სიახლეები

ავტობუსის მძღოლი ქართველი ქალი პოზნანიდან

12.02.2024 •
ავტობუსის მძღოლი ქართველი ქალი პოზნანიდან

„ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული დღე იყო, როცა თბილისში დავჯექი ავტობუსზე. მეორე რთული დღე იყო, როცა ტრაილერზე დავჯექი და მარტომ ვატარე – მეგონა ტვირთი კბილებით მეჭირა.

მესამე რთული დღე იყო დღეს, 11 თებერვალს. სამი სხვადასხვა ხაზით უნდა გადამეყვანა ხალხი პოზნანში, მანამდე ჩემთვის უცნობ ქალაქში. მგზავრთა გადაყვანა რთულია და როცა პირველად აკეთებ ამას, თან ქუჩებიც არ იცი, დიდი განაცხადია. მაგრამ ძალიან კარგად გავართვი თავი,“ – უყვება „ბათუმელებს“ ეკა სირაძე, ავტობუსის მძღოლი ქალი.

ეკა ახლა პოლონეთში, პოზნანში ცხოვრობს. ლეგალურად დასაქმებამდე და ავტობუსის მძღოლად გახდომამდე დიდი გზა გამოიარა, გამოცდები ჩააბარა,  უამრავი დაბრკოლება გადალახა, თუმცა მიზნის მიღწევისკენ დაუოკებელმა სვლამ და თავდადებულმა შრომამ  ყველაფერი შეაძლებინა.

ეკას თქმით, 38 წლის ასაკში გადაწყვიტა ცხოვრებაში რაღაცები შეეცვალა და ავტობუსის მძღოლი გამხდარიყო. ყველა საჭირო საბუთი მოაგროვა და სატრანსპორტო კომპანიაში მივიდა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ჰქონდა „25 ქალი მძღოლის პროექტი“, რომელიც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა დააფინანსა. მივიღე მონაწილეობა ამ პროექტში და გავხდი ერთ-ერთი ქალი მძღოლი,“ – იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას ეკა სირაძე.

სანამ ავტობუსის მძღოლი გახდებოდა საკუთარი მაღაზია ჰქონდა – ველოსიპედებს ჰყიდდა.

„ე.წ. ქალური სამუშაო არასდროს მქონიაო,“ – ამბობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დიდი დატვირთვით უწევდა მუშაობა.

„კარგი ანაზღაურება მქონდა, მაგრამ სხვა არაფერი არ იყო. სახლი-სამსახური და 2 ათასი ლარი ხელფასი. მუშაობის მეტს მართლა ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. უნდა დამეძინა, მეორე დღეს მემუშავა. რომ არ დამეძინა საფრთხეს შევუქმნიდი ხალხს,“ – ამბობს ეკა.

დატვირთული რეჟიმით მუშაობას ერთი წლის წინ დაემშვიდობა. პოლონეთში წავიდა და ტრაილერის მძღოლად დაიწყო მუშაობა. 7 თვე იმუშავა ტრაილერზე. 13 ქვეყანა მოიარა და როგორც თავად ამბობს, უზარმაზარი გამოცდილება მიიღო.

„ცხოვრებისეული გამოცდილება აძლიერებს ადამიანს. არ მიყვარს თავის შეცოდება. „შენ არ იცი, რამდენი რამე გადამხდა“ – ვფიქრობ, ეს სიტყვები უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან ქალებმა. ეს შეცდომები ჩვენია და ამ შეცდომებმა გაგვაძლიერეს. მე არ მიყვარს, როცა მიცოდებენ და წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ვინმე შეიცოდო. როდესაც ადამიანს იცოდებ, იმას ყველანაირ ენერგიას აცლი,“ – ამბობს ეკა.

ეკამ ტრაილერზე მუშაობას თავი გასული წლის ზაფხულის ბოლოს დაანება. მიზეზი ჯანმრთელობა იყო, ასევე ისიც, რომ მძღოლობის გარდა ტვირთის აწევაც უწევდა და ფიზიკურად ამდენი ვეღარ შეძლო. ამიტომ თქვა, რომ ცვლილებების და ახალი ამბის დაწყების დრო იყო.

„ადრე სულ ვფიქრობდი, აი, გავიჭირვებ. ახლა ვფიქრობ – არ გავიჭირვებ. თუ ფული მაქვს, ისე ვიცხოვრებ, როგორც შემიძლია.

მივხვდი, რომ ტრაილერზე ვეღარ ვიმუშავებდი. ფიზიკურად აღარ შემეძლო ტვირთების ზიდვა. გადავწყვიტე გავმხდარიყავი ევროპაში ავტობუსის მძღოლი. გავიარე ყველა საჭირო პროცედურა და ვიპოვე სამსახური. ხუთი დღეა პოზნანში ვარ და ავტობუსზე ვმუშაობ. საოცარი ქალაქია. იმდენი ადამიანი დამეხმარა, ვფიქრობდი – თუ რამე სიკეთე მაქვს გაკეთებული, ყველაფერი აქ დამხვდა ერთად-მეთქი,“ – ამბობს ეკა სირაძე.

ეკას ვკითხეთ, თუ რით განსხვავდება საქართველოში ავტობუსის მძღოლად მუშაობა ევროპაში ავტობუსის მძღოლად მუშაობისგან.

„საქართველოში რომ მართავ ავტობუსს და მანქანას, ყველგან მართავ მერე,“ – გვითხრა მან და განსხვავებას გაუსვა ხაზი.

„როცა საქართველოში ხალხი ხედავს, რომ ავტობუსის მძღოლობა გინდა, გეუბნებიან – შენ ამას ვერ შეძლებ. ვერ გააკეთებ, არ გამოგივა. შენ რა ეს ადვილი გგონია?

ევროპაში იცი როგორ გხვდებიან? – „შენ ამას შეძლებ, როგორ ვერ შეძლებ! რატომ ვერ შეძლებ? რა უნდა მაგას, გამოგივა ყველაფერი“.

ძალიან დიდი განსხვავებაა დამოკიდებულებებში. და აქ, ევროპაში მართლა ყველაფერს შეძლებ.

საქართველოში სამსახურში რომ მივედით ქალები, კაცებმა თქვეს – ახლა ამათ რა ჰგონიათ, ადვილია მუშაობა? ერთი კვირა იმუშავებენ და წავლენო. დავრჩით, არ წავედით.

პატარა ავტობუსზე ვმუშაობდი. კაცები ამბობდნენ – ამას ახლა რა ჰგონია, ახალი ავტობუსი რომ მოითხოვა, ვინმე მისცემსო? ჰგონია დიდ ავტობუსზე მუშაობას შეძლებსო? მომცეს ახალი, დიდი ავტობუსი და ვიმუშავე,“ – ამბობს ეკა.

კიდევ ერთ განსხვავება, რაზეც ეკა აქცენტს აკეთებს, გზაზე მოძრაობა და მგზავრების დამოკიდებულებაა.

ეკას თქმით, თბილისში მოძრაობა ნიშნავს მუდმივ დაძაბულობას.

„ახლა აქ რა პირობებშიც ვმუშაობ, ეგეთი პირობები საქართველოში რომ მქონოდა, არ წამოვიდოდი. იცით რა სიმშვიდეა აქ?

ყველა გვითმობს გზას. არცერთი მგზავრი არ გვლანძღავს. არცერთი მგზავრი არ გვიყურებს ზემოდან და არ გვაიძულებს იქ გაუჩერო, სადაც მოუნდება. არცერთი მგზავრი არ ცდილობს, რომ კონფლიქტში შემოვიდეს.

არასწორად რომ დაამუხრუჭო ხმას არ ამოიღებს. მე მინდა ახლა რომ არასწორად დავამუხრუჭო?

ჩვენი ხალხი კიდევ ძალიან გაღიზიანებულია, მძღოლზე გადმოაქვთ აგრესია. წარმოიდგინეთ, „მანის“ ფირმის უზარმაზარ ავტობუსზე ზიხარ, რომელშიც ლამის მთელი დიდი დიღომი ზის და უცებ მანქანა გადაგიჭრის გზას არასწორად. სწრაფი რეაქცია უნდა გქონდეს. ეს ყველაფერი ჩემ ნერვულ სისტემაზე მოქმედებდა.

ამას დამატებული მუდმივად საყვირის გამოყენება. გაჩერებიდან არავინ არ გიშვებს. მოძრაობ – ან ქვეითი გადაგიჭრის გზას, ან მანქანა. სატრანსპორტო კომპანიისგან 45 დღიანი ფასიანი შვებულება გვქონდა. ის შვებულება რომ არ გვქონოდა, ალბათ გავგიჟდებოდი,“ – აღწერს თბილისში მუშაობის სირთულეს ეკა და იქვე შედარებას აკეთებს: „დღეს ნამუშევარი მაქვს 9 საათი და 38 წუთი. ამ დროის განმავლობაში არავის არ გადაუჭრია გზა, არავის გავულანძღივარ. გაჩერებაზე ქალს არ გავუჩერე, შემეშალა, ახალი ვარ ამ ხაზზე. ბოდიში მოვუხადე, ავუხსენი. არაფერი უთქვამს ისე ჩავიდა შემდეგ გაჩერებაზე“.

