„გამოდის, 500 მიუსაფარი ძაღლი და კატა უნდა დაუბრუნდეს ქალაქის ქუჩებს, ეს იქნება კატასტროფა,“ – ამბობს თინა დიასამიძე, რომელსაც ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ჩააბარა წერილი ძაღლების თავშესაფრის „პირვანდელ მდგომარეობაში“ დაბრუნებაზე. ეს მოთხოვნა პრაქტიკულად ბათუმში არსებული ერთადერთი თავშესაფრის დემონტაჟს ნიშნავს.
ბათუმის მერიაში არ აქვთ პასუხი: როდის გამოცხადდება ტენდერი თავშესაფრის მოწყობაზე, ან სად უნდა წაიყვანონ 500-მდე მიუსაფარი ცხოველი თავშესაფრიდან, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწაზე წლებია ნებართვის გარეშეა მოწყობილი?
თავშესაფარი ათეულობით პატარ-პატარა და ფერადი სახლია მიუსაფარი ძაღლებისთვის დაჭაობებულ ადგილას. მიუსაფარი ძაღლები რამდენიმე ჯგუფად დაუყვიათ, ძაღლების სახლები ერთმანეთისგან მავთულის ღობეებითაა იზოლირებული. ცალკე კუთხე მიუჩენიათ კატებისთვის.
„ინსპექციამ ჩაგვიწერა წერილში შენობა-ნაგებობები მოუწყვიათო, მაგრამ აქ ჩვენი სახლი კი არა, მიუსაფარი ძაღლების სახლებია მხოლოდ, რომლებიც ნაგავსაყრელიდან მოზიდული ნივთებით და მეგობრების დახმარებით მოვაწყვე, ამხელა ცოდვას როგორ აკეთებენ? ხალხო, ყველა ლურსმანი, ყველა ჭანჭიკი ჩემი მოჭერილია, აქ ჩვენი ჩანგალი და თეფშიც კი არ გვაქვს – როგორი მშივრებიც მოვდივართ, ისეთივე მშივრები მივდივართ,“ – გვიყვება თინა დიასამიძე და რამდენიმე ძაღლს გვაცნობს, ჯერ კიდევ თვალაუხელელი რომ მიუტოვებიათ, ან მანქანამ გადაუარა, წელმოწყვეტილია, ან ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, იქეთ დაბრმავებული ძაღლები არიან, ხუთი ლეკვი ჩამოყარეს და ორის გადარჩენა შევძელითო – გვიყვება თინა დიასამიძე.
თინა დიასამიძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ამ თავშესაფრის დანგრევის შემთხვევაში 500-მდე ძაღლი და კატა ბათუმის ქუჩებში აღმოჩნდება, ამიტომაც ის მოქალაქეებს მხარდაჭერას სთხოვს.
თინა დიასამიძე
„საიდანაც მოგვყავს, იმ ადგილების სახელებს ვარქმევ, ან ადამიანების, რომლებმაც მიატოვეს: ეს, მაგალითად, ახალშენიდანაა და ახალშენი შევარქვი, ეს კიდევ მათხოჯიდანაა – მათხოჯში კლავდნენ და ორი ძაღლი ერთად წამოვიყვანეთ, სიკვდილს გადავარჩინეთ, ეს ნუცააა და აბაშაში კლავდნენ – ქათამს გამოეკიდა,“ – თითოეულზე ბევრი აქვს მოსაყოლი თინა დიასამიძეს.
თავშესაფარი მდინარე ჭოროხთან ახლოს, ტყის პირას და აეროპორტის ასაფრენი ბილიკის გვერდით წლების წინ, თავდაპირველად ინგა რიჟამაძეს მოუწყვია:
„საზოგადოებამ იდარდოს მაშინ და მერიამ, მე სად წავიყვანო აბა? წამოვიყვან ამ ჩემს 400 ძაღლს და კატას და მერიასთან დავდგები,“ – ჩვენს დიალოგს ინგა რიჟამაძეც უერთდება. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „უტყუარი მეგობრის“ დამფუძნებელია. ინგა გვიყვება, თავდაპირველად სახლში მყავდა კატები და ძაღლები, როცა ქუჩაში შევეჩეხე, იარაღით როგორ კლავდნენო. მერე კი, როცა სახლში საკმარისი სივრცე აღარ იყო, ეს ადგილი შევარჩიე და თავშესაფარი მოვუწყვეთ მიუსაფარ ცხოველებსო.
ინგა რიჟამაძე
„წამოდით, ქვაბებს გაჩვენებთ, როგორ მოვუმზადე საჭმელი ამდენ ძაღლს და კატას. ყველა დღე მოვდივარ დილის 12-ზე და ღამის პირველამდე აქ ვართ.
ჯერ მერაბ ნაკაშიძე მოვიდა დასთან ერთად, კატები ჰყავდათ, ისინიც თურმე ვეღარ ატევდნენ სახლში ამდენ კატას, გულო ფუტკარაძე იყო ასევე ჩემთან ერთად, მერე თინაც გამოჩნდა.
ჩვენ ვითხოვთ თავშესაფრის მოწყობას ამ ცხოველებისთვის. დიდი სიამოვნებით ჩავაბარებდი ჩემს ყველა ძაღლს და კატას თავშესაფარს, თუ მამუშავებენ, ვიმუშავებ თავშესაფარში და ისევ ვიზრუნებ, თუ არადა, არაფერი. 71 წლის ვარ უკვე, 30 წელია მიუსაფარ ცხოველებს ვუვლი და ასეთი რამ ჯერ არ გამიგია,“ – ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის გაფრთხილებას გაუბრაზებია ინგა რიჟამაძეც.
ბათუმის მერიას ხელშეკრულება ამ ეტაპზე მხოლოდ შპს „სევერთან“ აქვს გაფორმებული. ეს ორგანიზაცია გამოძახების შემთხვევაში ქუჩაში მყოფ ძაღლს და კატას შესაბამის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. მათ შორის, კასტრაციას და სტერილიზაციას. პროცედურის დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში კი, მიუსაფარ ცხოველს იმავე ადგილს აბრუნებენ, სადაც აიყვანეს.
მიუსაფარ ცხოველებს, მათ შორის, უნებართვოდ მოწყობილ თავშესაფარში, უკეთდება აცრა ცოფზე. ამას სურსათის ეროვნული სააგენტო აკეთებს.
„აქ გვყავს ძაღლები, რომლებიც აღარ უბრუნდებიან ქალაქს, ზოგი უფეხოდაა დარჩენილი, ან წელმოწყვეტილია… ამ ორ ძაღლზე გვითხრეს, რომ აგრესიულები არიან და ამიტომ წამოვიყვანეთ, აქ მშვიდად არიან,“ – გვიყვება თინა დიასამიძე და მის ირგვლივ თავმოყრილი მრავალი ძაღლის დამშვიდებას ცდილობს: „არ გვთავაზობენ ტერიტორიას, სადაც შეიძლება გადავიყვანოთ ძაღლები, არც დროს გვაძლევენ, ალბათ მოვლენ ტრაქტორები მალე და აქაურობას დაანგრევენ… ამ ძაღლებს ქალაქში ჯოჯოხეთი ელით, ისევ ტრავმა, სიკვდილი.
ადამიანებს, ვისაც თითო საჩივრის დაწერა უწევთ ახლა, 5 და 10 საჩივრის დაწერა მოუწევთ, მე აქ 150 ძაღლი და კატა მყავს. აქვე 400-მდე ძაღლი და კატა ინგა რიჟამაძეს და მერაბ ნაკაშიძეს ჰყავთ, ისინი წლებია აქ არიან. მე წელიწად-ნახევრის წინ მოვედი აქ, როცა სახლში აღარ ეტეოდნენ სიკვდილისთვის განწირული ეს საყვარელი არსებები“, – ამბობს თინა დიასამიძე, ის არასამთავრობო ორგანიზაციის Lucky-ის დამფუძნებელია.
თინა დიასამიძის თქმით, მიუსაფარ ცხოველებს ძირითადად საკუთარი სახსრებით, ასევე შემოწირულებებით უვლის.
„მერიას წელიწად-ნახევრის წინ მივმართე და იჯარა მოვითხოვე ხუთწლიანი. მე ვითხოვ იჯარით ფართობის გადმოცემას, ვიდრე მუნიციპალური თავშესაფარი მოეწყობა. მერთან შეხვედრას დაგვპირდნენ, მაგრამ არავინ შეგვხვდა,“ – ამბობს თინა დიასამიძე.
რა მიდგომაა საჭირო მიუსაფარი ცხოველების მიმართ ცხოველთა დამცველების აზრით?
„კანონი უნდა გამოვიდეს, ვინც ჯიშიან ძაღლებს ამრავლებს, ჰყიდიან, მათ უნდა დაეკისროთ ჯარიმა. როცა ჯიშიანი ძაღლის შეჯვარება ხდება ქუჩის ძაღლთან, გამოდის მეტისი, მეტისს ვერ გაყიდი და რჩებიან ქუჩაში…
ადამიანები ფულის გამო რას არ აკეთებენ: იორკის ჯიშის ძაღლი კილო-ნახევარია და სამჯერ ამრავლებენ წელიწადში, ამხელა ტრავმას ატანინებენ… უნდა აშენდეს თავშესაფარი და შეწყდეს მიუსაფარი ცხოველების გამრავლება, ესაა გამოსავალი.
ეს მუნიციპალური სერვისი, რაც გვაქვს, გამოძახებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ყოველდღე უნდა დადიოდნენ და უკეთებდნენ სტერილიზაციას და კასტრაციას ძაღლებს, ისინი მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში გადიან. ჩვენ ძაღლებსაც ეს ორგანიზაცია უკეთებს კასტრაციას და სტერილიზაციას, ეს პრობლემა მოგვარებული გვაქვს,“ – გვითხრა თინა დიასამიძემ.
„13 წელია თითქმის აქ ვარ, ასეთი რამ არასდროს ყოფილა, არასდროს შემიწუხებია მთავრობა. ეს ახალი, აგურის შენობები მოხალისეებმა აუშენეს ძაღლებს, ასევე სამედიცინო პუნქტი მოაწყვეს, რომ პირველადი დახმარება შევძლოთ,“ – ამბობს ინგა რიჟამაძე და მოხალისეებს გვაცნობს.
„მე ბელარუსიდან ვარ, ბათუმში მას შემდეგ ვცხოვრობთ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში,“ – გვითხრა კასია შენკევიჩმა. მისი თქმით, მიუსაფარი ცხოველების დამცველთა ჯგუფში ბათუმში მცხოვრები 50-მდე ბელარუსი, უკრაინელი და რუსი გაერთიანდა. ისინი თანხას აგროვებენ იმისთვის, რომ თავშესაფრის პირობები გაუმჯობესდეს. მოხალისეები პერიოდულად თავშესაფარში მუშაობენ.
„ჩვენ სხვადასხვა ადგილას ვმუშაობთ ბათუმში, ადამიანები, რომლებსაც ძალიან გვიყვარს ცხოველები. ბევრმა ვიჩუქეთ ამ თავშესაფრიდან ძაღლები და კატები. სოციალურ ქსელში ფოტოებს ვდებთ, რომ სხვა ძაღლებიც გაჩუქდნენ და უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ…“ – ამბობს კასია შენკევიჩი.
მიუსაფარი ცხოველების დამცველი უცხოელი მოხალისეები ბათუმში
„ასაკის და ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, დიდხანს ვეღარ შევძლებთ ამ საქმის კეთებას. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მოეწყოს თავშესაფარი,“ – მერაბ ნაკაშიძეც გვიყვება, უკვე 11 წელია აქ ყოველდღე როგორ დადის. თავდაპირველად კი, რამდენიმე მიუსაფარ კატასთან ერთად მოსულა.
„ნაგვის ყუთთან დატოვებული კატის კნუტები რომ მხვდებოდა, მებრალებოდა და მიმყავდა შინ. მერე გაჩუქების და სხვაზე მიცემის რესურსი ამოიწურა, სახლში ძალიან ბევრი კატა ათავდა და მოვედი აქ.
აქ არავითარი კომუნიკაცია არ იყო, შეძლებისდაგვარად მოვაწყვეთ ყველაფერი. ახლა არ ვიცი, პასუხი ვისგან უნდა მივიღოთ,“ – გვითხრა მერაბ ნაკაშიძემ.
ბათუმის მერიის პრესცენტრში ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია: რას უპირებს მერია 500-მდე მიუსაფარ ცხოველს, თუ თავშესაფარს მოშლიან?
ბათუმში ამ დრომდე არ არსებობს ძაღლების და კატების თავშესაფარი – ადგილი, სადაც მიუსაფარი და ტრავმირებული ცხოველები ხანგრძლივი დროით დარჩებიან. ბათუმის მერიის მორიგი ტენდერი მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მოწყობაზე ჩავარდა.
ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა ქალაქის მერიამ 2020 წელს დააანონსა. „გამოვდივარ ინიციატივით, რომ ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ეს დაპირება ჯერაც შეუსრულებელია.