აჭარაში მცხოვრები ეროვნებით სომეხი ახალგაზრდობა უმაღლესი პროფესიული განათლების მიღებას ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებს; ბათუმში სომხური სექტორი #9 სკოლაში მოქმედებს. გასულ სასწავლო წელს იქ სომეხი ეროვნების მხოლოდ 28 ბავშვი სწავლობდა, სკოლის დირექტორის მონაცემებით, მომავალ სასწავლო წელს მათი რიცხვი ორ ათეულამდე იქნება.
აჭარაში „სომეხთა კავშირის“ პრესსამსახურის უფროსი, არტურ ოგანესიანი, რომელიც დიდი ხანია ამ საკითხებზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ „ეს ის სამკუთხედია, რომელსაც შესაძლოა თავი შემდეგმა თაობამაც ვერ დააღწიოს“. ის „ბათუმელებს“ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიების საკუთარ ხედვაზე ესაუბრა.
თქვენი აზრით, რატომ ირჩევს მშობლების უმრავლესობა შვილებისთვის განათლების მისაღებად რუსულ სექტორს, მაშინ როცა მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც აქვთ?
ადამიანი, რომელიც ეროვნებით სომეხია და არის საქართველოს მოქალაქე, სწავლობს და აზროვნებს რუსულად; პრობლემაც სწორედ ამაშია, შემდგომში მისი განათლება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სწავლა გააგრძელოს სომხეთის რესპუბლიკაში, რადგან სომხური ენა არ იცის საკმარისად და არც ქართულს ფლობს იმდენად კარგად, რომ ინტეგრირებული იყოს ქართულ სივრცეში, ანუ ისწავლოს საქართველოში; ან ქართული პასპორტით რუსეთში გაარძელოს სწავლა, მითუმეტეს, რომ მან სრულფასოვნად არც რუსული ენა იცის; ეს სამკუთხედი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება არაქართული მოსახლეობისთვის და პირველ რიგში, სომეხი ეროვნების მოქალაქეებისთვის.