მთავარი,სიახლეები

„ბერმუხას“ 103 წლის მოცეკვავე: ვფიქრობ იმდენი ვიცოცხლო, რომ ევროპაში შესვლა მომესწროს

09.02.2024 • 13161
„ბერმუხას“ 103 წლის მოცეკვავე: ვფიქრობ იმდენი ვიცოცხლო, რომ ევროპაში შესვლა მომესწროს

დღეს 103 წლის მუხამედ ირემაძეზე გიამბობთ, რომელიც ანსამბლს „ბერმუხას“ ერთ-ერთი პირველი მოცეკვავეა.

მუხამედ ირემაძე 42 წელია ანსამბლის წევრია. ეს ანსამბლი 1982 წელს შეიქმნა.

„ბერმუხას“ პირველი მოცეკვავე მე ვიყავი და დღემდე ბერმუხაში ვარ.

ანსამბლის წევრი თუ გავხდებოდი ვერ წარმომედგინა. სულ ვცეკვავდი, მაგრამ 15-20 წლის რომ შევიქმენი, მაშინ სხვანაირად ვიგრძენი ცეკვა, როგორ რა უნდა გამეკეთებინა. ანსამბლში რომ გადავედი, ჩემზე კარგი მოცეკვავე არავინ იყო“, – გვეუბნება მუხამედ ირემაძე და საკუთარი თავის შესახებ ამბების მოყოლას „ყმაწვილობის წლების“ გახსენებით ამჯობინებს.

„რაც ვიცი და რაც გადამხდა, ამას გეტყვით თქვენც.

ბავშვობიდან შრომა, შრომა და შრომა მახსოვს. სამი კლასი ვისწავლე მხოლოდ. მერე არ იყვნენ მასწავლებლები.

„ბერმუხამდე“ საქონელს ვაბალახებდი. წავიყვანდი, ვაბალახებდი, მოვიყვანდი და დავაბამდი. მეტი არაფერი. როცა „ბერმუხაში“ გადავედი, ეს ყველაფერი დავტოვე და თავი ცეკვას მივეცი. მე მხოლოდ ცეკვა ვიცოდი, მეტი არაფერი. ჩემს მშობლებს ძალიან უხაროდათ, რომ ვცეკვავდი. პრემიებს და ჯილდოებს ვიღებდი ხოლმე, ესეც ძალიან ახარებდათ.

მე ვიყავი ერთი ბიჭი დედმამიშვილი. დანარჩენი გოგონები იყვნენ. 5 გოგო ჰყავდა მამაჩემს და ერთი ბიჭი ვიყავი მე, რის გამოც ძალიან დიდ პატივს მცემდნენ. უხაროდათ, ბიჭი გვყავსო.

გვიჭირდა. მჭადს ვჭამდით მარტო. პური სად იყო? პურის თვალით დანახვა გვენატრებოდა. სიმინდს ვთესავდით, ვფშვნიდით, ვფქვავდით და ვჭამდით.

კოლმეურნეობა იყო, თამბაქოს და მსგავს რაღაცებს ვაწარმოებდით. მაშინ ბრიგადირად ვმუშაობდი კოლმეურნეობაში. მთელი დღე, მთელი ღამე მუშაობდა ხალხი.

ხულოში, სოფელ ირემაძეებში ვცხოვრობდი. აქ [გარადოკში] დიდი ხანია არ არის, რაც საცხოვრებლად ჩამოვედი. მენატრება ხულო.

ბუნება ძალიან მიყვარს და სულ მინდა გავიდე ხოლმე, გავისეირნო. ახლა აღარ შემიძლია, მაგრამ როცა შემეძლო, ყოველდღე გავდიოდი გარეთ. დღეს ვარ, ხვალ შეიძლება აღარ ვიყო და რომ დავინახო ყველაფერი-მეთქი“, – გვიყვება მუხამედ ირემაძე.

მოცეკვავის საყვარელი ადგილი ახლა აივანია. აქ დიდ დროს ატარებს, ბუნებას, გამვლელ-გამომვლელებს უმზერს.

„ცეკვა სერიოზულად 20 წლის ასაკში დავიწყე.

როცა პატარა ვიყავი, მაშინაც ვცეკვავდი. ქორწილები ვიცოდით. მოიყრებოდა და სამობდა [ცეკვავდა] ხალხი. თავიდან მათ ვაკვირდებოდი, თუ როგორ ცეკვავდნენ და შემდეგ მეც გავდიოდი საცეკვავოდ. ასე ვისწავლე და მივეჩვიე ცეკვას.

გაუნათლებელი ხალხი ვიყავით, ბევრი ინტერესი არც გვქონდა და თუ ვინმე აცეკვდებოდა, ყველას აინტერესებდა – კაცს, ქალს, მოხუცს, ბავშვს.

თუ კონცერტს გავაკეთებდით, ხალხი მოდიოდა სახლიდან, იქიდან, აქედან… დღეს კონცერტია და ვუყუროთო“, – გვიყვება მუხამედი.

ის თავის ქორწილს იხსენებს და იმაზეც გვიყვება, თუ როგორ ხდებოდა გარიგება და აქორწინებდნენ გოგო-ბიჭებს ოჯახები.

