისეთ საკვების მიღებას, რომელიც მუცელშია წნევის მომატებას იწვევს (კომბოსტო, გაზიანი სასმელები, ალკოჰოლი, ყავა).

ასევე, როდესაც ირღვევა იმუნური სისტემა და ჰელიკობაქტერია პილორი აქტიურდება, პაციენტები უჩივიან გულძმარვას, გულისრევა-ღებინებას, წვას და დისკომფორტს ეპიგასტრიუმის მიდამოში, ასევე შებერილობას. 

  • რა შეიძლება იყოს გართულება?

არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება თავი იჩინოს სხვა პრობლემებმაც. თუ პაციენტს გულძმარვა აწუხებს ხუთი წლის განმავლობაში და არ მკურნალობს, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ბარეტის საყლაპავი, კიბოსწინარე დაავადება.

პაციენტს როდესაც აწუხებს ჰალიტოზი, პირველი რიგის ექიმი, ვისაც უნდა მიმართოს, სტომატოლოგია. პაციენტს უტარდება წმენდა, ინიშნება სავლებები, რომ მოიხსნას ეს დისკომფორტი. თუ სიმპტომები არ ქრება, მეორე რიგის ექიმი არის უკვე გასტროენტეროლოგი.

ბახმაროში ახალი უბნის აშენება იგეგმება – სასტუმრო კომპლექსით და კოტეჯებით

ბახმაროს შესასვლელში, ცენტრალური გზიდან მარჯვნივ [ბახმაროს აბრასა და ვერტოდრომს შორის მდებარე ნაკვეთზე] ახალი უბნის აშენებაა დაგეგმილი.

საპროექტო ტერიტორიაზე მოიაზრება შემდეგი ობიექტების განთავსება: სასტუმრო კომპლექსი, რესტორანი, საცხოვრებელი კოტეჯები, სეზონური საბავშვო ბაღი და სათამაშო ასევე სპორტული მოედნები, დამსვენებელთა თავშეყრის ადგილები, საზოგადოებრივი ტუალეტები, ყოველდღიური მოხმარების საქონლის მაღაზიები, მომსახურების ობიექტები.

საპროექტო ტერიტორია ბახმაროს შესასვლელში სადაც ახალი უბნის აშენებაა დაგეგმილი. ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაკვეთით, ბახმაროში ახალი უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი მომზადებულია და გარემოს ეროვნულ სააგენტოში სკრინინგის ანგარიშიც გადაგზავნილია.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სკრინინგის პროცედურა, გარკვეული დეტალების დაზუსტებამდე, შეწყვიტა.

დღეს არსებული კონცეფციის მიხედვით სამომავლოდ „ახალი უბანი აქტიურად ვერ ჩაერთვება ზამთრის კურორტისათვის დამახასიათებელი აქტივობების სისტემაში – უწინარესად, სათხილამურო ტრასებისაგან მისი დაშორების გამო… ამიტომ, ახალი უბანი, ძირითადად, საზაფხულო სეზონისთვისაა განკუთვნილი და ზამთრის სეზონის ფუნქციებზე ნაკლებ გავლენას მოახდენს“.

ამასთან, კონცეფციის მიხედვით:

„ახალ უბანში განსათავსებელია სეზონური საბავშვო ბაღი და საბავშვო სათამაშო მოედნები, მცირე სასპორტო მოედანი, დამსვენებელთა თავშეყრის ადგილები, საზოგადოებრივი ტუალეტები, ყოველდღიური მოხმარების საქონლის მაღაზიები და მომსახურების ობიექტები და, – ტოპოგრაფიულად მაღალ ნიშნულზე მდებარეობის გამო, – კაფე-რესტორანი პანორამული სამზერი ბაქნითურთ (ე.წ. „ბელვედერი“).

წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს დაბა ბახმაროს განვითარებას, არსებული გზის მოწყობას და დამატებითი გზების დაგეგმვას – ველო ბილიკებით, საფეხმავლო და გამწვანებული ზოლით. სარეკრეაციო გამწვანებულ ზონებს ეთმობა 23 903,4 კვადრატული მეტრი, სადაც მოეწყობა სათამაშო, სპორტული მოედნები და მოსასვენებელი სივრცე. სპორტულ მოედანს ექნება სველი წერტილი, საშხაპე და გადასახედი.

პროექტით გათვალისწინებულ ახალ დასახლებას ექნება კავშირი მთავარ გზასთან 2 შესასვლელი გზით, რომელზეც გათვალისწინებულია ორმხრივი მოძრაობა. შიდა გზები მოწყობილია ცალმხრივი მოძრაობით, დამატებით საფეხმავლო და ველო ბილიკები გამწვანებული ზოლით გამოყოფილი, ველო და საფეხმავლო ბილიკის ზომა 150 სმ-ია.

სასტუმრო კომპლექსს და რესტორანს ეთმობა 18 881.6 კვადრატული მეტრი ტერიტორია პანორამული ხედით, ასევე ამ ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომი, რომელიც მოემსახურება სასტუმროს.

პროექტი დაყოფილია ორი ტიპის მიწის ნაკვეთებად: 120 კვ/მ [სულ 103 ნაკვეთი] და 240კვ/მ [სულ 142 ნაკვეთი], რომელიც გათვლილია ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის [კოტეჯის ტიპის].

მთავარ გზასთან ახლოს განთავსდება საინფორმაციო შენობა სტუმრებისთვის და ავტოსადგომი, რომელიც მოემსახურება მთელ ტერიტორიას“.

ახალი უბნის საპროექტო ტერიტორია ბახმაროში [ზემოთ] და ამავე ტერიტორიის ტოპოგეგმა [ქვემოთ] – სადაც მონიშნულია ნაკვეთები კოტეჯებისთვის. ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან
„ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების საპროექტო მომსახურების“ შესყიდვაზე სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს კონკურსი 300 ათასი ლარით [დღგ-ს გარეშე] ჰქონდა გამოცხადებული.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით კონკურსში მხოლოდ შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“ მონაწილეობდა, რომელთანაც სააგენტომ ხელშეკრულება 346 ათას 920 ლარზე [დღგ-ს ჩათვლით] გააფორმა 2023 წლის ნოემბერში.

ბახმაროს ახალი უბნის დაგეგმარებაზე სწორედ აღნიშნული კომპანია მუშაობს. „ამ ეტაპზე ახალი უბნის ვიზუალიზაცია/რენდერი არ არის მომზადებული, ჯერ გეგმარებითი სამუშაოებია, სხვა დეტალები მომდევნო ეტაპზე დაზუსტდება და დამუშავდება“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „ნიუ სითი დეველოფმენთში“.

დეტალების დაზუსტება „ბათუმელებმა“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოშიც სცადა, თუმცა სააგენტოში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ოფიციალურად, წერილობით უნდა მოვითხოვოთ. 

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების პარალელურად, უნდა მომზადდეს კანონით განსაზღვრული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტაცია.

ახალი უბნის განაშენიანებასთან დაკავშირებულ საკონკურსო და სხვა დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ

  • „განსაკუთრებული ბუნებრივი კლიმატური პირობებისა და დაბის განვითარების პერსპექტივის გაჩენის გამო გაიზარდა ინტერესი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის, როგორც საკურორტო/სააგარაკე დასახლების მიმართ;
  • მიუხედავად ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის არსებობისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დასახლების განაშენიანება გაიზარდა დაუგეგმავად, თვითნებური და უკანონო მშენებლობების გამო;
  • ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სადღეისოდ, დაბაში დაახლოებით 900-დან 1300-მდე უკანონო ნაგებობაა [საცხოვრებელი სახლია]. მათ შორის დაახლოებით 500 შენობა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ნაკვეთებზეა აშენებული…
  • საკვლევი არეალი მდებარეობს სარეკრეაციო ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში, კურორტამდე მომავალი საავტომობილო გზის მიმდებარედ. გამოსაკვლევი ტერიტორიის საერთო საორიენტაციო ფართობი შეადგენს 39 ჰექტარს.“ [თუმცა, განაშენიანება დაახლოებით 16 ჰექტარზეა დაგეგმილი].

გარემოს ეროვნული სააგენტო სკრინინგის პროცედურის შეწყვეტის მიზეზად გარკვეული საკითხების დაზუსტების აუცილებლობას ასახელებს.

„ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანების გეგმის პროექტის სტრატეგიული დოკუმენტის სკრინინგის პროცედურაზე წარმოდგენასთან დაკავშირებით, გაცნობებთ შემდეგ შენიშვნებს:

წერილის თანახმად, სააგენტოში დოკუმენტაცია წარმოდგენილია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის სკრინინგის პროცედურაზე, თუმცა, წარმოდგენილი დოკუმენტის სათაურში მითითებულია საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკრინინგის ანგარიში.

ასევე, დაზუსტებას საჭიროებს საკანონმდებლო საფუძველი, მათ შორის გზშ-ის სკრინინგის კრიტერიუმები.

დოკუმენტში დამგეგმავ ორგანოდ განხილულია როგორც სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, რაც საჭიროებს დაზუსტებას.

წერილს თან არ ახლავს მატერიალური სახით წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

გაცნობებთ, რომ სააგენტო სკრინინგის გადაწყვეტილების მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს ზემოაღნიშნული შენიშვნების საფუძველზე დაზუსტებული სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენის შემდგომ“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოდან სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

როგორ უნდა განვითარდეს ბახმარო – ეს საკითხი ბოლო პერიოდში გააქტიურდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბახმაროში „ორბზე“ გადაცემული მიწის ნაკვეთებისთვის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა.

კომპანია „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტს ორგანიზაცია ურბანული განვითარების ინსტიტუტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

„წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას.

კომპლექსი სრულად არის ამოვარდნილი გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან. ქალაქგეგმარებითი კუთხით კრიტიკულად მცდარია გადაწყვეტები და არ ითვალისწინებს მთელ რიგ გამოწვევებს რომელიც ამ მოცულობას მოჰყვება. კომპლექსი წინააღმდეგობაშია ადამიანურ მასშტაბთან“ – აცხადებს ორგანიზაცია.

ტრანსგენდერი ქალის ცხოვრება ბათუმში – გაწვევა ჯარში და ჰორმონალური თვითთერაპია  

ჰორმონალური თერაპია ტრანსგენდერი ადამიანების ტრანზიციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ საქართველოში ტრანსსპეციფიკური სამედიცინო სერვისების ეროვნული სტანდარტის (პროტოკოლი, გაიდლაინი) არ არსებობის გამო, აქ ეს სამედიცინო სერვისი არავისთვისაა ლეგალურად ხელმისაწვდომი. ამის გამო საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ნაწილი ჰორმონალურ თვითთერაპიას მიმართავს.

ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ჰორმონალური მედიკამენტების მიღებას ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია.

20 წლის ნანიკა მეცხრე თვეა ჰორმონალურ თვითთერაპიაზეა, ბათუმში კვალიფიციური ენდოკრინოლოგი რომ ვერ იპოვა, ჰორმონალური მედიკამენტებისა და დოზირების შესახებ ინფორმაცია სხვა ტრანსგენდერი ქალებისგან მიიღო. ამბობს, რომ გაუმართლა და მისი ფემინიზაციის პროცესი უპრობლემოდ მიმდინარეობს. საბოლოოდ კი ერთ ენდოკრინოლოგს მიაგნო, რომელიც პერიოდულად ამოწმებს ნანიკას ჯანმრთელობას. 

ნანიკას, რომელიც ამჟამად ორ სამსახურში მუშაობს, ამბობს, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომლებიც უმეტესად ოჯახისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე რჩებიან, განსაკუთრებით რთულია განათლების მიღება, დასაქმება და თავის რჩენა. 

  •  ბავშვობა

მე მქვია ნანიკა, ვარ 20 წლის, ტრანსგენდერი ქალი და საკმაოდ ბევრ სირთულეს გავდივარ, ჯერ კიდევ მცირე ასაკიდან. თავიდანვე განვსხვავდებოდი ბიჭებისგან, არამამაკაცური თვისებებით, ფემინურობით, განსხვავებული შეხედულებებით, ინტერესებით და ჩაცმით/გარეგნობით.

ყოველთვის, ისეთ გარემოში, სადაც ვიცოდი მარტო ვიქნებოდი, ვცდილობდი, ვყოფილიყავი საკუთარი თავი. სახლში რომ არ იყვნენ, დედაჩემის ნივთებს ვიყენებდი; ერთხელაც შეამჩნიეს, რომ სახეზე რაღაცები მესვა და ძალიან გავილახე დედისგან. ამის გარდა არაერთხელ გავილახე.

მისგან სულ იყო აღზრდაში ძალადობრივი მიდგომა, არასდროს მიშვებდა გარეთ, რადგან სულ „პრობლემებს ვუქმნიდი ჩემი ორიენტაციით და განსხვავებულობით“; ფიქრობდა, რომ ავად ვიყავი და ფსიქოლოგის „დახმარება“ მჭირდებოდა; „ქალაჩუნა“ – ასე მეძახდა ხოლმე – „ნუ იქცევი ქალაჩუნასავით“.

  „ბიჭი ხარ!“ – ეს კომენტარი მახსოვს სულ, თავიდან არ იყო ისე უხეშად ნათქვამი, მაგრამ მერე გამკაცრდა.

ყველა ამჩნევდა თავიდანვე, თუ ვინ ვიყავი, რადგანაც ღიად გამოვხატავდი თავს. სულ მეკითხებოდნენ, შეყვარებული გყავს? რა ჰქვია? რატომ დადიხარ სულ გოგოებთან ერთად? რატომ არ გაინტერესებს სპორტი, ბოქსი, მანქანები… მართლაც არასდროს მაინტერესებდა ასეთები, ვიტრინებში სულ თოჯინებს ვუყურებდი. მქონდა კიდეც თოჯინები, ოღონდ მეზობელს გამოვართვი და დავიტოვე.

  • ოჯახი

ოჯახში ახლაც მწვავე გარემოა, ქაოსში ვარ ამის გამო. ორ სამსახურში ვმუშაობ, ძალიან მინდა სახლიდან წავიდე, ცალკე გადავიდე საცხოვრებლად, რთული მდგომარეობა მაქვს შინ.

ამჟამად ოჯახის კიდევ ერთ წევრთან ვცხოვრობ. შინ, ფაქტობრივად, ღამის გასათევად მივდივარ და დილიდანვე გამოვდივარ, სამსახურის გამო ან ისე. დღესაც ისე გამოვედი – სახლში გაჩერება აუტანელია, რადგანაც ყოველდღიურად მძაფრდება სიტუაცია და სახლი გახდა ჩემთვის ის ადგილი, სადაც მუდმივი ქაოსი, ზეწოლა და მუდმივი ძალადობრივი გარემოა.

ამჟამად დედასთან არ მაქვს კონტაქტი, ზიზღით მიყურებდა მაგ პერიოდში. ზოგადად, არასოდეს მქონია დედაჩემისგან მხარდაჭერა, მაგრამ ახლა საერთოდ გაწყდა კონტაქტი; 

არც ერთი მშობლის მხარე არ მიჭერს მხარს და ოჯახებს შორის მიმდინარეობს მუდმივი დაპირისპირება ჩემი მდგომარეობისა და აღზრდის საკითხზე.

ბებიისთვის წარმოვადგენდი სირცხვილს სანათესავოსა და სამეზობლოში; ასეთი რაღაც მითხრა, მეორედ ქუჩაში რომ შემხვდები, არ დამელაპარაკო, მრცხვენია შენთან შეხვედრაო… ეს იყო ჩემთვის დამანგრეველი. თავიდან მიცავდა, როცა ხედავდა, რომ მჩაგრავდნენ სკოლაში, მრიყავდა ყველა, სამსახურში პრობლემები მქონდა, ალბათ ვეცოდებოდი, მაგრამ ახლა მისგანაც იგივე მოდის.

დედა და მამა დიდი ხნის წინ, ალბათ 14-15 წლის წინ, გაშორდნენ ერთმანეთს, პატარა ვიყავი მაშინ.

ოჯახის წევრებს არასდროს არსად მივყავდი სტუმრად, რომ წავიდოდნენ, როგორც ხდება ხოლმე ბავშვები ხომ მიჰყავთ? მათთვის არ წარმოვადგენდი არასდროს არაფერს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ სხვა ორიენტაციის ვიყავი.

ოჯახი მეწინააღმდეგება, რომ ღიად ვისაუბრო საკუთარ თავზე, საზოგადოებაში გახსნილი ვიყო  ორიენტაციაზე, სურთ, მაქსიმალურად დავმალო.

ახლა მამაჩემთანაც გამძაფრდა პრობლემები. ჩვენთან ახლოს გადმოვიდა საცხოვრებლად. ამას წინათ მემუქრებოდა მოკვლით და იყო ფიზიკური ძალადობის რისკიც. საშინელებებს ამბობდა, ისეთი საზიზღარი მაგალითები მოიყვანა ქალზე… 

ვერცერთი მშობელი ვერ ამჩნევს ჩემ საჭიროებებს და, ზოგადად, ჩემ არსებობას. ერთადერთი ოჯახის წევრი, ვინც მხარს მიჭერდა, მამიდა იყო, მაგრამ ბოლო პერიოდი მაგიც აღარ მაქვს.

სხვა დროსაც ყოფილა მამაჩემისგან ძალადობრივი გამოვლინებები, ერთხელ, როცა შეამჩნია, რომ სახეზე რაღაც (მაკიაჟი) მესვა, მისკენ ახლოს მიმწია ხელით და ალბათ მზად იყო, დაერტყა. გავქვავდი. ქუჩაში ვიყავით და არ უნდოდა სხვასაც ენახა მსგავსი რამ ჩემს სახეზე.

  • სკოლა

სკოლაში დაიწყო ყველაფერი…  მანერებითა და ქცევებით, თავიდანვე მეტყობოდა ფემინურობა, არასდროს ვგრძნობდი თავს ან ბიჭად ან კაცად, მასკულინური ენერგია არასდროს მქონია; თუმცა დაახლოებით 14-15 წლის ასაკიდან იწყება ჩემზე მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობა, სკოლაში, ქუჩაში… ყოფილა ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც.

შეურაცხმყოფელი კომენტარები იყო მასწავლებლისგანაც, თანაკლასელების მხრიდან მოდიოდა სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა, უფროსკლასელებისგანაც მახსოვს… 

უჩნდებოდათ კითხვა, რატომ ვარ ასეთი ფემინური, ან რატომ ვარ ბიჭთან შედარებით უფრო ლამაზი, რატომ მაცვია ასე… არ ვიცი, რას ემსახურებოდა ეს კითხვები. ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ [გვერდს ვერ ავუვლი]… ჩემი ყოველი ჩავლა, ყოველი გაკვეთილის პროცესი, იწყებოდა ჩემზე [დემონსტრაციული] ჭორაობით – იცი, ეს „პი*****ტია“, ასეთი წამოძახილები მესმოდა, რომ ჩავუვლიდი მაგათ, იმდენად ხმამაღლა მაძახებდნენ, ყველას ესმოდა. 

გაკვეთილების შემდეგ იყო გარჩევები, დაცინვა საჯაროდ – „შენ საერთოდ რა არსება ხარ“. ერთხელ სკოლასთან ბიჭები დამხვდნენ, სხეულზე შემეხნენ, ტანსაცმელზე მექაჩებოდნენ, ძირს დამაგდეს, მაგ დროს ხელები ვიტკინე, მუშტიც წამოვიდა, ტანზე ჩალურჯება მქონდა. 

ეს, ძირითადად, ბიჭებისგან მოდიოდა, გოგოებისგანაც მახსოვს უსიამოვნო რამეები, მაგრამ შემდეგ ისე შეიცვალა სიტუაცია, რომ მათგან ვიღებდი საკმაო მხარდაჭერას.

სახლშიც მითქვამს, რომ სკოლაში ძალიან მჩაგრავდნენ; ვითხოვე, ან სკოლა შევიცვალოთ, ან რამენაირად უნდა დამეხმაროთ-მეთქი… ბევრჯერ მოსულა სკოლაში მშობელი, ბევრჯერ მოხდა შელაპარაკება სხვა ბავშვების მშობლებთან. რა თქმა უნდა, ეს არ შველოდა ჩემ მდგომარეობას. 

ოჯახში მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩემ შენიღბვას, თუნდაც ჩაცმულობით, ქცევებს მისწორებდნენ. დღემდე მეუბნება ბებია – „რას გავხარ, წესიერად მოიქეცი. ისე, როგორც კაცს შეეფერება…“ ცოლის მოყვანითაც „მემუქრებიან“.

სკოლაში ჩაგვრის გამოცდილების გამო ვერ გავრისკე უნივერსიტეტში ჩაბარება. ვფიქრობ, რაც სკოლაში გავიარე, ახლა მეორედ ვეღარ გავივლი, დავეცემი სრულიად. როცა სულ გადარჩენის რეჟიმში გიწევს ყოფნა და მუდმივად ძალადობის ქვეშ ხარ, გეშინია ყველა ახალი გარემოსი, ახალი ხალხის, დაწესებულებაში მისვლის, სამსახურის დაწყების.

  • უსაფრთხოება 

ქუჩაში სამ-ოთხჯერ მქონია შემთხვევა, ჩემივე უბანში ბიჭებმა სრულიად წრე შემომარტყეს და საქმის გარჩევები დამიწყეს ორიენტაციასთან დაკავშირებით. მეუბნებოდნენ, შენ ასეთი ხარ, რას გავხარ და შენ ქალი ხო არ ხარ… კარგად ვერც ვისმენდი რას ამბობდნენ – პანიკა მემართებოდა და სრულიად ვკანკალებდი, გონება მიბნელდებოდა, არც კი მესმოდა, რა ხდებოდა.

აკიდების მომენტებიც მქონია, უკან რომ გესმის მოძახებები დედას მოგი… უბნელებისა და სხვა უბნიდან გადმოსული ბიჭებისგანაც, მაგრამ ახლა თითქოს შეიცვალა ვითარება, შეიცვალა რაღაც მათ დამოკიდებულებაში…

ჰორმონალური თერაპიის შემდეგ ჩემი ვიზუალი სწრაფად იცვლება – ქალაქში გავლის პრობლემა არ მაქვს, თუნდაც მაღალქუსლიანებით გავიარო, გარეგნობა მიწყობს ხელს. სახლში კი მაქსიმალურად ვცდილობ მასკულინურად მეცვას, მაგრამ მაინც გაღიზიანებას იწვევს ჩემი ოჯახის წევრებში, ზოგადად ჩემი არსებობა. 

ემიგრაციაც ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. თბილისში წასვლაზეც მიფიქრია, რადგან ნათესავების გამო ალბათ ბათუმი უსაფრთხო ქალაქი არ არის ჩემთვის, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას. 

ახლა, როცა თავდაჯერებული გავხდი პიროვნულად, ვხვდები, რომ საკმარისად ძლიერი ადამიანი ვარ სინამდვილეში, მინდა დავამტკიცო, რომ შეგიძლია ბათუმში იყო ტრანსგენდერი ქალი, გქონდეს სამსახური, ვითარდებოდე პროფესიულად და სარგებლობდე ყველა იმ უფლებით, რაც სხვებს აქვთ.

  • სამსახური

ეს ასაკია 16 წელი – მე ვიწყებ ვირულ მუშაობას სამსახურიდან სამსახურში, ვცდილობ დამოუკიდებლად ვიცხოვრო, მქონდეს საკუთარი შემოსავალი, რომ არ მქონდეს მშობლებთან შეხება; 

ძირითადად ჩემი სამსახურები იყო მომსახურების სფეროში – ვყოფილვარ კონსულტანტი, ბარისტა, ხელფასი საშუალოდ 300 ლარია. ახლა ორ სამსახურში ვმუშაობ, სათემო ორგანიზაციაში ახლახან დავიწყე მუშაობა, პირველ სამსახურში ჩემი საქმიანობა პიარს უკავშირდება, მესმის სერვისი, მესმის მომსახურების სტანდარტი, მომხმარებელთან კომუნიკაცია, ურთიერთობები, შეთავაზებები. მოკლედ, შემიძლია კომპანიებს გავუკეთო პიარი.

ახალ სამსახურს რომ ვეძებ, ვკითხულობ ხოლმე რამდენად ქვიარ მეგობრული სივრცეა და აღმოვაჩინე – სამშენებლო კომპანიებსა და გაყიდვებში არ არის ქვიარ მეგობრული გარემო.

ყველა ის ცოდნა, რაც ახლა მაქვს, მხოლოდ მუშაობით დავაგროვე, ხალხთან კომუნიკაციით, ადამიანებთან გამოცდილებების, უნარების, შესაძლებლობებისა და ისტორიების გაზიარებით, ინტერნეტსივრცე მეხმარებოდა. განათლებისთვის ბევრი ალტერნატიული საშუალებაა, ბევრი ორგანიზაცია თავად ზრუნავს თავისი თანამშრომლების გადამზადებაზე. ამ ეტაპზე გეგმა ასეთია – მოვახერხო დამოუკიდებლად ცხოვრება, ჩემი პროფესიული უნარების გაღრმავება, ჰორმონალური თერაპია და ალბათ, რამდენიმე წელში სქესის კვლავმინიჭების ოპერაციაც. 

  • ჰორმონალური თვითთერაპია

დარწმუნებული ვარ, ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი მიმართავს თვითნებურ თერაპიას, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ როცა არ გვაქვს შესაბამისი სერვისი, ნორმალურ ენდოკრინოლოგებთან წვდომა, დეფიციტია ამ მხრივ კომპეტენტური სპეციალისტები – სხვა რა გზაა.

როცა ენდოკრინოლოგთან მივედი ჰორმონალურ თერაპიაზე სასაუბროდ და ჩემი მდგომარეობის [გენდერული დისფორია – სტრესი და დისკომფორტი, როდესაც დაბადებისას მინიჭებული სქესი არ ემთხვევა ადამიანის გენდერულ იდენტობას] გასაზიარებლად, ვერც ერთი ენდოკრინოლოგი ვერ დამეხმარა – არ იცოდნენ, როგორ ემუშავათ ჩემთან, რა მედიკამენტი რა დოზით უნდა დაენიშნათ. 

ენდოკრინოლოგები ბათუმში ვეძებე, სხვადასხვა კლინიკაში, თავიდან პუშკინზე მივედი, ორი სხვადასხვა ენდოკრინოლოგი იყო და იცით, რა მკითხეს? – „შვილო, შენ ქრისტიანი ხარ?… რა ოჯახში იზრდები, მშობლებმა იციან?“ ეგრევე დავტოვე კაბინეტი.

ჰორმონოთერაპია დავიწყე ჩემით და სპეციალისტის ძიებაში ვიყავი, რომ გადამემოწმებინა, როგორ მიდიოდა პროცესი; საბოლოოდ ვიპოვე ერთი ენდოკრინოლოგი. ეს ქალბატონი მეხმარება მცირედი გადამოწმებით, გარკვეული პერიოდულობით ვსაზღვრავთ ჰორმონებს სისხლში.

სათემო ორგანიზაციებს შეუძლიათ თბილისში დაგაკავშირონ ასეთ რამდენიმე სპეციალისტს. თუმცა, როგორც ვთქვი, ეს სერვისი არ არსებობს საქართველოში. შესაბამისად, სხვებსაც აქვთ ჰორმონალური თერაპიის თავისით ჩატარების გამოცდილება. 

გავრისკე და ჰორმონალური თერაპია სხვა ტრანსგენდერი მეგობრებისგან აღებული ინფორმაციით დავიწყე. ჩემდა საბედნიეროდ, დღემდე  კარგად მიმდინარეობს ყველაფერი, დოზირება საშუალო სტატისტიკის მიხედვით გავზარდე, სხეულსაც მოვუსმინე და ჯანმრთელად ვარ.

დაწყება სარისკო იყო, თითქმის 6-7 თვე ვფიქრობდი – დავიწყო – არ დავიწო, ძალიან მეშინოდა, არასწორი დოზების მიღება სავალალო შედეგებს იწვევს, მაგრამ გონებასა და სხეულს შორის კავშირის წყვეტა, მუდმივი კრიტიკა და სიძულვილი საკუთარი სხეულის მიმართ, საკუთარ სხეულში არაკომფორტულად ყოფნა იმდენად გაუსაძლისია, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე და დავიწყე ჰორმონალური თერაპია.

სახლში გვიან გაიგეს ჰორმონალური თერაპიის შესახებ, მედიკამენტს კარადაში ვმალავდი, მაგრამ ფემინიზაციის პროცესი რომ დაიწყო, გაუჩნდათ კითხვები – შენ რაღაც სხვანაირად შეიცვალე და რა ხდება? გამუდმებით მაკონტროლებენ და ჩემს კარადაშიც აღმოაჩინეს მედიკამენტი. ავუხსენი, რომ ასე და ასე ხდება. ეწინააღმდეგებიან, ალბათ შიშობენ, რომ რამე არ მომივიდეს. ნაწილობრივ იმისაც ეშინიათ, რომ საკმაოდ სწრაფად ვიცვლები.

როცა ჰორმონალურ თერაპიას იწყებ, გამოწვევაა ფინანსური მდგომარეობაც, ჰორმონების თვიური ღირებულება შეიძლება 150-170 ლარამდე იყოს. დოზა იზრდება – მით უფრო მიდის ფასი ზევით.

  •  გაწვევა ჯარში

ჩემი პირველი შეხება სამხედრო სამსახურთან იყო სკოლაში, ვიღაც სამხედრო იყო მოსული და მოგვაწოდეს  ბლანკი, რომელიც უნდა შეევსო ყველა ბიჭს, რომელმაც მიაღწია კონკრეტულ ასაკს. ეს ნიშნავს, რომ სკოლა უკვე სრულდება და სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა გაიარო.

დიდი შფოთვა გამოიწვია ამ დოკუმენტმა, ხელი მიცახცახებდა – ვიცოდი, რა საფრთხეების წინაშე დავდგებოდი.

ვუთხარი მასწავლებელს, რომ ამას არ შევავსებდი. ძალიან ვბრაზობდი, დავხევ და ნაგავში ჩავყრი-მეთქი, მაგრამ შემავსებინეს მაინც. 

პირველად რომ დამიბარეს კომისარიატში, არ ვიცოდი რა ხდებოდა. ვიფიქრე, წავალ და იქ გავიგებ. იმდენად უხეში გარემო დამხვდა, ხმაც ვერ ამოვიღე შიშისგან. იმ დროს მენტალური პრობლემებიც მქონდა, იმდენად მძაფრი იყო შიშები, რომ ყველა ნაბიჯს ვაკონტროლებდი, საფრთხისგან თავის ასარიდებლად. მოკლედ, ხელი მომაწერინეს რაღაც დოკუმენტზე, მითხრეს არაფერს ისეთს არ ნიშნავს და – „ზარს დაელოდე“.

დაახლოებით ერთ კვირაში მომდის ზარი – უნდა გამოვცხადებულიყავი ჩემი პირადობით დილის 7 საათზე კომისარიატში, რადგან მიშვებენ თბილისში 30 ბიჭთან ერთად, შემოწმებაზე –  „მზადყოფნაში იყავი“. არ შემეძლო. ოთახში ჩავიკეტე. მაგ პერიოდში არსად ვჩანდი, ვიმალებოდი ქუჩაშიც. არ ვიცოდი, რომ ასეთი მალვა არ იყო საჭირო, მაგრამ სტრესი რომ გაქვს და ძლიერ საფრთხეს გრძნობ, ავტომატურად გაურბიხარ ყველაფერს.

ჯარში ბიჭების გარემოცვაში ძილი, ჭამა, ბანაობა, ვარჯიში, წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი, როცა ასეთი ვარ? ყველა რომ ამჩნევს ვინც ვარ, როგორი გარემო იქნებოდა. ჯარზე ბევრი ამბავი გამიგია და ვიცი, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს კარგად არ ექცევიან, დაუჭრიათ კიდეც ვიღაც, მაგრამ მალავენ ამ ყველაფერს.

ნაცნობის ნაცნობმა სამხედრომ მირჩია, არც გაბედო მაქ თავის შეყოფა, მაქსიმალურად ეცადე, რომ აირიდო, უმჯობესია ქვეყნიდან წახვიდე, ვიდრე მანდ მოხვდეო.

პირველ გაძახებაზე არ წავედი, მეორე გაძახებაზე არ წავედი, მესამეზეც რომ არ წავედი, ოჯახის წევრები მომადგნენ: „რატომ არ მიდიხარ? ეს ყველა ბიჭმა უნდა გაიაროს“, „იქ დაკაცდები“, „გამოსწორდები“. მაინც არ წავედი. მესამე გაძახებაზე მომდის წერილი, რომ თუ კიდევ არ გამოვცხადდები, დაიწყება სასამართლო პროცესი და დავჯარიმდები. 

ამის პარალელურად მირეკავდნენ პოლიციელები განყოფილებებიდან, ღამის 11 საათზეც შემომსვლია ზარი პოლიციიდან. სხვა სახის შფოთვა ჩამომიყალიბდა, ყველა ზარზე ცუდად ვხვდებოდი, უცხო ნომრებს საერთოდ ვერ ვპასუხობდი, მშობლებსაც ურეკავდნენ.

საბოლოოდ შევპირდი, რომ გამოვცხადდებოდი, მაგრამ ვეძებდი გზას, თუ როგორ შეიძლებოდა ამერიდებინა თავი სამხედრო სამსახურისთვის. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა „გირჩი“, ჩემი თანამშრომლისგან გავიგე, რომ მათი საბუთით შეიძლება ჯარის არიდება და რაღაც პერიოდი ეს საბუთი დამეხმარა. ბოლოს ესეც არ ჭრიდა.

მითხრეს, რომ სამხედრო სამსახური საგუშაგოზე დგომით ან დაცვაში მუშაობითაც შეგიძლია მოიხადოო, მაგრამ მე სამსახური და შემოსავალი მჭირდება. მე ბანკის ვალდებულებებიც მაქვს, ამას არავინ ითვალისწინებს.

ანაზღაურებას რომ შევეშვათ, იქ ყოფნა შეიძლება სრული ჯოჯოხეთი იყოს, როცა ტრანსგენდერი ხარ. იქ უსაფრთხო გარემოს არავინ უზრუნველყოფს ამ მხრივ. ძალიან სტერეოტიპული სივრცეა. 

საბოლოოდ სათემო ორგანიზაციის დახმარებით მქონდა კონსულტაცია ფსიქიატრთან და ავიღე დასკვნა, რომ ნამდვილია ეს ყველაფერი, მაქვს გენდერული დისფორია, ასევე შფოთვითი აშლილობა, დეპრესიული აშლილობა. ამ ცნობის ასლი მივიტანე და ჩააკრეს ჩემს საქმეში: უკვე აქვთ ინფორმაცია, რომ მე ვარ ტრანსგენდერი ადამიანი და, შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის არ გამოვდგები, ასე წერენ ხოლმე.

სათემო ორგანიზაცია დამეხმარა, მეც ვესაუბრე კომისარს, არანაირი შეურაცხმყოფელი ტონი არ იგრძნობოდა, გაკვირვებული დავრჩი, არ მეგონა, თუ ასე ყურადღებით მოეკიდებოდნენ ამ საკითხს.

ახლა თბილისში დარჩა გადამოწმება. სიმართლე გითხრათ, შემოწმების პროცედურა შფოთვას მგვრის, მაგრამ ახსენეს, რომ სხვა ბიჭებთან ერთად შემოწმებაზე მისვლა ასევე არ იქნებოდა სწორი…

  • ჯანდაცვა

დაახლოებით 2-3 თვის ინტერვალით ვაკეთებ გადამოწმებას – მხოლოდ ერთი ჰორმონის შემოწმება მიჯდება 80 ლარამდე. ბევრი რამ უნდა შეამოწმო. სისხლის საერთოს და პროფილაქტიკურ კვლევებს სამსახურის დაზღვევა მიბაზღაურებს. შეღავათია ნამდვილად, მაგრამ ტრანზიციასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პროცედურები დაზღვევის დაფინანსების მიღმაა. წინა სამსახურიც მიფინანსებდა დაზღვევას, მაგრამ ექიმმა ვერ ჩაწერა ვერსად, თუ რისთვის მჭირდებოდა ეს კვლევა.

ხარჯები დიდია, უნდა გაწყდე მუშაობაში. ორივე სამსახურის ხელფასი რომ დავთვალე, მაინც არ გეყოფა ჰორმონოთერაპიაზე, აქეთ ექიმის სერვისებისთვის. საცხოვრებელში უნდა გადავიხადო, კვება, ჩაცმა, ვაიმე, არაფერი რჩება.

ზელენსკიმ ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა და “ოქროს ვარსკვლავის” ორდენი გადასცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის.

დაჯილდოების ცერემონიას ვალერი ზალუჟნი მეუღლესთან, ელენასთან ერთად დაესწრო.

დაჯილდოების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ყოფილმა მთავარსარდალმა და ზელენსკიმ ორჯერ ჩამოართვეს ხელი და ორჯერ ჩაეხუტნენ ერთმანეთს.

ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, კირილო ბუდანოვი და სხვა სამხედრო პირები.

ვალერი ზალუჟნი ზელენსკიმ 8 თებერვალს დაითხოვა.

Exit mobile version