„კეკო“, „ბაბუცა“ და კიდევ 4 პირი დააკავეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 6 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ზ.კ. (მეტსახელად „კეკო“), 1986 წელს დაბადებული ნ.მ. (მეტსახელად „მაჩიტა“), 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.თ. (მეტსახელად „ბაბუცა“).

„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული ლ.ლ. და 2004 წელს დაბადებული გ.ი.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთად დასაქმებულ ბრალდებულებს – ლ.ლ.-ს და გ.ი.-ს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებულებმა, კონფლიქტის მოგვარება „ქურდული სამყაროს“ წესების მიხედვით გადაწყვიტეს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს, რის შემდეგაც ბრალდებულებს შორის „ქურდული გარჩევა“ მოეწყო.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“ – იუწყება შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 401 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
  • ტანკი – 6 476 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 12 145 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 9 669 ერთეული [+28]
  • MLRS – 984 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 671 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 413 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 896 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 734 ერთეული [+18]
  • სპეცტექნიკა – 1 533 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 571 თვითმფრინავი
  • 266 ვერტმფრენი
  • 12 618 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 469 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 076 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 222 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 074 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 782 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი ავდიივკაში ფოსფორს იყენებს – უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადა

სირსკის გადაწყვეტილებით, უკრაინას ავდეევკადან ჯარისკაცები გაჰყავს

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„კროსვორდივითაა, უნდა გამოიცნო“ – რა მოაწყვეს ბაგრატიონის ქუჩის სკვერში 2 მილიონად

„ეს კროსვორდივითაა, უნდა გამოიცნო, რა არის,“ – ხუმრობის განწყობაზე დგება მოქალაქე ბათუმში, რომელსაც ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე სკვერში ჩადგმულ ლითონის კონსტრუქციების შესახებ ვკითხეთ.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩაზე ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში დაგვიდასტურეს, რომ ლითონის კონსტრუქცია, რაც ამ სკვერში უკვე დაამონტაჟეს, მხოლოდ დეკორაციული თაღია, ღამით ნათდება და მას აღარაფერი დაემატება. აქ უპასუხოდ დატოვეს კითხვა: ვინ გადაწყვიტა და რატომ, რომ მწვანე საფარის შემცირება და ლითონის ეს დეკორაციები მოუხდებოდა ბაგრატიონის ქუჩას?

ბაგრატიონის ქუჩაზე სკვერის კეთილმოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან თითქმის 2 მილიონი ლარი – [ზუსტად 1 940 000] იხარჯება.

ბაგრატიონის ქუჩის გამყოფ ზოლზე მწვანე საფარის შემცირების ხარჯზე ქვით მოპირკეთებული ორი, განიერი ბილიკი გაჩნდა. შარტავას ქუჩიდან ხიმშიაშვილის მონაკვეთამდე სკვერში 17 ლითონის კონსტრუქცია ჩაუდგამთ – ლითონის ფურცლები გადახურული არ არის, მას მხოლოდ დეკორაციული დატვირთვა აქვს.

სკვერი ბაგრატიონის ქუჩაზე

თითქმის ყველა ადამიანი, ვისაც ბაგრატიონის ქუჩაზე შევხვდით, სკვერის მოწყობით კმაყოფილია – ეს ქუჩა 10 წელია კეთდება. შემოუღობავი და უყურადღებოდ მიტოვებული მწვანე გამყოფი ზოლი კი, ავტომანქანების პარკინგად იყო ქცეული. ამ ფაქტორს გვახსენებენ მოქალაქეებიც, რომლებსაც მწვანე საფარის შემცირება არ მოსწონთ და ლითონის კონსტრუქციაც გაუგებარია, მაგრამ სკვერი რომ გაჩნდა, მოსწონთ.

სკვერში, რომელიც ინტენსიური დატვირთვის და, მათ შორის, ტრაილერების სამოძრაო ზოლებს შორისაა, მოეწყო საბავშვო ატრაქციონიც. მოქალაქეების ნაწილმა გვითხრა, რომ ეს უსაფრთხო არ არის და მწვანე საფარის შენარჩუნება სჯობდა. გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ტრენაჟორებია მოწყობილი, არც სიჩქარის შემაფერხებელი შეგხვდებათ.

ატრაქციონი გამყოფ ზოლში მოწყობილ სკვერში

„სკვერი კარგია, მაგრამ ბავშვების გასართობი აქ არ უნდა დაემონტაჟებინათ, ხშირია მანქანების მოძრაობა და საშიშია ბავშვებისთვის, არ ვიცი, ვისი იდეა იყო ეს,“ – გვითხრა ბაგრატიონის ქუჩაზე შემხვედრმა ილია ფუტკარაძემ. მას ლითონის კონსტრუქციებზეც ვკითხეთ: „მწვანე საფარი უკეთესი იქნებოდა,“ – დასძინა მან.

რა ფუქცია აქვს ლითონის კონსტრუქციებს? – გამოკითხვა ბაგრატიონის ქუჩის ახალ სკვერში

 

„ერთი ზოლი საკმარისი იქნებოდა, ასე მეტი ფართობი დარჩებოდა სიმწვანისთვის,“ – გვითხრა შალვა ბერიძემ, ნოდარ გერსამიას აზრით კი, უმჯობესი იქნებოდა, ხანდაზმული ადამიანების ინტერესების გათვალისწინება.

„ვერ გაიგო ხალხმა, რა მიზნით არის ეს თაღები გაკეთებული, მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს? განათება აქვს, მაგრამ არის აქ სხვა განათებაც და არაბუნებრივია, ეს არამიზნობრივი ხარჯია.

მე მოვაწყობდი ისე, რომ ხანშიშესული ადამიანები ჩამოსხდნენ სადმე, ითამაშონ, თან შვილიშვილები წამოიყვანონ,“ – უთხრა ნოდარ გერსამიამ „ბათუმელებს“.

„მაგას მწვანე ნარგავები სჯობია, ვერ გამიგია, რა არის ეს,“ – ლითონის კონსტრუქცია არც მერი კობალაძეს მოსწონს. ის არ ეთანხმება ბათუმის მერიას, რომ ეს სილამაზისთვის გაკეთდა: „ულამაზოა პირიქით“, – ამბობს ის.

ადამიანები, რომლებსაც „ბათუმელები“ ბაგრატიონის ქუჩაზე დღეს, 16 თებერვალს ესაუბრა, თქვეს, რომ სამუშაოების დაწყებამდე მათ ამ პროექტის და მით უმეტეს, ლითონის კონსტრუქციების შესახებ არაფერი იცოდნენ.

„ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის დროს მოსახლეობასთან იმართებოდა შეხვედრები, რომლის დროსაც ითხოვა იქ მცხოვრებლებმა საბავშვო ატრაქციონებისა და სკვერის მოწყობა. უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებულია. პროექტზე იმუშავა გამარჯვებულმა საპროექტო სამსახურმა სამმართველოს საპროექტოსთან ერთად,“ – მხოლოდ ეს მოგვწერეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს პრესცენტრიდან.

___

ამ თემაზე:

ბაგრატიონის ქუჩა ბათუმში, რომელსაც სულ აკეთებენ – ბოლო 8 წლის ქრონოლოგია 

ქაოსური სხდომები – რა გამოიკვეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგით

„ჩემნაირ ხალხს მოსამართლე ყურადღებას არ აქცევს,“ – ეს ხელვაჩაურში, მაჭახლისპირში მცხოვრები ზურაბ ბერიძის განცდაა სასამართლოზე – მეხუთე წელია სასამართლო ზურაბ ბერიძის სარჩელს „გადატვირთულობის მოტივით“ არ განიხილავს.

ზურაბ ბერიძე სახლიდან 4.5 მეტრის დაშორებით მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გაიყვანეს. მოქალაქე მოსამართლესთან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით მივიდა, სადაც წერია: „ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობისას დარღვეულია ელექტრორადარების მოწყობის წესები… საჰაერო ელექტროხაზების დაზიანების, კერძოდ, სადენების გაწყვეტისა და ჩამოვარდნის შემთხვევაში, შესაძლებელია სადენებმა დააზიანონ, როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე ქონება“.

ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ამ ოჯახის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას საფრთხე ემუქრება, საქმის სხვა მასალებთან ერთად, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მეხუთე წელია აქვს თაროზე შემოდებული. ეს საქმე მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს აწერია.

„სასამართლოების გადატვირთულობას“ იშველიებს ლევან მურუსიძე, როცა ის სასამართლოში საქმეების განხილვის გაჭიანურებას ადასტურებს.

ახალი მოსამართლეები ზუსტად ლევან მურუსიძემ და იუსტიციის საბჭომ უნდა შეარჩიოს. GDI-ის კვლევით, 2023 წელს საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ერთი მოსამართლე დანიშნეს გამოსაცდელი ვადით. „სასამართლოს გუშაგის“ მონაცემებით კი, სასამართლოების ტოტალური გადატვირთულობის ფონზე, 100-ზე მეტი მოსამართლის ვაკანსიაა.

კანონით იუსტიციის საბჭომ იმ მოსამართლეებსაც უნდა მოსთხოვოს პასუხი, რომლებიც კანონს არღვევენ და, მაგალითად, „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეს“ 10 წლისთავზე ხელახლა განიხილავენ. „მაგრამ სისტემას სჭირდება არა დასჯილი, არამედ მორჩილი მოსამართლე,“ – ეს ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ გვითხრა. ის იმ იშვიათ ადვოკატებს შორისაა, ვინც, მართალია, შედეგს ვერ აღწევს, თუმცა მაინც უჩივის მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

  • „მეუბნებოდნენ თვალი გატყუებსო, მერე ექსპერტიზამ დაადგინა სიმართლე, მაგრამ სასამართლო არ მაქცევს ყურადღებას“ – მოქალაქე 

„თავიდან მოვიდნენ და მეუბნებოდნენ, არ იქნება ასე დაბლაო, რომ თქვენ პრობლემა შეგექმნათო. მერე მითხრეს, თვალი გატყუებსო და აჰა, მე ხომ არ ვიძახი ახლა მარტო, ექსპერტიზამ დაადგინა. პირდაპირ არ დაუწერიათ, მაგრამ დაღუპული ხარ მაგ ადგილზეო, მაგას ნიშნავს ხომ? ექსპერტიზამ გაგვამართლა, მაგრამ სასამართლო არ მაქცევს ყურადღებას,“ – გვიყვება ზურაბ ბერიძე, რომელმაც ხელვაჩაურის სასამართლოს სარჩელით 2019 წელს მიმართა.

ზურაბ ბერიძე ხელვაჩაურის მერიას, ენერგეტიკის მაშინდელ სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იმას ედავება, რომ ამ სახელმწიფო უწყებებმა ჰესის მფლობელ კომპანიას – „აჭარა ინვესტ 2007-ს“ მაღალი ძაბვის ელექტროსადენების მისი სახლის თავზე გაყვანის თანხმობა მისცეს.

ზურაბ ბერიძის თქმით, მას მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „მესაკუთრის თანხმობა“ არასდროს გაუცია და არც კომპენსაცია მიუღია.


ზურაბ ბერიძე
„მხოლოდ ორ ოჯახს შეგვეხო ეს, შოთა გორგილაძის ოჯახიც დავობს. სხვებსაც შეეხო, მაგრამ უმნიშვნელოვნოდ, მისცეს ზოგს ცოტ-ცოტა კომპენსაცია და ისინი აღარ დავობენ.

პოლიციის ძალით გაიყვანეს ეს ხაზები, ჩვენ სულ წინააღმდეგობას ვუწევდით, ბოლოს დავით რიჟვაძეც ამოვიდა [შსს-ს მაღალჩინოსანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა] და აქ ეს ხაზები უნდა გავიდეს, მორჩაო. ჩემი ცოლი ცუდად გახდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, ისეთი ნემსი გაუკეთეს, დააძინეს ღამის 12-მდე…

ძალით გაიყვანეს ის სადენები და წავიდნენ.


სქრინი ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის დროს 2019 წელს გადაღებული ვიდეოდან

მაღალი ძაბვის ელექტროსადენები ზურაბ ბერიძის სახლის თავზე
ისევ ამ სახლში ვცხოვრობ, სად წავიდეთ აბა? აივანზე გამოსვლისაც გვეშინია, არ აგვიტაციოს დენმა.

თანაც ორი პატარა შვილიშვილი მყავს, ერთი 6 წლისა, მერე – 5 წლის. 780 კვადრატული მეტრია ჩემი სახლი. რაზე უნდა მომელაპარაკონ, ან რა უნდა გადამიხადონ? მე არ მინდა საერთოდ ეს ხაზები აქ,“ – კატეგორიულია ზურაბ ბერიძე და ექსპერტიზის დასკვნასაც გვაჩვენებს.

„ზურაბ ბერიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი 110 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობისას დარღვეულია ელექტრორადარების მოწყობის წესები. საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ტერიტორია მოქცეულია ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში და დარღვეულია მანძილები ეგხ-ს სადენებიდან, როგორც საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ტერიტორიის საზღვრამდე, ასევე შენობა ნაგებობამდე,“ – ვკითხულობთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს გაცემულ დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, ზურაბ ბერიძის სახლიდან ელექტროგადამცემ ხაზამდე დისტანცია მხოლოდ 4,5 მეტრია, რაც კანონით განსაზღვრულ ნორმას არღვევს. დასკვნაში საუბარია საფრთხეებზეც.

„110 კვ ძაბვის ეგხ-ს ექსპლუატაციის პირობებში საჰაერო ელექტროხაზების დაზიანების, კერძოდ, სადენების გაწყვეტისა და ჩამოვარდნის შემთხვევაში, შესაძლებელია, სადენებმა დააზიანონ, როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე ქონება,“ – აღნიშნულია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში.

რატომ ვერ იცლის მოსამართლე ასეთი საქმეებისთვის? – მოსარჩელის მოსაზრებით დავინტერესდით.

„ალბათ რაღაც ზეწოლა აქვთ, არ ვიცი.

მოსამართლეც თუ უსამართლოდ მომექცევა, ესაა, თორემ მე ნორმალურად მაქვს ყველაფერი. თურქებს როცა დაველაპარაკეთ შორიდან, თქვენს მთავრობას მოსთხოვეთ პასუხი, ჩვენ ყველაფერი გადახდილი გვაქვსო. ხუთი წელი გავიდა, კაციშვილი არ მოსულა და არ უკითხავს არაფერი,“- გვითხრა ზურაბ ბერიძემ.

„ვითხოვთ გაცემული ნებართვის გაუქმებას და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებას, კომპენსაციაზე საუბარი არც ყოფილა, რადგან ზიანი დათვლილი არ არის,“ – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი. ის ზურაბ ბერიძის და შოთა გვარიშვილის ინტერესებს იცავს სასამართლოში.

იურისტი განმარტავს, რომ ზიანი ამ შემთხვევაში შეუფასებელია, რადგან სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა საფრთხე.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს საჯარო დაწესებულებების მხრიდან კანონის დარღვევაზე: მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნებართვის გასაცემად სავალდებულო იყო მესაკუთრის თანხმობა.

„არსებობდა მემორანდუმი ამ უწყებებს და კომპანიას შორის, მაგრამ მესაკუთრეები ჩართული არ ყოფილან ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში. ეს დაუშვებელია.  სახელმწიფომ არაფრად ჩააგდო საკუთრების უფლება, სასამართლომ კი დუმს,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი „ბათუმელებთან“.

  • „ამიტომაც აწყობს სისტემას მოსამართლე 2 ათასი საქმით“ – უფლებადამცველის დაკვირვება 

ანა ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო სისტემას არ აწყობს ამ ვითარების შეცვლა. მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში მუშაობის გამოცდილებაც აქვს და გვიხსნის, რატომ აწყობთ მოსამართლე 1000, ან 2 000 საქმით ხელში.


ანა ბერძენიშვილი „გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტ მარიამ შაინიძესთან და მოსარჩელე ლადო მჟავანაძესთან ერთად. ლადო მჟავანაძეც გონიოელია, მან 10-წლიანი დავა სასამართლოში მიწის რეგისტრაციაზე მოიგო
„საქმეების სიმრავლე ვერანაირი გამართლება ვერ იქნება. ეს იგივეა, მე რომ ვთქვა, ბევრი საქმე მაქვს და ამიტომაც, სარჩელი დროულად, ვადის შესაბამისად ვერ წარვადგინო სასამართლოში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის უკვე აღარაფერია არც ის ამბავი, რომ ჩვენი ბენეფიციარი, მაგალითად, 10 წელი ელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და გარდაიცვალა. ერთ-ერთ საქმეზე კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 57 განცხადება დამჭირდა ზუსტად, რომ უკვე მიღებული გადაწყვეტილება ჩაებარებინათ,“ – გვიყვება ანა ბერძენიშვილი და რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როცა მოსამართლეებს „ვაჟა თავართქილაძის საქმე“ გაახსენა.

ვაჟა თავართქილაძე მოქალაქეა, რომელიც საკუთარ საშაურმეზე გამოკრული განცხადებისთვის „ბათუმის ზონდერი მერი – ხალხის მტერი“ 1000 ლარით დააჯარიმეს. ეს ჯარიმა, რაც მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ კანონიერად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ კი მოქალაქე გაამართლა.

საინტერესოა ამ ამბავში გადატვირთულობის კუთხით ისაა, რომ როცა ბათუმის მერის წინააღმდეგ განცხადებას ეხებოდა საქმე, ის მალევე განიხილა სასამართლომ.

„გამოდის, სასამართლოს სცალია კონკრეტული საქმეებისთვის“ – ნიშნის მოგებასავით გამოსდის ანა ბერძენიშვილს, როცა ის ამ შეკითხვას მოსამართლეებს უსვამს, ცხადია, თუ სხდომა გაიმართა.

„ბოლო პერიოდში მოსამართლეებს 1000-დან 2 000-მდე საქმე აქვთ,“ – გვიყვება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი

ანა ბერძენიშვილი: „შეუძლებელია, ამდენი საქმე გქონდეს მოსამართლეს და რაღაც მაინც დარღვეული არ გქონდეს. შესაბამისად, არსებობს შენი დასჯის საფუძველიც, თუ სისტემის წინააღმდეგ განცხადებას გააკეთებ. ჩვენ ვიცით, როგორ ჩაკეტილია იუსტიციის სკოლის კარი მოსამართლეობის მსურველებისთვის. ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როცა თუნდაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ როგორ აღარ ინიშნებიან მოსამართლეებად ადამიანები, რომლებიც მიუღებელი აღმოჩნდნენ სისტემისთვის.

მე ალბათ ერთადერთი კადრი ვარ, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მუშაობის დროს არ მოისურვა მოსამართლეობა, სამოსამართლეო ეთიკის დეპარტამენტში ვმუშაობდი…

მოსამართლემ იცის, რომ რეაგირება არ მოხდება. ესაა მთავარი. ამ მოცემულობაში არაეთიკური ქცევა უბრალოდ სადამსჯელო სისტემის ნაწილია, რომ საბჭოს მოსამართლე ჰყავდეს დაშინებული. ადვოკატობის დროს არასდროს მიმიმართავს საბჭოსთვის, არანაირი აზრი არ აქვს. მე არ მინახავს პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე. ეს არც იქნებოდა სწორი, რადგან როცა გაძლევენ 2 ათას საქმეს, ეს მოსამართლის ბრალეული ქმედება არ არის, ეს მენეჯმენტის პრობლემაა. ის არ უშვებს სისტემაში ახალ მოსამართლეებს,“ – უთხრა ანა ბერძენიშვილმა „ბათუმელებს“.

  • „წინა ინსპექტორი დასკვნებს მაინც წერდა, ახლა მაგაზეც უარი თქვეს“ – ადვოკატი, რომელიც მოსამართლეებს უჩივის 

ადვოკატი დავით ცინცქილაძე  რომელიც ამ დრომდე მოსამართლეებს იუსტიციაში უჩივის, ამბობს, რომ მოსამართლის დასჯას ვერასდროს მიაღწია, თუმცა წინა წლებში დამოუკიდებელი ინსპექტორი დარღვევებზე დასკვნებს მაინც წერდა, საქმისწარმოება კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კენჭისყრის ეტაპზე წყდებოდა.

„წინა ინსპექტორი აზნაურაშვილი დასკვნებს წერდა, თუმცა არ მაცნობდნენ მას. ახლა ეტყობა ეს დასკვნების დაწერაც არ მოეწონათ მოსამართლეებს. მართალია, მათ არავინ სჯის, მაგრამ ეს დასკვნები ხომ ინახება ისტორიაში?“ – თავის ვარაუდს გვიზიარებს ადვოკატი დავით ცინცქილაძე და დასძენს – მას აქეთ, რაც ინსპექტორი შოთა ქადაგიძე გახდა, დასკვნებიც აღარ იწერებაო.

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს თავდაპირველად იუსტიციის საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორი სწავლობს და დასკვნას ამზადებს. გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭო იღებს.

დავით ცინცქილაძე

ვრცელია იმ მოსამართლეების სია, ვისაც ადვოკატი უჩივის. მაგალითად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძეს ადვოკატი უჩივის იმის გამო, რომ დავა, რომელიც მას ერთ თვეში უნდა განეხილა, უკვე 4 წელი არ განუხილავს.

„ეს ეხება პირადად ჩემი უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, იგივე გამოსახლებაზეა საუბარი,“ – დავით ცინცქილაძე განმარტავს, რომ ამაზე მარტივი საქმე მოსამართლისთვის არ არსებობს, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერით ყველაფერი დგინდება.

„სისტემაში არავინ არის მოტივირებული საქმის დროული განხილვით,“ – ადვოკატს ეს განცდა აქვს და კონკრეტულად მოსამართლეს სალიხ შაინიძის წინააღმდეგ სამოხელეო დანაშაულის გამოკვეთის მოთხოვნით, პროკურატურისთვისაც მიუმართავს:

„ჩემი განცხადება გადაუგზავნიათ ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებისთვის, მირეკავენ, მობრძანდით, უნდა გაგესაუბროთო. ეს განყოფილება არის იმ სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე. რა უფლება აქვს პოლიციელს, რომ მოსამართლის დანაშაული გამოიძიო? გამოძიება არც დაწყებულა, კანონი კი ამბობს, თუ დანაშაულის ნიშნებზეა მითითება, უნდა დაიწყოს გამოძიება. გენპროკურატურის საგამოძიებო ნაწილი უნდა უნდა რეაგირებდეს მსგავს შემთხვევებზე.

დავით ცინცქილაძე გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას იმაზეც, თუ რატომ ვეღარ ხდებიან ადამიანები მოსამართლეები?

„იუსტიციის საბჭო ანგარიშვალდებულებას გრძნობს არა ხალხის და კანონის, არამედ მმართველი პოლიტიკური ძალის წინაშე. მოსამართლეების დისციპლინური პასუხისმგებლობაც ისე აღიქმება, თითქოს მათ ვერ დაიცვეს მოსამართლე მომჩივნისგან…

როგორც ხედავთ, მხოლოდ მათ მიერ გამოჩეკილი კადრები ხდებიან მოსამართლეები: სხდომის მდივნები და თანაშემწეები. ესე იგი, 7 – 8 წელი თუ ხარ მოსამართლის მდივანი და აჩვენებ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია, რასაც სისტემა მოითხოვს, დაგნიშნავენ.

ამდენი ვაკანსია იმიტომ არის, რომ იოლად არ ენდობიან მაინც არავის,“ – უთხრა ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ „ბათუმელებს“.

ამ თემაზე: „სად წავიდეს მომჩივანი: ქურდთან თუ ოლიგარქთან?“ – „კლანს“ გადატვირთული სასამართლო აწყობს 

  • რას აკეთებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო? 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართლმსაჯულების ორგანოა, რომელიც კანონით დადგენილი წესით არჩევს მოსამართლეებს გამოსაცდელი ვადით, ამ ვადის დასრულების შემდეგ კი, უვადოდ ამწესებს.

იუსტიციის საბჭო, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, განიხილავს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ აგრძელებს სხდომათა გადადების მავნე პრაქტიკას. 2023 წელს გამოცხადებული 71 სხდომიდან ჩატარდა მხოლოდ 33, აქედან 20-ს არ ესწრებოდა საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე [უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე]“, – ვკითხულობთ „დემოკრატიული ინიციატივის“ GDI-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ეს ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას 2023 წელს აკვირდებოდა. 

ვლინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან კანონის დარღვევაც: უკვე 7 თვეა იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს არ აქვეყნებს:

ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ 49-ე მუხლის შესაბამისად: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები…  განთავსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე“.

კანონის მოთხოვნის მიუხედავად, არც საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება.

იმის მიუხედავად, რომ სასამართლო გადატვირთულია, 2023 წელს მხოლოდ ერთი ახალი მოსამართლე დაუნიშნავთ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით – ქრისტინე კოპალიანი.

„თუმცა იგი სასამართლო სისტემაში ახალი კადრი არ არის, 2011 წლიდან იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა ქუთაისის საქალაქო, თბილისის საქალაქო, თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებში,“ – აღნიშნულია GDI-ის მონიტორინგის ანგარიშში.

2023 წელს სულ 33 მოსამართლე გამწესდა უვადოდ, ამავდროულად, უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა: მოსამართლეების დეფიციტის პირობებში, გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეს – ნინო გიორგაძეს [ბოლნისის რაიონული სასამართლო] უვადოდ განმწესებაზე უარი უთხრეს.

ნინო გიორგაძე მოსამართლეა, ვისაც ერთხელ სასამართლო სისტემა გაუკრიტიკებია:

„შემფასებელთა მიერ მომზადებული ანგარიშების საფუძველზე ნინო გიორგაძემ ვერ დააგროვა ქულათა საკმარისი რაოდენობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილვაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლე, ნინო გიორგაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გაასაჩივრა, თუმცა მის საჩივარს მხარი საბჭოს არცერთმა წევრმა არ დაუჭირა.

უნდა აღინიშნოს, რომ სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა, თავად გადაწყვეტილების მიმღები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ქადაგიძე.

ნინო გიორგაძე არის პირველი მოსამართლე, რომელიც გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდგომ უვადოდ არ გამწესდა,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

„სასამართლოს გუშაგმა” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ნინო გიორგაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მოსამართლის დასჯად შეაფასა. ნინო გიორგაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა. მან თქვა, რომ სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილების დროს, ნინო გიორგაძე იყო ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც სამოსამართლოს დამოუკიდებლობისთვის შექმნილ საფრთხეზე მოსაზრება ღიად დააფიქსირა.

  • კიდევ რა გამოჩნდა იუსტიციის საბჭოს მონიტორინგით? 

„გაცდენების სიხშირით უპირობო ლიდერს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, რომელიც 33 სხდომიდან 20-ს [60%] არ ესწრებოდა [2 შემთხვევაში უცნობია ესწრებოდა თუ არა ნინო ქადაგიძე სხდომას, მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებიდან ვერცერთი წარმომადგენელი ვერ დაესწრო],“ – აღნიშნულია „დემოკრატიული ინიციატივის“ ანგარიშში.

  • სხდომები მიმდინარეობდა ქაოსურად: ანგარიშის მიხედვით, სხდომების შესახებ დღის წესრიგი ვადის დარღვევით ქვეყნდება. პრობლემაა საკითხების ფორმულირება, უკანასკნელ თვეებში ასევე გახშირდა სხდომათა არასამუშაო საათებში ჩატარების პრაქტიკა. „დემოკრატიული ინიციატივის“ დაკვირვებით, სხდომა ხშირად უქმდება სხდომის დაწყებამდე 1 საათით, ან 30 წუთით ადრე. „საბჭოს ცხელ ხაზსა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დარეკვისას [თუ ოპერატორმა ტელეფონს უპასუხა], ოპერატორს ხშირ შემთხვევაში არ აქვს ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ, მათ შორის, არც სხდომის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
  • სხდომები ძირითადად 10-15 წუთს გრძელდება – „იშვიათ შემთხვევებში, როცა სხდომა 40 წუთი გრძელდება. სხდომა არაორგანიზებულად იმართება, ან კონკრეტულ პირებთან გასაუბრება იმართება. საბჭოს წევრთა ძირითადი ნაწილი სხდომის მიმდინარეობისას კვლავ არააქტიურია.
  • განსხვავებული აზრი არ ფიქსირდება, ყველა გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. „დემოკრატიული ინიციატივის“ მონიტორინგის მიხედვით, ფარული კენჭისყრის პროცესში განსხვავებული ხმა ძალიან იშვიათია.

იმის მიუხედავად, რომ საბჭო სხდომების ჩატარებას ხშირად ვერ ახერხებს, ეს ხელს არ უშლის ყველა დონის სასამართლო ინსტანციაში მოსამართლეებისთვის დანამატის განსაზღვრას.

2023 წელს იუსტიციის საბჭომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო მართლმსაჯულების სისტემის თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოსთან დაკავშირებით, მაგალითად, იანვრის თვეში თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:

  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 4100 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 4025 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 3885 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 3745 ლარი;
  • თბილისის / ბათუმის / ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე – 4170 ლარი;
  • თბილისის / ბათუმის / ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე –
    4170 ლარი
  •  თბილისის / ბათუმის / ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე – 4030 ლარი;
  • სხვა რაიონული [საქალაქო] სასამართლოს თავმჯდომარე – 3540 ლარი;
  • სხვა რაიონული [საქალაქო] სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე –
    3260 ლარი ;

2023 წლის ივლისში საერთო სასამართლოების მოსამართლეებისთვის თანამდებობრივი სარგოს 70%-იანი დანამატი განისაზღვრა. ნოემბერში კი საბჭომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა დანამატის სახით თანხის განსაზღვრა: პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს დანამატის სახით განესაზღვრათ თანამდებობრივი სარგოს 30%-ი. დეკემბერში კი, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს კვლავ განესაზღვრათ დანამატი თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით [გადაწყვეტილება არ არის გამოქვეყნებული].

იუსტიციის საბჭოს უმსჯელია ხულოს მაგისტრატ სასამართლოზეც:

„საბჭომ განიხილა ხულოს მაგისტრატი სასამართლოსთვის ფართის დაქირავებაზე, რადგან სასამართლოს შენობა ავარიულია. ასევე რამდენიმე რეგიონული სასამართლოს სახურავის/ოთახების რეაბილიტაციასა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილების ჩამოწერაზე…“ – აღნიშნულია ანგარიშში.

  • „მგონია, „ცისფერ მთებში“ ვთამაშობ“ – იუსტიციის საბჭოს მონიტორი 

„მთელი წელია მაქვს განცდა, რომ „ცისფერ მთებში“ ვთამაშობ და ფოიეში ველოდები კიდევ ერთ უარყოფას სხდომასთან დაკავშირებით“, – გვიყვება მარიამ ქვარიანი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ კანონის უზენაესობის პროგრამის იურისტი. ის საიას და „სასამართლოს გუშაგის“ მონიტორებთან ერთად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომებს აკვირდება.

მარიამ ქვარიანის დაკვირვებით, ევროინტეგრაციის პროცესში იუსტიციის საბჭო, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, ფუნდამენტური რეფორმის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტ კარჩაკეტილობას ირჩევს.

მარიამ ქვარიანი

„ბიუროკრატიული ორგანოდ იქცა იუსტიციის საბჭო, სადაც დისკუსია არ არის,“ – მარიამ ქვარიანს ვთხოვეთ შეეჯერებინა, რა ორგანოა იუსტიციის საბჭო. – „უბრალოდ, ხმას აძლევენ და ერთმანეთს ეთანხმებიან. შეიძლება, 3-4 საათი ელოდო სხდომას და შემდეგ სხდომა 15 წუთში სრულდება. საგრძნობია, რომ სხდომამდე ყველაფერი წინასწარ განხილულია, ერთხმად მიიღება გადაწყვეტილებები.

სხდომებს ესწრება ლევან მურუსიძე და პოზიციებსაც გამოხატავს, თუმცა ძირითადად ეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მაგალითად, მოსამართლეთა ტრენინგი და ასე შემდეგ.

მე ვაკვირდები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პანდემიის პერიოდიდან, სისტემატურად დავიწყე 2022 წლის ნოემბრიდან. ქაოსური იყო ეს სხდომები ადრეც, ლოდინი გვიწევდა, მაგრამ ასე ხშირად არ ხდებოდა გადადება. თუ ასახელებდნენ კონკრეტულ დღეს, მეტი შანსი იყო, რომ სხდომა ჩატარებულიყო. ახლა უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო სხდომების გაცდენამ, გადადებამ და ღამით ჩატარებამ. მაგალითად, ერთ-ერთი სხდომა დაახლოებით 10 საათისთვის ჩაატარეს, არასამთავრობო ორგანიზაციები წამოვედით 9 საათის შემდეგ, რადგან ჩავთვალეთ, რომ არაგონივრული მოლოდინი გვქონდა.

საბჭოს თანამშრომლებმაც არ იციან, რამდენ ხანს მოუწევთ დარჩენა. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია ზეგანაკვეთურ ანაზღაურებაზე, როცა ღამის საათებში ტარდება სხდომები, 2023 წლის ოქტომბერში გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია, მაგრამ არ მიგვიღია პასუხი,“ – გვითხრა მარიამ ქვარიანმა.

მარიამ ქვარიანის დაკვირვებით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლეები ასევე ხშირად მიმართავენ ბინის ქირასთან დაკავშირებით – რომ ქირა გაძვირდა და დახმარება სჭირდებათ. ეს საკითხიც განუხილავს გასულ წელს იუსტიციის საბჭოს და ქალაქების მიხედვით ქირის ხარჯები გაუზრდია.

ახალი მოსამართლეების შერჩევის ნაცვლად, მონიტორის დაკვირვებით, იუსტიციის საბჭო ამჯობინებს, სადაც გამოუვალი მდგომარეობაა, მივლინებით გაუშვას მოსამართლე.

„ძირითადად ერთსა და იმავეს საკითხს განიხილავენ, იღებენ ნორმატიულ აქტებს, მაგრამ ამას არსებითი გავლენა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაზე არ აქვს. იშვიათია, რომ რეალურ პრობლემასთან დაკავშირებით რაიმე არსებითი ნაბიჯი გადადგას საბჭომ,“ – ამბობს მარიამ ქვარიანი. მას მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობაზეც ვკითხეთ. მონიტორი განმარტავს, რომ მსგავს საკითხებს საბჭო დახურულ ფორმატში განიხილავს და მისთვის უცნობია, რეალურად რამდენი მსგავსი შემთხვევა განიხილა საბჭომ.

„გამჭვირვალედ არ მუშაობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ ადრე მინიმუმს იმას მაინც აკეთებდა საბჭო, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებს ოფიციალურ ვებგვერდზე ტვირთავდა, ამ მინიმუმსაც აღარ აკმაყოფილებენ.

ეს აჩვენებს, რამდენად იკეტება იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოებისთვის. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ სარგებლობს ნდობით საზოგადოებაში, ჩაკეტვა კი აუარესებს ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის აღქმას,“ – მიიჩნევს მარიამ ქვარიანი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მუშაობაზე გასაუბრება ჩვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ვთხოვეთ. თუმცა საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გასაუბრება რომელიმე წევრთან ვერ მოხერხდება. პრესცენტრში ვერც ის გვითხრეს, რატომ არ ქვეყნდება საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

____

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

 

დახვრეტა გასამართლებისა და ბრალის დადასტურების გარეშე – სტალინური რეპრესიების მსხვერპლი აჭარიდან

1937-38 წლების სტალინურ რეპრესიებს ასეულობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. იოსებ სტალინის ბრძანებით დახვრიტეს ადამიანები, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაგრამ მათი არსებობა მიუღებელი იყო სტალინური რეჟიმისთვის.

  • დახვრეტა გასამართლებისა და ბრალის დადასტურების გარეშე

ხელვაჩაურში, აჭარისწყლის თემში მცხოვრები იბრაიმ ზაქარაძე განათლებული გლეხი იყო. მისი არსებობაც, ათასობით სხვა ადამიანის მსგავსად, მიუღებელი აღმოჩნდა რეჟიმისთვის, ამიტომ დააპატიმრეს და დახვრიტეს.

„რეაბილიტაციის ცნობაში, რომელიც ბაბუაჩემის გაქრობიდან მრავალი წლის შემდეგ ავიღეთ, წერია, რომ 1937 წლის მარტშია განაჩენი სისრულეში მოყვანილი. ანუ დაპატიმრებიდან მალევე დახვრიტეს. ძალიან უნდოდა, რომ არ ყოფილიყო საქართველოში კომუნისტური პარტია. უნდოდა, რომ არ ყოფილიყო ეს სახელმწიფო რუსეთის ქვეშევრდომი. ალბათ ამიტომ დახვრიტეს,“ – უყვება „ბათუმელებს“ 1937 წელს რეპრესირებული იბრაიმ ზაქარაძის შვილიშვილი, ნინო ბერიძე.

ნინო ბერიძე რეპრესირებული იბრაიმ ზაქარაძის შვილიშვილია ქალიშვილის ხაზით. დედამისი, სემაეთ ზაქარაძე 2 წლისაც არ ყოფილა, როდესაც იბრაიმი დააპატიმრეს და მერე „გააქრეს“.

„ბიძაშენი, მურადი 40 დღისაც არ იყო, როცა ჩემი ქმარი წაიყვანესო, იტყოდა ბებიაჩემი. დედაჩემი ორი წლის იყო. თუმცა არ ახსოვდა მამა. მძიმე დღეები გადაიტანა ოჯახმა. ბაბუაჩემი აჭარისწყლის თემში შემავალ პატარა სოფელ კიბეში დაიბადა. განათლებული და ავტორიტეტული კაცი ყოფილა. სოფელში მის აზრს თურმე ყველა პატივს სცემდა და ითვალისწინებდა,“ – გვიყვება იბრაიმის შვილიშვილი ნინო ბერიძე.

იბრაიმ ზაქარაძე და მისი მეუღლე – ემინე ცინცაძე ფოტო: ნინო ბერიძის საოჯახო ალბომიდან

ნინოს და მის ძმას ბაბუაზე მოგონებები ბებიისგან, ემინე ცინცაძისგან შემორჩათ.

„ბებიაჩემიდან გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა ძალიან კარგი ადამიანი იყო – მედგარი, პატრიოტი, სოფელში გამორჩეული პიროვნება. დოკუმენტებით გავარკვიეთ, რომ ატარებდა იატაკქვეშა კრებებს და იბრძოდა დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ეს კი საშიშროებას წარმოადგენდა მაშინდელი კომუნისტური მთავრობისთვის,“ – ამბობს ნინო ბერიძე.

რეპრესირებული იბრაიმ ზაქარაძის ისტორია

ნინო ბერიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ბაბუამისი წაიყვანეს და დახვრიტეს, ოჯახი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„ძალიან უჭირდათ. არ ჰქონდათ მაღაზიაში შესვლის უფლება. არ ჰქონდათ პურის ყიდვის საშუალება. უფრო მეტი უნდა ემუშავათ კოლექტივში – სხვას თუ ათი კილო სიმინდის ჩაბარების ვალდებულება ჰქონდა, ბებიაჩემს ოცი უნდა ჩაებარებინა. ძალიან მშრომელი ქალი იყო. დედაჩემიც იხსენებდა – 5-6 წლიდან მეც ვშრომობდიო.

ძალიან რთული პერიოდები გაიარა ბებიაჩემმა. მარტო ბებიამ არა, შვილებმაც. ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ ყველაფერში. ზოგიერთები ამბობდნენ დედაჩემზე და ბიძაჩემზე – „ხალხის მტრის შვილები“ არიანო. ნათესაობა და მეზობლობა არ ამახვილებდა ამაზე ყურადღებას, მაგრამ სხვა ადამიანებთან გვქონდა პრობლემებიო.

კინოში ვერ წავიდოდითო. ბათუმში მომავალ ავტობუსში ვერ ვჯდებოდით, რადგან ჩვენ ფულს ვერ იღებდა ავტობუსის მძღოლი, იმდენად ეშინოდა. მტრის ოჯახიდან არ შეიძლებოდა ფული აეღოო – ბებიაჩემი იტყოდა.

თუ მაინც ავიდოდი, მეტყოდა – ახლა კი წაგიყვანთ, მაგრამ მეტჯერ აღარ ჩაჯდეთ ჩემს ავტობუსში. რამდენჯერ ურმით ჩავსულვარ ბათუმში, აუცილებელი ნივთების საყიდლადო.

დედაჩემი იხსენებდა ხოლმე, ბებიაშენი თავის დიდ კაბებს ჭრიდა და ისე მიკერავდა ტანსაცმელს, ბათუმში რომ ვერ ჩადიოდა ახლის საყიდლადო.

1937 წლის რეპრესიამ ჩემს ოჯახზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ბიძაჩემი იტყოდა 20 წლით უკან ვართ იმის გამო, მამაჩემი რომ დახვრიტესო. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ისეთი ოჯახის წევრი წავიდა ჩვენიდან, რომელსაც შეეძლო მთელი საგვარეულო ფეხზე დაეყენებინა. მერე არ გვეძლეოდა საშუალება სადმე გავსულიყავით და გამოვჩენილიყავითო,“ – ამბობს ნინო ბერიძე.

ნინო ბერიძე, რეპრესირებული იბრაიმ ზაქარაძის შვილიშვილი

ნინო ბერიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ბაბუამისი, იბრაიმ ზაქარაძე სასამართლოს და ბრალის დამტკიცების გარეშე დახვრიტეს, ოჯახზე პასუხისმგებელი ბებია, ემინე ცინცაძე გახდა.

„ულამაზესი ქალი იყო ბებიაჩემი. ზუსტი თარიღი არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 1933 წელს დაქორწინდა ბაბუაჩემზე. ძალიან ცოტა ხანი იყვნენ ერთად, მაგრამ იმ ერთად ყოფნის პერიოდს უდიდესი სიყვარულით იხსენებდა.

ბებიას აქვს მოყოლილი ბაბუას დაპატიმრების ისტორიაც. გააფრთხილეს თურმე იბრაიმი, არ მიხვიდე სახლში, დაგიჭერენო. ბაბუაჩემს უთქვამს, მივალ თუ არ მივალ, მაინც დამიჭერენ, ამიტომ ოჯახთან დამშვიდობების გარეშე არ მინდა გამოგყვეთო. კიდევ უთქვამს, თუ სახლში მოხვალთ დასაჭერად, შიგნით არ შემოხვიდეთ, მე თვითონ გამოვალ თქვენთანო.

ჩვენი სოფლის მკვიდრი იყო ის პიროვნება, ვინც ბაბუაჩემი დააბეზღა. ბებია სულ გვეუბნებოდა – ამ გვარმა, ამ პიროვნებამ, დაასმინა ბაბუათქვენი. მე და ჩემი ბიძაშვილები 7 გოგო ვიზრდებოდით სახლში. ბებიაჩემი სულ გვეუბნებოდა – არ შეიყვაროთ ვინმე ამ გვარის და ამ მოდგმისო.

ბაბუას დაპატიმრების გამო ყველანაირად შეზღუდულები იყვნენ ბებია, დედაჩემი და ბიძაჩემი. ბებიას მისი ძმები ეხმარებოდნენ. თავადაც ბევრს მუშაობდა, ისე გაჰქონდათ თავი.

მიუხედავად იმისა, რომ მეზობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაინც ასე ეტყოდნენ თურმე ბებიას: „ხომ იცი, კოკვა (ბებიაჩემს ეძახდნენ ასე სიყვარულით), ასეთი დროა, ჩემთან ნუ მოხვალ, შეიძლება პრობლემა შემექმნას“.

1953 წელს იქნა ბაბუაჩემი რეაბილიტირებული და მოეხსნა მისი ოჯახის წევრებს შეზღუდვები. მანამდე კი რთული ცხოვრება განვლეს,“ – იხსენებს ნინო ბერიძე.

ნინო ბერიძის თქმით, ბებია, ემინე ცინცაძე 1986 წელს გარდაიცვალა. „მიუხედავად ყველაფრისა, მთელი ცხოვრება ელოდა ბაბუას და იმედი ჰქონდა, რომ დაბრუნდებოდაო“.

„ვერ იტანდა სტალინის სახელის გაგონებას. ბერიას ვერ იტანდა უფრო მეტად. მერე ომი რომ მოიგო სტალინმა, შედარებას აკეთებდა. ქმარი დამიხვრიტა და მე მაინც ვერ ვიტანო – შვილიშვილებს გვეუბნებოდა, თორემ საჯაროდ ვერ იტყოდა მაშინ. საერთოდ ცხოვრება დამინგრია. ძალიან ცუდი პერიოდები გამოვიარე. ბაბუაშენი რომ წაიყვანეს, ერთი კვირა ლოგინიდან ვერ ავდექიო. ისეთ სტრესში ვიყავი, სულ ვტიროდიო“, – იხსენებს ნინო ბერიძე.

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ შთამომავალთა სოციალური დაცვის ორგანიზაცია „მემორიალის“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, სოფელ აჭარისწყლიდან 32 ადამიანია რეპრესირებული. მათ შორის იყო იბრაიმ ზაქარაძე.

„მემორიალი“ გეგმავს სოფელ აჭარისწყალში მოაწყოს რეპრესირებულთა მემორიალი, რომელზეც ყველა იმ ადამიანის სახელი იქნება ამოტვიფრული, რომლებიც სოფელ აჭარისწყლიდან სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლნენ.

1937-38 წლებში სტალინის სისხლიან ტერორს მარტო საქართველოში 20 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ათასობით ადამიანი დახვრიტეს ან გადაასახლეს.

IDFI-ის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, უშუალოდ სტალინის ხელმოწერით დახვრიტეს მინიმუმ 3 616 ადამიანი. ეს სია ცნობილია როგორც ე.წ. სტალინური სია.

1937-38 წლების დიდი ტერორის დროს ადამიანებს აპატიმრებდნენ და ბრალის დადასტურების გარეშე ხვრეტდნენ. საქმეებს ე.წ. სამეული განიხილავდა. არქივების შესწავლით დადასტურებულია, რომ საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე ერთი ადამიანის საქმის განხილვა მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.

საფრანგეთში 2 შშმ შვილთან ერთად – რას ჰყვება ემიგრანტი ქალი ქართულ ჯანდაცვაზე

მაია ფუტკარაძე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ემიგრაციაში 2021 წელს წავიდა. მისი ორივე შვილი შშმ პირია, თუმცა არცერთს არ ჰქონია თანდაყოლილი შეზღუდვა. ქალი ამბობს, რომ ორივეს ექიმების შეცდომების შემდეგ გაუჩნდა პრობლემები.

მაიას უფროსი შვილი, ზაზა 10 წლის ასაკში ავარიაში მოჰყვა, ერთი თვე იყო შეერთებული ჟანგბადზე, გადარჩა, თუმცა ჟანგბადის ჭარბმა დოზამ ყელი დაუწვა და ქსოვილები უკიდურესად დაუზიანა. ოპერაციის დროს ბათუმში ყელი არასწორ ადგილას გაჭრეს და ხორხი დაუზიანეს, რაც მოგვიანებით აღიარეს ექიმებმა ოჯახთან. ზაზამ ხმა საერთოდ დაკარგა.

„თვეობით უტარებდნენ ბრონქოსკოპიას, მერე ყელი გაუჭრეს და ტრაქეოსტომია ჩაუდგეს. ასე გახდა 20 წლის. თბილისში წავედით კონსულტაციაზე და გვითხრეს, რომ ტრაქეოსტომიით ზაზა ვერასდროს შეძლებდა ლაპარაკს და დრო იყო ოპერაციები დაგვეწყო, რომ ალაპარაკებულიყო. გაუკეთეს სამი უშედეგო ოპერაცია, წერდნენ კიდეც დასკვნაში, რომ უშედეგოდ ჩატარდა ოპერაცია და ისევ ტრაქეოსტომია ჩაუდგეს კლინიკაში.

იმდენად უხარისხო იყო ეს მილი, რომ პირველი დახველებისთანავე ყელი გაეჭრა, დაზიანდა საყლაპავიც და სისხლი წასკდა. ამ დროს გამოწერილები ვიყავით კლინიკიდან. ბათუმში ვიყავით და არ ვიცოდით რა გვექნა. სასწრაფოთი წავიყვანეთ თბილისში. აღიარეს, რომ საყლაპავი იყო გაჭრილი და ქსოვილები დაზიანებული. შვილს ვეღარ ვაჩერებდი კლინიკაში, გარბოდა საავადმყოფოდან და მივდევდით.

წავედით თურქეთში, სადაც გვითხრეს, რომ ვერ გააკეთებდნენ ვერაფერს გარდა იმისა, რომ გაკერავდნენ საყლაპავს. გაკერეს და დავბრუნდით საქართველოში“, – იხსენებს მაია 7 წლის წინანდელ ამბებს.

ზაზამ მეხუთე კლასის შემდეგ სკოლაში ვეღარ იარა, სკოლა შორს იყო და გადაადგილება მის ყელს პრობლემებს უქმნიდა. ატესტატი სიმბოლურად მიიღო, სწავლის პროცესს ჩამორჩა. მერე ბევრი სხვადასხვა კურსი გაიარა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სურდა რაიმე შეესწავლა კოლეჯში, რომ დასაქმებულიყო, თუმცა რახან საუბარი არ შეეძლო, ვერსად საქმდებოდა და მაია ამბობს, რომ ბათუმის პროფესიულ სასწავლებელშიც არ მიიღეს.

ზაზამ სუიციდი სცადა, მამამ ძლივს გადაარჩინა. ამას დაემატა ისიც, რომ მაიას უმცროს ბიჭს ყურის დაუსრულებელი ტკივილი დაეწყო.

ექიმთან რომ მიიყვანეს ყელ-ყური გამოურეცხეს და დაუნიშნეს ანტიბიოტიკი. ბავშვი დაუსრულებლად ტიროდა ტკივილებისგან. ისევ ექიმთან მიჰყავდათ და იგივე პროცედურები მეორდებოდა, პრობლემა კი არ გვარდებოდა.

ბავშვს მალე ყურზე ოპერაცია გაუკეთეს. აღმოჩნდა, რომ ბუზი შეფრინდა ნიჟარაში და დაჩირქდა. ოპერაციისას ყველაფერი გაწმინდეს, თუმცა ბავშვმა ცალ ყურში სმენა დაკარგა, ხრტილი დაუზიანდა.

„ამ ყველაფრის შემდეგ საფრანგეთში ემიგრაცია გადავწყვიტეთ. უმცროს შვილს რომ ცალ ყურში სრულად ჰქონდა სმენა დაკარგული, ეს ფრანგმა ექიმებმა აღმოაჩინეს სასკოლო გეგმური შემოწმებისას. მათ ბევრი იბრძოლეს ჩემს შვილს სმენა რომ დაჰბრუნებოდა, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ სმენა ვეღარ აღდგებოდა. შშმ პირის სტატუსი მიანიჭეს. ახლა ველოდებით ყურის აპარატს, რომელსაც საფრანგეთის სახელმწიფო გვიფინანსებს და 2600 ევრო ღირს“, – ამბობს ორი შშმ პირის დედა.

საფრანგეთში ოჯახი ლტოლვილად ჩაბარდა. სტატუსზე მათ თავიდან უარი უთხრეს, თუმცა მერე სასამართლო მოიგეს და მიიღეს საცხოვრებელი, მუშაობის და ცხოვრების უფლება.

ზაზას ჯანმრთელობის 100%-იანი დაზღვევა აქვს. საფრანგეთში ჩასვლიდან 1 წლის შემდეგ მას პირველი ოპერაცია გაუკეთეს. დაყოვნებებით და ჩუმად, თუმცა ალაპარაკდა. საყლაპავის გაწმენდას და ჩაკეტილის სასუნთქი მილის გახსნას დიდი ბრძოლა დასჭირდა:

„ფრანგი ექიმები არ გასცემენ უსაფუძვლო დაპირებებს, მაგრამ არის შანსი, რომ ჩემი შვილი სრულფასოვნად ალაპარაკდეს, არა ისე, როგორც ადრე, სანამ ყელი დაუზიანდებოდა, მაგრამ მაინც. კლინიკა, სადაც მას მკურნალობენ ტულუზადან 50 კილომეტრის დაშორებითაა. ჩვენ ტულუზაში ვცხოვრობთ. გვაკითხავს ტაქსი და მივყავართ საავადმყოფომდე და უკან. ესეც დაზღვევაში შედის. ყველა წამალი უფასოა. ევროპელებისგან მაოცებს ის, რომ უზარმაზარი გულისხმიერებით ექცევიან განურჩევლად ყველას, არ აქვს მათთვის მნიშვნელობა შენ ფრანგი ხარ თუ უცხოელი.

ზაზა ახლა 27 წლისაა. მძიმე ცხოვრებას გავდივართ. 10 წელი ჩემი შვილის ტანჯვას ვუყურებ. მხოლოდ 10 წლამდე ჰქონდა ბავშვობა. მას მერე მისი ცხოვრება საავადმყოფოდან საავადმყოფოში სიარულია. არ შეიძლება დალევა, არ შეიძლება ურთიერთობები, რადგან შეიძლება ინფექცია განვითარდეს, არანაირ უფლებას არ აძლევდნენ საქართველოში. აქ რომ ჩამოვიყვანეთ ბევრი შეზღუდვა მოუხსნეს, უყურებენ როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს“, – ამბობს მაია ფუტკარაძე.

საქართველოში დაბრუნებაზე როცა ვეკითხებით, გვპასუხობს, რომ ახლა ეს წარმოუდგენლად მიაჩნია. მით უფრო, რომ აჭარისწყლის სოფელ კაპნისთავში, სადაც მათი სახლი დგას, მეწყერია მოწოლილი.

ოჯახმა გაყიდა ყველაფერი, რაც ებადათ, რადგან საქართველოში მკურნალობის საფასურის დიდ ნაწილს თავად იხდიდნენ. გაყიდეს საქონელი და თხილის პლანტაციები, ეხმარებოდნენ მეზობლები, ნათესავები და მეგობრები ფულით. ზაზას, როგორც შშმ პირის პენსია საქართველოში 180 ლარი იყო.

მაია ფრანგულ ენას სწავლობს და მოხალისედ მუშაობს, მისი მეუღლე დასაქმებულია. ზაზა ფრანგულ კოლეჯში დადის და უკვე კარგად ესმის ფრანგული, ექიმების საუბარს უთარგმნის დედას:

„არ ვიცი, როდის დავბრუნდები, მაგრამ მე მაქვს შენახული უამრავი ფურცელი, სადაც მიწერია, ვინ რით გვეხმარებოდა სოფელში ზაზას როცა ვმკურნალობდით. ვინახავ ამ ფურცლებს. ეს ხალხი გვერდით მედგა და ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის“, – ამბობს მაია.

ბათუმში რუსეთის მოქალაქეები ნავალნის ხსოვნის აქციას მართავენ

დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში, ანბანის კოშკთან აქცია გაიმართა. აქციას ტელეგრამში ნავალნის ხსოვნის აქცია უწოდეს და აქციაზე შეკრებილების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ბათუმში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არიან.

ოფიციალური მოსკოვის ცნობით, დღეს, 16 თებერვალს, ციხეში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა.

ნავალნის ადვოკატმა, ლეონიდ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ ადვოკატი პოლიტიკოსთან 14 თებერვალს, ოთხშაბათს იყო მისული. „ალექსეი ნავალნის ოჯახის გადაწყვეტილებით, კომენტარს არ ვაკეთებ. ახლა საკითხს ვარკვევთ. ადვოკატი ოთხშაბათს იყო. მაშინ ყველაფერი ნორმალურად იყო“, – ამბობს სოლოვიოვი.

დღესვე, ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაია მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრეებს პუტინის რეჟიმის დასასჯელად გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ნავალნის ხსოვნის აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
ნავალნის ხსოვნის აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
ნავალნის ხსოვნის აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
ნავალნის ფოტო ბათუმში, ევროპის მოედანზე. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

2020 წელს ნავალნის მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავდათ „შიზო“-ში – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი  რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

 

სად ხედავენ აქ გამჭვირვალობას?! – დირექტორობის კანდიდატი ახალ ბრძანებაზე

„მნიშვნელოვანი და ხელშესახები არაფერი შეიცვალა. სად ხედავს სამინისტრო აქ ღიაობას და გამჭვირვალობას, იქნებ ჩვენც დაგვანახონ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ პედაგოგი მაია ეკალაძე, სკოლის დირექტორების არჩევის წესში ახლახან შესულ ცვლილებებზე.

მაია ეკალაძე რამდენიმე თვეა განათლების სამინისტროს წინ თავის ორ კოლეგასთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავს და 2023 წელს ჩატარებული კონკურსის მეორე ეტაპის, ანუ გასაუბრების შედეგების გაუქმებას მოითხოვს. მისი თქმით, ახალი ბრძანება ბუნდოვანია და ბევრ დაზუსტებას მოითხოვს.

  • ქალბატონო მაია, რა კითხვები დაგიტოვათ ამ ახალმა ბრძანებამ და არის თუ არა გათვალისწინებული ამ ბრძანებაში ის, რასაც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მოითხოვდით სამინისტროსგან?

შერჩევის წესში, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და ბევრ კითხვას აჩენდა, ახალი ბრძანების შემდეგად ბუნდოვნად დარჩა ისეთი დეტალები, მაგალითად, თუ რა კრიტერიუმებით აფასებს დირექტორობის კანდიდატს სამინისტრო.

აქამდე ორი გასაუბრება იყო სამინისტროში, ახლა დატოვეს ერთი გასაუბრება, მაგრამ კრიტერიუმების ნაწილი მაინც ბუნდოვანია. პრობლემაა ის, რომ საერთოდ დატოვეს სამინისტროს ნაწილი ამ პროცესში, რადგან ეს ერთი გასაუბრებაც არასწორი ფილტრია.

პროფესიონალიზმის ფილტრი რომ იყოს და პროფესიონალიზმის ნიშნით რომ არჩევდნენ კანდიდატებს, ეს მისასალმებელი იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის.

ჩვენ ვითხოვდით, რომ დირექტორობის კანდიდატს პირდაპირ უნდა შეერჩია სკოლები, სამინისტროში გასაუბრების გარეშე და შემდეგ ამ სკოლებისთვის თავად წარედგინა თავისი ხედვები. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არც ეს სამეურვეო საბჭოებია სამართლიანი და პირუთვნელი, რადგან წინა დირექტორის მიერ არის შერჩეულია ეს სამეურვეო საბჭოები და ძირითადად ამ დირექტორებთან დაახლოებული პირები არიან ხოლმე ამ საბჭოებში.

შემდეგ სამეურვეო საბჭო გადაწყვეტდა აერჩია თუ არა კანდიდატი. ახლა ისევ სამინისტრო წყვეტს, წარგადგინოს თუ არა დირექტორობის კანდიდატი არჩეულ სკოლაში.

სამინისტროს უნდა მოვუყვე, როგორ ვხედავ, მაგალითად, წალენჯიხის მე-7 სკოლის განვითარებას. და რა იცის იმ ადამიანმა რა ხდება წალენჯიხის სკოლაში და რა პრობლემები აქვს? სამინისტროდან საერთოდ რომ არ გამოსულა და არანაირ კვლევებში არ მონაწილეობს.

ნაცვლად იმისა, რომ ეს შეეცვალათ და უფრო ლოგიკური და ეფექტური იდეა მოეწოდებინათ, ახალი შერჩევის წესში ეს ნაწილი მაინც იგივე დატოვეს.

  • რადგან სამინისტროს ვერ ელევა გასაუბრების ეტაპს და იტოვებს კანდიდატების გაფილტვრის ბერკეტს, ეს ნიშნავს, რომ არ ენდობა სკოლებს, სამეურვეო საბჭოებს თუ პოლიტიკურად არასასურველ კადრებს იშორებს თავიდან?

თავისთავად ასეა. ორი აზრი ამაში არ არსებობს. თუ ამ გასაუბრებაზე დაგიწერენ უარყოფით შეფასებას, მაინც აღარ წარგადგენენ სკოლებში.

მუშაობა იმ კუთხით არის სწორედ საჭირო, რომ წესი შეეცვალათ და მთლიანად სასკოლო საზოგადოებას აერჩია ახალი დირექტორი და არა ვიღაცის შერჩეულ, 6 ან 12 კაცს.

ამას სჭირდება დრო, საკანონმდებლო ცვლილება, რესურსები და ასე უცებ ეს ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება პროცესების გაჯანსაღება და ეს გაჯანსაღება უნდა მოხდეს ნელ-ნელა. ამ ეტაპზე არანაირი გაჯანსაღება არ მომხდარა.

  • კიდევ რა არის ბუნდოვანი ამ ახალ წესში?

ახალ წესში გაურკვეველია, როდის უნდა მიუთითოს დირექტორობის კანდიდატმა სასურველი სკოლები. პირდაპირ ვერ წაიკითხავ ამას ბრძანებაში. რეგისტრაციის დროსო, წერია, მაგრამ რომელი რეგისტრაციისას? რადგან დღემდე არსებობდა ორი რეგისტრაცია, ერთი ტესტირებამდე და მეორე – სერტიფიკატის აღების შემდეგ.

ჩვენ ასევე ვითხოვდით, აპელაცია დაშვებულიყო ადგილზე, რომ კონკურსანტს აღარ დასჭირვებოდა სასამართლოში წასვლა, თუმცა არც ეს გაითვალისწინეს.

  • გასულ წელს თქვენ ტესტირება, როგორც ვიცი, წარმატებით ჩააბარეთ, თუმცა გასაუბრების ეტაპიდან გამოეთიშეთ კონკურსს, რის გამოც ვერ აიღეთ სერტიფიკატი. ახალი წესი რას ითხოვს თქვენგან, ხელმეორედ უნდა გახვიდეთ ტესტირებაზე თუ შეგიძლიათ გასაუბრების ეტაპიდან ჩართვა?

აი, ეს არის გაურკვეველი.

საერთოდ გაუგებარია გარდამავალი დებულება და მთლიანად საჭიროებს ახსნას, რადგან იქ წერია, რომ 2011 წელს ვინც იყო სერტიფიცირებული, ის აღარ გაივლის თავიდან ტესტსო და მე რომ 2014-შიც ჩავაბარე და 2022-შიც, მე რატომ უნდა ჩავაბარო თავიდან ახალი ტესტი?

მით უმეტეს, რომ 2011-ში სულ სხვა პრინციპით იყო ტესტი შედგენილი და იმის მერე ორჯერ შეიცვალა. გარკვევა სჭირდება ამ დეტალს, მაგრამ სამინისტროს ცხელ ხაზზე ჯერ არ მპასუხობდნენ და როცა მიპასუხეს, გაგირკვევთო მითხრეს და შემდეგ საერთოდ აღარ მიპასუხეს.

  • თქვენ თქვით, რომ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ამილახვარმა ისაუბრა თქვენზე და იმ კანდიდატებზე, რომელიც აქციებს მართავთ სამინისტროსთან. ფიქრობთ, რომ ახალი კონკურსი თქვენს გასაჩუმებლად დანიშნეს? თუ ამჯერად მაინც გაგიშვებენ არჩეულ სკოლებში და აგირჩევთ სამეურვეო საბჭოც, რა იქნება შემდეგ?

ძალიან გულუბრყვილოები არიან თუ თვლიან, რომ აი, ასეთი ნაბიჯებით შეძლებენ სამართლიანი ადამიანების გაჩუმებას. მე არ ვიცი ეს რა ცვლილებაა ზოგადად, მაგრამ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში განათლების მინისტრი მეფედ არ გრძნობდეს თავს.

მინისტრიც და მთლიანად მთავრობაც ხალხის მსახურია და არ მინდა ველოდო, როდის მოუნდება მინისტრს, რომ გამიზარდოს მაგალითად ხელფასი, ან წამოვიდეს რაღაც დათმობაზე. არა ბატონო, ეს ყველაფერი კანონიერად უნდა ხდებოდეს.

დირექტორების შერჩევის პროცესს სამინისტრო მაქსიმალურად უნდა ჩამოშორებოდა ეს იქნებოდა სამართლიანი. თუ დანაშაულს არ აღიარებდნენ, ეს მაინც უნდა გაეკეთებინათ.

და გულუბრყვილოები ყოფილან, თუ ჰგონიათ, რომ ჩვენ ეს მოგვეწონება.

ჩვენი დირექტორობა ახლა, თუკი აგვირჩიეს, იქნება ის, რომ ლუპით გვაკვირდებოდნენ ყველა მხრიდან. სამინისტრო კი ხაზს გაუსვამს იმას, რომ დემოკრატიაა თურმე ქვეყანაში. სინამდვილეში, ასეთი წნეხის ქვეშ მოგვიწევს მუშაობა.

თუ დირექტორები გავხდებით, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ არ გვეშინია და გვინდა, რომ არსებობდეს დემოკრატიის მაგალითი ჩვენი სახით, ან თუნდაც სხვისი სახით. ვიმუშავებთ წნეხის ქვეშაც. დაგვაკვირდნენ ლუპებით.