„მაშინ როგორ იყო, იცით? ახლა რომ არის სიყვარული, მაშინ არ იყო ასე. მაშინ დაინიშნავდნენ გოგოს, ამა და ამ დღეს იქნება ქორწილიო და ეგ იყო.

მე რომ ცოლი მოვიყვანე, ვინ იყო, როგორი, არაფერი არ ვიცოდი. ქორწილი დამთავრდა, რომელი ოთახიც უნდა ყოფილიყო ჩვენი, იქ შეიყვანეს, მეც შემიყვანეს და მაშინ ავხადე პირზე ჩემს ცოლს. სახე დაფარული ჰქონდა და ვფიქრობდი, ნეტა, როგორია და ვინ არის-მეთქი. ერთმანეთს იქამდე არ ვიცნობდით.

სად წახვიდოდი, რომც არ მოგწონებოდა შენი ცოლი?! მე მომეწონა ჩემი ცოლი, კარგი ადამიანი იყო.

2 წლით უფროსი იყო ცოლი ჩემზე. 28 წლის ვიყავი მე, 30 წლის – ის. ქორწილში ვიცეკვეთ, ვიმღერეთ. მე უფრო კარგად ვცეკვავდი“.

„ბერმუხას“ უხუცეს წევრს, ინტერვიუს განმავლობაში რამდენჯერმე შევთავაზე, ხომ არ შევისვენოთ-მეთქი, რაზეც მომიჭრა – გავაგრძელოთ, მე არ დავღლილვარ, ამის არ შეგეშინდეთო.

მუხამედი ამბობს, ცეკვა იგივეა, რაც ვარჯიში და ამიტომაცაა, რომ ცეკვა „თავის შემონახვაშიც“ ეხმარება ადამიანს. თვლის, რომ ამის ცოცხალი მაგალითი თავადაა.

„როცა ცეკვავ და ხალხი გიყურებს, სულ სხვანაირი ემოციებით ივსები. დიდი პასუხისმგებლობაა.

„ბერმუხას“ ჩამოყალიბებისთანავე გავხდი მისი წევრი. დირექტორმა მიმიწვია და მეც მივიღე მისი შემოთავაზება. შემდეგ დაგვემატნენ მოცეკვავეები, ახლა სულ 13 მოცეკვავე ვართ ანსამბლში.

სხვა ქვეყნებშიც ვიყავით გასტროლებზე. სად აღარ გვიცეკვია, თუმცა ჩემი საყვარელი ღონისძიება მაინც შუამთობაა. ბავშვობიდან დავდიოდი შუამთობაზე, არც ერთი არ გამომიტოვებია“.

მუხამედ ირემაძის თქმით, ყველა ქართული ცეკვა განსაკუთრებულია, თუმცა გამორჩეულად ცეკვა „ბერმუხა“ უყვარს, რომელიც ანსამბლის სავიზიტო ბარათია.

გვეუბნება, რომ ბევრი რამ ახსენებს ახალგაზრდობას, სცენაზე დგომას და სიგელებს, სხვადასხვა ჯილდოებს და საცეკვაო ფორმას გვაჩვენებს.

„ყველა ცეკვა, რომელსაც ანსამბლში ვცეკვავთ, ჩვენებურია და მარტო კი არ ვცეკვავთ, ვმღერით კიდეც. აჭარული განდაგანა მსოფლიოში ერთადერთია და ძალიან მოსწონს ხალხს. ეს ცეკვაც განსაკუთრებით მიყვარს. ახლა რომ ვარ, ასე კი არ ვიყავი. ვფრინავდი. როცა ცეკვას ვიწყებდით ხალხი წრეს კრავდა.

ყველგან მინდა წასვლა, მაგრამ ვეღარ ვექანები. ახლა რომ „ბერმუხა“ მართავს კონცერტებს, მეც მათთან ერთად ვარ, მაგრამ ძველებურად მინდა ვცეკვავდე “ – გვეუბნება მუხამედი.

მას ვკითხეთ, კიდევ რა სურს, ძველებურად ცეკვის გარდა.

„ამას ვფიქრობ, მე იმდენი ვიცოცხლო, რომ ევროპაში შესვლა მომესწროს-მეთქი. მგონია, რომ თუ ევროპაში შევალთ ყველაფერი რიგზე იქნება“, – გვპასუხობს ის.

მუხამედ ირემაძე ხშირად უყურებს ტელევიზორს. ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესი აინტერესებს და ცდილობს, ყველაფერს მიადევნოს თვალი.

ახარებს სტუმრების მისვლა და სახლში მოწყობილი ქეიფები. „მიქცევენო“ – გვეუბნება.

საუბრის ბოლოს ანსამბლ „ბერმუხას“ უხუცეს წევრს საყვარელ კერძებზეც ვკითხეთ.

„განსაკუთრებულად ქათმის ხორცი მიყვარს. საქონლის ხორციც მიყვარს. ყოველდღე მაგას მაჭმევენ, რძის ნაწარმიდან, უფრო მეტად – ყველი და მაწონი. ბორანო რომ მიყვარს, მაგას თქმაც არ უნდა.

ცოტ-ცოტა დალევა მენატრება. ღვინოს ვსვამდი ბევრს და თან ისე, რომ ვერავინ მატყობდა თუ ნასვამი ვიყავი“ – ეღიმება მუხამედს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: