მთავარი,სიახლეები

„მონოპოლიის დამყარება უნდათ“ – დაპირისპირება ბათუმის თევზის ბაზარში

09.02.2024 • 4191
„მონოპოლიის დამყარება უნდათ“ – დაპირისპირება ბათუმის თევზის ბაზარში

„არ შემომატანინეს თევზი, რაზეც შეკვეთა მქონდა,“ – ამბობს მარინა მესხი, რომელიც ბათუმის თევზის ბაზარში ვაჭრობს.

დღეს, 9 თებერვალს, ბათუმის თევზის ბაზართან ერთმანეთს ბაზრის ახალი მოიჯარე და თევზის მიმწოდებელი დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

თევზით მოვაჭრეების თქმით, ბაზრის ახალი მოიჯარე ცდილობს, თევზის იმ მიმწოდებლებს შეუზღუდოს თევზის ბაზარში შეტანა, რომლებიც ბაზარს აქამდე ამარაგებდნენ.

„აბაშიძის დროსაც არ მოუთხოვიათ ასეთი რამ, 40 წელი შევათავე აქ, ეს არის ზეწოლა,“ – გვითხრა მარინა მესხმა, რომელმაც საბოლოოდ შეკვეთილი და მიღებული თევზის ბაზრის ტერიტორიაზე შეტანა შეძლო.

ბათუმში თევზის ბაზრის მესაკუთრე შპს „ზუნდაგაა“. 2024 წლის იანვრიდან ბაზარი იჯარი „გოლდენ ფიშ ბათუმმა“ აიღო [მეიჯარეები: რამაზ ცეცხლაძე, თორნიკე ვაშაყმაძე, რიმა რიჟვაძე].

პოლიცია ბათუმის თევზის ბაზართან

„ჩვენ ვიხდით ქირას, თითო დახლი დღეში 45 ლარია, იგივე ზეწოლაა ეს, თევზს მხოლოდ ჩემი მომწოდებლები მოგაწვდიანო, ეს არის ზეწოლა მთლიანად ბაზარზე.

ჩემი შეკვეთა გარეთ იყო მთელი დღე, მზის გულზე, თევზს ფერი ეცვლება, ფუჭდება… ეს აღარ უნდა განმეორდეს,“ – კატეგორიულია მარინა მესხი.

„ერთი ხელიდან მეორეში გადავიდა მონოპოლია, მხოლოდ თავისი საქონლის რეალიზება სურს [ახალ მოიჯარეს], ვისაც ამ დრომდე შემოჰქონდა, იმას უთხრეს, არაო. ფასებს შორის რა სხვაობაა, ჯერ არ ვიცი, სამომავლოდ გავიგებთ,“ – გვითხრა ნანა შარაძემ.

თევზით სხვა მოვაჭრეებმა „ბათუმელებთან“ გასაუბრებაზე უარი თქვეს. „შეთანხმება უკვე შედგა“, – მოკლედ მხოლოდ ეს გაგვიმეორა რამდენიმე მოვაჭრემ.

დუმილი არჩია რამაზ მიქელაძემაც, ის თევზის ერთ-ერთი მიმწოდებელია, ვისაც დღეს თევზის ყუთებით შეტანის დროს ბაზრის შესასვლელთან ახალი მოიჯარე, რამაზ ცეცხლაძე გადაუდგა.

„ეს არის თვითნებობა და იძულებაც, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, პოლიცია ამაზე არ რეაგირებს,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ, ის რამაზ მიქელაძის ინტერესებს იცავს.

„მონოპოლიას ცდილობენ, რომ კონკურენცია არ იყოს. როგორც ვიცი, სხვა მიმწოდებლებსაც შეუზღუდეს თევზის შეტანა… პოლიციის მაღალჩინოსნები მფარველობენ, მალე დავასახელებ, ვინ მფარველობს. გამოძიებაც არ დაიწყეს ამ დრომდე.

ეს მოვაჭრეები იქ მუშაობენ 30 წელია და აქვთ აბსოლუტური უფლება, ნებისმიერი მიმწოდებლისგან აიღონ თევზი, საკმაოდ შემოსავლიანი ადგილია და ამიტომ გაჩნდა ეს ინტერესი. რა უფლება აქვს მოიჯარეს ჩაერიოს, ვისგან იყიდის თევზს მოვაჭრე?“ – კითხულობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

„მე ავიღე ბაზრის მოწესრიგების ვალდებულება, ანტისანიტარია მიუღებელია,“ – უთხრა„ბათუმელებს“ რამაზ ცეცხლაძემ, თევზის ბაზრის ერთ-ერთმა მოიჯარემ. მას ტელეფონით ვესაუბრეთ.

„მე არავისთვის არ შემიზღუდავს თევზის შეტანა, მე დისტრიბუტორს მივეცი გაფრთხილება, არაკონკურენტულ გარემოში არ ჩააყენოს სხვა… ხან ერთი კომპანია ლობირებდა, ხან – მეორე,“ – ამბობს რამაზ ცეცხლაძე.

რა ფორმით იქმნებოდა ბაზარში არაკონკურენტული გარემო და რის საფუძველზე შეუძლია მოიჯარეს მიმწოდებლის და მოვაჭრის ურთიერთობაში ჩაერიოს? – მოიჯარემ გვითხრა, რომ დეტალურად სხვა დროს დაგველაპარაკება.

„იგივე მიმწოდებელი შეიტანს ხვალ თევზს ბაზარში?“ – ვკითხეთ რამაზ ცეცხლაძეს.

„ვნახოთ, როგორ იქნება და რა იქნება“, – გვიპასუხა თევზის ბაზრის ახალმა მოიჯარემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, ამ შემთხვევაზე დაიწყო თუ არა გამოძიება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: