მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როდის არის პირის ღრუში ცუდი სუნი გასტროენტეროლოგიური პრობლემა

09.02.2024 • 4763
როდის არის პირის ღრუში ცუდი სუნი გასტროენტეროლოგიური პრობლემა

უსიამოვნო სუნი პირიდან, იგივე ჰალიტოზი, საკმაოდ ხშირი პრობლემაა. ეს პრობლემა ძირითადად პირის ღრუს არასწორი ჰიგიენის პრობლემად მოიაზრება და ზოგჯერ ასეც არის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უსიამოვნო სუნის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობით არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში ვერც პირის ღრუსა და კბილების სისუფთავე, ვერც სპეციალური სავლებები და მით უმეტეს, ვერც ისეთი მოკლევადიანი გამოსავალი, როგორიც საღეჭი რეზინია, პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამ თემაზე „ბათუმელებთან“ „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე საუბრობს.

  • რა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს პირში ცუდი სუნი? და მათ შორის, რა გასტროენტეროლოგიური პრობლემების დროს ხდება ეს?

ჰალიტოზი ეს არის უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. მას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს.

პირველ რიგში, მოდით, უსიამოვნო სუნის გამომწვევ მექანიზმზე ვისაუბროთ. პირის ღრუში ბინადრობს სხვადასხვა ბაქტერია, საქმე ის არის, რომ პირის ღრუში არსებული ნოტიო და თბილი გარემო მათი არსებობისთვის ხელსაყრელი პირობაა. მათ გამრავლებას ხელს უწყობს საკვების მიღება. საკვების მიღების შემდეგ, როცა სათანადოდ ან საერთოდ ვერ ვახერხებთ კბილების გამოწმენდას, ნიადაგი უფრო ნოყიერი ხდება ე.წ. ცუდი ბაქტერიების გამრავლებისთვის. 

ჰალიტოზის მიზეზი შეიძლება იყოს: საკვები, თამბაქო, პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა, პირის სიმშრალე (ხშირად აწუხებთ იმ პროფესიის ადამიანებს, ვინც ბევრს საუბრობს), მედიკამენტები და შესაძლოა მიზეზი იყოს გასტროენტეროლოგიური წარმოშობის, კერძოდ გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება [GERD] და მეორე გამომწვევი ფაქტორი გახლავთ ჰელიკობაქტერია პილორი, რომელსაც კუჭის ბაქტერიასაც ეძახიან.

MayoClinic: ნერწყვი ხელს უწყობს პირის ღრუს გაწმენდას, აშორებს ნაწილაკებს, რომლებიც იწვევს ცუდ სუნს. პირის სიმშრალე შეიძლება იყოს პირში ცუდი სუნის ხელშემწყობი ფაქტორი. პირის სიმშრალე ბუნებრივად ჩნდება ძილის დროს, რაც იწვევს დილას უსიამოვნო სუნს პირის ღრუში. სიტუაცია უარესდება, თუ ღია პირით გძინავთ. მოერიდეთ თამბაქოს და დალიეთ ბევრი წყალი. არ მიიღოთ ბევრი კოფეინი, ცხარე საკვები ან ალკოჰოლი. 

  • როგორ ზემოქმედებს გასტროენტეროლოგიური ფაქტორები პირის ღრუში უსიამოვნო სუნზე?

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადებისას, საყლაპავსა და კუჭს შორის არსებული სფინქტერი კარგად ვერ იხურება, რის ფონზეც კუჭში არსებული სითხე, ანუ მარილმჟავა, ადის ზემოთ საყლაპავში და აღიზიანებს საყლაპავის ლორწოვან გარსს, რაც გამოვლინდება ენაზე თეთრი ფერის ნადებით, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ბაქტერიების გამრავლებას. შესაბამისად, ამ დროს პაციენტს ხშირად აქვს უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.

ხშირად პაციენტებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ აწუხებთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, მას შემდეგ რაც გამოირიცხება პირის ღრუს პრობლემები, ირკვევა რომ აქვთ ჰელიკობაქტერია პილორი. 

ეს ბაქტერიაა, რომელიც ბინადრობს კუჭის ნაწლავში, როდესაც ხდება იმუნური სისტემის დარღვევა, ხდება მისი გააქტიურება და იწვევს კუჭისა და ნაწლავების ანთებითი ხასიათის  ცვლილებებს და სწორედ ეს ცვლილებები აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსსა და თორმეტგოჯა ნაწლავს, რა დროსაც ერთ-ერთი სიმპტომური გამოვლინება არის პირის ღრუში უსიამოვნო სუნი.

  • სხვა რა სიმპტომატიკა აღინიშნება, პირის ღრუში უსიამოვნო სუნთან ერთად, როცა საქმე გვაქვს გასტროენტეროლოგიურ პრობლემასთან?

ზოგადად გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი ქრონიკული ხასიათის პრობლემაა, რა დროსაც პაციენტებს აწუხებთ შემდეგი სიმპტომები: გულისრევის შეგრძნება, ხშირი ბოყინი, შებერილობა და ყველაზე სახასიათო სიმპტომი – გულძმარვა.

თუ ძალიან არის გამოხატული კარდიალური რგოლის უკმარისობა, პაციენტებს უფრო ღამით აწუხებთ ეს სიმპტომი. როცა ჰორიზონტალურ მდგომარობაში წვება ადამიანი, უფრო მეტი არის ამ დროს სითხის გადადინება და ხშირად აღნიშნავენ სიმპტომების ღამით გამძაფრებას. 

  • როგორია მკურნალობა?

ვახსენეთ, რომ მიზეზები შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვევებს [მაგ. თამბაქოს მოხმარება], პირის ღრუს პათოლოგიებს, ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენებას, კუჭის პრობლემებს ან სხვა პათოლოგიებს.

მკურნალობა, ცხადია, ხდება მიზეზის მიხედვით. თუ კბილი აქვს დასაბჟენი, კბილზე უნდა იმკურნალოს, თუ ნადები აქვს – ნადები უნდა მოიშოროს, მაგრამ თუ ნადები გამოწვეულია გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსით, საჭიროა მკურნალობა მივმართოთ აქეთკენ.

ეს პრობლემა ქრონიკული ხასიათისაა, მას გამწვავებებიც ახასიათებს და რემისიებიც, ამიტომ იმ პერიოდში, როდესაც ენაზე ნადებია, პაციენტმა უნდა მიმართოს შესაბამისი პროფილის ექიმს, ჩაიტაროს შესაბამისი კვლევები და დაიწყოს მკურნალობა.

მკურნალობა მედიკამენტურია და საჭიროა პაციენტმა გაითვალისწინოს სპეციალური რეკომენდაციები. საქმე ის არის, რომ ეს არის სარქვლის დეფექტი, რომელსაც მედიკამენტები ვერ ხურავს, მაგრამ ამ რეკომენდაციების დაცვით, პაციენტისთვის ნაკლებ შემაწუხებელია ეს სიმპტომები.

ეს რეკომენდაციებია: არ შეიძლება მუცლის წინა კედლის ვარჯიში, დაძინებამდე სამი საათით ადრე შეწყვიტონ კვება, დღის განმავლობაში ჭამონ 3-4-ჯერ მცირე ულუფებით და მოერიდონ ისეთ საკვების მიღებას, რომელიც მუცელშია წნევის მომატებას იწვევს (კომბოსტო, გაზიანი სასმელები, ალკოჰოლი, ყავა).

ასევე, როდესაც ირღვევა იმუნური სისტემა და ჰელიკობაქტერია პილორი აქტიურდება, პაციენტები უჩივიან გულძმარვას, გულისრევა-ღებინებას, წვას და დისკომფორტს ეპიგასტრიუმის მიდამოში, ასევე შებერილობას. 

  • რა შეიძლება იყოს გართულება?

არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება თავი იჩინოს სხვა პრობლემებმაც. თუ პაციენტს გულძმარვა აწუხებს ხუთი წლის განმავლობაში და არ მკურნალობს, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ბარეტის საყლაპავი, კიბოსწინარე დაავადება.

პაციენტს როდესაც აწუხებს ჰალიტოზი, პირველი რიგის ექიმი, ვისაც უნდა მიმართოს, სტომატოლოგია. პაციენტს უტარდება წმენდა, ინიშნება სავლებები, რომ მოიხსნას ეს დისკომფორტი. თუ სიმპტომები არ ქრება, მეორე რიგის ექიმი არის უკვე გასტროენტეროლოგი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: