გიგა ბოკერია: „ერთადერთი კონსენსუსი აბაშიძის პოლიტიკიდან წასვლაა“

ბოლო პერიოდში აჭარაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს „თავისუფლების ინსტიტუტის“ აქტიური წევრი გიგა ბოკერია:

შეუძლებელია იმ ძვრების შეჩერება, რომელიც დაიწყო საქართველოში და  გავრცელდა აჭარის ტერიტორიაზე, ანუ როგორც ეს მოხდა დანარჩენ საქართველოში. ხელისუფლებაში მოვა ის კაცი, რომელიც ხალხს სურს. იმისათვის, რომ ეს პროცესი დემოკრატიულად განხორციელდეს, უნდა მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელიც დღემდე აქვს აბაშიძის რეჟიმს, – შეზღუდვა პოლიტიკური ნების გამოხატვისა, თავისუფალი სიტყვისა, და ა.შ. ეს არ იქნება უმტკივნეულო პროცესები აჭარაში, ჩვენ ამას ვხედავთ. ის რეპრესიები, რომელიც დაიწყო, აბაშიძის აზრით ემსახურება იმას, რომ ჩანასახშივე ჩაკლას მის მიმართ არსებული უკმაყოფილება საზოგადოებაში, მაგრამ ეს ფუჭი მცდელობაა. ამისი რესურსები აღარ გააჩნია ბატონ აბაშიძეს და საერთოდ, მოვლენები ვითარდება ხალხის სასარგებლოდ.

თუ რეპრესიები არ შეწყდება?

თუ აბაშიძე გააგრძელებს რეპრესიებს, ანუ უფრო მეტ ძალადობას გამოიყენებს, მაშინ ძნელი იქნება იმ ბუნებრივი აგრესიის შეჩერება, რომელიც გაუჩნდა ხალხს მისი რეჟიმის მიმართ. შევარდნაძე საღსალამათი წავიდა, ეს ძალიან კარგია, თუმცა, ვფიქრობ, რომ კანონის ფარგლებში მას ბრალი უნდა წაუყენონ იმ ქმედებებისათვის, რაც ჩაიდინა.

ასევე უნდა მოხდეს აბაშიძის შემთხვევაში. მაგრამ თუ ის გააგრძელებს რეპრესიებს, შესაძლოა თავად შეუქმნას საფრთხე თავის უსაფრთხოებას და ეს ძალიან ცუდი იქნება.

ვისთვის ცუდი?

რა თქმა უნდა, საქართველოსთვის. ეს ყველაფერი უკან დაგვხევს, წაიღებს დიდ დროს, საქართველოში კი უამრავი საქმეა გასაკეთებელი. ის ნაგავი, რომელიც შევარდნაძემ დატოვა მთელ საქართველოში, გასატანია. აბაშიძე ამასთან მიმართებაში შექმნის ბარიერებს.

რამდენად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში ასლან აბაშიძის ქმედებები?

სამართლებრივი შეფასების მიცემა აჭარაში მიმდინარე პროცესებისადმი, მართალი გითხრათ, ცოტა უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში მაგდებს. არასერიოზულია სამართალზე და კანონზე აბაშიძის ხელისუფლებასთან საუბარი. ეს ხალხი კონსტიტუციას როგორ წერს, ან როგორ განიხილავს, გაუგებარია. ჯერ გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა და ეს კანონში 2 დღის შემდეგ შეიტანეს. აბაშიძისათვის საგანგებო მდგომარეობა, უბრალოდ სიტყვაა, რომელიც ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე შემოიღო. დღეს აჭარის ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ერთი საკითხია აქტუალური, თუ როდის აღარ შეექმნებათ საფრთხე თავიანთი პოზიციის ღიად გამოხატვისას.

შეიძლება აიკრძალოს ქუჩის გადაკეტვა, მაგრამ შეიზღუდოს აზრის თავისუფლება ან პლაკატების გაკვრისთვის დაიჭირონ, რა თქმა უნდა, ამის უფლებას არ იძლევა თუნდაც კანონიერად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. ჩხარტიშვილების მამის, ხაჟომიას ძმის ნარკოტიკებისა და იარაღის მუხლით დაჭერა, არასერიოზულია, ამას არავინ დაიჯერებს. რა მაინცა და მაინც ოპოზიციურად აქტიური ადამიანების ოჯახის წევრებია ნარკომანები, კონტრაბანდისტები და ხულიგნები. უბრალოდ, აჭარის ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში დანერგოს უფრო მძაფრი შიში. ისინი აპატიმრებენ არა აქტივისტებს, არამედ მათი ოჯახის წევრებს, რათა უკვე ერთმანეთს გაუწიონ კონტროლი – ეს არის კლასიკური მაგალითი ტოტალიტარული რეჟიმებისა. საბედნიეროდ, სხვა რეჟიმებისაგან განსხვავებით, ეს რეჟიმი ძალიან დასუსტებულია. შეიძლება პროცესები უფრო ექსტრემალურად განვითარდეს.

რას გულისხმობთ პროცესების ექსტრემალურ განვითარებაშიახალი აფხაზეთი

აჭარის „აფხაზეთიზაციით“ სპეკულირება, მართლაც დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს არის უდიდესი შეცდომა და მძიმე დანაშაული. ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიებიდან გვემუქრებიან აფხაზეთს მოგიწყობთ თუ ჩემს რეჟიმს შეეხებითო, ეს უდიდესი დანაშაულებრივი პოზიციაა და ამავდროულად არარეალური. არავის დაავიწყდეს, რომ აფხაზეთში და ოსეთში ადამიანთა ჯგუფებთან, რომლებიც თავიანთ თავს საქართველოს მოქალაქეებთან, ქართველებთან არ აიგივებდნენ, ჰპოვა დასაყრდენი რუსეთმა. ამას დაემატა თბილისში დაშვებული შეცდომები, რისი წყალობითაც საქართველოს იურისდიქცია იქ დღეს არ ვრცელდება. აჭარაში ეს ასე არ არის,  მოსახლეობის 99,99%-მა მყარად იცის, რომ ის საქართველოს მოქალაქეა და ამას ვერავინ შეცვლის. აბაშიძეს ნუ დაავიწყდება, რომ მას რუსეთი კი არა, თურქეთი ესაზღვრება, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა და მომავალში არც თბილისი დაუშვებს მსგავს შეცდომებს. თუ ვინმე თეორიულად მაინც დაუშვებს „აფხაზეთიზაციის“ თემას, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს.

დღეისათვის ცენტრს რამდენად სწორი პოზიცია უჭირავს და თუ რეაგირებს შესაბამისად?

ის განცხადებები, რომელიც გააკეთა სააკაშვილმა, ამომწურავია. საზოგადოების ნაწილი უფრო კრიტიკულია ჩემი ჩათვლით, მაგრამ პრეზიდენტი უფრო სხვა რიტორიკით უნდა საუბრობდეს და ასეც ხდება. საქართველოს ხელისუფლება ვერ შეეგუება იმას, რომ თავისუფალი სიტყვისა და აზრისათვის დევნონ ადამიანები.

რაც შეეხება ტერიტორიულ მოწყობას: ვთვლი, რომ სხვა რეგიონებს და მათ შორის აჭარას, უნდა ჰქონდეს ფართო ავტონომიური უფლებები – ეს თავკომბალა, თბილისის სახით უნდა მოიშალოს, ცენტრალიზირებული ბიუროკრატია უნდა მოიხსნას. მაგრამ არსებობს საკითხები, სადაც ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული ცენტრალური ხელისუფლების ექსკლუზიური კომპეტენცია – მათ შორის სამოქალაქო უფლებების დაცვა. რეგიონი არ წყვეტს, თუ როგორ იქნება დარეგულირებული მის ტერიტორიაზე სამოქალაქო საკითხები.

თუ მოგმართავენ აჭარიდან მოქალაქეები და რას ითხოვენ?

აჭარაში ხალხი აქტიურია, რაც ნიშნავს, რომ აბაშიძის დიქტატურა, უკვე ისე ძალიან აღარ აშინებთ. ჩვენ უამრავი ჯგუფი გვიკავშირდება, ამ ადამიანთა რიცხვმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან დიდია სურვილი ყველაფერი შეიცვალოს, ე.წ. „კორეული ტელევიზიის“ ჩათვლით.

შესაძლებელია თუ არა აბაშიძემ კიდევ შეინარჩუნოს ხელისუფლება კომპრომისებისა და მოლაპარაკებების ხარჯზე?

კომპრომისი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შეუძლებელია. სამწუხაროდ, მოვლენები ისე ვითარდება, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების თავისუფლებას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სააკაშვილი რაიმე კომპრომისზე წავა. ასეც რომ მოხდეს, ამის საშუალებას არც სააკაშვილს და არც აბაშიძეს არ მისცემს ახალი ქართული საზოგადოება.

რამდენად რეალურია ამ რეჟიმის შეცვლა?

შეცვლა გარდაუვალია. ამ სიტუაციაში შეიძლება ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა არც გახდეს საჭირო. ეს დამოკიდებულია იმაზე, აბაშიძე რამდენად შეეგუება იმას, რომ ერთადერთი კონსენსუსი, ეს მისი პოლიტიკიდან წასვლაა. აბაშიძეს აქვს შანსი არჩევნებით წავიდეს ხელისუფლებიდან, თუკი ამას არ იზამს, უფრო ექსტრემალურად განვითარდება მოვლენები.

აბაშიძის დამხობას არავინ აპირებს, პირდაპირი გაგებით. თუ ის დაუშვებს დემოკრატიას, ანუ ჩაატარებს ნორმალურ არჩევნებს, შეწყვეტს ცენზურას, როგორც მედიაზე, ისე უბრალო მოქალაქეებზე, პრობლემა არ იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ის კარგავს ყველაფერს, რადგანაც არადემოკრატიული გზით იყო ამდენი ხანი ხელისუფლებაში.

 

გაეხვევა თუ არა ბათუმი რკინიგზაში მომხდარ სკანდალში

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის  დანაშაულებრივ ქმედებებს დღითი დღე ახალი ცოდვები ემატება. როგორც ჩანს, ჩხაიძეს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა და სავარაუდოდ, თავისუფლებაზე დიდი ხნით გამომშვიდობებაც. ყოველივე ამის პარალელურად კი კულუარებში, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ბათუმის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ნუგზარ ვარშანიძის შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზეც დაიწყეს საუბარი. თავად ვარშანიძე „გაზეთ ბათუმელებთან“ მისი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს გამორიცხავს და ამბობს, რომ ყოფილი შეფის ბედი არასდროს ეწევა.

„საქართველოს რკინიგზა ერთი იურიდიული პირია, ჩვენ ამ შემთხვევაში დაქირავებული, შემსრულებელი სტრუქტურა ვართ, რომელსაც მხოლოდ ოპერატიული მართვის უფლება აქვს. ჩხაიძის დანაშაული ის არის, რომ იგი ერთპიროვნულად მართავდა მთელ დეპარტამენტს. მართალია, პროფესიონალი იყო, მაგრამ ასეთ დროს შეცდომების ალბათობა ყოველთვის დიდია“, – აცხადებს ვარშანიძე და დასძენს, რომ ყოფილ შეფს იგი თითქმის პრესით ელაპარაკებოდა: „როცა აჭარის რკინიგზაში ფეთქებადსაშიში ვითარება შეიქმნა და ცენტრისგან უყურადღებოდ დავრჩით, მაშინ პრესის საშუალებით მოვახერხეთ მისი ყურადღების მიქცევა. სხვათა შორის, ამან შედეგი გამოიღო და მაშინდელი პრობლემა გარკვეულწილად მოგვარდა. სამაგიეროდ, ჩხაიძე ამ პოსტზე ჩემს ყოფნას ვერ ეგუებოდა და სულ განთავისუფლებას ცდილობდა.“

ნუგზარ ვარშანიძე ყოფილი შეფის სხვა ცოდვებსაც იხსენებს. „ჩხაიძე კუთვნილ თანხებს არ გვიგზავნიდა, ამით ჩვენ ვზარალდებოდით, საგადასახადოს ყადაღის სახით ჩვენგან იძულებით მიჰქონდა თანხები, რის გამოც უშემოსავლოდ ვრჩებოდით“, – ამბობს ვარშანიძე და მისი გავლენის სფეროში ფინანსური მაქინაციების განხორციელების შესაძლებლობას გამორიცხავს. თუმცა, სამმართველოს უფროსი ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ არის და აცხადებს, რომ იგი ამ საქმეში კარგად ჩახედული არაა. „თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად რა გაკეთდება არ ვიცი… თუ ჩხაიძე ვაგონებს ჭრიდა და გაჰქონდა, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ასეთ საკითხებს ის ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით აკეთებდა, როცა საქმეს გადავხედე, ყველაფერი თითქოს დოკუმენტაციით იყო გაკეთებული, მაგრამ დარღვევები მაინც აღმოჩნდა“, – ამბობს ვარშანიძე.

მისივე თქმით, ვაგონების დაჭრა-გატანასთან დაკავშირებულ ბრალდებებში ნუგზარ ვარშანიძის სახელი არსად ამოტივტივდება, რადგან არც ესაა მისი პრეროგატივა. ამ მხრივ დარღვევები სამტრედიისა და ხაშურის კვანძებში მომხდარა. თუ ბათუმი ამ სკანდალში გაეხვევა, ამაზე პასუხიმგებლობას სავაგონო დეპო აიღებს და არა სამმართველო. „არც უნებური შეცდომების და არც რაიმე საშიშროების მოლოდინის ქვეშ მე არ ვიმყოფები“, – აცხადებს ვარშანიძე.

 

მეთაურის გარეშე ადგილიდან ვერავინ დამძრავს

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აღორძინების“ გენერალური მდივანი ოსიკო გვარიშვილი, რომელსაც წლების განმავლობაში ეჭირა ეს პოსტი და თვლის რომ ღირსეულადაც, ჯემალ გოგიტიძესთან უთანხმოებას ემსხვერპლა. გენმდივნის პოსტზე უცებ შესაბამისი კანდიდატურაც გამოიძებნა – პოეტი ცისანა ანთაძე, რომელიც ბოლო დროს „აღორძინების“ მხარდამჭერთა ნებისმიერ მიტინგზე ორატორობს. როცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ ბატონმა ოსიკომ ცოცხალი თავით არ დათმო თანამდებობა და თავი დაანებეს. „გაზეთ ბათუმელებმა“ „დაზარალებულს“ ამასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.

„ჯემალ გოგიტიძესთან არასდროს მქონია უთიერთობა გარდა სამსახურეობრივისა. აჭარის მეთაურის გარეშე მე ადგილიდან ვერავინ დამძრავს, მასთან შეუ-თანხმებლად არაფერი გაკეთდება. ამდენი დამსახურება მაქვს და თავისთავად ცხადია, ჩემთან მიმართებაში ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება ვინმემ გამოავლინოს“.

საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას „აღორძინების“ უცვლელი გენმდივნისთვის ძილი დაუფრთხია: „დილამდე არ დამიძინია, არც არავისთვის მიკითხავს რამე, მეორე დღეს თათბირზე ასლან აბაშიძე შემოვიდა და თქვა, რომ ეს სიცრუე იყო“.

ოსიკო გვარიშვილი, ამ ეტაპზე მაინც, გამორიცხავს გენმდივნის პოსტზე ცისანა ანთაძის დანიშვნას. „ქალბატონი ცისანა კარგი პოეტია. რამდენადაც ვიცი, მას მეთაურისგან აქვს ასეთი დავალება, რომ მიტინგებს უხელმძღვანელოს, სიტყვით გამოვიდეს“.

გენმდივანი სულაც არ თვლის თავს სავარძელზე ჩაბღაუჭებულ ადამიანად. უბრალოდ, ადამიანს ღირსება არ უნდა გაუთელო, „ერთ დროს ბოდიშს მომიხდიან და მეტყვიან, არ ხარ საჭიროო, მაგრამ ადამიანს პენსიაზე გაშვების წინ მადლობა მაინც უნდა უთხრა. სახლში წასვლა, როგორც მესაფლავის ნიჩაბი, ყველას მოელის“.

ოსიკო გვარიშვილი დღეს არსებულ სიტუაციასაც გარკვეულ შეფასებას უკეთებს და იმას რაც დღეს აჭარაში ხდება დრამატულს უწოდებს:

„ჩემი პრაქტიკა და გამოცდილება მეუბნება, რომ ეს ყველაფერი არ დასრულდება კარგად. რატომ გეპარებათ ეჭვი, რომ შესაძლებელია, რაც ცენტრში მოხდა, ის არ მოხდეს ბათუმში. ვის შეუძლია ეგ, სურმანიძეს, დიასამიძეს, თუ ბერძენიშვილს. წლების განმავლობაში ლაპარაკის გარდა გააკეთეს რამე? – ერთი კილო ფქვილი არ მიუციათ არავისთვის. არეულობას მსხვერპლი მოჰყვება, ასეთ დროს კი მართალი კაცი იღუპება. დამნაშავემ იცის, როგორ გადაირჩინოს თავი, სად უნდა წაიღოს ქონება, ყველა საცოდავ კაცს მოადგება“.

სისხლისღვრის, თუ სხვა უბედურების შემთხვევაში „აღორძინების“ გენმდივანი პასუხისმგებლობას ხალხს აკისრებს. „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა გაიგოს, რომ ყოველგვარ დაპირისპირებას მოჰყვება მსხვერპლი. აჭარა საქართველოს სხვა რეგიონებს არა ჰგავს. ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნებია დაინტერესებული და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“.

ხელმოწერები აჭარაში დემოკრატიული ცვლილებების დასაჩქარებლად

აჭარაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ახალი მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ წამოიწყეს. მოძრაობაში ათ NGO-სთან ერთად, ფიზიკური პირებიც არიან გაერთიანებული. ისინი, როგორც თავად აცხადებენ, იბრძვიან იმისათვის, რომ აჭარაში განხორციელდეს დემოკრატიული ცვლილებები. მათი ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ხელმოწერების შეგროვება – სხვადასხვა მოთხოვნებით მინიმუმ 50 ათასი ხელმოწერა სჭირდებათ.

„გაზეთი ბათუმელები“ ერთ-ერთი ინიციატორი ორგანიზაციის, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტი“ თავმჯდომარეს ლევან გობაძეს ესაუბრა:

– აქ არის სამი ძირითადი მოთხოვნა: გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც ორმაგი სტანდარტები ახასიათებს – ზოგისთვის დაშვებულია მანიფე-სტაციები, ზოგისთვის არა. დათხოვნილი იქნეს აჭარის არ დღევანდელი პარლამენტი, რომელიც ფაქტიურად ხელისუფლების უზურპაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს აჭარაში.

პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ, რადგან ვერ დაველოდებით 2005 წელს, როდესაც ამ პარლამენტს მოუწევს რიგითი არჩევნები. რაც უფრო სწრაფად განხორციელდება ეს პროცესები, მით უფრო უკეთესი იქნება მთლიანად რეგიონისთვის. ადგილობრივ ხელისუფლებას სულ არ აინტერესებს ის კანონები, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ეს არის აბსოლუტურად უზურპირებული, ერთი კაცის ნება-სურვილზე დამყარებული ხელისუფლება.

– იგივე მოთხოვნები, – ხელმოწერების შეგროვება დღემდე  რატომ ვერ მოხერხდა?

– იმიტომ, რომ არასამთავრობო სექტორი აჭარაში ძალიან სუსტად იყო განვითარებული. დღეს კი, არასამთავრობო სექტორის სახით არსებობს რეალური ძალა და ამ ძალის დემონსტრირება არასამთავრობო ორგანიზაციებს არსებული ხელისუფლების წინაშე შეუძლია.

– ამ ეტაპზე ხელმოწერების შეგროვების მხრივ რა მდგომარეობა…

– ეს რამდენიმე დღის დაწყებული პროცესია, ამიტომ ჯერ-ჯერობით არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რაოდენობაზე. დარიგებული გვაქვს ხელმოწერის ბლანკები და როცა მათ დაგვიბრუნებენ, მაშინ დავასახელებთ რაოდენობას. მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს ხელმოწერების პროცესში.

– კამპანიას, ბუნებრივია ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება.

– ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია მაგის მატერიალურ-ტექნიკური რესურსები. რაც შეეხება თვითონ ხელმოწერებს, ჩვენ „აღორძინების“ პოლიტიკას არ ვატარებთ და ხელმოწერებში თანხას არ ვუხდით, მათ შორის არც აქტივისტებს, რომლებიც დადიან მოსახლეობაში ხელმოწერების შესაგროვებლად.

– რაიმე სახით დიალოგს ხელისუფლებასთან გამორიცხავთ?

– ჩვენი საბოლოო მიზანი ისაა, რომ შევაგროვოთ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები და ხელისუფლებას დავუმტკიცოთ, რომ არსებული კაბალური კანონის მიუხედავად, აჭარაში არის ხალხის საკმარისი რაოდენობა, ვისაც აღარ უნდა ძირმომპალი რეჟიმი, ცვლილებებს ითხოვს და ეს ცვლილება უნდა განხორციელდეს.

– დაახლოებით, როდისთვის და სად აპირებთ ხელმოწერების წარდგენას?

– ძნელია წინასწარ ამის თქმა, როდის დამთავრდება ეს პროცესი, მაგრამ ვფიქრობთ, უახლოესი ერთი კვირის, 10 დღის განმავლობაში ეს მოძრაობა, ხელმომ-წერების კამპანია, უნდა დასრულდეს. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს – წარდგენას ჯერ-ჯერობით არავისთან არ ვაპირებთ. ხელმძღვანელობაზე წარდგენას აზრი არ აქვს, მაინც იგნორირებული იქნება. ჩვენ შეგვიძლია ხელმოწერების საფუძველზე მოვითხოვოთ ცვლილებების განხორციელება.

– მოთხოვნათა დაკმაყოფილება თავად აჭარის პარლამენტს მოუწევს?

– შეიძლება აჭარის პარლამენტს, შიძლება მეთაურს, რომელიც უფლებამოსილია პარლამენტის დათხოვნაზე. ამასთან, შეგვიძლია ამ დოკუმენტებით აპელირება გავაკეთოთ საქართველოს პარლამენტში, რათა მან უზრუნველყოს აჭარაში ხალხის ნებაზე დაფუძნებული დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა.

– თქვენი აზრით, რატომ რჩება საქართველოს ხელისუფლება ლოიალური აჭარაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიმართ?

– ვერ გეტყვით. შეიძლება ეს იყოს მოლოდინის პოლიტიკა, – დავუშვათ, ადგილობრივი ხელისუფლება მივა იმ აზრამდე, რომ ეს უნდა გაუქმდეს, რაშიც ეჭვი მეპარება. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ მას ხალხის ნება, რომ ხალხს ასე ცხოვრება აღარ სურს. თუმცა, ისედაც კარგად იცის საქართველოს პარლამენტმა, საქართვ-ელოს ხელმძღვანელობამაც, მაგრამ არ ხდება არანაირი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობა გააუქმოს აჭარაში.

– დავუშვათ თქვენს მოთხოვნებს იგნორირება გაუკეთა ორთავე ხელისუფლებამ, მაშინ?

– თუკი უგულებელყოფა გაუკეთა იგივე მეთაურმა, აჭარის პარლამენტმა, საქართველოს ხელისუფლებამ, მაშინ დარჩება ერთადერთი გამოსავალი – მასობრივი მანიფესტაციები. ხალხმა ადგილობრივი ხელისუფლება უნდა აიძულოს, რომ ის წავიდეს ამ ცვლილებებზე.

– იგივე საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე მასობრივი მანიფესტაციების მოწყობის საშუალება რომ არ მოგეცეთ?

– საერთოდ, ნებისმიერ ადამიანს, მოსახლეობას აქვს  მშვიდობიანი მანიფესტაციების უფლება, რადგან საგანგებო მდგომარეობის შემოღების საფუძველი არ არსებობს აჭარაში. თუ ვინმე იარაღს აჟღარუნებს – იმუქრება, ეს თვითონ ადგილობრივი ხელისუფლება. მოსახლეობის მხრიდან არ მსმენია ისეთი ფრაზა, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ სურს მთავრობის ავტომატით, შეიარაღებული ძალით ჩამოგდება. ის აქციები, რაც აქამდე გაიმართა, ყველა იყო მშვიდობიანი, თუ რამე დარღვევა მოხდა, მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ ისტერიული კამპანია, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება აწარმოებს, მოსახლეობის დაშინებისთვის დაწყებული კამპანიაა. შეიძლება ერთ კაცს, ორს ესროლო, მაგრამ ვერასდროს ესვრი 10-30 ათასს. გამორიცხულია ფიზიკურად ამდენი ხალხის განადგურება. არსებობს საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც ყველა სამხედრო დამნაშავეს ასამართლებს.

– არის თუ არა თქვენს ორგანიზაციაში გამოკვეთილი პიროვნება, რომელიც ასე ვთქვათ, პოლიტიკაშია?

– ცალკე გამოკვეთილი პიროვნება, რომელიც პოლიტიკაშია, ჩვენ მოძრაობაში არ არის. ჩვენი ორგანიზაციის ერთადერთი დამფუძნებელი ხუსეინ ქამადაძეა, რომელიც ჩვენი იდეოლოგიის გამო მოვიდა ჩვენთან.

– ეყოლება თუ არა თქვენს მოძრაობას დეპუტატობის კანდიდატები, ხომ არ აპირებთ რაიმე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას?

– ჩვენ არ გვაქვს ასეთი ამბიცია, რომ ჩამოვყალიბდეთ პოლიტიკურ მოძრაობად, რათა ჩვენთვის მისაღები კანდიდატურები წარვადგინოთ. ჩვენი მიზანია ახალი არჩევნების პირობებში ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ვერცერთმა მოძრაობამ, ვერ შეძლოს არჩევნების გაყალბება. თუ რომელიმე ჩვენგანს ამბიცია ექნება, რომ მან იყაროს კენჭი, როგორც მაჟორიტარმა დე-პუტატმა, ჩვენ ამის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა ვერ გამოვალთ. თუ ხალხი მას ხმას მისცემს, შეუძლია გახდეს დეპუტატი.

 

ჩხაიძეს მილიონების მითვისებაში ადანაშაულებენ

შპს. „საქართველოს რკინიგზის“  ყოფილ გენერალურ დირექტორს აკაკი ჩხაიძის შსს-მ გადასახადების დიდი ოდენობით დამალვის გარდა,  ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და  სახელმწიფო ქონების განადგურება – მითვისების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებაშიც წაუყენა ბრალი.

როგორც ჟურნალისტებს შს სამინისტროში აცნობეს, საუბარი ეხება შს საგამოძიებო ორგანოებში, საექსპლუატაციოდ ვარგისი 996 ვაგონის დაჭრისა და ამ გზით 4 403 599 ლარის მითვისების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის საფუძველზეც ჩხაიძეს აღნიშნული ბრალდებები წარედგინა.

ჩხაიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვის შემდეგ,  დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდებისათვის წაუყენეს ბრალი,  რის შემდეგაც სასამართლომ სამ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შპს. „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორის აკაკი ჩხაიძისა და ამავე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირების მიმართ გადასახადების დიდი ოდენობით თავის არიდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე გასული წლის 19 დეკემბერს აღძრა, სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით.

გამოძიების მასალებით, 2001 წლის პირველ მარტს,  სააქციო საზოგადოება „ჭიქათხევ ბორჯომს“  და „საქართველოს რკინიგზას“ შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება,  რომლის მიხედვითაც,  რკინიგზას რამდენიმე წლით გადაეცა ქალაქ ბორჯომში მდებარე 21 მეგავატი სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგური.

ანალოგიური შინაარსის კონტრაქტი შპს. „საქართველოს რკინიგზამ“  2002 წლის მარტში დადო აგრეთვე სს. „ბჟილჰესთან“  და შესაბამისად მიიღო ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში არსებული ჰიდროელექტროსადგურის მართვის უფლება.

მოკვლევის პროცესში გაირკვა, რომ აკაკი ჩხაიძემ და საწარმოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-169 მუხლების მოთხოვნათა უხეში დარღვევით არ წარმოადგინეს საგადასახადო ორგანოებში  უძრავი ქონების გადაცემისათვის გადასახადის შესახებ დეკლარაცია და შესაბამისად,  დანაშაულებრივი გზით აარიდეს თავი ბიუჯეტის კუთვნილ 135 ათასი ლარის გადახდას.

ამასთან, დადგინდა, რომ საწარმოს ხელმძღვანელმა 2002 წლის განმავლობაში უძრავ ქონებაზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარების პროცესში არაერთგზის უკანონოდ შეამცირეს დღგ-ს გადასახადი,  რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 353 ათასი ლარის ზარალი.

საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2003 წლის 17 დეკემბრის შუალედური აქტით, შპს. „საქართველოს რკინიგზას“ ბიუჯეტის სასარგებლოდ  დამატებით დაერიცხა 747 ათასი ლარი,  მათ შორის დამალული გადასახადების ძირითადი თანხა შეადგენს 446 ათას ლარს.

 

რუსეთის ბაზაში ყველაფერი საბრძოლო მზადყოფნაშია

როგორც ცნობილია, ბათუმში დისლოცირებული მე-12 რუსულ ბაზაში ხელშეკრულებით მომუშავე ქართველი ჯარისკაცები რუსეთში გაჰყავთ. „გაზეთი ბათუმელები“ ერთ-ერთ მათგანს დაუკავშირდა, რომელმაც თავისი ვინაობის საჯაროდ დასახელებისაგან თავი იმ მოტივით შეიკავა, რომ ეს მისთვის სარისკოა. თუმცა, ამ ცვლილების შესახებ რაც იცოდა, ყველაფერი გაგვანდო და საკუთარი სახელმწიფოს უსუსურობით გულნატკენმა დასძინა: იძულებულნი ვართ დავემორჩილოთ აღნიშნულ ბრძანებას:

– ორი თვის წინ ჩამოვიდა გენერალი ბონდარევი და ასლან აბაშიძეს შეხვდა. მაშინ რაზე შეთანხმდნენ, ვინ გვეტყვის, შეიძლება „სალდათების“ ჩამოყვანაზე მოილაპარაკეს, აზრზე არა ვარ. ვიცით, რომ არეულობის შემდეგ მოვიდა ბრძანება ქართველების გადაყვანაზე.

– სად გადაგიყვანენ, რომელ ქალაქებში, ცნობილია?

– სხვადასხვა დივიზიებში. მე რამდენადაც ვიცი, ვლადიკავკაზში არიან, ჩეჩნეთშიც გადაჰყავთ. ასე ამბობენ, ვისაც ხუთ წელზე მეტი აქვს ნამსახურევი, ყველა უნდა გადავიდეს რუსეთშიო და ფაქტიურად წაიყვანეს კიდეც. ვისაც 10 და 15 წელი აქვს ნამსახურევი და ბინას ელოდება, ის ხალხი რა თქმა უნდა, მიდის, აბა სხვაგვარად როგორ მოვიქცეთ, ამდენი წლის ნაშრომს წყალში ხომ არ ჩავყრით. ბევრს ისეც უნდოდა აქედან წასვლა… ანაზღაურების დაკარგვაც არ არის ადვილი – ჯარისკაცი 420 ლარს ღებულობს… მოკლედ, კვირის ბოლომდე აბსოლუტურად ყველა უნდა გავიდეს.

– ბინას სად ელოდებით, ბათუმში თუ რუსეთში?

– ზოგიერთს, მაგალითად, ბათუმში უნდოდა ბინის მიღება, მაგრამ აქ არ აძლევენ, ფიზიკურად არ არის. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ვისაც 10 წელი აქვს ნამსახურევი, სათანადო ანაზღაურების გარეშე სახლში ვერ გაუშვებენ, აქედან გამომდინარე ბინები გვეკუთვნის რუსეთში.

– ისეთები თუ არიან, ვინც უარი თქვა წასვლაზე?

– არიან, ერთ-ერთ მათგანს ველაპარაკე კიდეც. 6-7 თვეა რაც ვმუშაობ და არსად წასვლას არ ვაპირებო. რამდენიმე მათგანმა განცხადება ჯარიდან წასვლაზე უკვე დაწერა კიდეც.

– ინფორმირებული თუ ხართ, რატომ მიდიხართ?

– არა, არაფერი არ ვიცით. ბრძანებაა მოსული, ვისაც 5 წელზე მეტი ნამსახურევი აქვს, ყველა უნდა გადავიდესო.

– რამდენი ქართველი ჯარისკაცია მე-12 ბრიგადაში?

– ქართველები 2500 კაცია. გუშინ გავიგე 1500 კაცი უკვე მომზადებულია გასაყვანად, შესაბამისად, 1500 „სალდათს სროჩნად“ შემოიყვანენ.

– ჩვეულებრივ რიგითი ჯარისკაცები შემოჰყავთ, თუ…

– არ ვიცი, შეიძლება. რა მოლაპარაკება იყო, მაგას საერთოდ არ ამბობენ.  საბუთებზე ხელი „კამანდირ პოლკას“, ნამილოვს მიუწვდება, სხვა არავინ არაფერი იც-ის.

– ეს ჩამოყვანილი ხალხი სად წაიყვანეს?

– ოლქებში, ბატალიონებში დაანაწილეს.

– ოფიცრები რამდენი კაცი შემოჰყავთ?

– 500 კაცამდე. ქართველი ოფიცრების წაყვანის საკითხიც დგას. ეს ყველაფერი თებერვლის, თუ მარტის ბოლომდე უნდა დამთავრდეს.

– თქვენ რამდენი წელი გაქვთ  ნამსახურევი?

– ძალიან ბევრი, მალე პენსიას ველოდები, ბინაც უნდა მივიღო. აბა სად წავიდე.

– როგორც მოქალაქე რას ფიქრობთ, რატომაა თქვენი გაყვანა აუცილებელი?

– ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, აბსოლუტურად არავინ იცის ჩამოსულმა გენერლებმა რა მოილაპარაკეს.

– რას ფიქრობთ, რაიმე განსაკუთრებული მზადება თუ იგრძნობა, წვრთნები, იარაღის შემოტანა.

– წვრთნები მიდის, მაგრამ იარაღი არ შემოაქვთ. რაც არის ყველაფერი საბრძოლო მზადყოფნაშია. ისე, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კონფლიქტში უცხო ქვეყნის ჯარი არ უნდა ჩაერიოს. თუ ქართველები თავს დაესხენ პოლკს, ან დივიზიას, ამ შემთხვევაში გამოიყენებენ იარაღს, დანარჩენში – არა.

დარწმუნებული ვარ. პრეზიდეტის ბრძანებაა ასეთი – ჯარი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიოს კონფლიქტში – ეს მათი საშინაო საქმეაო…

აჭარაში ამომრჩეველთა სიებს აზუსტებენ

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბათუმელთა ოჯახებში კვლავ გამოჩნდნენ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ჯგუფები. შობა-ახალწელს მშვიდობიანად შეგებებულ-გამოვლილი ადამიანების სიმყუდროვე, აღწერის მომდევნო ეტაპის მიმდინარეობით, კიდევ ერთხელ დაარღვიეს. უნიკალურ დონეზე თითქმის აგერ-ახლა აღწერილ ადამიანებს, პირადობის მოწმობების ხელახალმა მოთხოვნამ და ფოტოგრაფირებამ ცოტა-არ იყოს ეჭვებიც გაუჩინა…

„გაზეთი ბათუმელები“ ამასთან დაკავშირებით აჭარის იუსტიციის საბჭოს მდივნის როსტომ გუნთაიშვილის კომენტარს გთავაზობთ:

– ხელახალი აღწერა არ არსებობს. ეს არის პროცესი, რომელიც კორექტირებას, შესწორებებს და დამატებებს მოითხოვს. აღწერის შედეგები, რომელიც დავასრულეთ სექტემბერ-ოქტომბერში პირველი ეტაპი იყო, ახლა მეორე ეტაპია, შემდგომ იქნება შემდგომი ეტაპი. ეს შეუქცევადი პროცესია, რადგან არის შიდა თუ გარე მიგრაცია, ბუნებრივი პროცესები – ადამიანები გარდაიცვალენ, დაიბადენ, ასაკით გაიზარდენ… ეს ყველაფერი ელექტრონულ სისტემაში უნდა შედიოდეს მუდმივად. ამასთან ის ხარვეზები, რომლებიც სექტემბერ-ოქტომბერში აღმოჩნდა, გამოსწორდება. მაშინ მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც პირველად შეებნენ ასეთ საპასუხისმგ-ებლო საქმეს, ახლა უფრო პროფესიონალები მუშაობენ.

– კეთდებოდა განცხადება, რომ აღწერა თავის დროზე უნიკალურ დონეზე ჩატარდა…

– მართალია, უნიკალურ დონეზე ჩატარდა. მაგრამ, ვიმეორებ, ეს იყო პირველი ეტაპი და მას ჰქონდა ხარვეზები. ჩვენ ამ ხარვეზებს შევავსებთ. ბათუმში თითქმის დავამთავრეთ და ეხლა ვმუშაობთ ქობულეთში.

– ეს რა პერიოდულობით ჩატარდება?

– ალბათ, სამ თვეში ერთხელ. მომავალში, ვფიქრობ ამ ფუნქციას სტატისტიკის დეპარტამენტი შეასრულებს. ახლა, ჯერ-ჯერობით ამ ყველაფერს კომისია კურირებს, რომლის  ხელმძღვანელიც მე ვარ. ჩვენ დავიწყეთ და გვინდა გადავცეთ სტატისტიკის დეპარტამენტს, ოღონდ იმ ხარისხით, როგორიც თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს – მონაცემები არჩევნების წინ განახლდება და სრულყოფილი გახდება.

აღნიშნული მონაცემები, ბუნებრივია, პირდაპირ კავშირშია ამომრჩეველთა სიებთან, ანუ არჩევნებთან. 2 ნოემბრისა და 4 იანვრის არჩევნები აჭარაში, სწ-ორედ აქ ჩატარებული საკონტროლო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი ამომრჩეველთა სიებით ჩატარდა. ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ედნარ შამილიშვილმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა, რომელზედაც ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადება გააკრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის სიები 4 იანვარს რეგისტრაციაში გატარებულ ამომრჩეველთა მიხედვით უნდა შედგეს.

აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა სიებით, რომელშიც 280 ათასი ამომრჩეველი იყო შეტანილი, ხოლო მონაწილეობა მიიღო 80 ათასამდე ამო-მრჩეველმა. შამილიშვილის თქმით თუ ჭიაბერაშვილის განცხადება ძალაში დარჩა, აჭარაში 200 ათასი ამომრჩეველი ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩება.

„როდესაც ჩამობრძანებული იყო თავად ჭიაბერაშვილი, ბათუმში, შევთანხმდით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ სიებით ვიმუშავებდით. ჩემთვის მო-ულოდნელი იყო მისი მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება. ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს მაინც  აღნიშნული სიებით ჩავატარებთ, რომელთა დაზუსტებაც უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა ედნარ შამილიშვილმა.

 

მალე აჭარაში ხალხმრავალი გამოსვლები დაიწყება

უკანასკნელ პერიოდში აჭარის ხელისუფლების ოპონირებაში პოლიტიკური პარტიები და ინტელიგენციის წარმომადგენლები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ჩვენ აჭარას“ კარები ყველასათვის ღია ჰქონდა, აჭარის ხელისუფლების შეცვლისა და რეგიონში დემოკრატიული პროცესების დამკვიდრების სურვილით უამრავი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. მათ შორის გამორჩეული მდგომარეობა „დემოკრატიულმა აჭარამ“ და „ერთიანობის დარბაზმა“ დაიჭირეს. პირველს ედვარდ სურმანიძე ხელმძღვანელობდა. მან „ბურჯანაძე-დემოკრატების“ ინტერესების დასაცავად აჭარიდან დედაქალაქში ათასობით მხარდამჭერი ჩაიყვანა.

მეორე ორგანიზაციას სათავეში  იოსებ ხიმშიაშვილი ედგა და ყოფილი ჩინოვნიკებისა და ინტელიგენციის იმ ნაწილით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც ახლო წარსულში ან ასლან აბაშიძის ხელისუფლების სამსახურში იდგნენ, ან ოპოზიციურ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ „დემოკრატიული აჭარას“ შექმნის გამო „ჩვენი აჭარის“ ლიდერები უკმაყოფილებას ღიად აფიქსირებდნენ და ზურაბ ჟვანიას ასლან აბაშიძესთან თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს, მდგომარეობა სულ მალე შეიცვალა – „დემოკრატების“ „ნაციონალებთან“ შერწყმით ჟვანია ერთიანი პარტიის სათავეში მოგვევლინა. ამის შემდეგ  „ჩვენი აჭარა“ ამბიციებს თმობს. მისი ერთ-ერთი თანათავმჯდომარე თამაზ დიასამიძე „დემოკრატიულ აჭარასთან“ გაერთიანებაზე მისი დაფუძნების მეორე დღესვე აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ გაერთიანებაში სურმანიძის  და მისი მომხრეების ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

სანამ თბილისში დაარსებული ორგანიზაციები გაერთიანდებოდნენ, მანამდე „ერთიანობის დარბაზი“ „ჩვენი აჭარას“ რიგებში შევიდა. იოსებ ხიმშიაშვილის გან-ცხადებით: „ვინაიდან „ერთიანობის დარბაზს“ იგივე ამოცანები  და მიზნები აქვს, რაც „ჩვენს აჭარას“, ამიტომაც გადავწყვიტეთ გაერთიანება“.

თამაზ დიასამიძის აზრით „ადგილობრივი ხელისუფლების ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ჩვენს შორის გაუგებრობას და ურთიერთქიშპობას ჰქონდეს ადგილი. ამ გაერთიანებით  ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ. ყველა მათგანის ინტერესები გათვალისწინებული იქნება და მათ მუშაობის მეტი საშუალება მიეცემათ“.

ოპოზიციური ძალების გაერთიანებას საბოლოო წერტილი გუშინ, 3 თებერვალს, სასტუმრო მეტეხში დაესვა. „ჩვენი აჭარას“ შემადგენლობაში 4 ორგანიზაცია – „ჩვენი აჭარა“, „დემოკრატიული აჭარა“, „ერთიანობის დარბაზი“ და „აფსაროსი“ შევიდა. გაერთიანებას ამიერიდან ორი თანათავმჯდომარე უხელმძღვანელებს, ედვარდ სურმანიძე და კობა ხაბაზი.

„ჩვენი აჭარა“ თავის ცენტრს უახლოეს დღეებში თბილისიდან ბათუმში გადმოიტანს. კობა ხაბაზის განცხადებით სულ მალე აჭარაში ხალხმრავალი გამოსვლები დაიწყება.

 

წაბლანის სტიქიას გადარჩენილი

სოფელ წაბლანაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ 15 წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის დროს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გადარჩენილი სოფლის მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მოახდინა და ისინი ბათუმისა და მწვანე კონცხის დასასვენებელ სახლებში მოათავსა. მაშინ ზემოაჭარის მცხოვრებლებზე უზარმაზარი კრედიტი გამოიყო, მაგრამ ეს დახმარება მთავარ დაზარალებულებს არ შეხებიათ.

„გაზეთ ბათუმელებს“ მწვანე კონცხზე მცხოვრებმა წაბლანელმა პენსიონერმა ნიაზ შაინიძემ განცხადებით მომართა: „წაბლანის ტრაგედიიდან ორი წლის განმავლობაში უფასოდ გვაძლევდნენ საჭმელს და სხვა შეღავათებით ვსარგებლობდით. 1992 წლის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ყურადღება არ გვღირსებია, ჰაერში გამოკიდებულები ვართ, მუდმივი საცხოვრებელი არ გაგვაჩნია. ვცხოვრობთ ამორტიზებულ სახლებში, რომლებშიც წყალი ჩამოდის და თავზე გვენგრევა“.

ნიაზ შაინიძეს, საერთო პრობლემის გარდა მძიმე ოჯახური სიტუაციაც აქვს. „ჩემი შვილი, გიორგი შაინიძე ტოტალური უსინათლოა. მისი 18 წლის ვაჟი გია კი თანდაყოლილი გულის მანკით არის დაავადებული და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ჩვენს ოჯახში არავინ ვმუშაობთ. ბავშვის მკურნალობას  3 ათასი დოლარი სჭირდება. აჭარაში, ავტონომიის მეთაურით დაწყებული, ყველა ინსტანციას მივმართე, მაგრამ დადებითი პასუხი არსად მიმიღია. ერთადერთი იმედი საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტია. როგორმე მასთან თუ მივაღწიე, ეგება მიშველოს“, – აცხადებს ნიაზ შაინიძე.

წაბლანელების პრობლემა ხელისუფლებისათვის დღის წესრიგში არ დგას. აჭარის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სტიქიურად დაზარალებულები ლტოლვილთა სტატუსით არ სარგებლობენ და აქედან გამომდინარე, არც მათთვის განკუთვნილი შეღავათებით სარგებლობენ. ისე კი, ბოლო დროს სტიქიით დაზარალებულთა რიცხვი აჭარაში ძალზე მომრავლდა და მწირი ბიუჯეტის გამო მათზე დახმარება არ ხორციელდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძმობისა და მეგობრობის კავშირი“

ამ ეტაპზე აჭარა პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია, შესაბამისად, იქმნება ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კურსის გამტარებლები არიან.

სულ ახლახანს ბათუმში შეიქმნა ორგანიზაცია „ძმობისა და მეგობრობის კავშირი“, რომელსაც ორი დევიზი აქვს: „მტერს მტრულად დავხვდებით, მოყვარეს მოყვრულად შევეგებებით“ და „მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს“.

ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივისტის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მათ არანაირი კავშირი პოლიტიკურ ძალებთან არ გააჩნიათ: „ჩვენ არავისგან არ ვფინანსდებით. ამჟამად ორგანიზაციაში 500 კაცია გაწევრიანებული. ჩვენ ხალხი უნდა შევკრათ ერთ მუშტად, როგორც ახლად არჩეული პრეზიდენტის, ასევე ავტონომიის მეთაურის გვერდით. ისინი მოახერხებენ საერთო ენის გამონახვას. ქართველებს რაც გვაკლია, ერთად დგომაა, დანარჩენი ყველაფერი გვაქვს. ჩვენი მიზანია მოსახლეობაში არ მოხდეს დაპირისპირება“.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის მესვეურები პოლიტიკასთან კავშირს უარყოფენ, იმას არ მალავენ, რომ ორგანიზაციის შექმნის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობაა. „პოლიტიკა პოლიტიკოსებს უნდა დავუთმოთ. მთავარია, პოლიტიკური პროცესების გამო დაპირისპირება მოსახლეობაში არ გავრცელდეს. ვიღაცის ამბიციას ქვეყნის ინტერესი არ უნდა ეწირებოდეს“, – აცხადებს ცინცაძე.

მართალია, „ძმობისა და მეგობრობის კავშირი“ თავს პოლიტიკისგან შორს იჭერს, მაგრამ თავიანთი საქმიანობით ასლან აბაშიძეს და „აღორძინებას“ მხარდაჭერას უცხადებენ: „ჩვენი მიზანია, საქმით დავაფასოთ კანონის უზენაესობა. საქართველოში რამდენი მთავრობაც მოვიდა, იმდენი ძალით გადავაყენეთ. არ შეიძლება ამ ტრადიციის ჩამოყალიბება. მთელ მსოფლიოში არსებობს ხელისუფლების შეცვლის კანონიერი გზა. მოსულია აქ ეს კაცი 5 წლით, ვადროვოთ 5 წელი. იმიტომაა ჩვენი საქმე ცუდად, რომ კანონს პატივს არ ვცემთ“, – აცხადებს ცინცაძე და წუხილს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ „15 წლის ბავშვები ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით ქუჩაში გამოჰყავთ. ქართველი ხალხი უნდა დაფიქრდეს, რა თაობას ვზრდით. არ შეიძლება ცხოვრების დასაწყისში მათ ვასწავლოთ, რომ ფულის გამო შეიძლება იმის კეთება, რაც არ გწამს. არ შეიძლება პირად ინტერესებს შევწიროთ მომავალი თაობა“.

ქონების ჩამორთმევა პოლიტიკური მიზნით ხდება

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოელის. ერთ-ერთი კანონი, რომელიც მოქმედმა პარლამენტმა მიიღო, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას ეხება. დღევანდელი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ამ გზით მოსპობს ჩრდილოვან ეკონომიკას. ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ ჩინოვნიკებისთვის ჩამორთმეული ქონება ბიუჯეტის შევსებაში წაადგება ხელისუფლებას და 2 წლის განმავლობაში დეფიციტი აღარ ექნება.

ჩამორთმეული ქონება (1)

უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, როცა კორუფცია მძვინვარებს, კორუმპირებულების დასჯა მოსახლეობის უმეტეს ნაწილს გულს ფხანს, მაგრამ ილიასი არ იყოს, „გულის ფხანა ქეცმა იცის“.

ჩამორთმეული ქონება (3)

არგებს თუ არა სახელმწიფოს ეს კურსი?! სად წავა ჩამორთმეული ქონება, მოხვდება ის თუ არა ბიუჯეტში?!

ჩამორთმეული ქონება (4)

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის როინ ლამპარაძის აზრით „სახელმწიფოს მიერ საკუთრების ჩამორთმევა და სახელმწიფოს განმგებლობაში მისი გადასვლა, პოლიტიკური მიზნით ხდება და მას ეკონომიკური სარჩული არა აქვს. ამით ბიუჯეტი ვერ გაივსება.

ჩამორთმეული ქონება (5)

სახელმწიფო პიროვნებას ართმევს 5-სართულიან სახლს დაუსაბუთებლობის გამო, მაგრამ ეს ძვირადღირებული ქონება ვინ უნდა იყიდოს? ხელისუფლების პოლიტიკური წარმატების ერთ-ერთი მექანიზმი, უცხოეთის ბანკებში განთავსებული ფულის დაბრუნებაა“.

ჩამორთმეული ქონება (2)

ეპარქიას კიდევ ერთი ეკლესია შეემატა

ბათუმ-სხალთის ეპარქიას კიდევ ერთი სალოცავი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი შეემატება, რომელიც გოროდოკის დასახლებაში შენდება. კომუნისტების პერიოდში ეს შენობა სამხედრო შტაბს ექვემდებარებოდა. დიდი ხნის განმავლობაში, დღის წესრიგში იდგა შენობის ეპარქიისადმი გადაცემის საკითხი. საბოლოოდ, გასულ წელს, აჭარის უზენაესი საბჭოს განკარგულებით სალოცავი ბათუმ-სხალთის ეპარქიას გადაეცა.

ტაძრის მშენებლობას დახმარებას უწევს ქალაქის მერია. ამჟამად, მიმდინარეობს ტაძრის სარეკონსტრუქციო და ეკლესიის ეზოში განთავსებული უკანონო შენობების დანგრევითი სამუშაოები.

ეკლესია თავდაპირველი სახის, ბაზილიკური ტიპისა იქნება.

ხელისუფლების მიერ კანონების იგნორირება ოპოზიციის შანსებს ზრდის

ახალი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლის ეიფორიის ფონზე, გაჩნდა საშიშროება, რომ ახალი პარლამენტი ერთპარტიული იქნება. ოპოზიცია ალბათ ნაციონალებისა და დემოკრატების რიგებში შესაძლო განხეთქილების შედეგად გაჩნდება. ეს აზრი ქართულ პოლიტიკურ წრეებში დიდი ხანია მუსირებს. თუმცა, სახელისუფლო ძალის გარდა სხვა პარტიის პარლამენტში მოხვედრის აუცილებლობაზე ხელისუფლებაც საუბრობს.  ზოგიერთი ექსპერტის აზრით მათ ოპონირებას მემარჯვენე ძალები გაუწევენ. არადა გაერთიანება ვერც მემარჯვენეებმა მოახერხეს.

ედპ-ტრადიციონალისტები უკვე ერთიანდებიან, მეორე ბანაკში მოლაპარაკების მაგიდასთან ორ ნოემბერს ვერ შემდგარი ალიანსის წევრები, ახლები, მრეწველები და ქრისტიან-დემოკრატები დგანან. სავარაუდოდ, მათი გაერთიანება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებლობის გამო შედგება.

ჟვანია-სააკაშვილის გუნდების გაერთიანების შემდეგ, ხმები ნინო ბურჯანაძის ოპოზიციის ბანაკში გადაბარგების შესახებ, სულ უფრო რეალური ხდება. თავად ბურჯანაძე ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, მომავალ პარლამენტში ის საკუთარი დასაყრდენის შექმნას აუცილებლად შეეცდება. ესენი სავარაუდოდ, მემარჯვენეები იქნებიან.

ამ მხრივ ყველაზე საინტერესოდ ედპ-ტრადიციონალისტთა ტანდემია. ტრადიციონალისტები ვარდების რევოლუციაში აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას და მათი ოპოზიციაში გადასვლა, როცა ხელისუფლებაში ყოფნის რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ, უცნაურია.

შესძლებს თუ არა ედპ-ტრადიციონალისტთა ტანდემი საარჩევნო ბარიერის დაძლევას. ედპ-ს აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ილია ვერძაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი: „იყო მოთხოვნები, რომ არჩევნების ჩატარების ვადა გადაწეულიყო. რაც თავის თავში შეიცავდა ფარულ ჩანაფიქრს – დრო გავა, ხელისუფლება უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს. მიმდინარე სიტუაცია ამ პოსტულატის სინამდვილეს ადასტურებს. უკვე იკვეთება მოსახლეობის უკმაყოფილება ხელისუ-ფლების წინააღმდეგ, თუნდაც ეს იყოს ერთ კონკრეტულ საკითხში, რაც თავისთავად ხელისუფლების მაღალ რეიტინგს აქვეითებს. დარწმუნებული ვარ, ორი თვე საკმარისია იმისათვის, რომ ხელისუფლებამ რამოდენიმე შეცდომა დაუშვას და კანონების უგულვებელყოფა მოახდინოს. დღეს უკვე სერიოზულად მიდის კონს-ტიტუციური ცვლილებების გამო კანონების იგნორირება, რაც ყველა ქვეყანაში დაუშვებლად მიაჩნიათ. ეს ოპოზიციის შანსებს ზრდის“, – აცხადებს ვერძაძე.

ვერძაძის აზრით ხელისუფლების მიერ განხორციელებული დაჭერები მოსახლეობის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედებისთვის ცოტა ხანს ეყოფა და სააკაშვილის პოპულიზმი ბოლომდე ასეთი წარმატებული ვერ იქნება.

რაც შეეხება ედპ-ტრადიციონალისტების აჭარის ხელისუფლებასთან ურთიერთობას. აჭარის პარლამენტის დეპუტატი, ილია ვერძაძე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ოპოზიციური ფრაქციის ჩამოყალიბების ინიციატორია, თუმცა ფრაქციას რეგისტრაციაში არ ატარებენ. მისი აზრით, აჭარის ხელისუფლება დღითი-დღე უშვებს შეცდომებს, რასაც ოპოზიცია იყენებს და რადიკალურად უპირისპირდება. „არსებული ხელისუფლების პლიუსები უნდა იქნეს ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში შენარჩუნ-ებული, ეს ეხება სტაბილურობას. ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო ის დადებითი მომენტები, რაც ამ რადიკალურმა ოპოზიციამ შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მათთან გაერთიანებას არ ვაპირებ, თანამშრომლობას არჩევნების პერიოდში აუცილებლობად მივიჩნევ“.

ჟვანიას „სარგო“ კანონები უკანონოდ იკერება

სახელისუფლო „ტრიუმვირატის“ ინიციატივით საქართველოს პარლამენტი მალე საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს. საქართველოში შემოღებული იქნება პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი. როგორც წინასწარ ცნობილია, ნანატრ პოსტს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია დაიკავებს. ამ ფაქტის გამო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა კობა დავითაშვილმა პროტესტის ნიშნად პარტია დატოვა. „არ შეიძლება კონსტიტუცია მორგებული იქნას ერთი ადამიანის ნება-სურვილს“ – განაცხადა მან.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოსახლეობის ინტერესების დაცვის კავშირის ხელმძღვანელი პეტრე ზამბახიძე საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს: „საქართველოს კონსტიტუციის 102 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონპროექტის განხილვა „საყოველთაო სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ შეიძლება დაიწყოს“. აქედან გამომდინარე, რამდენიმე დღეში, ან რამდენიმე კვირაში გადაწყვეტილების მიღება იქნება კანონის დარღვევა. საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ეს კანონპროექტი მანამ, სანამ არ იქნება გამოქვეყნებული და არ იქნება დაცული ვადები“.

დამწვარი შენობის ადგილზე სკვერი აშენდება

1 თებერვალს ბათუმ-სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის რეზიდენციის იმ ნაწილს, სადაც ცხოვრობდნენ სასულიერო პირები, სასულიერო სემინარიის სტუდენტობა და რამდენიმე ოჯახი, ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ეპარქიის წარმომადგენლის მათე ტაკიძის აზრით დაძველებული ელექტროსადენებია. „სხვა მიზეზი არ არსებობს. გავრცელებული ინფორმაცია უნიკალური ბიბლიოთეკის განადგურების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება. დამწვარია წიგნების ის ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ესაჭიროებოდათ იქ მცხოვრებთ. ასევე, დაიწვა ხატების რეპროდუქციები“.

რაც შეეხება შენობას, ის ავარიულ მდგომარეობაშია. პირველ სართულზე მცხოვრებ 7 ოჯახს ბათუმის მერია დააკმაყოფილებს საცხოვრებელი ფართით, ხოლო დამწვარი შენობა დაინგრევა და რეზიდენციის სკვერი გაკეთდება.

მედიის მხარდამჭერი აქცია თბილისში

„არის მომენტები, როცა სხვადასხვა, კონკურენტი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა ერთად დგომა უბრალო სოლიდარობის, მეტიც აუცილებლობის გამო არსებობს“ – მიიჩნევს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტთა ის ნაწილი, ვინც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან აქცია გამართა.

საპროტესტო აქციის მიზეზი, ბოლო დროს აჭარაში მას-მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები გახდა. საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები ამ გარემოების გამო აშკარა შეშფოთებას გამოთქვამენ და როგორც ავტონომიის ასევე ცენტრალური ხელისუფლების მეთაურებისგან კონკრეტული ზომების მიღებას მოითხოვენ. კონკრეტულად, ავტონომიის ხელმძღვანელობისგან საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა დევნა-შევიწროების შეწყვეტას; ჟურნალისტებზე კონკრეტული ზეწოლის ფაქტების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას; დამნაშავე პირთა დაკავებას და კანონის მთელი ძალით დასჯას.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი მიმართვაში ჟურნალისტები კონკრეტული ფაქტების კონტროლზე აყვანის გარდა უკვე ავტონომიის ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ. მოტივაცია საკმაოდ მარტივია, მას-მედიის წარმომადგენელთა აზრით საგანგებო რეჟიმი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მას-მედიისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელებაში ხელის შეშლის გამამართლებელ გარემოებად არის გადაქცეული.

რა მისია აკისრია რუსეთის ჯარს აბაშიძის პოლიტიკაში

ბათუმი, გარდა იმისა, რომ გაძლიერებულია ქალაქის ქუჩებში პატრულირება, ბოლო რამდენიმე დღეა, სამხედრო ვერტმფრენებითაც კონტროლდება. ეს, საერთო სტაბილურობისათვის შეიძლება აუცილებელიც იყოს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, ადამიანების საერთო ნერვულ სისტემაზე ნეგატიურად რომ აისახება, ფაქტია. სხვა-თაშორის, არსებობს ისეთი ფაქტებიც, რომლებიც მტკიცებას არა, მაგრამ ახსნა-განმარტებას მაინც საჭიროებენ. ასეთ ახსნა-განმარტებას კი დღეს დალაგებულად ვერავინ იძლევა…

როგორც ცნობილია, რუსეთი, თავისი ჯარის საქართველოდან გაყვანისთვის 7-9 წელს ითხოვს, ქართული მხარე კი სამი წელია, რაც სამ წელს იძახის. კიდევ რამდენი სამი წელი გავა არავინ უწყის, მაგრამ ახალ ფუნქციას რომ იძენს ბათუმში დისლოცირებული რუსეთის მე-12 სამხედრო ბაზა, ფაქტია. ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი შტაბ-ბინას ბათუმში დაიდებს.

რა აუცილებლობით იყო ეს გამოწვეული? ადგილობრივი ოპოზიცია აბაშიძის რეჟიმის შესაცვლელად ბრძოლის მშვიდობიან მეთოდებზე საუბრობს. პარალელურად იქმნება სხვადასხვა ორგანიზაციები თუ მოძრაობები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას და აჭარის პარლამენტის დათხოვნას მოითხოვენ.

მაშინ, როცა აბაშიძის გადადგომასა და ბათუმიდან წასვლაზე საუბრობენ, მეორეს მხრივ აბაშიძე, თავდაცვისთვის, როგორც ამბობენ (სხვათაშორის თავადაც აცხადებს) სერიოზულად ემზადება. თუ რას გულისხმობს ადგილობრივი ოფიციოზი კონსტიტუციური წყობის დაცვაში და რა საამისო ბერკეტები გააჩნია – არ კონკრეტდება. აჭარის მეთაური მხოლოდ მინიშნებებს აკეთებს – არ გამორიცხავს 90-91 წლების განმეორებას და უფრო შორსაც მიდის – მან რეგიონში მეორე აფხაზეთის შესაძლო გაჩენის ალბათობაც დაუშვა. და ეს მაშინ, როდესაც არანაირად არ იკვეთება ის, თუ ვინ ვის უნდა ეომოს. ყოველ შემთხვევაში მოსახლეობაში მყარადაა გაჯერებული აზრი, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები ერთმანეთს არ დაერევიან. თუ ვის ელოდება ჩოლოქს გაღმიდან აჭარის ხელისუფლება, გაუგებარია. აჭარაში ჯარების შესევა, პირველ რიგში ქვეყნის პრეზიდენტისთვისაა, რბილად რომ ვთქვათ, წამგებიანი. მიუხედავად ამისა, მაინც ვრცელდება ხმები იმაზე, რომ არჩევნებამდე აჭარაში სიტუაციის დაძაბვა და რეგიონის შიგნით რაიმე სახის კონფლიქტი, თუ დაპირისპირება სწორედ ცენტრალურ ხელისუფლებას აწყობს, რათა პრე-ზიდენტს ჰქონდეს საბაბი და შეძლოს აჭარაში საპრეზიდენტო მმართველობის შემოღება.

საქართველოს დედაქალაქიდან ბათუმის მისამართით მკაცრი განცხადებების ტონი, მართალია შერბილდა, სერიოზული კონფლიქტის ხელოვნურად შექმნაზეც ისე აღარ საუბრობენ, მაგრამ შესაძლო სისხლისღვრის თემა მაინც აქტუალური რჩება. ზოგიერთები თვლიან, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის დაშინების პოლიტიკაა და მეტი არაფერი. ვინ, რა და რამდენ ქულას იწერს ამით, და ვის სჭირდება აჭარაში მცხოვრებთა „განტევების ვაცად“ ქცევა, ძნელი სათქმელია.

გაჩნდა ვერსია, რომ რეგიონის ხელმძღვანელობა ბათუმში დისლოცირებულ რუსულ ჯარს გამოიყენებს. კონკრეტულად რა შემთხვევაში – ამაზე დაწვრილებით არა-ვინ საუბრობს. რაც შეეხება თავად ასლან აბაშიძეს, მან რუსეთის მხრიდან დახმარებასთან დაკავშირებით, დაახლოებით ასეთი შინაარსის კომენტარი გააკეთა – „იმ საშიშროებასთან დაკავშირებით, რაც ემუქრება ავტონომიურ რესპუბლიკას, დაეხმარება თუ არა რუსეთი, მჭირდება თუ არა მე დახმარება? – ჩვენ არა მარტო გვჭირდება, არა მარტო გვინდა, ჩვენ მოვუხმობთ მსოფლიო საზოგადოებრიობას… საზოგადო მოღვაწეებს, სახელმწიფო მოხელეებს და სხვას, მათ შორის რუსეთსაც.“

კულუალური ინფორმაციით, ბათუმში დისლოცირებულ რუსეთის ბაზაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო. როგორც ამბობენ, რუსეთის არმიაში,  ეროვნებით ქართველ მოსამსახურეებს უბრძანეს, რომ მათ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ვისაც მისი გაგრძელება სურს – ეს სხვა ნაწილებში მოხერხდება. სხვა ინფორმაციით ეს იყო უშუალო ბრძანება, რითაც ქართველი სამხედროები რუსეთში გადაიყვანეს და ამ დროისთვის გაურკვეველ ვითარებაში, ქ. როსტოვში არიან დისლოცირ-ებულნი. (მათ საკუთარ ოჯახებში დასატოვებლად წინასწარ, თითქოსდა თანხებიც, დაახლოებით 200 ლარამდე დაურიგდათ). რუსეთის ჯარში მომსახურე ქართველი სამხედროების გაყვანა ბათუმის ბაზიდან გრძელდება.

ეს ნაწილი აქამდე 80%-ით (შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე) ქართველებით იყო დაკომპლექტებული. მას ასლან აბაშიძე ერთგვარ შინაურ ფორმირებადაც კი განიხილავდა. „ეს არის პრესტიჟული სამხედრო სამსახური, სადაც ხელფასები მაღალია, იმასთან შედარებით, რასაც ჩვენთან იძლევიან. ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ეს უცხოური ჯარია, უბრალოდ აბსურდია“ – აცხადებს რეგიონის ხელისუფალი.

მე-12 სამხედრო ბაზა მართლა „შინაურებისგან“ რომ შედგებოდა, ყველამ იცის, მაგრამ იქ დასაქმებული დაახლოებით 2 ათასამდე ქართველი რიგითი, თუ ოფ-იცერი რუსეთის ქალაქებში ამ დღეებში გაიყვანეს ან გაჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით მათ რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული  სხვადასხვა ნაწილებიდან ძირითადად არარუსი ეროვნების ჯარისკაცები ჩაენაცვლა.

რაში დასჭირდა რუსეთს დაქირავებული ქართველების ბათუმიდან მოშორება. ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გამცემი არავინაა, მაგრამ არაოფიციალური ვერსიები არსებობს. ის, რასაც ყველა ერთხმად აცხადებს შემდეგია – ქართველი, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, ქართველს არ ესვროდა და თურმე ამიტომ მოხდა მათი ჩანაცვლება.

რა გასროლაზეა საუბარი – ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან  მოსალოდნელ თავდასხმაზე, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება რუსის ჯარს დაუპირისპირებს, თუ არანაკლებ უარესის – ადგილობრივ უკმაყოფილო ჯგუფებს დაუპირისპირებენ რუსულ ჯარს?

პირველ შემთხვევაში „რუსული ჩექმა“ წესით ვერ უნდა ამოქმედდეს, იმდენად, რამდენადაც არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაში არ წერია ძალის გამოყენებაზე. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი სააკაშვილი ამ რეკომენდაციების ბრწყინვალე შემსრულებელია, აქედან გამომდინარე აგრესია ცენტრალური ხელ-ისუფლებისგან გამორიცხული უნდა იყოს.

მაგრამ არსებობს სხვა ვერსიაც: თუ სააკაშვილი მაინც გადაწყვეტს საპრეზიდენტო მმართველობის აჭარაში შემოღებას, მან სამხედრო შენაერთები უნდა გადმოსხას. წესით, ასეთ შენაერთებს მათ დაახვედრებენ.

ეს რაც შეეხება ვერსიებს. ჭკუასთან უფრო ახლოს კი, ის გეგმა უნდა იყოს, რომელშიც რუსეთის ჯარით იმ ხალხის დაშინება შედის, ვინც აჭარის ხელისუფლების შეცვლას ითხოვს. მაგრამ ასლან აბაშიძისთვის მათ შესაშინებლად თუ დასარბევად ის ძალებიც საკმარისი იქნება, რომელიც უშუალოდ მის დაქვემდებარებაშია. მაშ რაში სჭირდება აბაშიძეს რუსული არმიის მოშველიება? პასუხი მარტივია – იმის დასამტკიცებლად, რომ ის მარტო არ არის.

ამის თქმის უფლება აჭარის ხელისუფალს რომ არ ჰქონოდა, არც იტყოდა, თუმცა სააკაშვილი აქტიურად ემზადება პუტინთან შესახვედრად, მანამდე კი მოსკოვს კოლინ პაუელი სტუმრობდა. თუმცა საქართველოს უსაფრთხოებაზე თავს არც ერთი გარე ძალა რომ არ გაიგიჟებს, ამის არ დანახვაც სიბრიყვეა…

აქვე ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ბათუმში 500-დან 1000 ჯარისკაცამდე დამატებითი კონტიგენტიც ჩამ-ოიყვანეს. კავკასიაში პირველად მოხვედრილი ჯარისკაცები საწვრთნელ ვარჯიშებს უკვე გადიან. ამ დღეებში გონიოს პოლიგონზე განსაკუთრებით მობილიზებული წვრთნა წარმოებდა.

 

ქონების ჩამორთმევა სარფში

რამდენიმე წლის წინ აჭარის ხელისუფლებამ ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე არსებული უსახური ნაგებობები აიღო. მაშინ ბევრი კაფე-ბარი დაანგრიეს და ამაში გასაკვირიც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. ზოგიერთმა ოჯახმა დაზოგილი თანხებით აამოქმედა აღნიშნული ტიპის დაწესებულება და ისე დაუნგრიეს, არანაირი კომპნსაცია მათთვის არ მიუციათ.

სოფელ კახაბერის მკვიდრი ჯემალ ლორთქიფანიძე ერთ-ერთი დაზარალებულთაგანია. მას ადლიის საბაჟო ტერმინალთან პატარა კაფე-ბარი ჰქონდა, დეკორატიული ნაძვებითა და ხის ღობით შემოღობილი: „საბუთები გავაფორმე, ნებართვა თვითონ მომცეს, მაგრამ მერე მოუნდათ და დამინგრიეს. დასანგრევად მოსულ პოლიციას, როცა ვაჩვენე გადახდილი თანხის ქვითრები – ყოველთვიურად 20 ლარს ვიხდიდი, არაფერი უთქვამთ. შემდეგ მოვიდა ხელვაჩაურის გამგებელი, კახაბრის საკრებულოს თავმჯდომარეც – ზური ხაბაზი, დანგრევის ბრძანება გასცეს და ოჯახის რჩენის საშუალება მომისპეს“.

ჯემალ ლორთქიფანიძე, თითქმის ორი წელია იბრძვის თავისი შელახული უფლებების აღსადგენად, მაგრამ სამინისტროდან სამინისტროში სიარულით ვერაფერი გააწყო. „2-3 წელია სიარულში და დავაში მათ მიერ მოცემული ნებართვის ცნობაც დამეხა“, – აცხადებს იგი და ახლა აჭარის თუ საქართველოს უმაღლეს ხელისუფალთ მიმართავს: „თუ აქ არ მომაქცევენ ყურადღებას, ღმერთს მადლობა, მოვიდა კაცი, ვისი იმედიც მაქვს – პრეზიდენტს მივმართავ“. იგი თვლის, რომ მას ადგილობრივმა ხელისუფლებამ სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა. დაზარალებულმა სასამართლოს ერთი მოტივით არ მიმართა – „როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ. ასე უსამართლოდ მოსპობა და განადგურება შეიძლება?“.

პირველი ნგრევის შემდეგ, ლორთქიფანიძემ იქირავა შენობა და კვლავ კაფე-ბარი გახსნა: „ხელშეკრულება აღარ გამიფორმებია. ორი წლით ავიღე. მე, ჩემი სიძე და შვილი ვმუშაობდით, 2000 დოლარი დამიჯდა გარემონტება. შემდეგ ისიც აღებაში მოყვა, მთავრობამ დაანგრია. ყველამ რაღაც მიიღო, იქ მცხოვრები მოსახლეობა რაღაცით დააკმაყოფილეს, მე არაფერი მომცეს. ასლან აბაშიძესთან ვერ მივაღწიე. ბადოევმა მითხრა, რომ მასთან შემეტანა განცხადება, მაგრამ ამით არაფერი გამოვიდა. ალბათ, მთავრობაში უნდა გყავდეს ვინმე“…

კაფე-ბარის მეორედ დანგრევის შემდეგ, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ, ლორთქიფანიძეს მიწის ნაკვეთი გამოუყო სოფელ შავლიძეებში, მაგრამ მისთვის ეს წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა: „იქ რა მინდა. ბოლოს და ბოლოს, სადაც გავიზარდე იქ ვიყიდი მეც 20-30 მეტრ მიწას. ამის უფლებას თუ არ მომცემენ, თანხა დამიბრუნონ. დანგრევა ვიდეოთი მაქვს დაფიქსირებული, გამოყონ კომისია, დაიანგარიშონ რა მქონდა პირველ და მეორე კაფეში და ამინაზღაურონ“.

აღნიშნულთან დაკავშირებით „გაზეთი ბათუმელები“ ხელვაჩაურის რაიონის მთავარ არქიტექტორს, ნუგზარ ძნელაძეს დაუკავშირდა:

– ანგისის ჯიშსაშენი საწარმოს ტერიტორიის გაფართოებისას შენობები, რომლებიც არ ფუნქციონირებდა,  აიღეს. არავისთვის არაფერი არ აუნაზღაურებიათ, მოსახლეობის განსახლება გამოუყენებელ შენობებში მოხდა. 400-ზე მეტი კაფე-ბარი აიღეს ცენტრალურ გზებზე, რომელთაც  დროებითი ნებართვა ჰქონდათ. ხელშეკრულება რომ ჰქონოდა გაფორმებული, კომპენსაციის სახით რაღაც შეიძლება მოეთხოვა გამგეობისთვის, მაგრამ რომ არა აქვს გაფორმებული? შეიძლება მეც ვთქვა ბარი მქონდა-მეთქი, ვინ ამინაზღაურებს?

გამგეობა სოფელ შავლიძეებში აპირებს მოვაჭრეებისათვის მაღაზიის აშენებას. ჩატარდება კონკურსი. ამ მოქალაქეს უპირატესობა ექნება, გამგეობამ კონკურსგარეშე შესთავაზა ადგილი, მას ოფიციალურად აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

კიდევ ერთი საზარელი მკვლელობა ბათუმში

გასულ კვირას საზარელი მკვლელობა მოხდა. პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ხელვაჩაურში, აღმაშენებლის ქ.#40ა-ში მცხოვრები ბადრი დიასამიძე და მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა მის მამას ჯებრაელ დიასამიძეს, რომელიც მოთავსებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მამა ამ თავდასხმის შემდეგ გადარჩა, თუმცა მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის სტაბილური და არ იძლევა დაკითხვის საშუალებას.

რა მოხდა ხუთშაბათს, დაახლოებით 20 საათზე ბენზინგასამართ სადგურთან. სავარაუდოდ 18-20 წლამდე ორი ახალგაზრდა ბენზინგასამართ სადგურში თავს დაესხა მამა-შვილს და „თქვენ რეებს მიჰქარავთ“ ძახილით რამდენჯერმე გაისროლეს. ამაზე მეტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. თავდაპირველად, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა უნდობლობა გამოუცხადეს აჭარის ძალოვანებს და მათ ბათუმი-ახალციხის გზატკეცილი რამდენიმე საათით გადაკეტეს. ერთადერთი, რასაც დაღუპულის ახლობლები ითხოვდნენ, მკვლელის დაკავება იყო. „სამი დღე გავიდა და სამინისტროდან არც ერთი ადამიანი არ მოსულა, რომ რამე მოეკითხა. დიდი კაცის შვილი რომ იყოს, მკვლელს აქამდე დაიჭერდნენ. დღეს იარაღით ის დადის, ვისაც ფული აქვს. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ აჭარის პოლიციას და მოვითხოვთ, რომ საქმე კონტროლზე აიყვანოს გია ბარამიძემ“, – აცხადებდნენ დაღუპულის ოჯახის წევრები.

დაღუპულის ახლობლები ჯემალ გოგიტიძესთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, მაგრამ შს მინისტრი სასაუბროდ მათთან არ გასულა. გარდაცვლილის ახლობლებს არც ქალაქისკენ მსვლელობის საშუალება მისცეს. მათი დარწმუნება, რომ პოლიცია მაქსიმუმს გააკეთებს დამნაშავის გამოსავლენად, ახლადდანიშნულმა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსმა ნოდარ იაკობაძემ მოახერხა. დანარჩენზე პასუხისმგებლობა კი თავად აიღო.

მკვლელობიდან მე-6 დღეს ნოდარ იაკობაძე აცხადებს, რომ მათ ინტერესებშიც შედის მკვლელობის მაქსიმალურად მოკლე დროში გახსნა. მისივე თქმით, აქვთ ვერსიები, რაზეც პოლიცია მუშაობს, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არფერს აკონკრეტებს.

ძიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თვითმხილველის, ჯებრაელ დიასამიძის ჩვენება. პოლიცია მის დაკითხვას ჯანმრთელობის მდგომარეობის და იმის გამო, რომ ავადმყოფი არ ფლობს ინფორმაციას შვილის დაღუპვის შესახებ, სრულყოფილად ვერ ახერხებს.

პედაგოგები გაფიცვით იმუქრებიან

ხელვაჩაურის რაიონის პედაგოგები გაფიცვით იმუქრებიან. მიზეზად პედაგოგებისათვის დაპირებული 30%-იანი დანამატის გაუცემლობა სახელდება.

30%-იანი დანამატის ერთჯერადი გაცემა 2004 წლის იანვრის ხელფასზე მოახერხა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე თანხები საკმარისი აღარ არის. „გვპირდებოდნენ, რომ 2003 წლის დანამატსაც მივიღებდით“, – აცხადებენ პედაგოგები და იქვე დასძენენ, რომ დაპირება დაპირებად დარჩა.

ხელვაჩაურის რაიონის საბიუჯეტო სამსახურის მთავარი ბუღალტერი ნანა ბოლქვაძე „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში ადასტურებს 2003 წლის დანამატის გაუცემლობას: „ჩვენ, მხოლოდ, 2004 წლის იანვრის ხელფასი გადავრიცხეთ 30%-იანი დანამატით, რომელიც შეადგენს  232 712 ლარს“.

აჭარის განათლების მინისტრი ნანი გუგუნავა აღნიშნული დანამატის გაუცემლობის მიზეზებზე საუბრისას კვლავ ცენტრისკენ იშვერს ხელს: „ცენტრალურმა ბიუჯეტმა გამოყოფილი 1 800 000 ლარი არ გადმოგვირიცხა. ახლა, ეს თანხები აჭარის ბიუჯეტიდან გაიცემა.  იყო მოსაზრება, რომ ეს დანამატი გაცემულიყო 2004 წლის ყოველთვიურ ხელფასთან ერთად, მაგრამ ფინანსისტების გადაწყვეტილებითა და აჭარის ხაზინაში არსებული მდგომარეობის მიხედვით, ეს თანხა გაიცემა ეტაპობრივად, ანუ კვარტალურად, წლის ბოლოს არც ერთი თეთრი არ იქნება დავალიანება“.

წლის ბოლომდე პედაგოგები ლოდინს აღარ აპირებენ და თავიანთი უფლებების დასაცავად საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ.

გარემოვაჭრეებს ბათუმშიც დაერივნენ

ბაზრის პოლიციელების აზრით, მოვაჭრეებს ბაზარში შესვლა არ უნდათ – „ცარიელი ადგილები არის, მაგრამ გარეთ დგომა ურჩევნიათ. შიგნით 1 ლარია გადასახადი, გარეთ – არა. გარეთ კლიენტებიც უფრო მეტია“.

ამ დღეებში წერეთლის ქუჩის მოვაჭრეები მე-9 მიკრორაიონის პოლიციამ გააფრთხილა, გარე ვაჭრობის აკრძალვის თაობაზე მათ ადგილის გამოყოფასაც დაპირდნენ. გარემოვაჭრეები, რა თქმა უნდა, შეაშფოთა მიღებულმა ბრძანებამ და დაიწყო მოთქმაც „შვილებს მში-ვრებს ხომ ვერ დავხოცავთ“…

ვაჭრები „გაზეთი ბათუმელებთან“ აფასებენ არსებულ სიტუაციას, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავენ. ერთ-ერთი მათგანი ციური ჯიხვალია ასე აფასებს მათ მდგომარეობას: – „პირიქით, მრცხვენია გარეთ რომ ვდგავარ და ვვაჭრობ, მაგრამ სხვა საშუალება არ მაქვს, რა გავაკეთო. ვმუშაობდი ჩაქვის საფოსტო განყოფილებაში, არც ხელფასი, არც არაფერი, კონტრაქტს ვადა გაუვიდა. იძულებული ვარ ვივაჭრო, დღეში მხოლოდ 3-4 ლარი მრჩება“.

ეს ადამიანები აცხადებენ, რომ ცენტრალურ ბაზარში ყველა ადგილი გაყიდულია, ხოლო ფარეხში ერთი თვის განმავლობაში 20 თეთრი ვერ ივაჭრეს. მით უფრო, რომ ქუჩაში მსხდარნი პრაქტიკულად არაფერს იხდიან – თვეში ლარი პოლიციის და რამდენიმე ლარიც სერთიფიკატის გამცემების თავის მოქონვას სჭირდება.

ცენტრალური ბაზრის ტერიტორია წლების განმავლობაში აქილევსის ქუსლად იქცა ამ მთავრობისათვის და ეტყობა უახლოეს მომავალში ამ პრობლემას მოგვარება არც უწერია.

გასულ კვირას „მღელვარება“ დაფიქსირდა ხოფის ბაზრობაზეც. დაახლოებით ასამდე ბითუმად მოვაჭრემ ადმინისტრაციას პრეტენზიები წაუყენა. გადასახადების შემცირება და კვირაში ერთი დღის დასვენების დღედ გამოცხადება.

„მღელვარება“ დიდ ხანს არ გაგრძელებულა, ვინაიდან ადმინისტრაციამ „ბუნტოვშიკებს“ აღუთქვა, რომ დასმულ პრობლემებს განიხილავდა.

აბაშიძის მხარდამჭერები ვართ და არა მისი დამცველები

ბათუმში „კმარას“ პროკლამაციები, დღისით-მზისით თუ ბევრს ქალაქის ქუჩებში არ უნახავს, ურნებს, რომლებიც „კმარელებისთვისაა“ განკუთვნილი, ყველა შეამჩნევდა. შეამჩნევდა აგრეთვე სხვადასხვა წარწერას, რომლებიც ქუჩებშია გამოკრული, მათ შორის ასეთი შინაარსისაც „აგრესიას ვუპასუხოთ სიყვარულით“. სწორედ ასე ჰქვია ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის პრეზენტაციაც ამ დღეებში მოხდება და რომლის წევრებსაც ეკუთვნით აღნიშნული ურნების დადგმისა, თუ წარწერების გამოკვრის ინიციატივა. როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, ისინი ასლან აბაშიძის არა დამცველები, არამედ მხარდამჭერები არიან: „ჩვენ კი არ ვიცავთ ასლან აბაშიძეს, არამედ მხარს ვუჭერთ მას“.

„პირველად რამოდენიმე ადამიანი ვიყავით, რომლებიც მხარს ვუჭერდით ასლან აბაშიძეს. „კმარა“ როცა გამოჩნდა, გადავწყვიტეთ ორგანიზაციის ჩამოყალიბება და „აგრესიას ვუპასუხოთ სიყვარულით“ დავერქვით. ბევრი თანამოაზრე გაგვიჩნდა და დღეს  3000-მდე ვართ. „კმარა“, რომელიც ანაგვიანებს ქალაქს – დავუდგით სანაგვე ურნები – აცხადებს აღნიშნული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ლაშა ჩახვაძე.

ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი აქტიურ მუშაობას აპირებენ და განსხვავებული აზრის მქონეებს, მათ შორის „კმარასაც“ დიალოგისაკენ მოუწოდებენ: „გვინდა „კმარასაც“ ვთხოვოთ მოვიდნენ და დავილაპარაკოთ, რათა სასიკეთო საქმე ვაკეთოთ. აქ იყო სამი ბიჭი, „კმარადან“ ვართო და ჩვენ შემოგვიერთდნენ. იყვნენ „ჩვენი აჭარადანაც“, რომლებიც ბევრ რაღაცაში გვეთანხმებიან“.

დღეს არსებული სიტუაციის შეფასებისას ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ის ყველაფერი, რაც ხდება მოსახლეობას აღიზიანებს: „აჭარაში ხალხს სხვანაირი მიდგომა სჭირდება, აქ მართლაც, ცოტა სხვანაირი რეჟიმია, ხალხი მიჩვეულია რომ დილით 9 საათზე წავიდეს სამსახურში, საქმე აკეთოს ისე, როგორც საჭიროა… უნდა გამოვრიცხოთ ყოველგვარი ომი და ძალადობა. ამას უნდა ვუპასუხოთ სიყვარულით. „კმარა“ თუ მუშტს გვიკრავს, ჩვენ ვარდი უნდა გავუკრათ“.

მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ორგანიზაციაზე საუბრისას ხაზი ესმება იმას, თუ ვინ აფინანსებს და აქედან გამომდინარე აქცენტი დამფინანსებელთა შეკვეთა-დავალებების შესრულებაზე კეთდება, „აგრესიას ვუპასუხოთ სიყვარულით“ წევრები გვარწმუნებენ, რომ ისინი არავისგან ფინანსდებიან: „არიან ისეთი ადამიანები, ჩვენს ამ მოწოდებებს მხარს რომ უჭერენ, ისინი გვეხმარებიან. იმედია, გამოჩნდებიან კეთილისმოსურნეები, რომლებიც დააფინანსებენ  ჩვენს მოძრაობას. ეს ოფისი ჩემი ძმაკაცის მამის კერძო საკუთრებაა, მან გვითხრა, რომ დროებით აქ ვყოფილიყავით“.

ამ ახალგაზრდებს სჯერათ, რომ დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს ყველაფერი, თანაც აუცილებლად კანონის ფარგლებში და არა ძალადობით. თუმცა, ისინი  შეკრებებისა თუ შესაძლოა მიტინგების გამართვასაც არ გამორიცხავენ. სხვათა შორის, არა მარტო ბათუმში, არამედ ქუთაისში და თბილისშიც.

„თუ ვიღაცას მიტინგის ჩატარების სურვილი აქვს, შესაბამისი ორგანოები ჩააყენოს საქმის კურსში. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ „აღორძინებას“ თუ ვუჭერთ მხარს, ამიტომ უფლება გვაქვს მიტინგი მაინცადამაინც თეატრთან ჩავატაროთ. დაიწამლა ახალგაზრდობა, ზოგი ნარკოტიკით, ზოგი პროკლამაციებით და არავინ იცის ამას შემდეგ რა მოჰყვება.

რომ გითხრათ ომს დავიწყებთო, ომი არ იქნება, აქ სისხლისღვრა გამორიცხულია. ის ვინც მოუწოდებს, რომ აჭარაში უნდა მოხდეს ომი და დაიღვაროს სისხლი, ის ყველაზე დიდი მოღალატეა. დიალოგის გზით უნდა ჩამოყალიბდეს საღი აზრი, რათა ავიცილოთ ყოველგვარი გაურკვევლობა და მივიდეთ კონსენსუსამდე. ცოტ-ცოტა ყველამ უნდა დავთმოთ რაღაცა და არა ისე, ვიძახოთ – ძირს ასლან აბაშიძე“, – ამბობს ბექა გოგოსაშვილი და დასძენს: „არავითარ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერ იმას, რომ დისიდენტი მოვიდეს სათავეში. ადამიანს, რომელსაც არა აქვს თავის შეკავების უნარი, რეგიონის პირველ პირად მოსვლის ამბიციაც არ უნდა ჰქონდეს. წარსულით არ ვიცხოვროთ, მაგრამ გადავხედოთ, ედვარდ სურმანიძე ფეხზე ასლან აბაშიძემ დააყენა“…

მოძრაობის წევრებს სჯერათ, რომ მემედ აბაშიძის შვილიშვილი იარაღს მოსახლეობაში არ დაარიგებს: „ასეთი რამ უნდა გამოვრიცხოთ. ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ სააკაშვილი აჭარაში ჯარს შემოიყვანს. იმ ადამიანებს, რომლებიც იარაღის გავრცელებაზე ინფორმაციას ავრცელებენ, სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი“. მათივე თქმით, ვინც ბევრს ლაპარაკობს, ვერაფერს ხედავს: „არ ვამბობთ, რომ აჭარაში იდეალური ცხოვრებაა, მაგრამ იქნება უკეთესი, ვიდრე დღეს. იძახიან, რა გააკეთა ასლან აბაშიძემო – ადამიანს ყველაფერი წყალში არ უნდა ჩაუყარო.“

ორგანიზაცია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებს აღიკვეთოს „კმარა“, „ოღონდ არა დარბევა-დაჭერით. საერთოდ, „კმარამ“ არ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი. თუ ვინმეს მხარდამჭერი ჰყავს და რაღაცის კეთების პრეტენზია აქვს, არჩევნების გზით გააკეთოს“.

რაც შეეხება აჭარის ხელისუფლებას და ბოლო დროს მშვიდობიანი აქციების დარბევის ფაქტებს, ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციაში ასეთი პოზიცია გააჩნიათ: „ჩვენი აზრით, ხელისუფლებას არ ჰყავს სათანადო დონის მრჩევლები, ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ გააკონტროლებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს დარბევები, შეხლა-შემოხლა რაც მოხდა, ყველაფერი გამოძიებული იქნება. მე მჯერა, რომ ყველა დაისჯება, ვინც არასწორად მიაწოდა ინფორმაცია ასლან აბაშიძეს და დაარბია ხალხი. თუ ამ ხალხს ჰქონდათ ნებართვა გამოეხატა თავისი აზრი და მაინც დაარბიეს, ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ თუ მათ აურზაური ატეხეს და იხულიგნეს, ისინიც დაისჯებიან“.

 

„კმარელების“ ოფისი ბათუმში „საჯარო“ გახდა

„კმარას“ დევნა-შევიწროება აჭარის ძალოვანებისთვის პრიორიტეტული რომ აღარაა, ეს თვალნათლივ ჩანს. მათ აღარ სდევნიან. ბათუმში 3 თებერვალს ორგანიზაცია „კმარა“-ს აქტივისტებმა საჯაროდ გახსნეს ოფისი, რომლის წინაც ხუთჯვრიან დროშასთან ერთად, „კმარას“ დროშაც გამოფინეს.

 

გუშინ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა დროშის ჩამოგლეჯა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და მხოლოდ მუქარას დასჯერდნენ: „ასი კაცით დავბრუნდებით და დაგარბევთო“. მიუხედავად ამისა, „კმარას შტაბბინა“ გუშინ დარბევას გადაურჩა.

პრეზენტაციის დღეს „კმარელებმა“ ჟურნალისტებისთვის პირველი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს ბოლო ორი დღის განმავლობაში ორგანიზაცია „ჩვენი აჭარა“-ს ოფისსა და კერძო სახლებზე გაჩენილ „კმარა“-ს წარწერებთან დაკავშირებით. „ეს წარწერები, რომლებიც გუშინ გაჩნდა „ჩვენი აჭარის“ ოფისსა და სახლზე, სადაც ასლან აბაშიძე ცხოვრობს, ჩვენი გაკეთებული არაა. ჩვენ საზოგადოების წინაშე ვაცხადებთ ხმამაღლა, რომ კერძო საკუთრებაზე წარწერებს არ ვაკეთებთ. ჩვენი სამიზნე მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებია, რომლებიც, როგორც თავად ამბობენ, ემსახურება ხალხის აზრს. თუ ეს ასეა, ეს შენობებიც ჩადგეს საზოგადოების ინტერესებში. ჩვენ აჭარაში ნარკომანებად, ტერორისტებად გვთვლიან. ჩვენ არც ერთი ვართ და არც მეორე, უბრალოდ, ვართ სტუდენტი-ახალგაზრდობა, რომლებიც აზრის თავისუფლად გამოხატვას ვითხოვთ“ – აცხადებენ აქტივისტები.

„კმარელებს“ აინტერესებთ, თუ „აღორძინების“ მხარდამჭერებს შეუძლიათ მიტინგის გამართვა და ვერტმფრენიდან პროკლამაციების გადმოყრა, მათ რატომ ეკრძალებათ იგივე. „დღემდე იატაკქვეშ ვმუშაობდით, დღეიდან კი საჯაროდ ვიმოქმედებთ“.

ისინი მადლობას უხდიან „კმარას ურნების“ ავტორებს უფასო რეკლამისათვის.

„კმარელებისა“ და მათი ოჯახის წევრების მისამართით გრძელდება მუქარები. აქტივისტები არ გამორიცხავენ ოფისის დარბევასაც, თუმცა, ასეთ ინფორმაციას თვითონ ფლობენ და ყოველ შემთხვევაში პასუხისმგებლობას აჭარის ხელისუფლებას აკისრებენ.

როგორც ჩანს „კმარა“ აჭარის ხელისუფლებისთვის მაინცა და მაინც საშიში აღარ არის. იმასაც ამბობენ, რომ ორგანიზაციას თანხები დონორმა შეუწყვიტა, ან უახლოეს მომავალში შეუწყვეტს. სავარაუდოდ, „კმარამ“ თავისი მისია ამოწურა…

გუშინვე, „კმარას“ განცხადებებთან დაკავშირებით ასლან აბაშიძის პრესცენტრის ხელმძღვანელმა  თამარ გუდავამ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნა, „კმარასთან“ დაკავშირებით საერთოდ ზედმეტად მიაჩნია კომენტარიო, ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: „კმარას აქტივისტებმა გააკეთეს განცხადება, რომ ხელისუფლების ნამოქმედარია ის წარწერები, რომლებიც გამოჩნდა „ჩვენი აჭარის“ ოფისზე. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვაძლიერებ იმ აზრს, რომ კმარა ქართული სიტყვაა და რატომ არ შეუძლია ორგანიზაცია „კმარას“ წევრებისაგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანმა დაწეროს „კმარა“ და იგი ჩაითვალოს ხელისუფლების მხარდამჭერად. ასე ხელაღებით ხელისუფლების დადანაშაულება გაუგებარია და ვფიქრობ, რომ არასასურველ შედეგს მოგვიტანს. თვითონ ძალიან თამამები არიან საჩივარისა და სარჩელების შეტანისას, ანალოგიური რამ შეიძლება გავაკეთოთ ჩვენაც“.

ასანიძის საჩივარზე გადაწყვეტილება თებერვალში გამოქვეყნდება

როგორც საინფორმაციო წყაროებიდან გახდა ცნობილი, სტრასბურგის სასამართლო თენგიზ ასანიძის საჩივარზე გადაწყვეტილებას თებერვლის პირველ ნახევარში გამოაქვეყნებს.

თენგიზ ასანიძის შვილის დავით ასანიძის თქმით, განაჩენის გამოქვეყნების ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა,  თუმცა, ეს პროცესი დიდხანს არ უნდა გაჭიანურდეს,  რადგან სასამართლოს განაჩენი უკვე არსებობს. „მხოლოდ მისი ოფიციალურად გაფორმება და საქართველოს ხელისუფლებისათვის გამოგზავნაა საჭირო“, – აცხადებს დავით ასანიძე.

ამასთან,  როგორც ასანიძე აღნიშნავს, მკაცრი პირობები, რომელიც ბათუმის უშიშროების იზოლატორში მყოფ პატიმარს სტრასბურგის სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ დაუწესეს, უკვე კარგა ხანია მოიხსნა და ასანიძეს ახლობლები იზოლატორში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ნახულობენ.

ბათუმში კი ვრცელდებოდა ხმები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი ინაუგურაციის დღეს, თენგიზ ასანიძეს საკუთარი ხელით გაუხსნიდა უშიშროების იზოლატორის კარს და გაათავისუფლებდა.

ამ ყველაფრის პარალელურად აჭარის უშიშროების სამინისტროსთან ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შეიკრიბა, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ ასანიძის შესაძლო გათავისუფლების გამო. ისინი  მოკლული (ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის უფროსის) ვაჟა გოგიტიძის ახლობლები იყვნენ. როგორც ერთ-ერთი მათგანი (გოგიტიძის მეუღლე) აცხადებდა, თუკი ასანიძეს გაათავისუფლებდნენ, ის და მისი ნათესავები მას საკუთარი ხელით დაახრჩობდნენ.

თენგიზ ასანიძის მეუღლე, გულიკო ასანიძე აცხადებს, რომ უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლების მოწინააღმდეგეთა შეკრება უშიშროების სამინისტროსთან ხელისუფლების მიერ დადგმული მორიგი სპექტაკლია.

ჩემი უსუსურობა იქნებოდა, რომ ვინმეს კანდიდატურამ შემაშფოთოს

დღეს, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური, ასლან აბაშიძე ჟურნალისტების ჯგუფს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ის აჭარაში არსებულ სიტუაციას უარყოფითად აფასებს, თუმცა, ყველაფერში ისევ ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

დღეს ბათუმში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ გავრცელდა ხმები, სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღის სამოქალაქო პირებზე დარიგების შესახებ. აქცენტი ძირითადად, რატომღაც ქობულეთის გამგებელზე კეთდებოდა. ასლან აბაშიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას უარყო გავრცელებული ხმები და 90-იანი წლების დასაწყისიც გაიხსენა: „გამგებელს, ადამიანს, რომელსაც მსგავსი რამ არ გაუკეთებია, იარაღის დარიგებას ნუ დავაბრ-ალებთ. სამოქალაქო ომის პერიოდში ჩვენ იძულებული ვიყავით დაგვერიგებინა იარაღი თავდაცვისათვის. მაშინ ეს ერთადერთი საშუალება იყო თავიდან აგვეცილებინა კარზე მომდგარი ჯავშანტექნიკა, არტილერია, შეიარაღებული ფორმირებები. ისინი მაშინაც ხელისუფლების პოზიციებიდან გვესაუბრებოდნენ, მერე აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო და თითქმის ყველა დააპატიმრეს“.

ასლან აბაშიძემ შეაფასა რა გუშინ, ფილარმონიაში გამართული შეკრება და ახალი ორგანიზაციის „დემოკრატიული აჭარა“-ს დაფუძნება, განაცხადა, რომ თბილისში ჩასაყვანად ადამიანებს გადაუხადეს ფული და ამ გზით შეკრიბეს ხალხი არა მარტო აჭარაში, არამედ სხვადასხვა რეგიონშიც. „თუმცა, ჩვენც გვყავს ხალხი, მხარდამჭერები, რომლებსაც ერთ დროს ნახავთ აჭარის დედაქალაქში“, – დასძინა ასლან აბაშიძემ.

რაც შეეხება ზოგიერთების მხრიდან აჭარის ლიდერობის ამბიციებს, ეს თურმე მას არ აღშფოთებს. „აბსოლუტური უზნეობაა, ჩემი უსუსურობა იქნებოდა, რომ ვიღაცის კანდიდატურამ შემაშფოთოს. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რაც გავაკეთე. მე მიკროფონით არ მოვსულვარ ხელისუფლებაში და მიკროფონით არ ვმუშაობ. არც ცრუ დაპირებები მიმიცია ვინმესთვის ოდესმე, არც წინასწარ გამიფრთხილებია, რომ აი ამას გავაკეთებ. მე ვაკეთებ, რათა შთამომავლობას დარჩეს… ვერც გვირაბებს, ვერც საზღვაო პორტს და ძალიან ბევრ რამეს, ვერ წაშლი“, – აცხადებს აბაშიძე და სვამს კითხვას, რომელსაც თავადვე პასუხობს: „რა არის მიზეზი ამ აგრესიული შემოტევების? – არავის ეგონოს, რომ ეს ასლან აბაშიძეა, ან აჭარა, ისევე როგორც აფხაზეთი, ოსეთი იყო. მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩვენ დავიცავთ კონსტიტუციურ წყობას, კონსტიტუციურად არჩეულ ხელისუფლებას, მშვიდობას და სტაბილურობას, აჭარის მოსახლეობას ისევე დავიცავთ, როგორც პირველი სამოქალაქო ომის დროს. ჩვენ ვიქნებით მტკიცენი და შეურყეველნი.  ვინც ეს ყველაფერი წამოიწყო, ისინი იქნებიან პასუხისმგებელნი იმაზე, რაც შეიძლება მოყვეს ყოველივე ამას“.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ასლან აბაშიძე, დღევანდელ ხელისუფლებას, ფაქტობრივად ხელისუფლებად არ მიიჩნევს, ვინაიდან იგი არ კრავს ერთიან ეროვნულ ძალებს და კვლავ მიდის იმ გზით, რომელიც საბოლოოდ დააზიანებს ქვეყანას. მიუხედავად ამისა იგი ადასტურებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას: „მე ვთანამშრომლობ ხელისუფლებასთან, ვინც არ უნდა იყოს, ვინც არის დღეს, ვინც იყო მანამდე და ვინც მოვა მომავალში. რაც შეეხება ისეთ ძალებს, რომელიც არაკონსტიტუციური გზით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას, მათთან თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ“.

ასლან აბაშიძე მისი ოპონენტების მისამართით აცხადებს, რომ „ყველამ უნდა გაითავისოს ერთი რამ – ჩვენ ვართ კანონიერად არჩეული ხელისუფლება. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი ხელისუფლება, სახელისუფლო ორგანოები, მოსახლეობა, ავტონომიური რესპუბლიკა, რადგან ვიცით საითკენაც არის ეს აგრესია მიმართული. თითქოს მოდიან „დემოკრატები“, მაგრამ ცდილობენ ძალით დაამხონ კონსტიტუციური ხელისუფლება. როგორ მოიქცეოდნენ ეს ძალები, თუკი ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში და მათ დამხობას ისეთივე ძალები შეეცდებოდა, როგორიც თავად არიან ახლა. რა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებდნენ. რა არის გასაკვირი, თუ ჩვენც არ დავუშვებთ ამას“.

ასეთი განცხადების შემდეგ აჭარის მეთაური ახალ ხელისუფლებას თავისი მოქმედებებით ძალზედ რადიკალურს უწოდებს. „ეს ყველაფერი არ შეიძლება ბუმერანგივით არ დაგვიბრუნდეს იმ ფონზე, რომელიც გვაქვს – სოციალურ-ეკონომიურ ფონს ვგულისხმობ. ხელისუფლებაში მოსვლის წინ ახალი ხელისუფლების ლიდერები ხალხს ხელფასების, პენსიების გაზრდას დაპირდნენ, დღეს სულ სხვა შედეგი გვაქვს. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება წარმოიშვას რაღაც ძალები, ვისაც დაინტერესებული მხარე დააფინანსებს და შეიძლება მათაც მოუნდეთ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა“, – აცხადებს აბაშიძე.

ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობაზე საუბრისას ფინანსურ საკითხებში ასლან აბაშიძემ აღნიშნა, რომ „აჟიტირება უკეთდებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ვალების ქონას. ახლა საკითხის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ჩვენი 370 მილიონი მართებს ცენტრალურ ხელისუფლებას.“

როდის გავა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზები

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან მოლაპარაკებებზე არ განხილულა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესაძლო დაფინანსების საკითხები, იტყობინება პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი მოსკოვიდან.

როგორც სერგეი ივანოვმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რუსული მხარე თვლის, რომ „სტამბულის ყველა შეთანხმება, რომლებიც რუსეთმა 1999 წელს ეუთო-ს სამიტზე აიღო, შესრულებულია“.

ამ შეთანხმებათა რეალიზაციის ფარგლებში, რუსეთმა ქართულ მხარეს უკვე გადასცა ვაზიანის სამხედრო ბაზა და გუდაუთის ბაზის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა, თუმცა ოფიციალური თბილისი ამაში დასარწმუნებლად აფხაზეთში განლაგებული ბაზის საერთაშორისო მონიტორინგს ითხოვს.

რაც შეეხება ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებულ ბაზებს, რუსული მხარე აფიქსირებს, რომ მათ გაყვანას 11 წელი დასჭირდება.

„კმარელების“ მიმართ პოლიციამ ტაქტიკა „შეცვალა“

მიხეილ სააკაშვილის ბათუმში ვიზიტმა აქაური „კმარელები“ ერთგვარად გამოაცოცხლა. ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელმა და არაორგანიზებულმა ჯგუფმა, ძალისმიერ „შავრაზმულ კატაკლიზმებს“ ვერ გაუძლო და სტიქიურად დაიშალა.

დღეს ორი საათისთვის „კმარას“ ორმოცდაათამდე აქტივისტი ისევ შეიკრიბა და „კმარასა“ და საქართველოს დროშებით ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს. ისინი სხვადასხვა შინაარსის პროკლამაციებსაც ავრცელებდნენ: „კმარა უმოქმედება“, „კმარა დიქტატურა“, „დემოკრატია და თავისუფლება აჭარის მოსახლეობას“. ცოტა ხნით ადრე, ანალოგიური პროკლამაციების გავრცელებისას, პოლიციამ ერთი აქტივისტი ავთო ბერიძე აიყვანა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა.

მის გათავისუფლებას თავად „კმარელები“ ითხოვდნენ (მათი შეკრების ძირითადი მიზეზიც ეს ყოფილა): „ჯიბეებს მივხედოთ რამე არ ჩაგვიდონ. ყველა აქტივისტი ასე აიყვანეს… აშკარად დიდი საშიშროებაა. მთელ აქტივს წამოვიყვანთ და მოვითხოვთ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება მოგვცენ. ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენს მეგობარს არ გაათავისუფლებენ“, – აცხადებდნენ ისინი.

„კმარელები“ დარბევას ვერც დღეს გადაურჩნენ. ისინი ჯერ აჭარის შს სამინისტროსთან, შემდეგ კი ქალაქის პირველ ქვეგანყოფილებასთან მივიდნენ, სადაც მათ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა და პოლიციელებმა დროშები წაართვეს.

პოლიციელები კმარელებს მოსახლეობის აბუნტებას აბრალებენ.

აჭარის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის მოშველიებით თავის მოქმედებებს ამართლებს და ყველას აფრთხილებს, რომ დაემორჩილონ კანონს. საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონი კი მანიფესტაციებსა და შეკრებებს კრძალავს. აღნიშნული კანონის კანონიერების საკითხი კი, დღესდღეობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანია.

„კმარელების“ დევნა-შევიწროება ძველებურად აქტუალური აჭარის ძალოვანებისთვის თითქოს აღარ უნდა ყოფილიყო. ასე იმ შემთხვევამ გვაფიქრებინა, რომელსაც ორი დღის წინ ჰქონდა ადგილი.  26 იანვარს, დილით, ფიროსმანის ქუჩაზე, მეოთხე ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა სამი „კმარელი“ – ლევან ლორთქიფანიძე, ნოდარ დუმბაძე და ლევან ტეტემაძე დააკავეს. როგორც განყოფილების უფროსმა, გურამ დავითაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მისთვის უცნობი იყო, რისთვის დააკავეს ეს ბიჭები, „სიტუაციაში გარკვევის შემდეგ“ კი დაკავებულები გაათავისუფლეს და ჩამორთმეული „კმარას პროკლამაციებიც“ დაუბრუნეს.

კმარა (1)
შენობა, სადაც კმარელები ჰყავდათ.

„გაზეთი ბათუმელები“ მაშინ გათავისუფლებულ „კმარელებს“ გაესაუბრა.

დილით, დაახლოებით ათის წუთებზე აგვიყვანეს. ფიროსმანის ქუჩაზე, „გეპეისთან“ ღამით მორჩენილ პლაკატებს ვავრცელებდით. გარკვევა იმის, თუ კონკრეტულად რა ბრალდებით აგვიყვანეს, ვერ მოვასწარით, გამოძახებაზე წავიდნენ. განყოფილებაში მიგვიყვანეს და მორიგესთან დაგვტოვეს. მერე ჟურნალისტებიც  მოხვედით…

ჩვენ ერთი რამ ვიცით, ახალგაზრდობამ აჭარაში, საქართველოში უნდა შემოიტანოს კარგი ცხოვრება. აჭარაში სიტყვის თავისუფლება მაღალ დონეზე უნდა იყოს. 12 წელია ერთი გვარია ხელისუფლებაში, ეს უნდა შევცვალოთ. ჩვენი პოზიცია უნდა გამოვხატოთ.

დიდი ხანია რაცკმარასაქტივისტები ხართ?

ნოდარ დუმბაძე: 16 იანვრიდან. პირველად „კმარას“ აქტივისტი მე გავხდი. გაწევრიანება ჩემმა მეგობარმა შემოგვთავაზა, რომელიც ბათუმში ხელმძღვანელობს ამ მოძრაობას. 24 საათი მოვთხოვე მოფიქრებისთვის. მერე თბილისშიც ვიყავი და იქაურ აქტივისტებს შევხვდი.

მათთან შეხვედრა აუცილებელია გაწევრიანებისთვის?

თბილისში წასვლა აუცილებელი არაა, უბრალოდ ბათუმში „კმარა“ არაორგანიზებულია. რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ერთმანეთს შეგნებულად არ ვიცნოთ. ისე თავისუფლების ინსტიტუტის სახით მალე ჩამოვყალიბდებით.

უფრო საინტერესო რამის კეთება რომ შემოგთავაზონ, მაინც გააგრძელებთკმარასპროკლამაციების გავრცელებას?

წინადადებას გააჩნია, მაგრამ სანამ ჩვენ საქმეს არ დავამთავრებთ, სხვას ხელს არ მოვკიდებთ. სჯობს ერთი-ორი თვე ათენო ღამეები, ვიდრე მთელი ცხოვრება ღამენათევი დაგვტოვოს ხელისუფლებამ.

თქვენი, როგორცკმარელისუმთავრესი მიზანი?

გვინდა სიტყვის თავისუფლება იყოს აჭარაში და მოხდეს ხავერდოვანი რევოლუცია. სჯობს ახლა გავრისკოთ, ვიდრე მთელი ცხოვრება გვეშინოდეს.

თუ გრძნობთ საზოგადოების აგრესიას?

საზოგადოებაში ჩვენს მიმართ აგრესია არ არის, მსგავსი დამოკიდებულება „აღორძინების“ მხარდამჭერებს, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს.

კედლებზე წარწერების გაკეთებას როგორ აფასებთ?

არ შეიძლება, ეს გადამეტებაა. პულივიზატორებით ჩვენ არ ვმუშაობთ და თუ დავიწყებთ, ასფალტს მოვხატავთ ალბათ.

რამდენს გიხდიან ამ საქმეში?

ეს შეკითხვა განყოფილებაშიც დაგვისვეს, არაფერსაც არ გვიხდიან. თბილისში ჩასვლა-ჩამოსვლის თანხა აგვინაზღაურეს. ისე, რომ მოგვეთხოვა, დარწმუნებული ვარ, გადაგვიხდიდნენ. თქვენ ფიქრობთ, აუცილებლად უნდა გადაგვიხადონ?

როგორც ცნობილია, თბილისშიკმარელებიანაზღაურებით მუშაობენ.

საქმე რაშია იცით, აქტიურები 28 კაცი ვართ. მერე, როცა თავისუფლების ინსტიტუტი ჩამოყალიბდება, სამუშაო ალბათ ყველას გვექნება და ვისაც რა შეეძლება, იმას გააკეთებს.

ღიად რატომ არ აფიქსირებთ თქვენს მოქმედებას?

ერთხელ უკვე გამოვედით, ეკლესიასთან.

ოჯახის წევრებმა თუ იციან რასაც აკეთებთ?

არა. გვიშლიან, ღელავენ. როდესაც შევეცადეთ ჩვენი საქმიანობის შესახებ რაიმეს ახსნა, შეშინდნენ. მშობლები ძირითადად წინააღმდეგი არიან.

 

სტრასბურგში საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა აღიმართა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს სტრასბურგში, ევროპის საბჭოში საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა – ხუთჯვრიანი დროშა აღმართა.

დროშის აღმართვის ცერემონიის დროს მიხეილ სააკაშვილს ხელში ვარდი ეჭირა – საქართველოში გასული წლის ნოემბერში განხორციელებული „ხავერდოვანი რევოლუციის“ სიმბოლო.

როგორც პრეზიდენტმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ისტორიული მომენტია, სტრასბურგში ხუთჯვრიანი დროშის აღმართვა ნიშნავს ქართული ხალხის უფლებას იწოდებოდეს უძველეს ქრისტიანულ და ევროპელ ერად.

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში ოთხშაბათს დილით გაემგზავრა, სადაც იგი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას დაესწრება.

სესიაზე განხილული იქნება საქართველოში 4 იანვარს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.

გათვალისწინებულია პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პიტერ შიდერთან, ევროსაბჭოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრთან ტერი დევისთან, სხვა ოფიციალურ პირებთან.

სტრასბურგიდან მიხეილ სააკაშვილი 29 იანვარს გერმანიაში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები კანცლერ გერჰარდ შროდერთან და საგარეო საქმეთა მინისტრ იოშკა ფიშერთან, გერმანიის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.

მიხეილ სააკაშვილს ამ ვიზიტებისას თან ახლავს მეუღლე სანდრა რულოვსი.

ჯემალ ინაიშვილს ლიკვიდაციით ემუქრებიან

სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთ ლიდერი, ფოთის პორტის დირექტორი ჯემალ ინაიშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებიან, რაც მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული.

როგორც ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, მისი აქტიურობა „ჩვენი აჭარის“ ეგიდით, რომელიც აჭარის ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის გადადგომას ითხოვს, უკმაყოფილებას იწვევს.

ინაიშვილი აცხადებს, რომ ის არ შეწყვეტს მოქმედებას აჭარაში დემოკრატიის დამყარებამდე.

როგორც პრესკონფერენციაზე „ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ხაბაზმა განაცხადა, სახალხო მოძრაობა რამდენიმე „ხმაურიანი აქციის“ მოწყობას გეგმავს აბაშიძის რეჟიმისაგან აჭარის გათავისუფლების მოთხოვნით.

ხელისუფლება დაინტერესებულია ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენით

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ოთხშაბათს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კავშირის არსებობის დროს ამომრჩეველთა რაოდენობა საქართველოში ბევრად მეტი იყო, ამჟამად კი მხოლოდ მიახლოებითი ციფრი არსებობს.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული, ამიტომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხელისუფლებამ საშუალება მისცა მოსახლეობას გაევლოთ წინასწარი რეგისტრაცია.

მისი თქმით, გასული წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა დიდი დარღვევით, რადგან ხალხს წაერთვა უფლება მიეცა ხმა არჩევნებზე.

4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 2 231 986 შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 1 963 556-მა ადამიანმა მიიღო.

ხელახალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 28 მარტს უნდა შედგეს.

 

რისთვის ემზადება აჭარა?

შს მინისტრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, აჭარის მოსახლეობაში ცრემლსადენი და მომწამლავი გაზი,  ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა რიგდება.

როგორც ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ბარამიძემ განაცხადა, ამგვარი ქმედებების არანაირი საჭიროება არ არსებობს და, ბუნებრივია, ხელისუფლება იქ სისხლისღვრას და ძალადობრივ ქმედებებს არ დაუშვებს.

თუ აჭარის მოსახლეობა გადაწყვეტს შეცვალოს ხელისუფლება, ის ამას მშვიდობიანი მეთოდებითა და გზით გააკეთებს, – თქვა ბარამიძემ.

საქართველოს ამბიცია ევროკავშირში გაერთიანებაა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ამბიცია ევროკავშირში გაერთიანებაა.

მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა მიმართვა, რომ „სცნონ საქართველოს წევრობა უფრო ფართო ევროპის ფარგლებში“.

სააკაშვილის განცხადებით, გასული წლის ნოემბერში საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუცია“ იყო ქვეყნის „პირდაპირი მანიფესტაცია ევროპული ფასეულობის და ლიბერალური დემოკრატიის, რაც საქართველოს თვითმყოფადობის და კულტურის საფუძველს წარმოადგენს“.

ეს ღირებულებები გაზიარებულია თითოეული ქართველის მიერ, თქვა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას სჯერა, რომ „ვარდების რევოლუცია“ იქცევა მოდელად მთელი რეგიონისთვის და გახდება მაგალითი იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შესწევთ ძალა გაატარონ მშვიდობიანი და დემოკრატიული ცვლილებები.

მისი განცხადებით, წარმატებები საქართველოში ნიშნავს წარმატებას მთელ რეგიონში, ხოლო თუ  საქართველო წააგებს, ეს იქნება მარცხი მთელი რეგიონისთვის.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს უნარი წამყვანი როლი ითამაშოს ევროპის კეთილდღეობის და სტაბილურობის საქმეში, თუმცა მას დაემუქრება არასტაბილურობის წყაროდ ქცევის საფრთხე, თუკი ევროპის გარეთ აღმოჩნდება მიტოვებული.

საქართველოს თვითმყოფადობა ფუნდამენტურად ევროპულია და დღეს ქვეყანა საბოლოოდ ადგას შინისკენ მიმავალ გზას, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

თამარ გუდავა დარბევის შესახებ წინასწარ გვაფრთხილებს

„გაზეთმა ბათუმელებმა“ 26 იანვარს, რედაქციაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელთა წინაშე თავიანთი პროტესტი, ბოლო დროს აჭარაში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევათა გამო, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რედაქციის თანამშრომლებისდმი განხორციელებული ზეწოლის გამო.

იმავე დღეს, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის პრესცენტრის ხელმძღვანელმა თამარ გუდავამ, პრესკონფერენცია გამართა. როგორც გაირკვა, პრესკონფერენციის მოწვევის მიზეზი ჩვენი რედაქციის მიერ გაკეთებული მიმართვა გამხდარა. „გაზეთი ბათუმელები“ მიესალმებოდა კიდეც აღნიშნულ ფაქტს, რომ არა ერთი გარემოება. ნაცვლად იმისა, რომ პრესცენტრის ხელმძღვანელს, დაეგმო ჟურნალისტების წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია და კონკრეტული განცხადება გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით, მან მთელი „პრესკონფერენცია“ ჩვენი მიმართვის „განხილვას“ დაუთმო. უფრო მეტიც, ჟურნალისტები არაობიექტურობასა და მიკერძოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება, იმაზე, რაც დღეს ხდება, პასუხისმგებლობას ვერ, უფრო სწორად, არ აიღებს.

პრესცენტრის ხელმძღვანელი ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე უფრო, რატომღაც, მიტანილ  ხმებს(!) გაუღიზიანებია. „მე მითხრეს, რომ „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტს „გაზეთ ბათუმელების“ რედაქტორისთვის უთქვამს, რაც შეიძლება მკაცრი განცხადება გააკეთე, თუნდაც ტყუილიც თქვი, თორემ ისე, ჩემს მასალას ეთერში არ გაუშვებენო“, – განაცხადა თამარ გუდავამ.

ჩვენ იძულებული ვართ შევახსენოთ ქალბატონ თამარ გუდავას, რომ იმაზე მეტი, რაც მიმართვაში ჩამოვაყალიბეთ, არანაირი განცხადება, მითუმეტეს ტყუილი, „გაზეთ ბათუმელებში“ და სხვათა შორის, არც „რუსთავი-2“-ის ეთერში არ გასულა. ის კი, რომ თამარ გუდავა „გაზეთ ბათუმელების“ მიმართვას მთლიანად ტყუილს უწოდებს – მისი პრობლემაა.

თამარ გუდავას მიაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც განსხვავებული აზრის გამო არბევენ მშვიდობიან მომიტინგეებს, ფიზიკურად უსწორდებიან მათ, არ ინდობენ არავის, მათ შორის ჟურნალისტებსაც კი, აჭარის ხელისუფლების მხარდამჭერები არიან და თავიანთ პოზიციას თურმე ასეთი ფორმით გამოხატავენ. გუდავას თქმით, ესეც თავისუფალი სიტყვის ერთგვარი გამოხატულება ყოფილა და აქ, რაიმე დაჯგუფებაზე, ე.წ. „სპეცრაზმზე“ თუ „შავრაზმელებზე“ საუბარი ზედმეტია. „მე რომ შავი ტანსაცმელი ჩავიცვა, რა, შავრაზმელი ვიქნები?“ – ისე კითხულობს გუდავა.

„ის ადამიანები რომ შეიკრიბონ, რომლებიც თქვენს პოზიციას არ იზიარებენ და დაგარბიონ, ხელისუფლება რა შუაშია? მათაც აქვთ თავიანთი სიტყვის უფლება“, – გვმოძღვრავს გუდავა, უფრო კი, ალბათ გვაფრთხილებს – უარესს ელოდეთ და მერე თქვენს თავს დააბრალეთო.

ვისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა

 

25 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქალაქ ბათუმში სამხედრო აღლუმის მიღებისა და ქალაქის დატოვების შემდეგ, მოეწყო პრეზიდენტის მხარდამჭერთა მშვიდობიანი მსვლელობა-აქცია, რომელმაც მოგვიანებით მიტინგის სახე მიიღო.

აღლუმი 4

მშვიდობიან მიტინგს დასაშლელად ე.წ. „სპეცრაზმი“ შეესია და მომიტინგეები დაარბია. მიუხედავად ამისა, მომიტინგეებმა გააგრძელეს ქალაქის ქუჩებში მსვლელობა.

„გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის მოხდის მიზნით, ბუნებრივია, მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ.

აღლუმი 2

მიტინგის  დარბევის შემდეგ შეიქმნა ნაცნობი (ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტებისათვის) სიტუაცია, რომელიც ბოლო დროს ხშირად მოსდევს ხოლმე ანალოგიურ აქციებს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი ფიქსირდება. ანუ, ამჯერადაც, მიტინგის დარბევის შესახებ ბრძანებას გასცემდა და უშუალოდ დარბევას ახორციელებდა ერთი და იგივე ჯგუფი.

აღლუმი 5

ეს ის ჯგუფია, რომელსაც ანალოგიური აქციები და მასმედიის სხვადასხვა საშუალების  ჟურნალისტები ხშირად, ზოგჯერ უსასტიკესადაც კი დაურბევია.

25 იანვარს „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტებს ე.წ. „სპეცრაზმმა“ არ მისცეს საშუალება პროფესიული მოვალეობის შესრულებისა, კიდევ ერთხელ შეურაცხყეს სიტყვიერად, დაუმტვრიეს ციფრული ფოტოაპარატი და წაართვეს მეხსიერების ბარათი, რომელზედაც მიმდინარე მოვლენები და თავად დამრბევი ჯგუფი იყო დაფიქსირებული.

უახლოეს წარსულში ჟურნალისტების, კერძოდ „გაზეთ ბათუმელების“ თანამშრომლებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და აპარატურის დამტვრევა-დაზიანების არაერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რის შესახებაც, რედაქციამ აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით მიმართა.

აღლუმი 6

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სცემეს „გაზეთ ბათუმელების“ ერთ-ერთი თანამშრომელი,  შემდეგ კი, სოფელ გონიოში გამართულ მიტინგზე ჩვენს რამდენიმე ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუმტვრიეს დიქტოფონი და ციფრული ფოტოაპარატი. ხშირია რედაქციის თანამშრომლებისადმი მუქარაც.

„გაზეთი ბათუმელები“ ვერანაირად ვერ შეეგუება თავისუფალი ჟურნალისტებისადმი და, საერთოდ, განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ, აღნიშნულ ვანდალურ დამოკიდებულებას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი.

გამომდინარე აქედან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობისა და ყველა შესაბამისი სამსახურებისაგან, კატეგორიულად მოვითხოვთ შეწყდეს თავისუფალი ჟურნალისტების დევნა-დაშანტაჟება და მასმედიის წარმომადგენლებს მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება!

აღლუმი 7

მოვითხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს მიეცეს სამართლებრივი შეფასება.

მოვითხოვთ აგრეთვე, რომ შეწყდეს „გაზეთ ბათუმელებისაგან“ მტრის ხატის შექმნა და მავანთა მხრიდან მისი დისკრედიტაციის მცდელობა!

„გაზეთი ბათუმელები“ მიმართავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის სახელმწიფოთა დიპლომატიურ კორპუსებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვის, საერთოდ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, ხმა აიმაღლონ აჭარაში  ჟურნალისტთა უფლებების დასაცავად.

აბაშიძემ ნაცემ ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ ერაყში რამდენიმე ჟურნალისტი დაიღუპა კიდეც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ასლან აბაშიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთხელ კიდევ დაადანაშაულა არაობიექტურობაში ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში მომუშავე ჟურნალისტები.

„თქვენ არ ავრცელებთ იმ ინფორმაციას, რაც ხდება საქართველოში, არ მინახავს არც ერთი გადაცემა აღმშენებლობაზე, იმ ძვრებზე, რომელიც აჭარაში მიდის. რასაც გადასცემთ, შორსაა რეალობისგან და ეს სამწუხაროა. ჩვენ ორი ავტონომია გვაქვს დაკარგული, ძალიან სერიოზული მდგომარეობაა სხვა რეგიონში და ჯიქურ ვუტევთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, სადაც აბსოლუტური სიმშვიდეა და სადაც არის ქართული კულტურის ცენტრი“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ.

აჭარაში ჟურნალისტების მიმართ ბოლო დროს განხორციელებული ფიზიკური თუ სხვა სახის ანგარიშსწორების ფაქტებთან დაკავშირებით და, საერთოდ, ჟურნალისტთა უფლებების დაცვის ირგვლივ საუბრისას, ავტონომიის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს იგავ-არაკი „ენით დაკოდილი“ შეგვახსენა და ერთგვარ პერსპექტივად ერაყის ომი გადაგვიშალა.

ასლან აბაშიძე: „არ იქნება სწორი, თუკი ჩვენ არ დავეყრდნობით აჭარის კანონს, რომელიც ჟურნალისტიკასთან არის დაკავშირებული. იქ ძალზედ კარგადაა ჩამოყალიბებული თქვენი უფლებები. როდესაც უფლებებს გადააჭარბებთ, ეს ადამიანის შეურაცხყოფის სიბრტყეში გადადის…

სიტყვით მიყენებული ჭრილობა კი არაფრით ხორცდება. უნდა მოზომოთ თქვენი ემოციები, თქვენი რიტორიკა, ეს არის თქვენი დაცვის ყველაზე დიდი გარანტია. იყავით ობიექტურები, მაგრამ იყავით კორექტურები. ამაზეა ეს კანონმდებლობა აგებული, ისეთ ცხელ წერტილში, როგორიც იყო ერაყი, რამდენიმე ჟურნალისტი დაიღუპა, ისინი ვერავინ დაიცვა. თქვენც ისეთივე ადამიანები ხართ, როგორც ჩვენ და რატომ გგონიათ, რომ თქვენი დაცვა უფრო ადვილია, ვიდრე ჩვენი, რიგითი მოქალაქის, მინისტრის, დეპუტატის. რატომ აყენებთ თქვენს თავს მაღლა.

თქვენ მეოთხე ხელისუფლება ხართ და შეურაცხყოფას აყენებთ თქვენს ზემდგომ ხელისუფლებას, რატომ იღებთ საკუთარ თავზე ამას. არ გვაძლევთ ანალიტიკურ ანალიზს, მიმოხილვას, რომ გამოვიდეთ მდგომარეობიდან. თქვენ ძაბავთ სიტუაციას, რაც აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. მე ერთი ფორმულა ამოვირჩიე – არ წავიკითხო გაზეთები, არ ვნახო ტელევიზია და გავაკეთო ის, რაც გამოადგება ჩემს ქვეყანას.

აჭარაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. რატომ არ ამბობთ, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არავის აქვს უფლება მიტინგის, მითუმეტეს ხელისუფლების დამხობის მოწოდების უფლება. რატომ ხართ გულგრილი იმაზე, რაც ხდება. ცალმხრივი სიმართლე სიმართლე არ არის. აგრესიულობა ბადებს აგრესიულობას, მოვუწოდებთ ყველას, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში იმოქმედოთ და კონსტიტუციური კანონები დაგიცავთ თქვენც“.

რა დარღვევებია ბათუმის მესამე საპყრობილეში

ბათუმის მესამე საპყრობილეში მყოფი რამოდენიმე პატიმარი იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორისაგან გადაუდებელ დახმარებას ითხოვს.

ამის შესახებ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის უფროსის მოადგილემ იოსებ თოფურიძემ განაცხადა, რომელიც გასულ კვირას იუსტიციის მინისტრის დავალებით ბათუმის საპყრობილეში ინსპექცირებისათვის იყო მივლინებული.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ,  ასეთი შემოწმება ბათუმის საპყრობილეში ბოლო 12 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

თოფურიძის განცხადებით, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საპყრობილეში იმყოფებიან პატიმრები – იოსებ და მამია ქოქოლაძეები, ნოდარ, ვახტანგ და ზაურ შოთაძეები, რომელთა მიმართ განაჩენი გამოტანილია 1995 წელს და  მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა 10-11 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი 1995 წელსვე შევიდა კანონიერ ძალაში და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა იხდიდნენ, დღემდე ბათუმის საპყრობილეში იმყოფებიან.

ამავე საპყრობილეში იოსებ თოფურიძემ მოინახულა „კმარას“  აქტივისტების ნათესავები რომეო ჩხარტიშვილი და ირაკლი ხაჟომია, რომლებიც 2004 წლის 6 იანვარს აჭარის შს თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისათვის დააკავეს.

მათ მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტილება 9 იანვარსაა გამოტანილი, ხოლო საპყრობილეში 22 იანვარს შეიყვანეს. მაშინ, როცა ისინი საპყრობილეში 72 საათის განმავლობაში უნდა გადაეყვანათ, 13 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დროებითი დაკავების იზოლატორში.

ხაჟომიასა და ჩხარტიშვილის განცხადებით, ისინი უდანაშაულონი არიან და მხოლოდ იმის გამო ედავებიან, რომ მათი ძმა და შვილი ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“  წევრები არიან, – ამბობს თოფურიძე.

იოსებ თოფურიძის ინფორმაციით, საპყრობილეში იმყოფებიან ასევე ნური ანანიძე და ვაჟა კახიძე, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენის ბრალდებით არიან დაკავებული, თუმცა, მას ამ პატიმრებმა განუცხადეს,  რომ უკანონოდ არიან დაკავებული. მათი მტკიცებით, ნარკოტიკი და იარაღი დაკავებისას ჩაუდეს, ხოლო დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრები არიან.

თოფურიძემ ბათუმიდან პატიმრების წერილები და განცხადებები წაიღო.

Exit mobile version