ეკა ამბობს, რომ მისი ცხოვრება სავსეა გამოწვევებით და ამ გამოწვევებზე გამარჯვებით. ასე მოხდა, მაშინაც, როცა 40 წლის ასაკში ოჯახი შექმნა და მალევე დაანგრია.

„40 წლის ასაკში დავქორწინდი. მეუღლეს 2 თვეში გავეყარე. არ დავრჩი იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ენერგიას მაცლიდა, რომელიც მეუბნებოდა, რომ მე არაფერი არ ვიყავი. არ დავრჩი იმ კაცის გვერდით, რომელმაც ნახა ჩემი სიძლიერე სატრანსპორტო კომპანიაში, მაგრამ მაინც მიმეორებდა, რომ მე არაფერი ვიყავი და არაფერი შემეძლო. ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ მაინც გამოვეცალე ასეთ კაცს. მუცელი მომეშალა, არ მყავს შვილი და აღარც მეყოლება, მაგრამ სულიერი სიმშვიდე მაქვს. იმ პერიოდშიც და მერეც, ჩემი ოჯახი ძალიან დამიდგა გვერდით,“ – ამბობს ეკა.

ეკას თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ. როცა ახალი ცხოვრების დაწყება გინდა და ძველის შეცვლა, ამის გაკეთება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. მისი ცხოვრებაც ამის დასტურია.

38 წლამდე ველოსიპედებს ჰყიდდა, 38 წლის ასაკში ავტობუსის მძღოლი გახდა. 42 წლის ასაკში კი სხვა ქვეყანაში წავიდა, გამოცდები ჩააბარა და ტრაილერის მართვა დაიწყო.

„არანაირ ფილმს არ ვუყურებ კომედიის და სამოტივაციო ფილმების გარდა. სამოტივაციო ინფორმაციას ვეძებ და ვიღებ. არ ვკითხულობ უარყოფით ამბებს, თავს ვარიდებ. იმდენი უარყოფითი ენერგიაა ცხოვრებაში, მე ჩემი უარყოფითიც მეყოფა, კიდევ რომ არ დავიმატო. ახლა ჩემს თავს ვუფრთხილდები, რომ არავინ მატკინოს გული.

ვფიქრობ, ქალმა თავად უნდა დაიცვა შენი თავი.

ემიგრანტ გოგოებს მინდა მივმართო, ჩემო კარგო ადამიანებო, დედებო. იცოდეთ, რომ ეს ცხოვრება ყველასია. მარტო თქვენი შვილების არ არის ეს ცხოვრება, თქვენიც არის,“ – ამბობს ეკა სირაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ისწავლა, ბევრნაირ სიტუაციას გაუმკლავდა, ეკა ფიქრობს, რომ ზოგადი განათლება აკლია. ამიტომ მომდევნო წლებში ამ დანაკლისის შევსებას აპირებს.

„დიალოგში თუ შეამჩნიეთ, სიტყვების მარაგი არ მაქვს. წერითაც გამართულად, გრამატიკულად სწორად  ვერ ვწერ. არცერთ ენაში. იმიტომ, რომ არ ვსწავლობდი სკოლაში კარგად. ხელბურთელი ვიყავი.

37 წლის ასაკში მივხვდი, რომ წიგნები უნდა მეკითხა. არადა ბევრი ინფორმაცია მაქვს, რომელიც მინდა გადავცე სხვას.

მაღაზია რომ მქონდა, საგადასახადოსთან ურთიერთობის გამოცდილებით მნიშვნელოვანი ცოდნა დავაგროვე. საზღვრის კვეთის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვფლობ. ევროპაში ლეგალურად როგორ უნდა იმუშაო, ეგ ვიცი. ინტერნეტში ვინმე რამეს რომ დაწერს და საინფორმაციო დახმარებას ითხოვს, ვეხმარები.

ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ შეიძლება ისე ვერ გადმოგცე, როგორც საჭიროა. მიჭირს გრამატიკულად წერა. რამდენჯერ მიფიქრია ქართული ენის გრამატიკის სწავლა დავიწყო, მაგრამ ჯერ ვერ ვიცლი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: