განათლების სამინისტრომ ახალი ეროვნული მიზნების ცვლილებები ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა. თუმცა დოკუმენტის დონეზე ეს მიზნები არავის უხილავს.
ერთადერთი, რაც საზოგადოებამ ნათლად დაინახა, სამინისტროს ულტრამემარჯვენე განცხადებები იყო ამ თემაზე. განათლების სამინისტრო ფაქტობრივად გაემიჯნა იმ დოკუმენტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების კოალიციამ“ სპეციალისტების ფართო ჩართულების შედეგად მიიღო.
როგორია კოალიციის მიერ შემუშავებული განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი და რატომ დუმს სამინისტრო – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების კოალიციის დირექტორს, სამოქალაქო განათლების პედაგოგს, გიორგი ჭანტურიას ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, რა პრინციპით იმუშავა თქვენმა ორგანიზაციამ განათლების ახალ ეროვნულ მიზნებზე და რაზე გააკეთეთ აქცენტი. რით განსხვავდება ის დღეს არსებული ეროვნული მიზნებისგან?
2022 წელს, ჩვენ „იუნისეფთან“ ერთად განათლების სამინისტროსთან ვთანამშრომლობდით, ჯერ სასკოლო კვების საკითხზე, ასევე რესურსცენტრების ახალ კონცეფციაზე ვმუშაობდით. შემდეგ, განათლების სამინისტრომ, კონკრეტულად კი „ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“ გამოთქვა სურვილი, რომ გვემუშავა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზეც.
შევთანხმდით იმაზე, რომ ეს პროცესი იქნებოდა მონაწილეობითი და მათივე ჩართულობით შევიმუშავებდით რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გამხდარიყო ფართო მსჯელობის საგანი და ამის მიხედვით შეიქმნებოდა საბოლოო დოკუმენტი.
- თქვენი ორგანიზაციის გარდა, კიდევ ვინ მუშაობდა ამ დოკუმენტზე, თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ სპეციალისტები, ორგანიზაციები?
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრი მასწავლებლები, განათლების სპეციალისტები: ნათია ანდღულაძე, შალვა ტაბატაძე, სიმონ ჯანაშია, თამარ ბრეგვაძე, ნათია მჟავანაძე, პაატა პაპავა, ილიაუნის და თსუ-ს მკვლევრები, დოქტორანტები, მაგისტრები და ბევრი სხვა ადამიანი იყო ჩართული ახალ ეროვნულ მიზნებზე მუშაობის პროცესში.
გავაკეთეთ საერთაშორისო გამოცდილების ანალიზიც, რომ სხვა ქვეყნებში რა ტიპის დოკუმენტები აქვთ, როგორ შეიმუშავეს და რატომ? რადგან ამა თუ იმ დოკუმენტს სხვადასხვა მიზეზით ქმნიან ხოლმე ქვეყნები.
ვიღაცისთვის ეს იყო უფრო ესგ-სთვის საყრდენი დოკუმენტი, ვიღაცისთვის უფრო დეკლარაცია და ასე შემდეგ.
ექსპერტთა ჯგუფმა, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესის შემდეგ ჩამოაყალიბა, როგორც განახლებული რეკომენდაციები, ასევე თავად დოკუმენტიც, რომელიც წარვუდგინეთ ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრებს. როცა მივიღეთ მათგან უკუკავშირი, შემდეგ განათლების სპეციალისტების უფრო ფართო ჯგუფს წარვუდგინეთ სამსჯელოდ.
მიღებული დოკუმენტი კი საბოლოოდ წარვუდგინეთ განათლების სამინისტროს, რომ მას გამოეტანა საზოგადოების წინაშე და დაწყებულიყო ფართო მსჯელობა. თუმცა სამინისტროსგან ამის შემდეგ აღარაფერი გვსმენია.
- როგორც ვიცი, თქვენთან კომუნიკაციის ნაცვლად, მაშინ მინისტრმა ამილახვარმა და მაშინდელმა პრემიერმა, ღარიბაშვილმა განაცხადეს, რომ სამინისტრო თავად მუშაობდა განათლების ეროვნულ მიზნებზე. რომ მოქმედი ეროვნული მიზნები ქართველების დნმ-ს ცვლიდა. ამ დროს გაგემიჯნათ სამინისტრო?
როცა ჩვენი მომზადებული დოკუმენტი გადავეცით სამინისტროს, პრეზენტაციაც გავუკეთეთ. გვითხრეს, „განვიხილავთ და დაგიბრუნდებით“. სამწუხაროდ, იმის შემდეგ რაიმე უკუკავშირი მათგან არ მიგვიღია. 2023 წლის აგვისტოში გვქონდა შეხვედრა მინისტრთან და იქაც დაისვა ეს საკითხი, თუ რა ხდებოდა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, იწყებდა თუ არა სამინისტრო განხილვას.
მაშინ თქვეს, რომ ჩვენც ვმუშაობთ ახალ ვერსიაზე და მალე წარვადგენთო. თუმცა არაფერი გვინახავს, გარდა იმ პოლიტიკური, ულტრა-კონსერვატიული განცხადებებისა, რომ თურმე წინა ხელისუფლების დროს შექმნილი ეროვნული მიზნებით ქართველების დნმ-ს ცვლიდნენ, რომ ახალი ქართველის გამოყვანა სურთ და ასე შემდეგ.
იყო ზოგადი საუბარი იმაზე, რომ პატრიოტიზმი უფრო მეტად უნდა გამოკვეთონ ამ დოკუმენტში და ასეთი ზერელე განცხადებები, რომელიც რეალურად არაფრის მთქმელია.
აქედან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ 2024 წლიდან ხელახლა წამოვწიოთ ეს საკითხი წინ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ფართო ჯგუფის მობილიზება მოვახდინოთ ამ საკითხზე.
ერთია ის, რომ დიდი დრო გავიდა და არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენია სამინისტროს და მეორეც – არასწორია განათლების სამინისტრო დამოუკიდებლად, საზოგადოების ჩართულობის გარეშე თუ მუშაობს ეროვნულ მიზნებზე.
- შესაძლებელია, რომ ის ძალისხმევა, რაც კოალიციამ გასწია ახალი ეროვნული მიზნების ჩამოსაყალიბებლად, სრულიად დაიკარგოს? – თუ არსებობს ბერკეტი, სამინისტრო თვითნებურად არ მიიღოს მსგავსი დოკუმენტი, ფართო განხილვის გარეშე.
ეს შეხვედრებიც, რაც ამ დღეებში მიმდინარეობს სფეროს წარმომადგენლებთან, სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ შევქმნათ წინაღობა, რომელიც ხელს შეუშლის იმას, რომ სამინისტრომ თავის ჭკუაზე არ აკეთოს ის, რაც უნდა.
წყალში არ უნდა გადაიყაროს ამდენი ადამიანის, ექსპერტის, სპეციალისტის ჩართულობა. ჩვენ რომ არ გვემუშავა, ალტერნატიული დოკუმენტი რომ არ დაგვედო, მაშინ სახელმწიფოს გაუადვილდებოდა თავისი ვერსიის შემოთავაზება, მაგრამ ის პროცესი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ, ვფიქრობ, გარკვეულ წინააღმდეგობას შექმნის და სამინისტრო ვერ შეძლებს წინააღმდეგობის გარეშე იმ დოკუმენტის მიღებას, რაც არ გვაწყობს.
- დავუბრუნდეთ დოკუმენტს. რა იყო თქვენეული მიგნებები ამ პროცესში, რით განსხვავდება თქვენ მიერ შემუშავებული მიზნები იმისგან, რაც დღეს არსებობს სისტემაში?
მთავარი განმასხვავებელი მაინც ის არის, რომ ახალი ვერსია უფრო მეტად ორიენტირებულია ინდივიდზე და პიროვნულობის ჩამოყალიბებაზე. უფრო მეტად გამოკვეთილია ინდივიდის საზოგადოებრივი როლი დემოკრატიის განვითარებაში. განსაკუთრებით ხაზგასმულია გარემოზე ზრუნვა და კომუნიკაციების უნარი.
ადამიანის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი, ბუნებრივი გარემო და ინფორმაციული ტექნოლოგიები წამოვწიეთ წინ.
რადგან თუ 20 წელი გარემოს დაცვა არ იყო მნიშვნელოვანი ეროვნული მიზანი, ჩვენ ეს ნაწილი ცალკე კომპონენტად გამოვიტანეთ.
ასევე, როცა ვსაუბრობთ ტექნოლოგიურ განვითარებაზე, მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების განვითარებაც, კრიტიკული აზროვნება, რადგან ზღვა ინფორმაციულ ნაკადში ახალგაზრდებმა შეძლონ იმ უნარების გამომუშავება, რაც საჭიროა ყალბი და სწორი ინფორმაციის გასარჩევად.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი არ ცხოვრობს ცალკე, ის არის საზოგადოების ნაწილი და აქტიურად უნდა იყოს იმ სოციუმის განვითარებაში, სადაც ცხოვრობს.
მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენთან არსებობს ასეთი დამოკიდებულება, რომ „პოლიტიკაში არ ვერევი, არ მაინტერესებს“, არჩევნებზე არ დადიან ახალგაზრდები და ასე შემდეგ.
აი, ეს განსხვავებები წამოვწიეთ წინ ჩვენ ახალ დოკუმენტში.
ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული მიზნები ორიენტირებული უნდა იყოს არა სტაბილურობაზე, არამედ განვითარებაზე. რადგან სტაბილურობა უფრო მეტად ნიშნავს ერთი ტემპის შენარჩუნებას, ერთ ადგილზე ყოფნას და არა წინსვლას.
სინამდვილეში ეს „სტაბილურობა“ ქმნის დღეს უთანასწორო გარემოს და ვერ უზრუნველყოფს ვერც განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას, ვერც ხარისხის გაუმჯობესებას განათლებაში.
თუმცა, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული განათლების ეროვნული მიზნები არის სრულყოფილი დოკუმენტი და ჩარევას არ საჭიროებს. პირიქით, იმისთვის გავასაჯაროებთ, რომ უფრო მეტი უკუკავშირი მივიღოთ, მათ შორის კრიტიკაც და საერთო შეთანხმებით მივიღოთ საბოლოო დოკუმენტი.
- რადგან პედაგოგიც ხართ, გკითხავთ, სინამდვილეში რა ხდება სკოლაში, რამდენად მუშაობს ქაღალდზე დაწერილი იდეები. თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას გარემო ამ მიზნების განხორციელებისთვის. არსებობს კი ეს გარემო დღეს სკოლაში?
განახლების საჭიროებაზე როცა ვლაპარაკობთ, სწორედ ეს გვაქვს მხედველობაში, თუ რამდენად იცნობს და იყენებს სასკოლო საზოგადოება ამ მიზნებს.
დღეს სკოლები, მასწავლებლები დინებას არიან მინდობილები. ამიტომ არის, რომ ბევრისთვის სკოლა დასაქმების ადგილია და მეტი არაფერი.
ამიტომ ვმსჯელობთ რეალურად რა ფუნქცია აქვს სკოლას, ეროვნულ მიზნებს.
ვფიქრობ, სკოლის მიზანი მაინც ის არის, მოსწავლე მოამზადოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ახალგაზრდობას ჰქონდეთ თავისუფალი, კრიტიკული აზროვნება, რომ შეეძლოს განყენებულად შეხედოს სიტუაციას და არ მოექცეს მასის გავლენის ქვეშ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხშირად ხდება.
- დღეს ხშირად ისმის კითხვა – რისთვის ვსწავლობ, რაში გამომადგება? ეროვნული მიზნები სცემს ამ კითხვებზე პასუხს? ერთადერთი, რასაც ნათლად ვხედავთ, არის ის, რომ დღეს ახალგაზრდები მხოლოდ იმ ცოდნას ეტანებიან, რაც მათ დაეხმარება ეროვნული გამოცდების ჩაბარებაში.
სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ ჩვენც. როგორ უნდა უწყობდეს სისტემა ხელს ისეთი ცოდნის მიღებას, რომ მივიღოთ კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი ადამიანების ერთობა, რომლებიც სოლიდარულები არიან ერთმანეთის მიმართაც და ზრუნავენ გარემოზეც.
თუმცა ეროვნული მიზნები მაინც დეკლარაციული ხასიათისაა და ის რა უნდა მოხდეს საკლასო ოთახში, სხვადასხვა დოკუმენტებით განისაზღვრება. მთავარია, ამ დოკუმენტების სულისკვეთება გადავიდეს პრაქტიკაში.
ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს იღებდნენ საზოგადოების ჩართულობით და შევძლოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ ამ პროცესებში მათი თანამონაწილეობა გაიზარდოს.