  • კიდევ რა ბუნდოვანებას ხედავთ დირექტორების არჩევის ახალ წესში?

ახალ წესში ასევე გაურკვეველია, როდის ხდება აპლიკანტი დირექტორობის კანდიდატი. რას ნიშნავს „დირექტორობის კანდიდატი“, ეს დეფინიცია, ტერმინიც გაურკვეველია.

ეს ბრძანება ყველას აპლიკანტს ეძახის „კანდიდატს“. ტესტირების ჩაბარებამდეც კანდიდატია დირექტორობის მსურველი და ჩაბარების შემდეგაც. ეს არასწორია.

წესით დირექტორობის კანდიდატი ხდები მას შემდეგ, როცა ხდება შენი დირექტორად წარდგენა. ამიტომ ეს დეტალი ჩასასწორებელია, რადგან ტერმინები ოფიციალურ დოკუმენტში განმარტებული უნდა იყოს ზუსტად.

ასევე, რომ ამბობენ რეგისტრაცია უფასო გახდაო, რას ნიშნავს უფასო? შესაძლოა კონკურსანტი არ აღარ იხდის თანხას, მაგრამ ბიუჯეტის თანხები ხომ უნდა დაიხარჯოს ამაში?

აი ეს დამოკიდებულება, დემოკრატიულ სამყაროში არის საშინლად არასწორი.

მერ რომ არ გადავიხდი, სახელმწიფოს ფული ხომ იხარჯება ამ ტესტების გასწორებაში არა?! მადარდებს ასეთი მიდგომა საკითხისადმი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ახალი წესი, სკოლებში არჩევნების მონიტორინგზე პასუხისმგებლობას აკისრებს ზოგადი განათლების დეპარტამენტს. აი, იმ დამნაშავე დეპარტამენტს, რომელმაც გააყალბა ჩვენი გასაუბრებები.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინკლუზიურობა საერთოდ არ ჩანს ამ ახალ წესში. არადა სამინისტრო გვპირდებოდა, რომ პროცესები იქნებოდა ინკლუზიური.

არ გვიპასუხეს, ვინმე თუ მაინც დაისაჯა ამ ყველაფრის გამო და პასუხისმგებლობას თუ გრძნობს დეპარტამენტი წინა კონკურსის შედეგებზე, მონიტორინგის უფლება რომ მიანიჭეს?!

და მეორე – რა რესურსით აპირებს დეპარტამენტი მონიტორინგს 2000-მდე სკოლაში, აქვს ამდენი ადამიანური ან მატერიალური რესურსი?

თუკი ყველაფერზე პასუხისმგებელი განათლების სამინისტროა, სად არის ინკლუზია. არსად, არცერთი წინადადებით არ წერია, რომ ვინმესთან თანამშრომლობს ან ვინმეს ჩართავენ პროცესში, მაშინ რას ნიშნავს ინკლუზიურობა?! სად ხედავენ აქ ღიაობას და გამჭვირვალობას, იქნებ ჩვენც დაგვანახონ.

  • როგორც ვიცი, სამინისტროს სასამართლოში უჩივით წინა კონკურსის შედეგების გამო. თუკი ახალი კონკურსით აგირჩევენ დირექტორად, შეწყვეტთ ჩივილს?

სასამართლო პროცესების შეწყვეტის საფუძველს ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ. ეს პროცესი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა სამინისტრო აღიარებს დანაშაულს. ფაქტობრივად აღიარებაა ესეც, რადგან ახალი კონკურსი გამოაცხადეს.

ჩვენ მომავალთან გვაქვს საქმე, ბავშვებს ვემსახურებით და როგორ შეიძლება ჩვენ თვითონ ვიყოთ არაობიექტურობის და უსამართლო პროცესების მსხვერპლნი?!

ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ თავიანთი უფლებების დაცვა და მაგალითი ვინ უნდა იყოს, თუ არა ჩვენ.

რუსეთი ავდიივკაში ფოსფორს იყენებს – უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადა

რუსმა სამხედროებმა ავდიივკაში ფოსფორი გამოიყენეს – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების  მე-3 მოიერიშე ბრიგადის პრესოფიცერი ალექსანდრე ბოროდნი ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთმა დაიწყო ფოსფორის გამოყენება. „გაიზარდა KAB-ების გამოყენება. KAB-ები არტილერიაზე ბევრად უარესია. ეს არის 250-კილოგრამიანი და ნახევარტონიანი საჰაერო ბომბები“. მისი თქმით, რუსული მხარე ავდიივკასთან დღეში ისვრის 50 ან მეტ საჰაერო ბომბს და ეს ძალიან ბევრია ამ ადგილისთვის.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსული ძალები იყენებენ ფოსფორის ჭურვებს, რაც იწვევს ხანძრებს საწვავის ავზებზე და კვამლი ვრცელდება ამ ადგილას მდებარე ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე.

„ამ დროისთვის ეს არის მესამე თავდასხმის ბრიგადის ახალი „სახლი“. ეს არაფერს გახსენებთ?

მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები აგრძელებენ ადეკვატური წინააღმდეგობის გაწევას, დაცვას და მტრისთვის რეკორდული დანაკარგების მიყენებას“ – წერს მესამე მოიერიშე ბრიგადა ტელეგრამზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-3 მოიერიშე ბრიგადა რამდენიმე დღის წინ შევიდა ქალაქ ავდიივკაში. ეს ყოფილი აზოვის პოლკია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში ყველაზე ცხელ ადგილებში იბრძვის.

აზოვის პოლკმა სახელწოდება 2023 წლის 25 იანვარს შეიცვალა და ოფიციალურად გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მესამე მოიერიშე ბრიგადა.

რუსეთი 2023 წლის 10 ოქტომბრიდან უწყვეტად უტევს დონეცკიდან 13 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ ავდიივკას. დიდი ბრიტანეთის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ავდიივკის აღებისთვის გადადგმული ნაბიჯები, თავისი მასშტაბით, რუსეთის ყველაზე დიდი შეტევითი ოპერაციაა, სულ მცირე, 2023 წლის იანვრის შემდეგ.

ახალი კონკურსი სკოლის დირექტორობისთვის – რეგისტრაცია 19 თებერვალს იწყება

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე კონკურსი ხელმეორედ გამოაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, გაუქმდება სერტიფიცირების ეტაპი და ნაცვლად დირექტორობის შესარჩევი კონკურსის ორი ეტაპისა, რომელიც მოიცავდა ცალკე სერტიფიცირებას (ტესტირება, გასაუბრება) და ცალკე დამატებით გასაუბრებას დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით, ახალი წესის მიხედვით, დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება.

ამასთან, ახალი მიდგომით, მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს უფლება მიეცემა კონკურსში ჩაერთოს, პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე, ტესტირების გავლის გარეშე.

„მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობა ხდება უფასო“ – წერს სამინისტრო.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილებით.

ამავე გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის კანდიდატი კონკურსის გამოცხადებისთანავე რეგისტრირდება ელექტრონულად და უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს კომისიამ ის დირექტორობის კანდიდატად.

დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 19 თებერვალს და 29 თებერვალს დასრულდება.

ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

დირექტორობის კანდიდატი, მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, გადის გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან და წარადგენს რეგისტრაციისას მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას.

ტესტირებისგან თავისუფლდება დირექტორობის ის კანდიდატი, რომელსაც „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ შესაბამისად, აქვს ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედი დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

აღნიშნული პირები რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში უთითებენ სამ სასურველ საჯარო სკოლას და კონკურსში ერთვებიან გასაუბრების ეტაპზე.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 თებერვლის 21 საათიდან 17 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 19-20 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

რუსეთმა ომში სულ 400 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 400 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
  • ტანკი – 6 465 ერთეული [+23]
  • ჯავშანტექნიკა – 12 129 ერთეული [+39]
  • საარტილერიო სისტემა – 9 641 ერთეული [+21]
  • MLRS – 984 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 671 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 408 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 895 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 716 ერთეული [+25]
  • სპეცტექნიკა – 1 528 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 571 თვითმფრინავი
  • 266 ვერტმფრენი
  • 12 571 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 469 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 060 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 221 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 067 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 747 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ყოფილი აზოვის პოლკი ადასტურებს, რომ ამჟამად ავდიივკასთან იბრძვის
ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემას გეგმავს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ფრანგი ექიმების კვლევა ქართულ ჯანდაცვაზე – ნაწილი V

„ჯანმრთელობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით.

ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხსა და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას.

ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, სადაც ექიმები ჯანდაცვის ფიზიკურ ხელმისაწვდომობასა და სამედიცინო დაწესებულებებში დისკრიმინაციულ მიდგომებზე წერენ.

ზოგადად კი, კვლევაში აღნიშნულია საქართველოში შეუსაბამო რეცეპტებზე, უშედეგო სიმპტომურ მკურნალობაზე, არასწორი დიაგნოსტირების ხშირ შემთხვევებზე, საეჭვო სამედიცინო შეცდომებზე, ექიმებისა და პაციენტების კომუნიკაციაზე და სხვა.

ანგარიშში წერია, რომ სამედიცინო დახმარების ხარისხი საქართველოს სოფლებსა და მთიან რეგიონებში მნიშვნელოვნად დაბალია დიდ ქალაქებთან შედარებით. სოფლებში ასევე ნაკლებია ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება ქალაქებთან შედარებით.

  • ჯანდაცვის ფიზიკური ხელმისაწვდომობა

ფიზიკური ხელმისაწვდომობა გულისხმობს იმას, რომ სამედიცინო დაწესებულებები და მომსახურება ფიზიკურად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, დაბრკოლების გარეშე მოსახლეობის ყველა ჯგუფის, განსაკუთრებით კი საზოგადოების მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფებისა თუ რიგითი მოქალაქეებისთვის, მათ შორის: ეთნიკური უმცირესობების, ქალების, ბავშვების, მოზარდების, ხანდაზმულების, შშმ პირებისა და აივ-ინფიცირებულებისთვის.

საქართველოში სამედიცინო დახმარების ძირითადი საშუალებები ქალაქებშია თავმოყრილი, ძირითადად თბილისში. სოფლებსა და მთიან რეგიონებში ჯანდაცვის საკმარისი ინფრასტრუქტურა და რესურსი არ აქვთ.

ზოგიერთი მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ დიდ ქალაქებში ან საერთოდაც მხოლოდ დედაქალაქში.

დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინდიკატორია და აჩვენებს უთანასწორობას რეგიონებში – სადაც ხარისხიანი მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი.

დედებისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება ქალებს ეზღუდებათ, განსაკუთრებით სოფლად და მთიან რეგიონებში მცხოვრებთ, სადაც არ არის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა.

ჯანდაცვის სისტემაში არის ადამიანური რესურსის დეფიციტიც. იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომია, ხარისხი მომსახურების ხშირად ძალიან დაბალია დედაქალაქთან შედარებით. კვლევის მიხედვით, დედებისთვის განკუთვნილი სამედიცინო მომსახურება გაცილებით ადეკვატური და თანამედროვეა დედაქალაქში, რეგიონებთან შედარებით.

ზოგიერთი მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში. მაგალითად, აჭარის სოფლებში,  საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი სპეციფიკური სამედიცინო მომსახურება, რაც შინაგანი გართულებების დროსაა აუცილებელი.

ქალებს აჭარის სოფლებიდან უწევთ თბილისსა და ბათუმში გამგზავრება, მგზავრობა და გადაადგილება კი ხშირად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ არის მიზანშეწონილი.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი და ვერ იძლევა სწრაფი, უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებამდე, ცენტრს დაშორებული სოფლის მცხოვრებთათვის.

რთულია ორსული ქალებისთვის სოფლებში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორსულობა რთულად მიდის. თავად ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს, რომ საქართველოში არ არის საკმარისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა.

სამედიცინო მომსახურების არახელმისაწვდომობა პრობლემებს უქმნის შშმ პირებსაც.

2022 წლის თებერვალში ჩაწერილი ინტერვიუს მიხედვით, ასოციაცია MAC საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც იცავენ შშმ პირთა უფლებებს, აცხადებენ, რომ ძირითადი პრობლემა ამ ადამიანებისთვის რეგიონებში სარეაბილიტაციო ცენტრების ნაკლებობაა.

სოფლად მცხოვრებ შშმ ბავშვებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად ქალაქში უწევთ წასვლა, რაც ზრდის მათი ოჯახების ხარჯებს, საჭიროა ტრანსპორტირება, ქალაქში საცხოვრებლის დაქირავება და ა.შ. ამ ტიპის ხარჯს კი საყოველთაო დაზღვევა არ ანაზღაურებს და ყველაფრის გადახდა შშმ ბავშვების ოჯახებს უწევთ. ასეთი ხარჯები უმძიმეს ტვირთად აწევთ საქართველოს მოქალაქეებს და ჯანდაცვის არახელმისაწვდომობის ერთ-ერთ კომპონენტად მიიჩნევა.

ინფრასტრუქტურა და რელიეფი შშმ პირებისთვის მოუხერხებელ ქალაქად აქცევს თბილისსაც.

შშმ პირთა ასოციაცია „იმედის“ პრეზიდენტი, მარი კლერ ორსე კვლევის ავტორებთან აჭარის მუნიციპალიტეტში, შუახევში მცხოვრებ შშმ პირთა მაგალითზე საუბრობს:

„შშმ პირებისთვის სოფლებში არაფერია. 2016 წელს შევხვდი შშმ ბავშვების დედებს, დაახლოებით 15 ქალს, ყველა ამბობდა, რომ საქართველოში მათი შვილები დაიკარგნენ, უკლებლივ ყველა მთხოვდა დახმარებას, მთხოვდნენ მესწავლებინა, როგორ წაეყვანათ ბავშვები საფრანგეთში სამკურნალოდ. შუახევი მთიანი მუნიციპალიტეტია, გზები ძალიან ცუდი ხარისხისაა, ზამთრობით თოვლიანია და ხშირად მოყინული.

შუახევში მხოლოდ ერთი საავადმყოფოა, სადაც სამედიცინო მომსახურების ხარისხი დაბალია, არის კადრების დიდი დეფიციტი. მაგალითად, საავადმყოფოს არ ჰყავს ანესთეზიოლოგი (2022 წლის მონაცემებით), ამიტომ ოპერაციის დროს სპეციალისტის ბათუმიდან გამოძახებაა საჭირო. ეს დიდ პრობლემებს ქმნის, ხშირად უწევთ ოპერაციის დაყოვნება, გადადება, განსაკუთრებით ზამთარში, როცა გზები მოყინულია ან სხვა მიზეზით საშიშია გადაადგილება.

საჭიროა ერგოთერაპევტები, ფსიქოლოგები, ფიზიოთერაპევტები და ა.შ. მყავს მეგობარი ფსიქოლოგი, რომელიც ბათუმში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობდა. მას თავად უწევდა ყველა საჭირო რესურსის მოძიება და ასე მუშაობდა ბავშვების ოჯახებთანაც, რადგან სახელმწიფო ამ ყველაფერს არ უზრუნველყოფს“ – ამბობს მარი კლერ ორსე.

  • დისკრიმინაცია სამედიცინო დახმარების დროს

გარანტირებული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობა ნიშნავს, რომ სამედიცინო ობიექტები, პროდუქტები და მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით კი რაიმე ნიშნით მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

ჯანდაცვის ქართული სისტემა სტიგმატიზებული და დისკრიმინაციულია ზოგიერთი პაციენტისა და საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიმართ.

მაგალითად, UNICEF-ის კვლევის მიხედვით, ქართული საზოგადოების არატოლერანტულობა შშმ ბავშვების მიმართ, მათი განვითარების შემაფერხებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 2016 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% უარყოფით დამოკიდებულებას ავლენს შშმ პირების მიმართ, რაც გამოიხატება იმით, რომ მათ მოიხსენიებენ „არანორმალურებად“, დაავადებულებად და საშიშებად. ეს წარმოდგენები საზოგადოებაში რელიგიური განწყობებითაც იკვებება.

სტიგმები შშმ პირებისთვის დისკრიმინაციულ კლიმატს ქმნის. სამედიცინო დაწესებულებებშიც კი სერიოზული პრობლემაა შშმ ბავშვებთან დაკავშირებული სტიგმები.

„სტიგმებს ყველაზე ხშირად თავად ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები ამკვიდრებენ. UNICEF-ს გამოვლენილი აქვს დისკრიმინაციული მიდგომების მაგალითები მედპერსონალის მხრიდანაც, მათ შორის შშმ პირთა სპეციალისტებისგან.

UNICEF-ის 2016 წლის ანგარიშში წერია, რომ შშმ ბავშვების სტიგმატიზაცია იწყება მათი დიაგნოზის დასმისთანავე. ინფორმირების ფორმაც კი, როცა სპეციალისტები დიაგნოზს აცნობებენ შშმ ბავშვის მშობლებს, დისკრიმინაციული და არაეთიკურია. ხშირად ინფორმირების ეს ფორმა მშობლების ემოციური სტრესის მიზეზი ხდება.

შშმ ბავშვების მშობლები ხშირად ჰყვებიან, რას ეუბნებიან მათ ექიმები. სპეციალისტები მშობლებს შვილების მდგომარეობას აღუწერენ, როგორც უიმედო მოცემულობას, ზოგი ექიმი მშობლებს ბავშვის საავადმყოფოში მიტოვებასაც ურჩევს.

საქართველოში ოჯახები შშმ ბავშვებს ძირითადად შინ მალავენ, რადგან იციან, რომ საზოგადოება მათ არ იღებს და ინფრასტრუქტურაც მოუხერხებელია გადასაადგილებლად. საზოგადოება შშმ პირებისა და მათი ოჯახების მიმართ ძირითადად აგრესიულია.

დისკრიმინაცია ლახავს სხვა ტიპის უმცირესობების ჯანმრთელობის უფლებებსაც. განსაკუთრებით შესამჩნევია დისკრიმინაცია ლგბტქ თემის წარმომადგენლების და აივ ინფიცირებული, ასევე C ჰეპატიტის მატარებელი პაციენტების მიმართ.

აივ ინფექციასთან დაკავშირებული სტიგმები ინფიცირებულებს აიძულებს, დამალონ თავიანთი დიაგნოზი და ხანდახან ისინი მკურნალობისთვისაც არ მიმართავენ საავადმყოფოს.

ეს დამოკიდებულება კარგად ჩანს სოფლის მოსახლეობაში, სადაც აივ ინფიცირებულებს მიაჩნიათ, რომ თუ საკუთარ დიაგნოზზე ისაუბრებენ, საზოგადოება მათ გარიყავს და ეს უარყოფითად იმოქმედეს მათ სამსახურზე. დუმილს არჩევენ, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

კვლევისას გამოკითხული ქალი, მაგალითად, ამბობს, რომ თუ  მეზობლები გაიგებენ მისი აივ ინფიცირების შესახებ, ბავშვებს აღარავინ მიეკარება და მასთანაც შეწყვეტენ ურთიერთობას.

ყველა შესაძლო სტიგმაა დამკვიდრებული ასევე სექსმუშაკების, განსაკუთრებით ტრანსსექსუალი სექსმუშაკების მიმართ. ამ ჯგუფისთვის საკუთარი დიაგნოზის გამჟღავნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საარსებო წყაროს შეწყვეტას ნიშნავს. მუდმივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებში ცხოვრების გამო ტრანსსექსუალი სექსმუშაკების ყოფა განსაკუთრებულად მძიმეა.

ტრანსპაციენტები ნაკლებად მიმართავენ სამედიცინო დახმარებას ინფიცირებისას, რადგან დისკრიმინაციისა და ძალადობის მოლოდინი აქვთ. გარდა ამისა, საქართველოში არ არის ნებადართული სქესის შეცვლის ოპერაცია და ადმინისტრაციულ დოკუმენტებში მითითებული სქესი შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს სამედიცინო დახმარების გაწევისას.

ხულო-გოდერძის გზის მშენებლობა დასრულდება 2024 წელს – გზების დეპარტამენტი

ხულო-ზარზმის გზის გოდერძი-ზარზმის მონაკვეთზე, როგორც „ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტიდან მოგვწერეს, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე „მიმდინარეობს სამუშაოების მიღების პროცედურები“.

რაც შეეხება ხულო-გოდერძის მონაკვეთს, დეპარტამენტის ინფორმაციით, „სამშენებლო სამუშაოები განახლდება და გაგრძელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში“.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ ხულო-გოდერძის გზის მშენებლობის „დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024 წელს“.

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულება 2024 წლის თებერვლიდან შეწყდა. გზების დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ხელშეკრულება შეწყდა პირველი ლოტის სამუშაოებზე, ანუ ხულო-გოდერძის მონაკვეთზე.

„ბათუმელები“ დეპარტამენტს ერთი კვირის წინ დაუკავშირდა ხულო-გოდერძის გზის საკითხზე, თუმცა დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ოფიციალურად წერილობით მიგვემართა.

„დეპარტამენტმა კომპეტენციის ფარგლებში განიხილა თქვენი წერილი და გაცნობებთ, რომ დეპარტამენტსა და კომპანია Sinohydro Corporation Limited-ს შორის 2020 წლის 9 ოქტომბერს გაფორმდა [LOT 1] ხელშეკრულება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 85 – კმ 110 ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთის (საპროექტო მონაკვეთი კმ 5+195 – კმ29+732) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე.

კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება გაიცა 2024 წლის 16 იანვარს, ხოლო, შეწყვეტა ეფექტური გახდა 2024 წლის 1-ელ თებერვალს“, – მოგვწერეს 15 თებერვალს გზების დეპარტამენტიდან.

დეპარტამენტს ვწერდით ასევე, თუ რა ღონისძიება [პირგასამტეხლოს დაკისრება და სხვ.] გაატარა დეპარტამენტმა [ან გაატარებს] კონტრაქტორის მისამართით, მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ და რა ღირებულების სამუშაოებია დარჩენილი ხულო-ზარზმის გზის დასასრულებლად?

„სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ „ამოქმედებული იქნა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 5 717 782 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც თანხა ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომპანიის მხრიდან დაბრუნებულ იქნა და სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა ავანსის ნაშთი. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კომპანიის მიმართ ხორციელდება/განხორციელდება ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

დეპარტამენტმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია, რა თანხა დაბრუნდა ბიუჯეტში და რა თანხაა საჭირო სამუშაოების დასასრულებლად.

რა ფორმით გაგრძელდება სამუშაოები [გამოცხადდება ტენდერი, თუ გამარტივებული წესით გაფორმდება ხელშეკრულება ახალ მიმწოდებელთან]? – ამ კითხვაზეც დეპარტამენტმა ზოგადი პასუხი გაგვცა: „გაცნობებთ, რომ დარჩენილი სამშენებლო სამუშაოები განახლდება და გაგრძელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის დასრულებაც დაგეგმილია ეტაპობრივად 2024 წელს.“

„რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 110 – კმ 127 გოდერძის უღელტეხილი-ზარზმას მონაკვეთს [LOT 2], აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს სამუშაოების მიღების პროცედურები“, – გვწერს გზების დეპარტამენტი.

ხულო-ზარზმის გზაზე სამუშაოები 2 ლოტად მიმდინარეობდა: პირველი [LOT 1]: ხულო-გოდერძის უღელტეხილი – სახელშეკრულებო ღირებულება იყო 57 177 829 ლარი. დაფინანსებული არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ; მეორე [LOT 2]: გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა – პროექტის ღირებულებაა 38 511 473 ლარი. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის [დაბა ხულოდან დიდაჭარის კაშხალთან მისვლამდე მონაკვეთში] რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 14,6 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული.

„სინოჰიდრო“ კი, გამარჯვებულად  ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ხელახალ ტენდერებში გამოავლინეს ორივე ლოტზე – დიდაჭარის კაშხლიდან ზარზმამდე მონაკვეთი.

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანია „სინოჰიდროსთან“ კონტრაქტის შეწყვეტას საქართველოს მთავრობამ მხარი 2024 წლის 15 იანვარს დაუჭირა.

2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ დასკვნაში კი სახელმწიფო აუდიტი წერდა, რომ „ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულების დაბალი ტემპისა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, იგეგმებოდა კონტრაქტის შეწყვეტა და სამუშაოების ბიუჯეტიდან დაფინანსება.“

ამ თემაზე ვრცლად:

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა

 

2023 წელს ბათუმში 15 758 ბინა გაიყიდა, ქობულეთში ბინების გაყიდვები გაიზარდა – კვლევა

2023 წელს ბათუმში 15 758 ბინა გაიყიდა – ნათქვამია კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში, რომელიც 13 თებერვალს გამოქვეყნდა.

კვლევა ეყრდნობა 2024 წლის იანვარში ჩატარებულ 6 დეველოპერის გამოკითხვას, რომელიც მოიცავდა 19 მიმდინარე სამშენებლო პროექტს ბათუმში.

კვლევის თანახმად, 2023 წელს ბათუმში 15 758 ბინა გაიყიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 7.5%-იანი კლებაა. კვლევაში აღნიშნულია, რომ კლება აიხსნება 2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზით და მიგრაციული ნაკადების შესუსტებით.

ტრანზაქციების უმეტესობა (მთლიანის 42.0%) დარეგისტრირებული იყო ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.

„აღსანიშნავია, რომ ამ უბანში ტრანზაქციების 60.1% პირველად ბაზარზე განხორციელდა. ამის მიზეზი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტების კონცენტრაციაა – ბათუმში მიმდინარე 155 საცხოვრებელი პროექტიდან 67 ახალ ბულვარში ხორციელდება“, – წერია კვლევაში.

კვლევის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის ბათუმში ბინების ფასების წლიური ზრდა პირველად ბაზარზე თითქმის ორჯერ მაღალი იყო, ვიდრე მეორადზე (+20.2% და +10.4% ). ბათუმში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად $850/მ2-მდეა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის $550/მ2 იყო.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2023 წელს ბათუმში სულ 973.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა. ეს, შემცირებული ტრანზაქციების მიუხედავად, წლიურად 2.4%-იანი ზრდაა. ზრდის მთავარი წყარო უძრავი ქონების გაზრდილი ფასია.

უცხოელი მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში 80%-მდე გაიზარდა 2023 წელს. 2022 წელს 75%-იყო დაფიქსირებული.

შერჩეული დეველოპერების გამოკითხვის შედეგების თანახმად, შეძენილი ბინების მთლიანი რაოდენობა წლიურად 2.8%-ით შემცირდა 2023 წელს.

„ეს მცირედი კლება შეიძლება აიხსნას რამდენიმე მიზეზით, კერძოდ: 1) რეკორდულად მაღალი გაყიდვების რაოდენობით 2022 წელს, 2) მიმდინარე პროექტებში გასაყიდად დარჩენილი ბინების მცირე რაოდენობით, რადგან პროექტებში, რომლებიც 2024-28 წლებში სრულდება, ბინების 78% უკვე გაყიდულია და 3) უძრავი ქონების დეველოპმენტის აჭარის სხვა ლოკაციებზე გადანაცვლებით, რადგან თანდათან მზარდია პროექტების რაოდენობა ქობულეთში (მოიცავს ჩაქვს და ციხისძირს)“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის ბათუმში ბინების ფასების წლიური ზრდა პირველად ბაზარზე თითქმის ორჯერ მაღალი იყო, ვიდრე მეორადზე (+20.2% და +10.4% ) და ბათუმში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად $850/მ2-მდეა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის $550/მ2 იყო.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის ზრდა თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში მოხდა, ამჟამად კი ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს ქობულეთში ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა (+59.5%) დაფიქსირდა.

„მოსალოდნელია, რომ ქობულეთში მნიშვნელოვნად გაიზრდება გაყიდვების რაოდენობა მომდევნო პერიოდებში, რადგან ამ დროისთვის 22 დეველოპერული პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს“, – ვკითხულობთ კვლევაში.

„გალტ ენდ თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრია, კვლევა მომზადებულია საინფორმაციო მიზნებისთვის.

„ოცნების ქალაქში“ კორპუსებს ვალაგებთ – მშენებელი კომპანია

„ოცნების ქალაქში“ დასრულებულია საცხოვრებელი კორპუსები, როგორც მშენებელ კომპანიაში გვითხრეს, თუმცა კონკრეტულად როდის ჩაიბარებს კორპუსებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, უცნობია. შესაბამისად, უცნობია, როდის და რომელ ოჯახებს გადასცემენ აქ ბინებს.

ახალ კორპუსებში 582 ბინაა. როდის გადასცემენ ამ ბინების „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ, ამ კითხვაზე პასუხი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან „ბათუმელებმა“ ვერც ამჯერად მიიღო.

„სამუშაოები გასული წლის ბოლოსთვის დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს დალაგება და ტექნიკური ტესტირება. არის დანადგარები, რომლებიც ტესტირებას საჭიროებს. ეს იმისთვის, რომ სახლი ექსპლუატაციაში მიიღოს დამკვეთმა და იქ დაიწყოს შესახლება“, – გვითხრეს მშენებელ კომპანია „დაგში“.


ოცნების ქალაქი/15.02.2024

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები სხვადასხვა მოთხოვნით წლებია აქციებს მართავენ. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა იყო შეედგინათ სია, თუ რომელი ოჯახები მიიღებენ ბინებს პირველ ეტაპზე; ასევე საგარანტიო წერილები, რომ დარჩენილი ოჯახებიც სამომავლოდ აუცილებლად მიიღებდნენ ბინებს.

თუმცა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ოჯახებს მესამე თვეა მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის მიერ ხელმოწერილ წერილებს ურიგებს, რომლებშიც მხოლოდ ის კრიტერიუმებია გაწერილი, რომლის მიხედვითაც უნდა გაიცეს ბინები.

ამ წერილით კი ირკვევა, რომ „ოცნების ქალაქში“, პირველ რიგში, ბინებს ოჯახები „ტერიტორიული პრინციპით“ მიიღებენ. ანუ ის ოჯახები, რომლებიც იმ ადგილებში ცხოვრობენ, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობებისთვის [გზის, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა და ა.შ. მოსაწყობად] უნდა გამოთავისუფლდეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის მთავრობის განკარგულებით, 2019 წელს შეიქმნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების [ე.წ. „ოცნების ქალაქი“] მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფმა იმავე წელს დანომრა 1 726 საცხოვრისი, ხოლო წარმოდგენილი განცხადებებიდან რეგისტრაცია გაიარა – 1 607-მა ოჯახმა.“

„ოცნების ქალაქში“ ამბობენ, რომ მათ ბინებს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გადასცემენ.


ოცნების ქალაქი/15.02.2024

„ოცნების ქალაქის“ მიმდებარედ კორპუსების მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „დაგთან“ 38 745 999 ლარზე აქვს გაფორმებული.

ხელშეკრულება 2020 წლის 13 თებერვალს გაფორმდა და მშენებლობა 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ეს ვადა შეიცვალა და სახელშეკრულებო ღირებულებაც 40 973 388 ლარამდე გაიზარდა.

[„სამუშაოების დასრულება იგეგმება 2023 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში“ – აღნიშნულია ერთ-ერთი ცვლილების დოკუმენტში. ეს თარიღიც შეიცვალა თუ არა უცნობია, ვინაიდან შესაბამისი დოკუმენტები სამინისტროს მიერ შესყიდვების პორტალზე ამ დროისთვის ატვირთული არ არის.]

ამავე პორტალზე გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტების მიხედვით კი, აჭარის ბიუჯეტიდან „დაგს“ უკვე გადაუხადეს 36 915 686 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 90%].


ოცნების ქალაქი/15.02.2024

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ ბმულზე:

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“

რა იწვევს თმის ბუდობრივ ცვენას – ინტერვიუ

თმის ბუდობრივი ცვენა იწყება მოულოდნელად და როგორც წესი, თავის კანზე, რამდენიმე ან ერთი მრგვალი ფორმის მელოტი ლაქებით, რომლებმაც შეიძლება ერთმანეთი გადაფარონ. 

კლინიკა „კანის“ ექიმი-დერმატოლოგი თათია ძოძუაშვილი განმარტავს, რომ ბუდობრივი ალოპეცია ავტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც თმის ცვენა შეუძლია გამოიწვიოს სხეულის ნებისმიერ წერტილში. ექიმი ამბობს, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა.

  • რა არის ბუდობრივი ალოპეცია და რა ხდება ამ დროს?

ბუდობრივი ალოპეცია არის ალოპეციის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც თმის საფარველზე შეიძლება გაჩნდეს გამოტოვებული უბანი, ანუ აღინიშნება თმის არარსებობა; ეს შეიძლება იყოს თავის თმოვანი არე, წარბები, წამწამები, მამაკაცებში წვერის მიდამო და სხეულის სხვა ნაწილები, თუმცა უმეტესად დამახასიათებელია თმის ცვენა თავზე. ბუდობრივს იმიტომ უწოდებენ, რომ ბუდესავით, მომრგვალო ფორმა აქვს ხოლმე და ამ ადგილზე გამოტოვებულია თმა.

ბუდობრივი ალოპეცია ავტოიმუნური დაავადებაა და ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური წინასწარგანწყობა, და, ასევე, სტრესი. 

უშუალოდ პროცესს რაც შეეხება, ამ დროს ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი კანის დანამატებს – თმასა და ფრჩხილებს, უცხო სხეულებად აღიქვამს და იწყებს მათ მოშორებას რაღაც ადგილებზე თმების კარგვის სახით.

გარდა ამისა, შესაძლოა ენდოკრინოლოგიური პრობლემების, მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის დროსაც გამოიხატოს თმის ასეთი ცვენა; ამიტომ პაციენტს ვამისამართებთ შესაბამის სპეციალისტებთან.

Cleveland Clinic: ალოპეცია არეატა შეიძლება ნებისმიერს განუვითარდეს, მაგრამ მისი განვითარების რისკი მეტია: ბავშვთა ასაკში; თუ გაქვთ ალოპეაცია არეატას ოჯახური ისტორია; თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს გაქვთ აუტოიმუნური აშლილობა, მათ შორის დიაბეტი, წითელი მგლურა ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.

  • როგორია სიმპტომები?

დასაწყისში შეიძლება დაიწყოს თავის თმოვანი არიდან ერთი პატარა უბნით, ეს შეიძლება იყოს იმდენად მცირე ზომის უბანი, რომ პაციენტმა თავისით ვერც კი შენიშნოს (თმაში, განსაკუთრებით უკანა ნაწილში, ძალიან ძნელია გამოტოვების აღმოჩენა) და შენიშნოს, მაგალითად, სტილისტმა. 

Cleveland Clinic: ამ დროს შესაძლოა ჩაღრმავებები განვითარდეს ფრჩხილებზეც. რის გამოც ფრჩხილები შესაძლოა გაუხეშდეს, წააგავდეს სახეხი ქაღალდის ტექსტურას.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ასეთი სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი არ ხდება ექიმისთვის დროული მიმართვა, ნაცვლად ამისა ხდება თვითნებური მკურნალობა ხალხური მეთოდებით, ნივრით, წიწაკით და ასე შემდეგ. მიზეზი თუ დროულად არ იქნა ნაპოვნი, რა თქმა უნდა, მაღალია რისკი იმისა, რომ უფრო გავრცელდეს ეს უბნები, შემდეგ შეიძლება დაიწყოს წამწამების, წარბების ცვენა და ბოლოს მდგომარეობა მივიდეს ტოტალურ ალოპეციამდე, ანუ როცა თმა მთელ სხეულზე იკარგება – აღარ გვხვდება არც ბოქვენზე, არც ფეხზე, არც ხელზე და არც იღლიაში. 

ამიტომ, პირველივე კერის გამოჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმ-დერმატოლოგსა და ტრიქოლოგს რომ დადგინდეს მიზეზი და დაიწყოს დროული მკურნალობა.

ბუდობრივი ალოპეცია შეიძლება შეგვხვდეს კანის სხვადასხვა დაავადების დროსაც. ამ დროს იმ ადგილზე, სადაც თმა ამოვარდება, ჩნდება ატროფია, იმ ადგილას კანი არის მკვდარი და თმა აღარ ამოდის. მაგალითად, ასე ხდება წითელი მგლურას დროს.

ამას დიფერენცირებას ახდენს ექიმი.

Cleveland Clinic: იშვიათ შემთხვევებში, დაკარგული თმის ადგილას შესაძლოა დამატებით აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები: ქავილი; ფერის შეცვლა (წითელი, მეწამული, ყავისფერი ან ნაცრისფერი); მოკლე თმის ზრდა, რომელიც ზემოთ უფრო სქელია და სკალპისკენ ვიწრო ვიწრო; თეთრი თმის ზრდა.

  • როგორ ხდება ბუდობრივი ალოპეციის მკურნალობა?

ზოგადად, ბუდობრივ ალოპეციას ქრონიკული მიმდინარეობა აქვს, თუმცა აღდგენადია, ანუ თმა ამოსვლას ექვემდებარება. ამ პროცესს დიდი დრო, დაახლოებით ექვსი თვიდან ერთ წლამდე შეიძლება დასჭირდეს.

მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რეციდივის, ანუ გამეორების რისკი არსებობს, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში (მაგალითად ექვს წლამდე, როცა არის პირველი შემთხვევა, რეციდივი შეიძლება იყოს პუბერტატის ასაკში, შემდეგ ორსულობის დროს, ანუ ნებისმიერი სტრესის დროს). 

იმის გამო, რომ მდგომარეობა ქრონიკულია, ყოველთვის ვაფრთხილებთ პაციენტს, რომ მუდმივად იყოს ყურადღებით და გეგმიურად გადაამოწმოს ეს პროცესი შესაბამის სპეციალისტებთან.

მკურნალობა დამოკიდებულია ბუდობრივი ალოპეციის ფორმასა და პაციენტის ასაკზე. საჭიროების მიხედვით ინიშნება მედიკამენტური თერაპია. მაგალითად, თუ მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაა, ენდოკრინოლოგი ნიშნავს შესაბამის მედიკამენტებს; თუ ვიტამინების დეფიციტია, ხდება ამ დეფიციტის შევსება; თუ მიზეზი ფსიქოემოციური ფონია, მკურნალობის პროცესში ერთვება დამამშვიდებელი მედიკამენტები. 

გარდა ამისა, ამ დროს ლოკალურად ინიშნება სტეროიდული, ანუ ჰორმონული მალამოები ასაკის მიხედვით, რომ გავაძლიეროთ თმის ფოლიკული და დავეხმაროთ თმის წამოსვლას. უფრო მოზრდილ ასაკში შესაძლებელია ადგილობრივად ინიექციური თერაპია – იმ ადგილზე სადაც დაკარგულია თმა, კეთდება სპეციალური, ჰორმონალური ინიექციები. გარდა ამისა, ძალიან კარგად მოქმედებს პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპიები.

თუ ეს ყველაფერი ფსიქო ემოციურ ფონზეა დაწყებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგის ჩართულობას მკურნალობის პროცესში. გვყავდა ჩვენ ასეთი ბავშვი, წარბზე და წამწამზეც ჰქონდა თმის ცვენა, მიზეზი სტრესული ფონი იყო, როგორც კი ფსიქოლოგი ჩაერთო, დაჩქარდა პროცესი – ბავშვს ერთ თვეში თავზეც ამოუვიდა თმა, წარბზეც და წამწამზეც.

  • რა რეკომენდაციები არსებობს ამ დროს კანის მოვლასთან დაკავშირებით?

თმის შეღებვა ამ დროს ნამდვილად არ არის სასურველი, მაგრამ თუ ეს ძალიან დიდი სტრესია პაციენტისთვის თმის საღებავი უნდა შეარჩიოს უამიაკო, რომ კიდევ უფრო არ დავაზიანოთ თმის ძირები; პაციენტებს ვურჩევთ, არ მოხდეს თმის მექანიკურად გადაჭიმვა, ანუ თმის ძირების გადაძაბვა, რაც ართულებს მდგომარეობას.

მდგომარეობას ართულებს ცხელი ფენისა და თმის უთოს გამოყენებაც.

რაც შეეხება ქუდის ტარებას – კარგია, მაგრამ მუდმივად არა. საჭიროა ქუდი გვეფაროს გარეთ ყოფნისას, როცა დაბალი ტემპერატურაა, მაგრამ შენობაში უნდა მოიხადოთ, რომ თმამ და კანმა ისუნთქოს. მზე არ ზემოქმედებს ნეგატიურად ამ პროცესზე. 

თავის დაბანის სიხშირე რეკომენდებულია კვირაში დაახლოებით ორ-სამჯერ; ამ დროს ექიმი ურჩევს პაციენტს სხვადასხვა კატეგორიის თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ პროცესში შამპუნზე ბევრი რამეა დამოკიდებული, ეს გამოიყენება როგორც დამხმარე თერაპია.

შევქმნით წინააღმდეგობას, რომ სამინისტრომ „ეროვნული მიზნების“ დოკუმენტი თვითნებურად ვერ მიიღოს

განათლების სამინისტრომ ახალი ეროვნული მიზნების ცვლილებები ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა. თუმცა დოკუმენტის დონეზე ეს მიზნები არავის უხილავს.

ერთადერთი, რაც საზოგადოებამ ნათლად დაინახა, სამინისტროს ულტრამემარჯვენე განცხადებები იყო ამ თემაზე. განათლების სამინისტრო ფაქტობრივად გაემიჯნა იმ დოკუმენტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების კოალიციამ“ სპეციალისტების ფართო ჩართულების შედეგად მიიღო.

როგორია კოალიციის მიერ შემუშავებული განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი და რატომ დუმს სამინისტრო – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების კოალიციის დირექტორს, სამოქალაქო განათლების პედაგოგს, გიორგი ჭანტურიას ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, რა პრინციპით იმუშავა თქვენმა ორგანიზაციამ განათლების ახალ ეროვნულ მიზნებზე და რაზე გააკეთეთ აქცენტი. რით განსხვავდება ის დღეს არსებული ეროვნული მიზნებისგან?

2022 წელს, ჩვენ  „იუნისეფთან“ ერთად განათლების სამინისტროსთან ვთანამშრომლობდით, ჯერ სასკოლო კვების საკითხზე, ასევე რესურსცენტრების ახალ კონცეფციაზე ვმუშაობდით. შემდეგ, განათლების სამინისტრომ, კონკრეტულად კი „ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“ გამოთქვა სურვილი, რომ გვემუშავა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზეც.

შევთანხმდით იმაზე, რომ ეს პროცესი იქნებოდა მონაწილეობითი და მათივე ჩართულობით შევიმუშავებდით რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გამხდარიყო ფართო მსჯელობის საგანი და ამის მიხედვით შეიქმნებოდა საბოლოო დოკუმენტი.

  • თქვენი ორგანიზაციის გარდა, კიდევ ვინ მუშაობდა ამ დოკუმენტზე, თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ სპეციალისტები, ორგანიზაციები?

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრი მასწავლებლები, განათლების სპეციალისტები: ნათია ანდღულაძე, შალვა ტაბატაძე, სიმონ ჯანაშია, თამარ ბრეგვაძე, ნათია მჟავანაძე, პაატა პაპავა, ილიაუნის და თსუ-ს მკვლევრები, დოქტორანტები, მაგისტრები და ბევრი სხვა ადამიანი იყო ჩართული ახალ ეროვნულ მიზნებზე მუშაობის პროცესში.

გავაკეთეთ საერთაშორისო გამოცდილების ანალიზიც, რომ სხვა ქვეყნებში რა ტიპის დოკუმენტები აქვთ, როგორ შეიმუშავეს და რატომ? რადგან ამა თუ იმ დოკუმენტს სხვადასხვა მიზეზით ქმნიან ხოლმე ქვეყნები.

ვიღაცისთვის ეს იყო უფრო ესგ-სთვის საყრდენი დოკუმენტი, ვიღაცისთვის უფრო დეკლარაცია და ასე შემდეგ.

ექსპერტთა ჯგუფმა, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესის შემდეგ ჩამოაყალიბა, როგორც განახლებული რეკომენდაციები, ასევე თავად დოკუმენტიც, რომელიც წარვუდგინეთ ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრებს. როცა მივიღეთ მათგან უკუკავშირი, შემდეგ განათლების სპეციალისტების უფრო ფართო ჯგუფს წარვუდგინეთ სამსჯელოდ.

მიღებული დოკუმენტი კი საბოლოოდ წარვუდგინეთ განათლების სამინისტროს, რომ მას გამოეტანა საზოგადოების წინაშე და დაწყებულიყო ფართო მსჯელობა. თუმცა სამინისტროსგან ამის შემდეგ აღარაფერი გვსმენია.

  • როგორც ვიცი, თქვენთან კომუნიკაციის ნაცვლად, მაშინ მინისტრმა ამილახვარმა და მაშინდელმა პრემიერმა, ღარიბაშვილმა განაცხადეს, რომ სამინისტრო თავად მუშაობდა განათლების ეროვნულ მიზნებზე. რომ მოქმედი ეროვნული მიზნები ქართველების დნმ-ს ცვლიდა. ამ დროს გაგემიჯნათ სამინისტრო?

როცა ჩვენი მომზადებული დოკუმენტი გადავეცით სამინისტროს, პრეზენტაციაც გავუკეთეთ. გვითხრეს, „განვიხილავთ და დაგიბრუნდებით“. სამწუხაროდ, იმის შემდეგ რაიმე უკუკავშირი მათგან არ მიგვიღია. 2023 წლის აგვისტოში გვქონდა შეხვედრა მინისტრთან და იქაც დაისვა ეს საკითხი, თუ რა ხდებოდა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, იწყებდა თუ არა სამინისტრო განხილვას.

მაშინ თქვეს, რომ ჩვენც ვმუშაობთ ახალ ვერსიაზე და მალე წარვადგენთო. თუმცა არაფერი გვინახავს, გარდა იმ პოლიტიკური, ულტრა-კონსერვატიული განცხადებებისა, რომ თურმე წინა ხელისუფლების დროს შექმნილი ეროვნული მიზნებით ქართველების დნმ-ს ცვლიდნენ, რომ ახალი ქართველის გამოყვანა სურთ და ასე შემდეგ.

იყო ზოგადი საუბარი იმაზე, რომ პატრიოტიზმი უფრო მეტად უნდა გამოკვეთონ ამ დოკუმენტში და ასეთი ზერელე განცხადებები, რომელიც რეალურად არაფრის მთქმელია.

აქედან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ 2024 წლიდან ხელახლა წამოვწიოთ ეს საკითხი წინ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ფართო ჯგუფის მობილიზება მოვახდინოთ ამ საკითხზე.

ერთია ის, რომ დიდი დრო გავიდა და არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენია სამინისტროს და მეორეც – არასწორია განათლების სამინისტრო დამოუკიდებლად, საზოგადოების ჩართულობის გარეშე თუ მუშაობს ეროვნულ მიზნებზე.

  • შესაძლებელია, რომ ის ძალისხმევა, რაც კოალიციამ გასწია ახალი ეროვნული მიზნების ჩამოსაყალიბებლად, სრულიად დაიკარგოს? – თუ არსებობს ბერკეტი, სამინისტრო თვითნებურად არ მიიღოს მსგავსი დოკუმენტი, ფართო განხილვის გარეშე.

ეს შეხვედრებიც, რაც ამ დღეებში მიმდინარეობს სფეროს წარმომადგენლებთან, სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ შევქმნათ წინაღობა, რომელიც ხელს შეუშლის იმას, რომ სამინისტრომ თავის ჭკუაზე არ აკეთოს ის, რაც უნდა.

წყალში არ უნდა გადაიყაროს ამდენი ადამიანის, ექსპერტის, სპეციალისტის ჩართულობა. ჩვენ რომ არ გვემუშავა, ალტერნატიული დოკუმენტი რომ არ დაგვედო, მაშინ სახელმწიფოს გაუადვილდებოდა თავისი ვერსიის შემოთავაზება, მაგრამ ის პროცესი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ, ვფიქრობ, გარკვეულ წინააღმდეგობას შექმნის და სამინისტრო ვერ შეძლებს წინააღმდეგობის გარეშე იმ დოკუმენტის მიღებას, რაც არ გვაწყობს.

  • დავუბრუნდეთ დოკუმენტს. რა იყო თქვენეული მიგნებები ამ პროცესში, რით განსხვავდება თქვენ მიერ შემუშავებული მიზნები იმისგან, რაც დღეს არსებობს სისტემაში?

მთავარი განმასხვავებელი მაინც ის არის, რომ ახალი ვერსია უფრო მეტად ორიენტირებულია ინდივიდზე და პიროვნულობის ჩამოყალიბებაზე. უფრო მეტად გამოკვეთილია ინდივიდის საზოგადოებრივი როლი დემოკრატიის განვითარებაში. განსაკუთრებით ხაზგასმულია გარემოზე ზრუნვა და კომუნიკაციების უნარი.

ადამიანის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი, ბუნებრივი გარემო და ინფორმაციული ტექნოლოგიები წამოვწიეთ წინ.

რადგან თუ 20 წელი გარემოს დაცვა არ იყო მნიშვნელოვანი ეროვნული მიზანი, ჩვენ ეს ნაწილი ცალკე კომპონენტად გამოვიტანეთ.

ასევე, როცა ვსაუბრობთ ტექნოლოგიურ განვითარებაზე, მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების განვითარებაც, კრიტიკული აზროვნება, რადგან ზღვა ინფორმაციულ ნაკადში ახალგაზრდებმა შეძლონ იმ უნარების გამომუშავება, რაც საჭიროა ყალბი და სწორი ინფორმაციის გასარჩევად.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი არ ცხოვრობს ცალკე, ის არის საზოგადოების ნაწილი და აქტიურად უნდა იყოს იმ სოციუმის განვითარებაში, სადაც ცხოვრობს.

მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენთან არსებობს ასეთი დამოკიდებულება, რომ „პოლიტიკაში არ ვერევი, არ მაინტერესებს“, არჩევნებზე არ დადიან ახალგაზრდები და ასე შემდეგ.

აი, ეს განსხვავებები წამოვწიეთ წინ ჩვენ ახალ დოკუმენტში.

ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული მიზნები ორიენტირებული უნდა იყოს არა სტაბილურობაზე, არამედ განვითარებაზე. რადგან სტაბილურობა უფრო მეტად ნიშნავს ერთი ტემპის შენარჩუნებას, ერთ ადგილზე ყოფნას და არა წინსვლას.

სინამდვილეში ეს „სტაბილურობა“ ქმნის დღეს უთანასწორო გარემოს და ვერ უზრუნველყოფს ვერც განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას, ვერც ხარისხის გაუმჯობესებას განათლებაში.

თუმცა, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული განათლების ეროვნული მიზნები არის სრულყოფილი დოკუმენტი და ჩარევას არ საჭიროებს. პირიქით, იმისთვის გავასაჯაროებთ, რომ უფრო მეტი უკუკავშირი მივიღოთ, მათ შორის კრიტიკაც და საერთო შეთანხმებით მივიღოთ საბოლოო დოკუმენტი.

  • რადგან პედაგოგიც ხართ, გკითხავთ, სინამდვილეში რა ხდება სკოლაში, რამდენად მუშაობს ქაღალდზე დაწერილი იდეები. თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას გარემო ამ მიზნების განხორციელებისთვის. არსებობს კი ეს გარემო დღეს სკოლაში?

განახლების საჭიროებაზე როცა ვლაპარაკობთ, სწორედ ეს გვაქვს მხედველობაში, თუ რამდენად იცნობს და იყენებს სასკოლო საზოგადოება ამ მიზნებს.

დღეს სკოლები, მასწავლებლები დინებას არიან მინდობილები. ამიტომ არის, რომ ბევრისთვის სკოლა დასაქმების ადგილია და მეტი არაფერი.

ამიტომ ვმსჯელობთ რეალურად რა ფუნქცია აქვს სკოლას, ეროვნულ მიზნებს.

ვფიქრობ, სკოლის მიზანი მაინც ის არის, მოსწავლე მოამზადოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ახალგაზრდობას ჰქონდეთ თავისუფალი, კრიტიკული აზროვნება, რომ შეეძლოს განყენებულად შეხედოს სიტუაციას და არ მოექცეს მასის გავლენის ქვეშ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხშირად ხდება.

  • დღეს ხშირად ისმის კითხვა – რისთვის ვსწავლობ, რაში გამომადგება? ეროვნული მიზნები სცემს ამ კითხვებზე პასუხს? ერთადერთი, რასაც ნათლად ვხედავთ, არის ის, რომ დღეს ახალგაზრდები მხოლოდ იმ ცოდნას ეტანებიან, რაც მათ დაეხმარება ეროვნული გამოცდების ჩაბარებაში.

სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ ჩვენც. როგორ უნდა უწყობდეს სისტემა ხელს ისეთი ცოდნის მიღებას, რომ მივიღოთ კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი ადამიანების ერთობა, რომლებიც სოლიდარულები არიან ერთმანეთის მიმართაც და ზრუნავენ გარემოზეც.

თუმცა ეროვნული მიზნები მაინც დეკლარაციული ხასიათისაა და ის რა უნდა მოხდეს საკლასო ოთახში, სხვადასხვა დოკუმენტებით განისაზღვრება. მთავარია, ამ დოკუმენტების სულისკვეთება გადავიდეს პრაქტიკაში.

ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს იღებდნენ საზოგადოების ჩართულობით და შევძლოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ ამ პროცესებში მათი თანამონაწილეობა გაიზარდოს.

„წამოვიყვან ჩემს 400 ძაღლს და მერიასთან დავდგები“ – რატომ ანგრევენ ბათუმში ცხოველთა თავშესაფარს 

„გამოდის, 500 მიუსაფარი ძაღლი და კატა უნდა დაუბრუნდეს ქალაქის ქუჩებს, ეს იქნება კატასტროფა,“ – ამბობს თინა დიასამიძე, რომელსაც ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ჩააბარა წერილი ძაღლების თავშესაფრის „პირვანდელ მდგომარეობაში“ დაბრუნებაზე. ეს მოთხოვნა პრაქტიკულად ბათუმში არსებული ერთადერთი თავშესაფრის დემონტაჟს ნიშნავს.

ბათუმის მერიაში არ აქვთ პასუხი: როდის გამოცხადდება ტენდერი თავშესაფრის მოწყობაზე, ან სად უნდა წაიყვანონ 500-მდე მიუსაფარი ცხოველი თავშესაფრიდან, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწაზე წლებია ნებართვის გარეშეა მოწყობილი?

თავშესაფარი ათეულობით პატარ-პატარა და ფერადი სახლია მიუსაფარი ძაღლებისთვის დაჭაობებულ ადგილას. მიუსაფარი ძაღლები რამდენიმე ჯგუფად დაუყვიათ, ძაღლების სახლები ერთმანეთისგან მავთულის ღობეებითაა იზოლირებული. ცალკე კუთხე მიუჩენიათ კატებისთვის.

„ინსპექციამ ჩაგვიწერა წერილში შენობა-ნაგებობები მოუწყვიათო, მაგრამ აქ ჩვენი სახლი კი არა, მიუსაფარი ძაღლების სახლებია მხოლოდ, რომლებიც ნაგავსაყრელიდან მოზიდული ნივთებით და მეგობრების დახმარებით მოვაწყვე, ამხელა ცოდვას როგორ აკეთებენ? ხალხო, ყველა ლურსმანი, ყველა ჭანჭიკი ჩემი მოჭერილია, აქ ჩვენი ჩანგალი და თეფშიც კი არ გვაქვს – როგორი მშივრებიც მოვდივართ, ისეთივე მშივრები მივდივართ,“ – გვიყვება თინა დიასამიძე და რამდენიმე ძაღლს გვაცნობს, ჯერ კიდევ თვალაუხელელი რომ მიუტოვებიათ, ან მანქანამ გადაუარა, წელმოწყვეტილია, ან ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, იქეთ დაბრმავებული ძაღლები არიან, ხუთი ლეკვი ჩამოყარეს და ორის გადარჩენა შევძელითო – გვიყვება თინა დიასამიძე.

თინა დიასამიძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ამ თავშესაფრის დანგრევის შემთხვევაში 500-მდე ძაღლი და კატა ბათუმის ქუჩებში აღმოჩნდება, ამიტომაც ის მოქალაქეებს მხარდაჭერას სთხოვს.


თინა დიასამიძე

„საიდანაც მოგვყავს, იმ ადგილების სახელებს ვარქმევ, ან ადამიანების, რომლებმაც მიატოვეს: ეს, მაგალითად, ახალშენიდანაა და ახალშენი შევარქვი, ეს კიდევ მათხოჯიდანაა – მათხოჯში კლავდნენ და ორი ძაღლი ერთად წამოვიყვანეთ, სიკვდილს გადავარჩინეთ, ეს ნუცააა და აბაშაში კლავდნენ – ქათამს გამოეკიდა,“ – თითოეულზე ბევრი აქვს მოსაყოლი თინა დიასამიძეს.

აქ 500 ძაღლი ცხოვრობს - რატომ ანგრევენ ბათუმში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს?

თავშესაფარი მდინარე ჭოროხთან ახლოს, ტყის პირას და აეროპორტის ასაფრენი ბილიკის გვერდით წლების წინ, თავდაპირველად ინგა რიჟამაძეს მოუწყვია:

„საზოგადოებამ იდარდოს მაშინ და მერიამ, მე სად წავიყვანო აბა? წამოვიყვან ამ ჩემს 400 ძაღლს და კატას და მერიასთან დავდგები,“ – ჩვენს დიალოგს ინგა რიჟამაძეც უერთდება. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „უტყუარი მეგობრის“ დამფუძნებელია. ინგა გვიყვება, თავდაპირველად სახლში მყავდა კატები და ძაღლები, როცა ქუჩაში შევეჩეხე, იარაღით როგორ კლავდნენო. მერე კი, როცა სახლში საკმარისი სივრცე აღარ იყო, ეს ადგილი შევარჩიე და თავშესაფარი მოვუწყვეთ მიუსაფარ ცხოველებსო.


ინგა რიჟამაძე

„წამოდით, ქვაბებს გაჩვენებთ, როგორ მოვუმზადე საჭმელი ამდენ ძაღლს და კატას. ყველა დღე მოვდივარ დილის 12-ზე და ღამის პირველამდე აქ ვართ.

ჯერ მერაბ ნაკაშიძე მოვიდა დასთან ერთად, კატები ჰყავდათ, ისინიც თურმე ვეღარ ატევდნენ სახლში ამდენ კატას, გულო ფუტკარაძე იყო ასევე ჩემთან ერთად, მერე თინაც გამოჩნდა.

ჩვენ ვითხოვთ თავშესაფრის მოწყობას ამ ცხოველებისთვის. დიდი სიამოვნებით ჩავაბარებდი ჩემს ყველა ძაღლს და კატას თავშესაფარს, თუ მამუშავებენ, ვიმუშავებ თავშესაფარში და ისევ ვიზრუნებ, თუ არადა, არაფერი. 71 წლის ვარ უკვე, 30 წელია მიუსაფარ ცხოველებს ვუვლი და ასეთი რამ ჯერ არ გამიგია,“ – ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის გაფრთხილებას გაუბრაზებია ინგა რიჟამაძეც.

ბათუმის მერიას ხელშეკრულება ამ ეტაპზე მხოლოდ შპს „სევერთან“ აქვს გაფორმებული. ეს ორგანიზაცია გამოძახების შემთხვევაში ქუჩაში მყოფ ძაღლს და კატას შესაბამის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. მათ შორის, კასტრაციას და სტერილიზაციას. პროცედურის დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში კი, მიუსაფარ ცხოველს იმავე ადგილს აბრუნებენ, სადაც აიყვანეს.

მიუსაფარ ცხოველებს, მათ შორის, უნებართვოდ მოწყობილ თავშესაფარში, უკეთდება აცრა ცოფზე. ამას სურსათის ეროვნული სააგენტო აკეთებს.

„აქ გვყავს ძაღლები, რომლებიც აღარ უბრუნდებიან ქალაქს, ზოგი უფეხოდაა დარჩენილი, ან წელმოწყვეტილია… ამ ორ ძაღლზე გვითხრეს, რომ აგრესიულები არიან და ამიტომ წამოვიყვანეთ, აქ მშვიდად არიან,“ – გვიყვება თინა დიასამიძე და მის ირგვლივ თავმოყრილი მრავალი ძაღლის დამშვიდებას ცდილობს: „არ გვთავაზობენ ტერიტორიას, სადაც შეიძლება გადავიყვანოთ ძაღლები, არც დროს გვაძლევენ, ალბათ მოვლენ ტრაქტორები მალე და აქაურობას დაანგრევენ… ამ ძაღლებს ქალაქში ჯოჯოხეთი ელით, ისევ ტრავმა, სიკვდილი.

ადამიანებს, ვისაც თითო საჩივრის დაწერა უწევთ ახლა, 5 და 10 საჩივრის დაწერა მოუწევთ, მე აქ 150 ძაღლი და კატა მყავს. აქვე 400-მდე ძაღლი და კატა ინგა რიჟამაძეს და მერაბ ნაკაშიძეს ჰყავთ, ისინი წლებია აქ არიან. მე წელიწად-ნახევრის წინ მოვედი აქ, როცა სახლში აღარ ეტეოდნენ სიკვდილისთვის განწირული ეს საყვარელი არსებები“, – ამბობს თინა დიასამიძე, ის არასამთავრობო ორგანიზაციის Lucky-ის დამფუძნებელია.

თინა დიასამიძის თქმით, მიუსაფარ ცხოველებს ძირითადად საკუთარი სახსრებით, ასევე შემოწირულებებით უვლის.

„მერიას წელიწად-ნახევრის წინ მივმართე და იჯარა მოვითხოვე ხუთწლიანი. მე ვითხოვ იჯარით ფართობის გადმოცემას, ვიდრე მუნიციპალური თავშესაფარი მოეწყობა. მერთან შეხვედრას დაგვპირდნენ, მაგრამ არავინ შეგვხვდა,“ – ამბობს თინა დიასამიძე.

რა მიდგომაა საჭირო მიუსაფარი ცხოველების მიმართ ცხოველთა დამცველების აზრით?

„კანონი უნდა გამოვიდეს, ვინც ჯიშიან ძაღლებს ამრავლებს, ჰყიდიან, მათ უნდა დაეკისროთ ჯარიმა. როცა ჯიშიანი ძაღლის შეჯვარება ხდება ქუჩის ძაღლთან, გამოდის მეტისი, მეტისს ვერ გაყიდი და რჩებიან ქუჩაში…

ადამიანები ფულის გამო რას არ აკეთებენ: იორკის ჯიშის ძაღლი კილო-ნახევარია და სამჯერ ამრავლებენ წელიწადში, ამხელა ტრავმას ატანინებენ… უნდა აშენდეს თავშესაფარი და შეწყდეს მიუსაფარი ცხოველების გამრავლება, ესაა გამოსავალი.

ეს მუნიციპალური სერვისი, რაც გვაქვს, გამოძახებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ყოველდღე უნდა დადიოდნენ და უკეთებდნენ სტერილიზაციას და კასტრაციას ძაღლებს, ისინი მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში გადიან. ჩვენ ძაღლებსაც ეს ორგანიზაცია უკეთებს კასტრაციას და სტერილიზაციას, ეს პრობლემა მოგვარებული გვაქვს,“ – გვითხრა თინა დიასამიძემ.

„13 წელია თითქმის აქ ვარ, ასეთი რამ არასდროს ყოფილა, არასდროს შემიწუხებია მთავრობა. ეს ახალი, აგურის შენობები მოხალისეებმა აუშენეს ძაღლებს, ასევე სამედიცინო პუნქტი მოაწყვეს, რომ პირველადი დახმარება შევძლოთ,“ – ამბობს ინგა რიჟამაძე და მოხალისეებს გვაცნობს.

„მე ბელარუსიდან ვარ, ბათუმში მას შემდეგ ვცხოვრობთ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში,“ – გვითხრა კასია შენკევიჩმა. მისი თქმით, მიუსაფარი ცხოველების დამცველთა ჯგუფში ბათუმში მცხოვრები 50-მდე ბელარუსი, უკრაინელი და რუსი გაერთიანდა. ისინი თანხას აგროვებენ იმისთვის, რომ თავშესაფრის პირობები გაუმჯობესდეს. მოხალისეები პერიოდულად თავშესაფარში მუშაობენ.

„ჩვენ სხვადასხვა ადგილას ვმუშაობთ ბათუმში, ადამიანები, რომლებსაც ძალიან გვიყვარს ცხოველები. ბევრმა ვიჩუქეთ ამ თავშესაფრიდან ძაღლები და კატები. სოციალურ ქსელში ფოტოებს ვდებთ, რომ სხვა ძაღლებიც გაჩუქდნენ და უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ…“ – ამბობს კასია შენკევიჩი.


მიუსაფარი ცხოველების დამცველი უცხოელი მოხალისეები ბათუმში

„ასაკის და ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, დიდხანს ვეღარ შევძლებთ ამ საქმის კეთებას. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მოეწყოს თავშესაფარი,“ – მერაბ ნაკაშიძეც გვიყვება, უკვე 11 წელია აქ ყოველდღე როგორ დადის. თავდაპირველად კი, რამდენიმე მიუსაფარ კატასთან ერთად მოსულა.

„ნაგვის ყუთთან დატოვებული კატის კნუტები რომ მხვდებოდა, მებრალებოდა და მიმყავდა შინ. მერე გაჩუქების და სხვაზე მიცემის რესურსი ამოიწურა, სახლში ძალიან ბევრი კატა ათავდა და მოვედი აქ.

აქ არავითარი კომუნიკაცია არ იყო, შეძლებისდაგვარად მოვაწყვეთ ყველაფერი. ახლა არ ვიცი, პასუხი ვისგან უნდა მივიღოთ,“ – გვითხრა მერაბ ნაკაშიძემ.

ბათუმის მერიის პრესცენტრში ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია: რას უპირებს მერია 500-მდე მიუსაფარ ცხოველს, თუ თავშესაფარს მოშლიან?

ბათუმში ამ დრომდე არ არსებობს ძაღლების და კატების თავშესაფარი – ადგილი, სადაც მიუსაფარი და ტრავმირებული ცხოველები ხანგრძლივი დროით დარჩებიან. ბათუმის მერიის მორიგი ტენდერი მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მოწყობაზე ჩავარდა.

ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა ქალაქის მერიამ 2020 წელს დააანონსა. „გამოვდივარ ინიციატივით, რომ  ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ეს დაპირება ჯერაც შეუსრულებელია.  

რა მიუსაჯეს 19 წლის ბიჭის მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის 3 ბრალდებულს

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დამნაშავედ მიიჩნია: ალექსანდრე ახვლედიანი, ლუკა ჯიბლაძე და დავით მენაბდე.

საუბარია 2023 წლის 18 მაისს მომხდარ შემთხვევაზე: 19 წლის გიორგი ალხანიშვილი ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მოკლეს. მისი ცხედარი კი, ავტომანქანის საბარგულით გაიტანეს და ტყისპირას დამარხეს. საქმის მასალების მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების დროს გიორგის სხეულზე 18 ჭრილობა მიაყენეს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ლუკა ჯიბლაძეს, იგივე მიუსაჯეს დავით მენაბდეს, ალექსანდრე ახვლედიანს კი – 4 წელი 6 თვე.

ალექსანდრე ახვლედიანის შემთხვევაში, მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მან გამოძიებასთან ითანამშრომლა.

12 თებერვალს მოსამართლე კოტე ჭილაიამ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამას – გიორგი ბაჟუნაიშვილს. ის მოწმეებზე ზეწოლის მუხლით გაასამართლეს. სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია მკვლელობაში ბრალდებულის ბიძია, გელა ბაჟუნაიშვილი. ის სასულიერო პირია და სხვა ბრალდებულებისგან განსხვავებით, გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული.

სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა მკვლელობაში ბრალდებულის კიდევ ერთ ბიძას – დავით ბაჟუნაიშვილს, მას დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

მკვლელობაში ბრალდებულია ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი, რომელიც 2023 წლის ივლისში დიდ ბრიტანეთში დააკავეს. ბრალდებული საქართველოსთვის ჯერ არ გადმოუციათ.

დღევანდელ სასამართლო სხდომას დარბაზში მხოლოდ ბრალდებული დავით მენაბდე დაესწრო. დანარჩენი ორი კი, სხდომას დისტანციურად დაესწრნენ.

ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მტკიცებულებები, რასაც შესაძლოა გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნოს, საპროცესო მოთხოვნების დარღვევით არის მოპოვებული.

„მოწმეების სახით დაიბარეს ალექსანდრე ახვლედიანი და დავით მენაბდე და ფარულად განხორციელდა მათი აუდიო და ვიდეოგადაღება“, – თქვა დავით ჩავლეიშვილმა და იქვე განმარტა მოწმის უფლება: არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.

„მოწმეებისთვის ეს უფლება არავის განუმარტავს“,-  დასძინა ადვოკატმა.

„ეს იყო უკიდურესად გადაუდებელი აუცილებლობა“, – ადვოკატს გამოხედა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა. პროკურორის თქმით, იმ დროს, როცა პოლიციაში დაბარებული ბიჭები მოულოდნელად ალაპარაკდნენ, გაუჩინარებული გიორგის ცხედარი ჯერ კიდევ ნანახი არ იყო.

ეს საქმე სწორედ მოკლული გიორგის ყოფილი თანაკლასელების ჩვენების შემდეგ გაიხსნა, ასევე მათზე ფარული მიყურადების გზით.

„ცუდ საპროცესო ნორმას დაამკვიდრებს სასამართლო, თუ ამ გზით მოპოვებულ მტკიცებულებას სასამართლო გაიზიარებს. ეს იქნება კარტ-ბლანში ბრალდების მხარისთვის, როცა შეიძლება მოწმე არც კი გააფრთხილონ, რომ შეუძლია საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს“, – მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

მსჯელობის საგანი გახდა ისიც, რომ ამ საქმეზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის საქმე ჯერ არ განუხილავს სასამართლოს – ბრალდებული საქართველოსთვის არ გადმოუციათ. ადვოკატ დავით ჩავლეიშვილის მტკიცებით კი, ამ დროს, როცა მკვლელობის საქმეზე ჯერ არავინ გაუსამართლებიათ, არ იქნება სამართლიანი დაუდგენელი დანაშაულის – მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის ვინმეს დასჯა.

ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შემთხვევაში, გაითვალისწინოს, ლუკა ჯიბლაძე თავისი ფეხით რომ გამოცხადდა პოლიციაში და ჩვენება მისცა გამოძიებას, რაც „ამ საქმის გახსნის წინაპირობა გახდა“.

ადვოკატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ლუკას სხვებისგან განსხვავებით არც მოკლული გიორგის დედის შეცდომაში შეყვანა უცდია.

„ის 20 წლისაა და ავად გახდა ციხის პირობებში“, – აღნიშნა დავით ჩავლეიშვილმა.

„ვწუხვარ ძალიან“ – მხოლოდ ეს უთხრა მოსამართლეს ლუკა ჯიბლაძემ. ის დღევანდელ სასამართლო სხდომას დისტანციურად დაესწრო.

მოსამართლეც გამოეხმაურა ფარულად მოწმეების ჩაწერას. ნინო სახელაშვილის თქმით, ეს მტკიცებულება საერთოდ რომ გამორიცხოს, საგამოძიებო ექსპერიმენტებით და მოწმეების ჩვენებებით დასტურდება დანაშაულის ჩადენა.

ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა – მსჯავრდებულების ახლობლებმა გააპროტესტეს ის, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უფრო მკაცრად დასაჯეს ადამიანები, ვიდრე მკვლელობაში ბრალდებულის მამა, რომელსაც 5 წელი მიუსაჯეს, ბიძია კი, ვინც სასულიერო პირია, გაამართლეს.

___

ამ თემაზე:

19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის დეტალები, რომელშიც სასულიერო პირიც ფიგურირებს 

საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის შესახებ ინფორმაცია პოლიციაში 2023 წლის 22 მაისს შევიდა „2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით [თავისუფლების უკანონო აღკვეთა] დაიწყო“.

გამოძიების ვერსიით, გიორგი ალხანიშვილს „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყისპირას დამარხეს,“ – აღნიშნული იყო შსს-ს მიერ 2023 წლის 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.26 მაისს პროკურატურამ ა.ბ.-ს მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად  წარუდგინა. ამავე დღეს დააკავეს ორი ბიჭი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ერთი კი – დანაშაულის დაფარვისთვის.  რამდენიმე დღეში პროკურატურამ მკვლელობაში ბრალდებულის მამაც დააკავა.„გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა. ბ.-მ, 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა“, – აღნიშნული იყო შსს-ს 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  გულისხმობს განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას.

შსს პასუხობს, რა საგანი ტივტივებს გონიო-კვარიათის სანაპიროზე

გონიო-კვარიათის სანაპირო წყლებში სპეციალისტები შეისწავლიან, რა საგანი ტივტივებს სანაპიროსთან.

დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ნიკოლეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზღვაში, შესაძლოა, საზღვაო ნაღმი იყოს.

„შორიდან პლასტმასის ტივტივა ან სხვა საგანი მეგონა და მის ამოღებას ვაპირებდი, მაგრამ რადგან ის საკმაოდ სქელი რკინის ფენით იყო დაფარული, მისი ამოღებისგან თავი შევიკავე. აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე განვაცხადე გონიოს სანაპიროს დაცვის სადგურში.

როგორც ვიცი, მათ სანაპირო დაცვის კატარღა გამოიძახეს, მაგრამ თავად ეს მოდრეიფე რკინის საგანი სარფის მიმართულებით საკმაოდ სწრაფად მოძრაობს და თანაც ნაპირთან უკვე ძალიან ახლოს – მაქსიმუმ 50-80 მეტრშია! ამიტომ ყოველი შემთხვევისათვის სანაპიროს მოაშორეთ ბავშვები და იქ მცხოვრებლებიც ყურადღებით იყავით“, – წერს დავით ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.

შს სამინისტროს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგანი უბრალო ტივტივაა, თუმცა, როგორც შსს-ში ამბობენ, მას სპეციალისტები შეისწავლიან.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, 2023 წლის 13 თებერვალს, ბათუმში, ზღვის სანაპიროზე გამორიყული საზღვაო ნაღმი აფეთქდა.

შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო ნაღმები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამოჩნდა. სავარაუდოდ, ნაღმები დინებას მიაქვს უკრაინის პორტებიდან შავ ზღვაში, სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში.

სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც არასრულწლოვან დისშვილს აუპატიურებდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, დღეს, 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს.

სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა.

გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის  მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად“ – წერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულის უფლებებს PHR -ის ადვოკატი ანა თავხელიძე იცავდა.

ყოფილი აზოვის პოლკი ადასტურებს, რომ ამჟამად ავდიივკასთან იბრძვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-3 მოიერიშე ბრიგადა, ყოფილი აზოვის პოლკი, ადასტურებს, რომ ამჟამად იბრძვის ქალაქ ავდიივკაში, ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში. ბრიგადა რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს ავდიივკაში.

მესამე მოიერიშე ბრიგადა ტელეგრამზე წერს, რომ ქალაქში მდგომარეობა კრიტიკულია.

„ჩვენი მებრძოლები აჩვენებენ უპრეცედენტო გმირობას. იძულებული ვართ, 360 გრადუსით ვიბრძოლოთ ახალ-ახალი ბრიგადების წინააღმდეგ, რომლებიც მტერს შემოჰყავს“, – ამბობს ბრიგადის მეთაური ანდრეი ბილეცკი.

უკრაინული მხარის ცნობით, ავდიივკასთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ორმა ბრიგადამ კრიტიკული მარცხი განიცადა, თუმცა რუსეთი აგრძელებს თავისი ძალების აქტიურ როტაციას და ახალი ძალები შეჰყავს ქალაქში.

რუსეთი 2023 წლის 10 ოქტომბრიდან უწყვეტად უტევს დონეცკიდან 13 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ ავდიივკას. დიდი ბრიტანეთის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ავდიივკის აღებისთვის გადადგმული ნაბიჯები, თავისი მასშტაბით, რუსეთის ყველაზე დიდი შეტევითი ოპერაციაა, სულ მცირე, 2023 წლის იანვრის შემდეგ.

ავდიივკაში, სადაც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე 35 000 ადამიანი ცხოვრობდა, ფაქტობრივად, არ დარჩა არც ერთი დაუზიანებელი შენობა. ქალაქი მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია.

ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 თებერვლის 21 საათიდან 16 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 17-18 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 399 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950]
  • ტანკი – 6 442 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 12 090 ერთეული [+47]
  • საარტილერიო სისტემა – 9 620 ერთეული [+54]
  • MLRS – 984 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 671 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 404 ერთეული [+33]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 882 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+1]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 691 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 1 524 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 571 თვითმფრინავი
  • 266 ვერტმფრენი
  • 12 485 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 469 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 056 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 221 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 061 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 729 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“/facebook 

დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს – ამის შესახებ მისი ძმა წერს

პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის გასამართლებული დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია.

ამის შესახებ მისი ძმა, თორნიკე მამალაძე წერს ფეისბუქში. „7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია“ – წერს თორნიკე მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მას 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებდა.

10 საუკეთესო ფილმი სიყვარულზე

რომანტიკული ფილმების არაერთი სია არსებობს, ეს ჩამონათვალი კი ვებგვერდის – rottentomatoes მიერაა შედგენილი. სია საკმაოდ მრავალფეროვანია, აქ ნახავთ როგორც ძველ, ასევე, შედარებით ახალ ფილმებს.

„ფილადელფიური ისტორია“ – ამერიკელი რეჟისორის, ჯორჯ კიუკორის 1940 წელს გადაღებული რომანტიკული კომედიაა მთავარ როლებში კერი გრანტითა და ქეთრინ ჰეფბერნით. ფილმს ორი „ოსკარი“ აქვს მიღებული.

ფოტო: imdb.com

„წვიმაში მომღერალი“  – 1952 წელს გადაღებული მიუზიკლი მსახიობი წყვილის სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს. ფილმში გამოყენებული ჯინ კელის საცეკვაო ნომრები დღემდე განუმეორებლად მიიჩნევა.

YouTube video player

„მზის ამოსვლამდე“ – 1995 წელს გადაღებული ფილმი წყვილის დაუვიწყარ შეხვედრაზე, რომელიც მხოლოდ ერთ დღეს გრძელდება, თუმცა ეს დროც საკმარისია შესაყვარებლად. 2004 და 2013 წლებში გამოვიდა ფილმის გაგრძელება.

„მაღაზია ქუჩის კუთხეში“ – 1940 წელს წელს გადაღებული რომანტიკული კომედია, რომელიც 90-იან წლებში გახდა კიდევ ერთი, ბევრისთვის საყვარელი რომანტიკული კომედიის – „თქვენთვის წერილია“ – გადაღების საფუძველი.

„ოთახი ხედით“ – ბრიტანული კომედია, რომელსაც 3 „ოსკარი“ აქვს მოგებული.

„სირანო დე ბერჟერაკი“ – ფრანგული კომედია, რომელშიც მთავარ როლს ჟერარ დეპარდიე ასრულებს. ცნობილი მოფარიკავე და პოეტი შეყვარებულია, მაგრამ დიდი ცხვირი აზიანებს მის თავდაჯერებულობას. ის მაინც პოულობს გზას სიყვარულის ირიბად გამოსახატად.

„უცნობი ქალის წერილი“ – ამერიკული სასიყვარულო დრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების მქონე ნოველა. ფილმში მთავარ როლს ჯოან ფონტეინი ასრულებს.

„გლორია“ – 2013 წელს გადაღებული დრამა 58 წლის ქალსა და მის სასიყვარულო ურთიერთობაზე ყოფილ საზღვაო ოფიცერთან. ფილმის პრემიერა შედგა ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მთავარი როლის შემსრულებელმა, პაულინა გარსიამ მიიღო ვერცხლის დათვი, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა.

„კასაბლანკა“ – ამერიკული ფილმი ეკრანებზე 1942 წელს გამოვიდა. ეს სასიყვარულო ისტორიაა ქალაქ კასაბლანკაში, რომელიც ახალი ცხოვრებისთვის უცხოეთში გადახვეწილი ბევრი ადამიანისთვის თავშესაფრად იქცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ფილმში მონაწილეობენ ჰემფრი ბოგარტი და ინგრიდ ბერგმანი.

YouTube video player

„ეს მოხდა ერთ ღამეს“ – რეჟისორ ფრენკ კაპრას რომანტიკული კომედია 1934 წელსაა გადაღებული და თავის დროზე ოსკარიც აქვს მიღებული. ფილმში მთავარ როლებს კლარკ გეიბლი და კლოდეტ კოლბერი ასრულებენ.

როგორ მიიტაცა 3 თვეში ზღვამ ბათუმის იახტკლუბთან სანაპირო

ბათუმის კონცხზე, იახტკლუბის მიმდებარედ არსებული პლაჟის ნაწილი ზღვამ უკვე მიიტაცა.

ფოტოებზე, რომლებიც „ბათუმელებმა“ 2023 წლის ოქტომბერში და 2024 წლის 13 თებერვალს გადაიღო, ნათლად ჩანს, თუ პლაჟის რა ნაწილი წარეცხა ზღვამ 3 თვეში.

აკვაპარკის მიმდებარედ არსებულ წყლის სატუმბი სადგურის შენობასთან პლაჟის ნაწილი დღეს წყლითაა დაფარული. ნაწილობრივ ზღვაშია თვითონ სატუმბი სადგურიც, საიდანაც ბათუმის დელფინარიუმი მარაგდება ზღვის წყლით:

წარეცხილი პლაჟი იახტკლუბთან / ზღვაში მდებარე რკინა-ბეტონის კონსტრუქციას და პლაჟს შორის არსებულ მანძილებს თუ შევადარებთ, დავინახავთ პლაჟის რა ნაწილი მიიტაცა ზღვამ 3 თვეში

კვლევებით დადგენილია, რომ ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობზე დღეს დაგროვილია ჭარბი ნატანი, რომელიც საფრთხეს უქმნის უშუალოდ პლაჟს. ამ ჭარბი ნატანის ბათუმის კანიონში ჩაზვავების შემთხვევაში ნაპირს მოსწყდება კონცხის გასწვრივ არსებული პლაჟიც. მსგავსი შემთხვევა ბოლოს 1999 წლის იანვარში მოხდა.

როდის განმეორდება ასეთი ფაქტი, წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, აქედან გამომდინარე დიდია ალბათობა იმისა, რომ მას კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

პლაჟის პარამეტრების ცვლილება სატუმბი სადგურის მიმდებარედ ბათუმის იახტკლუბთან

ბათუმის კონცხთან პლაჟის მდგრადობისა და, რაც მთავარია, კატასტროფული შედეგების პრევენციისთვის აუცილებელია კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ჭარბი ნატანის ამოღება. ბათუმის კონცხიდან ამ ეტაპზე ამოსაღებია ჯამში 43 000 კუბური მეტრი ნატანი. შესაბამისი პროცედურები დაიწყეს კიდეც, თუმცა „ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო“ ეს პროცედურები შეწყდა და ამ დრომდე არ განახლებულა.

რატომ შეწყდა და როდის განახლდება ჭარბი ნატანის ამოღებისთვის საჭირო პროცედურები? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაუკავშირდა. აქ ჩვენს ზარს არ უპასუხეს.

დოკუმენტში, რომელიც სამმართველოს დაკვეთით 2023 წელს მომზადდა და რომლის საფუძველზეც წყალქვეშა ფერდობიდან ჭარბი ნატანი უნდა ამოიღონ, აღნიშნულია, რომ ბათუმის კონცხთან მდებარე პლაჟის ცალკეულ უბნებზე შეიმჩნევა უმნიშვნელო წარეცხვები. ამასთან, [არსებული] მონაცემები იძლევა იმის საფუძველს „ვივარაუდოთ, რომ 2012 წლიდან დღემდე ადგილი ჰქონდა წყალქვეშა ფერდის განტვირთვას [კანიონში ჩაზვავებას] ლოკალურ უბნებზე“. ცხადია, არა იმ მასშტაბით, როგორც 1999 წელს.

„კერძოდ, 1999 წლის 14 იანვარს ბათუმის კონცხის ცენტრალურ უბანზე, აბსოლუტურად წყნარი ზღვის პირობებში, განვითარდა მოვლენა, როდესაც მყისიერად მოსწყდა და წავიდა სიღრმეში წყალქვეშა ფერდზე აკუმულირებული მასალა, თან წაიყოლა 200-250 მეტრი სიგრძის და 50-60 მეტრი სიგანის წყალზედა პლაჟის ზოლი, საერთო ფართობით დაახლოებით 12 ათასი კვადრატული მეტრი. პროცესის პროვოცირება გამოიწვია თურქეთში, ქ. ტრაბზონის რაიონში [ბათუმიდან 250-270 კმ-ში] მომხდარმა მიწისძვრის [3 მაგნიტუდა, დამოწმებულია თურქეთის მხარესთან] რეზონანსულმა მცირე ბიძგებმა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რა იწვევს ჭარბი ნატანის კანიონში ჩაზვავებას, ანუ წყალქვეშა ფერდობის განტვირთვას? – უკვე დადგენილია და ზემოთ ნახსენებ დოკუმენტშიც აღნიშნულია, რომ „პერიოდულად კანიონის სანაპირო ზონაში, ძირითადად წყალქვეშა ფერდის ლოკალურ უბნებზე, აკუმულირდება ნატანის დიდი მოცულობა. კრიტიკული მასის ჩამოყალიბების შემთხვევაში იგი გადაადგილდება სიღრმეებისაკენ და თან გაიყოლებს წყალზედა პლაჟის ნაწილს, პრაქტიკულად ზვავის ან მეწყრული
პროცესის ანალოგიურად.

პროცესის პროვოცირება შეუძლია ნებისმიერ უმნიშვნელო შემაშფოთებელ ფაქტორს: შტორმის ხანგრძლივობა, მიმართულება, სიძლიერე, კრიტიკულ მასაში არაერთგვაროვანი ნატანის [წინა წლებში ხშირ შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ნაგვის და სამშენებლო ნარჩენების შემცველობა] გაუწყლოვნების განსხვავებული პირობები, და ასევე მრავალი სხვა. ზემოთ აღწერილი პროცესის განვითარების დრო და შედეგების პროგნოზი შეუძლებელია.“

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ამჟამად, ბათუმის კონცხის სანაპირო ზონაში ჩამოყალიბებულია ორი აქტიური აკუმულაციის მონაკვეთი, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან წყალქვეშა კანიონის სათავეებს:

  • პირველი მონაკვეთი პრაქტიკულად მდებარეობს იმავე უბანზე, სადაც 1999 წელს ვიზუალურად დაფიქსირდა სანაპირო ზონიდან [პლაჟიდან] აკუმულირებული მასალის დაცლა სიღრმეებისაკენ.
  • მეორე უბანზე, იახტკლუბის ზღვისპირა მოლის წინ, მზარდი აკუმულირებული ფორმა წინა წლებში დაფიქსირებული არ ყოფილა. თუმცა, პერიოდულად შესაძლებელია ხდებოდეს წყალქვეშა ფერდის დაცლა მცირე მასშტაბებით, რაც არ აისახებოდა წყალზედა პლაჟის პარამეტრებზე“.

მიუხედავად დოკუმენტში ასეთი ჩანაწერისა, ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ იახტკლუბის მიმდებარედ „წყალზედა პლაჟის პარამეტრები“ აშკარად შეცვლილია – პლაჟის ფართობი სატუმბ სადგურთან ბოლო სამ თვეში საგრძნობლად შემცირდა.

აღნიშნულ ადგილზე „პლაჟის პარამეტრების ცვლილებას“ ასევე მოწმობს სხვადასხვა წლებში გადაღებული სატელიტური ფოტოებიც:

ფოტოზე ჩანს პლაჟზე აშენებული ე.წ. „ახალი დეზი] [2009 წ], რომელზეც შემდეგ „ალი და ნინოს“ მონუმენტი იდგა. ზღვამ მონუმენტს საფრთხე შეუქმნა და ის პლაჟიდან გადაიტანეს. ეს დეზი კი ნაწილობრივ ზღვაში აღმოჩნდა და დღეს ზღვაზე გადასახედის ფუნქციას ასრულებს. 2009 წლის ფოტოზე ჩანს, რომ სატუმბი სადგური სანაპიროზეა და მის წინ საკმაოდ ფართო პლაჟია. დღეს კი, სატუმბი სადგურის შენობაც ნაწილობრივ ზღვაშია.
„საჭიროა პრევენციული ღონისძიება შესაძლო რისკ-ფაქტორის შესარბილებლად ორივე უბანზე: კონცხის ცენტრალური და იახტკლუბის წინა მონაკვეთების წყალქვეშა ფერდიდან კრიტიკული მასის პერმანენტული დაცლა წყნარი ზღვის პირობებში“, – აღნიშნულია აჭარის სამმართველოს დაკვეთით მომზადებულ დოკუმენტში, რომელსაც „ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობის შესწავლის, ჭარბი აკუმულაციის უბნების გამოვლენისა და მოსალოდნელი რისკების შემცირების მიზნით, სათანადო კვლევის პროექტი“ ჰქვია.

როგორ დაამარცხა მესამე სტადიის სიმსივნე 56 წლის ქალმა

„როცა დიაგნოზი გავიგე, ექიმმა ორივე ხელზე მომკიდა ხელები, თვალებში შემომხედა და მითხრა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ თუ იქნები დამფრთხალი თაგვივით, ვერ დაგეხმარებითო. შინაგანი რწმენა და განწყობა ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია და მე იმ დღეს იმედიანად წამოვედი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 56 წლის ლალი არაბული.

ლალიმ მკერდის მესამე სტადიის სიმსივნეზე გაიმარჯვა.

ლალი არაბული 15 წელია რაც იტალიაში ცხოვრობს. ერთ დღეს, ძუძუზე პატარა სიმაგრე შენიშნა და ყველაფერი აქედან დაიწყო.

რას აკეთებს იტალიის ჯანდაცვა მას შემდეგ, როცა ადამიანი ონკოპაციენტი ხდება? – ვეკითხებით ლალის. „ყველაფერს“ – გვეუბნება ის.

„როცა ონკოპაციენტი ხდება, სპეციალური კოდი გენიჭება და (ათი წლის მანძილზე), რაც კი დაგჭირდება მკურნალობის პროცესში, სახელმწიფო ასი პროცენტით გიფინანსებს.

წარმოიდგინეთ რამდენი რამ გავიარე – შვიდი თვე ქიმიები, 25 გადასხმა გავიკეთე და იცით, რამდენად ძვირი ჯდება ეს გადასხმები, გავიკეთე ოთხი ოპერაცია, ყველა გამოკვლევა, ყოველკვირეული ანალიზები, ყოველ 6 თვეში ერთხელ დღემდე ექოსკოპიები, ყველაფერი იყო უფასო.

ვთქვათ სახლში წამალი მჭირდება ხომ, ექიმი წინასწარ მაძლევს რეცეპტს და როცა მივდივარ აფთიაქში, წამალს ვიღებ უფასოდ. არანაირი ბიუროკრატია და ბარიერების გავლა არ უწევს აქ ონკოპაციენტს“, – გვეუბნება ლალი არაბული.

რა როლი ითამაშა თქვენს განკურნებაში იმან, რომ არ გიწევდათ ფინანსების მოძიებაზე დარდი, წუხილი და იმ პროცესების გავლა, რასაც გადიან ვთქვათ საქართველოში ონკოპაციენტები? – ვკითხეთ მას. მისი თქმით, ის იმდენად ენდობოდა ექიმებს, ჯანდაცვის სისტემას, რომ მედიკამენტების დასახელებებსაც კი არ აქცევდა ყურადღებას.

„როცა მეკითხებიან ხოლმე, – „ეს წამალი გაიკეთე?“, ან „ის წამალი თუ გაიკეთე“, არ ვიცი, არცერთი წამლის სახელი არ მახსოვს. მთლიანად ვიყავი მინდობილი ექიმებზე. იცით ეს რამდენს ნიშნავს?

მაგიჟებს ის, რომ საქართველოში ონკოპაციენტს ყველაფერი მოსაძიებელი აქვს – წამალი, დაფინანსება. თუ დაფინანსება მოიპოვა, მერე წამალი არ არის, თუ წამალია, თანხები არ არის და უწევს აქეთ-იქით სირბილი ამ ყველაფერზე. კატასტროფაა.

ონკოპაციენტს ეს სტრესი უფრო მეტად ვნებს, ვიდრე მისი ავადმყოფობა, რადგან ამ დროს არანაირი სტრესი არ შეიძლება პაციენტისთვის. ის გზა კი, რასაც საქართველოში გადიან ონკოპაციენტები, უდიდესი სტრესია. ამიტომ არის, რომ ხშირად საქართველოში მკურნალობას შედეგი არ მოაქვს.

შეიძლება ექიმი კარგი იყოს, კარგი მკურნალობის პროგრამაც შეადგინოს, მაგრამ მაინც კრახით დასრულდეს მკურნალობა, რადგან იმ მკურნალობის პროცესში პაციენტი ძალიან დასტრესილია და ეს ვნებს პაციენტს.

ამას ემატება ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა. თითო ლარის თხოვნა სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ. აქ, იტალიაში ასეთი რამ არ სჭირდებათ ოჯახებს. მკურნალობის გამო არ უწევთ ფულის აგროვება, სახლების, მანქანების გაყიდვა. ამაზე ფიქრი ანადგურებს პაციენტს.

ჯანდაცვა აქაც ძვირია. მაგალითად კბილის ამოღება 200 ევრო ღირს. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ აქ როცა ადამიანს დაუდგინდება სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობა, მისთვის მკურნალობა ხდება უფასო. ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი მიდგომა.

ადამიანის სიცოცხლე გაცილებით ძვირფასია, ვიდრე ბიუჯეტი და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად“, – ამბობს ლალი არაბული.

მისი თქმით, ცალკე ამბავია ონკოპაციენტი ბავშვების მდგომარეობაც, რადგან საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიაც არ არის კარგად განვითარებული და ბევრად ცუდ პირობებში უხდებათ ბავშვებს მკურნალობა.

„იტალიაში ბევრი ბავშვი მკურნალობს და მშობლებს ეშინიათ საქართველოში დაბრუნების, რადგან არ იციან რა გააკეთონ და როგორ.

პრობლემაა ზუსტი დიაგნოსტირებაც, რადგან ცოტა ხნის წინ, ერთ ჩემ ახლობელს შეექმნა პრობლემა. საქართველოში უთხრეს, რომ სიმსივნე ჰქონდა და სასწრაფოდ ქიმიები უნდა დაეწყო. ამ ქალს შვილი ჰყავს იტალიაში და იმდენი მოვახერხეთ, რომ აქ დავაწვინეთ საავადმყოფოში.

ბევრი კლინიკა იმ მხრივაც სცოდავს, რომ ეუბნებიან პაციენტებს, ჩვენ გადაგიმოწმებთ დიაგნოზს უცხოეთში და ეჭვი მაქვს, რომ ბევრი ამას არ აკეთებს. ამ ქალსაც უთხრეს, რომ გერმანიაში გადააგზავნეს დიაგნოზი და იქიდანაც იგივე პასუხი ჩამოვიდა.

ამ დროს, იტალიაში სამჯერ აუღეს ამ ქალს ბიოფსია და სიმსივნე არ დადასტურდა. იყო რაღაც დაავადება, მაგრამ გაუკეთეს ოპერაცია, უმკურნალეს და ქიმია არ დასჭირვებია. დაბრუნდა საქართველოში და კარგად არის მეოთხე წელია“, – ამბობს ლალი.

ქალი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ სივრცეში ერიდება იმის დაწერა, რომ „უნდა იბრძოლო“, რომ „გაიმარჯვებ“ და ასე შემდეგ, რადგან საქართველოში მყოფი ონკოპაციენტებისგან ხშირად ასეთ პასუხს იღებს: – „შენ რა გიჭირს, იტალიაში ხარ, ჩვენ აქ“, „მაქედან ლაპარაკი იოლია“.

ლალი ამბობს, რომ ესმის ამ ადამიანების, რადგან საქართველოში იყო ონკოპაციენტი ძალიან რთულია.

„რთულია, მაგრამ მაინც იბრძოლონ. საკუთარი თავისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის, რაღაცნაირად უნდა მოახერხონ შინაგანი რწმენის დაბრუნება. საქართველოშიც ხდება სასწაულები

სახელმწიფო კი უნდა აიძულონ, რომ ბოლოსდაბოლოს სრულად დააფინანსონ ონკოპაციენტები და ხალხმაც უნდა ამოიღოს ხმა. ათას სულელურ კონცერტებსა და პროექტებში ყრიან მილიონობით ლარს. ეს თანხები ონკოპაციენტების დაფინანსებისკენ უნდა მიმართონ.

ონკოპაციენტებს არ უნდა უწევდეთ პარლამენტის წინ დგომა წამლის და მკურნალობის მოთხოვნით. ხმა უნდა ამოიღოს ყველამ, ერთდროულად, რადგან არავინ იცის, ხვალ ვინ დადგება მსგავსი პრობლემის წინაშე.

მე, მაგალითად, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ონკოპაციენტი ვიქნებოდი. არც ვსვამდი, არც ვეწეოდი, ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობდი თითქოს, მაგრამ მაინც მოხდა ეს“, – ამბობს ლალი არაბული.

მისი თქმით, ონკოპაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე, ფიზიკური აქტივობა, სეირნობა და ჯანსაღი კვება.

„ასევე მთავარია, ენდობოდე ექიმს, სისტემას. მე იმდენად კარგად მექცეოდნენ ჩემი ექიმები, ისეთი გარემო იყო შექმნილი პაციენტისთვის, რომ საავადმყოფოში რომ მივდივარ, ახლაც კი არ მაქვს შიშის გრძნობა.

პირიქით, წითელ ლაქს გადავისვამდი, პომადას, გამოვიპრანჭებოდი და ისე მივდიოდი ხოლმე კლინიკაში.

იმდენი მაინც უნდა გაკეთდეს საქართველოში, რომ ქიმიების დროს რა წამლებიც სჭირდებათ ონკოპაციენტებს, საძებარი არ იყოს და პაციენტი საავადმყოფოში რომ მივა, წამალი დაფინანსებული დახვდეს.

მე 6 თვის შემდეგ მიწევს გადამოწმებაზე მისვლა ექიმთან და უკვე ყველაფერი გაწერილი და დაფინანსებულია“, – გვეუბნება ლელი არაბული.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად ათი ათასზე მეტი ადამიანი ავადდება სიმსივნით. თუმცა ჯანდაცვის ბიუჯეტი ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად არ იზრდება.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ზამთრის ჯაზფესტივალი გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წელს ჯაზფესტივალებს მეოთხე სეზონი, ზამთრის ფესტივალი „Winter Jazz“ დაემატა, რომელსაც გუდაური 24-25 თებერვალს უმასპინძლებს.

ორდღიანი ფესტივალი სასტუმრო „კარპე დიემსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი სტუმრობს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გუდაურში წარდგებიან.

საფესტივალო პროგრამას, რომელსაც 14:000 საათზე გახსნის Soulidan, („Winter Jazz Gudauri“ ფესტივალის მუსიკალური პროგრამის დირექტორი), გააგრძელებენ ლეგენდარული ჰაუს არტისტები: Kenny Bobien, Josh Milan, Kaidi Tatham, Dj Spen, Greg Gauthier, Afshin. პირველ საფესტივალო დღეს, 22.00 საათზე, დაასრულებს ამერიკელი მუსიკოსი Scott Kinsey და მისი ვარსკვლავური ჯგუფი, პროექტით „We speak LUNIWAZ“, რომლებიც მსმენელს ჯო ზავინულის მუსიკას შესთავაზებენ.
25 თებერვალს საერთაშორისო ჯაზფესტივალს ჰაუს არტისტები დახურავენ.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ: tkt.ge

*შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათებზე: TBC Concept Visa Platinum, Visa Infinite, Visa Signature.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნფრომოუშენსი“

„Winter Jazz Gudauri“ ფესტივალის მხარდამჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ოფიციალური პარტნიორი მთის ტრასების სააგენტო.

სპონსორები: ვიზა, თიბისი კონცეპტი.

საინფორმაციო მხარდამჭერები: ტვ იმედი, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ ჟურნალი მარკეტერი, პალიტრა მედია ჰოლდინგი, სარეკლამო სააგენტო ალმა.

ესტონეთმა რუსეთთან შესაძლოა საზღვარი დაკეტოს

ესტონეთმა შესაძლოა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტოს რუსეთის ფედერაციიდან არალეგალური მიგრანტების შესვლის გამო.

„ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთი შეგნებულად აგზავნის უცხოელების ჯგუფებს ესტონეთის საზღვარზე, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირში შესვლის კანონიერი უფლება“ – ნათქვამია ესტონეთის პოლიციის დეპარტამენტის პრესრელიზში, რომელიც დღეს, 14 თებერვალს გამოქვეყნდა.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ თუ ასე გაგრძელდება, ესტონეთი დახურავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, როგორც ეს ფინეთმა უკვე გააკეთა.

ფინეთმა რუსეთთან საზღვარი 2023 წლის ნოემბერში დაკეტა მინიმუმ 14 აპრილამდე. ფინეთის ხელისუფლებამ რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ ის განზრახ ახალისებს უცხოელებს თავშესაფარი ეძებონ ფინეთში, რაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს.

„პრომო გოგონების“ გამოყენებით ფულის გამოძალვის სქემა – დააკავეს 4 პირი 

შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 4 ადამიანი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად, შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა.

ისინი, „პრომო გოგონების“ მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით უკავშირდებოდნენ საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ კაცებს, რომლებსაც წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ.

ამის შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ.

იმ შემთხვევაში, თუკი დაზარალებულები ბრალდებულების მიერ დასახელებულ თანხას არ გადაიხდიდნენ, მათზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ამ გზით ეუფლებოდნენ ფულს“.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1973 წელს დაბადებული შ.ხ. 1999 წელს დაბადებული ა.ო. 1997 წელს დაბადებული ლ.ბ. და 1993 წელს დაბადებული მ.გ.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

გონიოს ციხეში რომაული ყაზარმის ანალოგი ააგეს – დაიხარჯა 264 999 ლარი

გონიოს ციხის ტერიტორიაზე რომაული ყაზარმის ანალოგი ააგეს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, ყაზარმაში სამუზეუმო სივრცე იქნება, სადაც „გონიოს ციხის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, თვალნათლივ დაინახონ „გაცოცხლებული“ რომაელი ჯარისკაცების ყოფა-ცხოვრება“.

სააგენტოს ცნობით, რომაულ ყაზარმაში განთავსებული იქნება ჯარების მეთაურის ოთახი, ჯარისკაცების საძინებელი, იარაღის შესანახი ოთახი, რომაული სამზარეულო და სხვა დამხმარე სათავსო.

გონიოს ციხეზე რომაული ყაზარმის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2023 წლის აპრილში გამოაცხადა.

ყაზარმის ასაშენებლად სატენდერო თანხად 265 ათასი ლარი განისაზღვრა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო, გამარჯვებული კი შპს „ტატამი 777“ გახდა. მასთან ხელშეკრულება სააგენტომ 264 999 ლარზე გააფორმა.

პროექტი ითვალისწინებდა ძეგლის ტერიტორიაზე ხის სახლის რეკონსტრუქციას და არსებულ სივრცეში მუზეუმის განთავსებას.

რომაული ყაზარმა გონიოს ციხეზე ფოტო: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

გარდა ყაზარმის აშენებისა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გონიო-აფსაროსის სამუზეუმო სივრცის განახლებას გეგმავს. ასევე მუშაობენ პეტრას ციხეზე ახალი  სამუზეუმო სივრცის მოწყობაზე. ამ სამუზეუმო სივრცეებში გონიოსა და პეტრას ციხეზე აღმოჩენილ არტეფაქტებს განათავსებენ.

გონიო-აფსაროსის ისტორიული ციხე-სიმაგრე გონიოში, ბათუმიდან 12 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ციხე სტრატეგიულ ადგილასაა. ის იცავდა შავი ზღვის სანაპიროსკენ, ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობებისკენ, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსკენ გამავალ გზებს. თავისი მდებარეობის გამო გონიოს ციხე იყო ჯერ რომის, ხოლო შემდეგ ბიზანტიის ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი.

მთავარ ფოტოზე რომაული ყაზარმის ანალოგის ექსტერიერი და ინტერიერი. ფოტო: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

პეტიცია ბახმაროში მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის წინააღმდეგ

მოქალაქეები პეტიციით – „ბახმაროს გადასარჩენად“ ხელმოწერებს აგროვებენ.

პეტიციის ავტორები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსს 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანების გაუქმებას სთხოვენ, რომლის საფუძველზეც კომპანია „ორბი“ კურორტზე კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

„მომზადდეს განაშენიანების დეტალური გეგმის განახლებული პროექტი, რომელიც სწორად განსაზღვრავს აღნიშნული ტერიტორიების მნიშვნელობას ბახმაროს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში, უპასუხებს ქალაქგეგმარებით, საპროექტო, ეკოლოგიურ, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, გაითვალისწინებს მსოფლიოს საკურორტო დასახლებების განვითარების საუკეთესო პრაქტიკას და მომზადდება ფართო სამოქალაქო და პროფესიული წრეების ჩართულობით.

გავითვალისწინოთ ლანდშაფტის ათვისების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება! შევინარჩუნოთ ბახმარო თავისი უნიკალური გარემოთი! ხელი შევუწყოთ მის მომავალ, სწორ განვითარებას!“-  აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადასარჩენად“ მიერ გავრცელებულ პეტიციაში.

ბახმაროში, 4 ჰექტარზე „ორბი“ მშენებელობას იწყებს – განაშენიანების გეგმა უკვე დამტკიცებულია.

„ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტს ორგანიზაცია ურბანული განვითარების ინსტიტუტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

„წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას.

კომპლექსი სრულად არის ამოვარდნილი გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან. ქალაქგეგმარებითი კუთხით კრიტიკულად მცდარია გადაწყვეტები და არ ითვალისწინებს მთელ რიგ გამოწვევებს რომელიც ამ მოცულობას მოჰყვება. კომპლექსი წინააღმდეგობაშია ადამიანურ მასშტაბთან,“ – აცხადებს „ურბანული განვითარების ინსტიტუტი“.

„დღეს რეალური საფრთხის წინაშე დადგა კურორტის უნიკალურობა – დეველოპერული კომპანია ,,ორბი ჯგუფი“ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე, 14 501 კვ.მეტრ ფართობზე, მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, კომპანიამ აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო. მიწის ეს ნაკვეთი კომპანიამ 2019 წელს ერთ ლარად შეისყიდა. ეს მასშტაბური და ამბიციური პროექტი, რომელიც კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის, მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება, უსათუოდ გამოიწვევს ჰაერის დაბინძურებას, ფლორისა და ფაუნის ცვლილებას და საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს უნიკალურ ეკოსისტემას, ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე საფარს.

ამასთან, ამ პროექტს აუცილებლად ექნება ჯაჭვური ეფექტი, რასაც მოჰყვება მსგავსი კომპლექსების დამატებით მშენებლობა. ბახმაროს განვითარება და კეთილმოწყობა გადაუდებელი ამოცანაა, ეს უნდა მოხდეს სწორად, ადგილობრივ ბუნებრივ და პასტორალურ ლანდშაფტთან შესაბამისად,“ – ნათქვამია პეტიციაში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 398 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
  • ტანკი – 6 433 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 12 043 ერთეული [+39]
  • საარტილერიო სისტემა – 9 566 ერთეული [+66]
  • MLRS – 984 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 671 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 371 ერთეული [+39]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 882 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 662 ერთეული [+39]
  • სპეცტექნიკა – 1 523 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 570 თვითმფრინავი
  • 266 ვერტმფრენი
  • 12 390 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 469 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 034 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 220 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 041 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 655 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version