"ბათუმელების“ არქივიდან

ჩემი უსუსურობა იქნებოდა, რომ ვინმეს კანდიდატურამ შემაშფოთოს

28.01.2004 • 2592
ჩემი უსუსურობა იქნებოდა, რომ ვინმეს კანდიდატურამ შემაშფოთოს

დღეს, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური, ასლან აბაშიძე ჟურნალისტების ჯგუფს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ის აჭარაში არსებულ სიტუაციას უარყოფითად აფასებს, თუმცა, ყველაფერში ისევ ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

დღეს ბათუმში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ გავრცელდა ხმები, სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღის სამოქალაქო პირებზე დარიგების შესახებ. აქცენტი ძირითადად, რატომღაც ქობულეთის გამგებელზე კეთდებოდა. ასლან აბაშიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას უარყო გავრცელებული ხმები და 90-იანი წლების დასაწყისიც გაიხსენა: „გამგებელს, ადამიანს, რომელსაც მსგავსი რამ არ გაუკეთებია, იარაღის დარიგებას ნუ დავაბრ-ალებთ. სამოქალაქო ომის პერიოდში ჩვენ იძულებული ვიყავით დაგვერიგებინა იარაღი თავდაცვისათვის. მაშინ ეს ერთადერთი საშუალება იყო თავიდან აგვეცილებინა კარზე მომდგარი ჯავშანტექნიკა, არტილერია, შეიარაღებული ფორმირებები. ისინი მაშინაც ხელისუფლების პოზიციებიდან გვესაუბრებოდნენ, მერე აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო და თითქმის ყველა დააპატიმრეს“.

ასლან აბაშიძემ შეაფასა რა გუშინ, ფილარმონიაში გამართული შეკრება და ახალი ორგანიზაციის „დემოკრატიული აჭარა“-ს დაფუძნება, განაცხადა, რომ თბილისში ჩასაყვანად ადამიანებს გადაუხადეს ფული და ამ გზით შეკრიბეს ხალხი არა მარტო აჭარაში, არამედ სხვადასხვა რეგიონშიც. „თუმცა, ჩვენც გვყავს ხალხი, მხარდამჭერები, რომლებსაც ერთ დროს ნახავთ აჭარის დედაქალაქში“, – დასძინა ასლან აბაშიძემ.

რაც შეეხება ზოგიერთების მხრიდან აჭარის ლიდერობის ამბიციებს, ეს თურმე მას არ აღშფოთებს. „აბსოლუტური უზნეობაა, ჩემი უსუსურობა იქნებოდა, რომ ვიღაცის კანდიდატურამ შემაშფოთოს. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რაც გავაკეთე. მე მიკროფონით არ მოვსულვარ ხელისუფლებაში და მიკროფონით არ ვმუშაობ. არც ცრუ დაპირებები მიმიცია ვინმესთვის ოდესმე, არც წინასწარ გამიფრთხილებია, რომ აი ამას გავაკეთებ. მე ვაკეთებ, რათა შთამომავლობას დარჩეს… ვერც გვირაბებს, ვერც საზღვაო პორტს და ძალიან ბევრ რამეს, ვერ წაშლი“, – აცხადებს აბაშიძე და სვამს კითხვას, რომელსაც თავადვე პასუხობს: „რა არის მიზეზი ამ აგრესიული შემოტევების? – არავის ეგონოს, რომ ეს ასლან აბაშიძეა, ან აჭარა, ისევე როგორც აფხაზეთი, ოსეთი იყო. მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩვენ დავიცავთ კონსტიტუციურ წყობას, კონსტიტუციურად არჩეულ ხელისუფლებას, მშვიდობას და სტაბილურობას, აჭარის მოსახლეობას ისევე დავიცავთ, როგორც პირველი სამოქალაქო ომის დროს. ჩვენ ვიქნებით მტკიცენი და შეურყეველნი.  ვინც ეს ყველაფერი წამოიწყო, ისინი იქნებიან პასუხისმგებელნი იმაზე, რაც შეიძლება მოყვეს ყოველივე ამას“.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ასლან აბაშიძე, დღევანდელ ხელისუფლებას, ფაქტობრივად ხელისუფლებად არ მიიჩნევს, ვინაიდან იგი არ კრავს ერთიან ეროვნულ ძალებს და კვლავ მიდის იმ გზით, რომელიც საბოლოოდ დააზიანებს ქვეყანას. მიუხედავად ამისა იგი ადასტურებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას: „მე ვთანამშრომლობ ხელისუფლებასთან, ვინც არ უნდა იყოს, ვინც არის დღეს, ვინც იყო მანამდე და ვინც მოვა მომავალში. რაც შეეხება ისეთ ძალებს, რომელიც არაკონსტიტუციური გზით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას, მათთან თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ“.

ასლან აბაშიძე მისი ოპონენტების მისამართით აცხადებს, რომ „ყველამ უნდა გაითავისოს ერთი რამ – ჩვენ ვართ კანონიერად არჩეული ხელისუფლება. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი ხელისუფლება, სახელისუფლო ორგანოები, მოსახლეობა, ავტონომიური რესპუბლიკა, რადგან ვიცით საითკენაც არის ეს აგრესია მიმართული. თითქოს მოდიან „დემოკრატები“, მაგრამ ცდილობენ ძალით დაამხონ კონსტიტუციური ხელისუფლება. როგორ მოიქცეოდნენ ეს ძალები, თუკი ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში და მათ დამხობას ისეთივე ძალები შეეცდებოდა, როგორიც თავად არიან ახლა. რა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებდნენ. რა არის გასაკვირი, თუ ჩვენც არ დავუშვებთ ამას“.

ასეთი განცხადების შემდეგ აჭარის მეთაური ახალ ხელისუფლებას თავისი მოქმედებებით ძალზედ რადიკალურს უწოდებს. „ეს ყველაფერი არ შეიძლება ბუმერანგივით არ დაგვიბრუნდეს იმ ფონზე, რომელიც გვაქვს – სოციალურ-ეკონომიურ ფონს ვგულისხმობ. ხელისუფლებაში მოსვლის წინ ახალი ხელისუფლების ლიდერები ხალხს ხელფასების, პენსიების გაზრდას დაპირდნენ, დღეს სულ სხვა შედეგი გვაქვს. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება წარმოიშვას რაღაც ძალები, ვისაც დაინტერესებული მხარე დააფინანსებს და შეიძლება მათაც მოუნდეთ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა“, – აცხადებს აბაშიძე.

ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობაზე საუბრისას ფინანსურ საკითხებში ასლან აბაშიძემ აღნიშნა, რომ „აჟიტირება უკეთდებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ვალების ქონას. ახლა საკითხის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ჩვენი 370 მილიონი მართებს ცენტრალურ ხელისუფლებას.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: