მთავარი,სიახლეები

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ 8 პირი დააკავა – გამოძიება 15 წლის შემდეგ

28.07.2023 •
როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ 8 პირი დააკავა – გამოძიება 15 წლის შემდეგ

როინ შავაძის საქმეზე“ პროკურატურამ 8 პირი დააკავა, კიდევ 2 პირის მიმართ კი – ძებნა გამოაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურამ დღეს, 28 ივლისს, გაავრცელა.

2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე პროკურატურამ ბრალი კონკრეტულ პირებს 15 წლის შემდეგ წარუდგინა და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე 2020 წელს ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის [სიცოცხლის უფლება] დარღვევა დაადგინა. ევროსასამართლომ საქართველოს პროკურატურას საქმის ხელახლა გამოძიება დაავალა.

პროკურატურამ ამჯერად ის ვერსია გაახმოვანა, რაც ამ საქმეში ფაქტების ანალიზით და ჟურნალისტური მოკვლევით 15 წლის წინაც ჩანდა.

პროკურატურა არ ასაჯაროებს ბრალდებულების ვინაობას. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არც მოკლული ჯარისკაცის ქვრივს – ციცინო შავაძეს აქვს.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით [ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა], სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით  [განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია] და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით [სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით] დაიწყო.

„როინ შავაძის საქმის“ სათავისოდ გამოყენება არაერთხელ სცადა „ქართულმა ოცნებამ“ იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში დამნაშავეები არავის დაუსჯია. მაგალითად, იმ დროს, როცა როინ შავაძე მოკლეს და საქმე არ გამოიძიეს – ეს უკვე ევროსასამართლოს შემდეგ საქართველოს პროკურატურამაც დაადასტურა – აჭარის მთავარი პროკურორი ვასილ როინიშვილი იყო. ის 2020 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2020 წლის 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე. მაშინ ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა სერჟანტის საქმის გამოძიების ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა – რესან კონცელიძემ. ის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო პარლამენტში, დღეს კი, დეპუტატია.

საქართველოს პროკურატურის მიერ ხელახლა ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა  ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.

„მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა.

მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა.

იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ-ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და  შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. მომხდარის თვითმხილველი გახდა ათეულობით მოქალაქე, ვინაიდან ინციდენტი მოხდა დღის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ.

ქობულეთისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომლებიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად, ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს, 28 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა ყალბი ვერსია შეიმუშავეს, რომ თითქოს როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, დაკავებულმა კი, მგზავრობის დროს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მოთხოვნით მანქანის გაჩერება მოითხოვა, სპეცრაზმელს იარაღი წაართვა და გაისროლა. ამ ვერსიის მიხედვით, მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

„ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა.
კერძოდ, „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი, აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.

ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ თბილისისკენ მითითებული მარშრუტით დაკავებულის ეტაპირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტის გამო, 2008 წლის 16 აგვისტოს სამანქანო მაგისტრალი გადაკეტილი იყო. ამავე  ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, რისი სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა და ვითომდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პირადი დავალებით   გადაჰყავდათ, რაც ადასტურებს, რომ როინ შავაძის დაკავების ადგილიდან ტრანსპორტირების მიზანს თბილისში გადაყვანა არ წარმოადგენდა.

გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ცემის შედეგად მიყენებული მძიმე დაზიანებების, კერძოდ, მარცხენა მხრისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ფონზე, როინ შავაძისთვის შეუძლებელი იქნებოდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის სწრაფი გადაადგილება ან/და გაქცევა.
ამდენად უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში  გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს.  აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როინ შავაძე ბრიგადის სერჟანტი იყო წოდებით. 2005-2006 წლებში ის მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის  უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძე ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

საქართველოს პროკურატურა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“.

___

წაიკითხეთ ამავე თემაზე 2008 წლის აგვისტოში მომზადებული სტატია:]

სამშობლოს ღალატი თუ ნარკოტიკი- გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სპეცრაზმმა ჯარისკაცი წამებით მოკლა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: